|
წმინდა მირდატ მეფე „ეძიებდა საზღვართა ქართლისასა“ გაიოზ მამალაძე
ქართული ეკლესია 8 (ახალი სტილით 21) ივლისს აღნიშნავს წმინდა მეფე მირდატის ხსენების დღეს (გ. 410).
მეფე მირდატი გახლდათ ქართლის მტკვრის მარცხენა მხარის მეფის ვარაზ-ბაკურის (ვარაზ-ბაქარი) ძე.
მირდატ მეფე ორი მიმართულებით იბრძოდა. ეომებოდა იმდროინდელი მსოფლიოს უდიდეს იმპერიებს, ბიზანტიასა და სპარსეთს - „მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა“.
ბიზანტიისაგან უნდოდა დაებრუნებინა ისტორიული ქართული ტერიტორიები ტაო-კლარჯეთისა - „ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთსა, საზღვართა ქართლისასა“.
სპარსეთის სახელმწიფოს სურდა ქართლის სუვერენიტეტის შეზღუდვა, სამეფოსათვის ხარკის დადება და ვასალობა. მეფე კი სპარსელებს არ აძლევდა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას. არ უხდიდა ხარკსაც - „სპარსთა არა მისცემდა ხარკსა“.
მთელი მისი ენერგია საომრად იყო მიმართული. ვერ იცლიდა ეკლესიების მშენებლობისათვის...
მირდატ მეფემ „არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა“ და დიდი ბრძოლა გაუმართა მათ გარდაბანთან. უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. მეფე ტყვედ ჩავარდა. დამპყობლებმა მეფე მირდატი სპარსეთის იმპერიაში წაიყვანეს.
სპარსეთის შაჰმა მეფეს რჯულის შეცვლა, მაზდეანობის მიღება მოსთხოვა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს თავისუფებასა და დიდ საჩუქრებსაც შეპირდნენ ქართლის ხელმწიფეს. მაგრამ, ქრისტესთვის თავდადებულმა ქართველმა მეფემ ამქვეყნიურ დიდებაზე და სიცოცხლეზე არ გაცვალა ქრისტეს სარწმუნოება. ველურებმა დიდხანს აწამეს მეფე. მერე ბაღდადის ციხეში ჩააგდეს....
ქრისტესათვის წამებული ქართველი ხელმწიფე წმინდა მირდატი გარდაიცვალა 410 წელს ბაღდადის ციხეში.
მემატიანის საყვედური განქარდა. თუ ეკლესიების აშენება ვერ მოასწრო, ქრისტესთვის სიკვდილი უყოყმანოდ შეძლო სახელოვანმა მეფემ, წმინდა მირდატმა.
„ქართლის ცხოვრება“ ძალიან მოკლედ გვიამბობს მის შესახებ. თუმცა, მის ვაჟკაცობა კარგად ჩანს ამ პატარა ეპიზოდშიც...
წმინდა მირდატ მეფის ლოცვა შეეწიოს ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის დამცველებს, ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მებრძოლებს, სრულიად საქართველოს, ქართულ ოჯახებს და თითოეულ ქართველს!
ქართლის ცხოვრება
მეოცდაათე მეფე. მირდატ, ძმა ფარსმან მეფისა. ხოსროიანი
და დაჯდა მეფედ ძმა მისი მირდატ, ასულის-წული თრდატისი, ძე ვარაზ-ბაქარისი, მამულად ბაქარიანი, დედულად რევიანი, ორითა-ვე მირიანის ძეთა ნათესავი და იყო ესე მირდატ კაცი ქუელი, მჴედარი შემმართებელი, ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ლაღი და ამპარტავანი, და მინდობილი მჴედრობასა თჳსსა. არა მსახურა ღმერთსა, არ-ცა აღაშენა ეკლესია, არ-ცა-რა მატა შენებულთა, და სილაღითა მისითა მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა. ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს, საზღვარსა ქართლისასა, ხოლო სპარსთა არა მისცემდა ხარკსა. მაშინ სპარსთა მეფემან გამოგზავნა ერის-თავი, რომელსა ერქუა უფრობ, სპითა ძლიერითა, მირდატის ზედა. მაშინ მირდატ, სილაღითა თჳსითა, არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა, მცირედითა სპითა მიეგება გარდაბანს და ეწყო: იოტეს და შეიპყრეს სპარსთა; მოვიდეს ქართლად, დაიპყრეს ქართლი და განრყუნნეს ეკლესიანი. ხოლო ნათესავნი მეფეთანი დარჩეს ჴევსა კახეთისასა, და სჳმონ ეპისკოპოსი მათ თანა-ვე. ხოლო მირდატ წარიყვანეს ბაღდადს და მუნ მოკუდა. |
|