ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა და გაბრიელი (X) საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერთად იხსენიებს წმიდა ათონის მთაზე ქართველ სასულიერო მოღვაწეთა სავანის დამაარსებელ მამებს - ღირს იოანესა და გაბრიელს. ნეტარმა მამა იოანემ ქრისტეს სიყვარულის გამო დატოვა ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები და ფარულად მიაშურა ლავრას დიდებულთა ოთხთა ეკლესიათა. ათანასეს ლავრას მალე იმდენმა ქართველმა მიაშურა, რომ იოანე იძულებული გახდა, ლავრისგან მოშორებით საკუთრად ქართველებისათვის აეშენებინა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ივერიელებმა სენაკებიც ააგეს საცხოვრებლად. მათ შორის იყო ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავიც, ბერად აღკვეცილი იოანეს სახელით. ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, რომ საბერძნეთის მეფეებს, ბასილისა და კონსტანტინეს ბარდა სკლიაროსი განუდგა და ძლიერ შეავიწროვა. იმპერატორების დედამ, თეოფანიამ, წერილი გაუგზავნა ათონელ მამებს და სთხოვა, თორნიკე სასახლეში მისულიყო. თორნიკეს საერო საქმეში ჩარევა არ უნდოდა, მაგრამ, იოანესა და ათანასეს რჩევით, გამოცხადდა საბერძნეთის სამეფო კარზე და დედოფლისა და დავით კურაპალატის თხოვნით სათავეში ჩაუდგა სამეფო ლაშქარს. ღვთის შეწევნით, აჯანყებული ბარდა სკლიაროსი დამარცხდა. გამარჯვებაში ლომის წილი ქართველთა ჯარმა შეიტანა. ბრძოლის ველიდან წამოღებულ ი ნადავლი, დავით კურაპალატის სურვილით, იოანე-თორნიკემ ათონის წმიდა მთაზე წაიღო. ორი ღირსეული მამის მოღვაწეობამ ისე მოამრავლა მთაწმინდაზე ქართველები, რომ წმიდა იოანემ და თორნიკემ თავს იდვეს ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება. სულ მალე ათონზე ორი ეკლესია აშენდა: ერთი - ღვთისმშობლისა, მეორე კი - იოანე ნათლისმცემლის სახელზე. ღირსმა მამებმა მთაწმინდის სხვა ეკლესია-მონასტრებსაც გაუწოდეს დახმარების ხელი. წმიდა გაბრიელ ქართველი ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ის ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით სავანეში ჩადიოდა და იქაც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა, მარადჟამს ძაძა ემოსა და ბალახით იკვებებოდა, იყო ჭეშმარიტად კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა. ერთხელ, საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. მამები ნავით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, ხატი დასცილდა მათ გარკვეული მანძილით. ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანისა, იმავდროულად იგი გამოეცხადა ქართველ ბერს და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წ ყალობას თქვენი სავანისადმი“. ბერებმა წმიდა მამა ზღვაში შეუშვეს. ცეცხლმნთებარე ხატიც მიუახლოვდა წმიდა გაბრიელს. მან წმიდა ხატი გულზე მიიქვა, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე აგრილებს სიცხისგან დაღლილ ბერებს და მლოცველებს. ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს. ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა წმიდა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღარა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“. ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს. |