ჰერეთის (,,რანთა'') მეფეები (893 წლამდე მთავრები)
სუმბატი ჰერეთის მთავარი (VIII-IX სს. მიჯნა). მისი მოღვაწეობის შესახებ არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. იგი ნახსენებია წყაროებში, როგორც ჰერეთის მთავარ საჰლის მამა. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. საჰლი ჰერეთის მთავარი (IX საუკუნის I ნახ. – დაახ. 853). მისი მმართველობის დროს ჰერეთი დიდად გაძლიერდა. 822 წელს საჰლი თავის ვაჟთან, ადარნერსესთან (ატერნერსეჰ) ერთად შეიჭრა მარჯვენა ნაპირის ალბანეთში, დაამარხცა ამ უკანასკნელის მმართველი, მიჰრანიდი ვარაზ-თრდატი, ამოჟლიტა მიჰრანიდთა საგვარეულო და მიითვისა მათი ტიტული ,,რანთა მეფე''. საჰლი ფორმალურად არაბთა ვასალად ცნობდა თავს და მხარს უჭერდა სახალიფოს პოლიტიკას ამიერკავკასიაში. 837 წელს გორისის ციხეში (თანამედროვე ყარაბახის ტერიტორიაზე) მან შეიპყრო და არაბებს გადასცა ალბანეთში ხურამიტული აჯანყების ხელმძღვანელი ბაბექი. მაგრამ, როგორც ჩანს, ჰერეთის მიერ ვასალობის აღიარება სრულებითაც არ ნიშნავდა საჰლის ხალიფასადმი უსიტყვო მორჩილებას. არაბთა სარდალმა ხალიდ იბნ იაზიდმა, IX ს. 20-იან წლებში საქართველოში მოწყობილი ლაშქრობის დროს, ჰერეთიც დალაშქრა. ეს უნდა ყოფილიყო საჰლის მიერ 822 წელს ალბანეთში მოწყობილი ლაშქრობის პასუხი. 853 წელს, არაბთა ახალი შემოსევებისას, საჰლის კონფლიქტი მოუვიდა არაბთა სარდალთან, ბუღა თურქთან, რომელმაც შეიპყრო იგი და სახალიფოში გაგზავნა. ამის შემდეგ ჰერეთი ხარკს უხდიდა არაბებს. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. М.Д. Лордкипанидзе, Эрети, Очерки истории Грузии, Т. II. Тб., 1989 ადარნერსე ჰერეთის მთავარი (დაახ. 853-დან – დაახ. IX ს. III მეოთხედი). საჰლის ძე. შესაძლოა იგი ყოფილიყო მთავარი საჰლის შემდეგ, თუმცა ჩვენთვის ცნობილ წყაროებში არ მოიპოვება ცნობები იმის შესახებ, თუ ვინ მართავდა ამ დროს ჰერეთს. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. გრიგოლ ჰამამი ჰერეთის მთავარი (დაახ. IX ს. IV მეოთხედი – 897, მეფე 893 წლიდან). მის დროს იწყება ჰერეთის ახალი გაძლიერება. სამთავროს შემადგენლობაში ამ დროისათვის შედის მარჯვენა ნაპირის ალბანეთის ნაწილი. გრიგოლ ჰამამმა დაიპყრო კახეთის ტერიტორიის ნაწილიც და 893 წელს მეფედ ეკურთხა. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. ადარნასე პატრიკი ჰერეთის მეფე (დაახ. IX ს. I მეოთხედში). მის დროს სამეფო განიცდის აგრესიას კახეთისა და აფხაზეთის მხრიდან. 915-918 წლებში, კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკე I-სა და აფხაზთა მეფე კონსტანტი III-ის გაერთიანებული შემოსევის შედეგად ჰერეთმა დაკარგა არიშის, გავაზნისა და ორჭობის ციხეები. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982 იშხანიკი ჰერეთის მეფე (დაახ. X ს. 30-50-იანი წლები). ადარნასე პატრიკის ძე. დედის – გუარამ ქართველთა ერისთავთ-ერისთავის დის, დინარა დედოფლის დახმარებით ჩაატარა რელიგიური რეფორმა. ჰერეთმა უარყო მონოფიზიტობა, აღიარა მართლმადიდებლობა და ეკლესიურად დაექვემდებარა მცხეთის საკათალიკოსო ტახტს. ეს ფაქტიურად ნიშნავდა სომხური პოლიტიკური ორიენტაციის ქართულით შეცვლას. საგარეო პოლიტიკაში იშხანიკი ცდილობდა ადრე დაკარგული ჰერეთის მიწების ხელახლა შემომტკიცებას. მან ისარგებლა საჯთა მეორე შემოსევის (X ს. 20-იანი წლები) შემდეგ კახეთის სამთავროს დასუსტებით და დაიბრუნა კახეთის ქორეპოსკოპოს კვირიკე I-სა და აფხაზთა მეფე კონსტანტი III-ის მიერ ადარნასე პატრიკისათვის წართმეული ციხე-სიმაგრეები. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982 М.Д. Лордкипанидзе, Эрети, Очерки истории Грузии, Т. II. Тб., 1989 იოანე სენექერიმი ჰერეთის მეფე (დაახ. X ს. II მეოთხედი). მისი მმართველობის პერიოდში ჰერეთის სამეფო დიდად გაძლიერდა და კვლავ შემოიმტკიცა მარჯვენა ნაპირის ალბანეთისა და კახეთის სამთავროს ტერიტორიათა ნაწილი. სწორედ კახურ მიწათა დაუფლების შემდეგ (X ს. 60-იანი წლები) უნდა მიეღო იოანეს ,,წანართა მეფის'' ტიტული. აღსანიშნავია, რომ იოანე სენექერიმმა სამეფო გვირგვინი ალბანთა კათალიკოსისაგან მიიღო. თანამედროვენი იოანეს ალბანეთის სახელმწიფოს აღმდგენლად მიიჩნევდნენ. წყაროებში არაფერია ნათქვამი, თუ რამდენ ხანს იმეფა იოანე სენექერიმმა და ჰყავდა თუ არა მას მემკვიდრე. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982 XI ს. დასაწყისში ჰერეთი უკვე სუსტ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომლის დაუფლებისათვის ერთმანეთს ებრძვიან მეზობელი პოლიტიკური ერთეულები. 1008 წელს ჰერეთს იკავებს ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (975-1014). მისი გარდაცვალების შემდეგ ჰერეთი გამოეყო ერთიანი საქართველოს სამეფოს და კახეთთან ერთად შექმნა რანთა და კახთა სამეფო. ჰერეთ-კახეთის (,,რანთა და კახთა'') მეფეები კვირიკე III დიდი ჰერეთ-კახეთის პირველი მეფე (1014-1037). დავით ქორეპისკოპოსის ძე. გამეფებისთანავე ბრძოლა მოუხდა ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III-სთან, რომელმაც ტყვედ იგდო იგი და ,,დაიჭირა კარსა ზედა თვისსა'' (იხ. კახეთის ქორეპისკოპოსები, კვირიკე III). ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1014 წელს, ჰერმა და კახმა დიდებულებმა კვირიკე III დააბრუნეს მეფედ. კვირიკე III დიდი მნიშვნელოვანი ფიგურაა ჰერეთ-კახეთის სამეფოს ისტორიაში. თავისი მოღვაწეობით, საშინაო და საგარეო პოლიტიკით მან დიდად შეუწყო ხელი რანთა და კახთა სამეფოს გაძლიერებასა და აყვავებას. საშინაო პოლიტიკაში კვირიკე III ძლიერი, ცენტრალიზებული ხელისუფლების მომხრე იყო. ამ დროს სამეფოში ჩატარებულ იქნა ადმინისტრაციული რეფორმა. სამეფოს დედაქალაქი თიანეთიდან თელავში იქნა გადმოტანილი. ქვეყანა დაიყო შვიდ საერისთავოდ (3 კახეთში, 4 ჰერეთში): რუსთავი, პანკისი, კვეტერა (კახეთი), შტორი, ხორნაბუჯი, ვეჟინი, მაჭი (ჰერეთი). საგარეო პოლიტიკაში რანთა და კახთა სამეფო ატარებს ერთიან ქართულ მონარქიასთან მტკიცე კავშირის კურსს. 1027-1032 წლებში კვირიკე დიდი ლიპარიტ ბაღვაშთან, იოანე აბაზასძესთან, თბილისის ამირა ჯაფართან და ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავითთან ერთად ებრძოდა განძის ამირა ფადლონს, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნიდა მეზობელ პოლიტიკურ ერთეულებს. მოკავშირეებმა სასტიკად დაამარცხეს ფადლონი ეკლეცის ბრძოლაში. 30-იანი წლების I ნახევარში კახეთს ოსები შემოესივნენ. მათ ააოხრეს თიანეთი და ქვეყნის ცენტრალურ რაიონებს დაემუქრნენ. კვირიკე III დიდმა დაამარცხა და კახეთიდან განდევნა მტერი. ბრძოლაში დაიღუპა ,,ოვსთა მეფე'' ურდურე. რანთა და კახთა მეფე მონაწილეობს 1037-1039 წწ. თბილისის ამირას წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. თბილისის ალყის დროს კვირიკე III დიდი მოკლა ,,ვინმე ოვსმან... სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურესა''. კვირიკე III დიდს შვილი არ დარჩენია. მის შემდეგ ჰერეთ-კახეთში გამეფდა კვირიკე III დიდის დის და ტაშირ-ძორაგეტის მეფის დავითის უმცროსი ვაჟი. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, სინ, ტ. II, თბ., 1973. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. დ. მუსხელიშვილი, უჯარმა, თბ. 1966. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982 გაგიკ ჰერეთ-კახეთის მეფე (1037-1058). კვირიკე III დიდის დისა და ტაშირ-ძორაგეტის მეფის დავით ანჰოლცის (უმიწაწყლო) უმცროსი ვაჟი. გაგიკს მეტად რთულ პირობებში უხდებოდა მეფობა. ერთიანი საქართველოს სამეფოს შემდგომი გაძლიერება დღის წესრიგში აყენებდა ჰერეთ-კახეთის საქართველოსთან შეერთების საკითხს. გაგიკი მხოლოდ საქართველოს სამეფოში მიმდინარე შინაფეოდალურ ომში მონაწილე ჯარებს შორის მოხერხებული პოლიტიკური ლავირებით ახერხებდა თავისი სამეფოს არსებობის გახანგრძლივებას. ურთიერთობა ბაგრატ IV-სა და გაგიკს შორის მკვეთრად დაიძაბა და მალე მათ შორის ომიც დაიწყო. 40-იანი წლების დასაწყისში ბაგრატ IV კახეთში შეიჭრა, მიქელ გაბრიელის მთასთან (ადგილმდებარეობა უცნობია) დაამარცხა კახეთის ლაშქარი, აიღო და გადაწვა ბოდოჯის სასახლე (დღევანდელი ცხრაკარა თიანეთთან). 1044-1045 წლებში გაგიკს ლიპარიტ ბაღვაშის ბანაკში ვხედავთ. 1045-1046 წლებში ჰერეთ-კახეთის მეფე, როგორც ჩანს, შეურიგდა ბაგრატ IV-ს, ხოლო 1046-1047 წლებში იგი კვლავ ლიპარიტის მოკავშირეა. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, სინ, ტ. II, თბ., 1973. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. დ. მუსხელიშვილი, უჯარმა, თბ. 1966. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982 აღსართან I ჰერეთ-კახეთის მეფე (1058-1084). მისი მმართველობის პერიოდში ერთიანი საქართველოს სამეფო სულ უფრო და უფრო აძლიერებს შეტევას აღმოსავლელი მეზობლის წინააღმდეგ. 1065 წლისათვის ბაგრატ IV უკვე მთელი ჰერეთ-კახეთის ტერიტორიას აკონტროლებს შტორისა და პანკისის ხეობების გამოკლებით. ამიერკავკასიაში თურქ-სელჩუკთა გამოჩენამ შეაფერხა ქართული მიწების ერთიან ქართულ მონარქიად გაერთიანების პროცესი და გაახანგრძლივა რანთა და კახთა სამეფოს არსებობა. აღსართან I კავშირს ამყარებს თურქ-სელჩუკებთან. 1073 წელს მან სულთან ალფ-არსლანის ყმადნაფიცად აღიარა თავი, ამავე დროს რანთა და კახთა მეფე უკავშირდება ივანე ბაღვაშსაც. თურქული საფრთხის შემდგომმა ზრდამ აიძულა აღსართან I შერიგებოდა საქართველოს მეფეს გიორგი II-ს. მათ გაერთიანებული ძალებით დაიწყეს ბრძოლა თურქთა წინააღმდეგ და 1074 წელს დაამარცხეს სელჩუკთა არმია ფარცხისის ბრძოლაში. 80-იანი წლების დასაწყისში გიორგი II სელჩუკთა სულთანს, მალიქ-შაჰს ეახლა და მორჩილება და ხარკი აღუთქვა. სანაცვლოდ სულთანმა ჰერეთ-კახეთი საქართველოს მეფეს დაუმტკიცა. გაერთიანებული ქართულ-თურქული ჯარებით გიორგი II კახეთში შეიჭრა და ვეჟინის ციხეს შემოარტყა ალყა. ცოტა ხანში საქართველოს მეფე ალყას ხსნის და დასავლეთ საქართველოში გადადის. როგორც ჩანს, გიორგი II-ს არ სურდა თურქთა დახმარებით დაეკავებინა ჰერეთ-კახეთის ტერიტორია, რადგან ამ შემთხვევაში ეს ტერიტორიები ფაქტიურად სელჩუკთა ხელში აღმოჩნდებოდა. ამის შემდეგ აღსართან I მალიქ-შაჰს ეახლა, ისლამი მიიღო და ჰერეთ-კახეთი ისევ თავისად დაიმტკიცა. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, სინ, ტ. II, თბ., 1973. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. დ. მუსხელიშვილი, უჯარმა, თბ. 1966. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982 კვირიკე IV ჰერეთ-კახეთის მეფე (1084-1102). იგი მხოლოდ იმ გარემოების წყალობით ინარჩუნებდა სამეფო ტახტს, რომ ჰერეთ-კახეთისა და ერთიან საქართველოს სამეფოებს შორის თურქ-სელჩუკები იდგნენ. საქართველოს მეფის, დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) მიერ დაწყებულმა შეტევამ თურქთა წინააღმდეგ კვლავ დააყენა დღის წესრიგში ჰერეთ-კახეთის საქართველოსთან შეერთების საკითხი. 1101 წელს დავით IV-მ ზედაზნის ციხე წაართვა კვირიკე IV-ს. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი, თბ., 1990. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982 აღსართან II ჰერეთ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი მეფე (1102-1104). საქართველოს ერთიან მონარქიასთან შეერთების მომხრე დიდებულებმა ქავთარმა და მისმა დისწულებმა არიშიანმა და ბარამმა შეიპყრეს იგი და დავით IV აღმაშენებელს გადასცეს. ჰერეთ-კახეთის სამეფო გაუქმებულ იქნა. დავით IV საბოლოოდ განმტკიცდა ამ ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ერწუხის ბრძოლაში გაანადგურა კახთა სამეფოს აღსადგენად და ერთიანი საქართველოს მეფის დასასჯელად განძის ათაბაგის ხელმძღვანელობით გამოგზავნილი თურქული არმია. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, სინ, ტ. II, თბ., 1973. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. დ. მუსხელიშვილი, უჯარმა, თბ. 1966. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982 რ. მეტრეველი, დავით აღმაშენებელი, თბ., 1990. ჰერეთ-კახეთის ერთიანი საქართველოს სამეფოსთან შეერთების შემდეგ საქართველოს მეფეთა ტიტულატურას მიემატა ტიტული ,,მეფე რანთა და კახთა''. ტაშირ-ძორაგეტის მეფეები* გურგენი (კორიკე, კვირიკე I) ტაშირ-ძორაგეტის პირველი მეფე (972-991/996). ანისის (შირაკის) სომხური სამეფოს მეფის აშოტ III მწყალობელის (953-977) უმცროსი ძე. სამფლობელოდ მიიღო ტაშირი, ძორაგეტი, კაენი, კაეწონი და სხვა ტერიტორიები ისტორიულ ქვემო ქართლში. ანისის სამეფოს აქტიური დახმარებით აფართოებდა სამეფოს ტერიტორიას, დაიკავა მთელი ქვემო ქართლი თბილისიდან შამქორამდე და თრიალეთის მთებიდან ბამბაკის ქედამდე. ტაშირ-ძორაგეტის სამეფო საქართველოში სომხური გავლენის ფორპოსტად იქცა. ახლადწარმოქმნილი სამეფოს ცენტრი სამშვილდე გახდა. გურგენი წყაროებში უკანასკნელად 991 წელს იხსენიება. * ტაშირ-ძორაგეტის სამეფო მოიცავდა თანამედროვე ქვემო ქართლს და სომხეთის ტერიტორიას ბამბაკის ქედის ჩრდილოეთით. ეთნიკური თვალსაზრისით ეს მხარე დასახლებული იყო ქართული და სომხური მოსახლეობით. ქართულ წყაროებში ტაშირ-ძორაგეტს სომხეთი ეწოდებოდა, ხოლო სომხურ წყაროებში ვრაც დაშტი (ქართველთა ველი). IX-XI საუკუნეთა მანძილზე აქ მიმდინარეობდა ბრძოლა გავლენისათვის სომხურ და ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის. XII საუკუნის დასაწყისში ეს ტერიტორია საბოლოოდ შევიდა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შემადგენლობაში. ლიტ.: დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1979. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. დავით I ანჰოლცი ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს მეფე (991-996 – 1048-1049). გურგენის ძე. მის დროს ტაშირ-ძორაგეტის სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა. დავითი თავიდანვე ცდილობდა ანისის სამეფოს გავლენისაგან გათავისუფლებას და ამის გამო აუჯანყდა ბიძას, სომხეთის მეფეს გაგიკ I-ს (990-1020). გაგიკმა 996 წლისათვის მოახერხა დავითის დამარცხება და სამეფო წაართვა (აქედან მეტსახელი ანჰოლცი-უმიწაწყალო). მაგრამ ბრძოლები ტაშირ-ძორაგეტსა და ანისს შორის შემდგომაც გრძელდებოდა. 1001 წელს ანისის ჯარებმა ააოხრეს ტაშირი, რაც ურჩი ვასალის ხელახალ განდგომაზე უნდა მეტყველებდეს. საბოლოოდ დავით I მაინც ახერხებს დამოუკიდებლობის მოპოვებას. ამ მიზნით იგი მოკავშირეებსაც ეძებს. სამეფოს უსაფრთხოებისა და პრესტიჟის გაზრდის მიზნით იგი დაუმოყვრდა ჰერეთ-კახეთის სამეფო დინასტიას, ცოლად შეირთო დავით ქორეპისკოპოსის ასული, კვირიკე III დიდის და. IX ს. 20-იან წლებში ტაშირის სამეფო რანთა და კახთა სამეფოსთან, თბილისის საამიროსთან, თრიალეთის საერისთაოსთან და სხვა წვრილ ფეოდალურ სამფლობელოებთან კავშირში ებრძვის განძის ამირა ფადლონს, რომელიც სასტიკად იქნა დამარცხებული ეკლეცის (დღევანდელი თაუზ-ჩაი) ბრძოლაში. 1040 წელს ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს დიდი საფრთხე დაემუქრა დმანისის მმართველ აბუ-სუარის მხრიდან. დავით I ანჰოლცმა მოახდინა ძალთა მობილიზაცია, შეკრიბა სახალხო ლაშქარი, დახმარება მიიღო ანისის მეფე იოანე-სუმბატისაგან (1020-1041), კაპანის სომხური და ერთიანი საქართველოს სამეფოებისაგან და გაანადგურა არაბების კოალიცია. ამის შემდეგ ტაშირ-ძორაგეტის სამეფო შეტევაზე გადადის. 1041-1042 წლებში დავით I-მა ორჯერ სცადა ანისის სამეფოს ხელში ჩაგდება, მაგრამ მარცხი განიცადა. ერთიანი საქართველოს სამეფოს გაძლიერებამ შეაშფოთა სომხეთის მეფე. ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით იგი უკავშირდება რანთა და კახთა მეფეს, ასევე თრიალეთის ერისთავ ლიპარიტ ბაღვაშს, საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. საშინაო პოლიტიკაში დავით I ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნას ცდილობდა. როცა გაგის ციხის მფლობელმა მარზპანმა დემეტრემ გრიგორიანობა უარყო, მართლმადიდებლობაზე მოექცა, თავისი ვაჟი ტაშირის მამფალად გამოაცხადა და საგარეო პოლიტიკაში აშკარად ქართული ორიენტაცია აირჩია, დავით ანჰოლცმა იგი დაამარცხა და მამულები ჩამოართვა. დავით I ანჰოლცის ვაჟებიდან უფროსი – კვირიკე სომხეთში გამეფდა, ხოლო უმცროსმა – გაგიკმა ჰერეთ-კახეთში სათავე დაუდო კვირიკიდების დინასტიას. ლიტ.: დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1979. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. კვირიკე II ტაშირ-ძორაგეტის მეფე (1048-1049 – 1089-ის შემდეგ). თავის ძმასთან, ჰერეთ-კახეთის მეფე გაგიკთან ერთად იბრძოდა ერთიანი საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ. 1064 წელს ტაშირს თურქ-სელჩუკები შემოესივნენ. კვირიკე II-მ სულთან ალფ-არსლანს მორჩილება გამოუცხადა და ქვეყანა აოხრებას გადაარჩინა. ალფ-არსლანმა მოითხოვა მისთვის ცოლად მიეთხოვებინათ კვირიკე II-ის ძმისწული, რომელიც ამავე დროს საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის დისწული იყო. კვირიკემ უარი განაცხადა ამ მოთხოვნის შესრულებაზე. ეს გარემოება საბაბად გამოიყენა ბაგრატმა და 1065-1066 წელს დალაშქრა სომხითი. ბაგრატის ერისთავმა ვარაზბაკურ გამრეკელმა ქვეშის ჭალაში შეიპყრო კვირიკე II, ძელზე გასვა და აიძულა სამშვილდის გარნიზონის მეთაური, კვირიკეს ძმა ადარნასე, საკუთარი ძმის სიცოცხლის გადარჩენის სანაცვლოდ დაეთმო სამშვილდე. სამშვილდის დაკავების შემდეგ საქართველოს სამეფომ კონტროლი დააწესა მთელ ქვემო ქართლზე. კვირიკე II ვასალობის პირობით კვლავ დარჩა ტერიტორიულად შემცირებული სამეფოს მფლობელად. მან დედაქალაქად ლორე გამოაცხადა ამის შემდეგ ,,მონებდეს სომეხნი ქართველთა''. კვირიკე II უკანასკნელად წყაროებში 1089 წელს იხსენიება. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია. ლიტ.: დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1979. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. დავით II და აბასი ტაშირ-ძორაგეტის (სომხითის) სამეფოს უკანასკნელი მეფეები (1089-ის შემდეგ – 1111-1113). კვირიკე II-ის ვაჟები. ამ პერიოდში ძლიერდება თურქ-სელჩუკთა შემოსევები – 1105 წელს მათ დაიპყრეს ლორე. 1110 წელს შემოსევა განმეორდა. 1111 თუ 1113 წელს ძმები იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ მეფობა და თავი მაწნაბერდისა და ტავუშის ციხეებისათვის შეეფარებინათ. ტაშირ-ძორაგეტის სამეფომ არსებობა შეწყვიტა, თუმცა ტაშირელი კვირიკიანები, როგორც რიგითი ფეოდალები, წყაროებში XIII საუკუნემდე იხსენიება. ლიტ.: დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1979. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. თურქთა ბატონობა ამ მხარეში არ გამოდგა ხანგრძლივი. საქართველოს მეფის, დავით IV აღმაშენებლის დარტყმების შედეგად სელჩუკებმა 1110 წელს დაკარგეს სამშვილდე, 1118 წელს – ლორე, ხოლო 1123 წლისათვის ქვემო ქართლის ყველა ციხე-სიმაგრე უკვე ქართველთა ხელშია. ტაშირის შემოერთებით დასრულებულ იქნა ქართული მიწების გაერთიანების პროცესი ერთიან ქართულ ფეოდალურ მონარქიად. ქართველთა მეფეები (ტაო-კლარჯეტის ბაგრატიონები) აშოტ დიდი კურაპალატი1 ქართველთა სამეფოს მთავარი (გარ. 826 წ.) – აშოტ ბაგრატიონმა საფუძველი ჩაუყარა ქართველთა (ტაო-კლარჯეთის) სამთავროს. იგი იყო ქართლის ერისმთავარი (იხ. სტ. აშოტი) ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბაგრატიონთა შესახებ ,,ქართლის ცხოვრებაში'' საგანგებო თხზულებაა შესული, სუმბატ დავითის ძის ავტორობით. როგორც მემატიანე მოგვითხრობს აშოტმა კლარჯეთის თემში განაახლა არტანუჯის ციხე-სიმაგრე. აქ ააშენა ქალაქი, კარის ეკლესია (გაიჩინა სასაფლაო) და იგი რეზიდენციად გაიხადა. დაიწყო გაპარტახებული ქვეყნის აღდგენა, საზღვრების გაფართოება. მის დროს სამთავროს ფარგლებში შედიოდა შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, აჭარა, ტაო, სპერი, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი. ,,მატიანე ქართლისაჲ''-ს ცნობით მან გაილაშქრა კახეთის მთავრის გრიგოლის წინააღმდეგ. აშოტს ეხმარებოდა აფხაზთა მეფე თეოდოსი, ხოლო გრიგოლს წანარები და თბილისის ამირა. აშოტმა დაიპყრო ქართლი და გააფართოვა თავისი ქვეყანა ,,კლარჯეთიდგან ვიდრე ქსანამდე''. სუმბატ დავითის ძე კი მის მიერ დაპყრობილ ქვეყანათა საზღვარს ბარდავამდე ავრცობს. ფაქტი ერთია, მან შიდა ქართლის ნაწილი ქსანამდე დაიკავა. აშოტ I-ის დროს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დაიწყო დიდი საეკლესიო მშენებლობა. აშენდა ხანძთა, აიგო და განახლდა ეკლესია-მონასტრები. აშოტი არაბთა წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. იგი ეკლესიაში საკურთხეველზე დააკლეს. აშოტ ბაგრატიონმა ვრცელი და ძლიერი სამთავრო შექმნა, რომელსაც დიდ ანგარიშს უწევდნენ მისი თანამედროვე ქართველი თუ უცხოელი სახელმწიფო მოღვაწეები. მის დროს განსაკუთრებით აღზევდა ბაგრატიონთა გვარი და სათანადოდ დასაბუთდა კიდეც ამ გვარის პოლიტიკური ხელისუფლების კანონიერება. აშოტ I-ის რიცხვმრავალ შთამომავლობაში გამოიყოფა ორი მთავარი შტო: ,,კლარჯნი ხელმწიფენი'' და ,,მეფენი ტაოსი''. ამ უკანასკნელში IX საუკუნის დასასრულს მკვიდრდება ,,ქართველთა მეფობა''. კურაპალატი1 – ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული, რომელსაც უცხოელი და ბიზანტიელი ხელისუფლები გარკვეული დამსახურებისათვის იღებდნენ. ლიტ.: პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. მ. ლორთქიფანიძე, ტაო-კლარჯეთი, (,,ქართველთა სამეფო''), სინ, ტ. II, თბ., 1973. ბაგრატ I კურაპალატი ქართველთა სამთავროს (ტაო-კლარჯეთის) მთავარი 826-876 წ. – აშოტ I-ის ძე. რომელმაც ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო კურაპალატის ტიტული. იგი ინარჩუნებს ტაო-კლარჯეთის სამთავროს ერთიან ხელისუფლებას, თუმცა მის დროს უკვე იწყება ბრძოლა კლარჯეთის შტოს გამოყოფისათვის. გიორგი მერჩულე განსაკუთრებული პატივით მოიხსენიებს ბაგრატ I-ს, რომელიც მას ღირსეულ სახელმწიფო მეთაურად და ბრძენ ადამიანად მიაჩნია. ,,ბაგრატ უმთავრეს მათსა (ძმებზე – ქ.ნ.) იყო სიბრძნითა, საქმითა და სიქველითა'' – წერს იგი. 826-841 წლებში ბაგრატს სარკინოზთაგან გაუთავისუფლებია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციები. იგი აგრძელებს ბრძოლას ქართლისათვის. როგორც ცნობილია IX ს. სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას ბრძოლით უხდება თბილისის ამირების დამორჩილება. ქართველი მეფე-მთავრები კი თავიანთი ინტერესების შესაბამისად ამ ორი მხარის გარშემო ჯგუფდებიან. ბაგრატი მხარს უჭერს სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. IX საუკუნის 30-იან წლებში ხალიფას განუდგა თბილისის ამირა საჰაკ ისმაელის ძე. ბაღდადის ხალიფამ რამდენჯერმე გამოაგზავნა დამსჯელი ექსპედიცია, მაგრამ უშედეგედ. 842 წელს, მორიგი ლაშქრობისას მხედართმთავარ ხალიდ იაზიდის ძის ლაშქარს მიეხმარა ბაგრატი, რის შედეგადაც მიიღო ქართლი (შიდა ქართლი). 853 წელს ბაგრატი ბუღა-თურქის მოკავშირედ გამოდის. იგი მთავრული ინტერესებიდან გამომდინარე ამ კავშირს არ გაურბის, მიუხედავად იმისა, რომ ატარებს ბიზანტიურ ტიტულს და არაბთა დახმარებით აფართოებს სამთავროს საზღვრებს. ბაგრატის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდება აშოტ I-ის მიერ დაწყებული დიდი სამონასტრო მშენებლობა. მისი მონაწილეობით აშენდა შატბერდისა და იშხანის ტაძრები. ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II (ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, 1983). პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. მ. ლორთქიფანიძე, ტაო-კლარჯეთი, (,,ქართველთა სამეფო''), სინ, ტ. II, თბ., 1973. დავით I კურაპალატი ქართველთა სამთავროს (ტაო-კლარჯეთის) მთავარი 876-881 წ. – ბაგრატ I-ის უფროსი ძე. ვერაგულად მოკლა გვარამ (გუარამ) მამფალის ძემ ნასრამ (დავითის ბიძაშვილი). ივ. ჯავახიშვილის აზრით მკვლელობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება: როდესაც ლიპარიტ ბაღვაში გვარამ მამფალის კუთვნილ თრიალეთს დასახლდა და თავის პატრონად და მფარველად დავით I გამოაცხადა, ნასრამ ეს აქტი გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლების აღდგენა გადაწყვიტა. ნასრა, ბიზანტიაში გაიქცა, სადაც შვიდი წელი დაჰყო. გვარამის გარდაცვალების შემდეგ, მათი კუთვნილი სამფლობელოები ჯავახეთი, არტაანი და ტაშირი დავითის შვილებს ერგოთ. დავითის დროს აშენდა იშხანი, ისი, ხახულის მცირე ეკლესია. ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II (ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, 1983). პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. ადარნასე II კურაპალატი დავით I კურაპალატის ძე 881 (888) – 923 წ. – ადარნასეს დროს ძირითადად დამთავრდა ბრძოლა ტაოსა და კლარჯეთის გამოყოფისათვის. ,,ქართველთა მეფობა'' დაიმკვიდრა ტაოს შტომ, მათი რეზიდენცია გახდა ბანა. ფორმალურად კლარჯეთის სახლი ემორჩილებოდა ტაოს სახლს. 888* წ. ადარნასემ ბაგრატიონთა შორის პირველმა მიიღო ,,ქართველთა მეფის'' ტიტული, ხოლო კურაპალატობა 891 წელს. 891 წელს ადარნასე II-ემ ხელი შეუწყო შირაქში სმბატ აშოტის ძის გამეფებას, რის შედეგადაც გაძლიერებული სომხეთის შირაქის სამეფო მას მოკავშირედ ევლინება. 904 წელს ადარნასემ სმბატის დახმარებით დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფე კონსტანტინე. შემდგომში, სმბატ მეფემ კონსტანტინე გაათავისუფლა, რასაც მოკავშირეებს შორის განხეთქილება მოჰყვა. 907 წ. ადარნასე მიემხრო სომხეთში შემოჭრილ არაბთა სარდალს აბუ ლ-კასიმს და სმბატის წინააღმდეგ იბრძოდა, რომელიც დამარცხდა. სომხეთის მეფე 914 წელს ქ. დვინში ძელზე ჩამოჰკიდეს. ნასრამ, დავით I კურაპალატის მკვლელმა, სცადა დაკარგული სამფლობელოების დაბრუნება აფხაზთა მეფის დახმარებით. ადარნასემ იგი 888 წ. სოფ. ასპინძასთან მოაკვლევინა. ადარნასემ ააშენა და საეპისკოპოსო კათედრად აქცია ბანას ტაძარი, სადაც პირველ ეპისკოპოსად დაადგინა კვირიკე ბანელი. ე. თაყაიშვილი ადარნასესთვის ,,ქართველთა მეფის'' მინიჭებას 897 წ. ათარიღებს. პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულეს'' და ოპიზის წარწერაზე დაყრდნობით, თვლის რომ ,,ქართველთა მეფობა'' ბაგრატიონთა სახლში აშოტ I დიდის დროიდანვე იქნა აღგენილი. ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II (ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, 1983). მ. ლორთქიფანიძე, ტაო-კლარჯეთი, (,,ქართველთა სამეფო''), სინ, ტ. II, თბ., 1973. პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. დავით II ქართველთა მეფე 923-937 წ. – მაგისტროსი1, ადარნასეს ძე. მის დროს ქართველთა სამეფოში ატეხილი შინაფეოდალური შუღლით ისარგებლა ბიზანტიის იმპერატორმა რომანოზ I-მა და არტანუჯის ციხე დაიკავა, რომელიც დავითმა გურგენ IV ერისთავთერისთავის (კლარჯეთის შტოს წარმ. გ. 941 წ.) დახმარებით უომრად დაიბრუნა. მაგისტროსი1 – ბიზანტიური საკარისკაცო საპატიო ტიტული, რანგით კურაპალატზე დაბალი. ლიტ.: მ. ლორთქიფანიძე, ტაო-კლარჯეთი, (,,ქართველთა სამეფო''), სინ, ტ. II, თბ., 1973. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II (ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, 1983). ბაგრატ I ქართველთა მეფე 937-945 წ. – იგივე ბაგრატ II ერისთავი, მაგისტროსი, დავით II-ის ძმა. რადგან დავით II-ეს მემკვიდრე არ დარჩა, ბაგრატმა ძმისგან მიიღო ქართველთა მეფის ტიტული. ეს ფაქტი დასტურდება იშხანის ტაძრის წარწერით, სადაც ბაგრატ მაგისტროსის ფრესკულ გამოსახულებას თან ახლავს მე- X საუკუნის წარწერა ასომთავრულით: ,,ბაგრატ მაგისტროსი, ქართველთა მეფე''. ლიტ.: მ. ლორთქიფანიძე, ტაო-კლარჯეთი, (,,ქართველთა სამეფო''), სინ, ტ. II, თბ., 1973. უმეფობის ხანა პ. ინგოროყვა ეყრდნობა გრიგოლ ხანძთელის ,,გიორგი მერჩულეს'' და მიაჩნია, რომ აშოტ II-ემ, ბაგრატ I-ის ძმამ ბიზანტიის ხელისშეშლით ვერ მიიღო ქართველთა მეფის ტიტული. იგი მართავდა სახელმწიფოს, როგორც მთავარი და ატარებდა კურაპალატის ტიტულს. მეფობის ტიტული აღდგენილ იქნა სუმბატ კურაპალატის (აშოტის ძმა) დროს 954 წელს (გ. 958 წ.), რასაც ადასტურებს დოლისყანის წარწერა. მ. ლორთქიფანიძე, როგორც სჩანს ითვალისწინებს სუმბატ დავითის ძის ცნობებს და მიაჩნია, რომ 945-958 წლები უმეფობის ხანად უნდა ჩაითვალოს. მეფობა აღსდგა 958 წელს, როდესაც ასეთად ცნეს ბაგრატ მაგისტროსის ძმის, სუმბატ კურაპალატის ძე, ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი.* ლიტ.: პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. მ. ლორთქიფანიძე, ტაო-კლარჯეთი, (,,ქართველთა სამეფო''), სინ, ტ. II, თბ., 1973. გვ. 475. * მ. სურგულაძის და მ. ქავთარიას მიერ წარმოდგენილ ტაო-კლარჯეთის გენეალოგიურ სქემაში აშოტ I (იგივე აშოტ II) კურაპალატი მოხსენიებულია ქართველთა მეფედ 945-954 წ., ხოლო სუმბატ I ერისთავთ-ერისთავი, კურაპალატი, ქართველთა მეფედ 954-958 წ. წყარო მითითებული არ არის. იხ. მ. სურგულაძე, მ. ქავთარია ,,ბაგრატიონთა სამეფო სახლი'', თბ. 1995. ბაგრატ II ქართველთა მეფე 958-994 წ. – იგივე ბაგრატ III ერისთავთ-ერისთავი. ბაგრატ მაგისტროსის ძმის სუმბატ კურაპალატის ძე. ბაგრატ III-ის, ერთიანი საქართველოს პირველი მეფის პაპა. დავით III დიდი მას ეკუთვნოდა ბიძაშვილისშვილად. იგი დავით III 990წ. დაეხმარა ადარბადაგანის ამირა მამლანისა და სხვა ამირების შეერთებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II (ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, 1983). დავით III დიდი კურაპალატი ქართველთა მეფე (მეფობდა მე-X ს. მე-2 ნახევარში (გ. 1001 წ.) 978 წელს მიიღო კურაპალატის ტიტული, 994 წელს კი ქართველთა მეფობა. ადარნასეს ძე (ადარნასე – ბაგრატ I ქართველთა მეფის, მაგისტროსის ძე). დავით III წყაროებში იხსენიება ტიტულით: ,,ტაოს მეფე'', ,,მაგისტროსი'', ,,კურაპალატი'', ,,აღმოსავლეთის დიდი კურაპალატი'', ,,მეფეთა მეფე'', ,,ერისთავთ-ერისთავი'', ,,ქართველთა მეფე''. ფლობდა სამხრეთ, ანუ იმიერ-ტაოს, ბასიანს და მომიჯნავე სომხურ თემებს. X ს. შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდ. არაქსზე გადიოდა. დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები დაამყარა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან, აღსდგა საქართველოში არაბთა ბატონობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის მოჭრა. დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. მისი ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში, ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ სმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშელს შორის. 979 წ. იგი დაეხმარა ბიზანტიის იმპერიას ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. აჯანყებულებმა საფრთხე შეუქმნეს ბასილი II მაკედონელის (976-1025) ხელისუფლებას. გიორგი მთაწმინდელის გადმოცემით, სკლიაროსმა ,,ჴმელით კერძი დაიპყრა და მეფენი და დედოფალი შეწყუდეულად იყვნეს ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა და იწროებითა''. სამეფო ლაშქარი ზედიზედ სასტიკ მარცხს განიცდიდა. ომი მთელ იმპერიას მოედო. ბასილის დედამ, (შვილის მცირეწლოვანების გამო ფაქტობრივად იგი მართავდა იმპერიას), დავით III-სთან ყოფილი მხედართმთავარი, უკვე ბერად აღკვეცილი თორნიკე ერისთავი გამოგზავნა და ,,წიგნები ვედრებისაჲ'' გამოატანა, სადაც მას სთხოვდნენ სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას. დავითის ლაშქარმა თორნიკე ერისთავის სარდლობით სკლიაროსი დაამარცხა, რისთვისაც დავითმა საიმპერატორო კარისგან მიიღო სამმართველოდ ,,ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი'', მისი სიცოცხლის მანძილზე. XI ს. ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით ეს ქვეყნები მდებარეობდნენ მდ. ჭოროხის სათავეებთან, მარდალიის კანტონში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევფრატის ხეობაში. ნაბოძები ტერიტორიები დავითმა მაჰმადიანებისაგან გაათავისუფლა. იქ ქართველები და სომხები დაასახლა. ჩანს დავითს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გამოწვეული 988 წელს მისი ლაშქრობა ბასილი II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეს. 989 წელს აბიდოსთან ბრძოლაში ფოკა დამარცხდა. 990 წელს იმპერატორმა ბასილიმ დავითის დასასჯელად გამოილაშქრა. დავით III იძულებული გახდა მორჩილება გამოეცხადებინა და პირობა დაედო, რომ გარდაცვალების შემდეგ თავის სამფლობელოს ბიზანტიას გადასცემდა, თუმცა ქართლის აზნაურთა წინაშე მას ბაგრატ III ტაოს მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული. შემდგომში ბიზანტიამ ტაოს ტერიტორიაზე ,,იბერიის თემი'' შექმნა. მიუხედავად პოლიტიკური მარცხისა დავითი განაგრძობდა მოკავშირეებთან (ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფეები გაგიკ I და აბასი) ერთად ბრძოლას ქართული და სომხური მიწების მაჰმადიან მფლობელთაგან განთავისუფლებისათვის. 990 წ. დავით III-ემ ქ. მანასკერტი აიღო და თავის საბრძანებელს შემოუერთა. ამ ფაქტმა სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანი მბრძანებლები აღაშფოთა და მათ ქალაქის დაბრუნება მოითხოვეს. როდესაც მოთხოვნაზე უარი მიიღეს, ადარბადაგანის ამირა მამლანი და სხვა ამირები გაერთიანებული ლაშქრით მის წინააღმდეგ წამოვიდნენ. დავითმა დასახმარებლად მოუხმო ბაგრატ II ქართველთა მეფეს, გაგიკ სომეხთა მეფეს და აბასს. ლაშქარი ქ. ვალაშკერტში დაბანაკდა. მოწინააღმდეგეებმა შებმა ვერ გაბედეს და უკან გაბრუნდნენ. დავით III-ემ 997 წელს ალყა შემოარტყა ხლათს. 998 წ. მის წინააღმდეგ ისევ მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრობა მოეწყო. დავითმა გაიმარჯვა. დავით დიდის დროს აიგო ოშკის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია, ხახულის მთავარი ტაძარი, პარხალის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. დავით III დიდის მონაწილეობით განხორციელდა მისი შვილობილის ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა (იხ. სტ. ბაგრატ III). ლიტ.: ვ. კოპალიანი ,,საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში'', თბ. 1969 მ. ლორთქიფანიძე ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება'' (IX-X სს.), თბ. 1963. ივ. ჯავახიშვილი ,,ქართველი ერის ისტორია'' წგნ. II. თბ. 1983 (თხზულებები თორმეტ ტომად, ტ. 2).
|