საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენებურები > შორეული ახლობელი

შავი დრო /ქართველთა გადასახლება ფერეიდანში/
ზაქარია ჭიჭინაძე

       ქართველებმა მეჩვიდმეტე საუკუნეს «შავი დრო» უწოდეს. ამაზეა ნათქვამი:

            «შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა,

            იგივ მხნე, იგივ მღერალი, მებრძოლი შავის ბედისა»

      ზოგნი იტყვიან ასეც: - «მოყვარე თავის მიწისა» და სხვანი.

      დიახ, ეს ასე გახლავსთ და ქართველი დიდი მოყვარეა თავის მიწისა. ამ შავ დროს ანუ ქართველობის მეტად ბნელს და უბედურს საუკუნეზედ თვალთ საჩინო წიგნი გვაქვს ჩვენ ქართველებს, ეს წიგნი გახლავსთ ანტონ ფურცელაძისაგან დაწერილი «ბრძოლა საქართველოს მოსპობაზედ» ანუ დიდის მოურავის გიორგის ცხოვრება. ეს ისტორიული გამოკვლევა არის საფუძვლიანი წიგნი XVII საუკუნის შესახებ, დამწერმა «შავთა-დროთა» მაგიერ იხმარა «ბრძოლა საქართველოს მოსპობაზედ» და უნდა ითქვას, რომ ეს უფრო ზედგამოჭრილია ხსენებულს საუკუნეზედ, რადგანაც მაშინ დაიწყო ქართველთ ტყვევნა, გარდასახლება-ემიგრაცია, სრულიად მოსპობა თავის მიწა მამულზედ, გაწყვეტა.

      მთელის აღმოსავლეთის ერთა პოლიტიკა XVII საუკუნეში იმით დაგვირგვინდა, რომ სამცხე-საათაბაგო და იმერეთი ოსმალეთს უნდა დაეჭირა და გაეთათრებინა და ქართლი და კახეთი სპარსეთს დაეპყრო, ქართლის ერი ამოეწყვიტა და კახელნი სპარსეთში გადაესახლებინათ. ამის მეთაურობას სწევდა ბარბაროსულად გაზრდილი შაჰ-აბასი. ქართველი ქალის ნაშობი, დედა ამისი შალიკაშვილის ქალი გახლდათ. დედამ დასწყევლა ეს ბარბაროსი, როცა საქართველოს ასაკლებად წამოვიდა. მიზეზები საქართველოს ამოგდების და მოსპობის იყო ორ ნაირი მხარე, ერთი ქრისტეს სჯული, რომელიც მუსულმანებს დიდათ სძულდათ და მეორე ქართველების რუსებთან დაახლოვება XVII საუკუნეში, კახელ მეფეთა მიწერ-მოწერა მათთან და რომთან, რაც სპარსელებს ძრიელ აშინებდა. ასევე ეშინოდათ ოსმალთაც.

      საქართველოს მოსპობა აღმოსავლეთის თათრებმა ერთის მხრით მიტომაც გადაწყვიტეს, რადგანაც საქართველო სხვა სამეფოებივით ადვილად ვერ დაამხეს, ვერ მოსპეს. მართალია ქართველებს ათი სამეფო ერთად ეცემოდნენ: ოსმალნი, სპარსნი, არაბნი, ქურთნი, შირვანელნი, ავღანელნი, სამარყანდელნი, თურქმენნი, კავკასიის მთიელ-ველურნი და სპარსეთის სხვა და სხვა თემთა თათართა სამთავროები, მაგრამ მაინც საქართველოს ვერ იმორჩილებდნენ ისე, როგორც დაამხეს არმენია XI საუკუნეს, ბიზანტია XV საუკ. ძველისძველად ქალდეველნი, სლავიანთა ტომთა სამეფოთა ბოლგარეთი, სერებია, რუმინია, ჩერნოგორია, ბოსინია, დალმაცია და ბევრიც სხვანი. მიზეზი ამისი იყო ქართველების განუსაზღვრელი გმირობა, მამულისათვის ბრძოლა, ერთი ბეწო მტკაველი მიწის არავის დათმობა, წართმევა და სხვანი. ქართველებს არც სხვებისაგან წართმევა მოსწონდათ და არც თვით ეცილებოდნენ სხვებს წასართმევად. ამიტომაც თათრები ვერ ახერხებდნენ ქართველების სრულიად დამხობას. ვერ ახერხებდნენ მიტომ, რადგანაც საქართველოში, ქართველებში, ყოველი პირი აი ასეთი მცნებით იყო სავსე:

      დედები თავიანთ პატარა შვილებს აკვანზედ დამღერდენ ქვეყნის შვილობას და ერთგულებას. ასეთ ერთგულ ძლიერებას კარგად ასაბუთებს სიმონ მეფის ერთის წერილის შემდეგი სიტყვები, რომელ წერილიც მას რომის პაპისათვის მიუწერია, აი - «მრავალ გზის შევებით ოთომანებს. ვგონებთ თქვენც (პაპი) შეიტყობდით, რაოდენი შეწუხება და ტანჯვა გამოვიარეთ, მაგრამ მაინც გული არ გავიტეხეთ. ჩემს თავს გავსწირავ ერთიანად და აგრეთვე ჩემს ქორფა შვილებს, დავღვრი ჩემს სისხლს და ვიდრე უკანასკნელს წვეთამდე, ვიდრე პირში სული მიდგა ხელს არ ავიღებ ოსმალების წინააღმდეგ ომზედ». და სხვანი მრავალნი ამ გვარნი, რაც ცხადათ ასაბუთებს მაშინდელთ ქართველთ მამულიშვილების სულის ძლიერებას.

       არავინ იფიქროს, რამ ასეთის განუსაზღვრელის გმირობით მარტოდ მეფენი და მთავარნი იყვნენ, არა, თითქმის ყველა ქართველი ასეთის ცნებით იყო ავსილი, მიტომაც სწირავდენ იგინი თავს მსხვერპლად. საქართველოს მიწა-მამულს აკვდებოდნენ და ერთ ბეწო ალაგს არვის უთმობდნენ. თუ არ ასეთი შეერთებული პირობა მთელის ქართველის ერისა, თუ არა ასეთი თავ-განწირვა, უამისოდ დღეს ქართველის ხსენება საქართველოში გამქრალი იქმნებოდა და მისი ტერიტორიაც დაკარგული. მაშინ კი გადავრჩით შავს დროის მახვილს და ეხლა კი ვკარგავთ ყველაფერს და ვესალმებით საყოველთაოდ საქართველოს ერთობას, ქართველ ერის მიწა-მამულს და მივდივართ გუდა-ნაბად მოკიდებული საიქიოს ჯანდაბისაკენ, ვესალმებით ყველაფერს, ვყიდით, ვფლანგავთ, განუსაზღვრელის მიწა-მამულის მოყვარე გლეხ-კაცობასაც გულს უცრუვებთ საქართველოს მიწა-მამულზედ მჭიდროდ ყოფნისათვის და გულში უნერგავთ გულ-ცივობას საქართველოს ერთობის, მიწის სიყვარულის და მასზედ მკვიდრად ყოფნის.

      უნდა ითქვას, რომ XVII საუკუნე არის შავი დრო ქართველთა, შავზედ უფრო მეტიც. სისხლის წვიმების დრო როგორც თქმულა «ნუგზარ ერისთვის დროსაო, სისხლის წვიმების დროსაო» ქუდზედ კაცის ძახილი, მდევარი, დედაკაცებთაგან მეომართა დედების გამოყვანა, თვით მღვდელნი და ბერნიც იბრძვიან, ბრძოლას არც მღვდელ-მთავარნი ერიდებიან, საქართველოსთვის დგება დიდი განკითხვის დღე. ამ დროს უნდა გადასწყდეს ქართველ ტომის არსებობის ბედი, ამ დროს უნდა აღიგავოს საქართველოს პირზედ ქართველის ხსენება, ამიერიდამ უნდა მოისპოს ქართველობა და ეს ძვირფასი კუთხეც, ქართველების სისხლით მორწყული და გაპოხიერებულიც მუსულმანთა ტომის საბინადროთ უნდა გადაიქცეს. სწორეთ მიტომაც წამოვიდა საქართველოში შაჰ-აბაზი და თან წამოიყვანა აუარებელი აღმოსავლეთის ტომთა ჯარი, რომელთა საშუალებით გადალახა მთელი საქართველო ესეთი მაგალითი იშვიათი იყო ხოლმე, რომ ყეინი თვით წასულიყო საომრად საქართველოზედ, ეს ბარბაროსიც თავის მამის მსგავსად თამამად მოვიდა საქართველოში, მართალია წადილი შეისრულა, მაგრამ მაინც ისე ვერ, როგორც სურდა. კახეთი კი დაამხო, წელში გაწყვიტა, გადაასახლა.

      მას სურდა მთელი ქართლის ერის ამოწყვეტა და კახელთა და ბერდუჯელთა სრულიად სპარსეთში წაყვანა. პატრი ავითაბილეს სიტყვით ყეინმა დაწო ქალაქები, დაბები, ხოცა ხალხი უღმერთოდ და უსამართლოდ, მთელს ქართლს ზარდასაცემი სურათი გეშალა თავზედ. დაამხო ყველაფერი, მოსპო, გააუქმა, დაანგრია ტაძრები წაბღალა ყოველივე როგორც ხელოვნური ჩუქურთმა, ისევე ფერადი ხელოვნური მხატვრობა. მოიტაცა ძვირფასი ნივთეულობა, დასწვა და დადაგა ბევრი რამ ქართული ძველი წიგნების, ერთის სიტყვით მთელს ერს მძლავრი მეხი დაარტყა და დააუძლურა. ბევრს თვალთაგან ცრემლები ადენინა, ბევრს აუგო უღვთოთ ანდერძი, ბევრს გამოსჭრა ყელი, ბევრის სისხლის სმით გაძღა მისი სვავი გული. იგი იყო შეუბრალებელი ტირან-დესპოტი და ტირანულადაც მოქმედებდა. მართალია აღისრულა საწადელი, დანგრეულს და დაქცეულს საქართველოს სიამოვნებით უმზერდა, ბევრს ქართველს აღვრევინა მწარე ცრემლები თავის დანგრეულს და დაქცეულს საქართველოზედ, ბევრმა დაღვარა იერემიას გოდება, ბევრმა ქართველმა დაანთხია სისხლის ცრემლები, მაგრამ რას იზავდენ, ერთზედ ათი, ოცი მოდიოდა და აბა რა უნდა ექმნათ.

      მაინც არც ქართველები დაეცნენ სულით, ესენიც მძლავრად უხვდებოდნენ წინ და ბარბაროსთა ბრბოს გმირულათ ეომებოდნენ, ზედ აკვდებოდნენ და უკან კი არ იხევდენ, ამათაც კარგად ავნეს, ამათაც ისე გადუხადეს სამაგიერო, რომ შაჰ-აბაზს ქართლის ამოწყვეტის თადარიგის შესრულება ვეღარ განუხორციელდა, ქართლიდამ ძლეული და თითქმის გაბრაზებული თფილისზედ დაბრუნდა, თფილისიდამ კახეთზედ გაინადირა და ისრულა მისმა სვავმა გულმა თავის წადილი, ეს შესძლო მან მხოლოდ შიგნით კახეთის ერთის ნაწილზედ, ბოდბეს, საინგილოს, გარეთ-კახეთს და მასთან ბერდუჯისკენ ანუ აწინდელის ბორჩალოს მაზრას, აქედან მოკრიბა 80 კომლი ქართველი, უფრო ისეთის კუთხიდამ, სადაც განაპირა ადგილებში სოფლები შორი-შორს იყო. დაჭერილებს სპარსელ ყარაულებ ქვეშ აპატიმრებდა და მერე რამდენსამე სოფლის ერს ერთად ამგზავრებდა სპარსეთისაკენ. ასე არა უმეტეს ათი სოფლის, ისე რომ მათ დანაც კი აღარ ეძლეოდათ, ერთ წყობას რომ გაისტუმრებდა, მის რამდენიმე დღის შემდეგ მეორე წყობას, მერე მესამეს და მეოთხეს.

      გეგმა ისე ჰქონდა მოხერხებული, რომ გადასახლებულნი გზაში ერთმანეთს ვერსად შეხვდებოდნენ, რომ ერთმანეთის ნახვით შერთება არ მოეხდინათ და უკან არ დაბრუნებულიყვნენ, ეს საქმე ბარბაროს ისე ჰქონდა მოწყობილი, რომ ქართველთ სულ არ იცოდნენ თუ კახეთიდგან ვის და სად ასახლებდნენ. ყოველ გადასახლებულს მხოლოდ საშუალება ეძლეოდა რომ სპარსეთში შაეტყო ქართველთ გადასახლებულთ საქმე, ამასაც ზოგი შეიტყობდა, ზოგი ვერა, რადგანაც საქართველოდამ ჩაყვანილებს მარჯვნივ და მარცხნივ აპნევდნენ ისე, რომ ცირე ხნის შემდეგ ერთმანეთს ცნობაც კი აღარ იცოდნენ.

      გადასახლებულთ ყოველს ყოველთვის თან ახლდნენ სპარსთა ჯარის კაცნი, გარემოცულნი. უმეტესი ნაწილის ბარგი-ბარხანა საქონლით და ურმებით მიჰქონდათ, ზოგს ჯორი და სხვა საქონელიც ახლდათ, ამასთან სხვაც ბევრი რამ, მაგრამ ყოველივე ესე მათ გზაში უწყდებოდათ ისე, რომ სპარსეთში ჩასვლისას მათ იქ აღარა ჩაჰყვებოდათ რა, თითქმის ყოველივე გზაში ესპობოდათ და ეხოცებოდათ.

      თვითონ ხალხი კი ფეხით მიდიოდა. ამათაც ეკიდათ ზურგზედ ბარგი-ბარხანა. ამათშიც ერივნენ ყველა წრის კაცნი, ქალნი, ახალგაზდები, პატარები, შუა-ხანს შესულნი, ასევე მოხუცნიც. გზაში ისინი დიდს გაჭირვებას, დიდს შიმშილს, ავადმყოფობას და სიკვდილს სცდიდნენ, ამათ გარდა აქვნდათ გოდება საქართველოზედ, მწარეს ცრემლებით ტირილი. ყოველს მათგანს გული უტირდა მტრის მახვილისა და ჯავრისაგან, ყოველს მათგანს სული უშფოთავდა მასზედ, რომ დაუძინებელი მტერი მათ ასალმებდა თავიანთ სამშობლო ქვეყანას, მამა-პაპათა სახლ-კარს, ბაღს, ბოსტანს, ყანას, მთას, ბაღს, ნაშთებს, ცივ წყაროებს, სუფთა ჰაერს, მამა-პაპათა საფლავებს, თანა მემამულეთ, ქართულ ენას, ქართველ ერს და საქართველოს მიწა-მამულს, რასაც ისინი თვალით ვეღარ ნახავდნენ. რამდენი ტიროდა ამისთვის, რამდენი გლოვობდა, რამდენი ღვრიდა ჩუმათ მწარე ცრემლებს ისე, რომ ეს სპარსთა ჯარის კაცებს არ შეემჩნიათ, რამდენი სწყევლიდა მტრის გაჩენის დღეს და იმ წუთს, როცა იგი ჩაესახა მის დედას გვამში, ყველა ამას კაცი ვერ მოსთვლის...

      მგზავრობის დროს ძრიელ ხშირად ქართველნი დაღალულნი შიმშილისა და სიცივისაგან ავად ხდებოდნენ, სპარსეთის მთავრობაც გზაში არაფერს დახმარებას აძლევდა, უმეტესათ ქართველნი შიმშილით მგზავრობდენ, ამიტომ ძრიელ ხშირად გზაში სტოვებდნენ უპატრონოდ თვით ისეთ ქართველთაც, რომელთაც სიარულის თავი აღარ აქვნდათ. ბევრს ალაგას გზაში უპატრონოდ დაუტოვებიათ ავადმყოფნი მოხუცნი და გზაში ვეღარ უტარებიათ. ესენი შარა გზაში ყრილან ავადმყოფნი, უღვრიათ მწარე ცრემლები, უწყევლიათ თავისი ამგველი და ასე და ამგვარათ დაულევიათ ცის ქვეს ტანჯული სული, ასევე დიდის ტანჯვით და სულის აღშფოთვით დაულევიათ გზაში სული ბევრს ახალგაზრდასაც, რომლებიც ავად ყოფილან და სიარულის თავი არ ჰქონიათ, და ამიტომ მათ გზაში ტანჯვით თრევას, ისევ ერთს ალაგას გდება ურჩევნიათ და ტანჯვით სიკვდილი, რაც ამ გვარად ქართველი სნეული კაცი და ქალი მომკვდარა გზაში, ყველა ამას ჩვენ ვერ ავნუსხამთ. რაც შეეხება პატარა ყმაწვილების რიცხვს და ესენიც ხშირად იხოცებოდნენ, ვინც ავად იყო და იმათ ტარება მშობლებისთვის ისე ძნელი იყო, რომ თავიანთ ბავშვებს თვითვე უღებდენ ბოლოს და მით თავისუფლდებოდნენ მათი ტანჯვა საცოდავების მზერის და ტანჯვისაგან.

      ასე და ამ გვარად ჩვენ ვიცით, რომ ბედშავ ქართველთაგან გზაში მგზავრობის დროს, იღვრებოდა მწარე ცრემლები საქართველოზედ და ამაზედ უარესი კიდევ მასზედ, რომ მრავალთ მათგან გზაში უცხო ალაგას და უპატრონოდ ეღებოდათ ბოლო, ამათ საფლავებიც აღარ ეღირსებოდათ და ბოლოს ცოცხალ-მკვდარნიც კი ნადირის საჭმელნი გახდებოდნენ, ყოფილა ისეთი მაგალითები, რომ გზაში უპატრონოდ დატოვებულ ავად-მყოფ სულთ მობძვავს ქართველის მგლებს დაუწყიათ ჭამა და ღრღნა. ამისთანა შემთხვევები ერთობ ხშირად ყოფილა და ამიტომ მის გამო ბევრი მეტად მწარე ცრემლებიც დაღვრილა. როგორს ტანჯვასაც ქართველები სპარსთა წყალობით გზაში სცდიდენ, როგორს მწუხარებასაც აქ გზაში მზერდნენ, სპარსეთში ჩასვლის დროსაც არა მასზედ ნაკლები ელოდათ და იქ ჩარეკილნი, ნადირს, გაუგებარს ერში სწორედ პამპულები იყვნენ, საწყლები დიდს სულის მღელვარებას სცდიდენ და ტანჯვებს, მაგრამ რას იქმოდენ, ემორჩილებოდნენ მძლავრს მტერს.

      ქართველების დიდს გადასახლებას მოჰყვა დიდი უძლურება ქართველთა, მთელი სპარსეთი გაივსო საბრალო ქართველებით. მათ სპარსთა მთავრობა არაფერს დახმარებას აძლევდა, თუ მისცემდა რამეს და მაშინათვე სჯულის გამოცვლას სთხოვდა. მთელის სპარსეთის ქალაქები სავსე იყო ქართველთა მათხოვრებით, ცუდათ და უსაშველოდ მოსულთაგან. მერე ყაენმა ყველა ამ უბედურებს ის მოწყალება უყო, რომ ორ-ორი ქართველი თითო შეძლებულ სპარსთა ოჯახებს მონებად მისცა. მონად დარიგების წყალობით სრულიად დაიქსაქსა ქართველობა და გაწყალდა, მაგრამ შემბრალე და პატრონი არ ვინ იყო. მთელს სპარსეთში ყველა ხედავდა ქართველების ცრემლს და ტანჯვას, ამ გარემოებას მკაცრად ყურადღება მიაპყრეს სპარსეთში მყოფ ლათინის პატრებმა და პაპების წინაშე მოხსენებათა გზავნა დაიწყეს. ასეთია მაგალითებრ პიეტრო დელა ვალე, რომელმაც სპარსეთში მყოფ ქართველთ ტანჯვები ანუსხა და პაპს აუწყა რომში 1624 წ. პატრი ავითაბილე, პატრი იაკობი, პატრი თადეოზი და ვინ იცის რამდენი კიდევ სხვანი ენით მოუთვლელნი, რომელნიც იმ დროს სპარსეთში სცხოვრობდნენ და ქართველთ ტანჯვა ვაებასაც ყურადღებას აპყრობდნენ.

      სპარსეთში პყრობილ ქართველთ ტანჯვა-ვაებამ აამღელვარა ქეთევან დედოფალი, სადაც ყეინს შაჰ-აბაზს ქართველთა განთავისუფლებას ავედრებდა, სთხოვდა საბრალო ტანჯულთა შინ, საქართველოში დაბრუნებას. ამ გარემოებამ შაჰ-აბაზის გული ისე გააბოროტა, ისეც მხეცი ისე გაამხეცა, რომ ქეთევან დედოფალი პატიმარ ჰყო და უბრძანა ხმის გაკმენდა და სჯულის გამოცვლა, რათ მის მაგალითით სხვა ქართველთაც მალე დაეთმოთ სჯული. ქეთევან დედოფალმა ეს არა ქმნა, იგი მაინც მაგრა იდგა და ქართველების საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა, ეს გარემოება შაჰ-აბაზმა ვეღარ აიტანა და ქეთევან დედოფალი ქ. შირაზს, 1622 წ. აწამა, ჯერეთ შანთით დადაღა, ძუძუები დასჭრა, სხვა ნაწილები და მერე სულ დაკუწეს ნაჭერ-ნაჭერ წამების დროს, ქეთევან დედოფალმა ციხის მცველს უფროს სთხოვა, რომ დედაკაცისთვის ჯალათის წინაშე შიშველი არ არის კარგი რომ იყოსო და ამიტომ ვითხოვ, რომ ტანზედ ერთი სუდარა შემარჩინეთ და ისე დამდაღეთო. სასჯელის წინეთ დედოფალმა ანბანთ ქება სთქვა ლექსად «გაფი». ამით მოსთქვა სპარსეთში მყოფთ ქართველთ პატიმრობა:

ან - ამას ვჰსტირი,

ბან - ბნელსა მჯდომი,

გან - გულსა მდუღრად

დონ - დადაგული,

ენ - ესრეთ ვება,

ვინ - ვის მოება,

ზენ - ზენი - ზედა

ჱეე - დართული,

თან - თვალნი ჩემნი,

ინ - ისევ ირწყვის,

კან - კმარის მისგან,

ლას - ლამებული,

მან - მილად მოდის,

ნარ - ნაკადული,

ონ - ოდეს ნახონ,

პარ - პკურებული.

ჟან - ჟამნი ჩემნი, გამოვწულილე,

რაე - როდესმე

სან - სული მეყოს.

ტარ - ტყება ჳწყე,

უნ - უთვალავნი,

ფარ - ფლობა მიჯობს ესრეთ რომ მეყოს,

ქან - ქცევა სოფელს ერთს წამს საყოფელს,

ღან - ღიმილიცა გარდაიმეყოს.

ყარ - ყველას ღმერთი თჳთ განმიმარტებს,

შინ - შიშთა მისთა ჴელი მიმეყოს,

ჩინ - ჩამომება სუჱ უბედური,

ცან - ცრემლის დენა,

ძილ - ძნელად შრება,

წილ - წყარო თვალთა,

ჭარ - ჭმუნვით მყოფთა,

ხან - ხარბად დენით გარდმოჩქერება.

ჴან - ხორცნი ღაწვთა,

ჯან - ჯავრმა დაწვნა, წარხდეს ელვათა შუჱნიერება,

ჰაი - ჰაი, მომშორდა ლხინი და შუჱბა,

ჵი - ჵი წარმიხდა სახიერება.                

 

      სწორედ ამ დროსა და ხანაზედ ითქმის იოსებ სააკაძისაგან თქმული:

            «თავო ჩემო ვით გასულო, სევდიანო, როგორ წყლულო,

            საქართველოს სჯულისათვის ათას ფერად წამებულო».

      ჩვენგან შეუძლებელია ქართველთა შავი დღეების დაწვრილებით ანუსხვა, მას დიდი, ვრცელი ისტორია აქვს, სპარსეთში ქართველნი თუ რა ტანჯვას იტანდენ, რა წამებას, რა ცხარე სისხლის ცრემლებს ღვრიდენ, როგორ მოსტიროდნენ თავიანთ სამშობლოს და ან როგორ წყდებოდნენ უღვთოდ, ეს კარგადა სჩანს იმ დროის ლათინის პატრებთა აღწერისაგან. ქართველები რიცხვით სპარსეთში ერთს მილიონამდის არის წაყვანილი, მეტიც. მერე რა იქმნა ეს ხალხი? რა იქმნა და ზოგი გზაში გაწყდა, ზოგი შიგ სპარსეთში, ზოგი გადაგვარდა და ამით მოისპო ყოველივე, თავი შეირჩინეს მხოლოდ აი აქ ანუსხულთა სოფლის ქართველთა, რომელნიც შაჰ-აბაზმა სპარსეთის განაპირა ადგილებში დაასახლა საყარაულოდ და სადაც სპარსთ მათში მისვლა-მოსვლაც არ აქვნდათ; აი ამ გარემოებამ დასტოვა ეს ხალხი დღემდე თავის ენით, თორემ ესენიც რომ სხვებივით დაეფანტა აქა იქ მთელს სპარსეთში, მაშინ აღარც ხსენება იქნებოდა მათი.

      აი ეს ქვემოთ მოყვანილი სოფლები, რომლებიც ეხლა გვაცნობეს სპარსეთიდამ მოსულ ქართველებმა. ამ სოფლის სახელები ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილმაც აწერა, ჩემი წიგნის შეცდომებიც გაასწორა, მისის ანუსხვით ფერეიდანის კუთხის ქართველთა ნაწილის ადგილებში 26 სოფელი ყოფილა. ამათში რვა სომხისა, ზოგი თურქის და ზოგიც თათრის, დანარჩენი ქართველების არის. სომხების შესახებ ლადო აღნიაშვილი ამბობს, რომ იგინი ქართველთ შთამომავალნი უნდა იყვნენო, ხოლო გათათრების დროს სომხის სჯულზედ გადასულნი, რათა მით ქრისტიანად დაშთენილიყვნენ. ეს მაშინ ადვილად მოხდებოდაო, რადგანაც იმ დროს იქით სომხის ერი და სამღვდელოებაც იყო და იგინი არც დევნაში იყვნენო, მეორე თვით მათი ტიპიც ძალიან გავს ჩვენს ტიპსა და მესამე პირჯვარსაც დღემდე ქართულად იწერენ (იხილეთ დანართი) და არა სომხურადაო. ესეც შეიძლება სრულ ადვილად. ჰაზრია რომ მთლად ამ 26 სოფლის მცხოვრებთ შორის ქართველნი მრავლად უნდა იყვნენ, ხოლო მათ დაკარგული უნდა აქვნდეთ თვისი ენა, ვინაობა და სხვა. ასეთი მაგალითები ხშირად ყოფილა სპარსელ ქართველებს შორის.

 1. ჯაყჯაყი ქართული სოფელი, 200 კომლი;

 2. სიბაქი 250;

 3. ჩუღურეთი 100;

 4. ზემო მარტყოფი, ახორა 1200;

 5. ქვემო მარტყოფი, ახორა 200;

 6. დიესური 150;

 7. ნინო-წმინდა 200;

 8. შეშკანი 150;

 9. ტაშკეშანა 250;

 10. აფუსი, ძველად რუის-პირი ეწოდებოდა 700;

 11. თელავი, ანუ თოლერი 600;

 12. ბოინი 800;

 13. შაურდი 200;

 14. ვაშლოვანი ?

 15. აბას-აბადი (მეშედისკენ სძევს, ენა დაკარგეს)

 16. არმაზპოლი (ჩამადანთან ახლოს, ენა დაკარგეს)

 17. ლილო, ნორიო, პატარძეული

   (თეირანსა და თავრიზს შუა სძევს, ენა დაუკარგავთ).

       ზემო ხსენებულს სოფლებთ შორის 9 სოფელში ქართული ენა დაკარგულია, ქართულს ლაპარაკობენ მხოლოდ შვიდს სოფელში, ცხადი საქმეა აქაც მალე დაიკარგება ეს ენა, რადგანაც მისი სხეული გახრწნილია და ენის აგებულება, მნიშვნელობა და საჭიროებაც მკვდარი. აქამდის დარჩათ ეს ენა და დღეის შემდეგ კი აღარა გვგონია, ესენი ამ ენის შენახვას ვეღარ შესძლებენ.

       თუ არ გვინდა რომ ეს ასე მოხდეს, მაშინ ამ ხალხის საქმეებს და ენის მფარველობის შრომას ჩვენგან ყურადღება უნდა მიექცეს, მაშინ კი შეეძლებათ ამათ რომ თავიანთ შრომის ნაყოფის შედეგი ნახონ, ქართული ენის და წიგნების საშუალებით სპარსულ წიგნებზედ უფრო უკეთესად დაუახლოვდენ ევროპიულს რეალურს განათლებას, ქართული ენის და ქვეყნის მამულისშვილობას, ქართულ მოქალაქეობას.

      ჩვენს უძლურებაში, ხშირად სპარსელთ ჩვენი მეზობელნი ლეკნიც ეხმარებოდენ. მაგალითებრ შაჰ-აბაზმა პირველ მოსვლის დროს საქართველოში, ჯერეთ ერევანი აიღო და მერე აქედამ კახეთის მეფეს ალექსანდრე და გიორგის კაკი ჩამოართვა და მის მაგიერ მათ წელიწადში 700 თუმანი დაუნიშნა. ამ საქმის მოხერხებაში ლეკნიც იღებდენ მონაწილეობას, მეორედ მოსვლის დროს (ქართ. ცხოვრებით 119 გვ. II ტ.) შაჰ-აბაზმა გაწყვიტა მთელი კახეთის ხალხი, ამ უბედურებაში მას დიდათ ეხმარებოდნენ ლეკნიც. ვინც მტერს გადარჩა კახეთში, მათ თავი შეაფარეს თუშ-ფშავ-ხევსურეთში. კახეთიდამ აყრილს ზოგი მაზანდარნას დაასახლა, ზოგი ხოროსანს, ზოგიც ფრეიდანს (იქვე 118 გვ. II ტ.).

      შაჰ-აბაზმა საქართველოში თავის მოადგილედ ფეიქარხანი დატოვა, რომელიც აგრეთვე ქართველებს ასახლებდა სპარსეთში და მათ სოფლებში თათრები და ლეკები შეჰყვანდა და აბინავებდა. ასევე ბოროტად ჰყრიდა და ასახლებდა სალიმ ხანიც, ამან გაავსო საქართველო თათრებით. ლეკებისგანაც ისეთივე აოხრება ეძლეოდა კახელთ, როგორც თვით სპარსთაგან, ლეკებმა ისე გაიმაგრეს ფეხი სპარსთა წყალობით, რომ მათ საინგილოს ქართველთ 1720 წლიდამ სუნის სჯულით გათათრებაც დაუწყეს, ამ სჯულის ვრცელებაში სპარსეთი არაფერს დავას უწევდა, ოღონდ კახეთი მოსპეთ, გაათათრეთ და რაც გენებოთ ის ქენითო, გამხეცებულ ლეკნიც ქართველებს ხშირად იტაცავდენ და დაღესტანშიაც რეკავდენ, სადაც, რასაკვირველია, მათ ათათრებდენ. ასე და ამ გვარად, ქართველთათვის XVII საუკუნე არის ისეთი ტყვეობის, გარდასახლების და მოსპობის ხანა, როგორც ძველად ისრაელთა, ქალდეველთა, ჰაოსიანთა და სხვათა ამ გვარად დაჩაგრულების აოხრება, დაპნევა, ემიგრაცია.

      უნდა შევნიშნოთ რომ ხშირად ჩვენი მეისტორიენი სცდებიან, როცა სპარსთა გადასახლებულთ სულობით მოიხსენიებენ, უნდა იხსენებოდეს კომლობით. ისიც ცხადია, რომ შაჰ-აბაზმა 80 ათასი კომლი გადაასახლა და არა სული, ამასვე ასაბუთებენ იმ დროის სპარსეთში მყოფ ლათინის ბერები. იმავე დროის ლათინთ პატრი ორსინეს აღწერით: შაჰ-აბაზს საქართველოდამ სპარსეთში გადუსახლებია 80 ათასი კომლი, ამათ ალაგას მათ მაგიერ დაუსახლებიათ სპარსელები და სომხები (მ. თამარაშვილი, 87 გვ.). თუ რამდენად უბედური იყო სპარსეთში წაყვანილთ ქართველობა და თუ როგორ სწყდებოდნენ იგინ ამას ასაბუთებს იმავ დროს, რომის პაპთან დელა ვალე 1624 წ. «ქართველთა დიდს გადასახლებას მოჰყვა საზარელი წყვეტა-ჟლეტა, რამდენი სიკვდილი გაჭირვებისაგან. რა გლეჯა, რა გახრწნა, რა ძალდატანება, რამდენი ჩვილი ყმაწვილები თავიანთ მშობლებმა დაახრჩეს ან წყალში ჩააგდეს სასოწარკვეთილებისაგან, რამდენი სხვა მოჰკლეს სპარსელ ჯარის კაცებმა მიტომ რომ ისინი სასიცოცხლო არ იყვნენ, რამდენი ძალით მოგლიჯეს დედის ძუძუს და დააგდეს შარაზედ მხეცების საჭმელად ან მხედრების ცხენების და აქლემების სასრესად. მხედრებს არა ერთხელ უვლიათ ქართველთა მიცვალებულთა ლეშებზედ, რამდენი მიცვალებულის გვამი მგელს, ძაღლს და ნადირს უხრია და უგლეჯ-უჯიჯგნია, რამდენჯერ მამაშვილს, ქმარი-ცოლს, ძმა-დას მოაშორეს ისე რომ იმათ იმედიც არ შემორჩენიათ როდისმე ერთმანეთის ნახვასა. ამ სამწუხარო შემთხვევაში რამდენი ქართველი ქალი და კაცი იყიდებოდნენ ყველგან პირუტყვებზედ უფრო იაფად, რამდენი ამისთანები სხვა მოხდა, ღირსი შებრალებისა, მაგრამ ვინ მოსთვლის ყველას თქვენთვის უნეტარესობის და წმიდის ფერხთა წინაშე». «ივერია» 1879 წ. დელა ვალეს მოხსენება.

      აი სურათი იმ უდიდეს რიცხვ ქართველებისა, რომელნიც სპარსეთში იყვნენ გადასახლებულნი და რომელნიც ასე საცოდავად სწუხდებოდნენ და ისპობოდნენ. ესეთი გარემოება რომ არა, მაშინდელი დაშთენილი, რომ იქ ქართველთაგანი არვინ ყოფილიყო, ეხლა კი იქ ამისი აღარაფერია სრულებით.

      1907 წ. იანვრის პირველ რიცხვებში, სპარსეთიდამ თბილისში ჩამოვიდნენ სპარსელ ქართველნი: ყოლა მუსეინ ონიკაშვილი და ყოლა ამრეზ ხუციშვილი. ამათი მოსვლა ქართველთათვის იყო მეტად უცხო და არ მოსალოდნელი. ამათ ნახვამ და ლაპარაკმა დაგვისაბუთა სიდიადე ქართველის ერისა, რომლის ზოგიერთ შვილთ შესძლებიათ, რომ უცხო, შორს ქვეყნებში თავიანთი ენა შაენახათ.

      ამ სპარსელ ქართველთ მოსვლის ამბები ადგილობრივ გაზეთებშიაც იბეჭდებოდა. 11 იანვარს, ვნახე ეს ქართველ სპარსელნი. გავიცანით, ლაპარაკი დავიწყეთ და მათგან ბევრი რამ მოვისმინეთ. ესენი მოთავსებულნი არიან ჩვენში კარგად ცნობილ მოღვაწე ლუარსაბ ბოცვაძესთან. ორივ ესენი აღმოსჩნდნენ სოფ. ზემო მარტოფელები, 30 წლებს მიახლოვებულნი, ორივ დანიშნულნი, მაგრამ ისე დატოვებულ იქ მათი საცოლონი და ესენი საქართველოში წამოსულნი, ორივ თავიანთებურად ნასწავლები არიან სპარსულს ენაზედ, ქართულს ეხლა სწავლობენ და ამ რამდენსამე დღის განმავლობაში ქართული კითხვაც ისწავლეს.

      კილო ამათის ლაპარაკისა არის ასე: წავიდის-ყე, მოვიდის-ყე და სხვანი, უფრო ქიზიყურია ანუ როგორც «ამირან-დარეჯნიანია» ნაწერი, «დილარიანი» და სხვა ძველი მოთხრობები. ამათი წამოსვლის მიზეზი საქართველოში ის ყოფილა, რომ მათ დიდი სიყვარული გქონიათ საქართველოს გაცნობის და ნახვის, პატარაობიდანვე ამათ დიდი ტრფიალება ჰქონიათ თავიანთ სამშობლოს ნახვის. მათში თურმე ზამთარში ბერი კაცები და დედაკაცები ახალგაზრდებს მოუთხრობენ თვის გადასახლების ამბებს, თავიანთ ძველების ცნობებს, ახალგაზრდებიც სიამოვნებით ისმენენ მოთხრობილ ცნობებს. მათ საკვირველად აქვსთ მიღებული თვისი გადასახლების საქმენი და კარგად არ იციან მიზეზები გადასახლებისა. ის კი იციან, რომ მათი დამრბევი და გადამსახლებელი შაჰ-აბაზი ყოფილა. ამ მეფეს დიდათ ემდურიან და წყევლა-კრულვით მოიხსენიებენ, რას ემართლებოდა, რომ ჩვენს მამაპაპებს სამშობლოდამ ასე შორს ასახლებდაო.

      ამ პირთა სიტყვით, სპარსელ ქართველნი თუმც მუსულმანები არიან, მაგრამ დიდი სიყვარული აქვსთ თურმე ქართველებისა, საქართველო და ქართველი ამათ აჭარლებივით არა სძულსთ, არამედ საქართველოს დიდის პატივით იხსენიებენ და ქართველნიც სანაქებოდ მიაჩნიად. ის რაც სამცხე-საათაბაგოს ქართველთ მაჰმადიანებში მკაცრად იგმობა, იგი ამაში იქება და იდიდება. მიზეზი ამისი ის უნდა იყოს, რადგანაც სპარსელ ქართველნი საქართველოდამ ერთობ შორს არიან წაყვანილნი და მეორე როგორც გადასახლებულთ და შორს-მყოფთ გულში დარჩენიათ ნაბერწკალი თავიანთის ქვეყნის სიყვარულსა, ხომ მოგეხსენებათ, შორს მყოფს უფრო უცხოველდება მამულისშვილური გრძნობები. სპარსელ ქართველთ არამც თუ უყვართ საქართველო და ქართველი არამედ საპატიოთაც მიაჩნიათ იგი.

      ყოლა მუსეინ ონიკაშვილმა მიამბო: ჩვენში ერთი მოხუცი ბრმა კაცი ავად გახდა, მალე შეწუხდა, ჩვენ ვნახეთ და ვკითხეთ: იქნება გსურს რამე, გვითხარ და ჩვენც მოგართმევთ მასაო. მოხუცს უთქვამს: მე მინდა ერთი რამ, მცირე დროით თვალი გავახილო და მის მერე ისეთი კაცი ვნახო, რომელიც საქართველოს ამბებს მიამბობს და მასთანავე იმასაც დამანახვებს, თუ საქართველო რომელ ქვეყნის კუთხეში სძევს. აი ეს მინდა, ეს მენატრება. ასეთ სიტყვებს და ნატვრას იქ მყოფ ქართველებზედაც ერთობ კარგი გავლენა ჰქონია, ონიკაშვილს და ხუციშვილსაც უფრო მომატებიათ გულის ძგერის ძალანი. ესენი ამით უფრო აღფრთოვანებულან საქართველოს მოძებნის სიყვარულის ძალით. დიახ, სპარსელ ქართველნი თურმე დიდათ მოყვარულნი ყოფილან საქართველოში. დღემდე მათ სანაქებოდ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ სპარსელნი მათ გურჯებს ეძახიან, სპარსელები ამათ სხვა და სხვა ბარათებში და საქმეებში ქართველთ იხსენიებენ როგორც ქართველთ. თვით ეს პირნიც თავიანთ პასპორტებში ქართველებად არიან ხსენებულნი, თვით სავაჭრო საქონლის გასაყიდ-გამოსაყიდ ბარათებშიც კი ესენი ქართველად არიან მოხსენებულნი. ასეთი სავაჭრო ვაჭართა ბარათები ამათაც აქვსთ.

      ამ პირთა თქმით, ვლადიმერ აღნიაშვილი მათს სოფელში 12 დღეს დარჩენილა, მაშინ ჩვენ ახალ გაზდები ვიყავითო, როცა ის ჩვენში მოვიდაო. მისი დიდი მადლობელნი ვართო. მან ბევრი რამ გაგვაცნო საქართველოს და საქართველოს შესახებ კარგი ცნობებიო. მან გადმოგვახედინა ჩვენის სამშობლოსაკენაო. თუმცა მის მოსვლამდისაც ვიცოდით რომ საქართველო იყოვო, ხოლო ის კი არ ვიცოდით, თუ ეს ქვეყანა საით იყოვო. ამიტომ ეს პირები განსვენებულს ვლადიმერ აღნიაშვილის სახელს ქება-დიდებით და სიყვარულით მოიხსენიებენ, მის ამაგს და პატივის-ცემას ჩვენ არ დავივიწყებთო.

      ათამ ონიკაშვილის შესახებ ამათ ვერა სთქვეს რა, იგი ჩვენგან 1870 წლებს უნდა იყოს წამოსულიო, რადგანაც მაშინ ჩვენში დიდი მოუსავლობა და შიმშილი ყოფილა და ამიტომაც მრავალნი აქეთ-იქით გადაცვივნულანო, ბევრს ერთმანეთი დავიწყებიათ და აღარც შინ დაბრუნებულანო, ვგონებთ, რომ ეს ათამაც მაშინ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნიდამ კარში გასული და მერე აქეთ წამოსული და საქართველოში მოსულიო.

      სთქვეს ამათ, რომ მათში თურმე ყველას აქვს სურვილი საქართველოს ნახვის და ქართველთან ქართულად ლაპარაკის, ასეთ ნატვრით ავსილნი არიან თვით ის ქართველებიც, რომელთაც ქართული ენა დავიწყებიათ და დღეს სპარსულადღა ლაპარაკობენ. თვით ესენიც კი ქართველებათ იწოდებიან, ამათაც კი აქვთ სურვილი ქართული ლაპარაკის შესწავლისა რამოდენიმე ალაგას, ასეთ ქართველთ ხსენებულის პირებისათვის დაუვალებიათ, რომ ეგები საქართველოში თქვენ ქართული ლაპარაკი და წერა-კითხვა კარგად ისწავლონ და მერე ჩვენც გვასწავლოთო. სთქვეს ამათ, რომ ჩვენებურს ქართველთ სპარსეთის ყეინები ძრიელ სძულთო. მათ კრულვით იხსენიებენ მის გამო, რომ საქართველოს რათ ანგრევდენ და აქცევდენო. ყეინებს თურმე ყოველთვის ჩაკდომით იტყვიან და არა სიკვდილით.

      ქართველებში თურმე ბევრი რამ ამბებია ზეპირ დაშთენილი მასზედ თუ მათ წინაპართ რა წვალება გამოუვლიათ აქედამ გადასახლების დროს, რა ტანჯვა, ცრემლის ღვრა და სხვანი. ეხლა ჩვენ რომ წამოველით და გამოვიარეთ იმოდელი გზა, ეხლა ჩვენ რომ ვნახეთ ჩვენი წვალება და უძლურება, ეხლა წარმოვიდგინოთ ის მწარე უძლურება და საცოდაობა, თუ ჩვენი ძველები რა ტანჯვას გაივლიდნენ, რა მწუხარებას და საშინელს მდგომარეობაში იქნებოდენ მგზავრობის დროს, ისიც იმ დროს XVII საუკუნეს. მათი ტანჯვის ანუსხვა შეუძლებელიაო. ამათ ფრეოდანიდან თეირანამდე 27 დღე უვლიათ და იქიდამ სპარსეთის საზღვრამდე 10 დღეს და მერე საქართველოში მოსვლაზეც რამდენიმე დღე.

      თქვეს, რომ ჩვენში, ვისაცკი ვნახამდით ხოლმე საქართველოსკენ მყოფ სპარსელს, თუ სომეხს, ყველას იმასა ვკითხამდით, თუ საქართველო საით სძეოვსო? ზოგი გვეტყოდა, რომ საქართველომდის აქედამ ექვსი თვის სავალიაო, ზოგი იტყოდა ხუთი თვისაო, ზოგი მეტს და ზოგი ნაკლებსო. დღემდე ჩვენ ამ ქვეყნის არაფერი ვიცოდითო, დღეის შემდეგ კი გაგვეხსნა გზა და ამის შემდეგ ჩვენს ქართველებს დაწვრილებით გავაგებინებთ ჩვენი სამშობლო ქვეყნის ვითარებასო. ჩვენი ნაღველა აქამდის იყოფო, რომ ჩვენ ისე დავკარგულვართ, რომ ცნობაც არა გვქონდა ჩვენი სამშობლო ქვეყნისაო. ეხლა კი ეს ნაღველა მოგვესპობაო.

      საქართველოში წამოსვლა, ქართველთ მოძებნა და ნახვა ჩვენ პატარაობიდამვე გვქონდაო. ვიტყოდით ხოლმეო: ჩვენ, თუ ჩვენს სამშობლო საქართველოს ვერ ვიპოვნითო, უამისოდ ჩვენი ყოფნა შეუძლებელი იქნებაო. განვიზრახეთ, მოვიწადინეთ ჩვენის ქვეყნის და ქართველთა პოვნა და ნახვა, ეს შევსძელით კიდეც, მოვახერხეთ, გვეღირსა. მოვაღწიეთ ჩვენს სამშობლომდისო. ამ განზრახვის შესრულება მოგვცა შემდეგ მიზეზებმაც: ჩვენს სოფელში ყაჩაღები დაგვეჩნენ და გაგვცარცვეს, მოგვპარეს 1700 მანეთი. ამ ფულის და ყაჩაღების გამო ჩვენ თეირანში მოგვიხდა ჩასვლა და ყეინთან საჩივარიო. ჩვენ იქ მოვისაქმიანეთ ფულის გამო და მის მერე მივეცით ზრუნვას, რომ სადმე ერთი კაცი გვენახა ვინმე და მის საშვალებით ქართველი კაციც გვეპოვნა და მისგან შეგვეტყო რამე ცნობები ჩვენი ქვეყნის შესახებ. ჩვენ მალე ვიპოვნეთ ერთი სომხის მღვდელი და ამასა ვკითხეთ. ამ მღვდელმა ჩვენ მიგვასწავლა ერთ ღვინის გამყიდველ სირაჯთან. ჩვენ ამასთან მალე მიველით, გავიცანით ერთმანეთი. იგი აღმოჩნდა საქართველოს სომეხი, კახელი, ჩვენი გაცნობა ძრიელ გაეხარდა, იგი გაგვიმასპინძლდა, დაგვპატიჟა და გვესაუბრა, მალე თავისთან დაიბარა ნაცნობები და გაგვაცნო. ჩვენი გაცნობა ყველას დიდათ გაეხარდათ, მალე გავიცანით იასონ მენაბდე, თეირანის რუსის ბანკში მოსამსახურე: იასონს ძრიელ გახარებია ქართველების ნახვა, ასევე ამათ მალე გაუცვნიათ გაბოც. თეირანში სულ ათამდე ქართველი ყოფილა, ყველანი გაუცვნიათ მალე. იასონასთან მთელი ღამეები უთიებიათ ლაპარაკში, საუბარი საქართველოზედ ჰქონიათ, იასონსვე დაუყენებია ესენი საქართველოს გზაზედ, ბევრი რამ დარიგება მიუციათ და მასთან საქართველოს ამბებიც უამბიათ, ქართული ანბანიც კი დაუწერიათ ამათვის იქ და სწავლება დაუწყებინებიათ. მალე ფულით დახმარებაც ამოუჩენიათ და საქართველოს გზაზედ დაუყენებიათ.

      ბევრი მგზავრობის შემდეგ ესენი მოსულან ბაქოში. აქ ამათ გაუცვნიათ ალექსანდრე ბერელაშვილი, ალექსანდრეს ამათვის შესანიშნავი სალამი, პურ-მარილი და თავაზი გაუწევია. ამისი და იასონის დიდი მადლობელნი არიან. ბაქოდან ესინი თბილისში ჩამოვიდნენ და გაიცნეს ქართველები, ამათი ცხოვრების და ზრუნვის საქმე ჩვენმა საზოგადოებამ იკისრა. მალე მათ მასწავლებელიც მიუჩინეს და ქართული წერა-კითხვის სწავლებაც დააწყებინეს. ქართულ წერა-კითხვაში მათ კარგი ნიჭი გამოაჩინეს და მოკლე დროის განმავლობაში ისე დახელოვდნენ, რომ მათ თავისუფლად დაიწყეს ქართული წიგნების კითხვა, ყოლა მუსეინ ონიკაშვილმა თავიანთ მოგზაურობაც დასწერა, რომელიც დაბეჭდილია 1907 წ. გაზეთ «ისრის» 112, 113 და სხვა შემდეგ ნუმრებში. ამავე პირმა 24 ივნის, 1907 წ. თფილისის საკრებულო დარბაზში, საჯაროდ წაიკითხა თავიანთი ქვეყნის ანუ ქართველ-სპარსელების ცხოვრება, რამაც საზოგადოება ატაცებაში მოიყვანა. ასევე ამათ მიმოვლეს საქართველოს ზოგიერთ ქალაქებში და იქაც ამ გვარად გააცვნეს საზოგადოებას თვისი ცხოვრების ამბები. რადგანაც ამათი ნაწერები ცალკე დაიბეჭდება, ამიტომ აქ მოკლედ ვსჭრით საუბარს.

       სპარსელ ქართველთა გადასახლების დიდი ისტორია ერთობ ღარიბია, ამიტომ ჩვენ აქ კიდევ გადასახლებულთ შესახებ ვისაუბრებთ. სპარსეთში დღემდე დაშთენილთ ქართველთ ერთმანეთის იქ ცხოვრების ცნობაც არ იციან, თვით აი ამ პირებმა სთქვეს, რომ ჩვენის მგზავრობის დროსა, სპარსეთის კუთხეებში რამოდენიმე ალაგას შეგვხდა ქართველთა სოფლებიო, იქ მცხოვრებნი ქართველნი არიან, ხოლო ქართული ენა კი დაკარგული აქვთო. ზოგ ალაგას ასეთ ქართველთ ენის დაკარგვის გამო სინანული გაუცხადებიათ. და ამათთვის დაუვალებიათ, რომ საქართველოში ეგება თქვენ ისწავლოთ ქართული წერა-კითხვა და მერე ჩვენ დაგვასწავლოთ. ვიტყვით, რომ სპარსელ ქართველნი გადასახლების დღიდანვე ისეთ გასაველურებელს გზას დაადგენ, ისეთ დასაღუპს და გადაგვარების, რაის გამო, სადღეისოდ მათ გულსა და ხსოვნაში ისეთი ცვლილება დანერგიათ, რითაც მათში მკაცრად აღმოკვეთილა მისი ცნობიერებაც, რომ ვითომ ქართველებს თავიანთი საკუთარი ანბანიც კი ჰქონდესთ. მათ ამის წარმოდგენაც აღარ ჰქონიათ, ჰგონებიათ რომ ქართველებსაც, მათებურად არაბული ანბანი აქვსთ მიღებული, ამასვე ასაბუთებს ვ. აღნიაშვილის ცნობა. იგი სწერს: როცა ამათ ქართული ანბანი ვუჩვენე, იგინი ამით დიდათ გაკვირდენ და სთქვეს, რომ ეს ჩვენ არ ვიცოდით თუ ქართველებს თავიანთი ანბანი ჰქონიათო (სპარსელი ქართველები ლ. აღნიაშვილისა).

      «შავთა დროთ ვერა შესცვალეს, მის გული ანდამატსაო» ეს თქმულა, მაგრამ ვიტყვით, რომ ეს თქმა სწორე შეხედულების მომასწავებელი არ არის. ქართველები უკვე შესცვალა შავმა დრომ და კისერიც მოადრეკინა როგორც სპარსთა მონობის წინაშე, ისევე თავისიანების და გადაგვარების. ეს რომ ასეა ამას ასაბუთებს ის გარემოებაც, რომ თვით ზემოხსენებულ პირთა თქმით, სპარსელ ქართველებში დღეს მხოლოდ რვა სოფელშიღა იციან ქართული, დანარჩენში ამოვარდნილია და ყოველივე ისე დაკარგულა, რომ მათ თვით ქართული ანბანის არსებობის ცნობაც კი არა ჰქონიათ. ესე გადაგვარება, ესე მორჩილება შავის ბედისა, სწორედ უნდა ითქვას რამდენიც ქართველთ უძლურებით აიხსნება, იმდენადვე სპარსთა მახვილის და მონებისაგან, რაც ამათ შავს დროს უმორჩილებდათ და ცბიერის შაჰ-აბაზის ბოროტებას და მახვილს გულსა და სულშიაც დიდის შიშით უნერგავდა. სომხურის წყაროების ცნობებით, მე არ მაქვს იმედი, რომ დღეის შემდეგ, სპარსელ ქართველთ შორის შეინარჩუნოს ვინმემღა თავისი ენა და ცნობიერება, თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ სწორედ საკვირველება იქმნება.

      აქამდის თუ ქართველი კაცი ადვილად ჰკარგავდა თავის ძველს სჯულს და ახალს უერთდებოდა, აქამდის თუ იგი ადვილად არა ჰკარგავდა თავის მიწა-მამულს და ენას, დღეს ეს გარემოება ისეა მოწყობილი, რომ ქართველი კაციც ადვილად სთმობს თავის ენას, მიწა-მამულს და ეთვისება სხვისას, ამის მაგალითია სპარსელ ქართველთ ვითარება, რომ იქ დაკარგეს თავის ენა, სჯული, ქვეყნის ხსოვნაცკი, თვით ქართული ანბანისაც და მის მაგიერ შეითვისეს სხვისა, თვის მოსისხლე მტრისა. ასევე მოხდა ოსმალოს საქართველოში და აქაც დაკარგა თვისი ღვიძლი ენა მათმა ნაწილმა, ყველა ეს მაგალითები ცხადი საბუთია რომ ასე ვიფიქროთ. 1873 წ. თფილისში სპარსეთიდან ათამ ონიკაშვილი ჩამოვიდა, მაშინ ნიკოლოზ ყიფიანმა «დროებაში» პატარა ფელეტონი დაბეჭდა და მერე ცალკე წიგნათაც დასტამბა, იქ ის აზრი გაატარა, რომ სომეხი კაცი ყოველთვის იცავს თავის სჯულსა და ენას კი ჰკარგავსო. ქართველი კი ჰკარგავს სჯულსაო და ენას კი იცავსო.

      ეს არ არის სწორედ, სომეხი თავის სჯულს მაინც იცავს და ქართველი კი ადვილად სთმობს სჯულს და მასთან ერთად თავის ენას და მწიგნობრობასაც. ყველა ეს ჭეშმარიტია, რადგანაც მაგალითებიც თვალთ წინ გვაქვს, განა შეიძლებოდა, რომ იმოდელა ქართველებს, როგორც ოსმალეთში იყო, რომ ისე ადვილად დასთმეს ქართული ენა და ხსოვნა, როგორც ქართველებმა, რასაკვირველია არა, მაგრამ დასთმო ქართველმა მიტომ, რადგანაც მიზეზი ზოგი ოსმალ-სპარსთ მონება, დევნა და ტანჯვა გახლდათ და ზოგიც ის გარემოება, რომ ქართველ კაცს ამ დროისთვის უკვე ადვილად გადაებნა გულიდამ თავის ვინაობის, სამშობლო ქვეყნის და მის ისტორის ხსოვნის მაღალი სხივები.

      ცბიერის აბაზის გულიც სწორედ ამითი იყო სავსე, მან ქართველების გმირობა კარგად იცოდა და მიტომაც ელტვოდა ამათ გადასახლებას, სპარსეთში დასახლებას და გადაგვარებას თვით სულიერადაც, რათა მის მერე კახელ ვაჟკაცთ გმირებიც ჰყოლოდა, სწორედ მიტომაც დაეცა საქართველოს ორჯერ, ველურად შემოვიდა დიდის ჯარით, ორჯერვე კახეთის ნახევარი პირქვე დაამხო და 1617-18 წლებს საკმარისად დიდი რიცხვიც წაგვართვა და წაიყვანა. ამ მანქანების ცბიერებას მით უფრო შვრებოდა, რადგანაც XVII საუკუნეში, ოსმალეთმა დიდათ იწყო ამაღლება და ამათი ძალა თვით სპარსეთსაც ერთხმებოდა გარს და ანიავებდა. ამის დროს, ოსმალეთს სპარსეთის რამდენიმე ადგილიც აქვნდა დაპყრობილი, გარდა ამისი შაჰ-აბაზი იმ მიზნითაც მტრობდა ქართველებს, რადგანაც მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის მეხარჯე საკუთრებას შეადგენდა და იმერეთიც უხდიდა ხარკს. მეორედ მოსვლის მიზეზი სულ ეს იყო, მიტომაც მან აჭარლებსაც დაუწყო ბრძოლა, საიდანაც ძლეული დაბრუნდა.

      საქართველოს დაღუპვის და შაჰ-აბაზის შემოსევის და აოხრების საქმეში დიდს ბრალსა სდებენ დიდ მოურავს გიორგი სააკაძეს, ზოგნი მოღალატეს უწოდებენ, ზოგნი მფარველს. ამის შესახებ 1907 წ. გაზეთ «ისარში» მ. ჯანაშვილმა წერილი დაბეჭდა და მას საქართველოს მოღალატე უწოდა, ანტონ ფურცელაძე კი მხსნელად ხატავს. ეხლა ხანს აღმოჩნდა რომში ერთი ცნობა და მოურავის სურათიც, რომელიც ერთ ლათინის ბერს XVII საუკუნეში დაუბეჭდია, სურათს ბოლოზედ აწერია ასე: «საქართველოს მხსნელი გიორგი მოურავი» (მ. თამარაშვილის ნაწერები და სურათები, 1906 წ. რომი). ამიტომ გიორგის მკიცხველი სცოდავს საქართველოს ისტორიას. თვით სტამბოლში ყოფნის დროსაც გიორგი მოურავი ეხვეწება ლათინის მოგზაურს ბერებს, დარიგებას აძლევს და გზავნის საქართველოში და ავალებს მათ, რომ თქვენ წადით საქართველოში, თეიმურაზ მეფესთან მიდით და უშველეთ რამე, თორემ დაიღუპება საქართველოვო, თქვენ შეგიძლიათ მისი ქვეყნის შველაო. თქვენ დიდს სიკეთეს უზამთ მის ხალხსაო, უნდა ითქვას, რომ ყველა ამ უბედურების მიზეზნი იყვნენ თეიმურაზ მეფე და ლუარსაბი, რომელთაც თავიანთ დროს ვერ გამოიჩინეს დიდი პოლიტიკური ნიჭი და შაჰ-აბაზს ვერ გაუგეს ეშმაკური ცბიერება.

      შაჰ-აბაზმა ლუარსაბს თავი მოჰკვეთა რუსების დაახლოვების გამო (ბრძოლა საქართველოს მოსპობაზედ. 1893 წ. თფილისი). ქეთევანი აწამა სპარსეთიდამ ქართველების დაბრუნების თხოვნის გამო და თეიმურაზს ორი შვილი დაუსაჭურისა და აუოხრა ქვეყანა მის გამო, რომ თეიმურაზმაც ოსმალეთს და რუსეთს მიმართა კახეთის საკავშიროდ და სპარსეთს უჭკუ-უოსტატოდ ქიშპობა დაუწყო. მიზეზები ქართველების გადასახლების პირდაპირ ედება შაჰ-აბაზის გველურს პოლიტიკას და თეიმურაზის უხეირობას, ეს ცხადათ ჩანს თვით იმ გარემოებიდამ, რომ თეიმურაზი იმ დროს რაღაც უგვან ლექსებს ჯღაბნიდა, სთარგმნიდა ვარდ-ბულბულიანს, გაზაფხულისა და შემოდგომის ბაას და სხვა ასეთებს. ქვეყანა აუოხრა შაჰ-აბაზმა, ხალხი გადაუსახლა და მაზედ კი კრინტიც არ აქვს დაძრული! ასევე ქარაფშუტა და გულის ამყოლ ლუარსაბსაც კი მიეწერება.

      ასე იყო თუ ისე, ქართველთ გადასახლების საქმეში, რამდენადაც ჩვენი მტერია დამნაშავე, იმდენადვე ჩვენი მეფეებიც გახლავან. აქამდის სპარსელ ქართველები ჩვენთვის დაკარგულად მიმაჩნდა, რაკი ამ ბოლო დროს იქიდამ კაცები მოვიდნენ, ამიტომ ჩვენ ახლა აწინდელ დროზედ ვილაპარაკებთ.

      ყოლა მუსეინ ონიკაშვილი, შესმენილი პირია მამა ამისი აბდულ მაშადი გახლავს † 1901 წ. დედა ამის ფათემა ნაჯაბ ონიკაშვილის ასული † 1906. ამ პირთ ხშირად უამბიათ პატარა ყოლა მუსეინისათვის საქართველოს ამბები და ამათის ცნობებით გაღვიძებია ამას სამშობლო ქვეყნის სიყვარული, მოგონება და ამის პოვნა და ნახვაც კი: იმედია რომ ყოლა მუსეინა საქართველოში ყოფნას კარგად გამოიყენებს, საქართველოდამ დაბრუნებული სპარსეთში თავის თანა-მედროვე ქართველებში ძირითად ცვლილებას შეიტანს.

      ყოლა ამრეზა ხუციშვილი, ზემო მარტოფელი, 30 წ. მამა ამისი აღამჯუნა ხუციშვილი და დედა თამარნისა სეფიანთ ქალი. ამათ გვარში დარჩენილი ყოფილა ამბათ, რომ ჩვენის აქ გადმოსვლის დროს, ჩვენ ოჯახში მღვდელი იყოვო, რომელსაც სახელად ალავერდა ერქვაო, ზოგნი სფირიდონათაც იტყვიანო. ამათ მაშინ თავიანთ პატარა საყდარიც ჰქონიათ ამ საყდრის შთენი დღესაც არის თურმე დარჩენილი, ამ პირს მშობლებიც ხშირად მოუთხრობდენ თავის ძველს საქართველოს ცნობებს, ქართულთ ამბებს და სწორედ ამათის წყალობით გაღვიძებია ამას გული და სული თავის სამშობლო ქვეყნის სიყვარულის ალებით. იმედია, რომ ესენი თავიანთ თანა მექვეყნეებს დიდის ამაგს გაუწევენ საქართველოს გაცნობით.

      ქართველები როცა დაკავშირებიან ისლამს, იმათ იმ დღიდანვე დაუწყიათ ცდა თავიანთ საკუთარ მეგვარტომე სასულიერო წოდების ყოლას. პირველ დროების გათათრებას, როგორც ვიცით კათოლიკის მოგზაურ ბერებისაგან, უნდა მომხდარიყოს 1660 წლებში. თუმცა ისიც ვიცით ქეთევან დედოფლის ცხოვრების აღწერით, რომ ქართველთ სპარსეთში წაყვანილთ და პატიმართ გათათრება 1620 წლებიდამ მოხდა, მაგრამ ამ დროს გათათრება იყო კანტი-კუნტათ, ხოლო ფრეოდანის ქართველთ გათათრება კი 1660 წლიდამ იწყება, ამიტომ ამ წლიდან ქართველთა მოისპო ყოველივე, მათ მაგიერ გაჩნდა ისლამის სასულიერო პირთა რიცხვი არა მარტო ერთის ხარისხის მექონი, არამედ ყველასი, ესე იგი მთელი სასულიერო წოდების: მოლები, იმამები, ხოჯები, ყადები, მუშტეიდი, ახუნდნი და შეხულ-ისლამიც, მთელი რიცხვი ისლამის სარწმუნოების სასულიერო წოდების კრებულისა.

      ასე და ამ გვარად ფრეოდანის ქართველებში, თვით ქართულ გვარის ისლამის სასულიერო პირთა გამოსვლის დრო მიეწერება 1670-1680 წლებიდამ, ამაზედ უგვიანეს არა. პირველად ქართველებს ასეთი სჯულ-წესების შეთვისების აღსრულება უძნელდებოდათ, მაგრამ ყველანი კი მაინც ეჩვეოდენ, რადგანაც ამისთვის მათ მიჩენილი ჰყვანდათ სპარსეთის მთავრობისაგან მცოდნე მღვთის მეტყველ სასულიერო სპარსნი. იმავ-თავიდგანვე, ქართველ სპარსელებში სასულიერო პირთა რიცხვი იმოდონად შემდგარა, რისა გამო მათვის 1680 წლებიდამ სხვა და სხვა ტომის მოლები და ხოჯები საჭირონი აღარ ყოფილან. ქართველებს ყველა სოფლებში ჰყოლიათ თავიანთი ტომის ხოჯები, მოლები და ახუნდები, რომელნიც ხალხს ალოცებდენ ყოველთვის. სადაც ქართველებს სპარსულს და არაბულ ენაზედ კარგად გაგება უჭირდებოდათ, იქ ქართველ გვარის მოლები და ახუნდები ქართულს ენასაც ხმარობდენ, ქართული ენით უხსნიდენ. სადღეისოდ ქართველ სპარსთა სოფლებში სადაც კი ქართული ენა დავიწყებას მიეცა, ეს ბრალდება არის ისეთ გარემოების და მოლების და ახუნდების, სადაც ქართველ გვარის მოლები და ახუნდები მუდმივისად არ ჰყვანდათ და მათში მსახურებდენ ისეთ სპარსთა სასულიერო პირნი, რომელთაც ქართული ენის არა იცოდონ რა და ქართველებსაც უადვილებდენ ერთობ სპარსული ენის შესწავლას.

      დღეს, ქართველ სპარსელებს, თავიანთ შორის, მოლები, ხოჯები და ახუნდები სულ ქართველები ჰყავსთ. ესენი სწავლას იღებენ თავიანთშივე დაარსებულ სასულიერო სასწავლებელში, ასეთი სასწავლებელი მათ გახსნილი აქვსთ ზემო მარტყოფში, სადაც 1200 კომლი სცხოვრობს. დღეს, ქართველ სპარსელთა სასულიერო საქმეებს მარტოდ ქართველთ გვარის პირნი ასრულებენ, ამათში უხვად არიან მოლები, ხოჯები, ახუნდები, მუშტეიდი და შეიხულ ისლამიც. სჯული აქვსთ შეასი, ესე იგი ალი სწათ უპირველეს მოციქულათ. სასულიერო პირნი მათში საკანონმდებლო თანამდებობასაც ასრულებენ, მეჯლისი ყადებიც ესენი არიან, შარიათსაც ესენი წარმოადგენენ. მეჯლისი ამათგან შესდგება და ქართულ ენასაც ხმარობენ. დღემდე კი ეს ასეა და დღეის შემდეგ როგორ იქონება, ეს უწყის საქმემ და სპარსეთის კონსტიტუციამ. ქართველთ სპარსელთ სასულიერო პირნი ქებულნი არიან დიდათ არა მარტო ქართველებში, არამედ თვით მეზობელს სპარსელებშიც.

      დღევანდელ ქართველ სპარსელებში არის ჰაჯი შეიხულ ისლამი, მოლა ალი ასყარა, გვარად მობონაშვილი. ეს არის დიდი მუშტეიდი მთელს ფრეოდანის მხრის როგორც ქართველ სპარსელებში, ისევე სხვებშიც. იცის კარგად ქართული ენა, კარგი მოლაპარაკეა. სათნო მოსამართლე, ჭეშმარიტად საქმის ამწონ-დამწონი, მის გადაწყვეტილებას თურმე ვერავინ დაარღვევს ადვილად.

      მეორე, ასეთივე კანონმდებელი და პატიოსანი, მადბაღარა გვარად ზუბიტაშვილი, უწარჩინებულესი პირი და კარგად მცოდნე ქართული ენის, მაინც როგორც სთქვეს ამ პირებმა, მათში ქართული ენა სასულიერო პირებში თითქმის ყველამ იცის კარგად, ხმარება ყოველთვის სუფთად და კანონიერად ვინმეც ერის კაცთა. სასულიერო პირთა შორის ყოლას ქართველ სპარსელ ნასწავლს უწოდებენ თურმე.

      ქართველ სპარსელებში, სპარსული სკოლები დაუხსნიათ იმ დღიდგან, როცა ესენი ისლამს მტკიცედ დაკავშირებიან. მანამდისკი თურმე მათში შინაურულად სწავლობდენ ქართულ ანბანს და ქართული ანბანი მათში თვით გათათრების კარგა ხანს შენახულა. ქართული ანბანი მათ შენარჩუნებიათ თითქმის 1700 წლამდე, მის მერე კი მოსპობილა, ქართულს ასწავლიდენ ხელნაწერებით და ხშირად ჩუმათაცკი. მეთვრამეტე საუკუნის დამდეგიდამ ქართველ სპარსელთათვის ქართული ანბანი უცხოდ შეიქმნა. მათში ამის მომგონებელ რიცხვიც შემცირდა, თუმცა ქართველებს სპარსეთში მისვლა-მოსვლა ხშირად აქვნდათ და მთელი სპარსეთის ქალაქები ქართველ ტყვეებით და პატიმრებით სავსე იყო, მაგრამ მაინც მათ შორის სპარსთა მახვილის წყალობით მალე დაირღვა ქართული ანბანის მფარველობის ძალა. თუმცა ისიც კარგად ვიცით, რომ სპარსეთში მცხოვრებ ქართველნი და ზოგნი მათში ისლამთანაც დაკავშირებულნი, ხშირად სთარგმნიდნენ არაბულის და სპარსელის ენიდამ სხვა და სხვა ძველს წიგნებს. ასეთ თარგმანთა ნაწერებიდამ გადაწერილების სპარსეთში და მერე საქართველოში მოტანილი წიგნების მეც მინახავს მრავლად, მქონია კიდეც. ასეთ ძველი ხელთნაწერების სამთელ გავლებულს ქაღალდზედ ნაწერების ზოგი ქართული ასოებით და სპარსული სიტყვებითაც ყოფილა მთელი წიგნები, «ლელიანი», «იოსებ ზილიხანი» და სხვა.

      სადღეისოდ ქართველ სპარსელებში ქართული წერა-კითხვა მოსპობილია, მათ სამრევლო სკოლებში ბავშვებს არაბულს ენაზედ ასწავლიან, ყმაწვილებს არაბულის ანბანის შესწავლა ძრიელ უჭირდებათ, მაგრამ მეტი რა გზა აქვსთ. სწავლა სწარმოებს გაველურებულის წესებით, უწესოდ და უგვაროდ. მასწავლებლად მოლები არიან. სწავლისთვის დრო მათში არ არის განსაზღვრული, სკოლაში როცა და ვისაცკი მოუნდება მაშინ შევა. მოკლედ რომ ითქვას რაც წესები ოსმალეთის ქართველთ შორის არსებობს, იგივე იქ ყოფილა ამათში. ეხლა ყოლა მუსეინ ონიკაშვილი და ყოლა ამრეზ ხუციშვილი მეცადინეობენ და ჩვენებური სკოლის წესებს სწავლობენ, რომ მერე იქ მათ ეს წესები შეიტანონ და სპარსელ ქართველთ სკოლის საქმეები ჩვენებურად მორთონ, შიგ ქართული სახელმძღვანელო წიგნების სწავლება დაიწყონ, ქართულის წიგნებით გამოსწურთნონ თვისი მოძმენი.

      თუ ეს ასე არა, უამისოდ ვიტყვით და კიდევაც გვითქვამს, რომ ქართველ სპარსელთ ქართველად ხსენება და საუბარი უბრალო იქმნება. მართალია აქამდის შეინახეს ქართული ენა და ქართველად სთვლიან თავს, მაგრამ ეს არ კმარა, მათ უნდა შეისწავლონ ქართული ენა, საქართველოს ისტორია, სამშობლო მწერლობა, ნამეტურ მათი გადასახლების ისტორია და ყველა ის ტანჯვა-წამება, რაც მათ გამოუვლიათ.

      ქართველ სპარსელებთ შორის როგორც მამაკაცებში, ისევე დედაკაცებში, ზოგი რამ ქართული სახელები დღემდე დაშთენილა, მაგალითებრ: თამარი, ჯეირანა (დარეჯანი), მარიამი, ასო, ისო, სესე, ბოლგრა და სხვა. მამაკაცთ შორის: როსტომა, კოლა, ბეჟან, თეიმურაზ, ფერიდან (ფრიდონ), გივი, მუსა, მერაბ, ხოსროვა, ასკანდარ და სხვანი. ამ ქალთა და კაცთა სახელებს სპარსნი სრულებით არ არქმევენ თავიანთ ხალხს, ეს მარტო ქართველებშია დაშთენილი ჩვეულებათ. სპარსელ მამაკაცთა და დედაკაცებს თავიანთ სახელების დაფარვის ნატვრა იმ ისტორიულის ტრფიალების ხსოვნითაც აქვსთ, რომ მათ ახსოვთ თავიანთი ძველ მამა-პაპათა ვინაობის ვითარება, იციან ისიც კარგად, რომ მათი ძველები საქართველოდამ ჩაურეკიათ იქ სპარსელებს ფეხით და ამას გარდა დიდათაც უტანჯავთ და უწვალებიათ, მათ წვალებას ფასი არ ჰქონია და აი სწორედ ასეთ წვალებულ მამა-პაპათა სახელების ზოგი მაინც ჩვენც მოვალენი ვართ რომ შევინახოთ და არ დავივიწყოთ. ასეთ საქმეთა არ დავიწყებას ქალნი, თუ კაცნი დიდის მორიდებით და თავაზით ეპყრობიან, ამაში იგინი ხედვენ თავიანთ ზნეობრივ ვალს.

      სამწუხაროდ სპარსელ ქართველ კაცთა და ქალთა სახე შესცვლიათ, ტიპზედ ბუნებას თავის ადგილ-მდებარეობითი გავლენა მოუხდენია, იგინ გადაუქმნია სახით იმდენად, რომ დღევანდელი სპარსელ ქართველნი უფრო სპარსელებს ჰგვანან, იგინი გაირჩევიან მხოლოდ ქართული ენის ხმარებით, მამა კაცებს დღემდე შერცენიათ ქართული ტანთსაცმელი, ხოლო ეს ტანთსაცმელი ძველი ქართულია და არა აწინდებური, ძველებური მოკლე კაბები, ქულაჯები, ჩოხები და სხვანი მათში იხილვება დღემდე, ნაბდის ქუდები კი გადასცვლიათ სპარსულს ქუდებზედ, ჩუსტები, ქალამნები მათში დღესაც იციან. ტანთსაცმელს გარდა სხვაც ბევრი რამ ძველებური ნივთებია მათში დაცული, ბევრიკი შეცვლილა. როგორც კაცთ შორის, ისევე ქართველ სპარსთა ქალებშიაც ბევრი რამ ნიშნებია ქართველობის დაშთენილი, ხოლო ტანთსაცმელიკი შესცვლიათ, ტანთსაცმელი როგორც ამბობენ სპარსული, ანუ თათრული სცმიათ. პირბადეკი არ ხურებიათ, ამით იგინი სპარსთა ქალებისაგან დიდათ განირჩევიან. ლაპარაკი, მითქმა-მოთქმა და ყოველივე ასეთნი მათ აქვთ იმ სახით, როგორც ეს მათ წინაპრებს აქვნდათ საქართველოდამ გადასახლების დროს სპარსეთში.

      ქალთა და კაცთა შორის, ზემო ხსენებულ ჩვეულებათ გარდა ბევრიც სხვა რამ ძველებურ ქართულ გარდმოცემანია თურმე დაცული, ბევრს რამეს ძველებურს ამბებს იტყვიან და თან დაუმატებენ, რომ «ამას ჩვენი ძველ მამა-პაპანი ასე იტყოდნენო» ასეთის ამბების მოყვანა როგორც კაცებში, ისევე ქალებშიაც ერთობ მრავლად სცოდნიათ. ბევრს ლხინსა, სადღესასწაულო საქმეებში და ჭირშიაცკი იციან ქართული ჩვეულებების მოგონება და გახსენებაო. ნამეტურ ქორწილში ბევრს მოიგონებენ ქართულსაო.

      დღემდე ქართველ სპარსელებში თუ ქართული ენა კიდევ არსებობს სადმე, ეს არის მიზეზი ქართველ სპარსელ ქალებისა, რომელთაც დედეულთაგან მძიმედ იცავენ ქართულ ენასაო. ამას გარდა მათში ბევრი ძველებური ექიმობა და ქართული შელოცვებიც ყოფილა დაშთენილი. პურის გამოცხობის დროს, გუნდებს ჯვარს უკეთებენ, მოიგონებენ აღდგომას, ამაღლებას, ვარდის-ფენობას და სხვა ასეთს დღეებს. ქართველ ქალნი დღეის შემდეგაც კარგა ხანს შეინახავენ ქართულ ენას, რადგანაც თავიანთ პატარებს აკვანზედვე დამღერიან ქართულ ნანას. ნანას თქმა მათში ადრე თურმე ლექსათაც იცოდნენ, მაგრამ სადღეისოდ იქ გალექსილი ნანების თქმა სუსტად იციან. უფრო სიტყვების გამბით მოუთხრობენ პატარა ფრეოდანელ ქართველებს.

      ხვნა, თესვა, მკა, ლეწვა და სხვა ამ გვარნი, მთელი სამეურნეო და საოჯახო საქმენი სპარსელ ქართველთ ქართულად ჰქონიათ. სამეურნეო იარაღის სახელებიც სულ ქართული სახელებით არის დღემდე დაშთენილი, ხმარებაც ისევე იციან როგორც ეს მათ ძველებს კახეთში სცოდნიათ. ჩვენებურთ «ონჩახარის» მსგავსი მათაც სცოდნიათ, კალოობას თურმე ვინც ხელ მოკლე არიან იმათ გაკითხვაც სცოდნიათ. ამით თურმე ქართველ სპარსელნი განთქმულნი არიან, თუმცა მათ ცუდი ადგილები უკავიათ, მაგრამ იგინი მაინც ღარიბთათვის არას ისურვებენ და ვისაც რით შეუძლია მით ეხმარებიან ხელ-მოკლეთ, რაისა გამო მათში მძლავრად არც არიან დაჩაგრულნი.

      დრო ხვნა-თესვის, აღება, გალეწვაც ისეთსავე წესებით იციან როგორც საქართველოში. ხოლოდ იქ თავთავის დროის კვალად, რადგანაც დრო იქ სხვა და სხვა ნაირია და არა ჩვენებური, დღემდე ყოველ სამუშაო იარაღს და საქმიანობას ძველებური ქართული ნიშან-წყალი სცხიაო.

      ჭამა-სმა და საჭმელების კეთებაც ქართულად ჰქონიათ, ესენი ბევრს ისეთ საჭმელებს ხმარობენ, რაც სპარსთა სულ არა აქვსთ. ურმები, მიწის ფლობის პირობებიც ამათ კარგად ჰქონიათ, ამათში თითქმის მამულის საერთო მფლობელობა ყოფილა დაცული, ჩვენებურად, ეს როგორც ადრე კახეთსა და ქიზიყში არსებობდა. ასეთი მიწის ფლობის წესები სპარსელებს თურმე სრულებით არა აქვსთ, ამ წესების შესახებ ერთხელ ვრცლად გვიამბეს. მასში ბევრი ისეთი უცხო ძველებური ქართული საერთო წესებია დაცული, რაც ღირს, რომ იგი კარგის მცოდნესაგან იქმნეს გავრცობილი და აწერილი. ეს წესები კარგად ალაპარაკა მიხეილ ვახ. მაჩაბელმა, ცნობილმა ქართველ მოღვაწემ და ამ საქმის მეტრფემ.

      ქართველები სახლების კეთებასაც კარგად მისდევენ, ამათი სახლები ბევრად გაირჩევა სპარსთა სახლებისაგან, სპარსელნი სულ ღრმა მიწურ სოროებში სცხოვრობენ და ქართველნიკი ჩვენებურ კახურად გაკეთებულ სახლებში. ქართველთა კეთება ისე იქება და იდიდება სპარსეთში, რომ სპარსელთ ამისთვის საკუთარი სახელიც უწოდებიათ «გურჯი ფუშ». სახლების კარგად კეთებას ესენი ძველადგანვე კარგად შესდგომიან. ამიტომ თურმე მათში მოიპოვება ბევრი ისეთი ძველი სახლები დღესაც მკვიდრად მდგარი, სადაც ხალხიც სცხოვრობენ. ასეთ ძველ სახლებზედ იტყვიან თურმე ქართველნი, რომ ეს სახლები ჩვენს ძველებს მაშინ გაუკეთებიათ, როცა იგინი შაჰ-აბაზს საქართველოდამ აქ მოუყვანიათო.

      მაუწყეს, რომ ძველის საფლავის ქვებზედაც ძრიელ ხშირად მოიხსენიებიან ქართველნიო, ზოგი ქვის წარწერა მოწმობს ასეთ მიცვალებულის შესახებო - «ადე ერთი და გადმოხედე თუ ქართველები როგორ არიან, როგორ სცხოვრობენო». მოხუცებულნი ასეთ ამბებს გულ ჩათხრობილნი მოუთხრობენ ახალ-გაზრდებს. იგინი სწუხან დიდათ და შაჰ-აბაზის წყევლაც იციან ხშირად თვის აყრის და იქ გადასახლების გამო.

      ერთი საყურადღებო ცნობა მოჰყავს ლადო აღნიაშვილს თავის წიგნში, ამაზედ ჩვენც ვიტყვით რამეს. ფრეოდანის ქართველ სპარსელთ გვერდით სცხოვრობენ თურმე სომეხნიც, ქრისტიანები, რომელთაც საყდარში და ისეც კარგში, პირჯვარს ქართულად იწერენ და არა სომხურად, ეს გარემოება ლადო აღნიაშვილს აფიქრებინებს, რომ იქნება ეს სომეხნი ქართველობიდამ არიან სომხობაზედ გადასულიო. ამას ეჭვი არ უნდა, მასვე ასაბუთებს თვით ამისგანვე მოყვანილი მეორე ცნობა ქართველის თავადის აგინაშვილის შესახებ, რომელიც სპარსეთსი ყოფილა 1830 წლებს, იქ ამას სომხის ქალი შეურთავს ცოლად, შვილები სომხურად დაუნათლავს და დღეს ესენი საგინიანად იწოდებიან და თავიც სომხად მიაჩნიად.

      მიზეზი ამისი ის გახლდათ, რომ სპარსეთში ადრე არ იყო ქართული ეკლესია. მეორე, სპარსთა მთავრობა სომხებს სჯულის გამო არ სდევნიდა, არ ათათრებდა. უეჭველია ქართველიც ამ სჯულს მიეკედლებოდა, იგი ქრისტიანობით დაშთებოდა კიდეც ხელ შეუხებელი, სპარსთა მთავრობა ასევე არ სდევნიდა კათოლიკოს სარწმუნოების მაღიარებელთ, მარტოდ ქართველებს ატანდა ძალას სჯულის გამოცვლის გამო, ძალიანაც შეიძლება, რომ ქართველს ხალხსაც ქრისტიანობიდამ ისლამზედ გადასვლა მორიდებოდა, ამიტომ იგი სახეს შეიცვლიდა, სომეხს, ან კათოლიკობას შეუერთდებოდა და მით იგი ქრისტიანობით დაშთებოდა, ფიქრი არ უნდა რომ ასეთი მაგალითები ხშირად მოხდებოდა მათში და ბევრი ქართველი გადავიდოდა ადვილად მათს სჯულზედ. ჩვენ ეს ჰაზრები სხვაგანაც გვაქვს ნათქვამი, ამიტომ აქ ესეც კმარა. ნახეთ ამაზედ ჩემი წიგნი «ქართველი გრიგორიანები». გამოცემა 1906 წ. თფილისი. 1800 წლების შემდეგ, სპარსეთში ქართველთა მისვლა-მოსვლა სრულად შევწყვიტეთ, ვინც იქ ქართველნი სცხოვრებდენ ხსენებულ დროს გადასულნი, იმათაც დროის განმავლობის წყალობით განვლეს სოფელი და მათის მოსპობით მოისპო ქართველთა კვალი სპარსეთში. ერთი მაგალითი იყო ვლადიმერ აღნიაშვილის და მეორე ქართველებში კარგად ცნობილის ილია ზარაფიშვილის, სოფლის უწესოებისაგან დევნილმა სპარსეთში ირჩია წასვლა და იქაურს ქართველებზედ შორიდამ მაინც გადახედვა. ამის წერილები სპარსეთიდამ 1906-1907 წ. «ცნობის ფურცელსა» და «ისარშიაც» მრავლად იბეჭდებოდა. დღეის შემდეგ უეჭველია ქართველნი ხშირად მიმოიხილავენ სპარსეთს და მის საშუალებით სპარსელ ქართველთა ცხოვრებასაც ზომიერს სინათლეს მიჰფენენ.

      თვით ცნობიერება ქართველებში საკმარისად იდგამდა ფეხს. სპარსელ ქართველთა მოსვლას საქართველოში ქართველებმა კარგის ისტორიულის თვალით შეხედეს. თფილისის თავადაზნაურთა კრებამ 600 მანეთი გადასდო სპარსელ ქართველებში სკოლის გასახსნელად, ასევე ქუთაისის თავად აზნაურთა კრებამ და ჭიათურის შავი ქვის სამრეწველო საბჭომ 1500 მანეთი. ამით გადააჭარბეს მათ თავიანთ ზნეობრის ვალს, ყველა ეს ცხად საბუთს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ დღეის შემდეგ სპარსელ ქართველთ გაღვიძების და განახლებიც ზარიც დაირეკება, ახალ ცხოვრების უღელში შეებმენ, ახლა მათი ვალია, რომ თავიანთი შვილები საქართველოში მრავლად და ხშირად გამოგზავნონ სასწავლებლად, რადგანაც მათსა და ჩვენს შორის გზა გაიხსნა, ხიდი გაკეთდა და ამ ხიდის ბურჯებათ უნდა ჩაითვალონ ყოლამ უსეინ ონიკაშვილი და ყოლამ რეზა ხუციშვილი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq