ვისაც კი როდესმე ილია ჭავჭავაძის სოციალ-პოლიტიკურ შეხედულებებზე დაუწერია, ამოსავალ დებულებად ყველასთვის ქცეულა ლელთ ღუნიას სიტყვები: "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო". ზოგადად ამით განსაზღვრავდნენ ხოლმე ილია ჭავჭავაძის, როგორც ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მედროშის მრწამსს. უკეთეს შემთხვევაში ილიას ბიოგრაფიიდან მოჰყავდათ ის სამოქმედო პროგრამები, რომელთაც იგი უსახავდა თავის ხალხს მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციაში. განსახილველი საკითხისადმი დიდი პასუხისმგებლობა და კონიუნქტურით განპირობებული მოსაზრებები ზღუდავდა მკვლევარებს, უფრო შორსმიმდინარე დასკვნები გაეკეთებინათ: სახელდობრ, თუ როგორ წარმოედგინა ილიას საქართველოს სახელმწიფოებრივი მომავალი იდეალურ ვითარებაში. მკითხველის სულგრძელობისა და მიმტევებლობის გათვალისწინებით, წერილის ავტორი თავს ნებას აძლევს, შეჰბედოს მას მოკრძალებული ვარაუდი და წარმოუდგინოს ილიას პორტრეტი, როგორც საქართველოს სამეფოს აპოლოგეტისა და მისი აღდგენის მოსურნისა დამოუკიდებელსა და თავისუფალ საქართველოში. ამ მიზნით თავდაპირველად ილიას შემოქმედებიდან ის ადგილები იქნება მოხმობილი, სადაც იგი ღვთიური წარმოშობის იდეასა და აღმატებითს შეხედულებებს ამკვიდრებს ქართველ მეფეებზე, ხოლო შემდეგ - ცალკეული მაგალითები, რომლებიც ცხადად თუ ფარულად ამხელენ ილიას ოცნებას თავის იდეალზე. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ილია განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით წერს ყველა იმ მეფეთა შესახებ, რომლებსაც თავი გამოუჩენიათ ერის წინაშე თავიანთი მოღვაწეობით. ფარნავაზიდან მოყოლებული ("აჩრდილი") დიდებით მოიხსენიებს საქართველოს ღირსეულ მეფეთა სახელებს: გორგასალს, დავითს, თამარს ("აი, ისტორია"). მთელ პოემას წერს დიმიტრი თავდადებულზე. ცალკე წერილებს უძღვნის დავით აღმაშენებელსა და ლუარსაბ წამებულს. შარავანდედით მოსავს თამარის სახელს სრულიად სხვადასხვა ნაწარმოებებში. მაგრამ იმისათვის, რომ დაამკვიდროს ხალხში მეფის ერისადმი მზრუნველობისა და თავდადების იდეა, ილია ხშირად მიმართავს მათი ღვაწლის ზოგადად წარმოსახვას: ა). ქართველი მეფეები იბრძვიან საქართველოს სახელის სადიდებლად სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ: "საქართველოს მეფენი, ჰგრძნობდნენ რა სიდიდეს წმიდათა მამათა მოღვაწეობისას საქართველოს გარეთ, არა ჰზოგავდნენ არა სახსარს, რომ ქონებით უღონობა და ნაკლებულობა არა ჰქონოდათ მონასტრებსა და ეკლესიებს, ქართველებისას. ამიტომაც ყველაზე უფრო შემწირველნი მეფენი იყვნენ. დიდძალი მამულები შეჰსწირეს, დიდძალი ყმები, რომ ამ გზით წყარო ცხოვრებისა შეუწყვეტელი ყოფილიყო ქართველთა მოღვაწეთათვის საქართველოს გარეთ სადიდებლად და გასაძლიერებლად ქრისტეს სარწმუნოებისა" ("ათონის ქართული სავანის შესახებ", ტ.8, გვ. 306). ბ). საქართველოს მეფენი იღწვიან საქართველოს კეთილდღეობისათვის შინ: თუ გავითვალისწინებთ ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებას, რომ ილია ჭავჭავაძეს მიწისმფლობელობის წესი მიაჩნდა "იმ ეკონომიურ საფუძვლად, რომელმაც ქართველ ერს მრავალრიცხოვან მტრებთან ესოდენ ხანგრძლივი ბრძოლის წარმოება შეაძლებინა", განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქართველ მეფეთა მცდელობა ამ წესების განუხრელად დაცვისათვის. ილია თავის დასკვნაში აღნიშნავს: "აქედამ ცხადია, ჩვენი მეფეები რას უნდა გაჰფრთხილებოდნენ. როგორც ეტყობა, უფრთხილდებოდნენ კიდეც..." ("ძველი საქართველოს ეკონომიური წყობის შესახებ" ტ. 4. გვ. 177). გ). ქართველი მეფები იხსენიებიან თვით ისეთ შემთხვევებშიც კი, სადაც თითქოს საამისო აუცილებლობა არ არსებობს. ილია ცდილობს მათი ღვაწლის საგანგებოდ წარმოჩენას: "როდესაც არაბები საქართველოში შემოვიდნენ და მაჰმადიანობის გავრცელებას ცდილობდნენ, ეხლანდელი ოსმალეთის საქართველო ქრისტიანობისათვის იღვწოდა ბაგრატიონების მეთაურობითა და წინამძღოლობით" ("ოსმალოს საქართველო" ტ.4, გვ.11). იმისათვის, რომ გამაჰმადიანებული საქართველოს მიწა-წყალი უძველესი ქრისტიანობის აკვნად გამოეცხადებინა, ილიასათვის სრულიად საკმარისი იყო ეთქვა არაბთა ექსპანსიის წინაღმდეგ მკვიდრი მოსახლეობის შეურიგებლობის შესახებ და იქვე დაესვა წერტილი. მაგრამ ილია განზრახ უსვამდა ხაზს ბაგრატიონების "მეთაურობასა და წინამძღოლობას", რადგან ამით ქვეცნობიერად ამკვიდრებდა მკითხველის შეგნებაში ამ წინამძღოლობის კეთილისმყოფელ სურათს და იწვევდა მათი სახელებისადმი მოკრძალებას და თაყვანისცემას. ქართველ მეფეთადმი ასეთი დამოკიდებულება მჟღავნდება ილიას ყოველ ნაწარმოებში, მაგრამ გამორჩეული ადგილი მაინც თამარ მეფეს ეკუთვნის. "გლახის ნაამბობში" სიკეთის მადლით ცხებული მღვდლის პირით სრულიად განსაკუთრებული სიამაყითა და ღირსებით აღწერს ილია თამარის ეპოქას: "თუ წელში გამართულა როდისმე ჩვენი ქვეყანა, ეგ იმის მეფობის დროს გაიმართა. მზეს თუ როდისმე საქართველო გაუნათებია და გაუთბია, იმის დროს ყოფილა; სიტყვას თუ ძალა გამოუჩენია, გულსა სიმტკიცე, მკლავსა სიმაგრე, ეგ დალოცვილის მეფის თამარის დედობის დროს მომხდარა! ის დედა იყო, ჩვენ შვილები"... როდესაც ილია თამარს "დედას" უწოდებს, მხოლოდ სვიანი მეფობა და დიდთა საერო საქმეთა ქმნა არა აქვს მხედველობაში. მანამდე ქართველ ერს დედა-ღვთისმშობლის გარდა "დედა" ასეთი ყოვლისმომცველი მნიშვნელობით არავისთვის უწოდებია. როდესაც ილია თამარს უწოდებდა "დედას", აქ მისი ღვაწლის მიღმა ბაგრატიონთა გვარის ღვთაებრივი წარმომავლობაც ჰქონდა უთუოდ ნაგულისხმევი. იგივე ხდება მეფე დიმიტრი თავდადებულის მიმართაც. ილიასათვის დიმიტრი მამაა ერისა. ურდოში გასამგზავრებლად განმზადებულს, შიშით მიმართავს მას ქართველობა: "მაგრამ ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ, მეფეო, შენს დამკარგველთ? მამობასა ვიღა უზამს შენგან დაობლებულ ქართველთ?" ხოლო რაკი თავად მეფე დიმიტრიმ იცის, რომ: "ეს ქვეყანა ღვთისაგან აქვს მონაბარი", ამ დიდი ვალის შეგნებით მიმართავს ღმერთს: "ღმერთო, ღმერთო! თვალწინ მიდგა დიდტანჯული მე ძე შენი... ვით ძით ყველა, ისეც ჩემით ერი ჩემი დაიხსენი". მეფის ლოცვაში ერთდროულად ვლინდება როგორც მისი მტკიცე და შეუდრეკელი ხასიათი, ამავე დროს - გარკვეული უფლებამოსილებაც, საკუთარი განცდების ძე-ღმერთის განცდებთან გათანაბრებისა. ამგვარად ილია ხარკს უხდის ქართულ ისტორიოგრაფიულ ტრადიციას, რომელიც ქართულ სამეფო გვარეულობას ღვთიურ საწყისებთან აკავშირებს. ხოლო პირველი ლექსი, სადაც ილია ჭავჭავაძე დაუფარავად ამხელს თავის პოლიტიკურ მრწამსს, არის "იანიჩარი". 1860 წელს დაწერილ ამ ლექსში აღწერილია ივერიელი მხედრის სიჩაუქე და ოსტატობა, რომელსაც იგი თავისი ქვეყნის დამმონებელ ხელმწიფის წინაშე ამჟღავნებს. პოეტი სინანულს გამოთქვამს ამის გამო: "ვსთქვი, თუ ვისთვის შენ კისკასობ, ვისთვის იჩენ სიმარდესა? შენი რაა, რომ ამშვენებ შენს დამღუპველს ოსმალეთსა? შენს სიმარდეს, სიჩაუქეს ქართლი შენი არ დაჰყურებს, მეფე შენი თავის ქებით ჭაბუკს გულს არ გიხალისებს!..." რომც არ არსებობდეს ლექსის თავდაპირველი ვარიანტი, ჩვენთვის მაინც ადვილი იქნებოდა ქართველი კონდოტიერის სათანადო გეოგრაფიულ გარემოსთან დაკავშირება. მაგრამ რადგან არსებობს, ამდენად იგი სხვა მხრივ არის საყურადღებო: ორიგინალში ლექსის სათაური ყოფილა: "კანვოელს", ხოლო ზემოთმოყვანილი სტროფის მეორე ტაეპში ნაცვლად "შენს დამღუპველს ოსმალეთსა" ეწერა: "შენით ბნელსა ჩრდილოეთსა". მართალია, ილიამ საბოლოოდ ლექსის იგავური ფორმა აირჩია, მაგრამ პირვანდელი სათაურითა და შინარსით დასტურდება, რომ იგი ასახავს სიუჟეტს რეალური სინამდვილიდან. ლექსის გმირი ყმაწვილისათვის სწორედ ამ რეალურ სინამდვილეში არ არსებობს "მეფე შენი". სამაგიეროდ არსებობს "მეფე სხვისი". ხოლო ამ სხვისა მეფესთან მისგან თავის გამოჩენას და ამდენად, ეროვნულ ძალთა მტრის სამსახურში ჩადგომას ვერ ეგუება ილია. ამავე დროს, რადგან ლექსი რეალურ გარემოშია წარმოშობილი და სავსებით შეესატყვისება იმდროინდელ ვითარებას, საკუთარ ("მეფე შენი") მეფეზე ნატვრა ილიას მისწრაფებად უნდა მივიჩნიოთ და "იანიჩარი" კი შემოქმედების იმ ნიმუშად, სადაც ილია ავლენს თავის სიმპათიებს სამეფო ხელისუფლებისადმი. ილიას შემოქმედების მკვლევარნი თვლიან, რომ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში იგი ესწრაფვოდა საქართველოს სრულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. სამაგიეროდ ერთსულოვანი არიან მისი ცხოვრების მომდევნო ეტაპების შეფასებაში და მიაჩნიათ, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებათა გამო მან თავის ლოზუნგზე უარი თქვა და მიემხრო საქართველოს ავტონომიას რუსეთის იმპერიის ფარგლებში. მაგრამ, მართლა თქვა ილიამ საქართველოს რუსეთისაგან გამოყოფაზე უარი და თვითონვე დაასამარა ჭაბუკობაშივე ჩასახული ოცნება? რეალური ფაქტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თითქმის ასე გამოდის: 1905 წელს იგი თავად იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი, რომელიც მოითხოვდა მსგავს ავტონომიას. ხოლო თუ ფაქტების მიღმა ილიას ჭეშმარიტ თვალსაზრისს ჩავწვდებით, მაშინ ცხადი გახდება, რომ ასეთი საქციელი მხოლოდ დროის შესაფერი დროებითი კომპრომისი იყო. როგორც ილიას თანამედროვე, ექიმი და საზოგადო მოღვაწე ვასილ წერეთელი აღნიშნავდა: "ეროვნული ავტონომია არ მიაჩნდა ილიას საბოლოო იდეალად... ამას სხვათა შორის ისიც ამტკიცებს, რომ ილიამ პირველი რევოლუციის დროს ხელი არ მოაწერა ინტელიგენციის მიერ შედგენილ პეტიციას, რომელიც თავადაზნაურობის დეპუტატთა კრების სახელით უნდა წარედგინათ რუსეთის სათათბიროსთვის; ეს პეტიცია მოითხოვდა საქართველოსათვის ავტონომიას, ილია კი სეპარატისტი იყო (ხაზი ჩემია - ზ.ა.) ("მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე", გაზ. "ლიტერატურული საქართველო" 23.10.1987წ.). ესე იგი, თუ ილია სეპარატისტი იყო, მას 1905 წელსაც კვლავინდებურად სურდა საქართველოს რუსეთისაგან გამოყოფა და, ცხადია, არც თავისი მონარქიული შეხედულებები ექნებოდა დავიწყებული. იმის თაობაზე, რომ ილიას არ შეუცვლია თავისი მსოფლმხედველობა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, სრულყოფილ წარმოდგენას გვაძლევს ფრაგმენტი ნინო ნაკაშიძის მოგონებიდან, რომელიც 1905 წლის რევოლუციის პერიოდში არის ჩაწერილი. საუბრის გმირები არიან ილია ჭავჭავაძე, ნასაკირალის აჯანყების მონაწილე გლეხი გოგელია და საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე თამარ გრუზინსკაია - თავადაც ბაგრატიონი და მეუღლე ერეკლე მეფის შვილიშვილის, ირაკლისა. ილია აცნობს გურულს გრუზინსკაიას და ეუბნება: "თქვენ იცით, ეს კნეინა გრუზინსკაია, ჩვენი თავმჯდომარე, საქართველოს რომ თავის მეფე ჰყოლოდა, ახლა ჩვენი დედოფალი იქნებოდა. გოგელიამ სწრაფად შეხედა გრუზინსკაიას. - ოჰ, ბატონო, ეს რომ ჩვენი დედოფალი ბრძანებულიყო ერთ წელიწადს კიდევ მოვითმენდი, დავიცდიდი და რევოლუციას არ მოვახდენდი". ამ ნაწყვეტში, გარდა ილიას სრულიად გარკვეული დამოკიდებულებისა საკითხისადმი, გურული გლეხის დადებითი პასუხიდან ჩანს ხალხის წიაღში ჩაბუდებული ოცნებაც თავის ქართველ ხელისუფალზე. დიალოგი შემდგომ ასე გრძელდება: "ილიას გაეცინა და თქვა: - რით არ არის ახლა ეს გურული გლეხი "Светский" კაცი, და მიუბრუნდა ისევ გოგელიას: - თქვენ, გურულებს არ გიყვართ მეფეები და თავადები... - თქვენისთანები გვიყვარს, ბატონო, თქვენი "კაკო ყაჩაღი" ჩვენ ყველამ ზეპირად ვიცით". უკანასკნელი დიალოგიდან თავისთავად გამომდინარეობს, რომ თუ მათ, გურულებს, რაღაც არ ყვარებიათ, რის გამოც ილია საყვედურით მიმართავს მოსაუბრეს, ესე იგი ის, რაც მათ არ მოსწონთ, ძვირფასია თვით ილიასათვის. სამეფო ხელისუფლებისადმი ერთგულება ილიას იმდენად მიაჩნდა გამართლებულად, რამდენადაც მონარქიულ პრინციპს თვლიდა ერთადერთ საშუალებად რუსეთის ხელიდან სამშობლოს გამოსახსნელად. არჩილ ჯორჯაძისთვის მას ანდერძივით დაუბარებია: "ახალმა თაობამ კარგად უნდა დაინახსომროს ერთი რამ. ჩვენ უნდა ვიყვნეთ მომხრენი მონარქიული პრინციპისა. რუსეთის იმპერატორი ამავე დროს ქართველთა მეფეა. 1783 წლის ხელშეკრულება, რომლის ძალით საქართველო რუსეთს შეუერთდა, რუსეთის მონარქთან გვაქვს დადებული. თუ გინდათ, რომ ჩვენს უფლებათ ისტორიული მნიშვნელობა არ დაეკარგოსთ, ხელუხლებელი და პატივსაცემი უნდა იყოს თქვენთვის მონარქიული პრინციპიო". (არჩ. ჯორჯაძე, "ჩვენი საზოგადოებრიობა", წ.11, გვ. 223-224, 1911წ).ამ უფლებების აღდგენა და დამკვიდრება კი ცხადია, განახლებულ ქართულ სამეფოში უნდა მომხდარიყო. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ილიას დიდი თაყვანისმცემლისა და თანამოაზრის, იონა მეუნარგიას ერთი მოგონება. თავის მემუარებში ის წერს: "საქართველოს საუკეთესო კაცს და მამულის მოყვარეს მუდამ სწავლული და მამულის მოყვარე მოსამსახურე ებედებოდა. თვითონ ილიამ გვიამბო: ერეკლე ბატონიშვილს ვაჟი რომ დაებადა, დილაადრიან ჩემთან შემოიჭრა ბიჭი და ჩვენს შორის ამგვარი დიალოგი გაიმართა: - მომილოცავს, ბატონო! - რა, ბიჭო? - ბატონის რძალს ვაჟი ეყოლა ამ დილას". გარეგნულად ამ ეპიზოდში ილიას მოსამსახურის მაღალ შეგნებულობაზეა ლაპარაკი. მაგრამ დავუკვირდეთ: რა უხარია მას? ბაგრატიონების მემკვიდრის დაბადება. ვის ახარებს ამ ამბავს? - ილიას. მოსამსახურეს გულითაც შეიძლება ახარებდეს მომხდარი და თვალთმაქცობდეს კიდეც. მაგრამ რაც უცილობელ ჭეშმარიტებას წარმოადგენს - მას სურს ილიას ახაროს ეს ამბავი. ხოლო ვინ შეიძლება იყოს სამეფო გვარეულობაში მემკვიდრის გაჩენით გახარებული თუ არა პიროვნება, სახელმწიფოებრიობისა და ტახტის აღდგენის მოსურნე?! ამრიგად, თუ ამ მოგონებათა ქვეტექსტებს გავაცნობიერებთ, მათში ილია ჭავჭავაძის მონარქისტული მისწრაფებების ამოკითხვაც მოხერხდება. მაგრამ მონარქიაც არის და მონარქიაც. სახელდობრ, როგორ მონარქიაზე შეეძლო ეოცნება ილიას? თუ იმ საკითხში ნამდვილად შევთანხმდებით, რომ ილია უეჭველად ესწრაფვოდა საქართველოში სამეფო ხელისუფლების აღდგენას, მაშინ იმის ვარაუდიც შეიძლება გავწიოთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო არა ფეოდალური აბსოლუტური მონარქია, არამედ პარლამენტური, კონსტიტუციური მონარქია. რა გვაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს? ჯერ კიდევ 1884 წელს ილიას შესახებ საიდუმლო პოლიციის ანკეტაში იყო ასეთი ჩანაწერი:„поднадзорный Чавчавадзе Илья Григорьевич известный в Грузии поэт, принадлежит к той группе либералов, кои желают добиться в автономии Грузии и мечтают о Грузинском парламенте“. (ციტ. პრ. რატიანის შრომის მიხედვით). თუკი ილია მართლაც ოცნებობდა ქართულ პარლამენტზე, ბუნებრივია, რომ ამ პარლამენტის საუკეთესო ფორმად მას მონარქიულ-პარლამენტური სახელმწიფო მიაჩნდა. ამას ადასტურებს მისი სიმპათიები ინგლისის პარლამენტის მიმართ, რომელიც ილიას ერთობ დიდ მოწონებას იმსახურებს, რადგან: „მოქალაქეთა უფლება-მოვალეობები და თავისუფლებები შეუძლებელია აქ დადგენილი იქნას საზოგადოების თანხმობის გარეშე“. ილია ჭავჭავაძე განსაკუთრებულ მიღწევად უთვლის ინგლისის პარლამენტურ-მომარქიულ სახელმწიფოს იმ გარემოებას, რომ თუ პარლამენტში ორი პარტიაა, მთავრობა იქმნება პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული პარტიისაგან, მაგრამ: „რომელს დასსაც უნდა ეჭიროს სამინისტრო, ვიგები იქმნებიან თუ ტორები, ინგლისში ისეთი შეურყეველი ჩვეულებაა, რომ თუ სამინისტროს კანონი და პროექტი არ მოიწონა პარლამენტმა და არ დაუმტკიცა, უნდა გადადგეს და სამინისტრო მეორე დასს დაუთმოს“ (ტ.9, გვ.197). ამრიგად, თუ გავთვალისწინებთ ილიას მისწრაფებას საქართველოს სამეფოს აღდგენისაკენ და იმავე დროს მის სიმპათიებს ხელისუფლების თვითმმართველობის პარლამენტური საწყისებისადმი, უნდა ვიფიქროთ, რომ კონსტიტუციური მონარქია იქნებოდა სწორედ ის ფორმა, რომელიც სრულად შეესატყვისებოდა ილიას იდეალს. ერთის მხრივ ეს საშუალებას მისცემდა საქართველოს, მისი ყველა კუთხე და ყოველი წოდების კაცნი მოერიგებინა და გაეერთიანებინა ბაგრატოვანთა დროშის ქვეშ, ხოლო მეორეს მხრივ, პარლამენტარიზმის პრინციპი ქვეყანაში დააკანონებდა ჭეშამარიტი დემოკრატიის საფუძვლებს. ამით საქართველო შეინარჩუნებდა ისტორიული, ტრადიციული ქვეყნის სახესაც და მას შეერწყმოდა თანამედროვე პოლიტიკური ფორმაც, რაც შექმნიდა პირობას ქვეყნის ჰარმონიული განვითარებისათვის.
|