საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

„დღესაც, ის ჩემი მასწავლებელია...“
ლელა ჩხარტიშვილი


 

არც თუ დიდი ხანია, რაც ამ ქვეყნიდან წავიდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ლოგიკური სკოლის ლეგენდად მიჩნეული დიდი მეცნიერი, უაღრესად თბილი და კეთილშობილი ადამიანი -ლერი მჭედლიშვილი.

 

ბატონ ლერის ძალიან უყვარდა თავისი პროფესია და საგანი. ხშირად, როდესაც მას ვიხსენებ, თვალწინ მიდგება  90-იანი წლების უნივერსიტეტის გაყინული აუდიტორია, ჩაფუთნული, სიცივისგან მობუზული სტუდენტები ვსხედვართ და ვუსმენთ ენერგიულ და შრომისთვის მუდამ მზადმყოფ, დაუღალავ  ბატონ ლერის, რომელიც დაფაზე ცარცით აკაკუნებს, ჩახლართულ ლოგიკურ ფორმულებს აღბეჭდავს მასზე. ამ დროს გაყუჩდება,  თითქოს რაღაც მისტიური წუთი დადგაო, ფანჯრისკენ, სადღაც სივრცეებში  მიაპყრობს მზერას, შორს გაიჭვრიტება,  კატეგორიული უარყოფის ნიშნად თითს გაასავსავებს და რუდუნებით აღმოხდება: „ხო, მაგრამ სიყვარული ლოგიკას არ ექვემდებარება!“ - ეს ფრაზა მანამდეც ხშირად გამეგონა,  მაგრამ,  ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩემთვის  ლოგიკის „პატრიარქად“ მიჩნეული კაცისგან ამ ფრაზის  მოსმენა თვით იმ წამს რაღაც სხვაგვარ დატვირთვას სძენდა და მარადიულყოფდა. ასეთი ლირიული გადახვევებით და ლირიზმის მძაფრი განცდით იყო აღსავსე ამ საოცრად თავმდაბალი და  დიდი სიყვარულის მატარებელი ადამიანის ცხოვრება. ეს დიდი სიყვარული და  სისათუთე დატოვა მან თითოეული სტუდენტის გულში.

 

ასე იხსენებენ ბატონ ლერიმჭედლიშვილს მისი ნასტუდენტარი, აწ უკვე თავადაც დიდი ფილოსოფოსები.

ფილოსოფოსი: ნუგზარ ივანიძე.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ყველაზე უფრო საყვარელმა მასწავლებლებმა შემდგომში მეგობრად მიმიღეს და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მათთან ერთად გავატარე. ბუნებრივია, ისინი ჩემზე უფროსები იყვნენ და სამწუხაროდ, თანდათან გამომეცალნენ ხელიდან – ჯერ სრულიად ახალგაზრდა, უნიჭიერესი ზურა კაკაბაძე დავკარგეთ, მერე დიდი ნიკო ჭავჭავაძე გარდაიცვალა, შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ ჩვენი საამაყო ფილოსოფოსები ვახტანგ ერქომაიშვილი და თაზო ბუაჩიძე... და აი ახლა, პრაქტიკულად ერთ წელიწადში - ქართული ლოგიკური სკოლის ორი ლეგენდა - ლერი მჭედლიშვილი და მიხეილ ბეჟანიშვილი. 

თითოეულმა ამ ადამიანმა ჩემი სულის ნაწილი თან წაიღო და შემაძრწუნებელი სიცარიელე დამიტოვა. კიდევ კარგი, მეხსიერებას ბევრი საინტერესო მოგონება შემორჩა, მოგონება დროის, ადამიანების, მოვლენების შესახებ.

ლერი მჭედლიშვილი.  ბატონი ლერის შრომებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოში ფილოსოფიის, ლოგიკის, მეცნიერების მეთოდოლოგიის და კრიტიკული აზროვნების განვითარების, სწავლებისა და პოპულარიზაციის საქმეში. სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, ის  აქტიურად თარგმნიდა ევროპული ენებიდან ლოგიკურ-ფილოსოფიურ სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო ლიტერატურას,  რითაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა ამ დარგის ქართული სამეცნიერო ლიტერატურა და ტერმინოლოგია, ბიძგი მისცა ლოგიკისა და  კრიტიკული აზროვნების განვითარებას საქართველოში.  ამ დიდი მეცნიერის და პედაგოგის მეცნიერული მემკვიდრეობის აღწერა და დახასიათება ცალკე განხილვის თემაა.

ლერი მჭედლიშვილი დაიბადა და ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა საბჭოთა იმპერიის ტოტალიტარულ საზოგადოებაში, რომელიც ადამიანის ყველაზე უფრო ბნელ  ინსტინქტებსა და ყალბ ღირებულებებს ემყარებოდა. იცხოვრა საზოგადოებაში, სად

აც ყოველგვარი “წარმატება” და ხშირად ფიზიკური გადარჩენაც კი, მხოლოდ მორალური დაცემის, თავისუფლების დაკარგვის,ფარისევლობის, ფილოსოფიურად რომ ვთქვათ, ადამიანის გაუცხოების ფასად იყო შესაძლებელი.

გამახვილებული სინიდისის მქონე, განათლებულ და გონიერ ადამიანებში ყოველივე ამან არ შეიძლება პროტესტის გრძნობა არ გამოიწვიოს.

მეგობრებთან  ურთიერთობა  ბატონ ლერის უადვილებდა თავის გატანას იმ სასტიკ, არაადამიანურ გარემოში, რათა არ დაეკარგა ღირსება, დარჩენილიყო თავისუფალ ადამიანად. და მან ეს მოახერხა. მოახერხა სულიერი სიმტკიცით, ცხოვრების წესით, საქმიანობით. მან არა მხოლოდ თვითონ მოახერხა ეს, არამედ ბევრ სხვა ადამიანსაც აუხილა თვალი გაუცხოების საფრთხეზე.

შეიძლება ითქვას, რომ სპეციალობაც ლერი მჭედლიშვილმა  ამ მიზნიდან გამომდინარე აირჩია. ადამიანების გაუცხოებას ხომ, სულსწრაფობასა და სიმხდალესთან ერთად, საფუძვლად უდევს მათი უუნარობა სწორად გაერკვნენ მსოფლმხედველობრივ და ზნეობრივ ღირებულებებში, ლოგიკური თანმიმდევრობით და კრიტიკულად გააანალიზონ სინამდვილე, ადამიანთა ქცევის მოტივები და მათი მსჯელობის არგუმენტები, გააკეთონ სწორი ლოგიკური დასკვნები. სწორედ ფილოსოფიური ანალიზი, ლოგიკა და კრიტიკული აზროვნებაა ყველაზე მძლავრი საშუალება ყოველგვარი პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ რელიგიური დემაგოგიის, სოფისტიკის, ადამიანთა “დაბოლებისა” და ზომბირების წინააღმდეგ.  

   ლერი მჭედლიშვილთან ჩემი ურთიერთობა ორმოცდაათ წელს ითვლის. თვრამეტი წლისა ვიყავი, როდესაც მისი სტუდენტი გავხდი. ისე მოხდა, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა ჩემთვის არა მხოლოდ ლოგიკისა და აზროვნების, მეცნიერული ობიექტურობის მასწავლებელი, არამედ კაცობის, ადამიანის სიყვარულის, წესიერების, პრინციპულობის, თავმდაბლობის, ცხოვრებისეული სიბრძნის მასწავლებელიც. იგი სულ 10-12 წლით იყო ჩემზე უფროსი. მისი პროფესიონალიზმი,  ახალგაზრდული ასაკი, უაღრესად კომუნიკაბელური ხასიათი და სტუდენტებისადმი კეთილგანწყობა ჩვენი  ურთიერთობის უშუალობას განაპირობებდა. ლერი მჭედლიშვილი გამოირჩეოდა სტუდენტებთან უშუალო დამოკიდებულებით. მრავალრიცხოვან ჯგუფებშიც კი მან ზეპირად იცოდა არა მხოლოდ თითოეული სტუდენტის სახელი და გვარი, არამედ მათი ხასიათის თავისებურებანი და ინტერესები, ძლიერი და სუსტი მხარეები, პრობლემები. ასეთი ყურადღებითა და ზრუნვით ხიბლავდა და კომფორტს უქმნიდა იგი მის გარშემო მყოფ ადამიანებს - არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ მეგობრებს, თანამშრომლებს, სტუდენტებსა და ასპირანტებს.

სტუდენტებთან სიახლოვე ლერი მჭედლიშვილს ხელს არ უშლიდა ამავე დროს ყოფილიყო მომთხოვნი პედაგოგი. მახსოვს, მეოთხე კურსის ბოლო საგამოცდო სესიაზე ლერის ვაბარებდი გამოცდას პრედიკატთა ლოგიკაში. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საგამოცდო ბილეთში შემხვდა, იყო გიოდელის თეორემა ფორმალური არითმეტიკის შემცველი ფორმალიზებული სისტემების არასისრულის შესახებ. მხოლოდ ამ ერთ საკითხთან დაკავშირებული დეფინიციების ჩამოყალიბებას და შემდეგ თეორემის ეტაპობრივ დამტკიცებას, ამასთან, ამ პროცესში გამომცდელის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას თითქმის ორი საათი დასჭირდა. საკმაოდ დავიღალეთ ორივე, არადა სხვა საკითხებიც ჩასაბარებელი მქონდა. მოულოდნელად ლერიმ შემომთავაზა - მე გპატიჟებ ბუფეტში, ცოტა წავიხემსოთ, ყავა დავლიოთ და გამოცდა მერე გავაგრძელოთო. ასეც მოვიქეცით. ბუფეტის შემდეგ კიდევ ორ საათს გაგრძელდა ჩვენი გამოცდა და წარმატებით დამთავრდა. ამ ჩვენ მრავალსაათიან, შესვენებიან გამოცდას პროფესორი გური ასათიანი შეესწ

რო. დღე ისე არ გავიდოდა, რომ ამ კეთილ ადამიანს რამდენჯერმე არ შემოეხედა ლოგიკის კათედრაზე. იცოდა, რომ გვსიამოვნებდა მასთან საუბარი, თან თვითონაც ვუყვარდით ლოგიკოსები. ბატონმა გურიმ ლეგენდასავით მოსდო ჩვენი გამოცდის ამბავი მთელ ფაკულტეტს.

 

ფილოსოფოსი: დათო თევზაძე.

ეს სურათი 1977-ში ან 1978-შია გადაღებული, კინოს სახლის წინ. ამ დღეს ზურაბ მიქელაძეს 60 წელი შეუსრულდა და ერთად აღვნიშნეთ. აქ ვართ თითქმის ყველა, ვინც მაშინ საქართველოში ლოგიკის დარგში მოღვაწეობდა და აქ არის თითქმის ყველა, ვისაც ცხოვრებამ შემახვედრა1966 წელს, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი.  ლერი მჭედლიშვილი მესამეა მარცხნიდან. მე, როგორც ყველაზე უმცროსი, შუაში ვარ და „ვზივარ“. ყველა ეს ადამიანი ერთდროულად გავიცანი და არც უერთმანეთოდ არ მინახავს მერე. განსაკუთრებით სამი, ლერი მჭედლიშვილი, მიშიკო ბეჟანიშვილი (მარჯვნიდან მეორე, უკანა რიგში) და გულიკა ესაკია (მარჯვნიდან მესამე, შავი სათვალით) ერთად იყვნენ ყოველთვის.

მას მერე ბევრმა წელმა ჩაიარა. თითქმის ცხოვრებამ. 1989 წლის აპრილმა მთლიანად შეცვალა ჩემი გზა: ეროვნული მოძრაობა, სამოქალაქო ომების კასკადი შიდა ქართლი, აფხაზეთი, დასავლეთი საქართველო... შემდეგ ევროპა, აშშ, აზია, ისევ რევოლუცია... ყველაფერმა ამან დამაცილა ადამიანებს, რომლებსაც მანამდე ვიცნობდი და რომელთა უმრავლესობამ ისე დატოვა წუთისოფელი, მერე აღარც შემხვედრია არასდროს. ერთგვარი გამონაკლისი ლერი აღმოჩნდა, მჭედლიშვილი: 2011 წლის ზაფხულში ვნახე. დავურეკე, შეხვედრა მინდა-მეთქი. არ გაკვირვებია, ჩემი სახლი ხომ გახსოვსო, გადააზუსტა. მახსოვდა. მეორე დღეს მივედი და მიზეზი ნახვისა მოკლედ ავუხსენი: უკვე სამი წელი იყო, საუნივერსიტეტო საქმიანობას დავუბრუნდი, იმხანად ახალგახსნილ ქართულ-გერმანულ უნივერსიტეტში, რომელსაც IB (აი ბი) ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი ერქვა და სადაც სხვა საგნებთან ერთად, ლოგიკის კურსი მიმყავდა. ვინაიდან სტუდენტებს ოდნავ უჭირდათ ამ საგნის აღქმა, მათთვის კონსპექტი მოვამზადე, რომელიც დამხმარე სახელმძღვანელოდ შეეძლოთ გამოეყენებინათ. სახელიც სპეციალურად შევურჩიე „მინიმალური ლოგიკის კურსი“. მაგრამ ვიდრე ამ სახელმძღვანელოს სტუდენტებთან შევიტანდი, მინდოდა ვინმეს ენახა ისეთს, ვისაც ვენდობოდი, ვინც მიცნობდა, ვისგანაც შენიშვნას მივიღებდი და არც თავს ვიგრძნობდი დამცირებულად. ეს იყო მიზეზი. ასევე ვუთხარი. გაეცინა, ცოტა დრო უნდა მომცეო. ისეთნაირად მითხრა, გულზე მომეშვა. დარეკა მართლაც, ერთ კვირაში. მივედი. ჯერ ყავა დავლიოთო, რამდენი ხანი არ გვისაუბრიაო. ვილაპარაკეთ ომზე, ქვეყანაზე, რაც გადამხდენია. ბოლოს პირდაპირ ვკითხე, ისე ხომ არ არის, არ გინდა მითხრა პირდაპირ, რომ არ მოგეწონა და დრო გაგვყავს? გაეცინა, თვალი გავუსწორეთ ერთმანეთს და უცებ გავაცნობიერე, რომ საერთოდ არ გასულა წლები: მე ისევ პირველ კურსზე ვიყავი, შორეულ 1966-ში; თითქო არსად არ იყო ის 45 წელი, რომელმაც ურთიერთობა წაგვართვა, ლერიც ახალგაზრდა იყო და სემინარის ჩასატარებლად ემზადებოდა... გამეცინა მეც. მივხვდი, რომ ლერიმაც იგივე დაინახა...

-           სიმართლე გითხრა, არ მეგონა, ლოგიკა თუ ასე გახსოვდა. რეცენზიაც გაგიმზადე, თუ გამოქვეყნებას დააპირებ.

ამ სიტყვებმა ბოლო ბარიერები მომიხსნა. მერე კიდევ ვილაპარაკეთ კარგა ხანს. ამჯერად, ლოგიკის გარშემო. მახსოვს, სიამაყით აღნიშნა, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები გამოჩდნენო. თითქოს რაღაც გეგმაც დავსახეთ...

მაგრამ, როგორც ყოველთვის, გეგმამ არც ამჯერად იმუშავა... საქმეში სიკვდილი ჩაერია...

რას იზამ? ყველანი  ვკვდებით ერთ დღეს....

 

ფილოსოფოსი: ზურაბ ჭიაბერაშვილი.

1.

1990 წლის დეკემბერში ლერი მჭედლიშვილმა ჩვენს კურსთან 3 სემესტრიანი სალექციო კურსი დაასრულა და ლაშა ჭანტურიძესა და მე კათედრაზე ინდივიდუალური პროგრამით სწავლის გაგრძელება შემოგვთავაზა. ეს კი კვირაში მინიმუმ 2-ჯერ კათედრაზე შეხვედრას ითვალისწინებდა.

გავდიოდით მიხეილ ბეჟანიშვილისა და ლერი მჭედლიშვილის თარგმნილ და ზურაბ მიქელაძის ავტორობით გამოცემულ ალფრედ ტარსკის "ლოგიკისა და დედუქციურ მეცნიერებათა მეთოდოლოგიის შესავალს", რობერტ სტოლის წიგნს "სიმრავლეები. ლოგიკა. აქსიომატური თეორიები", გეორგ ჰენრიკ ფონ ვრიგთის წიგნს "მოდალური ლოგიკა".

1991 წლის 18 ან 19 დეკემბერია. ბატონმა ლერიმ და მე კათედრაზე მორიგი გაკვეთილი დავასრულეთ და მომდევნო შეხვედრის თარიღად 24 დეკემბერი დავთქვით. იმის მიუხედავად, რომ არდადეგები იწყებოდა, ეს ჩვენს გრაფიკს ხელს არ უშლიდა.

21 დეკემბერს სამოქალაქო ომი დაიწყო. ტელეფონი არ მუშაობს, ბატონ ლერის ვერ ვუკავშირდები, რომ გავარკვიო, როგორ მოვიქცეთ. ვფიქრობ, რა ვქნა. წავედი. მეტროს სადგურებზე "თავისუფლების მოედანი" და "რუსთაველი" მატარებელი არ აჩერებს. მეტროს სადგურ "მარჯანიშვილზე" ამოვდივარ და ფეხით მივდივარ უნივერსიტეტისაკენ.

მეორე კორპუსის დაკეტილ კარებთან ბატონი ლერი დამხვდა. ფეხით მოსულიყო.

უნივერსიტეტის კარები არავინ გაგვიღო და ის გაკვეთილი "ჩაის სახლში" ჩავატარეთ.

ბატონმა ლერიმ მითხრა, რომ იმ დროსაც კი, როდესაც ქვეყანაში ზარბაზნები ქუხდნენ, ჩვენი ვალი იყო, გვეკეთებინა ჩვენი საქმე და გვეკეთებინა კარგად და თავდადებით.

დღესაც, ის ჩემი მასწავლებელია.

2.

2001 წლის სექტემბერში კუნძულ როდოსის დასავლეთით მდებარე კუნძულ ჰალკიზე საერთაშორისო სემინარს დავესწარი, რომელსაც საბერძნეთის საგარეო სამინისტროსთან არსებული “ევროპული და საგარეო პოლიტიკის ბერძნული ფონდი“ ატარებდა. იმის გარდა, რომ ძალიან საინტერესო სემინარში მიწევდა მონაწილეობა და, პარალელურად, ხმელთაშუა ზღვის მზეს მიფიცხება, ამ მოგზაურობას ფილოსოფოსისთვის უმნიშვნელოვანესი კიდევ ხიბლი ჰქონდა: გზა და ათენში საკმარისი დრო მქონდა, რომ აკროპოლისზე ავსულიყავი.

წასვლამდე ჩემი აღტაცება, რომ აკროპოლისს ვნახავდი, ბატონ ლერის გავუზიარე. ძველ ათენზე ბევრი ვილაპარაკეთ. უცებ ჩაფიქრდა და ცოტა ხნის შემდეგ მომიბრუნდა: ერთი თხოვნა შემისრულეო. ამ ერთადერთ შემთხვევას ვიხსენებ, როდესაც ადამიანმა, ვისაც ჩემზე უდიდესი ამაგი აქვს, რაღაც მთხოვა. ბატონი ლერის სურვილი კი ისეთი საპატიო რამ იყო, რომლის შესრულებასაც ადამიანი სხვა ადამიანს არ თხოვ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ იგი ამ სურვილის არსს სრულად აცნობიერებს.

წავედი საბერძნეთს. უკანა გზაზე, გია ნოდიასთან და ლევან რამიშვილთან ერთად, როგორც წინასწარ დავგეგმეთ, აკროპოლისზე ავედით, იქიდან კი აგორასკენ დავეშვით. თან მსდევდა ბატონი ლერის ერთი შეხედვით უცნაური, ფილოსოფოსისთვის კი სრულიად გასაგები სურვილი: მისი სახელი წარმოთქმულიყო იქ, სადაც ძველ ბერძენ და რომაელ ფილოსოფოსთა სახელები ითქმოდა 20-25 საუკუნის წინათ.

აკროპოლისზეც და აგორაზეც, ათენის მცხუნვარე მზის ქვეშ, ისტორიული ქვების გარემოცვაში რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე და ხმამაღლა და გარკვევით წარმოვთქვი:

"ლერი მჭედლიშვილი".

 

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq