24 (06.06) მაისი ღირსი სვიმეონ მესვეტე, რომელი იყო საკვირველსა მთასა შინა (+596) დაიბადა ანტიოქიაში 521 წელს, 6 წლის სვიმეონი უდაბნოში გავიდა, გარკვეული ხანი მარტოობაში გაატარა, შემდეგ კი ნათელმოსილმა ანგელოსმა განმარტოებულ მონასტერში მიიყვანა, რომლის წინამძღვარი - აბბა იოანეც სვეტზე იყო დაყუდებული. მან სიყვარულით მიიღო ყრმა. გავიდა ხანი და წმიდა სვიმეონმა იოანეს სვეტზე ასვლის ნებართვა სთხოვა. წინამძღვრის კურთხევით მონასტრის ძმებმა შორიახლოს ახალი სვეტი ააგეს. შემდეგ აბბა იოანემ ბერად აღკვეცა 7 წლის წმიდანი და თვით აიყვანა სვეტზე. 11 წლის სვიმეონმა უფრო მაღალ სვეტზე ასვლა გადაწყვიტა. მასთან მივიდნენ ანტიოქიისა და სელევკიის ეპისკოპოსები, დიაკვნად დაასხეს ხელი და უფლება მისცეს 40 საფეხურიან სვეტზე ასულიყო. ღირს სვიმეონს უფლისაგან წინასწარჭვრეტის ნიჭი მოემადლა. მან იწინასწარმეტყველა ანტიოქიის არქიეპისკოპოსის ეფრემის გარდაცვალება, აგრეთვე ეპისკოპოს დომნას ავადმყოფობა, რომელსაც უფლისგან სასჯელად მიიღებდა თავისი უმოწყალობის გამო. ღირსმა სვიმეონმა წინასწარგანჭვრიტა აგრეთვე მიწისძვრა ანტიოქიაში და ქალაქის მოსახლეობას სინანულისკენ მოუწოდა. წმიდანის მიერ განკურნებულმა ქრისტიანებმა საკვირველ მთაზე ტაძარი ააშენეს. სვიმეონმა აქ დააარსა მონასტერი, სადაც მისი ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. წმიდა სვიმეონის სულიერი შვილი იყო ღირსი იოანე ზედაზნელი. სწორედ მისი კურთხევით ჩამოვიდა საქართველოში 13 ასურელი მამა (ხს. 7 მაისს) ქრისტეს სჯულის საქადაგებლად და რწმენა-შერყეული ივერიელების განსამტკიცებლად. |