საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ლიკა ყიფშიძე - „ვწერ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია”
georoyal.ge

...მე დიდი ათეიზმის ეპოქაში დავიბადე, 1962 წლის 21 სექტემბერს. ეს დღე მარიამ ღვთისმშობლის დაბადების დღეა, მართებული იქნებოდა მარიამი მრქმეოდა, მაგრამ დედაჩემს ლია დაურქმევია. როცა გავიზარდე, დავინტერესდი რატომ დამარქვა ასე, მითხრა, ბიჭი მინდოდა და გიორგი, გია უნდა დამერქმია, რადგან გოგო გამოდექი, ვთქვი თუ გია არა, ლია მაინც იყოსო! ცხოვრებაში ბევრი რამაა, რასაც ინტელექტს ვერ დაუქვემდებარებ, რასაც მეცნიერება ვერ ხსნის, ახლა ხშირად მესიზმრება, როცა გასაჭირში ვარ, წინ ახალგაზრდა ყმაწვილი მიდგას და მიცავს, სახელს როდესაც ვეკითხები, გიორგიო! მპასუხობს... ღმერთი ჩემში ყოველი კარგის, სიკეთის სიმბოლოა, მწამს რაღაც დიადი ძალის, რასაც ვექვემდებარებით, მაგრამ რწმენისადმი გადაჭარბებულობა არ მახასიათებს, ამიტომ არც სიზმრისეულ ფაქტს ვხსნი რაიმეთი, უბრალოდ ასეა! რადგან სიტყვამ მოიტანა, იმასაც ვიტყვი, ბევრჯერ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მოვლენები, რისთვისაც ახსნა ვერ მომიძებნია და მიმიღია ისე, როგორც იყო... ზუსტად ასეთ მოვლენას მივაკუთვნებ იმ ფაქტსაც, რომ ვწერ...

  წერა?! წერა არა, მე ლექსების თქმა დამიწყია სამი წლის ასაკიდან, დედაჩემი დამდევდა წიგნაკით და იქ იწერდა ჩემს ნაბოდვარს. მერე მამაჩემისთვისაც უთქვამს, იცი, ლიკაკო (ასე მეძახდა) პოეტი რომააო?! მამაჩემს სასაცილოდ არ ყოფნია, ბავშვი აქა–იქ კრებს სხვის ნათქვამებს, იმახსოვრებს და შენ გგონია მისიაო... დედას აღარაფერი უთვამს, გაუგრძელებია იმ ლექსების შეგროვება, რასაც ვამბობდი, მერე მეც დამაჯერა, რომ პოეტი ვიყავი და გავთამამდი...

  პოეტობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ღირებული ქაღალდის სუნი რომ გახდა, ეს ფაქტია... ვწერდი ყველგან, ყოველთვის, ყველაფერზე... თბილისის 102–ე საშუალო სკოლაში ჩემს ქართულის მასწავლებელს, ნუნუკა დადიანს, კლასიდან კლასში დაქონდა ჩემი თემები და ბავშვებს უკითხავდა... დავდიოდი სკოლის, რაიონის, რესპუბლიკის ნორჩ შემოქმედთა წრეებში. განსაკუთრებული როლი ჩემი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში, იმდროინდელმა, პიონერთა სასახლის ნორჩ შემოქმედთა სტუდიამ ითამაშა. ჩემი თაობის შემოქმედთა ხელწერას ჯერ კიდევ ატყვია ქალბატონ ფაცია პაიჭაძისა და მიხეილ გოგუაძის დიდი შრომის კვალი... სტუდიის ბავშვები საქართველოს მთა–ველს ვიყავით მოდებული და ვწერდით... ეს კარგი პრაქტიკა იყო მომავალი მწერლებისათვის, ბევრს ვხაპავდით...

 შემდეგ იყო უნივერსიტეტი, ჟურნლისტიკის ფაკულტეტი... პარალელურად რედაქციაში მუშაობა... ჩემს უპირველეს მიზნად და პროფესიად სწორედ ჟურნალისტიკა იქცა... იმ პერიოდში ლექსებს მხოლოდ გასართობად ვწერდი... თუმცა, ეს ყოველთვის ასე იყო, მიუხედავად იმისა კარგად ვიცოდი ლექსის ანატომია, ფორმები, ღირებულება, პოეზიისათვის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ალბათ, ეს იყო სწორედ მიზეზი, 27 წლისამ რომ შევაჩერე ლექსების წერა...

  ზუსტად 20 წლის შემდეგ, 47 წლის ასაკში, ჩემმა მეგობარმა, რომელმაც იცოდა მოთხრობებს ვწერდი, ყირაზე დააყენა მთელი ჩემი ცხოვრება ერთი კითხვით: ,,ლექსებს არ წერ?“ და ისეთი თვალებით შემომხედა, გავიფიქრე, უნდა დავწერო!!! ეს დიდი ბიძგი აღმოჩნდა ჩემი პოეზიისათვის... ოცწლიანი ინტერვალის შემდეგ ,,კალამი“ ვეღარ დავდე... მადლობა მინდა  გადავუხადო მას იმ ლექსებისათვის, ჩემს მკითხველებს რომ აჩუქა...

 მას მერე, დღემდე, ჩემი 1 200 ლექსზე მეტი დაიწერა, მაქვს აღურიცხავი ლექსები, ფეისბუქზე ,,ჩაყრილ ლექსებს“ რომ ვეძახი...

 თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ,,ფეისნოველების“ დამაარსებელი ვარ და ვფიქრობ სხვა არც არავინაა, პირველმა დავიწყე ნოველების ნაწილ–ნაწილ ბეჭდვა ფეისბუქზე და ამასაც დიდი რეაქცია მოყვა მკითხველის მხრიდან... ეს ცალკე საუბრის თემაა...

 ჩემმა ლექსებმა ბევრი მეგობარი შემძინა სალიტერატურო სივრცეში. დამანახა, რომ საქართველო მარად და მარად პოეტების და პოეზიის ქვეყანაა, აღმოვაჩინე ჩემთვის, ბევრი, საინტერესო, პოეტური სახე, რომელიც გამიძვირფასდა... მე ვწერ იმიტომ, რომ სხვანაირად არ შემიძლია, მას მერე რაც თავიდან მივეახლე პოეზიას, ჩემი დარდის, ტკივილის, სიხარულის გამზიარებლად, განტვირთვადა და ამოსუნთქვად სწორედ ლექსი იქცა... მე წერის პროცესი მიზიდავს, მე მიყვარს ლამაზი ეპითეტები და მსუბუქი სიტყვათა წყობა, მე თითოეულ სიტყვას ვეფაქიზები, მისხალ–მისხალ ვწონი, რომ ერთმა ფრაზამ მეორე არ დააზიანოს... მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მე ლექსი მიყვარს, ჩემიც და სხვისიც და ძალიან მიხარია, როცა ვინმე, ნამდვილ პოეტს აღმოვაჩენ, არ მიჭირს  მათი აღიარება... დღეს ქართულ პოეზიას ნამდვილად არ აკლია კარგი პოეტები, რამდენიმე ჩემთვის განსაკუთრებულია, მაგრამ არ მინდა ჩამოვთვალო...

  სამწუხაროა, რომ ბევრი კარგი პოეტის წიგნი არცაა გამოცემული და მათ ფართო საზოგადოება არ იცნობს, მათ რიცხვში ვარ მეც, ორი საბავშვო წიგნის გარდა, არაფერი მაქვს გამოცემული. გარდა იმისა, რომ მწერლებს თანხა არა აქვთ საამისოდ, არტმენეჯმენტიც არ არსებობს ჩვენს დასახმარებლად. მე რომ ვწერო და ღირებული ლიტერატურა შევქმნა, თავადვე არ უნდა დავრბოდე გამოცემებზე და დროს ამაში არ უნდა ვკარგავდე, უნდა მყავდეს აგენტიც და საქმეთა მწარმოებელიც, რომელიც ჩემს ლიტერატურას გამოსაცემად მოამზადებს... გამომცემლობები კი არ უნდა უყენებდნენ პირობებს ავტორებს, არამედ –პირიქით და თავად უნდა ზრუნავდნენ კარგი ავტორის აღმოჩენის, მათი ლიტერატურის დაბეჭვდისა და გავრცელებისათვის... დღეს კი იქმნება ლიტერატურა, მაგრამ ლიტერატორთათვის შემოსავლის გარეშე...

როგორც ვთქვი, გარდა ლექსებისა, მაქვს ფეის–ნოველები, მოთხრობები, საბავშვო ზღაპრები,  ჩანახატები და ა. შ., მაგრამ დღეს ლიტერატურულ წრეში რომ იკითხოთ, ვინაა ლია (ლიკა) ყიფშიძე,  ასე გიპასუხებენ, ყველაზე თამამი, ეროტიკული, პოეზიის ავტორი...  ეს იქიდან ვიცი, როცა ერთი პოეტი, მეორე უცნობ პოეტს ჩემს თავს აცნობს, ეკითხება, როგორ, თქვენ ქალბატონ ლიკას ვნებიან ლექსებს არ იცნობთ?

და რადგან, მე უპირველესად ჟურნალისტი ვარ და და სულ ახლახანს დავით აღმაშენებლის აკადემიაში განვაახლე ჟურნალისტური საქმიანობა, ჟურნალისტიკის ლექტორად, დღეს ჩემს თავს კითხვა დავუსვი:

–   ქალბატონო, ლიკა! დღეს თქვენ ყველაზე თამამ, ეროტიკული ლექსების ავტორად მოგიხსენიებენ, მაინც რა არის თქვენთვის ეროტიკა?

–   სურვილის ტკივილი! – აი, ჩემი პასუხი...

დიახ, ჩემი პოეზიის ამოსავალი წერტილი სურვილები, გრძნობები, ვნებები და მათ მიერ მოტანილი ტკივილები და სიხარულებია, ჩემს პოეზიაში ბუნებაც ვნებაა, ყვავილობაც, ფოთოლცვენაც და ზღვის ლუღლუღიც... თუ ადამიანი ბუნებით ესთეტი ხარ, არც შენი განცდების გადმოცემის მოგერიდება, რადგან ლამაზად წარმოჩენილ ვნებაზე ლამაზი არაფერია, ადამიანის იქნება ეს, ჩიტის თუ ყვავილის... ვნება კი, მერწმუნეთ, ყველაზე დიდი შემოქმედია!

 

ქარს მიყვებოდა

 

ქარს მიყვებოდა
გადაპენტილ
ყვავილთა თოვა,
ზღვას ეხლებოდა
ფურცელ-ფურცელ
პეპლების ქროლვად
და მე საოცარ გარდასახვის
ვხდებოდი მოწმე–
ბალერინების წარმოდგენას
ზღვა ედო ფონად...
ქარს მიყვებოდა
გადაპენტილ
ყვავილთა თოვა,
ტალღა სურნელზე
ტორტმანებდა,
იწყებდა თრთოლვას
და გაზაფხული ასე ნატიფ
და სურვილ-სურვილ
სამყაროს თავბრუს ახვევდა
და იწვევდა ჟრჟოლვას... – ლიკა

 

თოვს, თურმე...

 

თოვს, თურმე...

თოვს, თურმე...

თოვს...

თოვს...

თოვს...

ცა ფიფქთა ფერიებს

უშვებს შორს...

მოქრიან ლაღად

და ბზრიალით...

დღე ბრწყინავს

ფიფქთა ათინათით...

თოვს, თურმე...

თოვს, თურმე...

თოვს...

თოვს...

თოვს...

ცა ვერცხლის სირმებით

ზღაპარს ქსოვს...

თოვს...

თოვს...

თოვს...

რამე მიჩურჩულე გთხოვ...

თოვს...

გთხოვ...

კოცნა ავაყოლოთ თოვლს...

 

ბათუმში

 

ჩემთან გინდოდა...
ნებივრობდა ნისლი ზღვის თმებზე,
პალმის წამწამებს ათრთოლებდა
ნაზად ბათუმი,
ოლეანდრები მოფენოდა ქალაქს კაბაზე,
ქუჩები იყო ყვავილებით
გამობაბთული...

ჩემთან გინდოდა...

შორს იყავი... არადა, გსურდი...

კამელიების სისხლხორცობა დაისს ბაძავდა,

გენატრებოდი,

მიკიდებდი ცეცხლს გაზაფხულის

და უშენობა ძარღვს მოწოლილ ვნებას კვანძავდა...

ჩემთან გინდოდა...

იშორებდა ზღვა ნისლს,ვით მანდილს...

და მერე, როცა შადრევნები ცაში აიჭრა,

ფერად–ფერადი ლიცლიცები აყვა წყლის კალთას,

იმშობიარა ცამ და მთვარემ გამოაჭყიტა...

ჩემთან გინდოდა...
ნებივრობდა ნისლი ზღვის თმებზე,
პალმის წამწამებს ათრთოლებდა
ნაზად ბათუმი,

მე აქ ვიყავი, შენს ქალაქში,  შენ კი წახვედი

და დამრჩი გულში ოცნებებად ამოქარგული!

 

ფურცელი

 

მე ქათქათა ვარ,

მე ვარ თეთრი უსაზღვროება,

მე ფურცელი ვარ,

წარმოსახვის ჟინი და ვნება,

და მხოლოდ მაშინ,

მხოლოდ მაშინ მომიახლოვდი,

როცა მოგიშვებს,

საკუთარი თავდაჯერება!

მომიახლოვდი

და შემახე მგზნებარე ფუნჯი,

ფუნჯი ცხოველი,

ფუნჯი შენი ფერით ნაფერი,

გაუკვალავი ტრამალების იცოდე ფასი,

ცნობიერების ჰორიზონტებს

ვიდრე გახედნი!

მოდი, შემეხე,

მე ვარ შენი ჟინი და ვნება,

მოდი, ხომ გინდა,

რომ გულ–მკერდზე გადამიარო?

მაგრამ სანამდე ფუნჯს დამადებ,

კარგად დაფიქრდი,

წარმოსახვაზე მეტს რას შექმნი,

ადამიანო?

 

პალმის წვიმა

 

წკაპ–წკუპ!
წკაპ–წკუპ!
ერთი–ორი...
შევუშვირე, ნახე, მოდი,
მე თითები...
ვერითმები...
პალმის რტო ვარ
და ჩემს ფოთლებს
წვიმა, როგორც კლავიშს
მოსდევს!
მიაგებე შენც პეშვები,
აწი აღარ შეგეშვები...
დო, რე, დო, რე,
დო, რე, მი, ფა!
ითამაშე ჩვენთან,
მითქვამს!
წკაპ–წკუპ,
წვიმას ვერითმები,
შეუშვირე შენც თითები!
წკაპ–წკუპ,
ნახე როგორ ვცეკვავ,
ერთი–ორიიიი....
მოდი ჩვენთან!

 

აწმყოში...

 

დღეს ვისაც გინდა უგზავნე
ეგ,შენი,მკვდარი კოცნები,
მე შენს ბაგეზე უკვე ვთქვი
დაუვიწყარი ლოცვები...
მე შენს სხეულზე ცისფერი
ვავლე,ვახელე ხაზები
და შენ კი არა, მეცხრე ცას
ავხსენი კარის რაზები...
შენ რა გგონია, მე ვდარდობ,
თუ სხვას ოცნებით ედები?
შენ ჩემს სხეულზე ველური
ვარდების კაფე ედემი!
დაკაწრულ ვნებებს ატყვია
დღესაც ეკლების ნაჩხვლეტი...
ახლა სივრცეებს მიაპობს,
ულაყი, შენგან ნახედნი...
გიჟური ჟინით ნაკვები
ქარაშოტებზე ხელდება...
რაც უწინ იყო,
აწმყოში არაფრით არ დანებდება...
დღეს ვისაც გინდა უგზავნე,
ეგ შენი მკვდარი კოცნები...
მე შენს ბაგეზე უკვე ვთქვი
დაუვიწყარი ლოცვები... - ლიკა

 

 

მოგენატრები

მოგენატრები!

მოგონებას დაედება, როცა რომ ფასი,
გაგახსენდება აყვავებულ ალუბლებზე
ფუტკართა დასი!
გაგახსენდება,
ქარი როგორ ანცობს და ღელავს,
როს ვარდისფერი ბალერინების
სურნელით თვრება!
გაგახსენდება
ყვავილთ თოვა, თოვა თვალებში,
მათი ფარფატი და ჩაძირვა
შენი ვნების ოკეანეში!...
მოგენატრები!
მოგონებას დაედება, როცა რომ ფასი,
გაგახსენდება აყვავებულ ალუბლებზე
ფუტკართა დასი!

 

ღვინობისთვე

 

ამ დაშაქრულ შემოდგომას,
ძარღვებში რომ ჩაგვიდგა,
რომ დაბანგდა, აჩხრიალდა,
საწნახელის ღარიდან...
რომელიც რომ შემოგვწყრება
მალე მარნის კარიდან...
არ დავლოცოთ?
წყნარად ვთქვათ რომ
ღვინობისთვე წავიდა?
თასები და ჭინჭილები
თაროზე რომ ჩამწკრივდა
და ბაბუას შეძახილი
რომ გვეძახის ზღაპრიდან...
იმ ბავშვობას ქარვად დამდნარს
ვენახების ზვარიდან...
აღარ ავყვეთ? არ ჩავმაჭრდეთ?
არ ავიჭრათ თავიდან?
ჩქარა...
ჩქარა...
ჩქარა, თორემ....
ღვინობისთვე წავიდა! - ლიკა

 

რაღაც პოეტური

 

ხანდახან რაღაც პოეტური
ედება ფიქრებს,
ხანდახან, რაღაც, შინაგანი
სისველე გიწვევს...
ხანდახან უცნობს ებლანდება
სურვილი... ვნება...
ხანდახან დიდს და
მიუწვდომელს
გსურს რომ შეეხო...
ხანდახან წამი ჩერდება
და იძენს ვერტიკალს...
ხანდახან ის, რაც გსურს იყვირო,
დუმილით ითქმის...
ხანდახან მთელი ცხოვრებაა,
ვით აბლაბუდა...
ხანდახან ხვდები,
რასაც ხვდები...
სულ აღარ გინდა...
ხანდახან რაღაც პოეტური
ედება ფიქრებს...
და ლაზღანდარობ...
ამ პოეტურს როცა ვერ იხდენ! - ლიკა

 

წარსულში მრჩები...

 

წარსულში მრჩები,
ისე, როგორც ბავშვობაში
მატარებლიდან
მოციმციმე შორი შუქები,
მთებზე შეფენილ სახლებიდან
რომ ანათებდა...
გული მწყდებოდა,
იქ,ერთ სახლში,
თვალში ჩასულ,გალეული საპონივით,
გამქრალ ზაფხულს, ბებია რომ
ცრემლებს ატანდა,
ბაბუა კი ჩუმად ოხრავდა...
გულს მიმძიმებდა განშორება,
გზებზე ხეები,
ლამპიონით განათებული,
ტოტთა რხევის რევერანსით
რომ გვაცილებდა...
თან მოგვყვებოდა მხოლოდ მთვარე
და დარჩენილი ჭის სიღრმეში
ჩემი მთვარე მენატრებოდა...
არასოდეს არ მიყვარდა განშორებები,
ისინი კი უკან რჩებოდა...
ახლა ვეღარც შენ მომყვები...
კვლავ ბაქანზე ვარ,
მალე მხოლოდ თვალს შეგავლებ...

წარსულში მრჩები,
ისე,როგორც ბავშვობაში,
მატარებლიდან მოციმციმე
შორი შუქები... - ლიკა

 

როცა იცინიო...

 

როგორ მიყვარს შენი სიცილიო –
მზის სხივების ზღვაზე ლიცლიციო,
თვალებს მონავარდე ცელქი ციმციმიო,
როცა იცინიო, როცა იცინიო, როცა იცინიო...
როგორ მიყვარს შენი სიცილიო –
შენს სახეზე ცისკრის ტკიცინიო,
ბაგეს მოციაგე ცვარის ციცინიო,
როცა იცინიო, როცა იცინიო,როცა იცინიო...
როგორ მიყვარს,შენი ციმციმიო, როცა იცინიო! – ლიკა

 

არის ერთი ქვეყანა...

 

არის ერთი ქვეყანა,
სადაც ხშირად გნახულობ,
სადაც გეალერსები,
შენს ბაგეზე ვზაფხულობ!
სადაც ჭრელი პეპლები
წამწამებზე სხდებიან
და თვალებში სხივები
ციცინათელებია!
არის ერთი ქვეყანა,
ლამაზი და ლიცლიცა,
სადაც შენ მეგულები,
სინამდვილეს მიცრიცავ...
არის ერთი ქვეყანა,
სადაც არსად იჩქარი,
სადაც მუდამ ჩემი ხარ...
რა ვქნა – ერქვას სიზმარი! – ლიკა

 

 

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq