|
უფლისა და მამულისთვის თავდადებული
გთავაზობთ, ორი სასულიერო პირის ინტერვიუს, გაზეთიდან „ქართული გაზეთი“. მასალის სათაურია: „უფლისა და მამულისათვის თავდადებული“, საუბრობენ ანჩისხატის მღვდელმსახურნი - არქინამდრიტი მამა ნიკოლოზი და დეკანოზი მამა რევაზი, 1999 წლის 31 მარტი, გვ. 7. მასალა მოგვაწოდა ვახტანგ ბახტაძემ.georoyal.ge უფლისა და მამულისთვის თავდადებული (საუბრობენ ანჩისხატის მღვდელმსახურნი - არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზი და დეკანოზი მამა რევაზი). - რაშეგიძლიათ გვითხრათ საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სარწმუნოებრივი მრწამსის შესახებ; ხომ არაფერს გაიხსენებდით ამ თვალსაზრისით წარსულიდან? არქიმანდრიტი მამა ნიკოლოზი: - ზვიადი 70-იან წლებში გავიცანი მცხეთაში სვეტიცხოვლის ტაძარში. მე მაშინ სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. დიდხანს ვისაუბრეთ. ზვიადმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. რაც განსაკუთრებულად მენიშნა, იგი იმთავითვე მონარქისტული იდეით იყო განმსჭვალული. მახსოვს მე დაურიდებლად ვკითხე: - ზვიად, ბევრნი ცილს გწამებენ, თითქოს იმისთვის იბრძოდეთ, ან ცეკას მდივანი გახდეთ, ან საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი. მართლა ასეა-მეთქი? მან ბავშვური სისპეტაკით მომაპყრო თვალები და ღიმილით მომიგო: - ერთადერთი კანონიერი - სამეფო ხელისუფლება გახლავთ და ჩვენი სამშობლო მომძლავრდება მხოლოდ მაშინ, როცა ის აღსდგება, რაც გააუქმესო. - მერე დასძინა - „თავდაპირველად თეოკრატიულ სახელმწიფოდ ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საუკეთესო ფორმა სწორედ მონარქიააო!“
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზვიადი საკმაოდ სკეპტიკურად უცქერდა მის თანამედროვე ბაგრატიონებს. მხოლოდ ირაკლი ბაგრატიონის პიროვნებას აფასებდა და მის სახელს ახსენებდა მოკრძალებითა და პატივისცემით. მოგვიანებით, 1982-88 წლებში ზვიადი მაბარებდა აღსარებას - ჩემი სულიერი შვილი იყო და მისი მრწამსზე შემიძლია მოგახსენოთ: თუკი საქართველოში ვინმეს შეიძლება მართლმადიდებელი ეწოდოს პირველი ბატონი ზვიად გამსახურდიაა.მუდამ ცილისწამების გესლში იყო გახვეული, რაღას არ აბრალებდნენ. ბევრს ის შტაინერის მიმდევრადაც მიაჩნდა, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. ზვიადმა მამის უშუალო გავლენითა და ხელმძღვანელობით შეისწავლა ეს შემეცნებითი მოძღვრება (ისევე, როგორც მრავალი სხვა), მაგრამ არასოდეს იგი სარწმუნოებრივ რანგში არ აუყვანია. თავად ზვიადი სისხლსავსე ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა: ჩემი თბილისში ყოფნის პერიოდში არ მახსოვს, მას როდესმე შაბათის, კვირისა და ორშაბათის საეკლესიო მსახურებები გაეცდინოს.
ზვიად გამსახურდიას თავგანწირული სულისკვეთება საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ მას საკუთარი ოჯახიც არ ეზოგებოდა. ერთ ასეთ შემთხვევას გავიხსენებ: ბათუმში ბაპტისტური ეკლესიის დაბრუნების მცდელობა გვქონდა. ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდი გახლდათ და მთელი აჭარის მილიცია იყო ამ საქმეზე მობილიზებული. მოთავეებსდარბევის აშკარა საფრთხე ელოდათ. როცა შევიტყვე, ზვიადი ოჯახთან ერთად აპირებდა ჩამოსვლას, გავაფრთხილე, რომ ეს მთლად უხიფათო არ იყო. მან მშვიდად მომიგო: - ქრისტეს სადიდებელ საქმეში ჩემი ოჯახი როგორ დავინდო, დაგვხოცავენ და დაგვხოცონ; ქრისტესთვის შეწირულნი არც პირველნი ვიქნებით და არც უკანასკნელნიო!დეკანოზი მამა რევაზი: - ზვიად გამსახურდია დიდად მორწმუნე ქრისტიანი იყო - ბავშვობიდანვე ქრისტიანული სულისკვეთებით აღზრდილი. სწორედ მშობელი ქვეყნის მიმართ ქრისტესმიერი სიყვარულით მოხდა, რომ ხალხი დაინდო, სისხლისღვრას მოერიდა და თავი კი გასწირა.
სამღვდელოებას ძალზე დიდ პატივს სცემდა, მუდამ თავდახრილი ესაუბრებოდა ეკლესიის მსახურთ. ერთხელ „მამა დავითიდან“ მოვდიოდი და უეცრად ჩემს წინ მანქანა გაჩერდა. ახოვანმა ვაჟკაცმა გამიღო კარი და მიმიპატიჟა: - მამა რევაზ, დაბრძანდითო. (ეს ის პერიოდია, როცა მღვდელმსახურთ მანქანას უჩერებდნენ კი არა, შორიდან უვლიდნენ გვერდს). მე მაშინ არ ვიცნობდი ზვიადს და, მით უფრო, იმას სულ ვერ წარმოვიდგენდი, ის თუ მიცნობდა. მას მერე ხშირად ვხედავდი ეკლესიაში, აღსარებაზეც ყოფილა ჩემთან და, უნდა მოგახსენოთ, რომ მსგავსი თავმდაბლობა და გულის შემუსვრილებაარავისგან მიხილავს.
რაც მოგახსენეთ, ეს ზრდასრულ ასაკს ეხება, თორემ ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ჭაბუკობაშიც მქონდა უცაბედი შეხვედრა მასთან. მე ათიოდე წლით უფროსი ვარ ზვიადზე და ახალგაზრდობაში ასეთი რამ მოხდა - მაშინ ჯერ არ ვიყავი მღვდლად ნაკურთხი. ვარ საპარიკმახეროში და იქვე, ჩემს გვერდით, 12-13 წლის ყმაწვილი ზის. მოულოდნელად შემოდის ვიღაც უცნობი პირი და ყველას გარეთ გვერეკება - რუსი გენერალი მობრძანდება და დაცალეთ საპარიკმახეროო. ყველანი მორჩილად ვდგებით, იმ ერთი ბიჭის გარდა. მარტო ის ბიჭი არ ინძრევა - ჩაფრენია სავარძლის სახელურებს და ცოცხალი თავით არ გადის გარეთ. ერთმა ოფიცერმა სცადა მისი ძალით გაყვანა და ბიჭმა ისეთი ალიყური სტკიცა, ქუჩაში გაისმა ლაწანის ხმა. ბოლოს ეს ყმაწვილი სავარძლიანად გამოსვეს გარეთ და პირდაპირ კ.გ.ბ.-ეში გააქანეს. როგორც უკვე მიხვდით, ეს გახლდათ ზვიად გამსახურდია. როდესაც ბატონი კონსტანტინე მოუყვანიათ „დამნაშავესთან“, მათ დასანახად მამას დაუტუქსავს შვილი, ხოლო, თვალს მიფარებიან თუ არა, მხარზე დაუკრავს ხელი და შეუქია - ყოჩაღ, შვილო, ნამდვილი ვაჟკაცი მეზრდებიო!
|
|