გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 23 ივნისი, 2025 წ. ჩვენი საუნჯე - 5 „ამის დამხატავსა...” შოთა რუსთაველი იერუსალიმში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ _ ქართული, ევროპული და, ზოგადად, მსოფლიო ლიტერატურის შედევრია. პოემის მთავარი პერსონაჟები თავისუფლად მოაზროვნე, სულიერად ამაღლებული და ფიზიკურად სრულყოფილი ეპიკური გმირები არიან, რომლებიც სრულფასოვანი პიროვნული ღირსებებით გამოირჩევიან და სრულიად უნიკალური ტოლერანტული სულისკვეთებით არიან გამსჭვალული. „ვეფხისტყაოსანში“ თანმიმდევრულად ასახულია ახალი ეპოქის თანამდევი მაღალი სულიერი მისწრაფებები და იდეური მიზანსწრაფვა, რაც მთლიანად განფენილია რუსთაველის ეპიკური ნაწარმოების რენესანსულ პოეტურ რეალიებში. პოემაში ამბის თხრობა მეტად კარდინალური მოვლენებითაა დამუხტული. ეპიკური ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი მძაფრი და დინამიკური სიუჟეტური განვითარება ბოლო ეპიზოდში დრამატულ კულმინაციას აღწევს. ამ ეპიზოდის გრანდიოზულ ეპიკურ სურათში აღწერილია ბოროტების ალეგორიული სიმბოლოს _ ქაჯეთის ციხექალაქის განადგურების შედეგად მოპოვებული დიდად მნიშვნელოვანი საერთო სახელმწიფოთაშორისი გამარჯვება, რაც ბრძნული ბიბლიური სენტენციააფორიზმით მთავრდება: ყოვლთა სწორად წყალობასა, ვითა თოვლსა მოათოვდეს, / ობოლქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,/ ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,/ შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს. მოცემულ ტაეპში მეტაფორულად გააზრებულია პოემის სამი მთავარი მოქმედი გმირის (ტარიელის, ავთანდილისა და ფრიდონის) სამეფოებში საბოლოოდ დამყარებული ბიბლიური სულისკვეთებით აღსავსე იდილიური ვითარება, რაც დასრულებულ მხატვრულ სახეს სძენს პოემას. „ვეფხისტყაოსანში“ ძირითადი პრობლემა სამეფო ტახტის მემკვიდრეობის საკითხია, რომელიც წარმოდგენილია სამი ურთიერთგანსხვავებული ამბით (არაბეთში _ მეფის ასულის გამეფება, ინდოეთში _ მეფის ასულის ქორწინება, მულღაზანზარში _ ბიძისა და ბიძაშვილების მიერ მემკვიდრე უფლისწულისთვის სამეფო ტახტის წართმევა). მსგავსი დრამატული მოვლენები XIIXIII საუკუნეების საქართველოს ისტორიულ რეალობაში პოულობს პარალელებს. ამ ეპოქის ცნობილი ქართველი ისტორიული პირები იყვნენ პოემის მთავარ პერსონაჟთა პროტოტიპები. ეპიკური პოეტური ნაწარმოების მთლიანი სიუჟეტური ქარგა ეფუძნება სამეფო ტახტის მემკვიდრეობის ანალოგიური პრობლემებით აღსავსე თანადროული ხანის რეალიებს. კერძოდ, აღსანიშნავია თამარის მამის, გიორგი IIIისა და მისი ძმიშვილის, უფლისწულ დემნას დრამატული სამხედრო დაპირისპირება, მეფის ასულის _ თამარის გამეფება და მისი გათხოვება. ყურადღებას იმსახურებს სხვა ისტორიული პარალელების ლიტერატურული კონტექსტებიც. კერძოდ, დავითსოსლან ბაგრატიონთან ქორწინების შემდეგ თამარ მეფემ დაამარცხა აჯანყებული ერისთავები, რომელთაც მეთაურობდა თამარის პირველი ქმარი, რუსი უფლისწული გიორგი. აღნიშნული ვითარება ძალზედ ემოციურადაა გადმოცემული საისტორიო თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთა“ („და შეიქმნა მშვიდობა, სიხარული და ერთობა, რომელი არაოდეს სადა ვის უხილავს. და „ერთბამად ძოვდეს ლომი და ხარი, და იხარებდეს ვეფხი თიკანთა თანა, და მგელი ცხუართა თანა“). ამ ეპიზოდში მეტაფორულად არის აღწერილი გამარჯვების სიხარულის საერთო განწყობა, რომელიც ბიბლიური სენტენციებითაა უშუალოდ შემაგრებული (ესაია წინასწარმეტყველი _ 11, 6: „მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა, და ვეფხი თიკანთა თანა განისუენებდეს, და ზუარაკი და ლომი და კუროჲ ერთად ძოვდენ, და ყრმამან მცირემან მოიყვანნეს იგინი; 7. და ჴარი დათვსა თანა ძოვდენ, და თანად იყვნენ ყრმანი მათნი. ლომი, ვითარცა ჴარი, ბზესა ჭამდეს. მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა...“; 65, 25: „მაშინ მგელნი და კრავნი ძოვდენ ერთბამად...“). ბიბლიური ტექსტის ალეგორიული კონტექსტების ღვთისმეტყველებითი განმარტების მიხედვით, ესაია წინასწარმეტყველი მიანიშნებს ადამიანთა შორის საყოველთაო მშვიდობის დამყარების კანონზომიერებაზე, რაც გარემომცველ სამყაროში არსებობისთვის ბრძოლის დასრულებისა და ამქვეყნად სამართლიანობის დამკვიდრების შედეგად განხორციელდება. მემატიანის მიერ აღწერილი მშვიდობის დამყარების ეპიზოდის შთამბეჭდავი საზეიმო სიტუაცია სწორედ ამგვარი ალეგორიული შინაარსითაა გააზრებული, რაც ერთმნიშვნელოვნად ეთანადება პოემის ბოლო ტაეპში ასახულ ანალოგიურ ვითარებას და წარმოაჩენს საყოველთაო მშვიდობის მიღწევის ზეაწეულ განწყობას. საისტორიო ტექსტის აღნიშნული ბიბლიური კონტექსტი პოემის მეტააფორიზმში ესაიას ბიბლიური წინასწარმეტყველების ადეკვატური ალეგორიული ანალოგიაა. ბიბლიური სენტენციის არსი, რომელიც დაგვირგვინებას პოულობს პოემის ბოლო სტროფის აფორიზმში, ლაიტმოტივად გასდევს და ერთ მთლიანობად კრავს „ვეფხისტყაოსანში“ გადმოცემულ ვრცელ ეპიკურ ამბავს. პოემაში სრულად ასახულია ამქვეყნიურ სამყაროში ბიბლიური კანონზომიერების დამკვიდრებისა და განხორციელების დრამატული ეპოპეა, რითაც გამოხატულია ახალი ეპოქის საყოველთაო ჰუმანისტური იდეალები. მასში წარმოჩენილია რუსთველის მიერ შეთხზული საყოველთაო მშვიდობიანი თანაარსებობის რენესანსული პოეტური მოდელი. რენესანსის დიადი ხანის წარმოქმნა ანტიკური (ბერძნულრომაული) ცივილიზაციის უდიდესი საგანძურის ბიზანტიური სამყაროს მეშვეობით ხელახლა აღმოჩენამ განაპირობა, რამაც თანადროულ რეალობაში საძირკველი ჩაუყარა მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურული და ისტორიულკულტურული მემკვიდრეობის აღორძინებას. აღსანიშნავია, რომ ახალი ეპოქის შემოქმედებითი პროცესები ძირითადად ბიზანტიის იმპერიის დასავლეთით _ ევროპაში განვითარდა, რასაც ხელი შეუწყო 1204 წელს ჯვაროსნების მიერ კონს ტანტინოპოლის აღებამ და ბიზანტიის მდიდარი ინტელექტუალურკულტურული მემკვიდრეობის დაუფლებამ. რენესანსული მოვლენები პარალელურად მეფებაგრატოვანთა მიერ შექმნილი კავკასიური იმპერიის სამყაროში, კერძოდ კი, ქართულ (იბერიულ) სინამდვილეშიც დაიწყო, რასაც ასევე ბიძგი მისცა ანტიკურ მემკვიდრეობაზე უშუალო წვდომამ. კერძოდ, იმავე 1204 წელს ბიზანტიის აღმოსავლეთ ნაწილში თამარ მეფის ძალისხმევით მისივე მონათესავე კომნენოსთა დინასტიის წარმომადგენლები ქმნიან ტრაპიზონის იმპერიას, რომელიც საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში პროტექტორატის სახით შემოვიდა. ადრეული რენესანსის ეპოქის პირველი მხატვრული ქმნილება სწორედ რუსთაველის „ვეფხისტყაოსანია“, რომელიც საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის „ოქროს ხანას“ განეკუთვნება. „ვეფხისტყაოსანი“ ამ ხანის ევროპულ ლიტერატურულ ქმნილებათა წინმსწრები ანალოგია, რადგან შოთა რუსთაველმა თითქმის ერთი საუკუნით ადრე შექმნა ორიგინალური ქართული რენესანსული პოეტური მოდელი. აღორძინების პერიოდის ევროპული და ასევე ქართული პარალელური ლიტერატურულ შემოქმედებითი პროცესები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოიშვა და განვითარდა, რადგან ორივე ეს მიმართულება სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში ჩამოყალიბდა. ამავე დროს, სრულიად აშკარად ვლინდება ხელშესახები შემოქმედებითი პარალელები და მეტად საგულისხმო მსოფლმხედველობრივი მიმართებები. ასევე აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანში“ შეინიშნება და იკვეთება თანადროული პერიოდის იერუსალიმური რეალიების შეფარული კონტექსტებიც. ამ კუთხით საინტერესოა 2019 წელს თელავივში გამოცემული ზოია ჯინჯიხაშვილის მონოგრაფია „იერუსალიმის საკრალური იდეა „ვეფხისტყაოსანში“. მკვლევრის ვარაუდით, რუსთაველი პოემაში ალეგორიულად აღწერს XIIXIII საუკუნეებში პალესტინაში მიმდინარე გლობალურ რელიგიურ ომებს მუსლიმებსა და ჯვაროსნებს შორის. ასევე მისივე მოსაზრებით, ქაჯეთის ციხექალაქიდან ნესტანდარეჯანის გამოხსნის დრამატული პერიპეტიების ვრცელ ეპიკურ ეპიზოდში მეტაფორულად ასახულია იერუსალიმის განთავისუფლების საკრალური იდეა. ეს გარემოება, შესაბამისად, ურთიერთშემხვედრი ისტორიულლიტერატურული რეალიების მოძიების კონკრეტულ მიმართულებაზე, მათ ვექტორებსა და ურთიერთგავლენის ორიენტირებზე მიგვანიშნებს. კერძოდ, ქართველი მეფეწარჩინებულები აქტიურად მონაწილეობდნენ წმინდა მიწაზე მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებში, რომელთაც საკუთარი ერთობ საგულისხმო წვლილი შეჰქონდათ იერუსალიმსა და, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებში. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ წმინდა მიწაზეა შემორჩენილი შოთა რუსთაველის მოღვაწეობის ნაკვალევი, რომელიც იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერის სააღაპო ჩანაწერებსა („შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲ“) და ტაძრის ფრესკულ წარწერაშია მიგნებული. ეპიგრაფიკული ძეგლის გრაფიკულ ფორმებსა და წარწერის ტექსტის ლინგვისტურ წყობაზე უშუალო დაკვირვების შედეგად დღემდე გავრცელებული წაკითხვისაგან მცირეოდენ განსხვავებული ვერსია ვლინდება („ამის დამხატავსა შეუნდვეს ღმერთმან, ამინ“ / „შოთა რუსთველი“). აღნიშნული წერილობითი მონაცემები მიუთითებს ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის მიერ ჩატარებულ სააღმშენებლოსარესტავრაციო საქმიანობაზე. საყურადღებო და ხაზგასასმელია, რომ წმინდა მიწაზე დამკვიდრებულ ქართველ მორწმუნეთა მოსახსენიებლებში დასახელებულია არაერთი ჯვაროსანი რაინდი, რაც ადასტურებს მათ შორის არსებულ ურთიერთობებსა და კონტაქტებს (აღნიშნული ფაქტები დეტალურად წარმოჩენილი და განხილულია ბექა ჭიჭინაძის 2022 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში „საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის წარმომავლობა და ქართულჯვაროსნული ურთიერთობები“). ევროპული სამყაროსა და მათი კულტურული იერსახის ფართოდ გაცნობის რეალური საშუალება შოთა რუსთაველს სწორედაც რომ იერუსალიმში, სახელმწიფოებრივი მისიის პერიოდში ექნებოდა, როგორც საქართველოს სამეფოს წარჩინებულსა და მეჭურჭლეთუხუცესს. ქართული სახელმწიფოს თვალსაჩინო წარმომადგენლის რანგში პოეტი წმინდა მიწაზე ეცდებოდა და გარკვეულწილად მოახერხებდა ჯვაროსნებთან, კერძოდ, ევროპულ სამეფო და სამხედრო არისტოკრატიული წრის წევრებთან დიპლომატიური კონტაქტებისა და კულტურულ შემოქმედებითი ურთიერთობების უშუალოდ დამყარებას. უდავოდ თვალსაჩინოა იერუსალიმსა და წმინდა მიწაზე შოთა რუსთაველის (შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲს) სახელმწიფოებრივი და კულტურულშემოქმედებითი მოღვაწეობის არსებითი გარემოებები. კერძოდ, უაღრესად საყურადღებო და საინტერესოა მისი მიღწევების განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები (კერძოდ, პოემაში ბიბლიური სამყაროს წარმოჩენა და იერუსალიმური კონტექსტების მინიშნება, ჯვრის მონასტერში ჩატარებული სააღმშენებლო-სარესტავრაციო საქმიანობა, წმინდა ქალაქის საერთაშორისო პერიპეტიების ვექტორებთან მიმართება, აღმოსავლური სამყაროს ორიენტირების ზედმიწევნით გაცნობა და, რაც მთავარია, ევროპელ ჯვაროსნებთან ისტორიულკულტურული ურთიერთობის დამყარების რეალობა). „ვეფხისტყაოსანი“, ერთერთი ვერსიით, დაიწერა იერუსალიმში საქართველოს სამეფო კარისა და ქართველ წარჩინებულთა წრისთვის განკუთვნილ მდიდრულ იბერიულ რეზიდენცია ქარვასლაში, რომელიც, როგორც ჩანს, წმინდა მიწასა და ბიბლიური დავით მეფის ქალაქში ასევე არსებობდა და ფუნქციონირებდა ქართველ მომლოცველთა და სასულიერო პირთა სასტუმრო სავანეებთან ერთად. ამდენად, თანადროული ეპოქის მეტად საყურადღებო ისტორიული მინიშნებები და საგულისხმო ლიტერატურულკულტურული კონტექსტები გარკვეულწილად მყარ საფუძველს სძენს წმინდა მიწაზე ევროქართულ გავლენათა რეალიებსა და ადრეული რენესანსის ხანის ქართული პოემის იერუსალიმში შექმნის სავარაუდო ვერსიას. ლადო ჭელიძე იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ფოლკლორის კვლევის ცენტრის აფილირებული მკვლევარი |