|
წმიდა ნინოს ხსენების დღე (მისი გარდაცვალება „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით) გაიოზ მამალაძე
| ჰენრიკ ჰრინევსკი – ქაშუეთის ტაძრის მოხატულობა, წმინდა ნინო | 14 (ახალი სტილით 27) იანვარს ქართული ეკლესია აღნიშნავს ქართველთა განმანათლებლის, წმინდა მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღეს.
ვულოცავთ ქართველებს წმინდა ნინოს ხსენების დღეს! მისი მადლი არ მოჰკლებოდეს ივერიას და ყოველ ჩვენგანს!
ქართველებისათვის წმინდა ნინოს ხსენებისა და მისი საქართველოში შემობრძანების დღეები უმნიშვნელოვანესი დღესასწაულებია. წმინდა ნინოს საქართველოში მოღვაწეობის დროიდან ხომ ქართული სახელმწიფო ქრისტიანობის გზას დაადგა, რომელმაც განსაზღვრა კიდეც ჩვენი რწმენა, თვითშეგნება, დამოკიდებულება სამყაროსადმი, ჩვენი არსებობა მთლიანად და ჩვენი ერის მნიშვნელობა კაცობრიობის ჭრელ მრავალფეროვნებაში.
ქართველებს ძალიან უყვართ წმინდა ნინო. მსოფლიოში იშვითია ისეთი ქალი, რა თქმა უნდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მერე, რომელიც რომელიმე ქვეყანაში შეედრება წმინდა ნინოს პოპულარობით. მასზე შექმნილია უამრავი რელიგიური ნაწარმოები, უამრავი ფრესკა, ხატი, ლექსი... ქართველები დიდი სიყვარულით არქმევენ თავის შვილებს ნინოს, წმინდა ნინოს პატივსაცემად და მისი მფარველობის იმედით.
წმინდა ნინო და მისი ვაზის ჯვარი, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადასცა მას სიონის მთაზე, ქართველთა გასანათლებლად, უმნიშვნელოვანესი სიმბოლოებია ჩვენი ცხოვრებისა. შეხედავ წმინდა ნინოს ხატს ან ჯვარს და უმალ საქართველო დაგიდგება თვალწინ, ილოცებ წმინდა ნინოს ხატის წინ და შეუძლებელია მხოლოდ საკუთარი ც
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ოდვები გაგახსენდეს, სამშობლოსათვის ცრემლმორეული უსათუოდ შესთხოვ, კვლავ შემობრძანდეს ივერიაში...
წმინდა ნინოს მისტერიაში გამოჩნდა თუ განმეორდა თითქმის ყველა სიმბოლო და მადლი, რაც სამყაროს შემოქმედმა ქართველ ერს უწყალობა: ქრიატიანობა, მიწათმოქმედება (ვაზის ჯვარი); ქალის, დედის განსაკუთრებული თაყვანისცემა - ღვთისმშობლის წილხვედრობა. ღვთისმშობლის ზრუნვა საქართველოსთვის; ჭეშმარიტების, სიბრძნის ცნობა და მისი მორჩილება. ქართველი კაცის, თუნდაც ყველაზე ძლევამოსილის. მეფის მიერ; ქართული ეკლესიის ოფიციალური დაარსება; ძელიცხოველის ნაწილების ჩამობრძანება საქართველოში. სვეტიცხოველი (ქრისტეს კვართის ქვეყანა) - ახალი რჩეული ხალხის ჩამოყალიბება, რომელსაც ახალ ისრაელს უწოდებენ ქრისტიანები...
კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო, დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავი გახლდათ, რომის მხედართმთავრის, ზაბულონისა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული... როდესაც იგი თორმეტი წლისა შეიქმნა, მშობლებმა ყველაფერი გაჰყიდეს, იერუსალიმში გადასახლდნენ და თავის ქრისტეს მიუძღვნეს... იერუსალიმის პატრიარქთან იზრდებოდა და მოღვაწეობდა წმინდა ნინო, შემდეგ ღვთისმშობლის სურვილით საქართველოში გამოემგზავრა, ქართველების გასანათლებლად...
წმინდა ნინოს ცხოვრების აღწერა უნდა დაწერილიყო წმინდა ნინოს აღსრულებიდან სულ მალე. „წმინდა ნინოს ცხოვრების“ სხვადასხვა რედაქციებია შემორჩენილი („მოქცევაჲ ქართლისაჲს“ რედაქციები, „ქართლის ცხოვრება“...)“. მათ, სავარაუდოდ ერთი ავტორი არ ჰყავს, სხვადასხვა პირის მიერ არის მოთხრობილი თუ ჩაწერილი, რომელიც მერე გადამუშავდა, მაგრამ უძველესი პლასტები ამ რედაქციებში ნამდვილად შეიმჩნევა. „წმინდა ნინოს ცხოვრება“ არის ერთ-ერთი უმნიშვლელოვანესი საკრალური ნაწარმოები, რომელიც ქართველებს შეუქმნიათ, როგორც „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“, როგორც „ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“ და სხვა. მასში დალექილია უძველესი ქრისტიანული ცოდნა და საიდუმლოები, სიმბოლოები. ამ თემაზე ნაწილობრივ გვისაუბრია პრესა.გე-ს მკითხველთან და სხვა დროსაც ვისაუბრებთ.
„წმინდა ნინოს ცხოვრება“ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიული წყარო. ის უამრავ ცნობას იძლევა მაშინდელ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ის რომ წმინდა ნინოს აღსრულებიდან სულ მალეა შექმნილი, ჩანს V-VI საუკუნის უცხოელი ავტორების თხზულებებში, სადაც მოთხრობილია წმინდა ნინოს, „ტყვე-ქალის“ შესახებ. წყარო უნდა იყოს ქართული თხზულება, რომელიც რეალური თვითმხილველების მოთხრობის საფუძველზეა შექმნილი.
გავიხსენოთ წმინდა ნინოს უკანასკნელი დღეები ამ ქვეყნად, მისი გარდაცვალება, რომლის შესახებაც მოგვითხრობს „ქართლის ცხოვრება“. რა თქმა უნდა, ჩვენს განმანათლებელზე საუბარის სხვა დროსაც გვექნება.
ქართლის ცხოვრება
წმინდა ნინოს ცხოვრება
(ნაწყვეტი)
... წმიდა ნინო წარემართა წარსლვად რანს, მოქცევად ფეროზისა. და ვითარცა მიეახლა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, დაყვნა მუნ დღენი რა-ოდენნი-მე. და მოვიდოდეს მისსა კახეთით, ჰკითხვიდეს და აღიარებდეს სწავლასა მისსა სიმრავლე ერისა. მაშინ დასნეულდა მუნ; და ვითარცა ცნა რევ, ძემან მეფისამან, და სალომე, ცოლმან მისმან, რომელნი ცხორებდეს უჯარმას, მოვიდეს ნინოსა და აცნობეს მეფესა და დედოფალსა. ხოლო მათ მიავლინეს ეპისკოპოსი იოვანე წარმოყვანებად წმიდისა ნინოსსა, ხოლო წმიდა ნინო არა ერჩდა. მაშინ წარვიდა თჳთ მეფე და სიმრავლე ერისა. და შეკრბა მის ზედა სიმრავლე ერთა ძლიერთა. რამეთუ ხედვიდა ყოველი იგი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა პირსა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდეს და ემთხუეოდეს სარწმუნოებით, და იძულებით ევედრებოდეს ყოველნი დედოფალნი, გარემოს მსხდომნი, რომელთა გარდამოსდიოდეს ცრემლნი თუალთაგან მათთა განშორებისათჳს მოძღურისა მათისა და მოღუაწისა, და სნეულთა მკურნალისა ჴელოვანისა.
და ეტყოდეს სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნელი და მათ თანა ერის-თავნი და მთავარნი ჰკითხვიდეს, თუ „ვინა ანუ სადათ მოხვედ ამა ქუეყანასა მაცხოვრად ჩუენდა, ანუ სადათ-მე იყო აღზრდა შენი, დედოფალო; მაუწყე ჩუენ საქმე შენი. რასა იტყჳ ტყუეობასა, ტყუეთა მჴსნელო სანატრელო, რამეთუ ესე-რა გჳსწავიეს შენ მიერ, ვითარმედ ყოფილ არიან წინასწარმეტყუელნი პირველ ძისა ღმრთისა, და შემდგომად მოციქულნი თორმეტნი და სხუანი სამოცდაათნი, და ჩუენდა არა-ვინ მოავლინა ღმერთმან, გარნა შენ, და ვითარ იტყჳ, ვითარმედ ტყუე ვარი მე, ანუ ვითარ უცხო“.
მაშინ იწყო სიტყუად წმიდამან ნინო და თქუა: „ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო. გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა, ყოველთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობა, გლახაკისა მჴევლისათა. აწ გაუწყო-ცა, რამეთუ ესე-რა მოსრულ არს სული ჩემი ჴორჴად ჩემდა, და მეძინების მე ძილითა დედისა ჩემისათა საუკუნოდ. არამედ მოიხუენით საწერელნი და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრება ჩემი, რათა უწყოდიან შვილთა-ცა თქუენთა სარწმუნოება თქუენი, და შეწყნარება ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვან“.
მაშინ მსწრაფლ მოიხუნეს საწერელნი სალომე უჯარმელმან და პეროჟავრი სივნელმან: იწყო სიტყუად წმიდამან ნინო, ხოლო იგინი წერდეს. და წარმოუთხრა ყოველი, რომელი ზემოთ დავწერეთ, ცხოვრება მის წმიდისა და ნეტარისა. და შევედრა მეფესა იაკობ მღდელი, რათა შემდგომად იოვანესსა იგი იყოს ეპისკოპოს. მაშინ იოვანე ეპისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდა ნინო ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და შევედრა სული თჳსი მეუფესა ცათასა, ქართლად მოსლვითგან მისით მეთოთხმეტესა წელსა, ქრისტეს ამაღლებითგან სამას ოცდათურამეტსა წელსა, დასაბამითგანთა წელთა ხუთიათას რვაას ოცდათურამეტსა.
მაშინ შეიძრნეს ორნი-ვე ესე ქალაქნი, მცხეთა და უჯარმა, და ყოველი ქართლი, მიცვალებასა ნინოსსა. მუნ მივიდეს და დამარხეს ძლევით შემოსილი გუამი მისი ადგილსა-ვე ზედა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, რამეთუ მუნ ითხოვა თჳთ დაფლვა მეფისაგან, შეხედვებითა ღმრთისათა: სიმდაბლისათჳს ქმნა ესე წმიდამან, რამეთუ ადგილი იგი შეურაცხი იყო. და მწუხარე იყო მეფე და ყოველნი წარჩინებულნი მუნ დაფლვასა მისსა, არამედ მცნებისა და ანდერძისა მისისა აღსრულებისათჳს დაფლეს მუნ.
და ვითარ აღასრულა ესე ყოველი ღმრთივ-განბრძნობილმან მირიან მეფემან, განამტკიცა ყოველი ქართლი და ჰერეთი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა, ერთარსებისა ღმრთისა დაუსაბამოსასა, დამბადებელისა ყოვლისასა; და განმტკიცდეს სრულსა სარწმუნოებასა ზედა. |
|