19 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ღირს სისო დიდს (+429). ღირსი სისო დიდი ეგვიპტის უდაბნოში, ანტონი დიდის მოსაგრეობის ადგილას მოღვაწეობდა სამოცზე მეტი წლის განმავლობაში. დაუცხრომელი მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით მან სრულიად განიწმიდა სული და უფლისაგან სასწაულთქმედების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭიც მიემადლა. საკუთარი თავისადმი მეტად მკაცრი და მომთხოვნი ღირსი სისო, მოყვასის სიყვარულით იყო აღსავსე. ყველა მომსვლელს იგი უპირატესად თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა. სულის ცხონებისათვის, მას უმთავრესად სწორედ თავმდაბლობა მიაჩნდა: „საკუთარი თავი უდარესად მიგაჩნდეს ყოველთა შორის, რადგან ასეთი თვითდაკნინება დედაა სიმდაბლისა“. ბერების შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი ძმისთვის, ღირსმა სისომ მიუგო: „მე მწამს კაცთმოყვარე ღვთის გულმოწყალებისა. თუ ადამიანი მთელი სულით შეინანებს, უფალი მისგან სამი დღის სინანულსაც შეიწირავს“. როცა ღირსი სისო სასიკვდილო სარეცელზე იწვა, სახე უეცრად გაუბრწყინდა. მოწაფეებმა ჰკითხეს, თუ რას ხედავდა - "წინასწარმეტყველნი და მოციქულნი დგანანო ჩემს წინაშე". შემდეგ შენიშნეს, რომ მომაკვდავი ვიღაცას ესაუბრებოდა: მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს დროს სთხოვდა სინანულისთვის. წმიდა სისომ მოასწრო ეთქვა, რომ თავად მაცხოვარს ხედავდა და სული უფალს შეჰვედრა. |