საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

უიღბლო იღბლიანი
ბადრი დანელია

2003 წლის 4-10 აპრილის გაზეთ “ახალი ეპოქა”-ში გამოქვეყნდა ბ-ნ გიორგი გაჩეჩილაძის ინტერვიუ “ამირანიდან _ დღევანდელ საქართველომდე”, მასში ძალიან კარგადაა ახსნილი ყურშასა და მჭედლების სიმბოლური სახეები: ყურშა _ ქვეყნის ერთგული და თავისუფლების მოყვარე ქართველი ერია, მჭედლები კი _ მონობაში გადიდკაცებული ცრუ ელიტა, მაგრამ აქვეა გამოთქმული სინანული ქართულ ლიტერატურაში “ამირანის” მითის სათანადოდ დაუმუშავებლობის გამო. ბ-ნი გიორგი ფიქრობს, რომ ქართველი მწერლების მიერ ეს მითი “სრულფასოვნად არა, მაგრამ ფრაგმენტულად კი” არის გააზრებული. რაც მთავარია, იგი არაა გააზრებული პერსპექტივაში, _ მომავალთან მიმართებაში, მაშინ როცა ანალოგიური შინაარსის მქონე “პრომეთეს” მითთან სხვაგვარი დამოკიდებულებაა ევროპულ ლიტერატურაში: იქ პრომეთეს ათავისუფლებენ, ქართულ ლიტერატურაში კი მსგავს აზრს მხოლოდ აკაკისთან ვხვდებით. ჩემის აზრით, პრომეთეს, ან ამირანის გათავისუფლება უფრო მწერლის სურვილია და არა ისტორიული მოვლენების ანალიზი და მასზე დამყარებული მოსაზრება. ალბათ უფრო მნიშვნელოვანია სწორედ ასეთი ანალიზი და ამ ანალიზის შედეგად გამოტანილი დასკვნა ამირანის ხვედრის გაზიარება-შემსუბუქებისა, რაც შეიძლება ოდესმე მის გათავისუფლებაში ცგადაიზარდოს. სწორედ ამგვარი ღრმა ისტორიული ანალიზის შედეგადაა დაწერილი ვაჟა-ფშაველას პოემა “უიღბლო იღბლიანი”. ეს ნაწარმოები გამოირჩევა ზემოხსენებული მითის ღრმად გააზრებით და მშვენიერი მხატვრული დამუშავებით. თავად მითების გაგების სირთულიდანგ ამომდინარე, იშვიათია მითების თემაზე შექმნილ ნაწარმოებებში მათი ასეთი სრულყოფილი გახსნა, _ მითის საუკეთესო კუთხით დანახვა-გააზრება: ვაჟამ აქ ამირანის მითს ჩამოაშორა ზოგიერთ ვერსიაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და ჩვენს ისტორიასთან შეუსაბამო სიმბოლიკა, მაგალითად: ამირანის ბრძოლა ქრისტე ღმერთთან, _ ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, _ პირიქით, საქართვლო იმ იშვიათ ქვეყნების რიცხვს ეკუთვნის, სადაც განხეთქილებამ და მწვალებლობამ ფეხი ვერ მოიკიდა. მითის ვაჟასეული გაგება აბსოლუტურ შესატყვისობაშია საქართველოს ისტორიასთან. გარდა ამისა, ე სნაწარმოები მნიშვნელოვანია თვით ვაჟა-ფშაველას ქრისტიანული მრწამსის თვალსაზრისითაც, რაც ბოლო დროს, საოცარია მაგრამ, ეჭვქვეშაა დაყენებული. ამ პოემაში ვაჟა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანული ცხოვრების წესს არამარტო პიროვნებისათვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. და, რა თქმა უნდა, პოემა გამოირჩევა ბევრი, ლამაზი პოეტური ფორმით გამოთქმული, ბრძნული აზრით.

პოემის სათაური შედგენილია სრულიად საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებით და, რადგანაც “დაპირისპირებულთა ერთიანობის” მეთოდი გამოიყენება ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში, ამიტომ მისი შინაარსი განხილულ უნდა იქნას სარწმუნოებრივი თვალთახედვით. ამ მოსაზრების სისწორეს ასაბუთებს ის, რომ სათაურისა და შინაარსის სრულყოფილი გაგების საშუალებას იძლევა სწორედ ასეთი მიდგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწარმოები დარჩება ლამაზად გალექსილ ზღაპრად. თავისთავად ესეც კარგია, მაგრამ ეს ამ დიდებული ნაწარმოების დაკნინება იქნება.

მთავარი გმირი,  სახელად საბრალო, არის აწ გაღარიბებული, მაგრამ ერთ დროს ძლიერი და ბედნიერი  ოჯახის წევრი. სხვათა შორის: ერთ დროს ძლიერი და ბედნიერი ოჯახის შვილობა სხვაგანაც გვხვდება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში (მაგ: პოემა “ნახევარ-წიწილა”) და გვხვდება ისეთი აზრობრივი დატვირთვით, რომ, ვფიქრობ, ეხმიანება იოანე-ზოსიმეს პოემას “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”:  “დაწუნებულ არს ენაი ესე”... მაგრამ ეს განსაკუთრებული კვლევის საგანია და ცალკე საფუძვლიან დამუშავებას მოითხოვს.

ზეობის დროსაც საბრალო იყო წესიერი, თავდადებული და უანგარო შვილი თავისი ოჯახისა. ძმებისგან განსხვავებით, იგი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულსა და გლახაკს:

                ორი ძმა ბევრს ყურს არ უგდებს გლახაკებს, იმათ ხახებსა,

                მხოლოდ საბრალო ჰმასპინძლობს პურით და ღვინით საწყლებსა.

რასაც მშვენივრად ხედავდა ყველა და შესაბამის შეფასებასაც აძლევდნენ:

                                ქვეყნის ყბა მოუღალავი ბევრის რასმეა მთხრობელი,

                                სამს ძმაში ორსა სწუნობდა სჯა-ფიქრით გამომცნობელი,

                                უმცროსს კი ალალს ეძახდა უზარმაზარი სოფელი.

                ზეობის დროს არგაამაყებულმა საბრალომ ოჯახის გაღარიბება და გასაჭირიც მორჩილად, ზედმეტი დრტვინვის გარეშე მიიღო:

                                ...თან ეტყვის: ძმებო ნუ გიკვირსთ, ღვთისია ჩვენი ქონება,

                                მანამდე ჰნებავს  - გვაკუთვნებს, როს სხვად გაუჭრის გონება,

                                ისევ წაგვართმევს თავისას, ჩვენ ან რა გვეთქმის მაზედა,

                                ხომ იცით ხან ყინული წევს, ხან ყვავილია მთაზედა.

და ამიტომ იგი მოქმედებს ყველაზე სწორად ძმებს შორის: თავმდაბლად, დაუღალავად და უანგაროდ შრომობს ოჯახის გადასარჩენად და არ თაკილობს არანაირ პატიოსან შრომას:

                                ...ჰფიქრობს საბრალო მუდამ ჟამს ოჯახის შესამეტებსა.

                                თავის გარჯასა და შრომას არავის დააკვეხებსა...

უფროსი ძმები კი ამ დროს ორგულობენ, მხოლოდ პირადულზე ფიქრობენ და მალულად საკუთარ თავსა და ოჯახებზე ზრუნავენ, საბრალო კი ძმობის კანონით მოქმედებს: ჯერ ძმას და მერე მე. შედეგიც შესაბამისია  -  ერთი მართალი არაა საკმარისი:

                                არ იქნა ერთის სიმართლემ ვერ გამოიხსნა ოჯახი...

და როგორც აუცილებლობა: მართალი, ღვთის ნებით, უნდა განეშოროს უკეთურებას. პოემაშიც ზუსტად ასეა: უფროსი ძმების გადაწყვეტილებით ოჯახი გაიყრება და ძმები თანაბრად გაიყოფენ მცირე ქონებას. ამ ქონების ნაწილია პატარა ფეტვის ყანაც, რომლის მომკაც ძმებმა მეორე დილით გადაწყვიტეს, მაგრამ მოსამკელად გამზადებულ ყანას ღამით სეტყვა გადაუვლის და პირწმინდად გაანადგურებს საბრალოს წილ შუა მესამედს, ისე რომ ხელუხლებლად გადარჩება უფროსი ძმების კუთვნილი განაპირა ნაწილები. დაღონდება საბრალო, მაგრამ ხანმოკლეა გონიერი კაცის მწუხარება, რასაც მალე ღვთისადმი მადლიერება ცვლის:

                                სდგას თავდახრილი, დასცქერის გულ-ხელებ დაკრეფილია.

                                მაინც ღმერთს მადლობას სწირავს მართალი, მართლის შვილია.

                                უკვირს თუმც: ასე შუადამ როგორ გამოსჭრა სეტყვამა? _

                                ასეთ უბედურს ვარსკვლავზე რად გააჩინა დედამა.

                ამ ცხადი სასწაულის გამო, საბრალო გადაწყვეტს დატოვოს ოჯახი და თავისი ცხოვრება განგებას მიანდოს  -  ეძიოს მისთვის განკუთვნილი ღვთის ნება და მის შესაბამისად იმოქმედოს. იგი მიდის  -  არ იცის სად, მაგრამ უცილობლად იცის ერთი რამ:

                                იმას არ ფიქრობს, რომ სადმე წავა ბილიკით მრუდითა,

და დარწმუნებულია იმაში, რომ:

                                                                   ...სიმართლე შვილით-შვილამდე,

                                უსამართლობის მანძილი შუაღამიდან დილამდე.

                                მართალს ნუგეშად ესა აქვს გულში შეუდრკელ ბურჯადა,

                                რომ ღმერთი კაი კაცობას მას არ ჩაულევს ფუჭადა.

                ოჯახიდან წასული საბრალო უანგაროდ ეხმარება და ემსახურება ყველა გაჭირვებულს, თავს არიდებს ყოველგვარ გასამრჯელოს და თუ მაინც დააძალებენ, იმასაც მალულად გლახაკებს ურიგებს.

                                თუ ვინმე დააძალებდეს, მისცემს ფასს თავის შრომისას,

                                მაშინვე გლახებს ურიგებს, გაურბის ხაფანგს ცდომისას.

ნახეთ საბრალოს უანგარობა: გაჭირვებულისგან შრომის საფასურის აღება მისთვის სარწმუნოებრივი ცდომილების ტოლფასია.

                საინტერესოა საბრალოს ცხოვრების წესი: ღვთის ნებას იგი თავდადებულ, ადამიანისათვის შეუძლებელ სამუშაოს შესრულებაში ეძიებს, _ მან კარგად იცის, რომ რწმენით, თუ ღვთის ნებაც იქნება, მთის გადადგმაც კი შესაძლებელია, ანუ ასეთი საქციელით იგი სრულიად მინდობილია ღმერთს. ასეთი შრომის მაგალითად პოემაში ორი ეპიზოდია აღწერილი: საბრალო თავს იდებს ოთხი წლის განმავლობაში ათასი ცხვრის მოვლას თავისი ნამატით და გასამრჯელოს მხოლოდ მაშინ აიღებს, თუ ამ ხნის განმავლობაში მას მგელი არც ერთ ცხვარს არ გასტაცებს. ის ამ, კაცისთვის შეუძლებელ  პირობას მართლაც შეასრულებს, მაგრამ ნება ღვთისა ბოლო წამს გაცხადდება: ოთხი წელი ტყე-ღრეში უდანაკარგოდ ნატარები გაათმაგებული ფარა საბრალომ სოფელში ჩამორეკა და მაშინ, როცა უზომოდ კმაყოფილ და გაოცებულ პატრონთან ერთად ნამატის გაყოფას აპირებდა -  დღისით, მზისით, შუაგულ სოფელში, ყველას თვალწინ, მწყემსებისა და ძაღლების გარემოცვაში მგელმა ერთადერთი ცხვარი გასტაცა, ამიტომ საბრალომ უარი თქვა გასამრჯელოზე, მიუხედავად ფარის პატრონის ხვეწნა-მუდარისა, რომელსაც ეს არარეალური პირობა არც კი ახსოვდა და, საერთოდაც, მგლისაგან ცხვრის გატაცებას ბუნებრივ და აუცილებელ მოვლენად თვლიდა, ამიტომ  მგლისთვის ცხვრის წართმევა სირცხვილად მიაჩნდა.

                მეორედ საბრალომ ხუთი მუშის საფასურის სანაცვლოდ ერთ დღეში იმხელა ყანის მომკა და ძნებად შეკონვა ითავა, რომლის შემოვლასაც ცხენით ერთი თვე სჭირდებოდა. ეს საქმეც მან თითქმის ბოლომდე მიიყვანა და ეს “თითქმის” ერთი ძნა იყო, რომლის შეკონვაც მზის ჩასვლამდე ვერ მოასწრო.  აი, საბრალოს გულიდან ამონახეთქი განცდები:

                                ღმერთო, ცა-ქვეყნის პატრონო, რად გამაჩინე ბედ-შავი?

                                რადა ხარ ქვეყნის მპყრობელო, შენ ჩემი დაუხედავი?!

                                ბედკრულსა ჩემსა მშობელსა არა ვყოლოდი ნეტავი.

                                მადლობა შენთვის, უფალო, მაინც მადლობა შენთვინა,

                                ჭირი-ვაება მარგუნე, ვკისრულობ, იყოს ჩემთვინა”

დავუკვირდეთ: აქაც ჯერ კაცთათვის დამახასიათებელი წუხილი და შემდეგ -  მართალთა და კეთილგონიერთა განსჯა,  თავმდაბლობა და მორჩილება ღვთისა. ამ შემთხვევაშიც საბრალომ უარი  თქვა გასამრჯელოზე, თუმცა განცვიფრებული და აღფრთოვანებული ყანის პატრონი შეთანხმებულზე ბევრად მეტს გულწრფელად და დაჟინებით სთავაზობდა, მაგრამ საბრალო ასე უხსნის განგების ნებას გაოგნებულ მოხუცს:

-          ერთი მუშისაც არ მინდა, აგერ ძნა შესაკონია,

                                ღმერთს რომ არ უნდა ჩემთვისა, მიტომ არ მომცა ღონია,

                                თორემ ამოდენ შრომასთან ეგ რაღა მოსაგონია.

საბრალოს ასეთმა ზეადამიანურმა შრომამ, განსაკუთრებით  გასამრჯელოზე უარის თქმამ, ყანის პატრონი გულისთქმაში ჩააგდო, საბრალო გლახაკის სახით მოვლენილ უფლად ჩათვალა (სახარებაც ხომ ასე გვასწავლის: ყველა გაჭირვებული და დამაშვრალი ისე უნდა მივიღოთ, როგორც უფალი), საკუთარი ცოდვიანობა და უსუსურობა დაანახვა და ღვთის წინაშე გლახაკთა შეწევნისა და ტაძრის აშენების აღთქმა დაადებინა:

                                არა მკადრულობ უფალო, თუმც არ ვარ შენი სადარი...

                                ...მიბრძანდი, მაგრამ გულში მაქვს, რომ აგიშენო ტაძარი

                                და ვექმნა მუდამ მფარველად ვინც კი სადმეა საპყარი,

                                დაიწყო წერა პირჯვრისა, სთხოვს ცოდვათ მოტევაბასა,

                                თუ რამ შესცოდა, შეუნდოს, რომ ვერ მოვიდა მცნებასა.

                ამ ორ ეპიზოდში ცხვრის ფარა  - სამწყსო და პურის ყანა -  კეთილი თავთავი სახარებისეული სიმბოლოებია. საბრალომ  - მწყემსმა დაჰკარგა ერთი ბატკანი სამწყსოდან; საბრალომ - მომკელმავერ შეკრიბა ბოლომდე ყველა თავთავი.  სწორედ ამიტომ მან თავი დაისაჯა და უარი თქვა კუთვნილ საზღაურზე.

...და ასე ხდებოდა მუდამ, ღვთის ნების ძიებაში და საკუთარი სულის განწმენდის დაუღალავ ღვაწლში საბრალომ

                                ბევრჯერ ხიდები აშენა, ბევრჯერ კოშკები მაღალი,

                                ვერსითგან ვერა-რა ირგო, თვით ბეწვის გამოსავალი.

                                პირობას ცოტა რამ ჩაჰშლის, წყალს ატანს იმის შრომასა,

                                შხამით და ნაღვლით ადედებს მის ქვეყანაზე რჩომასა.

                                ან მზე ჩაუსწრებს უცბადა, ან უსწრებს მამლის ყივილი.

                                არა მრთელდება არასგზით საბრალოს გულისტკივილი.

ყოველივე ამის შემდეგ საბრალოს ცხოვრებაში დგება ახალი ეტაპი: იგი მიადგება ტბას, რომელიც საქართველო - სათათრეთის მიჯნაზეა და ქართველ მამულიშვილთა სისხლითაა სავსე. ურჯულო დამპყრობლები ამ ადგილზე მოითხოვდნენ ტყვედ წაყვანილი ქართველებისაგან ქრისტეს უარყოფას და ვინც უარს იტყოდა თავს კვეთდნენ, სამაგიეროდ ამ ტბაში მათი სულები ულამაზეს ყვავილებადაა ამოსული. ეს ყვავილები მხოლოდ ქრისტიან ქართველებს ეჩვენებიან და “ტკბილის ქართულის ენით” ესაუბრებიან, უცხოთ კი, განსაკუთრებით მუსულმანებს,  ტბის სიღრმეში ემალებიან ხოლმე. ამ ყვავილების ხილვის და მათთან საუბრის ღირსი შეიქნა საბრალო. აქ სიმბოლურად არის გადმოცემული ის, რომ საბრალომ, გამორჩეულად თავდადებული ცხოვრების წესის გამო, გაარღვია დროის საზღარი და სულიერი კავშირი დაამყარა მართალ წინაპართა სულებთან. მსგავსი შემთხვევები ცნობილია ეკლესიის ისტორიიდანაც: როცა მართალ ადამიანებს ეცხადებიან წმინდანთა სულები და ხან ანუგეშებენ, ხან მომავალს განუცხადებენ და ხანაც სწავლებას შთააგონებენ ხოლმე. ამავე ტბასთან ხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: საბრალო ნუგეშად ევლინება უსუსურობისა და შიშისაგან სარწმუნოებაშეცვლილ თანამემამულეებს: ესეც ხომ დიდ მამულიშვილთა ხვედრია. ტბასთან საბრალო გაიცნობს გამუსულმანებულ ქართველ ქალს, სალიას, რომელიც მცირეწლოვან ასაკში დაატყვევეს და შიშისა და ბავშვური გამოუცდელობის გამო რჯული შეაცვლევინეს;  ეს ქალი არის კრებითი სახე ჩვენი უბედური მოძმეებისა. გახარებული სალია სახლში წაიყვანს საბრალოს, რათა შვილებს აჩვენოს ქართველი ქრისტიანი. იგი მძიმედ განიცდის ქრისტეს უარყოფას და გულში ისევ მას სცემს თაყვანს, შვილებსაც სამშობლოსა და ქრისტეზე ესაუბრება მხოლოდ, ამიტომ მისი შვილები დიდი სიყვარულითა და სიხარულით მიიღებენ სტუმარს და მიუხედავად სიღარიბისა,  ძღვენსაც მიართმევენ, რასაც  მათგან წამოსული საბრალო ისევ გლახაკებს დაურიგებს, გარდა საწირავისა და სინანულის წერილისა, რომელიც მას სალიამ გამოატანა სანუგეშოდ, ვინძლო მართლმადიდებელი მღვდლების ლოცვით მიეტეოს ქრისტეს უარყოფა.

ამის შემდეგ საბრალო გადაწყვეტს ზღვის მეორე ნაპირზე გასვლას და ნავის ან გემის მოლოდინში იგი გამოესარჩლება ადამიანს, რომელსაც სამი სხვა უმოწყალოდ სცემს.  როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მას გაცილებით მეტი მოხვდება, ვიდრე იმ დაჩაგრულს და ცოცხალ-მკვდარს ზღვაში გადააგდებენ. აბობოქრებული ზღვა მას მეორე ნაპირზე გარიყავს, საბრალოს სურვილი აუსრულდა: იგი აღმოჩნდა ზღვის გაღმა, მაგრამ არა გემით,  ანუ განცხრომით, არამედ ზღვის მღვრიე ტალღით, სველი და ნაცემ-ნაგვემი, თავისი განუყრელი ქუდით თავზე. აქაც სიმბოლური სახეები აქვს გამოყენებული ვაჟას. პირველი: მღვრიე ზღვა აქაფებული ტალღებით  -  წუთისოფელი თავისი დაუნდობლობითა და მაცდუნებელი ვნებებით, რომელმაც ვერ იგუა მართალი და გარიყა იგი; მეორე: ნაგვემ-ნაცემი საბრალო თავზე განუყრელი ქუდით,  ბოროტებასთან მებრძოლი გაუტეხელი მართალი შეურყვნელი ნამუსით.

ზღვისაგან გარიყული და ასეთ ყოფაში მყოფი საბრალო მიადგება განდეგილ ბერს, რომელიც თავის სენაკში ლოცულობს განმარტოვებით და შველას სთხოვს.  ხიბლში მყოფი საწყალი ბერი კი, გარეგნული იერიდან გამომდინარე, ეშმაკად ჩათვლის მას

                                მწირმა შეჰხედა: ეზარა იმისი სახე ტანჯული,

                                ლამი, წყალი და ზღვის ქაფი სტუმრის თავ-პირზე დასხმული.

და ისედაც ღონემიხდილს, მიუხედავად საბრალოს საწყალობელი ხვეწნა-მუდარისა, ქვის კიბეზე დააგორებს, თვითონ კი აღტაცებული ლოცვას განაგრძობს: ეშმაკს ვძლიეო

                მწირი  - კი სენაკის კარზე ეშმაკსა სწყევდა, გრგვინავდა,

                რომ სძლია, გაჰხარებოდა, სულ მაღლა-მაღლა ფრინავდა.

საბრალო კი

საბრალო მოშორებითა იქვე თივაში გმინავდა.

ამას ამბობდა მხოლოდა “ღმერთო მიწყალე ცოდვილი

და მიიბარე სულიცა ჩემი ათასგან კოდვილი”

                ზოგიერთი სასულიერო პირის არასწორი სულიერი მდგომარეობა, როგორც ჩანს, იმ დროსაც არ ყოფილა იშვიათი, რადგან არასწორი სულიერი ცხოვრების საკითხს ეხება წმ. ილია მართლის პოემაც “განდეგილი” და ეს საკითხია “უიღბლო იღბლიანშიც” ვაჟას მიერ მძაფრად დასმული,_ ყველაზე მტკივნეული ფორმით: სასულიერო პირის მიერ მართლის არმიღება და მასთან დაპირისპირება. ალბათ ეს მარადიული განსაცდელია კაცობრიობისა: ვინც პირველმა უნდა შეიცნოს მართალი, სწორედ ის უპირისპირდება მას, განა ასე არ მოხდა ქრისტეს დროსაც?

                ამ გმინვაში ჩაეძინა დაუძლურებულს და სიზმრად ნახა ელია, რომელმაც ყანა დაუსეტყვა. სიბრაზით აღვსილი საბრალო დაუნდობლად სცემს მას კეტით, ვიდრე პირსისხლიან მგელს არ დაინახავს, რომელმაც ის ერთი ბატკანი გასტაცა. შურისძიებით აღძრული მასაც კეტით გაუხეთქავს თავს და წიხლებით უწყებს ცემას, ამ ყოფაში ახლა მზეს მოჰკრავს თვალს, მზეს, რომელმაც იმ ბოლო ძნის შეკონვა არ დააცადა და მას გამოუდგება კეტით, დაეწევა, წააქცევს და მასაც ლანძღვა-გინებით სცემს. ამ შემზარავი სიზმრით შეშფოთებულს გაეღვიძება:

                                შეზარეს ფრიად სიზმრებმა, სწყინდა ნახული ზმანება,

                                წამოდგა ლოგინიდანა, თივის ზვინს თავი ანება.

                                და ღმერთს სთხოვს, სიზმრების მური არ ჩაუთვალოს ცოდვადა.

                                ხელები აპყრობილი აქვს, ისე დამდგარა ლოცვადა.

უმწიკვლო ადამიანმა სიზმარში ჩადენილი ცოდვაც კი მოინანია. ამ ლოცვის დროს, მოულოდნელად, საბრალოს თავს დააცხრება მტარვალი არწივი, ჩაასობს კლანჭებს და ასე ცოცხალ-მკვდარს გადააფრენს თავის მამულში და თავის სახლის გვერდით დაასვენებს.

                საბრალოს სახლიდან წასვლის შემდეგ, უფროსი ძმები კვლავ გამდიდრნენ, ოღონდ არა პატიოსანი შრომით, არამედ ძარცვა-გლეჯითა და ყაჩაღობით. ისინი სასწაულებრივად დაბრუნებული ძმის მოვლა-პატრონობას კი არა, კეთილ სიტყვასაც კი ვერ იმეტებენ მისთვის: უსაქმურად და მუქთახორად მოიხსენიებენ მას, უმცროსი ძმა კი  უსიტყვოდ და უშედეგოდ იწვდის მათკენ ხელებს და ასე, ძმების სითბოსა და სიყვარულს დანატრებული, მიაბარებს სულს უფალს. ძმებმა გამორჩენის მიზნით გაუჩხრიკეს საბრალოს  ჯიბეები, მაგრამ იქ ფულის ნაცვლად ნათათრალი სალიას წერილი იპოვეს და, როგორც ყველა ავისმჩხრეკელმა და ცილისმწამებელმა, მათაც შესაბამისი დასკვნა გამოიტანეს: ჩვენი ძმაც გათათრებულა და ქრისტიანთა სასაფლაოზე როგორ დავასაფლაოთო.  ამიტომ იგი ერთ უკაცრიელ სერზე დამარხეს

                                ან-კი რა? ყველას მიგველის ღია სამარის კარია,

                                ოქროს კუბო და ფიჭვისა მიწისთვის თანაბარია,

                                ან იქ ვიუბნოთ როგორა აქედან დანაბარია?

                                ბევრი სჭირს კაცის გონებას ამაოება მტკნარია!..

                                თუ რას მადლს იზამს ქვეყნადა, მითი იცოცხლებს მკვდარია.

                                ძვირფასი მხოლოდ სული გვაქვს, სხვა დანარჩენი -  მჩვარია,

                                ან ცეცხლი დასწვავს... თავისად მოიხმარს მიწა მყარია.

                                სხვა ყველა ფეხთ ქვეშ ეგება მიწის ბუნების კანონსა;

                                სულს ვერ ერევა მის ძალი და ვერც გაუთხრის ხაროსა;

                                ვერ მოჰკლავს, ვერ დააბერებს, ტანს ვერ შეუცვლის საროსა.

                                მიწისას მიწა მიიღებს, ყველას, რაც მაზე ხარობსა.

                                მაინც ხომ სულის ბუნება მონა როდია მიწისა:

                                თავისი სამფლობელო აქვს, თავის გზა კარგად იცისა!..

და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მართლის ცხოვრებისა და ღვაწლის შედეგს ხალხი მისი სიკვდილის შემდეგ იმკის, აქაც ასე მოხდა: საბრალოს საფლავი აყვავდა და არე-მარეს განსაკუთრებული მადლი მოჰფინა: მაკურნებელი წყარო, უხვმოსავლიანობა, ადამიანთა და ცხოველთა საოცარი მფარველობა. უფროსი ძმების საფლავი კი აყროლდა, ბოროტების ბუდედ იქცა და მშობლები ურჩ შვილებს იმ ადგილით აშინებდნენ.

                ასეთია ამ პოემის ქარგა და შინაარსი: ვაჟას საბრალოს სახით აღწერილი ჰყავს სულიერი გმირი -  მამულისათვის თავდადებული ქრისტიანის ცხოვრება, რომელმაც უდრტვინველად, ღვთისადმი სასოებით და მადლიერებით გადაიტანა უამრავი ტანჯვა-წამება, თვით სატანად შერაცხვაც კი, სამაგიეროდ სამშობლოს ექცა წამლად და მადლად. სწორედ ამ ძირითად შინაარსს მოჰყვება ვაჟას გენიალური ხედვა ამირანის მითისა:

                                ფრინველი, ნეტავ რა იქნა, ბედის მძებნელის მტვირთველი?

                                -ენახათ, თორემ ამბისა არავინ ჩნდება მკითხველი...

                                უზარმაზარი მხრებითა იგი მთებისკე წასულა,

                                სადაც თვის მსხვერპლი ეგულვის, იქ იალბუზზე ასულა.

                                და ისევ ამირანისას გულ-მკერდსა სწიწკნის შმაგადა.

                                ვერც ის გატეხა, არც თვითონ მოსწყინდა ქცევა ავადა.

                                ვერ გაუთავა გულ-ღვიძლი, ვერც ხორცში სისხლი გაუშრო,

                                როდი მოსწყინდა მის ტანჯვა, ერთხელ, ერთს ღამეს გაუშო,

                                როცა საბრალო იტვირთა და სამშობლოში დაუშო.

აი, რამხელა შვებაა კავკასიონს მიჯაჭვული, არწივი - იმპერიებისაგან გულ-ღვიძლდაკორტნილი ამირანი - საქართველოსათვის თითოეული თავდადებული მამულიშვილი. მათი თავდადება უმსუბუქებს  ამირანს ტანჯვას, რადგან მტარვალი ამ დროს მათ ჩაავლებს ხოლმე ბჯღალს და მათ სჯიჯგნის, მაგრამ ალბათ არწივსაც მისჯილი აქვს,  რომ ისინი სამშობლოს არ თუ ვერ განაშოროს  - საქართველოში საბოლოოდ მაინც აღიარებენ და აფასებენ ხოლმე მამულიშვილებს, თუმცა,  სამწუხაროდ ხშირად დაგვიანებით. სავსეა საქართველოს ისტორია საბრალოებით, განა მოწამეთა და მართალთა მხრებზე არ გადადის ჩვენი არსებობა? რამდენჯერ ერთ ადამიანზე გაუვლია ჩვენს ყოფნა_არყოფნას და მათი ტანჯვა გამხდარა ხოლმე ჩვენთვის შვება. ასეთი ხანმოკლე და პერიოდული გამონათებები აძლევენ შვებას და უკვდავჰყოფენ ამირანს

                                რამდენიც სიშმაგე მოსდის სისხლის სმის, ხორცის გლეჯისა,

                                იმდნად საბრაზოდ უხდება სალი კლდე გმირის თმენისა

                                ვერ გაუგია, საიდან ნაჭამი ლეში ივსება,

                                ან სისხლი რისიღა უდგა, მისგან რამდენი ისმება?

ამირანს საბრალოების სისხლი უდგას, მისთვის ეს მცირე დროც საკმარისია ხოლმე, რომ ძალები მოიკრიბოს: ქეთევან დედოფალი და თევდორე მღვდელი, ცოტნე დადიანი და ილია მართალი, დემეტრე თავდადებული და ძმები ხერხეულიძეები, ვინ მოსთვლის, ყველა ვის გაახსენდება, ან კი ცნობილია ყველას სახელი? მხოლოდ წარსულის შეფასება რომ არ გამომივიდეს (წარსულს ხომ ფარისევლებიც სწორად აფასებენ), ჩემი მხრიდან დავამატებდი: ჩვენი დროის საბრალოები, ილიას შემდეგ, არიან მერაბი და ზვიადი. ახლა კი, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ ვაჟას კიდევ ერთ სიღრმისეულ ხედვას:

აი, იმ არწივს გმირისა ხვეწნა-მუდარა ჰსმენია,

და ერთი მადლი მანაც ქმნა, სისხლის სმაც დაუთმენია

ცოტა ხანს, არ ასამუდმოდ, _ ღმერთს მისთვის გაუჩენია

და ამირანის გულზედა მის კლანჭი დაუბჯენია.

კიდევ მადლობა უფალსა, რომ ვერა ვხედავთ თვალითა

             თვით ამირანის ტანჯვასა, შავის ღრუბელის ძალითა,

             ჩვენს და მის შორის რომ წვება, როგორც ვეშაპი დიადი,

             მის ნახვის გვრჩება ფუჭადა მეცადინობა ფრიადი,

             და მხოლოდ გონების თვალით უნდა განვსჭვრიტოთ წყვდიადი.

აი, მივადექით წერილის დასაწყისში ნახსენებ ბ-ნი გიორგის მიერ გამოთქმულ სინანულს ამირანის გათავისუფლების შესახებ: ვაჟას აზრით არწივის დანიშნულება ამირანის ტანჯვაა, ვიდრე მჭედლები არსებობენ. ამ პოემაში მჭედლებად საბრალოს ძმები და ხიბლში მყოფი ბერი უნდა მოვიაზროთ. ქვეყნისთვის მარტვილობა კი _ ერთეულთა ხვედრია, ისინი ხედავენ და განიცდიან ამირანის ტანჯვას, ჩვენ კი, _ ჩვეულებრივი მოკვდავნი, ღვთის განუზომელი მოწყალებით, ალბათ ჩვენი სისუსტის გამო, დაცულნი ვართ ამ განცდებისაგან, გარდა ამისა წუთისოფელი თავისას ცდილობს და ბურუსში ხვევს სიმართლეს, ამიტომ საჭიროა სწორი აზროვნება, რათა “გონების თვალით მაინც განვსჭვრიტოთ წყვდიადი” და მაშინ იქნებ კიდეც ახდეს აკაკის ნატვრა:

             მოვა დრო და თავს დაიხსნის, იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი,

             სიხარულით შეეცვლება, ამდენი ხნის სგასაჭირი.

ამინ!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq