 | ფოტოხელოვანი ზურაბ კუპრავა ფეისბუქში აღმოვაჩინე. ჩემი ყურადღება უმალ მიიპყრო მის მიერ გადაღებულმა შთამბეჭდავმა ფოტოებმა, რომლებიც ასახავენ ბუნების სრულქმნილ მშვენიერებას. ამ ფოტოებზე აღბეჭდილია, მოხელთებული და შეჩერებულია ბუნების ცხოვრების არაერთი ულამაზესი წამი. ზური კუპრავას ფოტოობიექტივი გვიყვება ცად აზიდულ მწვერვალებზე, ქაფმორეულ მდინარეებზე, ვარდისფერთითება აისებზე და სისხლისფერ დაისებზე; ველ-მინდვრებში მონავარდე ცხოველებზე, ცის ფრინველებზე, მწერებზე, ქარწამოსხმულ ხეებზე და კიდევ უამრავ სასწაულზე, რომელიც ფოტოხელოვანს დედაბუნებამ გაანდო. ბუნება, როგორც სამყარო პოეზიისა, მუსიკისა, ფერწერისა, ამოუწურავი თემაა და შთაგონების ამოუხაპავი წყარო. „ბუნება ღმერთის საგალობელია“ - ამბობდა შოთა ნიშნიანიძე. მასში დაუნჯებული მშვენიერების ასეთი აღქმა მხოლოდ ვაჟასეული ხედვით დაჯილდოებულ ადამიანებს თუ ხელეწიფებათ. ალბათ, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია ბუნების უკვდავი პოემის შექმნა. ზურაბ კუპრავა ბუნების უკიდეგანო „საგამოფენო დარბაზების“ მუდმივი მოთვალთვალეა. „თვალები სულის სარკეა“ და ასეთი განსულიერებული, მადლიანი თვალებით რომ დაინახოს ყველა ქართველმა საქართველოს განუმეორებელი და მრავალფეროვანი ბუნება, ალბათ, უფრო მეტი სიყვარულითა და სიამაყით აღივსებოდა და რუდუნებით გაუფრთხილდებოდა იმას, რაც ჯერ კიდევ შემოგვრჩენია. როცა ფოტოსაქმე ფოტოხელოვნებად იქცევა, ეს უკვე შემოქმედებითი პროცესია, დიდი სიკეთეა, დაბოლოს, უდიდესი სიამოვნებაცაა. უწინარეს ყოვლისა, იმიტომ, რომ გარკვეულწილად ფოტოხელოვანიც ხდება ბუნების - ამ საოცარი შემოქმედების თანაზიარი. - ბატონო ზურა, თქვენი ინტერესის სფერო, ძირითადად, პეიზაჟებია. ბუნების მოვლენები, ფლორა, ფაუნა. როდიდან დაიწყეთ ფოტოების გადაღება და რატომ აირჩიეთ ფოტოხელოვანის პროფესია? - ფოტოხელოვნება სკოლის ასაკიდან დავიწე. სადღაც მეოთხე კლასიდან. ყველა ჟანრს ვიღებ, რაც შემხვდება. გადაუღებელს არაფერს ვტოვებ. დაწყებული მაკროდან, დამთავრებული მიკროსამყაროთი... - როგორ ფოტოებს ანიჭებთ უპირატესობას: შავ-თეთრს თუ ფერადს? - როგორც ასეთი, უპირატესობას არც ერთ ფოტოს არ ვანიჭებ. გააჩნია რა ჟანრია და როგორ მოუხდება, ფერადი თუ შავ-თეთრი. საერთოდ, შავ-თეთრი უფრო ფასობს. ორი ფერია სულ: შავი და თეთრი. ამიტომაც აქ დიდი პროფესიონალიზმია საჭირო. მხოლოდ ეს ორი ფერი უნდა ათამაშო და აამეტყველო. - რა არის მთავარი ფოტოხელოვანისთვის. რაზე აკეთებთ ხოლმე აქცენტს? რას აქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას, სანამ ღილაკს თითს დააჭერდეთ? - ფოტო ხელოვანი უნდა გრძნობდეს გადასაღებ ობიექტს. მასში უნდა ხედავდეს იმას, რაც სხვისთვის მიუწვდომელია, მაგრამ ჩემთვის, მაგალითად, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ალბათ გამომიმუშავდა უკვე ჩვევა. ღილაკზე თითის დაჭერამდე არსებობს ხედვა, შეგრძნება. დიდ ხანს არ ვათვალიერებ გადასაღებ ობიექტს, მოვუძებნი ხოლმე რაკურსს და მორჩა, ის უკვე ჩემია. - რისი თქმა გსურთ თქვენი ფოტოებით და რამდენად არის ფოტოგრაფია თქვენთვის თვითგამოხატვის საშუალება? რას ნიშნავს წამის შეჩერება, რომელიც ცოტა ხანში ისტორიად იქცევა? - მსურს, დავინახო სილამაზე და სხვასაც დავანახო, რომ ამ სილამაზეს აღქმა უნდა. შეიძლება მთელი შენი ცხოვრების მანძილზე ერთი და იგივე საგანს, მოვლენას გვერდით ჩაუარო და ვერ დაინახო მასში ჩადებული სილამაზე. არ გაგიმხილოს საგანმა თავისი არსი, საიდუმლოება. ვერ განჭვრიტო, ვერ მოიხელთო სილამაზე. ჩაუარო ბალახს, ყვავილს და ვერ გაიგო, რას განიშნებს. სხვანაირი, შემოქმედებითი თვალია საჭირო, რომ შეამჩნიო ეს ყველაფერი. თანაც უნდა ეძიო. ყველაფერი წამებში ხდება. უნდა მოასწრო, დაუმიზნო. როგორც მზის ამოსვლა და ჩასვლა არ ჰგავს ერთმანეთს, წამებში თუ არ მოასწარი დაფიქსირება, ის უკვე აღარ განმეორდება. პეიზაჟისტისგან განსხვავებით, ფოტოხელოვანმა მზამზარეული მხატვრული სახეების პოვნა, უჩვეულოს დანახვა უნდა შეძლოს. ფოტომონადირე მისთვის საჭირო ერთადერთი კადრისთვის ხშირად დღეებსაც კი "კარგავს". ყოველი დღე სიურპრიზებითაა სავსე. - ობიექტივის წყალობით, ალბათ უფრო, სხვანაირად იხელთებ და ხედავ ბუნების მოვლენებს. უფრო ახლოს მიდიხარ და გრძნობ, რა მშვენიერია ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო. მერე ამას სხვებსაც აგრძნობინებ. რა გრძნობა გეუფლებათ ამ დროს? _ მე უფრო მზის ამოსვლა და ჩასვლა მიყვარს. საოცარი სურათები იხატება ცაზე. ასე გგონია, საპატარძლოდაა გამოწყობილი ზეცა და გეუბნება, აბა მნახე, როგორი გოგო ვარო. ზოგჯერ გაგიბრაზდება, ზოგჯერ პოზირებს, აბა ჩქარა მოასწარი, თორემ მეტი დრო არა მაქვსო. ზოგჯერ კი, თითქოსდა, გაჩერდება დრო, რომ მოასწრო დაფიქსირება. ისეთი სილამაზეა, ზოგჯერ ტირილი მოგინდება კაცს. თითქოსდა ყოველდღიურია ეს ყველაფერი, მაგრამ ბუნების გულთამხილავი ფოტოხელოვანისთვის ეს, თითქოსდა, ჩვეულებრივი სამყარო ყოფითობის მძიმე და მბორკავი მოსასხამისგან თავისუფლდება და ჭვრეტით პოზიციაში იმყოფება. - რამდენად ძნელია ყოველდღიურობის რიტმის ესთეტიკურად გააზრება და, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ მოვლენებში რაღაც დიდის, მისტიურის განჭვრეტა? - ეს ყველაფერი ჯერ სულსა და გულში უნდა დაინახო. უნდა გაგაჟრჟოლოს. თხემით ტერფამდე შეგძრას. ბუნება ჯადოსნური სარკეა, რომელშიც ღმერთის მარად შეუცნობელი და შესაცნობი ხატებაა ასახული. „გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა ლექსის მადანი და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები “ (პაოლო იაშვილი). ბუნების ამ პოეტიზირებულმა სამყარომ ჯერ გულის გულში უნდა გაგიაროს, მერე კი ობიექტივის საშუალებით დააფიქსირო. ვან გოგი ერთგან, თავის წერილებში წერდა: ,,კარგად ის არის, რაც არ უნდა ხელმოკლედ იყოს, იმის უნარს რომ არ დაკარგავს, შორს, მის მაღლა ვარსკვლავეთის უსასრულო სამყარო იგრძნოს. სიცოცხლეს ასეთი კაცისათვის რაღაც ფარული მომხიბვლელობა მუდამ ექნება. არა, ვისაც ეს მზე არ სწამს, ღვთისმგმობია და სხვა არაფერი"... - ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ გამახსენდა. „ - როცა ადამიანს უმძიმს, მზის ჩასვლის ცქერა უყვარს... - პატარა უფლისწულო, მაშ იმ დღეს, როცა ორმოცდასამჯერ უცქირე მზის ჩასვლას, ძალიან გიმძიმდა? პატარა უფლისწულმა ხმა არ გამცა“. თავად თქვენ რამდენჯერ გიყურებიათ ჩამავალი მზისთვის? - ჩამავალი მზისთვის ბევრჯერ ჩამიხედავს თვალებში და თვალიც გამისწორებია. რა გითხრათ, წელიწადის ყველა დროში ეს მზის ჩასვლის პროცესი სხვადასხვანაირია. ერთმანეთს არაფრით არ ჰგავს. ზოგჯერ იტყვი, რომ ერთი დღეც მიილია და ელოდები მეორე დღეს, როგორ შეგხვდება ამოსვლისას, გაბრაზებული იქნება თუ მთელი თავისი სითბოთი და მხურვალებით მოგეფერება. აი, ამოსვლისას კი, მთავარია თვალი გაუსწორო. არნახული სილამაზეა. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას ვერ ახერხებ. ადვილი არაა მზისთვის თვალის გასწორება. ამაში ის თითქოს თავად გეხმარება, რადგან შენ სიყვარულით და სიხარულით ელოდები მას. ზოგჯერ ხდება, რომ, გამთენიისას, ძილი რომ უფრო გეძალება ადამიანს, ცოტა ხნით წამთვლემს და რომ ავდგები, ამ დროს, უჩვეულო განცდა მეუფლება. არც ვიცი, რა დავარქვა ამას. თითქოს ვიღაც მეძახის. შინაგანი ხმაა ეს და მეღვიძება. ეს უკვე იმდენჯერ მაქვს დაცდილი. გავრბივარ, სანამ დაიწყებს მზე ამოსვლას, მინდა მოვასწრო, რომ გადავიღო კარგი კადრები. თორემ არ დამიცდის მზე და გამებუტება. თითქოს ის გრძნობს შენს სიყვარულს და გეფერება ის იქედან, მე - აქედან. მოკლედ, ჩვენ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ღმერთმა ხომ სიყვარულით შექმნა ეს უთვალავფერებიანი სამყარო და მოგვცა, მის სილამაზეს გვაზიარა. ჩვენ კი, ადამიანები, რას ვაკეთებთ? ხშირად უმადურები ვართ.. ბუნებას და ბუნებრიობას ვწყდებით. და შედეგებსაც ვიმკით. სიტურფით და სილამაზით კი ჰყვავის, მაგრამ სამართლიანი მსაჯულიცაა ბუნება. არაფერს გვაპატიებს. მოეფერები და ისიც მოგეფერება. თუ ავს უზამ, ისიც „მქნელია ავისა.“ ჩვენს წინაპრებს ესმოდათ ბუნებისა და ადამიანის ერთიანობა, გრძნობდნენ ბუნების სულსა და მასში ღვთის განსახოვნებას. ბუნება ასაზრდოებდა და იცავდა მათ. ჯანმრთელობის ყველაზე საუკეთესო წამალიც ბუნებაა. საუბედუროდ, დროის დინებასთან ერთად ადამიანსა და ბუნებას შორის არსებული ჰარმონია დაირღვა. ადამიანმა დაიწყო მისი გარდაქმნა: დაიწყო წიაღისეულის მოპოვება, დააბინძურა ჰაერი, წყალი, ნიადაგი. გაჩეხა და გაანადგურა ტყეები. ,,რა შეუბრალებელია ადამიანი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს!“ - წერდა ვაჟა-ფშაველა. სილამაზის და სიყვარულის შეგრძნება დაკარგეს ადამიანებმა და ყველაფერს მომხმარებლური თვალით დაუწყეს ყურება. ამიტომ, მომიტევეთ და ჩემს თავს ნებას მივცემ, მივმართო ადამიანებს: გაიღვიძეთ, ადექით ადრე და დატკბით ამომავალი მზის სილამაზით! |