საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

„დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ“
ლელა ჩხარტიშვილი

 

საინტერესო აღმოჩენა და კანონზომიერებაა, რომ კაცობრიობის ისტორიაში (ბიბლიაში)  გამორჩეული ერის მამები, საზოგადო მოღვაწეები, ღვთისგან გამორჩეული პიროვნებები რამდენადაც იყვნენ ჩართულნი დიდ საერო და საღვთო საქმეში,  იმდენად სათანადოდ ვერ იცლიდნენ  საოჯახო საქმისათვის.  მათი უკიდეგანო  ენერგია  და ძალისხმევა დიდ საქმეს ეწირებოდა, მაგრამ  ვეღარ სწვდებოდა ოჯახურ პრობლემებს. არც  მათი შთამომავლობა  დაიკვეხნიდა მაინცდამაინც წინაპრების  უბადლო თვისებებით.  როგორც ჩანს, ზნეობრივ ღირებულებებს  იმდენად გენეტიკა არ განსაზღვრავს, რამდენადაც პიროვნული ნება და არჩევანი. ამ თემაზე საგანგებო ნაშრომი აქვს მიძღვნილი კაპოდისტრიას სახელობის ათენის ეროვნული უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტს ზაქარია ნათენაძეს, რომელიც ჩვენი სტუმარი გახლავთ.

 

-  კაცობრიობის პირველი წინაპრიდან, ადამიდან  დავიწყოთ, რამდენად იცლიდა ადამი თავისი შვილების აღზრდისათვის?.. რა ცნობები მოგვეპოვება ამის შესახებ ბიბლიაში?

- გავიხსენოთ, როდესაც  ღმერთმა შექმნა ადამი და ევა.  ხაზგასასმელია, რომ ადამი   იმდენად აღმატებული გონების პატრონი  იყო,    რომ მას დაევალა ღმერთისგან  ყველა სახის პირუტყვის, ქვეწარმავლის, წყლის ბინადარი ცხოველისა  თუ  ცის ფრინველისათვის სახელის დარქმევა. ანუ ადამი  იყო ბატონ-პატრონი  და   მეფე  ყოველივე ქმნილისა და მას დაევალა შემოქმედებით პროცესში ჩართვა. შემდეგ ღმერთმა მას შეუქმნა  მეუღლე  - ევა.  თავისთავად, პირველი  მეოჯახეც ადამი გახლდათ.  ადამ და ევას ოჯახი სამოთხეში  შეიქმნა და მათი პირველი  შეცოდებაც, მცდარი იქნება, რომ მხოლოდ    ევას გადავაბრალოთ.  ორივემ შესცოდა. ედემში ისინი უდროობაში ცხოვრობდნენ.  სავარაუდოდ. როცა  უკვე ისტორია  დაიწყო, მათ  შეეძინათ შვილები.  რა ხდება მათ შვილებს შორის?  ადამი გასულია სახლიდან და თავისი ოფლითა და სისხლით შოულობს  სარჩოს. არჩენს ოჯახს და ამასობაში ვერ  ამჩნევს, თუ რა ხდება მისი შვილების ურთიერთობაში. მას თითქოს მხედველობიდან ეპარება, თუ  როგორ იზრდებიან კაენი და აბელი. როგორ და საიდან ისწავლა კაენმა შური? მის მშობლებს  ეს თვისება არ გააჩნდათ. მაშ, რამ გამოიწვია? იმან ხომ არა, რომ  ადამი სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა შვილებს?!  თუმცა ბიბლიაში  ვერ ვხვდებით ცნობას იმის შესახებ, თუ როგორ ზრდიდა ადამი შვილებს, რას ასწავლიდა მათ. ლოგიკურია, რომ ესწავლებინა მათთვის, თუ როგორ  დაკარგეს მათმა მშობლებმა  ედემი, საიდანაც  გამოდევნის ჟამს ღმერთმა პირდაპირ უთხრა მათ: სამოთხის კართან ანგელოზს დავაყენებ ცეცხლოვანი მახვილით, რათა  აქ ვეღარ დაბრუნდეთ! ცნობილია, რომ  ადამი და ევა ნამდვილად ასწავლიდნენ შვილებს, რომ სამოთხეში დაბრუნებულიყვნენ, თუმცა არ ჩანს, რა უნდა გაეკეთებინათ იქ დასაბრუნებლად. მაგრამ ჩანს ის, რომ აბელი და კაენი მსხვერპლს წირავდნენ ღმერთს, რითაც აამებდნენ მას.  მაგრამ თავად  სწავლების არსი  და მორალური ხასიათი არ ჩანს, იმიტომ  რომ ეს მსხვერპლი  შვილებს ოდენ რიტუალად  ჰქონდათ ქცეული, თუმც  შინაარსობრივად არ ესმოდათ მისი საჭიროება.  აბელი მწყემსი იყო, რაც სიმშვიდესთან ასოცირდება. თან  მთაში იყო გახიზნული, ღმერთთან ახლოს. კაენი კი მიწათმოქმედი გახლდათ, ანუ მიწასთან ახლოს იმყოფებოდა, რაც  მის მატერიალურობას უფრო წარმოაჩენს.  აბელი    უფრო ღვთის კაცი იყო. საიდან გამოუმუშავდათ აბელსა და კაენს საპირისპირო თვისებები? ალბათ, ადამს არ ეცალა, კაენისთვის აეხსნა,  რომ მსხვერპლშეწირვა ღმერთისადმი კი კარგია, მაგრამ წრფელი გულით უნდა ხდებოდეს ეს.  როგორც ფსალმუნში წერია: „გული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.“  ადამი  რომ არ აკეთებს ამას,  იქედანაც ჩანს, რომ თავად ღმერთი ეცხადება კაენს  და აფრთხილებს, რომ ცოდვაა ჩასაფრებული მასთან და  იფრთხილოს, ვინძლო მკვლელობა არ ჩაიდინოს.  თავად ღმერთი ერევა  ამ ისტორიაში, რომ ადამის ნაკლი შეავსოს. მერე ხდება ის, რაც ხდება. კაენი კლავს აბელს. ეს პირველი შემთხვევაა ძმათა მკვლელობისა.    ადამს  რომ დროზე ეეჭვა ამის შესახებ და მის ყურადღებას  არ გამოჰპარვოდა მოსალოდნელი საფრთხე, ეს ტრაგედიაც არ მოხდებოდა.

-  გადავიდეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან ბიბლიურ მამამთავარზე, რომელსაც ახალი ადამი ეწოდება.  ეს არის ნოე. როგორი შვილები ჰყავდა მას?

- გავიხსენოთ  წარღვნის მოახლოების პერიოდი. ერთადერთი კაცი,  ადამ და ევას ამდენ შთამომავალთაგან, რომელიც დაიარება მიწაზე და რომელსაც ახსოვს ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ - გახლავთ  სწორედ ნოე. მას ჰყავს სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეტი.  თავიდანვე ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნოე  გულწრფელი კაცი იყო   და  პირდაპირ ესაუბრებოდა ღმერთს, მის შვილებს  მაინც რატომღაც არ სჯეროდათ მისი. წარღვნის შემდგომ  პერიოდში უკვე ნახსენებია, რომ  ნოემ დაწურა ღვინო, დათვრა და შიშველი გავიდა ეზოში  (მთვრალი აქ გადატანითი მნიშვნელობით არის ნაგულისხმევი. ნოე იმდენად იყო გაბრუებული ღმერთთან საუბრით, რომ უკვე აღარ აქცევდა  ყურადღებას იმას, თუ როგორ გამოიყურებოდა, რას აკეთებდა, რა ეცვა  და ა. შ.). მიუხედავად იმისა, რომ ამხელა წარღვნა  მოუვლინა ღმერთმა კაცობრიობას და ნოეს შვილებმა თავიანთი თვალებით იხილეს იგი. ამ ყველაფრის შესახებ  მათმა მამამ წინასწარ იცოდა, განჭვრიტა და   კიდობანი ააგო, თანაც მათივე უშუალო დახმარებით,  მაინც არ სჯეროდათ მისი. მათი  მამა ღმერთს ესაუბრებოდა და  ამის მიუხედავად, ერთ-ერთმა  შვილიშვილმა (ქამის შვილმა, ქანაანმა)  დასცინა ნოეს,  რის გამოც ქამის შთამომავლობა დაიწყევლა. აქედან  ჩანს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ნოემ ამხელა საკაცობრიო  საქმე გააკეთა,  ფაქტიურად, კაცობრიობას გენი შეუნარჩუნა, ერთადერთი გენი,  რომლისგანაც ხელახლა უნდა გამრავლებულიყო ადამიანთა მოდგმა, როგორც ადამისგან, მისმა შვილებმა არც  კი იცოდნენ, რას აკეთებდა ან რატომ აკეთებდა მათი მამა ამას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ნოე სათანადოდ არ უხსნიდა ამ საქმის მნიშვნელობას  თავისსავე  შვილებს,  არ თვლიდა საჭიროდ, რომ სცოდნოდათ ეს მათ.  იმდენად  გადაგებული იყო საკაცობრიო საქმეზე ზრუნვით, რომ ვეღარ  მოიცალა, ეფიქრა საკუთარ  ოჯახზე. შესაძლებელია, ნოე ფიქრობდა, რომ ღმერთი იზრუნებდა   მის შვილებზე, როგორც ოდესღაც ადამის შემთხვევაში. ადამმა არ გააფრთხილა,  სამაგიეროდ,   ღმერთმა ხომ  გააფრთხილა კაენი, რომ ცოდვა იყო მასთან  ჩასაფრებული.

- გავიხსენოთ  პატრიარქთა ხანა.  პირველი პატრიარქი აბრაამი, ვისთანაც  ღმერთმა დადო აღთქმა, რომ მას გამოიყვანდა თავისივე სამშობლოდან და დიდ ხალხად აქცევდა, საიდანაც გამოვიდოდა კაცობრიობის მხსნელი მაცხოვარი და იგი გველს (ეშმას)  გაუსრესდა თავს, გაანადგურებდა მას  და რჩეულ ერს კვლავ  სამოთხისეულ ყოფიერებაში  დააბრუნებდა...

- დიახ, აბრაამი არის ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ბიბლიაში წერია, რომ  იგი არის ღმერთის მეგობარი. როდესაც  ღმერთი გადაწყვეტს,  სოდომი და გომორი დასაჯოს, იგი აბრაამთან დებს აღთქმას. ეს აღთქმა ღმერთმა ჯერ კიდევ ადამთან და ევასთან დადო,  მაგრამ აბრაამთან განაახლა იგი. ლოგიკურად  ისმის კითხვა, რატომ დებს ღმერთი ამ აღთქმას   მაინც და მაინც აბრაამთან  და რატომ არ დადო, დავუშვათ,  იგივე  ნოესთან?!  შემდეგ  ამ აღთქმას  მოჰყვება ის, რომ აბრაამს სთხოვს ღმერთი, მისი ერთადერთი ძე მსხვერპლად შესწიროს.  რატომ, თუნდაც იგივე, ელია წინასწარმეტყველს არ სთხოვს ამას, ანდა აბრაამის შვილს  ისააკს?! მაინც და მაინც რატომ  აბრაამს?  თან აღთქმას სდებს ღმერთი აბრაამთან, მეგობარს უწოდებს მას და  ამასთანავე  სთხოვს, რომ  შვილი შესწიროს მსხვერპლად.  თანაც ერთადერთი, ნანინანატრი შვილი, რომლისგანაც კაცობრიობა უნდა გამრავლდეს და მოვიდეს  მხსნელი.   ეს ფაქტი ითვლება ახალი აღთქმის წინასახედ.  ღმერთმაც ხომ თავისი  ერთადერთი, მხოლოდშობილი ძე   გაწირა კაცობრიობის ხსნისთვის.   უფალმა აღთქმა  დადო აბრაამთან, მეგობრად სცნო იგი   და,  ბუნებრივია, მას სურდა გაეგო,  იყო თუ არა იგივეს გამკეთებელი აბრაამი; მზად იყო თუ არა ის ამ მისტერიისთვის.  ღმერთი კეთილია და ამავდროულად სამართლიანიც. მისი  სამართლიანობა ჩანს აქაც;  ღმერთი ხომ აპირებდა თავისი ერთადერთი ძე გაეწირა კაცობრიობისთვის  და მან  ერთგვარად თავი დაიმდაბლა, რადგანაც აბრაამს  დაუმეგობრდა, თანასწორობის პრინციპით, სთხოვა მას,  დაემტკიცებინა მისთვის მეგობრობა და ერთგულება. თავისთავად ღმერთმა წინასწარ იცოდა, რომ აბრაამი მზად იყო ამ მსხვერპლშეწირვისთვის, მაგრამ ჩვენთვის უნდოდა დაენახვებინა,  რომ აბრაამი ის კაცი იყო, ვინც იმსახურებდა   ღმერთთან მეგობრობას. როგორც ღმერთმა გაწირა თავისი მხოლოდშობილი ძე, აბრაამიც ასევე წირავს თავის ერთადერთ შვილს.  აქ ხაზგასასმელია, თუ  რამდენად ახლო  ურთიერთობა აქვს აბრაამს ღმერთთან და მიუხედავად ამისა, აბრაამი ზრდის ისეთ შვილს, როგორიცაა ისმაელი.   ბიბლიაში პირდაპირ წერია, რომ  ისმაელი დასცინოდა თავის ძმას და  აწვალებდა.  ღმერთთან ასე ახლოს მყოფ აბრაამს რატომ უნდა ჰყოლოდა ასეთი შვილი? რატომ ვერ ასწავლა აბრაამმა ისმაელს, თუ რა იყო სიმართლე და როგორ უნდა მოქცეოდა ის  ადამიანებს? აბრაამს, რომელიც მსახურებსაც კი დიდი პატივით  ექცეოდა, ჰყავდა თავისგან აბსოლუტურად   განსხვავებული შვილი, იმდენად განსხვავებული, რომ ბოლოს აღარც კი  გაიჩერა  და განდევნა. ცოლის (სარას) მოთხოვნით, აბრაამს ღმერთმა მისცა ნება,  რომ ისმაელი  უდაბნოში გაეშვა. აქაც ღმერთი ისევ  პიროვნულად ერევა ადამიანების ცხოვრებაში  და აბრაამს  ეუბნება: - გაუშვი ისმაელი, მე მივხედავ. ესე იგი,  ფაქტიურად ამით ღმერთი აბრაამს  ეუბნება, რომ შენ ვერ მიხედე შენს შვილს  და შენს მაგივრად მე მივხედავ და ვუპატრონებ;  რადგან შენ  ასეთი კარგი ადამიანი ხარ, მე შენს უღირს შვილზეც   ვიზრუნებ, დიდ ხალხს გამოვიყვან მისგანაც და   ეს იმიტომ, რომ აბრაამი მეგობარია ღმერთის.

- აბრაამის შვილი, ისააკი როგორ ზრდის თავის შვილებს?

- ისააკს ორი შვილი ჰყავს: იაკობი და ესავი. იაკობი მატყუარაა, მამას ატყუებს, თავს ესავად ასაღებს, რომ  პირმშოობის კურთხევა გამოსტყუოს. ესავი კი ხარბია,  წვნიანის გამო  მამის კურთხევას უთმობს ძმას. ძმებს შორის უთანხმოება ხდება; იაკობი გარბის დედის მხარეში. აქაც  ხაზგასასმელია, რომ ისააკიც ძალიან  დადებითი პიროვნებაა ბიბლიაში. იგი ღვთისნიერი კაცია, იმიტომ რომ რამდენიმე წყაროში არის ნახსენები, რომ როცა აბრაამი და ისააკი ადიან  მორიას  მთაზე, სადაც აბრაამმა მსხვერპლად უნდა შესწიროს იგი, ისააკი ხედავს, რომ არ არის კრავი -  სად არის კრავიო? - იკითხავს. ის ყველაფერს ხვდება, თავისთავად, რადგანაც გონიერი   ყმაწვილია და  თან მოზრდილიც (სადღაც 12 წლის). ზოგან ისიც  წერია, რომ დაწვება მიწაზე  და მამას ეუბნება, ხელ-ფეხი გაუკრას. ანუ იმდენად ღვთისმოშიში და მორწმუნეა ისააკი, რომ იცის, მსხვერპლი  თავადაა, მაგრამ ღმერთის ნებას მორჩილად ასრულებს. მიმნდობია. წესისა და ტრადიციის  თანახმად, მსხვერპლი არ უნდა გამოძრავებულიყო; წინააღმდეგ შემთხვევაში ის  აღარ შეიწირებოდა. ამიტომაც სთხოვს ისააკი მამას ხელ-ფეხის გაკვრას.  ერთ-ერთი გადმოცემით, მორიას მთაზე აბრაამმა   ისააკს  მახვილი რომ მოუქნია, ამ დროს იმდენად  შეეშინდა მას, რომ  ტრავმის გამო, დრო და დრო, დაბრმავდა. ისააკის შვილებიდან, ესავი  მონადირეა,  იაკობი კი -  მწყემსი.  იაკობს ესავი გამორჩეულად უყვარდა, რადგან  ნანადირევი ხორცით ანებივრებდა მას.   დედას, რებეკას  კი იაკობი   უყვარდა მეტად, იმიტომ რომ იაკობი უფრო მეოჯახე კაცი იყო, კარგი ვაჭარი. იაკობი მშვიდი იყო,  ესავი კი - უხეში. დედას  სურდა, ისააკს   იაკობი ეკურთხებინა. ამიტომ მიიყვანა იაკობი მამასთან, ესავის მსგავსად  ჩააცვა  ცხვრის ტყავი  და შეაპარა მის ნაცვლად. აქაც მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ, გასაგებია, ისააკი ბრმა იყო, მაგრამ  ხმით მაინც როგორ ვერ იცნო შვილი? თუმცა ენიშნა, რომ ხმა იაკობის იყო, ხელები კი - ესავის. ანუ იმდენად დაშორებული იყო  ისააკი შვილებს, ერთმანეთისგანაც ვერ გაარჩია.   ვერც კი მიხვდა რომ მისმა ცოლმა  შვილები შეუცვალა; იაკობი მიუყვანა ესავის ნაცვლად. აქედან ჩანს, რომ ოჯახიდან  შორს იყო ისააკიც. ეს ფაქტი შეიძლება ჩავთვალოთ ქრისტემდე ბერ-მონაზვნური ცხოვრების მაგალითად. ოჯახები ჰყავთ, მაგრამ მაინცდამაინც ახლო კონტაქტში არ არიან  ოჯახთან, შვილებთან. ისააკიც ასე იყო. ალბათ, იმდენად, იშვიათად ნახულობდა  შვილებს, რომ ვერც კი იცნო ისინი.

- შემდეგ მოდიან  იაკობის  შვილები,  რომელთაგანაც იუდეველთა თორმეტ შტოს დაედო საფუძველი... ეს ძმები სისასტიკით გამოირჩეოდნენ.  რას მოგვითხრობს  ბიბლია მათ შესახებ?

- აქაც მთელი ისტორიაა. იაკობის  უფროსი ვაჟი, რუბენი,  მამის ხარჭასთან დაწვება,  რის გამოც  იაკობი დასწყევლის  მას. მერეა და ყველა  ძმა ერთად შეკრავს პირს და   გაყიდის იაკობის რჩეულ შვილს - იოსებს. გავიხსენოთ უფლის წყევლა გველის (ეშმაკის) მისამართით,  სამოთხიდან განდევნის დროს, დედაკაცისგან ნაშობი გაგისრესს თავსო. მას შემდეგ ეშმაკი ჩასაფრებულია და ელოდება  დედაკაცისგან  ნაშობ მესიას, რომელიც მას თავს გაუჭყლეტს. მაგრამ მან  არ იცის, ვინ იქნება და საიდან წამოვა ეს მესია. კაცთა მოდგმის მტერი, თავისი აზრით, ეძებს  ისეთ ადამიანებს, საიდანაც ეს დედაკაცის ნაშობი გამოვა. თუ დავაკვირდებით ქრისტეს გენეალოგიას,  ხდება ისე, რომ სულაც არ არიან სიწმინდით  გამორჩეულნი ეს ადამიანები (ქრისტეს წინაპრები). აი, თუნდაც,    ღვთაებრივი კურთხევა გადადის იაკობის შვილზე - იუდაზე, რომელსაც ჰყავდა სამი ვაჟი. პირველმა  ვაჟმა შეირთო  ცოლი  - თამარი, რომელიც მალე დაქვრივდა და რადგანაც  ძე არ ჰყავდა,   თესლის აღდგენის პრინციპით, იგი თავის მაზლს -  ონანს  - მიათხოვეს. ონანს არ უნდოდა თავისი ძმისთვის თესლის აღდგენა, რის გამოც იგი  დაისაჯა და მოკვდა. მესამე ძისთვის თამარის მითხოვება  უკვე აღარ სურდა მამამთილს, რადგანაც   შიშობდა იმ ორი ვაჟის კვალდაკვალ ისიც არ მომკვდარიყო.  ბოლოს თამარი მეძავის სამოსში   გამოეწყო და მამამთილს შეტყუებით დაუწვა, რის შედეგადაც დაორსულდა.   ეყოლა ტყუპები: ფარიზი და სარა. აი,   ამ შტოდან მოდის მაცხოვარი. ანუ, ასე ვთქვათ, ეშმაკი  დაიბნა; საიდანაც ელოდებოდა, იქედან არ მოვიდა მესია. დავუბრუნდეთ იაკობის ძეებს. მათ გაყიდეს  ძმა და მოატყუეს მამა. უთხრეს, რომ ის მთის ლომმა დაგლიჯა.   შემდეგ მოხდა ასეთი რამ: ერთი და ჰყავდათ ძმებს, რომელსაც დინა ერქვა. მეფის, სექემის შვილს გული შეუვარდა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
დინაზე და შეაცდინა იგი. მერე კი შეუყვარდა იგი.  ძმები ამ დროს სამწყემსავად იყვნენ წასულები.  ეს ამბავი რომ შეიტყეს,  განრისხდნენ და შურისძიება გადაწყვიტეს. იაკობი შეეცადა მათ შეჩერებას,  რადგან სექემის ვაჟი აპირებდა  დინაზე დაქორწინებას. ძმებმა იუარეს; განაცხადეს, რომ თუ ქორწინება სურთ, სექემის მთელი  სამთავრო ჩვენს რჯულზე გადმოვიდეს და ამის მერე დავრთავთ   ქორწინების ნებასო.  მათ რჯულზე  გადმოსასვლელად წინადაცვეთის აღსრულება იყო საჭირო. ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია და უძლურებაში აგდებს ადამიანს. ძალების აღდგენას  გარკვეული რეაბილიტაცია სჭირდება  და მწოლიარე რეჟიმში ყოფნა.  ძმებმა დრო იხელთეს, თავიანთი მხედრობით  თავს დაესხნენ სექემის უკვე წინადაცვეთილ ამალას და უმოწყალოდ  გაჟლიტეს ისინი.  ამ შეთხვევაშიც ისინი მამის წინააღმდეგ წავიდნენ. ფაქტიურად, ეს  ბიბლიაში  მამისადმი ურჩობის პირველი პრეცენდენტია.  აქამდე არცერთი პატრიარქის შვილს ეს არ  მოუმოქმედებია.  საშინელი და დაუნდობელი  პიროვნებები იყვნენ  იაკობის შვილები და მიუხედავად ამისა, მაინც ერთ-ერთი ძის, იუდასგან  წამოვიდა ქრისტეს შტო.

რაც შეეხება იოსებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მამის რჩეული შვილი იყო, მასაც მამისადმი ურჩობა გამოუვიდა. იოსებს ორი შვილი ჰყავდა და მას სურდა, რომ უმცროსს მიეღო  კურთხევა. ამიტომ ფანდი იხმარა: იაკობს  მარჯვნივ დაუყენა  უმცროსი შვილი, მაგრამ იაკობმა ამ დროს ხელები გადააჯვარედინა. ისიც ისააკივით ბრმა იყო სიბერეში. ასე რომ, მარჯვენა ხელით  იაკობმა  უფროსი შვილიშვილი  დალოცა მაინც. ანუ არ გამოუვიდა იოსებს  ეს ფანდი, თუმც მამის მოტყუებას ისიც ეცადა...

- ყველაზე გამორჩეული  პიროვნება  ებრაელებისთვის,  მაინც, მოსეა. ის იყო  მხსნელი, რომელმაც ებრაელი ხალხი ეგვიპტიდან  გამოიყვანა და, ფაქტიურად,   ნაციონალობა დაუბრუნა მათ. მონობაში  მცხოვრები ხალხი კვლავ ერად ჩამოაყალიბა. 40  წელი დასჭირდა  უდაბნოში ხეტიალს. ეს იმიტომ, რომ წრეზე დადიოდნენ, რადგან, ღმერთის ნებით, მონობაში გაზრდილი თაობა აღთქმულ ქვეყანაში ვერ შევიდოდა. ამ ხალხს უკან, ეგვიპტისკენ,  რჩებოდა თვალები. მოსემაც 40 წელი დაჰყო უდაბნოში, თავის ოჯახთან ერთად. იქ  შეეძინა ორი  შვილი. შემდეგ იგი მიდის სახლიდან, ცოლ-შვილს ფაქტიურად უპატრონოდ (სიმამრის ამარა) ტოვებს და თავის მისიონერულ  მოღვაწეობას ეწევა.   თავისი ერის  საქმის აღსასრულებლად მიდის  და წლობით ტოვებს თავის ოჯახს, ორ მცირეწლოვან შვილს. ბიბლიაში  ვკითხულობთ, რომ ერთხელ, ღამით მოსეს ცოლს, სეფორას,  ეღვიძება და ანგელოზი მიდის მასთან;  მოკვლას   უპირებს  იმის გამო, რომ მისი  შვილები წინადაცვეთილები არ არიან.   ანუ აქაც ხაზი ესმევა იმას, რომ მოსეს, რომელსაც მთელი ერის ხსნა და  ეგვიპტიდან გამოყვანა სურდა, საკუთარი შვილები  წინადაუცვეთელები ჰყავდა. იმ მოსეს, რომელიც ებრაელ ერს შეაგონებდა, არ დაევიწყებინათ  მამა-პაპის ღმერთი და ყველას მოუწოდებდა წინადაცვეთილებისკენ, საკუთარი შვილები  წინადაუცვეთელები ჰყავდა. ამიტომ  ანგელოზი  მივიდა სეფორასთან და დაემუქრა სიკვდილით, თუკი არ წინადაიცვეთდნენ მისი შვილები.  მოგეხსენებათ, წინადაცვეთილება კაცის  მიერ აღსასრულებელი  რიტუალია,  მაგრამ უკიდურეს სიტუაციაში  სეფორა იძულებული გახდა,  ეს საქმე თავად გაეკეთებინა, რადგან მოსემ ეს არ გააკეთა, არადა მასზე ბიბლიაში  წერია, რომ  არ არის კაცი, რომელსაც ეთქვას, ღმერთი პირისპირ ვიხილე და გადავრჩიო, მოსემ კი პირისპირ იხილა ღმერთი.

- შემდეგ მოდიან წინასწარმეტყველნი, იგივე ერის წინამძღვარნი და სჯულის მოძღვარნი... წინასწარმეტყველებს, ისევე როგორც პატრიარქებს, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან.  სამუელ წინასწარმეტყველიც  ესაუბრებოდა ღმერთს,  წინამძღვრობდა ისრაელს, რომელსაც   მეფეც  აურჩია და  ამხელა ისტორიული  მოვლენის ფუძემდებელი გახდა.  სწორედ მან   უწინასწარმეტყველა  მეფეს,  რომ  მისი შტო აღარ გაგრძელდებოდა, არამედ მოვიდოდა სხვა მეფე.   სამუელი ყველანაირად დადებითი პიროვნებაა: კარგი მოძღვარი, კარგი წინასწარმეტყველი,  კარგი შვილი თავისი დედისათვის. ბიბლიის მიხედვით, მისი დედა  ბერწი იყო და ღმერთისგან  გამუდმებით ითხოვდა შვილს. ერთხელ ტაძარში იდგა და  ცხარე ცრემლებით ტიროდა; ამ დროს ელი  მღვდელმთავარი მივიდა, მთვრალი ეგონა.  ელი მღვდელმთავარიც დადებითი თვისებების მქონე ადამიანი  იყო, ოღონდ  რბილი და ლმობიერი ხასიათის, რაც თავისი შვილების აღზრდაზე უარყოფითად აისახა. რაც შეეხება სამუელს, არც ის დაიკვეხნიდა შვილების ზნეობრივი ღირსებებით.  როდესაც მსხვერპლის შესაწირად ხალხი მიდიოდა სამუელის შვილებთან, ისინი მათ ართმევდნენ შესაწირს და თავისთვის იტოვებდნენ. ღმერთს არ სწირავდნენ, არამედ  იყენებდნენ პირადი სარგებლობისთვის.  საოცარია მართლაც, რომ  ისეთ კაცს, როგორიც  სამუელი იყო, ჰყავდა მექრთამე, უპასუხისმგებლო შვილები. ხალხი პირდაპირ საყვედურობდა მას, რომ აგვიკლეს შენმა შვილებმაო... სისხლი გაუშრეს ხალხს... ანალოგიური სიტუაცია იყო  ელი მღვდელმთავართანაც. მას იმდენად უღირსი შვილები ჰყავდა, რომ  სჯულის კიდობანს მოკიდეს ხელი და წაიღეს,  მაშინ, როცა კიდობანთან  შეხებაც კი არ შეიძლებოდა. დიდი სასჯელის მომზიდველი იყო ასეთი საქციელი. ეს ელიმ იცოდა. და ერთ-ერთი ბრძოლის დროს,  მას შეატყობინებენ, რომ მისი ხალხი ბრძოლაში დამარცხდა და კიდობანი დაიკარგა.  ის კი მაინც, პირველ რიგში, იკითხავს, თუ სად არიან მისი შვილები? როდესაც  მათი დახოცვის ამბავს გაიგებს, ამ დროს გულის შეტევა ემართება და გარდაიცვლება. ელის გათამამებული შვილები ჰყავდა, რადგან  იგი  ზედმეტ სირბილეს იჩენდა მათ აღზრდაში; ბოლოს კი  ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, შენი შვილების გამო დაისჯებიო.

- გავიხსენოთ დავით წინასწარმეტყველის (მეფსალმუნის) ისტორია. მასზე  ერთგან წერია, რომ  როდესაც დევნილობაში იყო (საულის დროს) და შემდეგ  უკვე, როცა მეფე გახდა, გამუდმებით იბრძოდა და ღმერთის  სახელით ამარცხებდა მტრებს.  ვერსად ვერ შეხვდებით ბიბლიაში, რომ დავითმა რაიმე შესცოდა ან რაიმე შეეშალა ღმერთის წინაშე, მაგრამ შემდეგ ვკითხულობთ, რომ  როდესაც სახელმწიფო მოძლიერდა და ომებისგან მოისვენა, დავითმაც მისცა თავის თავს დასვენების უფლება  და ბანზე გამოვიდა. სწორედ ამ დროს დაინახა მისი ფანჯრის წინ მობანავე ბერსაბე.  ანუ იმ დროს, როცა ის   ჩართული იყო საერო  და საღვთო საქმეებში, მას არც გასართობად  ეცალა  და არც ცოდვის ჩასადენად. ბერსაბეს ის მანამდეც დაინახავდა, რადგან წერია, რომ ეს ქალი იმ ეზოში ყოველთვის  ბანაობდა, მაგრამ რატომ, მაინც და მაინც, იმ დღეს შენიშნა დავითმა?! ეს იმიტომ, რომ  იმ დღეს მოეშვა და უკვე მოიცალა მისთვის; მოდუნების უფლება   მისცა  თავს.  ადამიანი  ხომ  ნებისმიერ წუთას შეიძლება დაეცეს.  დავითიც დაეცა ბერსაბესთან,   რომლისგანაც ეყოლა სოლომონი. დავითს უფროსი შვილებიც ჰყავდა: აბესალომი, ადონია, თამარი. თამარის ისტორია ცალკე საკითხია.   ინცესტი მოხდა აქ. ძმას შეუყვარდა  საკუთარი და  გააუპატიურა იგი. თუ განვიხილავთ საულს, როგორც მამას, მას ბრწყინვალე შვილი ჰყავდა -  იონათანი. უცნაური ის არის, რომ  საული  დევნიდა დავითს იმიტომ, რომ ტახტი იონათანისთვის გადაელოცა და დავითი არ ასულიყო მასზე. მიუხედავად ამისა, იონათანმა   უთხრა მამას,  დავითი ჩემი ძმაა,  დაანებე თავი და ნუ სდევნიო.  იონათანმა გააპარა დავითი, ყველანაირად დაეხმარა მას. ერთი მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის შენი მშობელი, რა პიროვნებაა. რადგან  შენს პიროვნებას თავად აყალიბებ. საულის შვილი თვითონ იყო ბუნებით: შეგნებული, მოაზროვნე.  ერთხელ საულმა,  ფილისტიმელებთან   ომის დროს, მარხვა დააწესა და  გამოაცხადა,  რომ ხალხს  არაფერი ეჭამა. მაგრამ იონათანმა დაარღვია მარხვა, თაფლი შეჭამა.  ამის გამო საულმა შვილის მოკვლა განიზრახა,  მაგრამ უხუცესებმა გადააფიქრებინეს. იონათანს უნდოდა  დაენახებინა მამისთვის,  რომ ჯერ ერთი, მას არ ჰქონდა მარხვის დაწესების უფლება,  რადგან იგი საერო კაცი იყო და არა მღვდელმთავარი. და მეორეც,  საულმა, როგორც მეფემ,  რამდენიმე შეცდომა დაუშვა: უაზრობა  იყო მარხვის დაწესება ბრძოლის დროს -  ძალა წაერთმეოდათ მეომრებს და მშივრები ვერ იომებდნენ. იონათანმა მამის ნდობა დაკარგა, მაგრამ კაცთმოყვარე იყო  იგი, იმის მიუხედავად, რომ ასეთი სასტიკი მამა ჰყავდა.  რაც შეეხება დავითს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მის ერთ-ერთ შვილს შეუყვარდა თამარი; შეაცდინა იგი; ავადმყოფობა  მოიმიზეზა და დავითს სთხოვა,  თამარი გამომიგზავნე, მან მომართვას სადილიო.  რა წამს მოიოხა თავისი სურვილი, შეზიზღდა  ქალი. თამარმა უთხრა დავითს,  რაც მოხდა, ასეთი ფაქტი  მთელ ისრაელის ისტორიას აქამდე არ ახსოვს და ნუ დაუშვებ, ახლა  მოხდესო.  ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ ინცესტი ისრაელის ისტორიაში მანამდეც იყო მომხდარი, მაგრამ ყოველთვის  სრულდებოდა ქორწინებით.

აბესალომიც დავითის ძე იყო, რომელიც  განსაკუთრებით უყვარდა დავითს. აბესალომმა იცოდა, რომ ტახტი მას არ ეკუთვნოდა.  დავითი წინასწარმეტყველის მიერ მირონცხებული, ღმერთისგან ხელდასხმული მეფე იყო, უფლისგან გამორჩეული.  ნუთუ დავითი თავის  შვილებთან  არ საუბრობდა იმის შესახებ,  რომ მეფობა მემკვიდრეობით არ გადაეცემოდა და რომ ყველაფერი ღვთის ნება იყო, რადგან ღმერთი  წყვეტდა, ვინ იქნებოდა მეფე. როგორც ჩანს, დავითი არ ლაპარაკობდა თავის ოჯახის წევრებთან ამ თემაზე.  იმაზე, თუ თავად როგორ  გახდა მეფე, როგორ გამოირჩია ღმერთმა მწყემსობისას. დავითი იმდენად მოეშვა,  რომ უკვე თავის შვილებსაც არ ასწავლიდა იმას, რომ ადამიანების კი არა,   არამედ ღმერთის  გადასაწყვეტი იყო, თუ  ვინ გახდებოდა მეფე.  ეს იყო ალბათ მიზეზი იმისა, რომ  აბესალომი  განუდგა მამას, გავიდა ცალკე  და ქალაქის შემოსასვლელში ხალხს გამოუცხადა, რომ ის  იქნებოდა   მომავალი მეფე.  ის დაუკავშირდა   იოაბს, დავითის  მხედართმთავარს. დავითი ბოლოს იმ დონემდე  მივიდა, რომ  თავის ქალაქში აღწერის ჩატარება გადაწყვიტა. აინტერესებდა,  რამდენი მაცხოვრებელი ჰყავდა. ამით  მან ფაქტიურად გამოაცხადა, რომ ეს ხალხი მისი იყო და ცხვრის ფარასავით   მოისურვა მათი დათვლა. იოაბიც კი, რომელიც უარყოფითი პიროვნებაა ბიბლიაში, შეეცადა მის შეჩერებას.  უთხრა: არ გინდა, ამას ნუ გააკეთებ. ცხრაჯერ და უფრო მეტად გიმრავლოს ღმერთმა სამწყსო, მაგრამ ეს არ არის საჭირო,  ამის გამო  ღმერთი დაგსჯისო.  არ ვიცით, არ ჩანს,  თუ როგორ მიდის დავითი  ამ საფეხურამდე, რომ შვილები ასეთ დღეში ჰყავს. აქეთ, ინცესტი  ხდება დასა და ძმას შორის. იქეთ,   მეორე შვილი გარბის და მეფედ აცხადებს თავს,  მერე კი სამოქალაქო  ომი იწყება აბესალომსა და დავითს შორის. მიუხედავად ამისა, დავითი აცხადებს, რომ არ მოკლან მისი შვილი. მაგრამ აბესალომს მაინც კლავენ. დიდი თმები ჰქონდაო აბესალომს; ლამაზი იყო გარეგნობით.  ეს თმები ხის ტოტებში გაიჭედა და მხედართმთავარმა შუბი  ჩასცა. დავითი გოდებდა, სჯობდა მე მოვმკვდარიყავი და შვილი ცოცხალი დამრჩენოდაო. კედელთან  იდგა და ტიროდა  დავითი მაშინ, როცა გამარჯვებული ხალხი ზეიმობდა. მხედართმთავარმა სთხოვა დავითს, ტირილი შეეწყვიტა,  გაეღიმა ხალხისთვის და ხელი დაექნია,  რათა ხალხს ზეიმი არ ჩაშხამებოდა. მართლაც დავითი გამოვიდა ხალხთან და ხელი დაუქნია; გაუღიმა მათ,  მიუხედავად იმისა, რომ შვილი მოუკვდა. ეს სასჯელიც არის და ხვედრიც. ძნელია ერთდროულად  ერის მამობაც და საკუთარი შვილების მამობაც. „ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“, - ესეც დავითის სიტყვებია  (50-ე  ფსალმუნი), როცა ის ღმერთს სთხოვდა ბერსაბესგან შეძენილი ახალშობილის გადარჩენას.  ამ ქალისგან კიდევ ერთი შვილი  ეყოლა დავითს - სოლომონი, რომელიც, ვიცით, ბრძენი იყო, სანამ ცოლები გადაიბირებდნენ.  პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ დავითს თითქმის  არცერთი შვილი არ გამოადგა.

ერთი მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლიური მამები იმდენად იყვნენ გადაგებულნი  საერო საქმეებზე, იმდენად დიდ დროს და ძალისხმევას უთმობდნენ საზოგადოებაზე ზრუნვას, რომ ოჯახისთვის აღარ რჩებოდათ დრო და რესურსი.  აქვე  მინდა მაგალითი მოვიყვანო  ახალი აღთქმიდან. გვახსოვს ეპიზოდი, როდესაც ქრისტე თავის ოჯახშია.  მისი ძმები, იოსების შვილები  ეუბნებიან  მას,  რომ წავიდეს იერუსალიმში. და თუ შეპყრობას დაუპირებენ, აბა ვნახოთ,  როგორ ძალმოსილებას გამოაჩენს ქრისტე. ანუ არ სჯერათ მისი შესაძლებლობების; არ იღებენ  მას ისე, როგორც თუნდაც მოძღვარს, წინასწარმეტყველს. იმიტომ რომ, მათი ოჯახის  წევრია. ქრისტეც ხომ ამბობს პირდაპირ:  წინასწარმეტყველი  არსად ისეთი მიუღებელი არ არის, როგორც საკუთარ სახლშიო. ქრისტე კაცობრიობისთვის მოკვდა, მაგრამ აი, მისი ძმები კი როგორები არიან?! კანას  გალილეაში ღვთისმშობელი იესოს ეუბნება, წყალი ღვინოდ გადააქციოს. ქრისტე კორექტივს შეიტანს ამ ქმედებაში და ეტყვის დედას:  შენდა რაი, თუკი მე  ამის გაკეთება შემიძლიაო.  კანონზომიერებაა, რომ ოჯახის წევრებს თავისებური  დამოკიდებულება აქვთ გამორჩეული პიროვნების მიმართ. შესაძლოა,  ის დიდი წინასწარმეტყველები, ბიბლიური მამები  ასწავლიდნენ კიდეც თავიანთ შვილებს, მაგრამ რატომღაც ოჯახის წევრისგან, ახლობლისგან  ეს სწავლება მიუღებელი ხდება.  ქრისტე არ მიიღო ისრაელმა,  სადაც  ის დაიბადა, გაიზარდა,   ვისი ნაწილიც იყო. საკუთარმა ხალხმა ჯვარს აცვა იგი.  წარმართებმა კი ქრისტე მიიღეს. „ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა.“

 

ამ საუბრის მორალიც ალბათ ეს არის. შესამჩნევია  კანონზომიერება,   რომ ადამიანებს ახლობლისგან რჩევის მიღება უძნელდებათ. მთლად მამებსაც ვერ დავაბრალებთ, რომ მათ არ ასწავლეს შვილებს.   ბოლოს და ბოლოს, სამუელ მღვდელმთავრის შვილები ხომ მღვდლები  იყვნენ, ესე იგი, მსახურება   და ელემენტარული სჯული მაინც ასწავლა მათ მამამ.  წინააღმდეგ შემთხვევაში  მღვდლები ვერ გახდებოდნენ. მსხვერპლშეწირვის ლოცვები ხომ მაინც იცოდნენ,  გამუდმებით კითხულობდნენ,  მაგრამ მაინც უღირსად იქცეოდნენ. საქმე იმაშია, რომ  კი ისმენდნენ მამისგან სწავლებას, მაგრამ ვერ იღებდნენ ისე, როგორც საჭიროა.  ანუ ხორციელი ნათესაობა დიდს არაფერს ნიშნავს, მთავარია სულიერი ნათესაობა. შეიძლება  სხვისმა  შვილმა  უფრო მიბაძოს დიდ ადამიანს, ვიდრე საკუთარმა და   გახდეს მისი სულიერი მემკვიდრე.   ებრაელებიც ვერ გახდნენ  ქრისტეს სულიერი შთამომავლები.  „მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ვერ შეძლეს ახლოს მისვლა ხალხის გამო. შეატყობინეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღვთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ“. (ლუკა. 8. 19-21).

 

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq