როცა ქართველი ერის
უდიდეს სიწმინდეებზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესი წმიდათა წმიდა საუნჯე
ჩვენთვის იყო, არის და იქნება ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია - თვით ღმერთის მიერ
ამქვეყნად დაფუძნებული ცხოვრების წყარო, ჩვენი ხსნის, შემოქმედთან დაბრუნებისა და სამარადისო
ბედნიერი არსებობის დასამკვიდრებელი გზა და საშუალება. სხვა ყოველივე კი მხოლოდ ნაწილია
ამ უდიდესი საუნჯისა.
უგამორჩეულესი სიწმინდეა
საქართველოში უფლის კვართი, დასვენებული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და სიმბოლურად
გამომხატველი მსოფლიო ეკლესიის ერთიანობისა და განუყოფლობისა.
უდიდესი სიწმინდეა
ზუგდიდში არსებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი მოსასხამი.
უდიდესი სიწმინდეა
წმ. თომა მოციქულის თავის ქალა, დაცული სიონის საკათედრო ტაძარში.
უაღრესი სიწმიდეა
წმიდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი, დასვენებული ასევე სიონის საკათედრო ტაძარში.
საღმრთო ძალის მომნიჭებელი
უდიდესი სიწმიდეებია რწმენისათვის წამებულთა და ღვთის სხვა სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები,
სათუთად დაცული ბევრ ჩვენს ეკლესია-მონასტერში.
და ბოლოს, უდიდესი
სიწმიდეებია უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანთა აღურაცხელი ხატები, დასვენებულნი ჩვენს
ყველა ეკლესიაში, მონასტერში, მომცრო საყდრებსა თუ ოჯახებშიც კი.
ყველა ამ საეკლესიო
სიწმიდის უბრალო ჩამოთვლასაც კი რამდენიმე ჩვენნაირი გაზეთის ფურცლებიც არ ეყოფოდა!...
დღეს ერთ-ერთ ასეთ
უდიდეს სიწმიდეზე გვსურს ყურადღების გამახვილება, რადგან იგი, სამწუხაროდ, უკვე მრავალი
წელია მოსწყვიტეს ჭეშმარიტ ადგილსამყოფელს და მუზეუმის საკუთრება გახადეს. ეს არის
ჩვენი უფლისა და მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, წოდებული ანჩის ხატად, რომლის სახელობაზეც
თბილისში საგანგებოდ ეკლესიაცაა კურთხეული. თავის დროზე იგი უღმრთო მთავრობის გადაწყვეტილებით
და ღმერთის დაშვებით ხელოვნების მუზეუმში ბრწყინვალე ნიმუშად იქცა, რომლის ნახვის უფლებისათვის
ფული უნდა გადაეხადათ. იგი ერთგვარი ქონებაც იყო, რომელიც სხვა ძვირფასეულობასთან ერთად,
უზრუნველყოფდა ღვთისმბრძოლი საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოშვებულ ქაღალდის ფულს! დღეს
უღმერთო ხელისუფლებამ ვითომ სახე იცვალა, ეკლესიისკენაც თითქოს კეთილისმსურველი თვალით
მოიხედა, მაგრამ ამ უდიდესი სიწმინდის დაბრუნება მისი ნამდვილი პატრონისათვის - მართლმადიდებელ
მორწმუნეთათვის მაინც არ სურს! მის დაბრუნებას კი ბევრნი მოითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ თავად კათალოკოს-პატრიარქმა მიმართა თვით სახელმწიფოს მეთაურს
უმორჩილესი თხოვნით - დაგვიბრუნეთ ანჩის წმინდა ხატი, მისი ადგილი მუზეუმში კი არა,
მართლმადიდებელ ეკლესიაშია, და თქვენც, როგორც მორწმუნე და ეკლესიაში მოარულმა კაცმა,
ეს კარგად უნდა უწყოდეთო. მაგრამ ეს თხოვნაც კი ამაო გამოდგა. ხოლო ამ მიმართვა-პასუხების
გვირგვინია 1997 წლის 2 აგვისტოს კულტურის მინისტრის ვ. ასათიანის წერილი ანჩისხატის
ეკლესიის მრევლისადმი, მის ფაქსიმილეს აქვე გთავაზობთ, რომელიც ნიმუშია ბოლშევიკურ-ათეისტური
მთავრობის მიმართებისა ეკლესიისადმი (სულ ერთია, ეს მთავრობა კომუნისტურ სამოსში იქნება
გამოწყობილი, თუ დემოკრატიულში).
სანამ ამგვარ თხოვნა-მოთხოვნათა
მართებულობაზე ვიტყოდეთ რამეს, გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენს ეს ხატი, საერთოდ რა
არის წმინდა ხატები და რატომ ვეთაყვანებით მათ.
...უფალ იესო ქრისტეს
ამქვეყნად ყოფნისა და საზოგადო მხსნელი მსახურების აღსრულების ჟამს მცირე აზიის ქალაქ
ედესოს მეფემ, მძიმე სენით შეპყრობილმა, ავგურმა, ვისაც იესოს სასწაულმოქმედებათა შესახებ
სმენოდა, კაცი გაგზავნა უფალთან და სთხოვა - მეც მეწვიე, განმკურნე და შენს ყოველ ნებას
აღვასრულებო. და როცა საპასუხოდ ლოცვა-კურთხევის წერილი მიიღო, რადგან იესოს იერუსალიმში
ჰქონდა აღსრულებული ჩვენი ხსნის დიადი საქმე და ვერ ჩავიდოდა ესოდენ შორეულ ქალაქში
(იერუსალიმიდან ედესომდე, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზეა, დაახლოებით
800 კილომეტრია), უდიდესი შვება იგრძნო ავგურ მეფემ, მიხვდა, რომ ზებუნებრივი ძალის
მქონე ღმერთთან და ადამიანთან ჰქონდა საქმე და მაშინვე მხატვარი გაგზავნა იესოსთან,
რათა მას ტილოზე გადმოეღო უფლის პირისახე და ავგურთან მოეტანა, რამეთუ ამ წარმართ მეფეს
სჯეროდა - როგორც კი შევხედავ იესოს სახეს, ტილოზე დახატულს, უმალვე განვიკურნებიო.
მაგრამ როცა მხატვარი იესოს მახლობლად დადგა და ნაბრძანების შესრულება დააპირა, ვერაფრით
ვერ შეძლო ეს, რადგან უფლის პირისახე უჩვეულოდ გაბრწყინდა და მხატვარმაც ვერაფერი დაინახა.
მაშინ, რაკი მხატვარი უღონო იყო, იესომ გამოართვა ტილო, მიიდო ღვთაებრივ სახეზე და
სასწაულებრივად გამოსახა მასზე თავისი ხატება. ეს იყო მაცხოვრის პირველი ხელთუქმნელი
და საკვირველმოქმედი ხატი. შემდგომში პირველი ხატები უფლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა
შექმნა წმიდა მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ, რომელიც დახელოვნებული მხატვარიც იყო.
ამრიგად, წმიდა ხატები და მათი თაყვანისცემა ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიაში თვით
უფლის ნებითაა დადგინებული...
რამდენიმე საუკუნის
შემდეგ მაცხოვრის ეს პირველი ხელთუქმნელი ხატი კონსტანტინოპოლში აღმოჩნდა, ხოლო მე-8-მე-9
საუკუნეებში, როცა ბიზანტია ხატმბრძოლმა მწვალებლობამ მოიცვა, იგი კლარჯეთში გადმოასვენეს,
ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში (მდინარე ჭოროხის პირას, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე).
წმინდა კეთილმსახური მეფის თამარის ბრძანებით ხატი ოქრო-ვერცხლის მოჭედილობით და ძვირფასი
ქვებით შეამკო სახელგანთქმულმა ოსტატმა ბექა ოპიზარმა. მე-15 საუკუნეში, როცა კონსტანტინოპოლი
თურქებმა აიღეს, ბიზანტიის აღმოსავლეთ ნაწილსაც საშიშროება დაემუქრა, სადაც მაცხოვრის
ხელთუქმნელი ხატი იყო დასვენებული: მაჰმადიანი თურქები ყველგან ავიწროვებდნენ ქრისტიანულ
ეკლესია-მონასტრებს, იტაცებდნენ სიწმინდეებს, ძვირფას საეკლესიო ნივთებს, ძალით ამაჰმადიანებდნენ
მოსახლეობას. ამიტომ ანჩის წმიდა ხატი ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი თბილისში გადმოასვენეს
(მე-17 ს.), სადაც დომენტი კათალიკოსის ბრძანებით მე-7 საუკუნეში აგებულ საკათედრო
ტაძარში მიუჩინეს ადგილ-სამყოფელი, რომელსაც ამიერიდან ანჩისხატის ეკლესია ეწოდა (მე-18
საუკუნის დასაწყისში).
მაცხოვრის ეს ხელთუქმნელი
წმინდა ხატი უდიდესი თაყვანისცემის საგანი იყო ქართველი მორწმუნეებისათვის. მისგან
მრავალი სასწაულმოქმედება და საკვირველი კურნება აღსრულებულა. უფლის, ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლისა და წმინდანების ხატებს იმიტომ ვცემთ თაყვანს, რომ მათთვის მიგებული პატივი
ხატებზე გამოსახულთ აღევლინებათ; ხატები თვალსაჩინო, ყველასათვის მისაწვდომი საშუალებაა
ღმერთის და მის სათნომყოფელთა საქმეების შეცნობისა და განდიდებისათვის. ხატმბრძოლი
მწვალებლები ხატების უარყოფას მეორე საღმრთო მცნებით ამართლებდნენ, ის კი ავიწყდებოდათ,
რომ ღმერთი ძველი აღთქმის ისრაელიანებს მხოლოდ იმის გამო უკრძალავდა კერპების, მსგავსებების
(ანუ გამოსახულებების) შექმნას და თაყვანისცემა-მსახურებას, რომ მათ მიდრეკილება ჰქონდათ
კერპთაყვანისმცემლობისა და ცრუ-ღმერთების თაყვანისცემისაკენ, ანუ ქვეყნიური კეთილდღეობის
სიყვარული მათში ღმერთის სიყვარულს სჭარბობდა. დიახ, სწორედ მათი მცირედმორწმუნეობის
გამო უკრძალავდა ღმერთი ისრაელიანებს მსგავსებათა შექმნას, თორემ გამოსახულებათა, ანუ
ხატთა თაყვანისცემა ხომ ძველ აღთქმაშიც იყო! აბა - განა ხატი არ იყო თვით სჯულის კარავი,
რომელიც ზეციურ ეკლესიას გამოსახავდა?! განა ხატი არ იყო ციურ მანანით სავსე ბარძიმი,
რომელიც სჯულის კიდობანზე ინახებოდა?! განა ხატი არ იყო მოსეს მიერ უდაბნოში ძელზე
მიკრული სპილენძის გველი, რომელიც მომავალი ჯვარცმული უფლის წინასახე იყო და რომლის
ოდენ შეხედვითაც კი გველთა მომაკვდინებელი გესლისაგან უვნებელნი გადარჩებოდნენ ისრაელიანები?!
ეს ძველ აღთქმაში გახლდათ, ხოლო ახალი აღთქმის მორწმუნეებს - ჭეშმარიტ ისრაელ ერს -
თვით უფალმა და მისმა მოციქულებმა - მოგვცეს და დაგვიდგინეს წმინდა ხატების თაყვანისცემა.
ამასთან, სანამ უფალი ღმერთი ჯერ ამ ქვეყანას არ მოვლენოდა ხორციელ-ქმნითა და განკაცებით,
მისი არც გამოსახვა არ შეიძლებოდა, ხოლო როცა იგი იშვა ქალწულისაგან და ღმერთი ადამიანადაც
შეიქმნა ჩვენი ხსნისა და გამოსყიდვისათვის, მისი გამოსახვაც შესაძლებელი გახდა. ვინც
უარყოფს ამას, ის უარყოფს თვით იესო ქრისტეს.
ეს იმ მრავალრიცხოვანი
საკვირველი სასწაულებითაცაა დადასტურებული, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე აღესრულებოდა
და დღესამომდე აღესრულება წმიდა ხატებისაგან მორწმუნეთა წრფელი ლოცვისა და სასოების
საპასუხოდ. რამეთუ როცა ადამიანი ღირს-საფერად მიეახლება ხატს, მისგან საღმრთო ძალა
და მადლი მოენიჭება.
მაგრამ საეკლესიო
მატიანედან მრავალი ისეთი შემთხვევაცაა ცნობილი, როცა წმიდა ხატები და სხვა სიწმიდეები
(მაგალითად, ღვთის სათნომყოფელთა წმიდა ნაწილები) დაფარვიან ადამიანებს, გაუჩინარებულან,
დაკარგულან მათთვის სწორედ მათი ცოდვებისა და მცირედმორწმუნეობის გამო, ხოლო როცა მორწმუნეთ
გულით შეუნანიათ თავიანთი შეცოდებები და კვლავ ღვთისკენ მიმავალ გზას დასდგომიან, კვლავ
გამოჩენილან, დაბრუნებიან ადამიანებს საკვირველი სახით და სასწაულებრივად დაუდასტურებიათ
მათთვის ღმერთის უსაზღვრო მოწყალება.
და იქნებ სწორედ ჩვენი
ასეთი მცირედმორწმუნეობისა და ცოდვებისათვის მიეფარა ჩვენგან მაცხოვრის ხელთუქმნელი
- ანჩის ხატიც?! იქნებ სწორედ ჩვენი სულიერი ძალისხმევა - ცოდვათ წრფელი მონანიება
და მთელის არსებით ღმერთისაკენ მიქცევა სურს უფალს წმიდა ხატის ჩვენგან დაფარვით, რამეთუ
ჩვენ ჯერ-ჯერობით ღირსი არა ვართ ამ სიწმინდის მიღებისა?! იქნებ სწორედ ჩვენი ხელახალი
მოქცევის შემდეგ გამოგვიჩნდება იგი კვლავ სასწაულმოქმედ ხატად და კვლავ ეკლესიაში დაიდებს
ბინას ჩვენს შესაწევნელად და ღმერთის განსადიდებლად?!
მანამდე კი უწმინდესი
ხატი დაფარული იქნება ჩვენგან, თითქოს მიუძინია და გამოღვიძებას ელოდება ათასობით მორწუნე
ქართველის ლოცვითი ღაღადითო. მას ვერაფერს დააკლებენ ახალი დროის კერპთაყვანისმცემლები,
რომელთათვის ხელოვნებაც კი ახალ "ღვთაებად" ქცეულა. და წმინდა ხატს, ანუ
საღმრთო მადლის გამოხატულებას, ვერ დავიბრუნებთ ვერანაირი თხოვნით, ვერანაირი მოთხოვნით
საერო ხელისუფლებისადმი, თუკი თვით ჩვენი სულიერი განწმენდა არ აღსრულდა. ეს კი მხოლოდ
ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული!... |