საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიული მხარეები

აკაკი ბაქრაძე - დავაბრუნოთ აფხაზები აფხაზეთში
აკაკი ბაქრაძე


1978 წლის ზაფხულში, როგორც კარგად ცნობილია, აფსუაებმა აფხაზეთში მორიგი პროვოკაცია მოაწყვეს. მაშინ, 15 ივლისს, ქუთაისში, სოხუმიდან ჩამოსულ რამდენიმე კაცს შევხვდი.  მათ აფხაზეთში შექმნილი ვითარება გამაცნეს. ის წერილიც წამაკითხეს, რომელიც ქართულ მოსახლეობას მოსკოვში რომ გაეგზავნა, სკკპ-ს ცეკაში. წერილი იწყებოდა სიტყვებით - „ჩვენ, აფხაზეთში მცხოვრები ქართველები“... პირველივე სტრიქონის წაკითხვისთანავე ვუთხარი: ამ წერილით აფსუაების წისქვილზე ასხამთ წყალს და საქმე უკვე წაგებული გვაქვს-მეთქი. რატომო?! - გაიკვირვეს.


 

მაშინაც მოვახსენე იმათ ჩემი აზრი და ახლაც იგივე უნდა გავიმეორო: როცა თქვენ წერთ - ჩვენ, აფხაზეთში მცხოვრები ქართველები, ამით უკვე ადასტურებთ, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის და თქვენ სხვაგან ცხოვრობთ. რაკი თქვენ თქვენს თავს  „აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს“ უწოდებთ, ამით იმას უკრავთ კვერს, რასაც აფსუაები გაიძახიან: აფხაზეთში ქართველები ლავრენტი ბერიამ ჩამოასახლა, თორემ მანამდე ისინი აქ არ ცხოვრობდნენო. აბა მითხარით, განა ვინმე დაწერს - ჩვენ, კახეთში მცხოვრები ქართველები, ან რაჭაში მცხოვრები ქართველებიო? ხომ თავისთავად იგულისხმება, რომ კახეთში, რაჭაშიც და სხვაგანაც - საქართველოს კუთხეებში, ქართველები ცხოვრობენ... ასევე - აფხაზეთშიც. აფხაზეთში, როგორც საქართველოს ძირძველ პროვინციაში, უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ქართველები. თქვენ საკუთარ, ღვიძლ მიწა-წყალზე ცხოვრობთ. აფსუაები კი არ არიან აფხაზები, არამედ თქვენ ხართ აფხაზები.  ამდენად, თქვენი წერილი უნდა იწყებოდეს - ჩვენ, აფხაზები და ა. შ.



საშინლად იუკადრისეს ჩემი სიტყვები. ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს: არამც და არამც ეროვნებას არ გამოვიცვლით. დოპლომატიური მოსაზრებითაც არ გავაკეთებთო ამასო. 


 

ვერაფრით ვერ დავუმტკიცე, რომ ეს ეროვნების გამოცვლას, ან რაღაც ამდაგვარს არ ნიშნავდა. ვცდილობდი დამესაბუთებინა, რომ ყველა ერი სხვადასხვა ტომისგან შედგება. ქართველი ერიც ასეა. ქართველი ხალხი შედგება ტომებისაგან - აფხაზები, აჭარლები, გურულები, თუშები, იმერლები, კახელები, კლარჯები, ლაზები, ლეჩხუმლები, მეგრელები, მესხები, მოხევეები, რაჭველები, სვანები, ტაოხები, ფშაველები, ქართლელები, ხევსურები, ჯავახები, ჰერები, ანუ დღევანდელი ინგილოები. აფხაზები ქართველი ერის ძირითადი ნაწილია და მათი საცხოვრისი, აფხაზეთი, საქართველოს ღვიძლი ტერიტორიაა. ამდენად, თქვენ ტომობრივად აფხაზები ხართ, მაგრამ ეროვნულად - ქართველები ისევე, როგორც ფშაველები ტომობრივად ფშაველები არიან, მაგრამ ეროვნულად - ქართველები, მეგრელები ტომობრივად მეგრელები არიან, მაგრამ ეროვნულად - ქართველები და ა. შ. ამგვარად, თუ თქვენ იტყვით, რომ ტომობრივად აფხაზები ხართ, ხოლო ეროვნულად - ქართველები, ეს სრულებით არ ნიშნავს ეროვნების გამოცვლას, სხვა ერის წიაღში გადასვლას.

არ გაჭრა მაშინ ჩემმა მტკიცებამ. ვერც ბავარიის მეფის, ლუდვიგ პირველის სიტყვების, - „ჩვენ გვინდა გერმანელები ვიყოთ და ბავარიელებად დავრჩეთ“, - მოხმობამ უშველა საქმეს. კატეგორიულად უარი განაცხადეს თავის თავი ტომობრივად აფხაზებად ეცნოთ. ჩემთვის სრულიად ცხადი გახდა, რომ რუსეთის პროპაგანდას თავისი საქმე კარგად გაეკეთებინა: ქართველის ცნობიერებაში მტკიცედ ჩაენერგა, რომ აფხაზები ეროვნულად ქართველები არ არიან. ისინი სხვა ხალხია, სხვა ერია და აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ არის. ისიც ნათელი გახდა, რომ ქართული ცნობიერება მოწამლული იყო, ქართული შეგნება - დარღვეული და ბრძოლა აფხაზეთისთვის საქართველოს უკვე წაგებული ჰქონდა. ამ ბრძოლაში გადამწყვეტი ძალა ცნობიერება და შეგნება იყო, მაგრამ ორივე საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. მაშასადამე, ბრძოლა წაგებით მთავრდებოდა.



ეს ძველი ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ დღესაც არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რა თვალსაზრისით, რა კუთხით უნდა წარიმართოს ბრძოლა აფხაზეთში დასაბრუნებლად. ეს იმდენად არის აუცილებელი, რამდენადაც აუცილებელია ქართული ეროვნული ცნობიერება-შეგნების მთლიანობის აღდგენა. საქართველოს არა მარტო ტერიტორიის ერთიანობა-მთლიანობის აღდგენა სჭირდება, ქართული ეროვნული ცნობიერება-შეგნების მთლიანობისაც. ამიტომაც არის საჭირო ისტორიის მოშველიებაც. მართალია, ბევრი ამბობს, მნიშვნელობა არა აქვს იმას, რაც იყო წარსულში და არსებითია მხოლოდ ის, რაც არის დღესო, მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ დღესაც ის არის, რაც წარსულში იყო: აფხაზები ეროვნულად ქართველები იყვნენ და არიან. აფხაზეთი ქართული მიწა-წყალი იყო და არის.



ყველას ჩინებულად მოეხსენება, რომ ძველი ბერძნები და რომაელები საქართველოს მოსახლეობას ორ დიდ ეთნიკურ გაერთიანებად წარმოადგენდნენ. დასავლურ ქართულს უწოდებდნენ კოლხებს და კოლხიდას, აღმოსავლურ ქართულს - იბერებსა და იბერიას. ეს შეხედულება არც ბიზანტიურ ეპოქაში შეცვლილა.



ტომთა დღევანდელ სახელებს თუ მოვიშველიებთ, კოლხები არიან: აფხაზები, აჭარლები, გურულები, იმერლები, ლაზები, ლეჩხუმლები, მეგრელები, რაჭველები, სვანები. ანტიკურ ეპოქაში მათი საერთო სახელია კოლხი, ხოლო მათ საცხოვრისს კოლხეთი ეწოდება (მკითხველი მიხვდება, რომ არ ვიზიარებ ქართულ საისტორიო მეცნიერებაში გავრცელებულ ყოვლად მცდარ შეხედულებას, თითქოს იბერიულენოვანი მოსახლეობა მოგვიანებით შევიდა კოლხეთის ტერიტორიაზე. კოლხები და იბერები დასავლეთ საქართველოში აიეტის დროსაც ერთად ცხოვრობდნენ. აქ ახლა ამაზე ვრცელი საუბრის დრო და ადგილი არ არის).

ისიც ყველამ კარგად იცის, რომ კოლხეთის სახელმწიფო ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა სახელით მოიხსენიება - ლაზიკა, ეგრისი, აფხაზეთი. ეს ხდება იმის შესაბამისად, როდის რომელი კოლხური ტომი უფრო აქტიურად მოღვაწეობს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ასპარეზზე. როცა ლაზები აქტიურობენ, მთელ დასავლეთ საქართველოს  ლაზიკად უხმობენ, როცა მეგრელები - დასავლეთ საქართველო ეგრისია, ხოლო როცა აფხაზები, მაშინ იმიერ საქართველოს აფხაზეთი ჰქვია. ესეც იმის საბუთია, რომ აფხაზეთი საქართველოა და აფხაზები ქართველები არიან.



უფრო მეტიც. ირანილ-არაბულ საისტორიო წყაროებშიც და სიტყვაკაზმულ ლიტერატურაში აფხაზეთი მთელი საქართველოა, დასავლეთიც და აღმოსავლეთიც, ხოლო აფხაზი ქართველის შესატყვისია, მისი ბადალი ეთნონიმია. ესეც კარგად ცნობილია, მაგრამ ორიოდე საბუთს მაინც გაგახსენებთ.



როცა ნიზამიმ (1141-1209  წწ.) „ხოსროვი და შირინი“ დაწერა, პოემით ტოღრულ შაჰი აღტაცებული დარჩენილა. შაჰს პოეტისთვის სოფელი ჰამდუნიანი უჩუქებია. ნიზამის სოფელი არ მოსწონებია. უკმაყოფილებაც გამოუხატავს:


                „სოფელი, მაგრამ რა სოფელი, ვიწრო ხევია,

                სიგრძე-სიგანით ფარსანგრზე ვერ მოუღწევია.

                უშემოსავლო და ხარჯიც კი ბევრია მისი,

                თანაც, აბხაზთა სანახევრო ყოფილა ისიც“.



უეჭველია, რომ ამ „აბხაზში“ სოხუმის ოლქში მოსახლე აფხაზები არ იგულისხმებიან. განჯის სახანო კახეთ-ჰერეთს ესაზღვრებოდა. ნიზამიც იქაურ ქართველებს უწოდებს აფხაზებს.



ხაყანი შირვანელი (1121-1199 წწ.) კი ამბობს: „აფხაზეთში დავესახლე და ქართულად ვლაპარაკობ“...



ასე მარტო მაშინ არ ყოფილა. მერეც ასე იყო. სრულიად სომეხთა კათოლიკოსი სიმონ ერევნელი (XVIII ს.) წერს: „ბაშაჩუხნი აპაზთა (აბაზთა) ქვეყნით არიან“ და განმარტავს, რომ „აპაზთა ქვეყანა“ ქუთაისად წოდებული ყასაბას (ანუ დაბას)“ ნიშნავსო. ამასვე ადასტურებს სომეხთა მეორე კათოლიკოსი ლუკაც (1780-1800 წწ.): „სოლომონ მეფე აფხაზეთისა, რომელსაც იმერეთს და ბაშიაჩუხს უწოდებენ“.

აფხაზი რომ აფსუა ენაზე მოლაპარაკე ხალხი არ არის, ეს „ისტორიანი და აზმანის“ ავტორმაც კარგად იცის. იგი წერს: სახელი ლაშა „განმანათლებლად სოფლისა ითარგმნა აფსართა ენითა“. ალექსანდრე ონიანმა უდაოდ გაარკვია, რას ნიშნავს აქ ეთნონიმი „აფსარ“-ი (იხ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1994 წ., 19 მაისი).



„ისტორიანი და აზმანის“ ავტორს არ შეიძლებოდა შეშლოდა რამე. მან ზედმიწევნით ზუსტად იცის თამარის ტიტული - მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა. მაშასადამე, „ისტორიანი და აზმანის“ ავტორისთვის აფხაზი სხვაა და აფსარი სხვა. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ დედამიწის ზურგზე არცერთი მეფის ტიტული არ იწყება სხვა, უცხო ხალხის სახელით. ყველა მეფის ტიტული იწყება მოცემული სახელმწიფოს ძირძველი ხალხის სახელით. ამის საწინააღმდეგო მაგალითს ვერცერთი ისტორიკოსი ვერ მოიყვანს.



აფხაზებით იმიტომ იწყება ქართველ მეფთა ტიტული, რომ „აფხაზი“ ძირძველი ქართული ტომის სახელია. ქართველი მეფე ვერ იქნებოდა გამონაკლისი და თავის ტიტულს ვერ დაიწყებდა უცხო ხალხის სახელით.



იმასაც თუ არ დავივიწყებთ, რომ ქართულ ეკლესიაში „აფხაზეთის კათოლიკოსის“ თანამდებობაც არსებობდა, კიდევ ერთ საბუთს ვიშოვნიდით აფხაზების ქართველობის სასარგებლოდ. აფხაზეთის კათოლიკოსს საუკუნეების მანძილზე ჰქონდა რეზიდენცია და ტახტი ბიჭვინთაში. აფხაზეთის კათოლიკოსი იქ იჯდა, სადაც მრევლი ქართველი იყო და ეკლესიისა და ხალხის სამეტყველო ენაც ქართული. სხვაგვარად წარმოუდგენელია ქართველი კათოლიკოსის ყოფნა ბიჭვინთაში.



რაც ზემოთ ითქვა, იქიდან გამომდინარე ვასკვნი:



1.     „აფხაზი“ და „აფსუა“ ერთი და იგივე ეთნოსის სახელი არ არის. აფხაზი ქართველია. აფსუა კი ადიღეურ-ჩერქეზული მოდგმის ხალხია. აფხაზები აფხაზეთის აბორიგენი მოსახლეობაა. ამიტომ ჰქვია საქართველოს ამ პროვინციას აფხაზეთი. აფსუა დროთა განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული ხალხია ისევე, როგორც ოსები ჩამოვიდნენ იმიერკავკასიიდან შიდა ქართლში. ეს საქართველოს ბედდამწვარი ისტორიის ჩვეულებრივი პროცესია.



2.     უგუნურობის, უდარდელობის, ზერელობის გამო ქართველებს საბედისწერო შეცდომა მოგვივიდა, როცა რუსული პროპაგანდის ანკესს წამოვეგეთ და უცხო ხალხს, აფსუას, აფხაზი შევარქვით და საკუთარი მიწა-წყალი დავუთმეთ. ახლა აფსუა ამით სარგებლობს: ეთნონიმსაც გვართმევს, მიწა-წყალსაც და საკუთარი სახლ-კარიდან გვერეკება. დღეს აფხაზეთიდან გამოდევნილნი არიან აფხაზები. ამიტომ ლოზუნგი უნდა იყოს: დავაბრუნოთ აფხაზეთში აფხაზები! ყველა დოკუმენტიც, სამართლებრივი თუ პოლიტიკური, ამ თვალსაზრისით უნდა დაიწეროს.



3.     1992-1993 წლების ომი არ იყო და არ არის აფხაზთა და ქართველთა კონფლიქტი. ეს იყო და არის რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთისთვის. ამ ომში რუსეთმა დაამარცხა საქართველო და დაიპყრო აფხაზეთი. ამიტომ ყოვლად დაუშვებელია და შეუძლებელი რუსეთის არმია წარმოვიდგინოთ სამშვიდობო ძალად. ეს არის დამპყრობელთა ჯარი და მოთხოვნაც შესაბამისი უნდა იყოს: რუსეთის არმიამ, როგორც დამპყრობელმა, დატოვოს საქართველოს ტერიტორია - აფხაზეთი.

რაც მოგახსენეთ, ამას ერთი მიზნით ვწერ: თუ სხვა თვალსაზრისზე დავდგებით, აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ. რა საფუძველზე უნდა მოვითხოვოთ აფხაზეთის დაბრუნება, თუ აფხაზებს ქართველებად არ ვთვლით და აფხაზეთს საქართველოს ნაწილად? სად უნდა დავაბრუნოთ დევნილები, უცხო ქვეყანაში, თუ ჩვენსავე საკუთარ მიწა-წყალზე? დღევანდელი საქართველოს ხელისუფლებას ეს საკითხი გარკვეული არა აქვს. ვერც აქტიურ პოლიტიკას მიმართავს. აფსუაებთან კუდის ქიცინი და „ძმობაზე“ ფარისევლური ლაპარაკი კი არავითარ ნაყოფს არ გამოიღებს. ნურც იმის იმედი ექნება ვინმეს, ქართველების სიყვარულით ნატო ბომბებს დააყრის სოხუმს. თუ ჩვენ, ქართველებმა, თვითონ არ გადავწყვიტეთ ჩვენი პრობლემა, არავინ დაგვეხმარება. ყურსაც არავინ გააბარტყუნებს ქართველთა სასარგებლოდ. განვლილმა დრომ თვალნათლივ დაადასტურა ეს.



ამას ღრმად უნდა ჩაუფიქრდეს ყველა, ვისაც გულწრფელად სურს სამართლიანობა - საქართველოს ტერიტორია-მთლიანობის აღდგენა, დევნილთა დაბრუნება აფხაზეთში.

 

1999 წლის მაისი.   


მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq