|
ღირსნი მამანი ჩვენნი - ევაგრე, ილია დიაკონი და სხვანი
4 (ახალი სტილით 17) იანვარს ქართული ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს ღირსთა მამათა ჩვენთა - ევაგრესი, ილია დიაკონისა და სხვათა
ღირსი ევაგრე და ილია დიაკონი იყვნენ წმიდა შიომღვიმელისა და იოანე ზედაზნელის თანამოღვაწეები. მათ უშუალოდ გააგრძელეს და დააკმვიდრეს მათი წმიდა მოძღვრების ღვთივგაბრძნობილი სამონასტრო წეს-განგებანი.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით VI საუკუნეში ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოვიდა ცამეტი ასურელი მამა. მათმა სულიერმა მოძღვარმა, იოანემ (ხს. 6 მაისს) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაგზავნა ისინი სამოღვაწეოდ. მათ სახელებთანაა დაკავშირებული ბევრი მონასტრის დაარსება და საქართველოში ბერ-მონაზვნობის აღორძინება-განმტკიცება.
თვითონ იოანე ზედაზნის მთაზე დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა ილია დიაკონთან ერთად.
წმიდა იოანეს ერთ-ერთი თანამოღვაწე, ანტიოქიელი ღვთისმოსავი დიდებულის შვილი, ღირსი შიო მღვიმელი კი სარკინეთის მთებში დაყუდა. მიყრუებულ მთებში მოღვაწე ბერს, ღვთის განგებით, მტრედი უზიდავდა საზრდოს.
ერთხელ ღირსი შიო მღვიმელი ნახა ამ მხარეში სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს) და წმიდა ბერის სასწაულებით გაკვირვებულმა, მასთან სამოღვაწეოდ დარჩენა გადაწყვიტა.
ასე დაედო საფუძველი საქართველოში ზედაზნისა და შიომღვიმის სახელით ცნობილ პირველ მონასტრებს. მხოლო ღმერთმა უწყის ასურელ მამათა მიერ საქართველოში დაარსებულ მონასტრებში მოღვაწე წმიდა მამათა რიცხვის და ღვაწლის შესახებ. საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი ევაგრესა და წმიდა ილია დიაკვნის სახეით მეოხებას ითხოვს ასურელ მამათა თანამოღვაწე და მათი წმიდა საქმის გამგრძელებელი ყოველი ღირსი და ღმერთშემოსილი მამისაგან, რომელთა ღვაწლით დაფუძნდა საქართველოში მონასტრები და განმტკიცდა მონაზვნური ცხოვრება.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ. |
|