წინა წერილში მე ერთგვარ რელიგიურ ასპექტში ავხსენი თუ რატომ უნდა აღდგეს მონარქია საქართელოში, მაგრამ ამჟამად მე აგიხსნით სამართლებრივი რეფორმების საჭიროების კუთხით. ბოლო 23 წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველები თავიანთი პოლიტიკური (ვიწრო პარტიული) მიზნებისთვის ხშირად იყენებდნენ კანონით პოლიტიკისაგან ,,თავისუფალ“ ორგანოებს საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს, აგრეთვე იმითაც სარგებლობდნენ, რომ საგამოძიებო ორგანოები სხვადასხვა დაწესებულებებშია გაფანტული და ეს დაწესებულებები აღმასრულებელი ორგანოების ერთეულებია. იმისათვის, რომ ეს აღარ განმეორდეს, საჭიროა სახელმწიფოს მეთაურობდეს არა დროებით არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც მუდმივად სჭირდება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, არამედ ნაკურთხი მეფე, რომელიც გარდა სახელმწიფოს მეთაურობისა უხელმძღვანელებს ისეთ არაპოლიტიკურ საქმიანობას, როგორიცაა გამოძიება და არჩევნები. ამისთვის საჭიროა გამოძიების სტრუქტურები გამოეყოს ყველა სამინისტროს და გაერთიანდეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დეპარტამენტის სახით, ხოლო პროკურატურა კი პირდაპირ დაექვემდებაროს მეფეს. პროკურატურაში უნდა შეიქმნას ორი დეპარტამენტი, საგამოძიებო და სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერის დეპარტამენტები. საგამოძიებო დეპარტამენტში უნდა შეიქმნას განყოფილებები დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით. რაც შეეხება არჩევნებს, ბევრს გაუკვირდებოდა, რომ ის აპოლიტიკურ საქმიანობად დავასახელე, მაგრამ მე ვიგულისხმე საარჩევნო ადმინისტრაცია, რაც ნამდვილად აპოლიტიკური უნდა იყოს. საარჩევნო ადმინისტრაცია მთლიანად ცესკოდან დაწყებული საუბნო კომისიებით დამთავრებული უნდა იყოს პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტებული და პირდაპირ ექვემდებარებოდეს მეფეს, როგორც ერთადერთ არჩევნების შედეგებში დაუინტერესებელ მეთაურს. საქართველოს მთავარ პროკურორი და ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობრივად უნდა იყვნენ მეფის ადმინისტრაციის მაღალი დონის მოხელეები - მეფის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები. ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და მასთან ერთად არმია და საზღვრის დაცვა პირდაპირ უნდა დაექვემდებარეოს მეფეს. თვითონ მეფეს და მის ოჯახს უფლება არ ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით ანუ არჩეულნი იქნენ სადმე. ხოლო აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენებისას კი უფლება არ ექნებათ ოდესმე განაცხადონ თუ ვის დაუჭირეს მხარი. მეფეს საკუთრებაში ექნება ორი რეზიდენცია ნაცვლად ამჟამინდელი 12 საპრეზიდენტო რეზიდენციისა. ერთი თბილისში (დედაქალაქში), მეორე კი დედაქალაქის გარეთ. ამასთანავე მეფეს ექნება ხელფასი იმდენივე, როგორც პრეზიდენტს ან უფრო შესაძლებელია ნაკლებიც კი და დაცვის წევრებიც უფრო ცოტა. გარდა ამისა, აღარ იქნება საჭირო საპრეზიდენტო არჩევნები და ეს დანაზოგი თანხა მოხმარდება სხვადასხვა სოციალურ პროექტებს. ამის გარდა, მეფეს ექნება უფლება დაითხოვოს ნებისმიერი არჩეული ორგანო ან მთავრობა, თუ ის გადაამეტებს თავის უფლებებს ან შეიქმნება პოლიტიკური კრიზისი, ხოლო კონსტიტუციით პრემიერ მინისტრი ვალდებული იქნება ყოველი კვირის სამშაბათს (ხოლო თუ სამშაბათს დასვენების დღე იქნება ოთხშაბათს), მეფის წინაშე წარსდგეს წინა კვირაში მთავრობის გაწეული მუშაობის ანგარიშით და იმ კვირაში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციით. |