|
ანდრია ბენაშვილი - ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწ
| თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები. ანდრია ბენაშვილი ივანე ჯავახიშვილის უკან დგას, მარცხნივ |
ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილი (* 23 მარტი/4 აპრილი, 1868, თბილისი; გ. 28 ივნისი, 1941, სოხუმი) - ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე.
ანდრია ბენაშვილი დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 10 წლის ანდრია მამამ თბილისის კადეტთა კორპუსში მიაბარა, სადაც იგი შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა.
კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ა. ბენაშვილი შედის მოსკოვის ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს 18 წლის ასაკში. წარჩინებულ კურსდამთარებულს უფლება ჰქონდა აერჩია მომავალი სამუშაო ვაკანსია და 1887 წელს იგი თბილისშია სამეგრელოს გრენადერთა მე-16 პოლკში. იგი სამხედრო სამსახურით არ იზღუდება და მშობლიური ხალხის კულტურული ცხოვრების აქტიური მონაწილ ხდება. ამ პერიოდს ეკუთვნის ა. ბენაშვილის ლიტერატურული მოღვაწეობაც. იგი აქვეყნებს რამდენიმე მოთხრობას, ხოლო “ივერიაში” იბეჭდება მისი პიესები “დაუსრულებელი ამბავი, ანუ თელაველი ოტელო”, “დროთა ბრუნვა” და სხვა.
ა. ბენაშვილის ოცნებაა უმაღლესი განათლების მიღება. 1896 წელს იგი ირიცხება გენერალური შტაბის აკადემიის გეოდეზისტურ განყოფილებაზე, სადაც მიღება მკაცრად შეზღუდული იყო. კურსდამთავრებულს ენიჭებოდა გეოდეზისტის მეცნიერული წოდება. გეოდეზისტის წოდება კი უთანაბრდებოდა ასტრონომიისა და გეოდეზისტის დოქტორის ხარისხს. 1899 წ. იგი ორი წლით იგზავნება პულკოვოს მთავარ ასტრონომიულ ობსერვატორიაში, სადაც წერს დისერტაციას, რომელიც გენ. შტაბის აკადემიის კონფერენციის მიერ აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო მეცნიერული მიღწევა. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ორმა კურსდამთავრებულმა დაიცვა დისერტაცია და პირველი სწორედ ა. ბენაშვილი იყო. მას დაუყოვნებლივ ნიშნავენ ტრიანგულაციის დასავლეთის სასაზღვრო სივრცის სამმართველოს უფროსად. 1902 წლიდან მას იწვევენ პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოდეზიის კათედრის გამგედ და ა. ბენაშვილი იწყებს უმაღლეს სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას, რაც თითქმის 40 წელი გაგრძელდა.
1905 წელს პარალელურად ასრულებს გეოდეზიისა და ასტრონომიის კათედრის გამგის მოვალეობებს სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში. პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე გენერალური შტაბის ოფიცერთა დიდი ნაკლებობის გამო იგი მოქმედ არმიაში მიდის, სადაც დიდი წარმატებით მოღვაწეობს, იღებს შემდეგ წოდებებს: პოლკის მეთაური, დივიზიის შტაბის უფროსი; აღწევს გენერალ-ლეიტენანტის ჩინს. 1918 წლიდან იგზავნება კავკასიის ფრონტზე არმიის უფროსის თანამდებობაზე.
ანდრია ბენაშვილის ჩამოსვლა ქართული უნივერსიტეტის გახსნის დამამთავრებელ ეტაპს ემთხვევა. ივანე ჯავახიშვილი კარგად იცნობდა ა. ბენაშვილის მოღვაწეობას. მისი ჩამოსვლა თბილისში ბედნიერი შემთხვევითობა არ ყოფილა. ქართულ უნივერსიტეტში მუშაობა ანდრია ბენაშვილისთვის ჭაბუკობისდროინდელი ოცნების ასრულება იყო. ამიტომაც იგი ღირსეულად ჩადგა ივ. ჯავახიშვილის თანამოსაგრეთა რიგებში და სავსებით დამსახურებულად ითვლება ქართული უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამაარსებლად.
პეტრე მელიქიშვილი და ანდრია ბენაშვილი პირველი პროფესორები იყვნენ ბუნებისმეტყველების დარგში. მათ შემდგომში ანდრია რაზმაძეც შეუერთდათ.
1919 წელს პროფ. ა. ბენაშვილს დაევალა სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანობა. ა. ბენაშვილი თავმჯდომარეობდა პროფესორთა საბჭოს იმ სხდომას, სადაც ივ.ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.
1921 წლის 30 სექტემბერს ა. ბენაშვილი ხსნის აგრონომიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს პირველი სხდომას. ამით არ ამოიწურება მისი როლი აგრონომიული ცოდნის ამ კერის მიმართ. პროფ. ა. ბენაშვილია გეოდეზიის სწავლების დამწყები საქართველოში. პროფ. ა. ბენაშვილი ყველა იმ წინასწარ მოსამზადებელი საორგანიზაციო ღონისძიების აქტიური მონაწილეა, რომელმაც შესაძლებელი გახადა 1922 წლის იანვრიდან თბილისის უნივერსიტეტში პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნა. უმაღლესი ტექნიკური განათლების სარბიელზე იგი გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა და უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველ ინჟინერთა კადრების აღზრდაში.
გენერალ-ლეიტენანტი ა. ბენაშვილი თბილისის სამხედრო სასაწავლებელის უფროსია, რომელმიც მალე იხურება. ა. ბენაშვილის მეცადინეობით სასწავლებლის ძვირადღირებული ქონება უნივერსიტეტს გადაეცემა. ასევე მისი წყალობით ყოფილი კავკასის სამხედრო ოლქის შტაბის ბიბლიოთეკიდან წიგნების მშნიშვნელოვანი ფონდი გადაეცა თბილისის უნივერსიტეტს.
იგი იყო აგრეთვე ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში გეოგრაფიის ინსტიტუტის შექმნისა.
პროფ. ა. ბენაშვილი გარდაიცვალა სოხუმში. დაკრძალულია ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. |
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge |
|