ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე (დ. 15 თებერვალი, 1883, ხონი — გ. 11 მაისი, 1963, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, რუსთველოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1948), პროფესორი (1932).
ვუკოლ ბერიძე დაიბადა 1883 წელს ხონში. პირველდაწყებითი განათლება ხონის ოთხკლასიან სასწავლებელში მიიღო და სწავლა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში გააგრძელა. სწავლაში წარჩინებულ მოწაფეს ქალაქის გამგეობამ ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა. ვუკოლმა ბრწყინვალედ დაამთავრა გიმნაზია და სახალხო მასწავლებლის წოდება მიიღო. 1908 წელს ვუკოლ ბერიძე სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1912 წელს წარმატებით დაასრულა. უნივერსიტეტში მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი მეცნიერები: ნიკო მარი, ბართოლდი, ჟუკოვსკი, ბენედიქტოვი, ივანე ჯავახიშვილი და სხვა. 1909 წელს ნიკო მარმა სტუდენტ ვუკოლ ბერიძეს მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილი "ვეფხისტყაოსნის" სიტყვათა ახსნა–განმარტების შედგენა დაავალა. მან შესანიშნავად შეასრულა დავალება, წერილობით გაიცნო ოლივერ უორდროპი, რომელმაც ითავა დის თარგმანის გამოცემა. 1911 წელს ნიკო მარის რჩევითა და მხარდაჭერით ვუკოლი მიემგზავრება რაჭაში, სადაც მანამდე ხელშეუხებელ ადგილობრივ დიალექტებს სწავლობს. ერთი წლის შემდეგ, 1912 წელს პე ტერბურგში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა ვუკოლ ბერიძის ნაშრომი "სიტყვის კონა იმერულ და რაჭულ თქმათა". 1912 წელსვე ანისში ნიკო მარის მიერ ჩატარებულ არქეოლოგიურ გათხრებში ვუკოლ ბერიძე გაგიკის ეკლესიის მიდამოებში წარმოებული გათხრების ხელმძღვანელი იყო. ამავე წელს უნდა მომხდარიყო გეგუთის არქეოლოგიური შესწავლაც, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. როცა პეტერბურგში გადაწყდა ახალი "რუსული ენციკლოპედიის" გამოცემა, ნიკო მარის რჩევით საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და კულტურის საკითხებთან დაკავშირებული წერილების შედგენა ვუკოლ ბერიძეს დაევალა. 1912 წლიდან, პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვუკოლ ბერიძე, რომელმაც საფუძვლიანი განათლება მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, სპარსულსა და სომხურ ენებში, ქუთაისის გიმნაზიაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას. 1918 წლიდან იგი ტოვებს ქუთაისს და გადმოდის თბილისში, სადაც ასევე განათლების დარგს ემსახურება. 1922 წლიდან 1932 წლამდე ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსს. ვუკოლ ბერიძე 1909 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი, ხოლო 1912 წლიდან ქუთაისის განყოფილების წევრი. დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა განათლების სახალხო კომისარიატის სამ ეცნიერო დაწესებულებათა სამმართველოს, ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების დაარსების მონაწილე, საისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი... 1926 წელს დაარსდა სახელმწიფო სატერმინოლოგიო კომიტეტის ცენტრალური სამეცნიერო–ტერმინოლოგიური კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა ვუკოლ ბერიძე. 1932 წელს ვუკოლ ბერიძე დაამტკიცეს პროფესორად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. იგი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტთან. თბილისის უნივერსიტეტში ვუკოლ ბერიძემ მოღვაწეობა ქართული ენის ლექციებით დაიწყო, შემდეგ კი რუსთველოლოგიის კურსს კითხულობდა. 1946 წელს ვუკოლ ბერიძე არჩეულ იქნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტად. ვუკოლ ბერიძეს, როგორც მეცნიერს, ფასდაუდებელი ამაგი მიუძღვის რუსთველოლოგიის დარგის განვითარებაში. მას ეკუთვნის "ვეფხისტყაოსნისადმი" მიძღვნილი ორ ათეულზე მეტი უაღრესად სასარგებლო წერილი: "ვეფხისტყაოსნის ენის თავისებურებანი", "რუსთველოლოგიის ისტორიისათვის", "ვეფხისტყაოსნის" დაბოლოების შესახებ", "რუსთაველის შაირთათვის", "შოთას პოეტიკისათვის" და სხვა. ასევე რუსულ ენაზე გამოქვეყნებული წერილები: "К вопросу о мировоззрении Руставели" და "Великий месх". ვუკოლ ბერიძე "ვეფხისტყაოსნის" მეცნიერულ–კრიტიკული ტექსტის დამდგენი კომისიის წევრიც გახლდ ათ. მას ეკუთვნის უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე 80–მდე სამეცნიერო შრომა და მრავალი საგაზეთო თუ საჟურნალო სტატია. ვუკოლ ბერიძე გარდაიცვალა 1963 წლის 11 მაისს 80 წლის ასაკში, დაკრძალულია დიდუბის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრისაისტორიო–საეთნოგრაფიო საზოგადოება, საზოგადოების წევრისახელმწიფო სატერმინოლოგიო კომიტეტის ცენტრალური სამეცნიერო–ტერმინოლოგიური კომისია, კომისიის თავმჯდომარე (1926-)ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1912-)ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-) |