საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ძველი საქართველოს მეფეები

დაიაენის (დიაოხის) ,,მეფეები''

სიენი

სიენი – ძველი ქართული პროვინციის დაიაენის ,,მეფე'' (ძვ.წ. XII ს. მიწურული), ევფრატის სათავეებთან არსებული ქვეყნების კოალიციის მეთაური. აცნობიერებდა რა აღნიშნული მხარეების პერსპექტიულ უპირატესობას, მათ ასურეთი უპირისპირდებოდა. ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ I ძვ.წ. 1112 წ. დაამარცხა სიენი, შეიპყრო იგი და თან წაიყვანა თავის ქვეყანაში. შემდგომ ტიგლათფილესერმა შეიწყნარა სიენი და უკანვე დააბრუნა მორჩილების პირობით.

სიენის შესახებ საუბარია თვით ტიგლათფილესერის წარწერაში.

 

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები*, ტ.I, თბ. 1970.

 

* შემდეგ ყველგან სინ.

 

ასია

ასია – ძველი ქართული პროვინციის დიაოხის ,,მეფე'' (ძვ. წ. IX ს. შუა წლები). ასიას შესახებ ცნობილია, რომ მან მორჩილება განუცხადა და ამის ნიშნად ძღვენი (ცხენები) მიართვა ქვეყანაში შემოჭრილ ასურეთის მეფეს სალმანასარ III.

ასია იხსენიება სალმანასარის წარწერაში.

 

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, სინ, ტ.I, თბ. 1970.

 

უტუფურსი

უტუფურსი/უტუფურში – ძველი ქართული პროვინციის დიაოხის ,,მეფე'' (ძვ.წ. IX ს. მიწურული და ძვ.წ. VIII ს. დასაწყისი). უტუფურსი ცდილობს თავი დაიცვას ურარტუელთა პრეტენზიებისაგან; მაგრამ ამაოდ. ურარტუს მეფემ, მუნუამ, დიაოხს ტერიტორიები ჩამოაჭრა, ქვეყანა კი დახარკა. ურარტუს მომდევნო მეფეს, არგიშთი I, უტუფურსი აუჯანყდა, მაგრამ – კვლავაც დამარცხდა. უტუფურსი არ ცხრება, ის კიდევ ერთხელ აჯანყდება.

უტუფურსის შესახებ საუბარია მენუასა და არგიშთის ლურსმნულ წარწერებში..

 

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, სინ, ტ.I, თბ., 1970.

 

კოლხთა მეფეები

აეტი

აეტი/აიეტი – კოლხთა (კოლხას) მეფე. ბერძნული მითოლოგიისა – არგონავტიკა, და კლასიკური მწერლობის მიხედვით, ცხოვრობდა ძვ.წ. I ათასწლ. დასაწყისში. მისი რეზიდენცია ჭოროხის ხეობაში მდებარეობდა.

აეტი ელინური ეკონომიკური ექსპანსიის გარიჟრაჟს მოესწრო. ზუსტად არ ვიცით რა მოხდა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა – კოლხთა მეფეს გაუჭირდა ბერძნული სამხედრო ექსპედიციის (არგონავტები) შეტევის მოგერიება – მოსულებმა ხომ ოქროს საწმისი გაიტაცეს.

კოლხთა სამეფო დინასტია აეტის სახელს ატარებდა.

 

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, სინ, ტ. I, თბ. 1970.

 

სავლაკი

სავლაკი – რომაელი ავტორი პლინიუსი მას იხსენიებს, როგორც აეტის ჩამომავალს, და საოცრად მდიდარ ხელმწიფეს; უცხოვრია ეგვიპტელი ფარაონის სესოსტრის დროს და დაუმარცხებია კიდეც იგი. აქ აშკარა აღრევაა: თუ სავლაკი აეტის ჩამომავალია, მაშინ ის ვერც ერთი სესოსტრისის (სენუსრეთის) დროს ვერ იმეფებდა (სესოსტრის I, II და III-XII დინასტია, ძვ.წ. 1991-1786 წწ.). ბერძენი ავტორის ჰეროდოტეს თქმით, სესოსტრისს თურმე კოლხეთი დაულაშქრავს. რამდენად შეეფერება ყოველივე სიმართლეს, ძნელი სათქმელია. ასეა თუ ისე, სავლაკმა დიდძალი ნადავლი იგდო ხელთ.

ყოველივე აღნიშნული შესაძლოა შეჯერდეს შემდეგნაირად: სავლაკი კოლხთა (კოლხა) მეფეა აეტამდე, ხოლო ეგვიპტელებმა აზიის ჩრდილოეთი პერიფერია დალაშქრეს. კოლხებმა რომელიღაც აზიურ (ხურიტულ) გაერთიანებასთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიეს მათ.

 

კოლხეთის (ეგრისის) მეფეები

აკა

აკა/აკესი – კოლხეთის (ეგრისის) ჰიპოთეტური მეფე ძვ.წ. II ს. 90-იან წლებში. წერილობით წყაროებში მასზე არაფერია ნათქვამი., სამაგიეროდ ჩვენამდე მოაღწია მისი სახელით მოჭრილმა ოქროს ორმა სტატერმა, ლისიმაქეს ტიპის სტატერების იმიტაციამ. ეს მონეტები ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზეა მიკვლეული.

აკას შესახებ ერთი რამ უეჭველია – თუ ფულის ტიპოლოგია ელინურია, ქვეყანაც სწორედ ელინურ სამყაროსთანაა ინტეგრირებული.

 

ლიტ.: Г.Ф. Дундуа, Нумизматика Античной Грузии, Тб., 1987

 

აკუსილოხი

აკუსილოხი – კოლხეთის ჰიპოთეტური მეფე ძვ.წ. 179 წლისთვის. ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი ჯერ ასახელებს არტაქსიას (არტაშესს), დიდი არმენიის მეფეს, შემდგომ იხსენიებს აკუსილოხს, ბოლოს კი გატალოსს, დონისპირა სარმატების მეთაურს. ე.ი. აკუსილოხის ქვეყანა თითქოს კოლხეთია.

ძვ.წ. 179 წ. მცირე აზიის ელინისტურ სახელმწიფოებს შორის დაიდო ზავი. უფრო ადრე კი პონტოს მეფე ფარნაკე I თითქმის ყველას ეომებოდა რეგიონში ჰეგემონიისათვის. ზავის გარანტთაგანია აკუსილოხიც. პონტო (სინოპე, ამისო) ხომ კოლხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია.

 

ლიტ.: თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993.

 

მითრიდატე

მითრიდატე, ფილადელფოს ფილოპატორი – პონტოს მეფის მითრიდატე VI ევპატორ დიონისეს შვილი, კოლხეთის მეფე ძვ.წ. 84 წ. იგი თვით მითრიდატე VI წინააღმდეგ აჯანყებულმა კოლხებმა მოითხოვეს თავის მბრძანებლად, შესაძლოა, მათ შორის რაღაც კავშირი არსებობდა – უფრო ადრე მითრიდატე უმცროსი კოლხეთის სატრაპი იყო. მითრიდატე უმცროსი სურიონში (ვანში) იჯდა, ჭრიდა ლოტოსის ყვავილისა და რვაქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებიან ვერცხლისა და სპილენძის ანონიმურ მონეტებს.

აპიანე ალექსანდრიელი გვაუწყებს – მამამ იეჭვა, რომ ყველაფერი ეს მოაწყო მისმა შვილმა, რომელსაც მეფობა სურდა, მოაყვანინა იგი თავისთან, ოქროს ბორკილები დაადო მას და ცოტა ხანში სიცოცხლეს გამოასალმა.

მითრიდატე უმცროსის წინააღმდეგ კოლხეთში პონტოს მეფეს სამხედრო ექსპედიცია გაუგზავნია. ეშერა და ვანი პონტოელებს ბრძოლით აუღიათ – ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალა.

 

ლიტ.: თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993.

 

არისტარქე

არისტარქე – კოლხეთის მმართველი ძვ.წ. 63-49 წწ., რომაელთა კლიენტი. ძვ.წ. 52/51 წწ. იგი ახორციელებს სამონეტო ემისიას. არისტარქეს დრაქმის შუბლზე პომპეუსია ჰელიოსის ატრიბუტით. ეს ნიშანდობლივია, ვინაიდან არისტარქე სწორედ პომპეუსის კრეარტურაა. კოლხეთის დინასტი შესაძლოა დაიღუპა ძვ.წ. 49 წ., როცა ფარნაკე II, ბოსფორის მეფემ, მოახდინა კოლხეთის ოკუპაცია.

 

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III სს., სინ, ტ. I, თბ., 1970.

თ. დუნდუა, ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ., 1997.

 

ლაზთა მეფეები

მალასა

მალასა – ლაზთა (ეგრისის) მეფე II ს. 30-იანი წლებისთვის, იხსენიება კაბადოკიის რომაელი ლეგატის ფლავიუს არიანეს პატაკში იმპერატორ ადრიანესადმი, – ეს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული გარნიზონების ინსპექციის ანგარიშია. მალასა ტახტზე თურმე ადრიანეს დაუმტკიცებია. ლაზთა მეფე რომაელთა მეგობარი და მოკავშირეა.

 

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, საქართველო ახ.წ. I-III სს, სინ, ტ. I, თბ., 1970.

 

ბაკური

ბაკური/პაკორი – რომაელი ავტორის იულიუს კაპიტოლინის ცნობით, ლაზთა მეფე II ს. შუა ხანებისათვის, რომის იმპერატორის ანტონინე პიუსის მიერ ხელდასხმული. თუმცა რომაული ჰეგემონია შიდა რაიონებში საკმაოდ ეფემერული ხასიათისა იყო. დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური მესვეურების მიმართ რომაული ინვესტიტურის აქტის გამოყენებას, შესაძლოა, საფუძველი ჩაეყარა ანტონინების დინასტიის მოსვლასთან ერთად I ს. მიწურულს. განსხვავებული სიტუაციაა ზღვისპირეთში. ის ოკუპირებულია, ალბათ, უკვე ნერონის ხანიდან მოკიდებული.

 

ლიტ.: გ. მელიქიშვილი. საქართველო ახ.წ. I-III სს, ტ.I, თბ., 1970.

თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ., 1993.

 

ქართლის მმართველნი ფარნავაზამდე

სამარა

სამარა – მცხეთელი მამასახლისი (აღმოსავლეთ საქართველოს მმართველი) ძვ.წ. IV-III სს. მიჯნაზე. თრაკია-მაკედონიის მეფის ლისიმაქეს დახმარებით ის ტახტიდან ჩამოაგდო არიან - ქართლის მეფის ძემ აზომ, რომელმაც ქართლი გააერთიანა, მცხეთა კი დედაქალაქად გაიხადა.

სამარას შესახებ მოგვითხრობს ,,ქართლის ცხოვრება'' (ლეონტი მროველი).

 

აზო

აზო/აზონ – არიან - ქართლის მეფის ძე ძვ.წ. IV-III სს. მიჯნაზე. მის დროს ბერძნები ცდილობდნენ ინდოეთისაკენ მიმავალი ტრანსკავკასიური სამდინარო მარშრუტის ამოქმედებას. თრაკია-მაკედონიის მეფე ლისიმაქე მხარს უჭერს კოლხეთის სანაპირო ზოლის ბერძნულ პოლისებს კოლხი სკეპტუხების (მთავრების) წინააღმდეგ ბრძოლაში, და ამით ხელთ იგდებს მარშრუტის დასაწყისს. შემდეგ ლისიმაქე დაეხმარება აზოსაც, რომლის სამფლობელოც ზღვაზე გადიოდა (კლარჯეთი), და მას მცხეთაში და მთელ ქართლზე გააბატონებს. ამრიგად, მტკვრის ხეობის დიდი ნაწილი უკვე მაკედონიის მეფის ხელშია. ფარნავაზი და მცხეთელი სეფეწულები სირიის მაკედონელ მეფეს, სელევკს უკავშირდებიან. მასაც სურდა აღნიშნული მარშრუტის ხელში ჩაგდება – ეს ხომ ფაქტობრივად უდრიდა მონოპოლიას ევროპისთვის სანელებლების მიწოდებაზე.

ფარნავაზი გაიმარჯვებს. აზო ბრძოლაში დაიღუპება. მისი ჩამომავალი ბაგადატი (ბაგრატი) სავარაუდოა, რომ ბაგრატიონთა ფეოდალური დინასტიის ფუძემდებელია.

აზოს შესახებ მოგვითხრობს ქართული წერილობითი ძეგლები – ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'' და ,,ქართლის ცხოვრება''. ამ უკანასკნელის მიხედვით, აზო მაკედონელია და ალექსანდრეს სარდალი.

 

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, ქართლი (იბერია) ძვ.წ. VI-IV სს. ქართლის სამეფოს წარმოქმნა. სინ, ტ. I, თბ., 1970.

თ. დუნდუა, კოლხეთი, იბერია და პონტოს სამეფო ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით, თბ., 1993.

 

ფარნავაზიანი წარმართი მეფეები

ფარნავაზი

ლეონტი მროველის მიხედვით ქართლის (იბერიის) პირველი მეფე ძვ.წ. IV-III ს.ს. I ნახ-ში და ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. ამავე ავტორის მიხედვით იგი იყო მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისწული. ფარნავაზმა დაამარცხა აზო (იხ. აზო) და თავი ქართლის (იბერიის) მეფედ გამოაცხადა. ამის შემდეგ ჩაატარა სახელმწიფო რეფორმა – ქართლის სამეფო დაჰყო 7 საერისთავოდ და ქართლის სასპასპეტოდ, რომელთა სათავეში შესაბამისად ერისთავები და სპასპეტი ჩააყენა. ფარნავაზმა აღმართა სამეფოს მთავარი ღვთაების – არმაზის კერპი. მასვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნა – (,,შექმნა მწიგნობრობა ქართული'').

ფარნავაზის მოღვაწეობა ქართულ ისტორიოგრაფიაში დათარიღებულია ძვ.წ. IV ს-ის მიწურულითა და III ს-ის I ნახ-ით. ზოგიერთი ისტორიკოსი კი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს (პ. ინგოროყვა – ძვ.წ. 284-219 წწ, ს. გორგაძე – 272-207 წწ).

 

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ.4, ნაკვ. I; მისივე, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზების შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, N 3;

პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე  ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'' და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-B;

გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბ, 1979;

ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ,,მოამბე'', 1905, N 9,10;

 

საურმაგი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. III ს-ში. ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით საურმაგს მიეწერება ჩრდ. კავკასიიდან კავკასიელ ტომთა მნიშვნელოვანი მასის გადმოსახლება საქართველოს მთიანეთში. მის დროს ქართლის (იბერიის) სამეფოს მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა სელევკიდების სამეფოსთან. ,,ქართლის ცხოვრება'' საურმაგს მიაწერს ორი ქალღმერთის – აინინას და დანინას კულტის დამკვიდრებას და მცხეთაში მათი კერპების აღმართვას (,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'' დანინას კერპის აღმართვას მირიანის სახელს უკავშირებს.).

 

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ. 4, ნაკვ. I; მისივე, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1978, N 3;

ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ,,მოამბე'', 1905, N XI;

 

მირვანი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II-ში. ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს ცნობით მას აღუმართავს ქალღმერთ დანინას კერპი (ლეონტი მროველი კი ამ კერპის აღმართვას საურმაგს მიაწერს – იხ. საურმაგი) და აუშენებია არმაზი. ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, რომ მირვანი ებრძოდა კავკასიელ მთიელებს (განსაკუთრებით დურძუკებს) და დაუმარცხებია ისინი.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

ფარნაჯობი

ქართლის (იბერიის მეფე) ძვ.წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის თანახმად ფარნაჯობმა აღმართა ზადენის კერპი და დააარსა ქალაქი ნეკრესი.

ქართულ ისტორიოგრაფიაში ფარნაჯობის მოღვაწეობა დათარიღებულია ძვ.წ. II ს-ით. გ. მელიქიშვილის აზრით, იგი ,,დიდი სომხეთის'' მეფის არტაშეს I-ის (ძვ.წ. 189-161) თანამედროვე უნდა ყოფილიყო.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი

 

არს[ოკ]ი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით არშაკი (არსოკი) არშაკუნიანი მეფის ძეა, რომელიც მოიწვიეს ქართლში ერისმთავრებმა. არსოკის ამგვარი წარმომავლობა საეჭვოა, რადგან არშაკუნიანები სომხეთში ორი საუკუნით უფრო გვიან გამეფდნენ.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

არიკი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით მის დროს ქართლის სამეფოს შემოესია სპარსელთა ლაშქარი და ააოხრა ქვეყანა.

ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ ქართული წყაროების არიკ/არტაგი არის ბერძნული წყაროების არტოკ/არტაგი (ს. გორგაძე, პ. ინგოროყვა) (იხ. არტაგი).

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

ბრატმანი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით იგი ებრძვის ფარნაჯობის შვილს მირვანს, მარცხდება და ბრძოლაში იღუპება. მასვე მიეწერება მცხეთის გალავნისა და ქართლის ციხე-სიმაგრეთა გამაგრება.

ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს მოსაზრება, რომ ბრატმანი არის დიონ კასიოსის ,,რომის ისტორიაში'' ძვ.წ. 36 წ. ამბებთან დაკავშირებით მოხსენიებული ფარნავაზი (ფარნავაზ II) (პ. ინგოროყვა, ს. გორგაძე).

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

მირვან II

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ფარნაჯობის შვილი. მამის სიკვდილის შემდეგ იზრდებოდა სპარსეთში. მირვანმა დაამარცხა ქართლის მეფე ბრატმანი, მისი მეუღლე შეირთო ცოლად და დაჯდა ქართლის სამეფო ტახტზე.

,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით, მირვანი იწყებს მცხეთაში ქალაქის მშენებლობას.

ქართულ ისტორიოგრაფიაში მირვანის მოღვაწეობა ძვ.წ. II ს-ით თარიღდება, თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ.წ. I ს-ში მეფობდა.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

არკუსი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით მირვან II-ის ძე. იგი ებრძვის ბრატმანის შვილიშვილ ადეროკს და ბრძოლაში იღუპება.

ქართულ ისტორიოგრაფიაში არსუკის მოღვაწეობა ძვ.წ. II ს-ით თარიღდება, თუმცა არსებობს მოსაზრება (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ.წ. I ს-ის ბოლოში მეფობდა..

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

ადეროკი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II ს-ის I ნახ-ში. მისი მეფობის წლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა: ვახუშტის მიაჩნია, რომ ადეროკი დაიბადა ძვ.წ. 30 წ. და მეფობდა ახ.წ. 1-57 წწ-ში. იგი ემყარებოდა თვით ,,მეფეთა ცხოვრების'' ცნობას, რომ ადეროკი 30 წლისა გამეფდა და იმეფა 57 წელი. ხოლო რაც შეეხება მისი გამეფების თარიღს, სწორედ იმ წელს იშვა იესო ქრისტე.

ახ.წ. I ს-ის I ნახ. მიაჩნია ადეროკის ზეობის ხანად ს. გორგაძესაც (1-30).

პ. ინგოროყვა მის მეფობას ათარიღებს ძვ.წ. 27 - ახ.წ. 30 წწ-ით.

გ. მელიქიშვილის აზრით, ადეროკი მოღვაწეობდა ძვ.წ. II ს-ის დასაწყისში. ანალოგიურად ათარიღებენ მის მეფობას ს. კაკაბაძე და გ. მამულია.

ლეონტი მროველის მიხედვით ადეროკს ჰყავდა ორი შვილი: ბარტომი და ქართამი, რომელთაც გაუყო სამეფო და მისი გარდაცვალების შემდეგ გამეფდა ორივე უფლისწული.

ქართლში ორმეფობის ხანა დაიწყო (იხ. ორმეფობა).

 

ლიტ.: გ. მელიქიშვილი, ქართლის (იბერიის) სამეფო ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, 1958, ტ.4, ნაკვ. I; მისივე, ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზის შესახებ, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორის სერია, 1978, N 3;

პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'' და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-B;

გ. მამულია, კლასობრივი საზოგადოება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება ძველ ქართლში, თბ. 1979;

ს. გორგაძე, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ძველი საქართველო, I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, 1909, ნაწ. II;

 

ორმეფობა

ლეონტი მროველის მიხედვით მეფე ადერკიმ სიკვდილის წინ ქართლის სამეფო თავის ორ შვილს გაუყო: ერთს შეხვდა ქალაქი მცხეთა და ქართლი მტკვრის ჩრდილოეთით, მეორეს კი არმაზი და ქართლი მტკვრის სამხრეთით. სულ იბერიის ტახტზე ქართლის ცხოვრების მიხედვით 5 მეფეთა წყვილი მჯდარა, ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით კი – 6. ბოლო წყვილის – ფარსმან ქველისა და მირდატის (,,მოქცევაჲ''-ს მიხედვით როკ და მირდატის) შემდეგ გამეფებულა ადამი და ერთმეფობა კვლავ აღმდგარა.

 

ქარძამი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II ს-ის 60-იან წწ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) პირველი წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო ბარტამი/ბრატმანი.

ლეონტი მროველი ამ წყვილის მეფობას ახ.წ. I ს-ით ათარიღებს. ასევე იქცევიან ს. გორგაძე (იგი მეფე ქარძამ/ქართამს მითრიდატე I-თან აიგივებს) და პ. ინგოროყვა. ამ უკანასკნელმა არმაზის საპიტიახშო ნეკროპოლში აღმოჩენილი ლანგრის წარწერის – ,,მე მეფემან ფლავიოს-დადემან გიწყალობე [ეს ლანგარი] ბერცუმ პიტიახშს'' – ინიციალები ,,ბ პ ქ'' ასე გაშიფრა: ბ[ერცუმ] პ[იტიახში] ქ[ართამის ძჱ]. ეს ბერცუმი, მისი აზრით, ქართამის თანამეფე ბარტამ/ბრატმანი უნდა იყოს, ფლავიოს დადე კი – საპატიო ზედწოდება ქართამ მეფისა, რომელიც მან მიიღო ფლავიოსთა სახლის რომელიღაც რომაელი იმპერატორისაგან.

გ. მელიქიშვილი და გ. მამულია ქარძამ/ბრატმანის წყვილის მეფობას ძვ.წ. II ს-ის 60-იანი წლებით ათარიღებენ.

 

ლიტ: იხ. სტატიასთან ფარნავაზი.

 

ფარსმანი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II-ის 50-იან წწ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ის არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მეორე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო კაოსი.

გ. მელიქიშვილის აზრით ამ წყვილის ზეობა ძვ.წ. II-ის 50-იან წლებში უნდა ყოფილიყო.

პ. ინგოროყვას მიხედვით სერაფიტის სტელის წარწერაში დაცულია ცნობა, რომ ქართლის (იბერიის) მეფე ფარსმანის თანამედროვე არმაზელი პიტიახშის რომაული ზედწოდება იყო პუბლიკი აგრიპა. სწორედ ამ წყვილს მიიჩნევს ავტორი ფარსმან/კაოსის წყვილად. მისი აზრით კაოსი ლათინური სახელწოდებულობის ქართული შემოკლებული ვარიანტია, რომლის სრული ფორმა უნდა იყოს Caius Publicius Agrippa. აქედან გამომდინარე, პ. ინგოროყვას აზრით ფარსმან/კაოსის წყვილს ახ.წ. I-II სს-ში უნდა ემეფა.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'' და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-B;

 

არსოკი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. II-I სს-ს მიჯნაზე. ლეონტი მროველის მიხედვით არსოკ/აზორკი არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მესამე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო არმაზელი.

პ. ინგოროყვას მიაჩნდა, რომ აზორკი/არსოკი უნდა იყოს არმაზის ბილინგვაში მოხსენიებული ქართლის მეფე ხსეფარნუგი და მის სახელს ასე კითხულობდა: [ფ]არ[ნ]უკ. რაც შეეხება არმაზელს, პ. ინგოროყვას აზრით, მარტო ეს სახელი კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ თანამეფეები არმაზის პიტიახშები იყვნენ. სწორედ ამ სახელოდან იყო ნაწარმოები, მისი აზრით, [ფ]არ[ნ]უკის თანამეფის სახელი არმაზელი.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; გ. მამულია, გადმოცემები სუმბატ ბივრიტიანის შესახებ, როგორც ლეონტი მროველის წყარო, კრ: ძველი ისტორიის საკითხები (კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, 3), თბ. 1970.

 

ამაზასპი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. I ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ამაზასპი არის ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მეოთხე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო დეროკი.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

ფარსმანი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. I ს-ის I ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით ფარსმანი იყო ქართლში ორმეფობის (იხ. ორმეფობა) მეხუთე წყვილის წარმომადგენელი. მისი თანამეფე იყო მირდატი,  ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით კი – ფარსმან-ავაზ.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

მირდატი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. I ს-ის 70-იან წწ-ში. ორმეფობის მეექვსე წყვილის წარმომადგენელი (იხ. ორმეფობა). მისი თანამეფე ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით (ლეონტი მროველთან ეს წყვილი საერთოდ არ არსებობს) იყო როკ.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

არტაგი

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. I ს-ის 60-იან წწ-ში. მასზე ცნობებს გვაწვდიან ბერძენი ისტორიკოსები რომაელი მხედართმთავარ პომპეუსის ქართლში ლაშქრობასთან დაკავშირებით (ძვ.წ. 65.). არტაგი მარცხდება პომპეუსთან ბრძოლაში და თავს რომაელი ხალხის ,,მეგობრად და მოკავშირედ'' აღიარებს. პ. ინგოროყვას გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ ქართველი მემატიანეების არიკ/არტაგი არის ბერძნული წყაროების არტოკ/არტაგი. გ. მელიქიშვილი თვლის, რომ ქართლში არსებობდა ორი არტაგი: ერთი – ,,მეფეთა ცხოვრებაში'' და ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ში დამოწმებული და მეორე – ბერძენ ავტორებთან.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. I, თხზ. ტ. I, თბ., 1979.

 

ფარნავაზ II

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. I ს-ის 30-იან წწ-ში. ძვ.წ. 36 წ. მარკუს ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გაგზავნა. კრასუსმა, დიონ კასიოსის ცნობით, დაამარცხა ქართლის მეფე ფარნავაზი, მოკავშირედ გაიხადა იგი და მასთან ერთად შეიჭრა ალბანეთში. აქ მათ ერთად დაამარცხეს მეფე ზობერი.

არსებობს რამდენიმე მოსაზრება ფარნავაზის პიროვნების შესახებ. ს. გორგაძე და პ. ინგოროყვა ფიქრობდნენ, რომ დიონ კასიოსის ფარნავაზ მეფე ლეონტი მროველის თხზულებაში შესულია ბრატმან/ბრაცმანის სახელით (იხ. ბრატმან). პ. ინგოროყვა წერს, რომ სახელი ბრაცმანის სრული ვარიანტი უნდა იყოს ბარაცმან-ავაზ, იგივე ფარსმან-ავაზ. მისი აზრით, ქართულ ონომასტიკონში დამოწმებულია, რომ ერთსა და იმავე პირს მიემართებოდა სახელად როგორც ფარსმან-ავაზ, (ბრაცმან–ავაზ), ისე ფარნავაზ.

გ. მელიქიშვილის აზრით კი ბრაცმანი და ფარნავაზი სხვადასხვა მეფეები იყვნენ.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; პ. ინგოროყვა, ძველ-ქართული მატიანე ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'' და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, საქ. სახ. მუზეუმის მოამბე, 1941, ტ. XI-B;

 

მითრიდატე I

ქართლის (იბერიის) მეფე ძვ.წ. I ს-ის 30-იან წწ-ში. მის შესახებ ცნობებს გვაწვდის რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი ახ.წ. 35 წ. სომხეთის სამეფო ტახტისათვის ატეხილ ბრძოლასთან დაკავშირებით. სომხეთის მეფის არტაშესის (18-34 წწ) გარდაცვალების შემდეგ რომაელები და პართიელები სომხეთში საკუთარი კანდიდატის გამეფებას ცდილობდნენ. მითრიდატე I რომის იმპერატორის ტიბერიუსის ნებართვითა და ხელშეწყობით შეიჭრა სომხეთში, დაიკავა იგი და თავისი ვაჟი მითრიდატე გაამეფა.

მითრიდატე I-ის შესახებ ისტორიოგრაფიაში არსებობს რამდენიმე მოსაზრება: 1) დიონ კასიოსის მითრიდატე არის ლეონტი მროველის ადერკი (გ. მელიქიშვილი), 2) პ. ინგოროყვა წარმართი მეფეების სიაში მას საერთოდ არ იხსენიებს, 3) მითრიდატე არის ლეონტი მროველის მეფე ქართამი (ს. გორგაძე), 4) ადერკი, ქართამი და მითრიდატე სამი სხვადასხვა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელთაგან პირველი მეფობდა ძვ.წ. II ს-ის  I ნახ-ში, მეორე – ძვ.წ. II ს-ის 60-იან წლებში, მესამე კი – ახ.წ. I ს-ის 30-იან წწ. (გ. მელიქიშვილი).

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

ფარსმან I

ქართლის (იბერიის) მეფე ახ.წ. I ს-ის 40-50-იან წწ-ში. მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან რომაელი ისტორიკოსები დიონ კასიოსი და ტაციტუსი. ფარსმანმა, ჯერ კიდევ უფლისწულმა, შეასრულა რომის იმპერატორ ტიბერიუსისა და თავისი მამის, ქართლის მეფე მითრიდატე I-ის დავალება და სომხეთის ტახტზე გაამეფა საკუთარი ძმა მითრიდატე. გაიუს კალიგულას მმართველობის დროს რომაელებმა მითრიდატეს სომხეთის სამეფო ტახტი ჩამოართვეს, იმპ. კლავდიუსმა კი 47 წ. ისევ დაუბრუნა.

ცოტა ხნის შემდეგ უკვე ქართლის მეფე ფარსმან I-ს კონფლიქტი მოუვიდა თავის ძმასთან და სომხეთში საკუთარი შვილი რადამისტი გაგზავნა. რადამისტმა ინტრიგების საშუალებით მოახერხა ბიძის ტახტიდან ჩამოგდება და მოკვლა. სომხეთში კი თვითონ გამეფდა. მაგრამ მისი წარმატება დროებითი აღმოჩნდა. რადამისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სომხეთი. საბოლოოდ, ანტირომაული მოღვაწეობის საბაბით ფარსმანმა მოაკვლევინა რადამისტი, რომელიც მას იბერიის სამეფო ტახტს ეცილებოდა.

ფარსმან I არც ლეონტი მროველთან და არც ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

მითრიდატე II

ქართლის (იბერიის) მეფე ახ.წ. I-ის 70-იან წწ-ში. მის დროს, როგორც ჩანს, ქართლის სამეფოს რომთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამაზე მეტყველებს 1867 წ. მცხეთაში ნაპოვნი ახ. წ. 75 წლის წარწერა შედგენილი ვესპასიანეს, ტიტუსისა და დომიციანეს სახელით. მასში ნათქვამია, რომ იბერთა მეფე მითრიდატეს, ფარსმან მეფისა და დედოფალ ჰამასასპუხის ძეს, კეისრის მეგობარსა და რომაელთა მეგობარს, რომაელებმა ციხის გალავანი გაუმაგრეს. ამავე პერიოდისაა 1940 წელს არმაზისხევის სამაროვანზე აღმოჩენილი ერთენოვანი ,,არმაზული'' წარწერა, რომელშიც მითრიდატე II იხსენიება როგორც იბერთა ,,მეფე დიდი ძე ფარსმან მეფისა დიდისა''. წარწერაში ლაპარაკია აგრეთვე მითრიდატეს მეთაურობით იბერთა მიერ მოპოვებულ გამარჯვებაზე.

მითრიდატე II არც ლეონტი მროველთან და არც ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; გ. წერეთელი, არმაზის ბილინგვა, ,,ენიმკის მოამბე'', 1942, ტ. 13; მისივე, მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა, თბ., 1958;

 

მითრიდატე III

ქართლის (იბერიის) მეფე ახ.წ. II ს-ის დასაწყისში. იხსენიება რომში ნაპოვნი მისი ძმის, ამაზასპის, საფლავის ქვის წარწერაში: ,,მეფის სახელოვანი ძმა, მითრიდატე მეფის ძმა''... წარწერა თარიღდება ახ.წ. 114-115 წწ. და ჩანს, რომ მითრიდატე III რომთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

მითრიდატე III არც ლეონტი მროველთან და არც ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.

 ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

ფარსმან II (ქველი)

ქართლის (იბერიის) მეფე II ს-ის 30-50 წწ-ში. ფარსმანი ალანებისა და ჩრდილოეთის სხვა ტომთა დახმარებით ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ებრძოდა რომს და ცდილობდა მის განდევნას კოლხეთიდან და სხვა მეზობელი ადგილებიდან.

იმპერატორ ადრიანეს (117-138 წწ) ბიოგრაფი დეტალურად აღწერს ქართლთან რომის დაძაბულ ურთიერთობას. მისი მონათხრობიდან ჩანს, რომ მეფე ფარსმან II საკმაოდ ძლიერი იყო და იგი რომისაგან გარკვეულ დათმობებსაც კი ღებულობდა.

იმპერატორ ანტონიუს პიუსის (138-161 წწ.) დროს კი ურთიერთობა რომსა და ქართლს შორის გაუმჯობესდა. ფარსმან II ჩავიდა რომში, სადაც მას დიდი შეხვედრა მოუწყვეს და პატივისცემის ნიშნად ცენტრალურ მოედანზე დადგეს ცხენოსანი ფარსმანის ქანდაკება. დიონ კასიოსის აზრით, ურთიერთობის გაუმჯობესების მიზეზი იყო იმპერატორის მიერ იბერიის შორს გაწეული საზღვრების ცნობა.

ქართული მატიანეების მიხედვით ფარსმან ქველს თანამეფე ჰყავდა. ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'' ამ თანამეფეს იცნობს ფარსმან ავაზის სახელით, ლეონტი მროველი კი მირდატის.

 

ლიტ.: სტატიასთან საურმაგი.

 

ხსეფარნუგი

ქართლის (იბერიის) მეფე II ს-ის 60-იან წწ-ში. მას მოიხსენიებს არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილი ხსეფარნუგის ეზოსმოძღვრის უდროოდ გარდაცვლილი მეუღლის სერაფიტის საფლავის ქვის წარწერა. მასში ნათქვამია, რომ იოდმანგანის (ეზოსმოძღვარი) მამა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვარი იყო, სერაფიტის მამა კი ფარსმან მეფის პიტიახში. ე.ი. ხსეფარნუგის წინამორბედი ფარსმან II იყო.

წარწერაში ყველა პიროვნების მამის სახელია მოხსენიებული, გარდა ხსეფანგურ მეფისა. ლეონტი მროველის მიხედვით ფარსმან II ქველი მოწამლულ იქნა. ამის გამო გ. მელიქიშვილი ფიქრობს, რომ შეიძლება ფარსმან II მართლაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახტი მისმა უშუალო მემკვიდრემ კი არ დაიკავა, არამედ ხსეფარნუგმა.

წარწერაში იოდმანგანი იწოდება ,,ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად'', ე.ი. ამ დროს იბერია წარმატებით აწარმოებდა საგარეო ომებს.

ხსეფარნუგი არც ლეონტი მროველთან და არც ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს ფარნავაზიან წარმართ მეფეთა სიაში შესული არ არის.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; გ. წერეთელი, არმაზის ბილინგვა ,,ენიმკის მოამბე'', 1942, ტ. 13;

 

ღადამი

ქართლის (იბერიის) მეფე II-ს დასასრულს. მას ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'' უწოდებს ღადამს, ,,მეფეთა ცხოვრება'' – ადამს. ლეონტი მროველის მიხედვით ღადამი მეფობის მესამე წელიწადს გარდაიცვალა და დარჩა 1 წლის მემკვიდრე ფარსმანი. მისი ყრმობის პერიოდში ქართლში მეფობდა ღადამის მეუღლე და ფარსმანის დედა ღადანა.

პ. ინგოროყვა კონკრეტულ თარიღს გვთავაზობს ღადამისა და ღადანას მეფობის შესახებ. მისი აზრით პირველი მეფობდა 161-164 წწ-ში, ხოლო მეორე – 164-180 წწ-ში.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

ფარსმან III

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის დასაწყისში. ლეონტი მროველის მიხედვით მეფე ღადამის ძე. მამის გარდაცვალებისას იგი 1 წლის იყო და ფაქტიურად, ქვეყნის გამგებელი გახდა მისი დედა ღადანა. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ფარსმანი გამეფდა და ეყოლა ძე ამაზასპი.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

ამაზასპი

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის 40-იან წწ-ში. მას ქართული წყაროების გარდა იხსენიებს შაბურ I-ის (242-272 წწ.) ქააბა-ი-ზარდოშტის დიდი წარწერა, როგორც მეფეს, რომელმაც ძალაუფლება მიიღო შაბურის დროს; ე.ი. ამაზასპი არის შაბურ I-ის თანამედროვე.

წარწერის მიხედვით ამაზასპი არის არა იარაღით დამორჩილებული მმართველი, არამედ ირანის მბრძანებლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი მოკავშირე.

ამაზასპის ირანულ ორიენტაციაზე საუბრობს ლეონტი მროველიც, რომლის მიხედვით ამაზასპმა ,,შეიყვარა სპარსელები''. თავისი მეფობის დასასრულს იგი ქართველთა და მათ დასახმარებლად მოსული სპარსელების ლაშქრით ებრძვის რომაელებს და ბრძოლაში იღუპება.

ამაზასპის დროს ქართლი ძლიერი სახელმწიფო იყო. ქართლის ცხოვრებაში ვრცლად არის მოთხრობილი ქართლში შემოჭრილ ოსებთან (ალანებთან) მისი ბრძოლის ამბავი.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

რევი I

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის II ნახ-ში. ლეონტი მროველის მიხედვით რევი მფარველობდა ქრისტიანობას. მან აკრძალა ზოგიერთი წარმართული ჩვეულება, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ადამიანთა მსხვერპლშეწირვას გულისხმობდა. ამის გამო მას ,,რევ მართალი'' უწოდეს.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

ვაჩე

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის II ნახ-ში. ,,მეფეთა ცხოვრების'' მიხედვით რევ I-ის ძე.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

ბაკურ I

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის II ნახ-ში. ,,მეფეთა ცხოვრებისა'' და ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით ქართლის მეფის ვაჩეს ძე.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

მირდატი

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის დასასრულს ან IV ს-ის დასაწყისში. ,,მეფეთა ცხოვრების'' მიხედვით ბაკურ I -ის შვილი.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი

 

ასფაგური

ქართლის (იბერიის) მეფე III ს-ის დასასრულს ან IV ს-ის დასაწყისში. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, მირდატ მეფის ძე. სომხეთის მეფესთან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი. მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფაგური ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

რევ II

ქართლის (იბერიის) მეფე IV ს-ის დასაწყისში. ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით რევი ან ლევი იყო მირიანის (ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის) მამა.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი.

 

მირეანი (მირიანი)

ქართლის (იბერიის) უკანასკნელი წარმართი და პირველი ქრისტიანი მეფე IV ს-ის I ნახევარში. იგი იყო ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337 წწ.) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330 წწ.) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთ რაიონების შემოსაერთებლად.

მირიანის დროს, IV ს-ის 30-იან წლებში ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით მირიანის მამა იყო ქართლის მეფე ლევი. ,,მეფეთა ცხოვრება'' კი მას პირველი სასანიანი შაჰის შვილად მიიჩნევს, რომელიც ერისთავებმა ჩამოიყვანეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე ასფაგურის ასულის მეუღლედ. მკვლევართა ნაწილი ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს ცნობას უჭერს მხარს, რადგან: 1) მირიანის მემკვიდრე არის რევი. ეს სახელი მას, ალბათ, ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს. 2) ლეონტი მროველის ცნობა მირიანის სასანიანებთან კავშირის შესახებ, შეიძლება, შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფისათვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.

მირიანი უნდა იყოს ამიანე მარცელინეს მერიბანი, რომელსაც რომაელებმა, როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გამოუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.

ლეონტი მროველის მიხედვით მირიანი გარდაიცვალა გაქრისტიანებიდან 25-ე წელს. თუ გავიზიარებთ მისი და შესაბამისად ქართლის სამეფოს მოქცევის ჯავახიშვილისეულ თარიღს, – 337 წელს, – გამოდის, რომ მირიანი გარდაიცვალა დაახლოებით 362 წელს.

ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა. ხსენების დღედ 1(14) ოქტომბერი დაწესდა.

 

ლიტ.: იხ. სტატიასთან საურმაგი; ვ. გოილაძე, ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1982, N 4.

 

 

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq