|
,,აფხაზთა'' (დასავლეთ საქართველოს) მეფეები
გუბაზ I ეგრისის მეფე მოღვაწეობდა V ს-ის 50-60-იან წლებში. იგი აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორ მარკიანეს (450-458) და დახმარება სთხოვა ირანს. მაგრამ ირანელებმა უარი შეუთვალეს გუბაზს. ბიზანტიელებმა ჯარი გამოგზავნეს ეგრისში და გუბაზი აიძულეს ტახტიდან გადამდგარიყო და მეფობა თავისი შვილისათვის წათესთვის დაეთმო. იმპერატორმა მარკიანემ მოსთხოვა გუბაზს კონსტანტინოპოლში ხლებოდა. ეგრისელთა მეფემ იმპერატორს ხელშეუხებლობის გარანტია მოსთხოვა და მისი მიღების შემდეგ ეწვია კონსტანტინოპოლს 465 წელს, როდესაც უკვე ბიზანტიის იმპერატორი ლეონ I იყო. გუბაზმა ბერძნები გააკვირვა თავისი ჩაცმულობითა და მხლებლებით. იგი სპარსულად გამოწყობილიყო, ხოლო მცველები მიდიელთა წესზე ახლდნენ მას. თავიდან მას აჯანყების გამო სასტიკად განურისხდნენ, მაგრამ გუბაზმა თავი დაიცვა მტკიცედ. მან მოხიბლა შემდგომში ბიზანტიელები თავისი მჭევრმეტყველებითა და ქრისტიანული ნიშნების ტარებით. ამის შემდეგ მას კეთილგანწყობით მოეპყრნენ და სამშობლოში გამოისტუმრეს. ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. I, თბ. 1960. ნ. ლომოური ,,დასავლეთ საქართველო IV-V საუკუნეებში''. სინ. ტ. II, თბ. 1973. გ. გოზალიშვილი, ,,ბიზანტიასა და ირანს შორის ბრძოლა იბერია-ლაზიკისათვის VI ს-ში'', თსუ შრომები, ტ. 26, თბ. 1944. დამნაზე ეგრისის მეფე VI საუკუნის I ნახევარში. აღიარა ირანის შაჰის კავადის (488-531) ქვეშევრდომობა. მისი გარდაცვალების შემდეგ 523 წელს, მისმა მემკვიდრემ წათემ ორიენტაცია შეიცვალა, ბიზანტიას მიემხრო და იმპერატორ იუსტინესაგან (518-527) მიიღო სამეფო რეგალიები. ლიტ.: ნ. ლომოური, ,,ეგრისის სამეფოს ისტორია'', თბ. 1968. წათე I ეგრისის მეფე VI ს. 20-იან წლებში. მის დროს ეგრისში პოლიტიკური გავლენისათვის ეცილებოდნენ ერთმანეთს ბიზანტია და ირანი. იმპერატორ იუსტინე I-ის დროს უარყო ქრისტიანობა და ირანელთა მხარეს გადავიდა. მაგრამ შაჰმა კავად I-მა დახმარება მას ვერ გაუწია. ამის გამო წათე იძულებული გამხდარა კვლავ დაბრუნებოდა ქრისტიანობას. ამ მიზნით იგი ჩავიდა კონსტანტინოპოლში. ამ ამბავმა იმპერატორი იუსტინე გაახარა, მოანათვლინა წათე და შვილად გამოაცხადა. 523 წ. წათემ ბიზანტიაში შეირთო ბერძენი დიდმოხელის პატრიკიოს ნომეს ასული ვალერიანე. სამეფო გვირგვინით, ძვირფასი სამოსელითა და მრავალი საჩუქრებით დატვირთული წათე სამშობლოში დაბრუნდა. ირანის შაჰი ამ ამბავმა სასტიკად განარისხა. იგი წათეს გადაბირებაში ბიზანტიის იმპერატორს ადანაშაულებდა. ამიტომ მან ლაშქარი გამოგზავნა ეგრისში მეფის დასასჯელად, მაგრამ იმპერატორმა იუსტინემ წათეს დასახმარებლად დიდი ჯარი გამოგზავნა სამი სარდლის მეთაურობით და ეგრისელებმა ბიზანტიელების დახმარებით უკუაგდეს ირანელთა მხედრობა. ლიტ.: ნ. ლომოური, ,,ეგრისის სამეფოს ისტორია'', თბ. 1968. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. I, თბ. 1970. გუბაზ II ეგრისის მეფე VI ს. 40-50-იან წლებში. მისი მეფობის დროს დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა ირანსა და ბიზანტიას შორის. ირანელების მიერ ქართლის დაკავებისა და მეფობის გაუქმების შემდეგ ბიზანტიელებმა ეგრისის გამაგრებისა და ირანელების შემოსევის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში ჯარების შემოყვანა იწყეს. მაგრამ ბიზანტიელების თავხედობამ, მეფის საქმეებში ჩარევამ, ხალხის ყვლეფამ იმდენად განარისხა ეგრისელები, რომ გუბაზმა ელჩები გაუგზავნა 541 წ. ირანის შაჰს ხოსრო I-ს, რათა იგი დახმარებოდა მას ბიზანტიელთა ძალმომრეობისაგან ქვეყნის დასახსნელად. ხოსრომ სიხარულით მიიღო გუბაზის ელჩები და მალე 542 წელს დიდი ჯარით შეიჭრა ეგრისში. გუბაზმა დახმარება გაუწია ირანელებს და ბიზანტიელები დამარცხდნენ. მაგრამ ხოსროს ვერაგული გეგმა ჰქონდა გუბაზისა და ეგრისელების გასანადგურებლად. მას სურდა რომ გუბაზი მოეკლა, ეგრისელები მშობლიური მიწა-წყლიდან აეყარა და იქ ირანელები და თავისი ერთგული ტომები ჩაესახლებინა. ირანის შაჰმა გუბაზის მოკვლა დაავალა ლაზ დიდებულს ფარსანს, რომელსაც დიდი ხნის მტრობა ჰქონდა გუბაზთან. მაგრამ ფარსანსმა დაივიწყა პირადი დამოკიდებულება მეფესთან და გუბაზს აცნობა ყველაფერი. შაჰის ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა და გუბაზი ბიზანტიელების მხარეს გადავიდა. ომი ახალი სისასტიკით განახლდა. ეგრისელები მეფესთან ერთად გმირულად იბრძოდნენ საკუთარი მიწა-წყლისათვის, მაგრამ, არც ბიზანტიელები აღმოჩნდნენ სანდონი. მათი უგულობისა და ღალატის წყალობით ირანელებმა რამდენჯერმე გაიმარჯვეს. ამ დამარცხებაში გუბაზი ბიზანტიელთა სარდლებს მარტინეს, ბესსას და რუსტიკეს სდებდა ბრალს. მათ კი ვითომ სათათბიროდ 554 წელს მდინარე ხობის წყალთან მიიწვიეს მეფე და ვერაგულად მოკლეს. ამ ამბავმა სასტიკად აღაშფოთა ეგრისელები, რომლებმაც კრება მოიწვიეს და მოსთხოვეს ბიზანტიის იმპერატორს დაესაჯა მკვლელები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ირანელების მხარეზე გადასვლით იმუქრებოდნენ. იმპერატორმა კარგად იცოდა, თუ რა მოჰყვებოდა მათთვის ეგრისელების ირანელების მხარეზე გადასვლას და 555 წელს გუბაზის მკვლელები გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. ლიტ.: გ. გოზალიშვილი, ,,ბიზანტიასა და ირანს შორის ბრძოლა იბერია-ლაზიკისათვის VI ს-ში'', თსუ შრომები, ტ. 26, თბ. 1944. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. I, თბ. 1960. ნ. ლომოური, ,,ეგრისის სამეფოს ისტორია'', თბ. 1968. წათე II ეგრისის მეფე 554 წლის შემდეგ. გუბაზ II-ის უმცროსი ძმა. ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში. გუბაზის სიკვდილის შემდეგ ეგრისის სახალხო კრებამ (555 წ.) მისი მეფედ დამტკიცება მოსთხოვა ბიზანტიის იმპერატორს იუსტინიანეს. იმპერატორმა შეასრულა ეგრისელთა თხოვნა. წათე მეფედ დაამტკიცა, სამეფო ნიშნები მისცა და სამშობლოში გამოაგზავნა. წათეს თან გამოაყოლეს ანასტასი სენატორი, რომელსაც დავალებული ჰქონდა კეისრისაგან გუბაზის მკვლელების გასამართლება და სიკვდილით დასჯა. ეგრისში ჩამოსულ წათეს დიდი ზეიმით დახვდნენ. მისი მეფობის დროს ბრძოლა ბიზანტიელებსა და სპარსელებს შორის კვლავ გრძელდებოდა ეგრისისათვის. ლიტ.: ნ. ლომოური, ,,ეგრისის სამეფოს ისტორია'', თბ. 1968. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. I, თბ. 1960. მას შემდეგ რაც დასრულდა ,,დიდი ომიანობა'' ბიზანტიასა და ირანს შორის, 562 წლის ზავით ბიზანტიელებმა განიმტკიცეს პოზიციები ეგრისში. მათ დაიწყეს ეგრისელთა შევიწროება, მეფის ხელისუფლების შეზღუდვა და მიაღწიეს იმას, რომ გააუქმეს მეფობა დასავლეთ საქართველოში. მაგრამ ეგრისში მეფობის გაუქმების მიუხედავად, ბიზანტიელებმა ვერ მოახერხეს ქვეყნის პოლიტიკური ავტონომიის მთლიანად მოსპობა. ეგრისის სათავეში დგანან ადგილობრივი მთავრები ,,ლაზეთის პატრიკიოსის'' ტიტულით – არ არის გამორიცხული, რომ ისინი სამეფო დინასტიის წარმომადგენლები არიან. VII საუკუნის ბოლოს არაბებმა დაიპყრეს დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი. საფიქრებელია, რომ ლაზეთის პატრიკიოსები აფხაზეთში გამაგრდნენ და იქიდან იწყებენ ბრძოლას არაბების წინააღმდეგ. ხოლო შემდგომში VIII საუკუნიდან, ისინი ერისთავების ტიტულს ატარებენ. აფხაზთა მთავართა და მეფეთა ეთნიკური კუთვნილება ცნობილი არ არის. მათ სადაურობაზე არავითარი მითითება წყაროებში არ მოგვეპოვება. მკვლევართა ნაწილი მათ ქართველებად, ნაწილი ბერძნებად, ხოლო ნაწილი აფხაზებად თვლის. მაგრამ აღნიშნული მოსაზრებანი ვარაუდების სფეროს განეკუთვნება. არსებობს მოსაზრება, რომ VII-VIII საუკუნეებში აფხაზთა მთავრები (არხონტები) ეგრისის სამეფო დინასტიის წარმომადგენლები ,,ლაზიკის პატრიკიოსები'' იყვნენ. თუმცა წარმოშობით ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ქართული სახელმწიფოს მეფეები იყვნენ. როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს აფხაზეთი კულტურულ-ისტორიულად საქართველოს ორგანული ნაწილი იყო. ლიტ.: მ. ლორთქიფანიძე ,,აფხაზები და აფხაზეთი'', თბ. 1990 წ. ნ. ბერძენიშვილი, ,,საქართველოს ისტორიის საკითხები'', ტ. II, თბ. 1967. პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. ლეონ I აფხაზთა ერისთავი (დაახლოებით 720-740 წწ.) ლეონ ერისთავი ებრძვის არაბებს დასავლეთ საქართველოში. მას კავშირი აქვს ქართლის ერისმთავარ არჩილთან. მათ კავშირი გააბეს ბიზანტიის იმპერიასთან. ლეონმა, არჩილმა და მისმა ძმამ წერილი გაუგზავნეს ბიზანტიის იმპერატორ – ლეონ ისავრიელს, სადაც თხოვდნენ დახმარებას კეისარს არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში. იმპერატორმა საპასუხო წერილი გამოუგზავნა ლეონს, რითაც მან დაუმტკიცა ერისთავს მემკვიდრეობითი უფლება აფხაზეთზე და შესთავაზა დამორჩილებოდა ქართლის ერისმთავარს არჩილს (,,მეფე''), როგორც სიუზერენს და ერთად ებრძოლათ არაბების წინააღმდეგ. კეისარმა ლეონს არქონტის (,,ერისთავი კეისრისა'') ტიტული მისცა. ამ ფაქტით ბიზანტიის იმპერიამ აღიარა ლეონის უფლება ეგრისის ყოფილი სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ მიწა-წყალზე. კერძოდ, ლეონის აფხაზეთი პოლიტიკურად მოიცავდა საკუთრივ აფხაზეთს, ასევე აბშილეთს, მისიმიანეთს, სანიგეთს, ჯიქეთს, ვიდრე ნიკოფსიამდე. ლეონისა და არჩილის ურთიერთობა განმტიცდა დანათესავებითაც. არჩილმა ლეონს მისცა ცოლად თავისი ძმისშვილი – გურანდუხტი. 735 წელს საქართველოს არაბთა დიდი დამსჯელი ექსპედიცია მოადგა მურვან-ყრუს მეთაურობით. არაბების თარეში საქართველოში თითქმის სამი წელიწადი გაგრძელდა. სწორედ აქ გამოჩნდა არჩილისა და ლეონის კავშირის სიმტკიცე, როდესაც არაბებმა მთელი აღმოსავლეთი საქართველო მოარბიეს და დასავლეთში გადავიდნენ, არჩილმა თავისი ძალებით აფხაზეთში დაიხია უკან და იქ გაუმართა მტერს გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ამბავს კარგად გადმოგვცემს ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერი: – არაბებმა დასავლეთ საქართველოში ციხე-გოჯი დაანგრიეს, გადალახეს კლისურის კედელი, დაწვეს ქალაქი ცხუმი და მიადგნენ ანაკოფიის ციხეს, სადაც გამაგრებული იყო არჩილი, თავის ძმა მირთან და აფხაზთა და ქართველთა ძალებთან ერთად. ლეონი კი სობღისის ციხეში იდგა და ოსეთიდან გადმოსასვლელ გზას იცავდა. სწორედ ანაკოფიასთან შეძლეს ქართველებმა მურვან-ყრუს შეჩერება. ამ ბრძოლის შემდეგ არაბებმა უკან დაიხიეს და დიდი ზარალიც განიცადეს. ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. მ. ლორთქიფანიძე, ,,ეგრის აფხაზეთის სამეფო'', საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ. 1973. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. მ. ლორთქიფანიძე, ,,ფეოდალური საქართველოს გაერთიანება'', თბ. 1963. С. Джанашиа. О времени и условиях возникновения Абхазского царства, შრომები, II, თბ. 1952. ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ. 1912 წ. ლეონ II აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფე 758-798 წლებში (753-798. პ. ინგოროყვა) აფხაზეთის მთავარ ლეონ I-ის ძმისწული. თეოდოსი პირველის შვილი კონსტანტინეს ძმა. ლეონ II-ის დროს განხორციელდა დასავლეთ საქართველოს (ეგრის-აფხაზეთის) გაერთიანება, VIII საუკუნის ბოლოს ქვეყანა განთავისუფლდა ბიზანტიელთა ბატონობისაგან და ლეონმა მიიღო აფხაზთა მეფის ტიტული. აფხაზთა (დასავლეთ საქართველო) სამეფოს დედაქალაქი იყო ქუთაისი, მისი მეფობის დროს იწყება დასავლეთ საქართველოს ეკლესიის გამოყოფა კონსტანტინოპოლის საეკლესიო სამწყსოდან და მცხეთის საეკლესიო ტახტთან დაკავშირება. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ლეონ II-ემ გაატარა ადმინისტრაციული რეფორმა და დაჰყო აფხაზეთის სამეფო რვა საერისთავოდ: აფხაზეთის, ცხომის, ეგრისის ცენტრით ბედიაში, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, არგვეთის ცენტრით შორაპანში, ვაკე იმერეთის ცენტრით ქუთაისში. ლიტ.: პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. მ. ლორთქიფანიძე, ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება'', თბ. 1963. მ. ლორთქიფანიძე, ,,ეგრის აფხაზეთის სამეფო'', საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ. 1973. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. З. Анчабадзе, Г. Дзидзария, А. Куправа. История Абхазии, Сухуми, 1986. ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ. 1912 წ. თ. მიბჩუანი, აფხაზეთის მეფეები და მთავრები, თბ. 1997. С. Джанашиа. О времени и условиях возникновения Абхазского царства, შრომები, II, თბ. 1952. ვახუშტი მით. გამ. თეოდოს II* აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე, ლეონ II-ის შვილი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის დაუფლებისათვის ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობდა კახეთის მთავარ გრიგოლსა და აშოტ კურაპალატს შორის. იგი იყო აშოტის სიძე და მისი მხარე ეჭირა: ,,მატიანე ქართლისას'' ცნობით. ,,მას ჟამსა გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმან და უშუელა თეოდოს აფხაზთა მეფემან ძემან მეორისა ლეონისმან, რომელი იგი სიძე იყო აშოტ კურაპალატისა'' ამ ბრძოლაში გაიმარჯვა აშოტმა და ,,დაიპყრო აშოტ კლარჯეთითგან ვიდრე ქსანამდის''. ,,მატიანე ქართლისას'' ავტორის ცნობა მას არაწორად მიაწერს ბუღა თურქთან შებრძოლებას, სადაც თეოდოსი დამარცხდა და გაიხიზნა დვალეთის გზით. ბუღა-თურქის შემოსევის ჟამს (853) აფხაზთა მეფე იყო თეოდოსის უმცროსი ძმა დემეტრე II (,,მეფეთა დივანი'') თეოდოს I, დემეტრე I, კონსტანტინე I და II იყვნენ ,,აფხაზთა'' ერისთავები. ლიტ.: ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ. 1912 წ. მ. ლორთქიფანიძე, ,,ეგრის აფხაზეთის სამეფო'', საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ. 1973. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. დემეტრე II აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე 825-861. ლეონ II-ის ძე. ებრძოდა დასავლეთ საქართველოში შემოჭრილ ბიზანტიელებს და არაბებს. დემეტრე II წარმატებით ებრძოდა ბიზანტიელებს, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი გავლენა კვლავ აღედგინათ დასავლეთ საქართველოზე. ბიზანტიური წყაროების ცნობებით მათ სამჯერ ილაშქრეს აფხაზეთში დემეტრეს მეფობის დროს, მაგრამ სამჯერვე დამარცხდნენ. განსაკუთრებით მძიმე იყო ბიზანტიელთა მესამე მარცხი, როდესაც 40 ათასამდე მეომარი დაკარგეს. ამის შემდგომ ასეთი მსხვილი ლაშქრობების მოწყობა ბიზანტიელებს აღარ უცდიათ. დემეტრე ებრძოდა საქართველოში შემოჭრილ ბუღა-თურქს (853). იგი როგორც ჩანს დამარცხდა არაბებთან ბრძოლაში, მაგრამ დემეტრეს შემდგომში არ შეუწყვეტია ბრძოლა ქართლში გაბატონებისათვის. დემეტრე II-ის უშუალო ხელმძღვანელობით ხდება აფხაზეთის ეკლესიის რეფორმაცია და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებანი მისი ნაციონალიზაციისათვის (აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო ტახტთან შეერთებისათვის). მისი მეფობის დროს აფხაზეთის სამეფოში არსდება ქართული სავანეები, მონასტრები. დემეტრეს კულტურული მოღვაწეობის შესახებ ცნობებს გვაძლევს გიორგი მერჩულე, მისი ცნობით დემეტრე დიდ დახმარებას უწევდა ქართული სავანეების მშენებლობაში გრიგოლ ხანძთელს. მას 826 წლის ახლო ხანებში დემეტრეს პირადი ინიციატივით დაუარსებია აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) ერთ-ერთი ქართული სავანე. ლიტ.: მ. ლორთქიფანიძე, ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება'', თბ. 1963. მ. ლორთქიფანიძე, ,,ეგრის-აფხაზეთის სამეფო'', საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ. 1973. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ. 1912 წ. გიორგი I აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე 861-868 წწ. ლეონ II-ის ძე. მან შესძლო დაეპყრო შიდა ქართლი, სადაც ერისთავად დასვა თავისი ძმისწული – დემეტრე II-ის ვაჟი, ,,მატიანე ქართლისა'' მოგვითხრობს გიორგი I-ის ამ ღონისძიებების შესახებ: ,,მას ჟამსა გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დიმიტრისი, ძე ლეონისი, დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავად ჩიხას, ძე დიმიტრისი, რომელსა ერქუა ბაგრატი''. გიორგი I-ის საუფლისწულო მამული იყო აღწეფი და ამიტომ მას გიორგი აღწეფელი ეწოდებოდა. ლიტ.: პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. მ. ლორთქიფანიძე, ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება'', თბ. 1963. მ. ლორთქიფანიძე, ,,ეგრის-აფხაზეთის სამეფო'', საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ. 1973. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. თ. მიბჩუანი, აფხაზეთის მეფეები და მთავრები, თბ. 1997. ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ. 1912 წ. იოანე I – ადარნასე I 868-881 იოანე შავლიანი აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე. გიორგი I-ის სიკვდილის შემდეგ ტახტზე უნდა ასულიყო მისი ძმისშვილი, დემეტრე II-ის შვილი – ბაგრატი, მაგრამ გიორგი I-ის ქვრივი წინ აღუდგა მის გამეფებას და დაუკავშირდა აფხაზეთის დიდგვარიანს – იოანე შავლიანს. მან მოაწყო შეთქმულება, ჩიხას ერისთავი მოკლული იქნა, ხოლო ბაგრატი კი ძლივს გადაურჩა სიკვდილს და თავი ბიზანტიას შეაფარა. ტახტზე ავიდა იოანე შავლიანი (შავლიანები – საფიქრებელია სვანური წარმოშობის საგვარეულო იყო) მან თავისი მდგომარეობის განსამტკიცებლად თავის ვაჟს შერთო გუარამ მამფალის ასული. ლიტ.: პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. მ. ლორთქიფანიძე, ,,ეგრის-აფხაზეთის სამეფო'', საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ. 1973. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. თ. მიბჩუანი, აფხაზეთის მეფეები და მთავრები, თბ. 1997. ადარნასე I შავლიანი აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე. იოანეს სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი შვილი ადარნასე I შავლიანი. შავლიანთა მეფობის დროსაც გრძელდებოდა აფხაზთა სამეფოს ბრძოლა ქართული სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონიისათვის. კერძოდ, როგორც ჩანს, აფხაზთა სამეფო ჩაერია ტაო-კლარჯეთის მმართველებს შორის ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობდა გუარამ მამფალსა და დავით კურაპალატს შორის, რომელიც იყო ბაგრატ კურაპალატის ვაჟიშვილი. მაგრამ შავლიანთა ბატონობა აფხაზეთის სამეფო ტახტზე დიდხანს არ გაგრძელებულა. ბაგრატი, დემეტრე II-ის შვილი ბიზანტიელთა ჯარით დაბრუნდა უკან, დაამარცხა ადარნასე I, მოკლა იგი და თვითონ დაიკავა სამეფო ტახტი. ლიტ.: პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. მ. ლორთქიფანიძე, ,,ეგრის-აფხაზეთის სამეფო'', საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ. 1973. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. თ. მიბჩუანი, აფხაზეთის მეფეები და მთავრები, თბ. 1997. ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ. 1912 წ. ბაგრატ I აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე (881-893) დემეტრე II-ის ძე. მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს გიორგი I-ის ქვრივმა და იოანე შავლიანმა, რომელთაც უნდოდათ ბაგრატის მოკვლა, მაგრამ იგი გადარჩა და თავი შეაფარა კონსტანტინოპოლს. მალე ბაგრატი ბიზანტიელთა ჯარით უკან დაბრუნდა და დაიბრუნა ტახტი, ხოლო ადარნასე შავლიანის ქვრივი გუარამ მამფალის ასული ცოლად შეირთო: ,,მატიანე ქართლისა''-ს ავტორი მოგვითხრობს ,,მოსცა ბერძენთა მეფემან ლაშქარი და გამოგზავნა ზღჳთ და ნავითა შემოვიდა აფხაზეთად და მოკლა ადარნასე. ძე იოვანესი და დაიპყრა აფხაზეთი და შეირთო ცოლი მისი ცოლად. ასული გუარამისა''. ამის შემდეგ ბაგრატმა ჩამოიყვანა კონსტანტინოპოლიდან თავისი ცოლისძმა გუარამ მამფალის ვაჟი – ნასრი, რომელმაც ბაგრატ I-ის დახმარებით დაიკავა ოძრხე, ჯვარისციხე და ლომსიანთა: ,,მისცა ლაშქარნი მისი, ხოლო ნასრა შეიპყრნა სამნი ციხენი: ოძრჴე, ჯუარის-ციხე და, ლომსიანთა გუარამისივე აღშენებული''. ეს ლაშქრობა მიზნად ისახავდა აფხაზთა სამეფოს კლარჯეთში გაბატონებას, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩაებნენ გურგენი და ადარნასე დავითის შვილი. მათ დაეხმარნენ სომხები, კერძოდ სომეხთა მეფე აშოტი და მდინარე მტკვართან მოხდა შეტაკება, სადაც ნასრი, მისი მოკავშირე აფხაზები და ოსები დამარცხდნენ, ხოლო თვით ნასრი ამ ბრძოლაში დაიღუპა. დაიღუპნენ ასევე ოსთა სარდალი ბაყათარი და აფხაზთა ერისთავი. როგორც ვხედავთ ბაგრატის ჩარევამ კლარჯეთის საქმეებში მარცხი განიცადა. ლიტ.: მ. ლორთქიფანიძე, ,,ეგრის-აფხაზეთის სამეფო'', საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ. 1973. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ. 1912 წ. კონსტანტინე III აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე (893-922), ზ. ანჩაბაძის აზრით (893-929) ბაგრატ I-ის შვილი. იბრძოდა ქართული სამეფო-სამთავროებს შორის პირველობისათვის. 904 წელს დაიკავა შიდა ქართლი. ,,მას ჟამსა გამოვიდა კონსტანტინე აფხაზთა მეფე. დაიპყრა ქართლი'', მის წინააღმდეგ გამოილაშქრა სომეხთა მეფე სუმბატმა, რომელსაც ბრძოლაში ქართველთა მეფე ადარნასე ეხმარებოდა ,,და ემტერა სომეხთა მეფე სუმბატ ტიეზერაკალი, გამოილაშქრა სპითა დიდითა, და მოადგა უფლისციხეს''. მოკავშირეებმა უფლისციხე აიღეს. კონსტანტინემ ზავი შესთავაზა. საზავო მოლაპარაკების დროს ადარნასეს ბრძანებით აფხაზთა მეფე დაატყვევეს და სუმბატმა იგი ანისში გაგზავნა. ამ ამბავმა აღაშფოთა კონსტანტინეს მომხრეები ,,მეგრელები'' და მათ ახალი მეფის ძებნა დაიწყეს. ამის გამო სომეხთა მეფემ ოთხი თვის შემდეგ გაანთავისუფლა კონსტანტინე და უკან დაუბრუნა უფლისციხე და ქართლი. კონსტანტინე დაუმოყვრდა სომეხთა მეფეს და სუმბატის ასული შეირთო ცოლად. ამან ძალიან განარისხა ადარნასე ქართველთა მეფე. ამ დროს არაბები შემოიჭრნენ, იგი არაბთა სარდალს აბულ-კასიმს მიემხრო. არაბებმა სომხეთი ააოხრეს და სუმბატი მოკლეს. ამის შემდეგ კონსტანტინემ კახეთის ქორეპისკოპოსთან კვირიკესთან ერთად ჰერეთში გაილაშქრა: ,,ჩავიდეს ჰერეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა... და ვითარცა მისწურეს წაღებად, მაშინ ადარნასე პატრიკი გამოვიდა, პარასკევის ჯუარსა მიუპყრა ზავის პირი. მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი და კჳრიკეს ორჭობი''. კონსტანტინე ასევე ცდილობდა თავისი გავლენა გაევრცელებინა ოსეთზე. ამ დროს იწყება ოსეთში ქრისტიანობის გავრცელება, რასაც მხარს უჭერენ აფხაზთა მეფეები. ლიტ.: პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. მ. ლორთქიფანიძე, ,,ეგრის-აფხაზეთის სამეფო'', საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ. 1973. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. С. Джанашиа. О времени и условиях возникновения Абхазского царства, შრომები, II, თბ., 1952. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ. 1912 წ. М. Лордкипанидзе. Абхазское царство (Эгрис-Абхазети) Очерки истории Грузии Т. II, 1988. გიორგი II აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე (922-957), ზ. ანჩაბაძის აზრით (929-957). კონსტანტინე III-ის ძე. კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ გიორგის, სამეფო ტახტს ეცილებოდა უმცროსი ძმა ბაგრატი. კონსტანტინეს გიორგი შეეძინა მეფე ადარნასეს ასულისგან, ხოლო ბაგრატი მეორე ქორწინებიდან, სომეხთა მეფის ასულისაგან. მაგრამ ბაგრატი მალე გარდაიცვალა და გიორგიმ განიმტკიცა მეფობა. მან ქართლის გამგეოება თავის უფროს ძე კონსტანტინეს ჩააბარა, მაგრამ მან ურჩობა დაიწყო, აუჯანყდა მამას: ,,ვითარ დაყო სამი წელიწადი იწყოდ მტრობად მამისა თჳსისა და ძებნად მეფობისა''. კონსტანტინემ უფლისციხე გაამაგრა. გიორგიმ ,,ვითარ დაიდასტურა განდგომა ძისა თჳსისა'' გაილაშქრა დიდი ჯარით, ალყა შემოარტყა ციხეს და ხელში ჩაიგდო ურჩი შვილი. მამამ არ აპატია კონსტანტინეს ურჩობა და სიკვდილით დასაჯა. იგი ჯერ დააბრმავეს, ხოლო შემდეგ მრავალი წამებისაგან გარდაიცვალა. მის ადგილზე კი გიორგიმ თავისი მეორე ძე – ლეონი დასვა. გიორგიმ კახეთის წინააღმდეგ გაილაშქრა: ,,მოსწუა და ასწყჳდა და წარვიდა თჳსადვე ქვეყნად'', მან შეიპყრო კვირიკე ქორეპისკოპოსი. კვირიკემ აღიარა გიორგის ბატონობა კახეთზე და აფხაზთა მეფემ იგი გაანთავისუფლა, მაგრამ კვირიკემ ფიცი გატეხა და გიორგის განუდგა. მეფემ თავისი შვილის ლეონის წინამძღოლობით ჯარი გაგზავნა კახეთში. ამ ლაშქრობის დროს გიორგი უეცრად გარდაიცვალა და ლეონი იძულებული გახდა ზავი დაედო კვირიკესთან. კვირიკემ კვლავ აღიარა აფხაზთა მეფის ბატონობა. გიორგის მეფობის დროს აფხაზეთის სამეფომ საზღვრები გაიფართოვა და ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის პირველობა მოიპოვა. გიორგის აქტიური ხელშეწყობით Xს. II ნახევარში ოსეთში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი მადლობას უხდის გიორგი II-ეს ალანთა მეფისა და ხალხის გაქრისტიანების ხელის შეწყობისათვის. ამავე დროს პატრიარქი სხვა გაგზავნილ წერილებში გიორგი II-ეს უწოდებს ,,ბრწყინვალე ექსუსიატს'' (ექსუსიატი – ,,მფლობელი''). ქართული წყარო გიორგის ეკლესიათა აღმშენებელს უწოდებს. მან დააარსა ჭყონდიდის (მარტვილის) საეპისკოპოსო კათედრა. გიორგი II-ის მეფობის დროს აფხაზეთის სამეფო გამხდარა ერთ-ერთი ცენტრი ქართული საეკლესიო მწერლობისა. ამ დროს აფხაზეთში მოღვაწეობდა განთქმული ქართველი მწერალი, პოეტი-ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი, რომლის საგალობელნი, საეკლესიო ჰიმნები ქართულ ენაზე აფხაზეთიდან ვრცელდებიან მთელს საქართველოში. გიორგი II-ე პირადად მფარველობდა მას. იოანე მინჩხის ერთ-ერთ ჰიმნს დართული აქვს გიორგი მეფის სახოტბო წარწერა: ,,ესე გალობანი მას კარგსა გიორგი მეფესა, დიდისა, დიდითა ვედრებითა აღუწერვებიან მინჩხისადა''. ლიტ.: პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. მ. ლორთქიფანიძე, ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება'', თბ. 1963. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. М. Лордкипанидзе. Абхазское царство (Эгрис-Абхазети) Очерки истории Грузии Т. II, 1988. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. З. Анчабадзе, Г. Дзидзария, А. Куправа. История Абхазии, Сухуми, 1986. Очерки истории Абхазской АССР. Часть I, Сухуми, 1960 ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ. 1912 წ. თ. მიბჩუანი, აფხაზეთის მეფეები და მთავრები, თბ. 1997. ლეონ III აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე 957-967. გიორგი II-ის ძე. მამამისმა აჯანყებული კონსტანტინეს დასჯის შემდეგ ქართლის გამგებლად დასვა. გიორგის სიკვდილის შემდეგ ლეონი აფხაზეთის სამეფო ტახტზე ავიდა. მამის დავალებით იბრძოდა კახეთში, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ლეონი დაუზავდა კახეთის ქორეპისკოპოსს კვირიკეს, რომელმაც აღიარა აფხაზთა მეფის უზენაესობა. ლეონმა თავისი შვილი მიათხოვა კვირიკეს ვაჟს, მაგრამ ზავი ხანგრძლივი არ ყოფილა. როდესაც ლეონის ასული გარდაიცვალა, აფხაზთა მეფემ დაიწყო ბრძოლა კვირიკეს წინააღმდეგ: ,,კუალად იწყო მტრობად კჳრიკეს და ძებნად კახეთისა. გაილაშქრა სპითა დიდითა, ჩადგა არაგვის პირსა, ასწყჳდა მუხრანი, ხერკი და ბაზალეთი და მასვე ლაშქრობასა დასნეულდა, შეიქცა გარე და მოკუდა'' – მოგვითხრობს ,,მატიანე ქართლისა''. ლეონ III-ის დროს დასავლეთ საქართველოში დიდი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, ლეონმა ,,აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდარი საეპისკოპოსოდ''. მისი მეფობის დროს აშენდა კუმურდოს ტაძარი. ამ ტაძრის წარწერიდან (964) ჩანს, რომ X საუკუნისა შუა წლებში ჯავახეთზე ლეონის ხელისუფლება ვრცელდება. აქ აფხაზთა მეფის მოხელე ერისთავი ზვიად მარუშიანი იჯდა. ლიტ.: პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. მ. ლორთქიფანიძე, ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება'', თბ. 1963. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ. 1912 წ. ნ. შოშიაშვილი, ლაპიდარული წარწერები, ტ. I, თბ. 1980. დემეტრე III დემეტრე III – აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე 967-975. გიორგი II-ის ძე, ლეონ III-ის ძმა, წინაპრების მსგავსად იბრძვის ქართლისათვის: ,,დაჯდა მეფედ დემეტრე, ძმა ლეონისი, ეუფლა ქართლს''. მისი მეფობის დროს ტახტის დასაუფლებლად იბრძვის მისი ძმა – თეოდოსი, რომელიც გიორგი II-ემ ბიზანტიას გააგზავნა ძმასთან ბაგრატთან ერთად. თეოდოსს ამ ბრძოლაში ეხმარებიან დავით კურაპალატი, კახეთის ქორეპისკოპოსი და ქართლის აზნაურები. დემეტრემ დაამარცხა თეოდოსი. მან თავი შეაფარა ქართლს, ძამის ციხეს, ერთ-ერთ დიდებულ ადარნასესთან. მაგრამ აფხაზთა მეფე თავს დაესხა ძამის ციხეს, სამი თვის ალყის შემდეგ გარნიზონმა მოითხოვა ზავი და თეოდოსის უვნებლად გაშვება. დემეტრე დაეთანხმა წინადადებას, მაგრამ შემდეგ მოტყუებით ხელში ჩაიგდო თეოდოსი და თვალები დასწვა. დემეტრეს ამის გამო აფხაზეთშიც აუჯანყდნენ, მაგრამ მეფემ ისინიც დაამარცხა. დემეტრე ისე გარდაიცვალა, რომ შვილი არ დარჩენია და ტახტი უსინათლო თეოდოსს დარჩა. ლიტ.: მ. ლორთქიფანიძე, ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება'', თბ. 1963. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. თეოდოს III აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე 975-978. გიორგი II-ის ძე, ლეონ III-ის სიკვდილის შემდეგ დაუპირისპირდა თავის ძმას – დემეტრე III-ს. თეოდოსი ბავშვობიდან ბიზანტიაში იზრდებოდა. იგი ტახტისათვის ბრძოლაში დამარცხდა და დემეტრემ მას თვალები დასწვა, თუმცა დემეტრეს სიკვდილის შემდეგ იგი სამეფო ტახტზე ავიდა. მეფის უსინათლობითა და სისუსტით სარგებლობდნენ ფეოდალები და ქვეყანა ანარქიამ მოიცვა. თეოდოსს შვილი არ ჰყავდა. წყაროებში იგი იხსენიება, როგორც ,,თვალდამწვარი'', ,,მწუხარე''. ამ დროს 972 წ. ,,აფხაზთა მეფედ'' აკურთხეს თეოდოსის დისწული ბაგრატ ბაგრატიონი (ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III), რომელმაც ბრმა თეოდოსი დავით კურაპალატთან გაგზავნა. ამის შემდეგ თეოდოსი წყაროებში აღარ იხსენიება. ლიტ.: პ. ინგოროყვა ,,გიორგი მერჩულე'', თბ. 1954. მ. ლორთქიფანიძე, ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება'', თბ. 1963. მ. ლორთქიფანიძე, ,,ტაო-კლარჯეთის სამეფო'', საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, თბ. 1973. ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II, თბ. 1965. З. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.), Сухуми, 1959. ე. თაყაიშვილი, რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა, საისტორიო მასალანი, თბ. 1912 წ. კახეთის ქორეპისკოპოსები (მთავრები) გრიგოლი კახეთის მსხვილი ფეოდალი (787-827), რომელმაც ისარგებლა ქართლის ერისმთავარ ჯუანშერ არჩილის ძის გარდაცვალების (787 წელი) შემდეგ შექმნილი სიტუაციით და კახეთი დამოუკიდებელ სამთავროდ გამოაცხადა. კახეთის მთავრებმა თავიდანვე მიიღეს ქორეპისკოპოსის ტიტული. ზოგი მკვლევარის აზრით, ქორეპისკოპოსი ბიზანტიური სასულიერო ტიტულია და სასოფლო თემის განმგებელ უსამწყსო ეპისკოპოსს ნიშნავს. თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ტერმინი ადგილობრივი წარმოშობისა უნდა იყოს. კახეთის მთავრების ტიტული უნდა მომდინარეობდეს წანართა ქორეპისკოპოსის სახელწოდებიდან. წანარები დღევანდელი ხევის (ყაზბეგის რაიონის) ტერიტორიაზე მცხოვრები ტომი იყო, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო არაბთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. სწორედ წანარებზე დაყრდნობით ატარებს გრიგოლი თავის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას. VIII საუკუნის დასასრულიდანვე იწყება კახეთის სამთავროს გაძლიერება. მას შემოუერთდა კუხეთი (დღევანდელი გარე კახეთი) და გარდაბანი (მტკვრის მარჯვენა სანაპირო დებედასა და შამქორს შორის). კახეთის მთავარმა დაიპყრო შიდა ქართლიც, რის გამოც მას შეტაკება მოუხდა აშოტ I კურაპალატთან. აშოტს მიემხრო აფხაზთა მეფე, გრიგოლს კი თბილისის ამირა. გრიგოლი დამარცხდა და იძულებული გახდა დაეთმო შიდა ქართლის დიდი ნაწილი, მაგრამ ქართლის ტერიტორია მდ. ქსნის აღმოსავლეთით კახეთის სამთავროს შემადგენლობაში დარჩა. გრიგოლი, როგორც ჩანს, უძეოდ გადაეგო და მისი გარდაცვალების შემდეგ კახეთის სამთავროში დღის წესრიგში დადგა ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. დ. მუსხელიშვილი, უჯარმა, თბ. 1966. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. М.Д. Лордкипанидзе, Кахети, Очерки истории Грузии, Т. II. Тб., 1989. ვაჩე (დაჩი) კახეთის მთავარი (827-839). იოანე ქვაბულის ძის შვილი. გამთავრდა გარდაბნის წარჩინებულთა მხარდაჭერით. ,,ქართლის ცხოვრების'' მიხედვით, გარდაბნელი დიდებულები კახეთში ბატონობისათვის ებრძოდნენ ჯერ წანარებს, შემდეგ სხვა მოწინააღმდეგეებსაც. ვაჩეს ქორეპისკოპოსობის დროს კახეთში ადგილი ჰქონდა არაბთა შემოსევას ხალიდ იბნ-იაზიდის ხელმძღვანელობით. როგორც ჩანს, სახალიფო დიდად შეაშფოთა კავკასიაში განმათავისუფლებელი ტენდენციების გაძლიერებამ. არაბთა ეს შემოსევა მათი შერყეული მდგომარეობის განმტკიცებისა და კახეთის გაძლიერებისა და ტერიტორიული გაფართოების წინააღმდეგ იყო მიმართული. 829-830 წლებში ხალიდმა მოახერხა კახეთის დამორჩილება, აიღო ხარკი და უკან გაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ხარკი 3 ათ. ფაშატისა და 20 ათ. ცხვრისაგან შედგებოდა. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. სამოელი კახეთის მთავარი (839-861). გარდაბნელ დიდებულთა, დონაურთა გვარის დინასტიის პირველი წარმომადგენელი. მის დროს კახეთი კვლავ აგრძელებს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებას, რამაც არაბთა ახალი შემოსევები გამოიწვია. 840-842 წლებში ხალიდ იბნ-იაზიდი ორჯერ შემოესია საქართველოს. არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების კოალიცია, რომელშიც შევიდნენ: კახეთის ქორეპისკოპოსი სამოელი, თბილისის ამირა, გურამ მამფალი და არმენიის სპარაპეტი სმბატ აშოტის ძე ბაგრატუნი. პირველად არაბებმა ჰერეთის გავლით შეაღწიეს კახეთში, მაგრამ სასტიკი მარცხი განიცადეს კახეთის ლაშქართან ბრძოლაში, რომელიც სოფ. გავაზთან გაიმართა. შემდეგ ხალიდ იბნ-იაზიდმა ჯავახეთში ილაშქრა, სადაც დაიღუპა კიდეც. ბაღდადის ხალიფამ, რომელსაც არ სურდა მარცხთან შერიგება, ამიერკავკასიის ურჩი პოლიტიკური ერთეულების დასჯის მიზნით ახალი ლაშქრობა მოაწყო. 853 წელს საქართველოში შემოიჭრა უზარმაზარი არმია ბუღა თურქის ხელმძღვანელობით. არაბებმა პირველი დარტყმა თბილისის საამიროს წინააღმდეგ მიმართეს. ბუღა თურქმა სასტიკად დაარბია თბილისი – მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 50 ათ. თბილისელი დაიღუპა. 854 წელს ბუღა თურქმა ორჯერ სცადა კახეთში შეჭრა, პირველად გარდაბნის მხრიდან, ამ უკანასკნელის სასტიკად აოხრების შემდეგ, მეორედ კი დასავლეთიდან, არაგვის ხეობით. კახელებმა ორჯერვე მოიგერიეს არაბების არმია და კახეთის სამთავრო აოხრებას გადარჩა. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, სინ, ტ. II, თბ., 1973. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. გაბრიელი კახეთის მთავარი (861-881) სამოელის ძმა. დონაურთა დინასტიის ბოლო წარმომადგენელი. მისი ქორეპისკოპოსობის დროს კახეთში სიმშვიდე სუფევდა. არაბთა რამე მნიშვნელოვან შემოსევას ამ პერიოდში ადგილი არ ჰქონია. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. ფადლა I კახეთის მთავარი (881-892). არევმანელთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი. წყაროებში იგი დახასიათებულია, როგორც ,,კაცი მეცნიერი'', რომელმაც პირველ რიგში განიმტკიცა მდგომარეობა კახეთში და შემდეგ ,,ეუფლა'' გარდაბანს. როგორც ჩანს, გარდაბნელები უბრძოლველად არ დამორჩილებიან ახალი მთავრის ხელისუფლებას და მას ბრძოლით მოუხდა გარდაბნის დაკავება. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. კვირიკე I კახეთის მთავარი (892-918). ფადლა I-ის ძე. მისი მმართველობა მთელი რიგი ახალი მოვლენებით აღინიშნა. ეს ის დროა, როცა აზერბაიჯანში იქმნება საჯიდების ძლიერი სახელმწიფო. 907-914 წლებში საჯმა აბულ კასიმმა დალაშქრა და ააოხრა სომხეთისა და საქართველოს მთელი რიგი პროვინციები. კახეთმა შეძლო თავიდან აეცილებინა ეს ახალი შემოსევა: არაბთა მიერ უჯარმისა და ბოჭორმის ციხეების დაკავების შემდეგ კვირიკე I-მა აბულ კასიმს მორჩილება აღუთქვა და სამთავრო აოხრებას გადაარჩინა. საჯთა ახალმა შემოსევამ დიდად დააზარალა და დაასუსტა კახეთის მეზობელი პოლიტიკური ერთეულები. კახეთი სარგებლობს ამ მდგომარეობით და თავის ტერიტორიების გაფართოებაზე ზრუნვას იწყებს. მალე კვირიკე I-მა იპოვა მოკავშირეც, აფხაზთა მეფე კონსტანტინე III (893-922). ახალ მოკავშირესთან ერთად კახეთის მთავარმა დალაშქრა ჰერეთი. ჰერეთის მეფემ, ადარნასე პატრიკმა ზავის საფასურად აფხაზთა მეფეს არიშისა და გავაზნის, ხოლო კახეთის ქორეპისკოპოსს ორჭობის ციხეები დაუთმო. ეს ლაშქრობა 915-918 წლებში, აბულ კასიმის შემოსევის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. ფადლა II კახეთის მთავარი (918-929). ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა მეზობელ პოლიტიკურ გაერთიანებებთან. იგი დაეხმარა სომხეთის მეფე აშოტ II ერკათს განმდგარი ვასალის, უტის მთავარ მოსეს დამორჩილებაში, ხოლო 925 წელს აფხაზთა მეფე გიორგი II-ს (922-967) დაამარცხებინა აჯანყებული შვილი კონსტანტი. ფადლა II აწარმოებდა ფართო აღმშენებლობით საქმიანობას, აგებდა ახალ ციხე-სიმაგრეებს. კერძოდ, ააგო ლოწობანის ციხე. მისი მმართველობის დროს კახეთს ახალი საფრთხე დაემუქრა. საჯთა ახალი შემოსევის შედეგად ქვეყანა მოოხრდა. არაბებმა გადაწვეს მცხეთის ჯვარი და მნიშვნელოვანწილად შეასუსტეს სამთავროს ძლიერება. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. კვირიკე II კახეთის მთავარი (929-976). ახალ ქორეპისკოპოსს მეტად მძიმე პირობებში მოუხდა სამთავროს მართვა. დასუსტებულმა ქვეყანამ ყოველი მხრიდან განიცადა შევიწროება. აღმოსავლეთიდან მას ჰერეთი უტევს. ამ უკანასკნელმა X საუკუნის 60-იან წლებში აღადგინა საუკუნის დასაწყისში დათმობილი პოზიციები და საფიქრებელია, რომ ბევრი კახური მიწაც დაიკავა. დასავლეთიდან კახეთს გაძლიერებული აფხაზთა სამეფო უტევს. პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ ჩნდებიან მმართველი დინასტიის ძველი მტრები. გარდაბნელმა აზნაურებმა მოიწვიეს აფხაზთა მეფე გიორგი II, რომელიც სასწრაფოდ გადმოვიდა კახეთში და ალყა შემოარტყა ლოწობანის, ნახჭევანისა და ბოჭორმის ციხეებს. კვირიკე II-ს უღალატა საკუთარმა ძმამ, შურტამაც, რომელმაც უჯარმა გადასცა აფხაზთა მეფეს. ქორეპისკოპოსი უკვე ციხეთა დათმობას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად გამოჩენილმა მოკავშირეებმა, ქართლის აზნაურებმა აღმოუჩინეს მას დახმარება დაკარგული პოზიციების აღდგენაში. ქართლელ დიდებულთა ეს პოზიცია გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დასავლეთ საქართველოსა და კახეთის გაერთიანება შიდა ქართლს საბოლოოდ დაუმორჩილებდა ქუთაისის სამეფო ტახტს. ამას კი, საბოლოო ჯამში, ქართლელ დიდაზნაურთა პრივილეგიების დაკარგვა მოყვებოდა. გიორგი II ვერ ურიგდება კახეთის დაკარგვას. მისი ძე, უფლისწული ლეონი 957 და 967 წლებში ლაშქრობს კახეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჯერ გიორგი II-ის, ხოლო შემდეგ გამეფებული ლეონ III-ის (957-967) გარდაცვალებამ ორივე ლაშქრობა ჩაშალა. ამის შემდეგ კახეთის სამთავრო თვითონ გადადის შეტევაზე. კვირიკე II ცდილობს გამოიყენოს აფხაზთა სამეფოში ლეონ III-ის ვაჟებს, დემეტრესა და თეოდოსის შორის სამეფო ტახტისათვის წარმოებული ბრძოლა. სარგებლობს რა დას. საქართველოში დაწყებული შინაომით, კახეთის ლაშქარი იკავებს შიდა ქართლს, მაგრამ ახალი მეტოქის, დავით III კურაპალატის გამოჩენისთანავე კახელები ისევ თმობენ პოზიციებს. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, სინ, ტ. II, თბ., 1973. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. დავითი კახეთის მთავარი (976-1009). მისი ქორეპისკოპოსობის დროს კახეთი კვლავ ძლიერდება. სამთავროს მთავარ მოკავშირეებად კვლავ რჩებიან აფხაზთა და ჰერთა სამეფოები. შიდა ქართლის აზნაურებზე დაყრდნობით დავითმა დაიწყო ბრძოლა აფხაზთა სამეფოს წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლაში, ბაგრატ III აფხაზთა მეფემ გაიმარჯვა, კახეთის მთავარმა მაინც მოახერხა მდ. ქსნის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ციხეების – გრუასა და წირქვალის ხელში ჩაგდება. ამის შემდეგ დავითი იწყებს ბრძოლას ჰერეთისათვის. ჰერეთის სამეფო ამ დროს დასუსტებულია და მის შესაერთებლად იბრძვის როგორც კახეთის სამთავრო, ისე აფხაზთა სამეფო. 1008 წელს მეფე ბაგრატ III-მ დაიკავა ჰერეთი და იქ განმგებლად თავისი მომხრე აბულალი დასვა. ჰერმა დიდებულებმა, რომელთაც არ სცნეს აბულალის ბატონობა, თავიანთ მეფედ დავით ქორეპისკოპოსი მოიწვიეს. დავითმა მოახერხა ჰერეთიდან აბულალის განდევნა. ამის შემდეგ დავითი მალე გარდაიცვალა. ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა, სინ, ტ. II, თბ., 1973. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. დ. მუსხელიშვილი, უჯარმა, თბ., 1966. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982. კვირიკე III კახეთის მთავარი (1009-1010). გამეფებისთანავე ბრძოლა მოუხდა ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III-სთან. ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე დაამარცხა კახეთის ქორეპისკოპოსი, ტყვედ იგდო იგი და ჰერეთი და კახეთი უშუალოდ შეუერთა თავის სამეფოს. ბაგრატ III-ის გარდაცვალების (1014) შემდეგ ჰერეთმა და კახეთმა კვლავ მოიპოვეს დამოუკიდებლობა. ერთიანი ჰერეთ-კახეთის მეფე გახდა კვირიკე III (იხ. ჰერეთ-კახეთის მეფეები, კვირიკე III დიდი). ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, მითითებული გამოცემა. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების ისტორიიდან, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, N 31. დ. მუსხელიშვილი, უჯარმა, თბ., 1966. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982.
|