საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

რელიგია და მეცნიერება ანუ ბიბლია და დიდი აფეთქების თეორია
ბადრი დანელია

მკითხველის წერილი. 

 აღნიშნული თვალსაზრისი გახლავთ წერილის ავტორის თვალსაზრისი, რომელსაც რედაქცია შეიძლება არ იზიარებდეს

georoyal.ge

 

"სულის გარეშე არ არსებობს სხვა თვალსაზრისი,

სისხლის ქმედება არის მისი ინფორმაცია

და შედეგები არ იქნება შესაბამისი,

განსჯამ ზნეობის საფუძველი თუ გადასძლია.

სულია სისხლში სინდისის და ცეცხლის საწყისი

და მომავლისთვის ბოროტებად შესარაცხია,

მეცნიერებამ სამუშაო მაგიდა თვისი,

წმინდათა წმინდა საკურთხევლად თუ არ აქცია."

 მერაბ კოსტავა

იძულებული ვარ ეს წერილი დავიწყო დასკვნით და არა ძირითადი შინაარსით, რადგან, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვეცადე მარტივად დამეწერა, ავცდენოდი ბევრ ლოგიკურ მსჯელობასა და სამეცნიერო ტერმინს, ასე ვთქვათ, არა ტექნიკური გონების მქონე ახლობლებს მაინც გაუჭირდათ ზოგი რამის გაგება. მოკლედ, ვერ მოვახერხე გამარტივება და ამიტომ წერილის ბოლო ამოვიტანე თავში.

დასკვნა კი ასეთია: „დიდი აფეთქების“ თეორია თავის უმრავლეს ძირითად დებულებებში იმეორებს ბიბლიურ შესაქმეს. ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეცნიერებას ერთი ნაბიჯიღა დარჩა ღმერთის აღიარებამდე და ამისთვის საჭიროა უბრალო მეცნიერული პატიოსნება:  კვლევების შედეგების პირუთვნელი შეფასება. ზემოთქმულის გამო, დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს ქრისტეს შობას, - მის პირველად მოსვლას. სახარების მიხედვით, მას ჯერ მიეახლნენ მწყემსები, ანუ გულით მორწმუნეები. მათ შემდეგ ქრისტეს მიეახლნენ მოგვები, ანუ მეცნიერები, რომლებიც ცას აკვირდებოდნენ და იყვნენ გულწრფელი, პატიოსანი მაძიებელნი ჭეშმარიტებისა. სახარებიდანაც ჩანს და განმმარტებლებიც ამას ამბობენ, რომ ისინი იყვნენ ვარსკვლავთმრიცხველები, ანუ, იგივე კოსმოლოგები. კოსმოლოგია კი დღეს ფიზიკის ის დარგია, რომელიც შეისწავლის სამყაროს წარსულს, აწმყოს და მომავალს. კოსმოლოგებმაც, მოგვების მსგავსად ცაზე დაკვირვებით, ისეთი რამ დაინახეს და შეიმეცნეს, რომ ღვთის აღიარებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩათ. "შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა  ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ რომელნი ვარსკვლავსა მსახურებდნენ, ვარსკვლავისაგან ისწავლეს თაყვანისცემა შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად უფალო, დიდება შენდა." ეს არის შობის ლოცვა. გავაგრძელოთ ქრისტეშობის სიმბოლიკაზე დაკვირვება: ჰეროდეს იმედი ჰქონდა, რომ მოგვები მას აპოვნინებდნენ ქრისტეს და ის მათი მეშვეობით მოკლავდა ღმერთს და დაიკავებდა მის ადგილს – ეს არის ანტიქრისტეს სურვილი და ჰეროდე იყო კიდეც პირველი ანტიქრისტე, მაგრამ, ამის ნაცვლად, მოგვებმა აღიარეს ქრისტე და ჰეროდემ ვერ მოკლა იგი. 

 შესაძლოა ბოლო ჟამის ანტიქრისტეც მეცნიერების იმედზეა, რომ ის დაამტკიცებს ღმერთის არარსებობას და ამრიგად, მოაკვლევინებს ღმერთს ადამიანთა შემეცნებაში. სინამდვილეში კი, ალბათ მოხდება პირიქით: მეცნიერება, მოგვების მსგავსდ, "ვარსკვლავებისაგან ისწავლის თაყვანისცემას ღვთისას" და  აღიარებს მის არსებობას, რაც შექმნის სახარების საყოველთაო ქადაგების საუკეთესო წინაპირობას ანტიქრისტეს გამეფების და მეორედ მოსვლის წინ (ნაწინასწარმეტყველებია სახარებასა და აპოკალიპსში).

ამ დასკვნაში მოყვანილი თითოეული მოსაზრების დამტკიცებას ვცდილობ ქვემოთ, ძირითად ტექსტში და ეს დასკვნაც, უფრო განვრცობილი ფორმით, არის ტექსტის ბოლოში.  

 მაშ ასე:

უაზრობაა მეცნიერებისა და რელიგიის დაპირისპირება ორი მარტივი მიზეზის გამო: 

1. რელიგიის წყარო, ანუ საწყისი, არის ღმერთი, ხოლო სფერო – სული;

მეცნიერების წყარო, ანუ საწყისი, არის გონება – სულის თვისება, ხოლო სფერო – სამყარო. ე.ი. ის, რაც მეცნიერების საწყისია, – რელიგიისთვის სფეროა.

2. მეცნიერებას, კვლევის მეთოდოლოგიური აპარატიდან გამომდინარე, არ შეუძლია ღმერთის არსებობის უარყოფა. 

მიუხედავად ამ მიზეზებისა, დღევანდელი მეცნიერება მაინც დაპირისპირებულია რელიგიასთან და ეს დაპირისპირება პრინციპულ დონეზეა.

ეხლა შევეცდები ავხსნა, თუ რატომ ვფიქრობ ასე.

პირველი მიზეზი ისედაც ცხადია და არ საჭიროებს დამატებით ახსნას, მხლოდ დავამატებ: მეცნიერება ვერ განსაზღვრავს ადამიანის არათუ რელოგიურობას, არამედ მსოფლმხედველობასაც კი. ცნობილია, რომ არსებობენ როგორც მორწმუნე, ისე ურწმუნო მეცნიერები. მსოფლმხედველობრივად კი, კიდევ უფრო ფართო სპექტრი გვაქვს.

განვიხილოთ მეორე მიზეზი:

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, თავისი კვლევის მეთოდიკიდან გამომდინარე, არა აქვთ საშუალება პირდაპირი გზით დაამტკიცონ რაიმე ობიექტის არარსებობა. მათ შეუძლიათ დაამტკიცონ მხოლოდ ობიექტის არსებობა. ანუ, საბუნებისმეტყველო მეცნიერება პირდაპირი მტკიცებულებით ვერ იტყვის, რომ „A ობიექტი არ არსებობს“, ის იტყვის, რომ „A ობიექტის შესახებ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა, ან საკმარისი მონაცემები“. ეს რაც შეეხება მტკიცების პირდაპირ გზას, მაგრამ ობიექტის არარსებობის მეცნიერულად დამტკიცება შესაძლებელია არაპირდაპირი გზით შემდეგნაირად: თუ დავამტკიცებთ, რომ არსებობს ისეთი B ობიექტი, რომლის არსებობა სრულიად გამორიცხავს A ობიექტის არსებობას, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „A ობიექტი არ არსებობს“.

 რატომ დავწერე ეს?

თანამედროვე ფიზიკის ერთ–ერთი უმძლავრესი და კარგად დაფინანსებადი დარგი – კოსმოლოგია შეისწავლის სამყაროს და ეძებს მისი წარმოშობის მექანიზმს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოსმოლოგია არ აღიარებს სამყაროს ბიბლიურ შესაქმეს. ეხლა დავუშვათ, კოსმოლოგიამ აღმოაჩინა სამყაროს შექმნის რაღაც მექანიზმი და ის აღმოჩნდა  ბიბლიური შესაქმისგან განსხვავებული. მაშინ გამოდის, რომ შესაქმე არასწორია, ამიტომ არასწორია ყველაფერი დანარჩენი, რაც წერია ბიბლიაში და აქედან, როგორც დასკვნა, გამომდინარეობს, რომ ღმერთი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ის ღმერთი, რომლის სწავლებასაც წარმოადგენს ბიბლია. ლოგიკა მარტივია.

ვიდრე გადავალთ წერილის ძირითად სათქმელზე, განვიხილოთ კიდევ ერთი ლოგიკური არგუმენტი:

სამყაროს წარმოშობა დავყოთ, ასე ვთქვათ, ორ საკითხად: 1. რისგან და 2. როგორ წარმოიშვა სამყარო. განვიხილოთ პირველი: რისგან წარმოიშვა სამყარო. დავუშვათ კოსმოლოგიამ აღმოაჩინა, რომ სამყარო წარმოიშვა რაღაც X–ისგან. მაშინ ჩნდება კითხვა: რისგან წარმოიშვა X. დავუშვათ შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ X წარმოიშვა რაღაც Y-ისგან. კვლავ ჩნდება იგივე კითხვა: Y საიდან წარმოიშვა? და ა.შ. ცხადია ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და სადღაც და როგორღაც უნდა დასრულდეს. არსებობს ერთადერთი დასასრული: რომელიღაც ეტაპზე პასუხი უნდა იყოს, რომ რაღაც Z წარმოიშვა არაფრისგან, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ სამყარო წარმოიშვა არაფრისგან. ბიბლიაც სწორედ ამას ამბობს. თქვენ წარმოიდგინეთ, და „დიდი აფეთქების“ თეორია, რომელიც დღეისათვის არის ყველაზე მძლავრი და ყველაზე მწყობრი თეორია სამყაროს წარმოშობის შესახებ, ჰიპოთეზას „სამყაროს წარმოშობა არაფრისგან“ განიხილავს, როგორც ერთ–ერთ ყველაზე სანდო ვერსიას. თუმცა არის მცდელობები მცნება „არაფერი“–ს ინტერპრეტირებისა, მაგრამ ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გამო, ეს მცდელობები ბოლოს და ბოლოს მაინც აუცილებლად დასრულდება ერთი პასუხით: „სამყარო წარმოიშვა არაფრისგან“. სამყაროს წარმოშობას არაფრისგან ადასტურებს ისიც, რომ „დიდი აფეთქების“ თეორიის თანახბად, სრულიად დასაშვებია სამყაროს სრული ენერგია იყოს ნული. ცხადია, თუკი სამყარო წარმოიშვა არაფრისგან, მისი საწყისი ენერგია იყო ნული და, ენერგიის მუდმივობის კანონის თანახმად, ყველა ეტაპზე მისი სრული ენერგია უნდა დარჩეს ნული.

აი, კიდეც მივედით მთავარ სათქმელამდე:

„დიდი აფეთქების“ თეორია თავის ძირითად დებულებებში იმეორებს ბიბლიურ შესაქმეს და ამის წარმოჩენა მინდა ამ წერილით.

სამყარო რისგან წარმოიშვა, ამის შესახებ უკვე ვთქვით, – არაფრისგან.

ეხლა ვნახოთ, თუ როგორ, ანუ რა გზით წარმოიშვა სამყარო არაფრისგან. ბიბლიაში ეს ასეა აღწერილი: სამყრო წარმოიშვა არაფრისგან ღვთის სიტყვით. „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა. ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა“ (იოანე 1.1), ხოლო შესაქმეში წერია, რომ „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.“ „თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.“ „თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე“ და ა.შ. თუ დავაკვირდებით, შესაქმე შეგვიძლია დავიყვანოთ ასეთ ფორმულაზე: „ღმერთმა თქვა და რაც თქვა, შეიქმნა კიდეც“.

„დიდი აფეთქების“ თეორია ამბობს, რომ სამყარო წარმოშობის პირველ ეტაპზე იყო აბსოლუტურად ერთგვაროვანი ცხელი „სუპი“, იმდენად ერთგვაროვანი, რომ არ არსებობდა არანაირი სტრუქტურა თვით ელემენტარული ნაწილაკებიც კი, ანუ არ იყო არც ელექტრონი, არც პროტონი, არც ნეიტრონი და შესაბამისად, არც ატომი, ცხადია, არც ნივთიერება და ასეთ უსახურ ერთგვაროვან გარემოში რომ არ ჩაწერილიყო მუსიკა – ბგერა, არანაირი სტრუქტურა არ შეიქმნებოდა. ე.ი. დღევანდელ სამყაროში რაც კი არსებობს, ყველაფერი ამ მუსიკიდან – ბგერიდან მოდის. თანხვედრა აქაც თვალსაჩინოა.

დავუბრუნდეთ ზემოთ ნახსენებ ცხელ ერთგვაროვან „სუპს“, რაზეც საუბრობს „დიდი აფეთქების“ თეორია. ბიბლიის დასაწყისი აღწერს სამყაროს ისტორიის ანალოგიურ ეტაპს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცა და ქუეყანაჲ. ხოლო ქვეყანაჲ იყო უხილავ და განუმზადებელ და ბნელი ზედა უფსკრულთა და სული ღმრთისაჲ იქცეოდა წყალთა ზედა“. თანამედროვე ქართულით ეს ასე ჟღერს: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ“. სიტყვა „ერთგვაროვანი“ არის მეცნიერული ტერმინი. მის გასაგებად საჭიროა გარკვეული ცოდნა. ბიბლიაში კი ეს ერთგვაროვნება აღწერილია ყველა ადამიანისათვის გასაგები სიტყვებით: „ბნელი უფსკრული“ და „წყალი“, ხოლო ის რომ ამ დროს არ არსებობდა არანაირი სტრუქტურა გადმოცემულია ასევე ყველასთვის გასაგები სიტყვებით „უხილავი და განუმზადებელი“ („უსახო და უდაბური“). ესაა ყველა ადამიანისთვის მარტივად გასაგები ენა. როგორც ხედავთ, აქაც საოცარი თანხვედრაა ბიბლიასთან.

შემდეგი:

„დიდი აფეთქების“ თეორიის თანახმად სამყაროში ჩაწერილი მუსიკა – ბგერა, სამყაროსთან ერთად იჭიმება და დღეს მისი მსმენელი ყური სამყაროს ხელა, ან მასზე დიდი უნდა იყოს. ვინაიდან ეს მუსიკა სამყაროსთან ერთად იჭიმება, მაშინ გამოდის, რომ ყველა ეტაპზე მისი მსმენელი ყური სამყაროს ხელაა, ან უფრო დიდია. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში სიტყვა „დიდი“ პირობითია და უფრო სწორია: ის სამყაროს მიღმაა. ასეთი ბგერის მსმენელი და წარმომთქმელი, კი მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, თეორია ამბობს, რომ დღეს ამ მუსიკას ჩვენ ვაკვირდებით ცაში. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ერთ–ერთ საგალობელში (არა მარტო აქ) არის სიტყვები: „მუცელი შენი ცათა უვრცელეს ჰყო“, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთისმშობელმა დაიტია ის, რაც ცაშია, ცა კი – მთელი სამყაროა. ე.ი. ეკლესიური სწავლებით ქრისტე, იგივე ძე ღვთისა, იგივე სიტყვა ღვთისა ცაში იყო შობამდე და ჯვარცმისა და ამაღლების შემდეგაც ხომ ცად ამაღლდა და, რაღა თქმა უნდა, ის ცაში იყო მისი მიწიერი ცხოვრების დროსაც.

ეხლა შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს:

მოდით ვახსენოთ „დიდი აფეთქების“ თეორიიდან რამდენიმე რიცხვითი მონაცემი, კერძოდ: სამყაროს მინიმალური ზომა, რომელიც მეცნიერებისთვისაა ცნობილი ამ ეტაპზე, არის დაახლოებით 10 ხარისხად მინუს 30 მეტრი, ხოლო სამყაროს დღევანდელი ზომაა დაახლოებით 10 ხარისხად 25 მეტრი. ე.ი. სამყარო გაფართოვდა იმ უმცირესი ზომიდან, რომელიც პროტონზე დაახლოებით მილიარდჯერ და მილიარდჯერ ნაკლებია, იმ ზომამდე, რომელის გავლასაც სინათლის სხივი დაახლოებით 30 მილიარდ წელს უნდება. მასშტაბები ალბათ გასაგებია. ამავდროულად, საოცარი და აღმაფრთოვანებელია ადამიანური გონების შესაძლებლობა, ჩასწვდეს ამ მასშტაბებს. თეორიის თანახმად, აფეთქებისას სამყაროს გაფართოების სიჩქარე იყო წარმოუდგენლად დიდი: ყოველ 10 ხარისხად მინუს 37 წამში ყველა ზომა ორმაგდებოდა. დროის ასეთი მცირე შუალედის წარმოდგენაც ძალიან, ძალიან რთულია. ის წამის მემილიარდედზე მილიარდჯერ, მილიარდჯერ და მილიარდჯერ პატარაა. ე.ი. გაფართოება ხდებოდა გონებისთვის წარმოუდგენელი სისწრაფით. რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს გაფართოება, თეორიაში ჯერ–ჯერობით უცნობია, მაგრამ ზემოთ მოხმობილი რიცხვებიდან მარტივი არითმეტიკული გამოთვლებით გამოდის, რომ საკმარისია გაგრძელებულიყო 10 ხარისხად მინუს 35 წამი და ის ზემოთ ნახსენები უსასრულოდ მცირე სამყარო, გახდებოდა დღევანდელი გრანდიოზული ზომისა. მოდით ეს მომენტი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ: ჩვენი სამყარო ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ სივრცეში გაჩერება, რამდენი ხანიც გვინდა, მაგრამ გაჩერებას დროში ვერ ვახერხებთ, ის ჩვენგან დამოუკიდებლად მიდის. ე.ი. ჩვენთვის არსებობს სივრცის წერტილები, ხოლო დროის წერტილები, დროის მყისები – არა, დროს ჩვენ აღვიქვამთ მხოლოდ შუალედებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ზემოხსენებული უსასრულოდ მცირე დროითი შუალედი, რომელიც სამყაროს დასჭირდა იმ უუპატარავესი წერტილიდან დღევანდელ ხილულ ზომამდე გასაზრდელად, სინამდვილეში არის მყისი, – 0 წამი, ანუ ღმერთმა მყისიერად, ყოველგვარი დროითი შუალედის გარეშე შექმნა სამყარო და შექმნა თვით დროც, რომელიც მანამდე არ არსებობდა. შემდეგ ასევე მყისიერად შექმნა ყველაფერი, რაც სამყაროშია, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ადამიანს არა აქვს დროის მყისის აღქმის, აღწერის საშუალება, ჩვენ დროითი შუალედებით ვაზროვნებთ, ხოლო ღმერთი დროის მიღმაა და ამიტომ მისთვის რაიმეს შექმნა დროის გარეშე არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. აქ გამოიკვეთა კიდევ ერთი დამთხვევა: დიდი აფეთქების თეორიაც ამბობს, რომ სამყაროს წარმოშობამდე არ არსებობდა არც დრო.

„დიდი აფეთქების“ თეორიაში ცნობილია 60–ჯერადი გაფართოება, ბიბლიური შესაქმე კი ამბობს, რომ ღმერთმა სამყარო 6 დღეში შექმნა. აქ პირდაპირ იდენტურობაზე საუბარი ძნელია, მაგრამ გარკვეული მსგავსება მაინც არის.

გადავიდეთ შემდეგ საკითხზე: მეცნიერება ყოველ ეტაპზე ეძებს რაღაცას, რაც ავსებს სამყაროს, ამ „რაღაცის“ გარეშე შეუძლებელია ბევრი რამის ახსნა. თავდაპირველად ეს იყო ეთერი, მაგრამ შემდეგ მოხდა ამ ჰიპოთეზის უარყოფა. ეხლა, ჯერ ივარაუდეს, და შემდეგ დიდ კოლაიდურ ამაჩქარებელზე აღმოაჩინეს კიდეც ჰიგსის ნაწილაკი, ის ქმნის ჰიგსის ველს, ჰიგსის ოკეანეს, რომელიც ავსებს მთელ სამყაროს და რომელიც მასას აძლევს თითქმის ყველა ელემენტარულ ნაწილაკს. სამყაროში კი ყველაფერი შედგება ელემენტარული ნაწილაკებისაგან (ელექრტონი, პროტნი, ნეიტრონი). ფიზიკაში მასის შესახებ ცნობილია, რომ თუკი რამე არსებობს, მას უნდა ჰქონდეს მასა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ არსებობს. ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰიგსის ველი ავსებს ყოველივეს და ის აძლევს არსებობას ყოველივეს. ბიბლია კი ამბობს, რომ სულიწმინდაა ყოველივეს აღმავსებელი და ყოველივესთვის არსობის და არსებობის მიმნიჭებელი. რა თქმა უნდა, ჰიგსის ველი არაა სულიწმინდა, მაგრამ ნამდვილად არის მისი გამოვლინების ის ასპექტი, რაც ადამიანურ გონებას შეუძლია აღიქვას. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ფიზიკამ ჰიგსის ველიც უარყოს, მაგრამ დაიწყებს სხვა რამის ძიებას, რაც ავსებს სამყაროს და აქ სწორედ ესაა მნიშვნელოვანი.

სულთან დაკავშირებულ კიდევ ერთ თანხვედრას აღვნიშნავ: ფიზიკაში ცნობილია დუალიზმი, იგივე ორბუნებოვანება. ის პირველად აღმოჩენილ იქნა სინათლესთან მიმართებაში: აღმოჩნდა რომ, თურმე სინათლეს ახასიათებს ორმაგი ბუნება, ის ერთდროულად არის ტალღაც და ნაწილაკიც. შემდეგ დუალიზმი განივრცო ყველა ელრქტრო–მაგნიტურ გამოსხივებაზე, შემდეგ – ელემენტარულ ნაწილაკებზე და შემდეგ, კიდევ უფრო განზოგადდა და მოიცვა ყოველივე არსებული, ანუ მთელი მატერიალური სამყარო. რას ნიშნავს ეს? – თურმე ნებისმიერი სხეული ერთდროულად არის მატერიალურიც და არის ტალღაც, ამ ტალღას ჰქვია დე–ბროილის ტალღა. არსებობს სხეულის მახასიათებლების მიხედვით ამ ტალღის მახასიათებლების გამოსათვლელი ფორმულაც, მაგრამ ელემენტარული ნაწილაკების გარდა, სხვა სხეულების შესაბამის ტალღას ისეთი მახასიათებლები აქვთ, რომ მათი ამ სამყაროში განხილვა ვერ ხერხდება. როგორც ბიბლიიდანაა ცნობილი, გარდა სხეულისა, ჩვენ გვაქვს ცხოველმყოფელი და გონიერი სული, ასევე აქვთ ცხოველმყოფელი სული ცხოველებს და მცენარეებს, ასევე აქვს არსებობის სული არაცოცხალ მატერიას და ეს სული ჩვენთვის ამ სამყაროში უხილავია. აქაც გავიმეორებ: სხეულის შესაბამისი ტალღა არაა მისი სული, მაგრამ ნამდვილადაა ამ სულის გამოვლინების გონებისთვის მისაწვდომი ასპექტი.

კიდევ ერთი: ფიზიკაში ხილული სივრცის გარდა, შემოღებულია, – ცნობილია სავსებით ლეგიტიმური, მათემატიკურად აბსოლუტურად დათვლადი, მაგრამ უხილავი ე.წ. შინაგანი სივრცე. ხილული სივრცის ყველა არსებას და მოვლენას ამ სივრცეში აქვს სახე, უფრო სწორედ, ხილული სივრცე წარმოადგენს შინაგანი სივრცის ასახვას, ანუ მდგომარეობა შინაგან სივრცეში განსაზღვრავს მდგომარეობას ხილულ სივრცეში. ამის პარალელურად, გავიხსენოთ სახარების ერთ–ერთი ძირითადი მცნება და შესაბამისად, ეკლესიური სწავლებაც, რომ „სული ქმნის ფორმებს“. შინაგანი სივრცის მსგავსად ფილოსოფიაშიც არსებობს ე.წ. იდეათა სივრცე, ანუ ყველაფერი სადღაც არსებობს იდეაში და ხილული სამყარო ამ იდეების განსახიერებაა. როგორც ვხედავთ, არსი მასაც იგივე აქვს, რაც შინაგან სივრცეს, განსხვავება იმაშია, რომ იდეათა სივრცე ფილოსოფიური ცნებაა, ხოლო შინაგანი სივრცე მათემატიკურად დათვლადი ცნება. თუმცა ამ წერილის მიზნისთვის ორივეს არსებობა დამატებითი არგუმენტია.

ფიზიკაში ცნობილია რამდენიმე ტიპის ურთიერთქმედება, რომლებიც სათითაოდ იქნა აღმოჩენილი. შემდეგ კვლევებმა აჩვენეს, რომ ელექტრული და მაგნიტური ურთიერთქმედება ერთიანი ელექტრომაგნიტური ველის გამოვლინებაა. ამ აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ყველა სახის ურთიერთქმედება: გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, სუსტი და ძლიერი, ხომ არ არის რაღაც ერთი უნივერსალურის ძალის შედეგი და დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა, რომელიც დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა, იმდენი წინაპირობა და მონაცემი არსებობს, რომ ის აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ბიბლიურად კი ეს ასეა: სამყაროს წარმართავს ძალი ღვთისა.

უნდა ვიფიქროთ, რომ თუკი უფრო ღრმად  ჩავიხედავთ ბიბილიასა და კოსმოლოგიაში, უფრო მეტი არგუმენტი გამოჩნდება შესაქმისა და „დიდი აფეთქების“ თეორიის დებულებებისა და დასკვნების საოცარი მსგავსების დასანახად, მაგრამ მაინც დავსვამ ერთ კითხვას: რატომ გვიწევს იმის მტკიცება, რომ ბიბლია და „დიდი აფეთქების“ თეორია ერთსა და იმავეს ამბობს. ამის ასახსნელად მოვიშველიებ ანალოგიას: დავუშვათ ჩვენ შორს, მთის წვერზე ვხედავთ რაღაც შენობას. ჩვენ მას აღვწერთ, მაგრამ ეს აღწერა ვერ იქნება აბსოლუტურად სწორი, მას ექნება გარკვეული სიზუსტე, რადგან  დეტალების და, ზოგ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი მახასიათებლების  გარკვევა შეუძლებელია სიშორის და ერთი მხრიდან ცქერის გამო. ამავ დროულად არის სხვაც, ვინც ამ შენობას ხედავს ახლოდან და ყოველი მხრიდან. ცხადია, ასეთ შემთხვევაში საჭიროა იმის მტკიცება, რომ ორივე ერთი და იგივე შენობის შესახებ ვსაუბრობთ. მსგავსი სიტუაციაა სამყარისთან მიმართებაშიც: სამყარო არაა მხოლოდ უსულო მატერია, ის განსულიერებული რამაა. ამის საბუთად ადამიანის არსებობაც კმარა, მეცნიერება კი სულს ვერ შეისწავლის, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სული მისი საწყისია. ე.ი. მეცნიერება „შორდან“ და „გარკვეული კუთხით“ უყურებს სამყაროს, ხედავს და შეისწავლის მხოლოდ მის მატერიალურ მხარეს.

 საოცარია აზროვნების უნარი. ყველა დაკვირვებია იმას, რომ ჩვენს გონებაში წარმოიშობილი აზრი, რაც უფრო გენიალურია, მით უფრო მყისიერია, ანუ არა აქვს დროითი განზომილება; არა აქვს არც სივრცული ზომა – სიგრძე, სიგანე, სიმაღლე; არა აქვს არც ტემპერატურა, არც წნევა, არც მოცულობა, და საერთოდ: არ აღიწერება ჩვენს მიერ სამყაროს აღწერისთვის გამოყენებული არც ერთი პარამეტრით, ის თითქოს გარედან შემოდის ჩვენში. მისი სრულყოფილად სიტყვით გადმოცემაც კი შეუძლებელია, ყოველთვის გვრჩება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. 

ყოველივე ზემოთ თქმული ბადებს უმნიშვნელოვანეს კითხვას: რატომ შეიქმნა სამყაროში ადამიანის ტვინი, რომელსაც შეუძლია შეისწავლოს სამყაროში მიმდინარე მოვლენები და ჩასწვდეს მთლიანად სამყაროს, იაზროვნოს ამ მასშტაბებში? – ეს კითხვა უმნიშვნელოვანესია და უამრავ მეცნიერს აწუხებს. პასუხი შეიძლება იყოს ძალიან მარტივი: ტვინის არსებობა დასტურია იმისა, რომ სამყარო ადამიანისთვისაა შექმნილი, ხოლო ადამიანის დანიშნულებაა დაუახლოვდეს ღმერთს:

„არა ვიქმ ცოდნა რას გვარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,

 მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“

გენიალურადაა „ვეფხისტყაოსანში“ ნათქვამი.

მივედით შემდეგ დასკვნამდე: მეცნიერება და ბიბლია ერთსა  და იმავეს აღწერენ სხვადასხვა სიტყვებით. პირველი ამისთვის იყენებს უამრავ ბუნდოვან ცნებას, რომელთა ნაწილობრივ გასაგებადაც კი, საჭიროა სპეციალური ცოდნა. ბიბლიამ კი, ყოველგვარი მეცნიერული ცნებების გარეშე, მარტივი, ყველასთვის გასაგები ენით აღწერა სამყაროს წარმოშობა. საიდან მოვიდა ბიბლიაში ეს ცოდნა? არაა საოცარი და დასაფიქრებელი? მეცნიერული ტერმინების ბუნდოვანება და მათი ბოლომდე გაგების შეუძლებლობა ვახსენე ახლახანს და წამოსროლილ  ფრაზად რომ არ ჩამეთვალოს, აქვე ვიტყვი: არც ერთი ფუნდამენტური ცნება, რომლებითაც ფიზიკა ოპერირებს და ცდილობს სამყაროს წარმოშობის მექანიზმის ამოხსნას: მასა, მუხტი, ენერგია, ენტროპია, გრავიტაცია, კვანტური ფლუქტუაცია და ა.შ. არაა განმარტებული, ანუ ზუსტად არ ვიცით რა არის, მაგალითად ენერგია, უფრო მეტი: დღეს დღეობით იმის დამტკიცებაც ვერ ხერხდება, რომ მასა, როგორც ინერტულობის საზომი სიდიდე და მასა, როგორც გრავიტაციული ურთიერთქმედების მიზეზი, ერთი და იგივეა. უნდა ვივარაუდოათ, რომ ამ ტერმინების განმარტება ვერც მოხდება, რადგან მაშინ სხვა განუმარტებელი ბაზისის შემოტანა იქნება საჭირო. ამის ნათელი მაგალითია ზემოთ ნახსენები ჰიგსის ველი, რომლის მეშვეობითაც ვცდილობთ მასის არსის გაგებას, მაგრამ ამ დროს თვით ჰიგსის ველი გახდება ახალი თავსატეხი. ასევე ძირითად ცნებებზე  და აქსიომებზე დგას მათემატიკაც. უნდა აღვნიშნოთ, რომ ძირითადი ცნება განა არ საჭიროებს განმარტებას, არამედ ვერ ხერხდება მისი განმარტება. მაგალითად, ჩვენ რომ წერტილის (ერთ–ერთი ძირითადი ცნებაა) განმარტება ვცადოთ, მოგვიწევს სხვა  ცნების მიღება განმარტების გარეშე ძირითად ცნებად. ასევეა აქსიომის შემთხვევაშიც: აქსიომა განა არ საჭიროებს დამტკიცებას, არამედ ვერ მტკიცდება, რადგან მისი დამტკიცების მცდელობის შემთხვევაში, სხვა გამონათქვამი უნდა მივიღოთ აქსიომად. ანუ, გამოდის, რომ მეცნიერებაც დოგმატურია და ე.ი. ჩვენი, ადამიანის სულიერი და გონებრივი მოღვაწეობა ეყრდნობა დოგმატურ რელიგიას და დოგმატურ მეცნიერებას. დოგმატიკა სულაც არაა უარყოფითი მოვლენა. ეს კიდევ ერთი მძლავრი არგუმენტია სამყაროს ერთიანი სულისა და მისი ღვთიური საწყისისა: მეცნიერებაც კი დოგმატური გვაქვს. 

 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,, დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს ქრისტეს შობას, მის პირველად მოსვლას. სახარების მიხედვით, მას ჯერ მიეახლნენ მწყემსები, ანუ გულით მორწმუნეები. მათ შემდეგ ქრისტეს მიეახლნენ მოგვები, – ანუ მეცნიერები, რომლებიც ცას აკვირდებოდნენ და იყვნენ ჭეშმარიტების გულწრფელი მაძიებელნი. სახარებიდანაც ჩანს და განმმარტებლებიც ამას ამბობენ, რომ ისინი იყვნენ ვარსკვლავთმრიცხველები, ანუ იგივე კოსმოლოგები. კოსმოლოგია კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს ფიზიკის ის დარგია, რომელიც შეისწავლის სამყაროს წარსულს, აწმყოს და მომავალს. კოსმოლოგებმაც, სახარებისეული მოგვების მსგავსად, ცაში ყურებით და მასზე დაკვირვებით ისეთი რამ დაინახეს და შეიმეცნეს, რომ ღვთის აღიარებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩათ. ამიტომ ვფიქრობ, ისინიც მოგვების მსგავსად "ვარსკვლავებისაგან ისწავლიან თაყვანისცემას ღვთისას" და აღიარებენ მას. ეს კი შექმნის სახარების საყოველთაო ქადაგების საუკეთესო წინაპირობას მეორედ მოსვლის წინ, რაც ნაწინასწარმეტყველებია სახარებასა და აპოკალიპსში.

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq