საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

სპექტაკლი „სტუმარ–მასპინძელი“
ბადრი დანელია

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დაიდგა ვაჟა–ფშაველას „სტუმარ–მასპინძელი“.

მინდა აღვნიშნო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, პირდაპირ ვიტყვი, უარყოფითი კუთხით.

დავიწყოთ იმით, რომ შეცვლილია ვაჟასეული წარმოჩენა მთავარი გმირებისა და ამ გმირების ურთიერთმიმართება. პოემის მთავარი გმირები არიან ჯოყოლა, ზვიადაური და მუსა, რადგან თითოეული მათგანის ფუნქციის გაუქმება, ან შეცვლა პრინციპულად შეცვლის პოემის არსს და გადააქცევს მას სხვა ნაწარმოებად. პოემის მეოთხე გმირი – აღაზა, არის ამ უმშვენიერესი ქმნილების ულამაზესი სამკაული და მხოლოდ ამ მხრივ შეგვიძლია მისი ჩათვლა მთავარ გმირად, თორემ მის გარეშეც „სტუმარ–მასპინძელი“ იქნება „სტუმარ–მასპინძელი“, მაგრამ დაკარგავს უძვირფასეს და თვალისმომჭრელად ელვარე სამკაულს. რომ არ შეიქმნას ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს აღაზას დანიშნულებას უარვყოფ, ამიტომ აქვე ვიტყვი: აღაზა იმდენად ღრმად გააზრებული – პოეტურად  და შინაარსობრივად დატვირთული – სახეა, რომ მე თუ მკითხავთ, ნეტავ მარტო მასზე, როგორც ცალკე არსზე, დაეწერა კიდევ ერთი პოემა ვაჟას.

სპექტაკლში კი მთავარი გმირი აღაზაა, – ყველაფერი ხომ მის გარშემო ტრიალებს...

და თანაც, – როგორც ქალის.

            მეორე მნიშვნელოვანი დარღვევა ზვიადაურის სცენური სახეა. იგი სპექტაკლში წარმოდგენილია ამორალურ ადამიანად და ამავდროულად, რაღაცნაირად ისტერიული და გაუწონასწორებელიცაა,  რაც არაფრით მოგვაგონებს პოემისეულ ღირსეულ პიროვნებას.

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ზვიადაური ჯოყოლას ოჯახში შესვლისთანავე, არც მეტი, არც ნაკლები, თვალს დაადგამს... აღაზას, ჯოყოლას ცოლს,  ოჯახის დიასახლისს, ამ ლოგიკაში კი უკვე მშვენივრად ჯდება, რომ სცენური აღაზაც თანაგრძნობით ხვდება ამას. მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კავკასიაში,  უდიდეს სირცხვილად ითვლება მსგავსი საქციელი და ამ დროს, სტუმარ–მასპინძლობის წეს–ჩვეულების აპოლოგიის, – ვაჟას „სტუმარ–მასპინძლის“ ასე დამახინჯება? ეს ხომ წარმოუდგენელი მკრეხელობაა.

 ეს მოტივი გასდევს მთელ სპექტაკლს და მისი მთავარი ინტრიგა აქედან საზრდოობს. სპექტაკლისეული ზემოთქმული კონცეპტი კარგად იკვეთება ორ ძირითად სცენაში: პირველი, ჯოყოლასა და ზვიადაურის შინაგანი და ფიზიკური დაპირისპირება სუფრასთან, როცა სცენის სიღრმეში განათებული აღაზა მოჩანს, ეს სტანდარტული თეატრალური ხერხი იმას მიანიშნებს, რომ ამ დაპირისპირების მიზეზი აღაზაა, –  მათი გონება სწორედ მას დასტრიალებს, აქ  ისინი მეტოქეები არიან აღაზას გამო, პოემაში კი:

                        ივახშმეს, თვისი სტუმარი მასპინძელს მოსწონს გულითა.

                        „კარგი ვაჟკაცი ეტყობა“ – ფიცულობს თავის რჯულითა.

– „ეს ერთი ცნობა, ხვალ ძმობა, ერთად შევთვისდეთ სულითა“...

მეორე მაგალითი აღაზასაგან  ზვიადაურის დატირების სცენაა: აღაზა თავის წარმოსახვაში აცოცხლებს ზვიადაურს, როგორც კაცს, ეხუტება მას და ჩაესმის მისი საარშიყო სიტყვები. ვაჟა კი სრულიად სხვაგვარად განმარტავს ამ დატირების ერთადერთ მიზეზს:

...ზვიადაურის სიკვდილი თვალებში ელანდებოდა.

სტიროდა, მაგრამ ტირილი არ იყო, ეხათრებოდა:

ერთ მხრივ ხათრი აქვს თემისა, მეორით – ღმერთი აშინებს,

ქისტეთის მტრისა მოზარეს თავს რისხვას გადმოადინებს.

ეს ფიქრი გონებისაა, გული თავისას შვრებოდა,

კაცის კაცურად სიკვდილი გულიდამ არა ჰქრებოდა.

ქალის გულს იგი სურათი შიგ გაეყარა ისრადა;

იმან დაადვა ლამაზსა დაკლულის გლოვა კისრადა

და არა ხორციელმა ვნებამ, როგორც ეს სპექტაკლშია.

პოემის შინაარსიდან გამომდინარე, თითქოს აღარც უნდა ყოფილიყო საჭირო დატირების მიზეზის ცალკე ახსნა, მაგრამ, როგორც ჩანს ეს ვაჟას აუცილებლად მიუჩნევია და სამართლიანადაც, რადგან თურმე შესაძლებელი ყოფილა აღაზას ამ საქციელის სხვაგვარი აღქმაც. აღარ გავაგრძელებ დატირების სპექტაკლისეული და პოემისეული სცენების შედარებას, რადგან არაფერია მათ შორის საერთო, გარდა ზოგიერთი ფრაზისა, გავიხსენებ მხოლოდ ამ ეპიზოდის ვაჟასეულ შეუდარებელ, თეატრალიზებულ ფინალს, ერთ ლამაზ სცენად რომ გამოდგება:

აიხსნა დანა, მიჰმართა ზვიადაურსა იმითა,

ააჭრა ნიშნად, სახსოვრად სამი ბალანი პირითა,

ჩიქილის ტოტში შეხვია ბროლის თითებით თლილითა…

            ალბათ, გასაკვირიც არ არის, რომ ჩვენს ზნეობრივად დაკნინებულ ეპოქაში ნაწარმოებში აღწერილი ლამაზი ქალის დანახვისა და ახლა კიდევ იმის „გულში გაყრილი ისრის“ გაგონებაზე ერთი სავსებით ბანალური, ხორციელი გრძნობა წარმოგვიდგეს. ეს არის დღევანდელი პროგრესული, ტექნოკრატიული ცივილიზაციის ნაყოფი. ჩვენი ვიწრო თვალსაწიერით ვუცქერით, ვაფასებთ და აღვიქვამთ არა მარტო ვაჟა-ფშაველას, არამედ აგიოგრაფიას, რუსთაველს, შექსპირს, ფლობერს...  ეს ამ ჟამის და ყველა  ცალკეული ადამიანის  პრობლემაა, რომელთანაც მიმართებაში თითოეული საკუთარი სულიერი სამყაროს შესატყვისად რეაგირებს.  

            მესამე დიდი არსობრივი შეცდომა სპექტაკლში არის რელიგიური საკითხი. პოემაში ვაჟა ჯოყოლასა და ზვიადაურს შორის არანაირ სარწმუნოებრივ ბარიერს არ ქმნის, რადგან ჯოყოლაც და ზვიადაურიც დიდი პიროვნებები არიან და კარგად ესმით, რომ სარწმუნოება სულიერი გადარჩენის საქმეა და ყოფით განსაცდელში ჩავარდნილ სხვაგვარად მორწმუნესთან შენი სარწმუნოების ხაზგასმა ფარისევლობაა და სხვა არაფერი. ასეა ქრისტიანობაში და ვფიქრობ, ასევეა ისლამშიც.

სპექტაკლში არის ასეთი სცენა: სუფრასთან დასხდომის წინ ჯოყოლა მაჰმადიანური წესით ილოცებს, ზვიადაური კი, ამის შემყურე, თითქოს პროტესტის ნიშნად, მოჰყვება პირჯვრის გამალებულ გამოსახვას, შემდეგ კი – ფეხმორთხმით მჯდომი ჯოყოლას ჯინაზე თვითონაც ფეხმორთხმით რომ არ დაჯდეს, ადგილს ვეღარ პოულობს და სუფრასთან, ასე ვთქვათ, ცმუკავს.

წუთისოფლის უკუღმართობის გამო, კავკასიაში მცხოვრებ სისხლით მონათესავე ერებს მძიმე ხვედრი გვერგო: გარსშემორტყმულმა იმპერიებმა არამხოლოდ ტერიტორიულად, არამედ სარწმუნოებრივადაც დაგვყვეს. დიდი გულისტკივილით უყურებდა ამას ვაჟა და ამიტომ თავისი შემოქმედებით ქადაგებდა ძმათა ერთობას, რადგან სარწმუნოება სულიერია, ხოლო სისხლით ნათესაობა ამქვეყნიური და თუ ფიზიკურად გადარჩენა გვინდა გარსმომდგარ ამ უკიდეგანო მტრულ ოკეანეში, კავკასიელებმა საერთო ენა უნდა გამოვნახოთ კაცობრივი სჯულის დონეზე მაინც, ვინ იცის იქნებ შემდეგ სულიერებაშიც მოხდეს ჩვენი ერთობა. პოემის ძირითადი არსიც ეს არის და ამასვე ადასტურებს პოემის ფინალიც, – ხილვა:

იმ კლდის თავს, საცა ჯოყოლა მოჰკლეს ხევსურთა ბრძოლაში,

ღამ-ღამ ჰხედავენ სურათსა ზვავისგან ნაგალს გორაში:

კლდის თავს წადგება ჯოყოლა, სასაფლაოსკე იძახებს:

“ზვიადაურო, ძმობილო, რად არ მაჩვენებ შენს სახეს?!”

სასაფლაოდამ წამოვა აჩრდილი ფარ-ხმალიანი,

გულზე უწყვია დაკრეფით მკლავები სამკლავიანი.

მივა და მიესალმება თავის ძმობილსა მდუმარედ.

იქვე აღაზაც ამოდის სახე მოწყენით, მწუხარედ.

ენთება ცეცხლი მათს გვერდით, მკრთალადა ბჟუტავს მთაზედა;

იმათ ჰმასპინძლობს აღაზა, ჯიხვის მწვადს უწვავს ალზედა.

ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთურთის დანდობისასა,

სტუმარ-მასპინძლის წესზედა ცნობის და და-ძმობისასა.

ხოლო „სტუმარ–მასპინძლის“ რეჟისორისეული, ასე ვთქვათ, ვულგარული გააზრება შეურაცხმყოფელია და დამამცირებელი პოემისათვის; საზიანოა, ვაჟასთვის ასე სანუკვარი, ხოლო ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ერთიანი კავკასიური იდეისათვის და  პროვოკაციაა სარწმუნოებრივი შემწყნარებლობის გზაზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს სპექტაკლი არის რაღაც სხვა ნაწარმოების და არა ვაჟა–ფშაველას „სტუმარ–მასპინძლის“ თეატრალური წარმოდგენა.

                         ბადრი დანელია

                            593 339 227

წერილი გამოქვეყნდა ჟურნალის „ჩვენი მწერლობა“ 2015 წლის 1 მაისის ნომერში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა იოანე ოქროპირი - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+407)
13 (26) ნოემბერი
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი (I)
5 (18) ნოემბერი
gaq