პავლე ციციანოვი (1754 – 1806) გარუსებული ქართველი იყო, რომელიც ცარიზმის ყურმოჭრილი მსახური და მისი პოლიტიკის აქტიური გამტარებელი გახლდათ. რუსეთის იმპერიის სამსახურში 1787-1791 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში, 1794 წელს - პოლონეთის აჯანყების ჩახშობაში, 1796 წელს - სპარსეთის ლაშქრობაში. სიმამაცისა და ნიჭიერების გამო მას მაღალ შეფასებას აძლევდნენ სუვოროვი და ეკატერინე II. ციციანოვი უკვე გადამდგარი იყო სამსახურიდან, როდესაც 1802 წელს იგი საქართველოს მთავარმართებლად და ასტრახანის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეოდალური ზედაფენა, რომელიც ყველა დროში ხარბდება ხოლმე გარე-გარეთ თავგამოჩინებულ თვისტომთ, დიდ იმედებს ამყარებდა ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელზე (“ჩვენებური თავადიშვილი”). რუსეთის ხელისუფლებისთვისაც რუსეთის სამსახურში დიდხანს ნამყოფი ქართული წარმომავლობის მოხელის კანდიდატურა სავსებით მისაღები იყო. ციციანოვი გიორგი XII-ის მეუღლის, მარიამ დედოფლის ნათესავიც ბრძანდებოდა, მაგრამ გარუსებული ციციანოვისათვის ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. უფრო ის იყო მნიშვნელოვანი, რომ “მრისხანე თავადი”, როგორც ციციანოვს კავკასიის ხალხები ეძახდნენ, ახალგაზრდა იმპერატორის, ალექსანდრე I-ის დიდი ნდობით სარგებლობდა. უსეთის მთავრობა და ციციანოვი ქართლ-კახეთის საშინაო განხეთქილების მიზეზად მიიჩნევდნენ ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრთა იმპერიისადმი საზიანო მოქმედებას და ადგილზე რუსული მმართველობის მოუწესრიგებლობას. ამიტომ დაავალა ალექსანდრე I-მა საქართველოს მთავარმართებლობას სამეფო სახლის წარმომადგენლების გასახლება რუსეთში. ციციანოვი შეუდგა ბატონიშვილების დაყოლიებას გადასახლებაზე, მაგარამ ბატონიშვილებს სამშობლოს დატოვება არ სურდათ. ციციანოვმა ძალას მიმართა და 1803-1805 წლების განმავლობაში საქართველოს სამეფო სახლის წევრები, თითქმის მთლიანად, რუსეთს გადაასახლა. ისინი პეტერბურგს დამკვიდრდნენ, სადაც რუსეთის მთავრობამ მათ პენსია დაუნიშნა. ამავე დროს ციციანოვი აგრძეელბს რუსეთის გავლენის ზრდას კავკასიაში, აქაური ტერიტორიების დაპყრობის გზით: 1803 წელს ციციანოვმა დაიმორჩილა ჭარ-ბელაქანი (დროებით), 1804 წელს - განჯის სახანო, უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით მოხდა 1804 წელს მთიულეთის აჯანყების ჩახშობაც. მეორეს მხრივ, დიპლომატიური ლიქნითა და თვალთმაქცობით რუსეთის ლუკმად აქცევს დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებს: 1803 წელს გრიგოლ დადიანთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია იმას, რომ ოდიშის სამთავრო რუსეთის მფარველობაში შევიდა. სოლომონ II-სთან დადებული ელაზნაურის შეთანხმებით 1804 წელს რუსეთის მფარველობაში შევიდა იმერეთის სამეფოც. ისევ გაიწია აღმოსავლეთისაკენ და 1805 წელს რუსეთის იმპერიას შემოუერთა შაქის, ყარაბაღის და შირვანის სახანოები. “მრისხანე თავადმა ” სამშობლოს ინტერესების გამყიდველ ქართველ დიდგვაროვანთა შორის სამეფოს ყოფილი მოხელე-თავადებიც მოიმადლიერა: მისი წარდგინებით მათ დაენიშნათ პერსონალური პენსიები და მიენიჭათ წოდებები. დროებით უკვე გაუქმებული მოურავის ინსტიტუტიც აღადგინა, რითაც შემოირიგა მრავალი განზე გამდგარი ქართველი თავადი. ქართული საზოგადოების რუსულ მმართველობსთან დაახლოების მიზნით, ციციანოვის დროს დაიწყეს რუსული კანონების ქართულ ენაზე თარგმნა; მოითხოვდა სკოლის გახსნას, სადაც მოსწავლეები რუსულ ენას შეისწავლიდნენ - ითხოვდა სახელმძღვანელოებს, დამხმარე ლიტერატურას და მაღალკვალიფიციური მასწავლებლების გამოგზავნას. ითხოვდა, რომ წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის დაფინანსებით რუსეთის უნივერსიტეტებში გაეგზავნათ სწავლის გასაგრძელებლად. მართლაც, ციციანოვის ინიციატივით, 1803 წელს საქართველოში გაიხსნა კეთილშობილთა პანსიონატი. მის დროს შემოიღეს საქართველოში პროკურორის თანამდებობა, რათა განხორციელებულიყო კონტროლი ადგილობრივი მმართველობის ორგანოებზე. ციციანოვის სახელი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ქართული სახელმწიფოს ერთ–ერთი დამასამარებელისა და რუსული რეჟიმის განმტკიცებისათვის თავდადებული მებრძოლისა. პავლე ციციანოვი 1806 წლის 8 თებერვალს მოკლეს ბაქოს ციხის მისადგომებთან ჰუსეინ–ყული-ხანთან მოლაპარაკების დროს. იგი დაკრძალულია თბილისში, სიონის ტაძარში. |