საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ფარნავაზიანები

ფარნავაზიანი ქრისტიანი მეფეები

რევ მირიანის (უფროსი) ძე

ქართლის მეფე IV ს. შუა ხანებში – იგი მეფედ მოხსენიებულია ლეონტი მროველთან ,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა''. როგორც მემატიანე წერს, რევი მამის სიცოცხლეშივე გამეფდა და გარდაიცვალა, მის შთამომავლებს ერგოთ კახეთი და კუხეთი.

 

ლიტ.: ვ. გოილაძე ,,ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია''. თბ. 1990 წ.

 

ბაქარ მირიანის (უმცროსი) ძე

ქართლის მეფე IV ს. 50-60-იან წლებში – ლეონტი მროველის ,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა''-ს თანახმად. მემატიანეს ცნობით ბაქარი რომის იმპერატორს, კონსტანტინეს, მძევლად ჰყავდა წაყვანილი. როდესაც მირიანმა ქრისტიანობა მიიღო და თავისი საბრძანებელი ახალ სარწმუნოებაზე განამტკიცა, იმპერატორმა ქართველი უფლისწული სამშობლოში დააბრუნა. ბაქარი ფრიად მორწმუნე იყო. მან ,,მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელნი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა''. ბაქარის მშვიდობიანი მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი გამეფებიდან მოკლე დროში ქართლში შინა აშლილობა დაიწყო, რადგან სომხეთის სამეფო კარმა განიზრახა ქართლის ტახტზე რევ მირიანის ძის შთამომავალი დაესვა. რევის ძენი ქართლის ტახტის მემკვიდრეებად თვლიდნენ თავს. ბაქარმა დახმარებისათვის ირანს მიმართა. ირანი დაეხმარა და მოწინააღმდეგეებს სძლია. ბაქარმა რევის შთამომავლებს მირიანისაგან გადაცემული სამფლობელოებიდან მხოლოდ კუხეთი დაუტოვა, ხოლო საერისთავოს ცენტრი იყო რუსთავი. აგრეთვე ჩამოართვა პირობა, რომ ისინი ტახტისათვის ბრძოლას თავს დაანებებდნენ. სამეფო საქმეების მოწესრიგების შემდეგ ბაქარმა კვლავ საქვეყნო საქმეებს მიხედა. ააშენა წილკნის ეკლესია, ,,განამრავლა მღვდელნი და დიაკონნი''.

ბაკურ რევის ძე – ქართლის მეფე  ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით.

(ბაქარ მირიანის ძის მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 342-364 წ., გ. მელიქიშვილი IV ს. 40-60 წ. ვ. გოილაძე 334-356 წ. ა. ბოგვერაძე ეყრდნობა ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს ცნობას და ბაკურ რევის ძის მეფობას განსაზღვრავს IV ს. მე-2 ნახევრით).

 

ლიტ.: ვახუშტი ბატონიშვილი, ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა'', ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ,,ქართლის ცხოვრება''. ტ. IV. თბ., 1973.

გ. მელიქიშვილი. ,,ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის''. საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. I. 1958.

ვ. გოილაძე, ,,ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია'', თბ. 1990.

ლ. ჯანაშია, აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს., სინ, ტ. II. თბ. 1973.

ქსე, ტ. 2.

 

მირდატ* ბაქარის ძე

ქართლის მეფე IV ს. 60-70-წლებში – ლეონტი მროველის ,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა''-ს თანახმად. იყო ფრიად მორწმუნე. გაამრავლა ეკლესიები. მემატიანე მას თუხარისის ეკლესიის აშენებას, ერუშეთისა და წუნდას ეკლესიების შემკობას მიაწერს.

თრდატ რევის ძე – ქართლის მეფე ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით. აღაშენა ნეკრესის ეკლესია.

(მირდატ ბაქარის ძის მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 364-379 წ; გ. მელიქიშვილი IV ს. 60-70 წ., ვ. გოილაძე 356-368 წ.)

 

* ს. გორგაძე, კ. კეკელიძე, გ. მელიქიშვილი ფიქრობებ, რომ მირდატი და თრდატი იდენტური პირებია, ხოლო გ. მელიქიშვილი აღნიშნულ მეფეს ამიანე მარცელინეს საურმაგთან აიგივებს. არის საწინააღმდეგო მოსაზრება. თ. ჟორდანიას, ვ. გოილაძეს მიაჩნიათ, რომ თრდატ რევის ძე იბრძვის დაკარგული უფლებების დასაბრუნებლად (იხ. ბაქარ მირიანის ძე) მირდატ ბაქარის ძის წინააღმდეგ. მას ეხმარება ბიზანტია და იკავებს ქართლის ტახტს. თრდატი უნდა იყოს ამიანე მარცელინეს საურმაგი, რომელიც მეფდება 368 წელს.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

გ. მელიქიშვილი. ,,ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის'', საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. 1958.

ვ. გოილაძე, ,,ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია'' თბ. 1990.

 

ვარაზ-ბაქარი მირდატის ძე

ქართლის მეფე IV ს. 70-80-იან წლებში – ლეონტი მროველის ,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა''-ს თანახმად. იყო ,,კაცი ურწმუნო და მოძულე სჯულისა'', რომელიც უომრად დამორჩილდა ირანელ ერისმთავარს. ირანს დაუთმო რანი და მოვაკანი. იკისრა ხარკის გადახდა. ამის შემდეგ მას ,,განუდგნენ კლარჯნი და მიერთნეს ბერძენთა''.

ვარაზ-ბაკური – ქართლის მეფე ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით. მის დროს ქართლში მოვიდა ირანელი პიტიახში და ქართლი დახარკა.

ასფაგური* – ქართლის მეფე ამიანე მარცელინეს ცნობით. 368 წელს ქართლის ტახტზე ბიზანტიელების მხარდაჭერით ასული საურმაგი, ირანის შაჰის შაბურ II-ის დახმარებით გააძევა და გამეფდა, მაგრამ საურმაგი ბიზანტიელთა ჯარით შემოვიდა ქართლში. როდესაც იგი მდ. მტკვარს მიუახლოვდა, ასფაგურმა, როგორც ნათესავმა ხელისუფლების გაყოფა შესთავაზა. ბიზანტიის იმპერატორი ამ შეთანხმებას დათანხმდა. 369 წ. ქართლი შუაზე გაიყო, რის შედეგადაც ორმეფობა დამკვიდრდა.

(ვარაზ-ბაქარ-მირდატის ძის მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 379-393 წ. გ. მელიქიშვილი IV. 60/70 წ. ლ.ნ. ჯანაშია IV ს. II ნახ. ვ. გოილაძე 368/9-382/3 წ.).

 

* ორმეფობის ფაქტი ქართული წყაროებით არ დასტურდება. სპეციალურ ლიტერატურაში, უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით იგი გაზიარებულია. ამიანე მარცელინეს ასფაგურს აიგივებენ ვარაზ-ბაკურთან. ფიქრობენ, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპირო რევის ძეებს დარჩათ (თრდატ-საურმაგი), ხოლო მარცხენა, ჩრდილო ნაწილი, ბაქარიანებს (ასფაგურ-ვარაზ-ბაკური). მიაჩნიათ, რომ 70-იან წლებში ირანელთა ჩარევით ქართლში ერთმმართველობა აღსდგა ასფაგურის მეფობით. არის განსხვავებული მოსაზრებაც (ს. კაკაბაძე), რომლის თანახმად ქართლის დასავლეთ ნაწილში საურმაგის შემდეგ მეფობდა ბუზმიჰრ I.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

გ. მელიქიშვილი. ,,ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის'', საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV ნაკ. I. თბ. 1958.

ვ. გოილაძე, ,,ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია''. თბ. 1990.

ლ. ჯანაშია ,,აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს.'' სინ, ტ.II. თბ. 1973.

ქსე. ტ. 3.

 

თრდატ რევის ძე

ქართლის მეფე IV ს. 80-90-იან წლებში – ლეონტი მროველის ,,ცხოვრება ქართველთა მეფეთა''-ს თანახმად. ვარაზ-ბაქარის სიმამრი. იყო ჭკვიანი, ქრისტეს მოყვარული და კარგი დიპლომატი. ,,მეფობდა ესე თრდატ, მოხუცებული კეთილად'', წერს მემატიანე. ააშენა ნეკრესის ეკლესია. თრდატმა სამეფო ტახტი დაიკავა, რადგან მის სიძეს დარჩა მცირეწლოვანი შვილები. ორი თრდატის ქალიშვილისაგან, ხოლო ერთი პირველი ცოლისაგან, სახელად ფარსმან, რომელსაც სამშვილდის ერისთავი ზრდიდა.

ბაკურ თრდატის ძე – ქართლის მეფე ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით. მან ,,განაახლა არმაზნი სპარსთა შიშისთვის''. ააშენა ბოლნისის სიონი.

ბაკური – ბიზანტიელი ავტორის, იოანე რუფუსის (V ს.) ,,პეტრე იბერის ცხოვრების'' მიხედვით, პეტრე იბერის პაპა დედის მხრიდან. აქ დასახელებულია ქართლის პირველ ქრისტიან მეფედ. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ვერსია შემდეგ უნდა იყოს შეთხზული ბაკურის შვილიშვილის, პეტრე იბერის განდიდების მიზნით, (ივ. ჯავახიშვილი ამ ცნობას იზიარებს). ბაკურის დროს ქართლი ირანზე იყო დამოკიდებული და თვითონ იგი ირანის ჯარების სარდლად ითვლებოდა.

(თრდატ რევის ძის მეფობის დათარიღება: ვახუშტი 393-405 წ., ვ. გოილაძე 383-395 წ. გ. მელიქიშვილი ბაკურ თრდატის ძეს და იოანე რუფუსის ბაკურს აიგივებს. მის მეფობას ათარიღებს IV ს-ის 80-90 წ. ამ მოსაზრებას იზიარებს ლ. ჯანაშია, ა. ბოგვერაძის აზრით იოანე რუფუსის ბაკური მეფობდა 400-410 წლებში, ფარსმანის შემდეგ).

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

გ. მელიქიშვილი. ,,ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის'', საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ.I. 1958.

ვ. გოილაძე, ,,ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია'' თბ. 1990.

ლ. ჯანაშია ,,აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს.'', სინ, ტ. II. თბ. 1973.

 

ფარსმან ვარაზ-ბაქარის (უფროსი) ძე

ქართლის მეფე IV-V მიჯნაზე – ლეონტი მროველის თანახმად განუდგა ირანს და ხარკი შეუწყვიტა. გაამრავლა ჯვარნი და განაახლა ეკლესიები. მემატიანე მას ბოლნისის სიონის აშენებას მიაწერს.

თრდატის დისწული – ქართლის მეფე ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით. პეტრე იბერის ასურული ,,ცხოვრების'' ცნობით ფარსმანი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა კეისრის კარზე, სადაც სარგებლობდა დიდი პატივისცემით. ეკავა სარდლის თანამდებობა. დედოფალ ევდოქსიასთან სასიყვარულო ისტორიის გამო სამშობლოში გამოიქცა. მან თეთრი ჰუნების დახმარებით ქართლის ტახტი დაიკავა.

(ფარსმანის მეფობას ვახუშტი ბატონიშვილი ათარიღებს 405-408 წ. ივ. ჯავახიშვილი 395-408 წ. გ. მელიქიშვილი V ს. დასაწყისით. ვ. გოილაძე 395-397 წ. ლ. ჯანაშია 398-400 წ.).

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

გ. მელიქიშვილი. ,,ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის'', საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. I, 1958.

ვ. გოილაძე, ,,ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია'' თბ. 1990.

ლ. ჯანაშია ,,აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს.'', სინ. ტ. II. თბ. 1973.

ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', წგნ. I, თბ. 1963.

 

მირდატ ვარაზ-ბაქარის ძე

ქართლის მეფე V ს. 10-იან წლებში – ლეონტი მროველის თანახმად, დედით რევიანი, მამით ბაქარიანი. აწარმოებდა ბრძოლებს ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მირდატი იყო ,,კაცი ქველი, მხედარი შემმართებელი'', ,,ლაღი და ამპარტავანი''. ებრძოდა ბიზანტიას კლარჯეთისათვის, ხოლო სპარსელებს ხარკიც კი შეუწყვიტა. შეეწირა თავისუფლებისათვის ბრძოლას. ირანის შაჰმა იეზდიგერდ I-მა (399-421) ქართლში დიდძალი ჯარი გამოგზავნა. ბრძოლა მოხდა გარდაბანთან. ქართველები დამარცხდნენ. მირდატი დაატყვევეს. იგი ტყვეობაში გარდაიცვალა.

მირდატ მეფე ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხსენების დღედ დადგენილია 8(21) აგვისტო.

,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით – ,,წარიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და მუნ მოკუდა''.

ბუზმიჰრი* – ქართლის მეფე იოანე რუფუსის ,,პეტრე იბერის ცხოვრების'' ცნობით. აქ იგი მოხსენიებულია პეტრე იბერის მამად (ივ. ჯავახიშვილი ამ ცნობას იზიარებს).

(მირდატის მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 408-410 წ. გ. მელიქიშვილი V ს. 10-20 წ. ვ. გოილაძე 398-399 წ.).

 

* გ. მელიქიშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბუზმიჰრი ან ბიზანტიელთა მყოფი კლარჯეთის ხელისუფალი იყო, ან იდენტური პირია მეფე მირდატისა, ლ.ნ. ჯანაშიას ვარაუდით ბუზმიჰრი ქართლის სამეფო-საგვარეულოს წარჩინებული პირია.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

გ. მელიქიშვილი. ,,ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის'', საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. I, 1958.

ვ. გოილაძე, ,,ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია'' თბ. 1990.

ლ. ჯანაშია ,,აღმოსავლეთ საქართველო (ქართლი) IV-V ს.'', სინ. ტ. II. თბ. 1973.

 

უმეფობა (V ს. 10-იანი წლები)

ირანელებმა ქართლი საგამგებლოდ ალბანეთში მჯდომ ირანის მოხელეს დაუქვემდებარეს. ასეთი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა. სამი წლის შემდეგ, ქართლის აზნაურებმა, ისარგებლეს მომენტით, როდესაც ირანის შაჰი აღმოსავლეთით მტრებთან ბრძოლით იყო დაკავებული და ქართლში არჩილი გაამეფეს.

 

არჩილ* მირდატის ძე

ქართლის მეფე V ს. 20-30-იან წლებში – ჯუანშერის ,,ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა''-ს თანახმად. მემატიანე არჩილის მეფობის შესახებ ამბობს: ,,განაცხადა მტერობა სპარსთა, გამოაჩინა ჯუარნი და მოკაზმნა ეკლესიანი''. მან ცოლად შეირთო ბიზანტიის იმპერატორის, იობიანის (363-364), შთამომავალი – მარიამი.

,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს მიხედვით მის დროს ,,მოგუნი მოგობდეს ცეცხლსა მსახურებასა ზედა''.

(არჩილის მეფობის დათარიღება: ვახუშტი 410-434 წ. ვ. გოილაძე 402-426 წ. გ. მელიქიშვილი V ს. მე-2 ნახ. ა. ბოგვერაძე V ს. 20-30 წ.).

 

* არჩილი ,,ქართლის ცხოვრების'' ძველი ციკლის, ანასეულ, ჭალაშვილისეულ და მარიამისეულ ნუსხებში მირდატის ძმისწულად და თრდატის ძედ არის დასახელებული. მაგრამ ,,ქართლის ცხოვრების'' სხვა ნუსხებში, მაგ. რუმიანცევისეულ, თეიმურაზისეულ... ნუსხებში, აგრეთვე ,,ქართლის ცხოვრების'' სომხურ თარგმანში (X ს.) არჩილ მირდატის ძედ. სპეც. ლიტ. ამ უკანასკნელს იზიარებენ. ამდენად, ჩვენც არჩილი მირდატის ძედ წარმოვადგინეთ და გადავუხვიეთ ,,ქართლის ცხოვრების'' ყაუხჩიშვილისეულ გამოცემას.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

გ. მელიქიშვილი. ,,ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის'', საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. I, 1958.

ვ. გოილაძე, ,,ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია'' თბ. 1990.

ლ. ჯანაშია ,,ბრძოლა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ქართლში IV ს. მე-2 ნახ. და V ს. I ნახ.'', სინ, ტ. II. თბ. 1973.

ქსე. ტ. I.

 

მირდატ არჩილის ძე

ქართლის მეფე V ს. 30-50 წლებში – ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს და ჯუანშერის ,,ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა''-ს თანახმად. ჯუანშერის ცნობით მირდატი მამის სიცოცხლეში დაქორწინდა. ცოლად შეირთო რანის (მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ისტ. ალბანეთი) ირანელი მოხელის, ბარაზბოდის, ასული საგდუხტი. ქორწინების შემდეგ მირდატმა მამისაგან საუფლისწულოდ მიიღო ქ. სამშვილდე, მისი საერისთავო ქვეყნით. საგდუხტმა აქ სამშვილდის სიონი ააშენა. წყაროების მიხედვით ქართლში ისევ ირანელები ბატონობენ. მირდატი იყო ვახტანგ გორგასლის მამა.

(მირდატ არჩილის ძის მეფობის დათარიღება: ვახუშტი ბატონიშვილი 434-446 წ. გ. მელიქიშვილი V ს. შუა წლები, ვ. გოილაძე 426-438 წ.).

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

გ. მელიქიშვილი. ,,ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის'', საქ. მეც. აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. IV. ნაკ. I, 1958.

ვ. გოილაძე, ,,ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია'' თბ. 1990.

,,ქართლის ცხოვრება'' ყმაწვილთათვის, წგნ. II – ტექსტის ადაპტაცია, ბოლოთქმა და განმარტებები ეკუთვნის მ. სანაძეს, ნ. შოშიაშვილს. თბ. 1998.

 

ვახტანგ გორგასალი

ქართლის მეფე V ს. მე-2 ნახევარში – ვახტანგ მეფეზე ,,ქართლის ცხოვრებაში'' ცალკე თხზულება არის შესული ,,ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა'', რომლის ავტორია ჯუანშერი. ვახტანგ I იყო შესანიშნავი სარდალი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე. იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან, საქართველოს გაერთიანებისათვის, ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, შეუზღუდავი სამეფო ხელისუფლებისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური მოქმედება ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებს შორის, მათ ზურგს უმაგრებდა ირანი. პირველი იერიში მეფემ ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგივრად კათალიკოსობა დააწესა. ქართლის ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია. შექმნა ახალი საეპისკოპოსოები. სამეფო დომენში (კახეთ-კუხეთი, ჰერეთი) ხუთი ახალი ეპისკოპოსი დანიშნა. ამ აქციით ვახტანგმა ეკლესია უფრო მეტად სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა, მოუპოვა დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე და გაააქტიურა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვახტანგმა ხელთ იგდო კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ და დაუკავშირდა ჩრდ. კავკასიის ჰუნებს. ვახტანგ I-მა მოხერხებულად ისარგებლა ირანის გართულებული ვითარებით შუა აზიაში და 482 წელს დაიწყო აჯანყება. მან მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერ ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. თავდაპირველად წარმატება აჯანყებულთა მხარეს იყო, მაგრამ ვახტანგმა ვერ მიიღო დაპირებული დახმარება ჰუნებისაგან, არც ბიზანტია დაეხმარა. ამას დაერთო შინაურ მტერთა აშლილობა და 483-484 წლებში ირანელებთან შეტაკება ვახტანგის დამარცხებით დამთავრდა.

ვახტანგმა დიდი სამშენებლო საქმიანობა ჩაატარა. მის დროს აშენდა უჯარმა, ჭერემი, ხორნაბუჯი, არტანუჯი. მცხეთაში მირიან მეფის დროს აგებული სვეტიცხოვლის ადგილზე ააგო ქვის ტაძარი. გადაწყვიტა დედაქალაქის თბილისში გადმოტანა, დაიწყო მშენებლობა, მაგრამ ვერ მოასწრო. ჯუანშერის სიტყვებით ,, და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა და უმშვენიერეს სახითა და ძლიერ ძალითა'', შემდგომში საქართველოს სახელმწიფო დროშას ,,ვახტანგიანს'' და ,,გორგასლიანს'' უწოდებდნენ. ,,გორგასალი'' (სპარსულად ,,მგლისთავს'' ნიშნავს) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონდა გამოსახული.

ვახტანგი ბრძოლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. იგი დაუკრძალავთ მცხეთაში, მის მიერ აგებულ საკათალიკოსო ტაძარში. XI ს. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ახალი ტაძარი, რომელშიც ერთი საფლავი ახლაც ვახტანგ გორგასლისეულადაა მიჩნეული.

(ვახტანგ გორგასლის მეფობის დათარიღება: ვახუშტი 439-499, ს. გორგაძე 443-503, ივ. ჯავახიშვილი 442-502, კ. თუმანოვი 435-522, ვ. გოლიაძე 438-491 წ.)

ქართულმა ეკლესიამ დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი წმიდანად შერაცხა. ხსენების დღე 30.XI. (13.XII) დააწესეს.

 

ლიტ.: მ. ლორთქიფანიძე, ქართლი მე-V საუკუნის მეორე ნახევარში, თბ. 1979.

ს. კაკაბაძე, ვახტანგ გორგასალი და მისი ხანა, თბ. 1994.

ვ. გოილაძე ,,ვახტანგ გორგასალი და მისი ისტორიკოსი''. თბ. 1991.

ქსე ტ. 2.

 

დაჩი ვახტანგის ძე

ქართლის მეფე V-VI ს. მიჯნაზე – ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს და ჯუანშერის თანახმად. ვახტანგ გორგასალის ძე პირველი ცოლის, ირანელი ქალის, ბალანდუხტისაგან. იგი იზრდებოდა უჯარმაში და ცნობილია უჯარმელის სახელით. ჯუანშერის ცნობით, მან დაასრულა მამის დროს დაწყებული თბილისის ზღუდის მშენებლობა და ვახტანგის ანდერძის თანახმად სატახტო ქალაქი მცხეთიდან თბილისში გადაიტანა. მცხეთა დარჩა კათალიკოსთა სამყოფელ ქალაქად. ამ დროს აშენდა ანჩისხატის ეკლესია.

 

ლიტ.: ვ. გოილაძე ,,ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია'' თბ. 1990.

 

,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'' და ,,ქართლის ცხოვრება'' (ჯუანშერი) დაჩის შემდეგ ასახელებს ქართლის მეფეებს:

ბაკური, დაჩის ძე – მის შესახებ მემატიანემ არაფერი შემოგვინახა.

ფარსმანი, ბაკურის ძე – დამძიმდა ირანის ბატონობა.

ფარსმანი, ფარსმანის ძმისწული – იყო მორწმუნე და ,,ჰმატა ეკლესიათა შემკობა''. მან მონაწილეობა მიიღო ბიზანტიის მხარეს VI ს. ოცდაათიან წლებში ხასკუნთა წინააღმდეგ ლაშქრობაში. ამის შესახებ მოთხრობილია ,,შიომღვიმელის ცხოვრება''-ში. ბიზანტიისადმი გაწეული ამგვარი სამსახურის შემდეგ, ფარსმანი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც დიდი პატივით მიიღეს. ფარსმანმა ბიზანტიაში ყოფნისას მნიშვნელოვანი პრივილეგიები გამოითხოვა ქართული ეკლესიისათვის. ჯუანშერის მიხედვით ,,ამ დროიდან აღარ მოჰყავდათ კათალიკოსი საბერძნეთიდან, არამედ ქართველები... სხდებოდნენ კათალიკოსად''.

ბაკური, ფარსმანის ძე – მხოლოდ დასახელებულია.

აღნიშნული მეფეების მოღვაწეობა VI ს. 40-იან წლებამდე მოდის. ამ ცნობებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება (ვ. გოილაძე), რომ ქართლში მეფობა ირანელებმა 541 წლისათვის გააუქმეს. ქართული წყაროების სისწორის დასადასტურებლად განხილულია ბიზ. ავტორების იოანე მალალას (VI ს.) და თეოფანე ჟამთააღმწერლის (IX ს.) ცნობები.

სპეციალურ ლიტერატურაში უპირატესობას ანიჭებენ ბიზ. ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის (VI ს.) ცნობას, რომლის მიხედვითაც VI ს. I ნახ-ში ქართლში მეფობდა:

გურგენი* – რომელსაც ირანის შაჰმა კავადმა (488-531) ქართლში მაზდეანური რელიგიის გავრცელება მოსთხოვა. გურგენმა მოლაპარაკება გამართა ბიზ. იმპ. იუსტინე კეისართან. მისი დახმარების იმედით 523 წ. აჯანყდა, მაგრამ ბიზანტიელებმა ქართლს სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს. გურგენი ირანელებთან დამარცხდა და იძულებული გახდა ოჯახით ბიზანტიაში გადასახლებულიყო. ამით ქართლში მეფობა დასრულდა. მეფობის გაუქმების დამტკიცება მოხდა 532 წ. ირან-ბიზანტიის ,,საუკუნო ზავის'' შედეგად.

ქართლი, მეფობის გაუქმების შემდეგ გამოცხადდა ირანის ერთ-ერთი სამხედრო ადმინისტრაციული მხარის (კუსტაკის), კერძოდ, კავკასიის კუსტაკის შაჰრად (ოლქად). მას სათავეში მარზპანი (ოლქის მმართველი) ჩაუყენეს.

 

მეცნიერთა ის ნაწილი (ვ. გოილაძე, ნ. შოშიაშვილი, მ. სანაძე), რომლებიც ქართულ წყაროებს ანიჭებენ უპირატესობას, ფიქრობენ რომ გურგენი იყო ბიზანტიის მოსაზღვრე ქართლის სამეფოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სამი საერისთაოს მთავარი, მირდატ ვახტანგის ძის ჩამომავალი.

 

ლიტ.: ვ. გოილაძე, ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, 1990. თბ.

,,ქართლის ცხოვრება'' ყმაწვილთათვის, წგნ. II. ტექსტის ადაპტაცია, ბოლოთქმა და განმარტებები ეკუთვნის მ. სანაძეს, ნ. შოშიაშვილს. თბ. 1998.

ა. ბოგვერაძე, ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI-VIII საუკუნეებში, სინ, ტ.II. თბ.1993.

 

ქართლის ერისმთავრები

გურგენი (გუარამი)

ქართლის ერისმთავარი VI ს-ის 70/90 წ. – ქართული წყაროების ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს, ,,ქართლის ცხოვრების'' (ჯუანშერი, ,,მატიანე ქართლისა'', სუმბატ დავითის ძე) და ვახუშტის მიხედვით გუარამი. VI ს-ის ბიზანტიელი ავტორის თეოფანე ქრონოგრაფის ცნობით გურგენი. მის დროს სასანური ფულის მიბაძვით მოიჭრა მონეტები, რომლებზეც წარწერილია ,,გნ'' (ႢႬ), რაც ადასტურებს, რომ მისი სახელი არის გურგენი. სამეც. ლიტ. გურგენს გუარამთან აიგივებენ. მიაჩნიათ, რომ ,,გუარამი'' ,,გურგენის'' გვიანდელი სახეცვლილება შეიძლება იყოს. ჯუანშერის მიხედვით გუარამი ვახტანგ გორგასლის უმცროსი ძის, მირდატის დისწულია (ე.ი. ვახტანგის შვილიშვილი ქალის ხაზით).

ირანელების მიერ ქართლში მეფობის გაუქმება, როგორც სჩანს დიდხანს არ გაგრძელებულა. 571 წელა ამიერკავკასიაში დაიწყო აჯანყება ირანის წინააღმდეგ. ქართლში აჯანყებულებს სათავეში გურგენი ჩაუდგა. ქართველებმა დაამარცხეს ირანელი სარდალი გოლონ-მიჰრი და დახმარება ბიზანტიის კეისარს იუსტინე II-ს (565-578) სთხოვეს. ბიზანტიის ჩარევამ აჯანყებულთა მხარეს ბიზანტია-ირანის ახალი ომი (დაირღვა 562 წ. დადებული ბიზანტია-ირანის ზავი) გამოიწვია, რომელიც ოცი წელი გრძელდებოდა. 579 წელს ირანის ტახტზე ავიდა ჰორმიზდ IV, რომელიც იძულებული გახდა გურგენი ქართლის გამგებლად ეცნო. მართალია იმ ხანად ქართლი ირანის გავლენისაგან ვერ გათავისუფლდა, მაგრამ წარმოიშვა ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება, რაც ქართული ფეოდალური სახელმწიფოს არსებობაზე მიუთითებს.

სუმბატ დავითის ძე გუარამს (გურგენი) ბაგრატიონთა გვარის მამამთავრად თვლის.

(გუარამის ზეობის თარიღები: 575-600 წ., 545-586 წ., 571-590 წ. და სხვა).

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ა. ბოგვერაძე, ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფო VI-VIII ს. სინ., ტ. II. თბ. 1973.

გ. დუნდუა ,,ქართულ-სასანური მონეტების პრობლემა და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები'', მაცნე. ისტ. სერია, N 1, 1976.

,,ქართლის ცხოვრება'' ყმაწვილთათვის, წგნ. II, ტექსტის ადაპტაცია, ბოლოთქმა და განმარტებები ეკუთვნის მ. სანაძეს, ნ. შოშიაშვილს. თბ. 1998.

 

ჯუანშერი

ქართლის ერისმთავარი 590-591 წ. – უნიკალური ,,ქართულ-სასანური'' ვერცხლის მონეტის მიხედვით, სადაც დაქარაგმებულად გამოსახულია ,,ႿႳ'', რომელსაც გ. დუნდუა კითხულობს ჯონშერ/ჯუანშერი. არის მოსაზრება, რომ აღნიშნულ წლებში ერისმთავრად იჯდა ჯუანშერი (ეს სახელი საქართველოში უფრო გავრცელებულია). დასახელებული ერისმთავარი წერილობით წყაროებში არ მოიხსენიება. მონეტა მოჭრილია გურგენის მონეტის მიბაძვით.

 

ლიტ.: გ. დუნდუა ,,ქართულ-სასანური მონეტების პრობლემა და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები'', მაცნე. ისტ. სერია, N 3, 1976.

 

სტეფანოზ I

ქართლის ერისმთავარი მე-VI-VII ს. მიჯნაზე – ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით გუარამის (გურგენის) ძე. მოხსენიებულია ქართულ ნარატიულ ძეგლებში, არსებულ ერისმთავართა ყველა სიაში, ასურელ მამათა ცხოვრებაში, ეპიგრაფიკულ ძეგლებში, მის მიერ მოჭრილ მონეტათა ზედწერილებში.

სტეფანოზის ერისმთავრობის პერიოდში ქართლის საგარეო-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. 589 წ. ირანის შაჰი ჰორმიზდ IV მისმა სარდალმა ბაჰრამ ჩუბინმა ტახტიდან ჩამოაგდო. შაჰის მემკვიდრე ხოსრო II ფარვიზი 591 წელს ირანის ტახტზე ბიზანტიის კეისრის, მავრიკეს დახმარებით ავიდა. ამ დახმარების სანაცვლოდ მან ბიზანტიას სომხეთის დიდი ნაწილი და ქართლი დაუთმო. ქართლმა ფაქტობრივად დამოუკიდებლობა აღიდგინა, რადგან ბიზანტია მისგან მხოლოდ მოკავშირეობას ითხოვდა. ეს პოლიტიკური მდგომარეობა კარგად აისახა სტაფანოზის მიერ მოჭრილ მონეტებზე. მან პირველმა გამოსახა მაზდეანური ემბლემის, მოგიზგიზე ცეცხლის ნაცვლად კვარცხლბეგზე აღმართული ჯვარი და სრულად წააწერა ქართულად საკუთარი სახელი. სასანური ტიპის მონეტებზე ჯვრის მოთავსება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამით ქართლმა ფაქტიურად საქვეყნოდ განაცხადა თავისი ეროვნული პოზიციები. სტეფანოზ I-ის ვერცხლის ფული მოჭრილია ჯერ ჰორმიზდ IV-ის (579-590) მონატების, შემდეგ კი ხოსრო II-ის (591-628) ადრეული დრაქმების მიბაძვით.

სტეფანოზი გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე იყო. ააგო მცხეთის ჯვრის ერისმთავართა საგვარეულო ტაძარი, რომლის ფასადზეც გამოსახულია სტეფანოზის და მისი სახლის წევრების: ძმის – დემეტრეს, შვილის – ადარნესეს და შვილიშვილის – ქობულ-სტეფანოზის რელიეფური ქანდაკება. რელიეფის წარწერაზე სტეფანოზი წოდებულია ,,ქართლის პატრიკიოსად'' (ბიზანტიური ტიტული). მისი მმართველობის დროს ქართლი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ინტენსიურად მიმდინარეობდა თბილისის გაფართოება.

(სტეფანოზის მოღვაწეობის დათარიღება: ა. ბოგვერაძე 590/91 - 602/605 წ. ნ. შოშიაშვილი 591 - 602/603, გ. ჩუბინაშვილი 586/90 - 604/605 წ., გ. დუნდუა 593 - 602 წ.)

ქართლი* ბიზანტიის გავლენის ქვეშ დიდხანს არ დარჩენილა. 604 წელს ხოსრო II-მ ზავის (591 წ.) პირობები დაარღვია და ბიზანტიას დიდი ტერიტორიები წაართვა. მათ შორის ქართლი. ბიზანტიის ტახტზე 610 წ. ჰერაკლე კეისარი (610-641 წ.) ავიდა, რომელმაც წარმატებით დაიწყო ბრძოლა ირანის წინააღმდეგ. ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს და ,,ქართლის ცხოვრების'' მიხედვით ჰერაკლე კეისარმა, ხაზართა ხაკან ჯაბღუსთან ერთად (627-628 წ.) ალყა შემოარტყა თბილისს. ამ დროს ერისმთავრად იჯდა სტეფანოზ I. მეცნიერთა ის ნაწილი, რომელიც აღნიშნულ ცნობას იზიარებს (მ. ჩხარტიშვილი, ვ. გოილაძე) სტეფანოზის მოღვაწეობის პერიოდს VII ს. 30-იან წლებით ათარიღებს.

მეცნიერთა უმეტესობა ეყრდნობა ,,ეპისტოლეთა წიგნის'' ცნობას, რომლის მიხედვითაც, მონოფიზიტი სტეფანოზ I დიოფიზიტობის აქტიურმა დამცველმა კირიონ კათალიკოსმა გადააყენა და 604 წელს ერისმთავრად დასვა ადარნასე (იხ. საქ. ისტ. ნარკვევები. ტ. 2).

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ა. ბოგვერაძე, ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფო VI-VIII ს. სინ., ტ. II. თბ. 1973.

გ. დუნდუა ,,ქართულ-სასანური მონეტების პრობლემა და ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის საკითხები'', მაცნე. ისტ. სერია, N 3, 1976.

ვ. გოილაძე ,,აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო'', თბ. 1997.

 

ადარნასე

ქართლის ერისმთავარი VII ს. I ნახევარში – ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს და ,,ქართლის ცხოვრების'' გარდა მოხსენიებულია ,,ეპისტოლეთა წიგნში'', მცხეთის ჯვრის ტაძრის წარწერებზე, ვიპატოსის ბიზანტიური ტიტულით. ადარნასეს ერისმთავრობის ხანაში, 604 წელს ირანი აახლებს ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ, გადადის შეტევაზე და ართმევს მას ტერიტორიებს. მძიმდება ქართლის მდგომარეობაც. ეყრდნობა რა ქვემო ქართლის საპიტიახშოს, რომელიც ამ პერიოდშიც პროირანული ორიენტაციისაა, ირანი აქტიურად უტევს ქართლის სამეფოს. ადარნასე ირანს უპირისპირებს ბიზანტიური ორიენტაციის პოლიტიკას. როგორც სომეხი ისტორიკოსი მოვსეს კალანკატვაცი წერს, მას კეისრისაგან სამმაგი ბიზანტიური ტიტული ჰქონდა მიღებული. სარწმუნოებრივ სფეროში ერის სულიერი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ქართლმა ანტიირანული პოზიცია დაიჭირა. მან უარყო მონოფიზიტობა და დიოფიზიტურ მრწამსს დაადგა. დიოფიზიტობის ენერგიული მომხრეები იყვნენ ადარნასე ერისმთავარი და კირიონ ქართლის კათალიკოსი. 606-608 წლებში აღნიშნულ ნიადაგზე მოხდა სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილება. ამ ამბის ამსახველი წერილები შესულია ქართველ-სომეხთა კათალიკოსების მიმოწერაში ,,ეპისტოლეთა წიგნი''.

გამოდიოდა რა სომხეთი მონოფიზიტობის აპოლოგეტად, ირანის წინაშე თავს იდო ქართლში მონოფიზიტობის გავრცელება. რადგან ქართლის კათალიკოსისა და მმართველი წრეების დაყოლიება არ მოხერხდა, აბრამ სომეხთა კათალიკოსმა გამოსცა ,,საყოველთაო ეპისტოლე'', სადაც სომხებს ქართველებთან და ალბანელებთან, ვაჭრობის გარდა ყოველგვარი კავშირი აუკრძალა.

ადარნასე მცხეთის ჯვრის წარწერებში დასახელებულია სტეფანოზ I-ის ძედ. ამ ცნობას ადასტურებს სუმბატ დავითის ძე. ჯუანშერი კი ადარნასეს ბაკურ მეფის ძედ მიიჩნევს (ბაკური – ვახტანგ გორგასლის უფროსი ვაჟის, დაჩის შთამომავალი – კახეთის შტოს წარმომადგენელი), რომელიც ერისმთავრად გახდომამდე კახეთში ერისთავად იჯდა.

სამეცნიერო ლიტერატურაში მეცნიერთა ნაწილი ჯუანშერის ცნობას იზიარებს. ვფიქრობთ, უპირატესობა მცხეთის ჯვრის წარწერებს უნდა მიენიჭოს.

(ადარნასეს ზეობის წლები: ვახუშტი 619-639წ., გ. ჩუბინაშვილი 604-605 – 634-635 წ.)

614* წელს ირანმა კიდევ უფრო გაამკაცრა სარწმუნოებრივი პოლიტიკა და გააძლიერა შეტევა. ჯუანშერის ცნობაზე დაყრდნობით ა. ბოგვერაძეს და ზ. ალექსიძეს მიაჩნიათ, რომ ადარნასემ და კირიონ კათალიკოსმა იძულებით დატოვეს ქართლი და კახეთში გადავიდნენ. ადარნასემ ხელისუფლება ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის შემდეგ (627/28 წ.) ისევ დაიბრუნა. ამ შუალედში ქართლის ერისმთავრობა ვარსამუსემ მიიღო, რადგან თბილისის აღების აღწერისას თეოფანე ჟამთააღმწერელი იბერიის მთავრად სწორედ მას ასახელებს (მოსაზრება ვარსამუსეს ერისმთავრობის შესახებ ჯერ კიდევ ივ. ჯავახიშვილმა გამოთქვა).

ვარსამუსე გერმანელ აღმოსავლეთმცოდნეს ი. მარკვარტს ქვემო ქართლის პიტიახშად მიაჩნია. ამ აზრს იზიარებს ნ. შოშიაშვილი და თვლის, რომ ადარნასემ ერისმთავრობა შეინარჩუნა, ოღონდ შეუმცირდა იურისდიქცია, რომელიც თბილისის აღების შემდეგ ისევ აღიდგინა.

ვ. გოილაძისთვის ვარსამუსე ქართლის პიტიახშია, თუმცა 628 წელს მისი აზრით ერისმთავარი სტეფანოზ პირველია.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ა. ბოგვერაძე ,,ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფო VI-VIII ს'', სინ, ტ. II. თბ. 1973.

Г. Чубинашвили ,,Памятники типа Джвари'' Тб., 1948

ვ. გოილაძე ,,აბრეშუმის დიდი სავაჭრო გზა და საქართველო'', თბ. 1997.

 

სტეფანოზ II

ქართლის ერისმთავარი მე-VII ს. შუა წ. და მე-2 ნახევარში – ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ს და ,,ქართლის ცხოვრების'' მიხედვით ადარნასეს ძე. იგი მოხსენიებულია ჯვრის ქტიტორულ წარწერებში. ტაძარზე გამოსახულია მისი ორი რელიეფური ქანდაკება აღმოსავლეთის ფასადზე მამასთან, ადარნასესთან ერთად, ხოლო სამხრეთ ფასადზე ცალკე, სადაც 10-12 წლის ჭაბუკია.

ჯუანშერი სტეფანოზ II-ს ახასიათებს ენერგიულ და გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ. მემატიანეს სიტყვით იყო ,,განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა''. მან ააგო ჯვრის ტაძრის ზღუდე.

ჰერაკლე კეისრის ლაშქრობამ დასცა ირანის ძლიერება. ამდენად სტეფანოზ II დამოუკიდებელი მმართველი გახდა, კავშირი დაამყარა ბიზანტიასთან და მიიღო პატრიკიოსის ტიტული.

ქართული წყაროების მიხედვით სტეფანოზ II-ის დროს საქართველოში პირველად გამოჩნდნენ არაბები. ისინი აქ სომხეთში დამარცხებული ბიზ. სარდლის მავრიანოსის დევნამ მიიყვანა. სტეფანოზმა საღად შეაფასა შექმნილი ვითარება და არაბთა უზარმაზარი ძალის წინააღმდეგ ომის დაწყებას მოლაპარაკება არჩია. გადადგა დიპლომატიური ნაბიჯი და არაბთა სარდალს ჰაბიბ იბნ-მასლამას საჩუქრებით დატვირთული ელჩი გაუგზავნა. სარდალმა მირთმეული ძღვენი ერისმთავარს მომავალი ხარკის ანგარიშში ჩაუთვალა და ქართველებს შეუვალობის წიგნი უბოძა, რომელიც ,,დაცვის სიგელის'' სახელით არის ცნობილი.

(სტეფანოზ II-ის ზეობის წლები: ვახუშტი 639-663, გ. ჩუბინაშვილი – ერისმთავრად დაჯდა 634-635 წ., ვ. გუჩუა – მე-VII ს. მე-2 ნახ; გ. აბრამიშვილი 634-635 – 681-682 წ., ნ. შოშიაშვილი, მ. სანაძე მე-VII ს. შუა წლები).

ჯვრის ქტიტორთა წარწერების მიხედვით ქობულ-სტეფანოზი (იგივე სტეფანოზ II) ადარნასეს ძედ მიაჩნია გ. ჩუბინაშვილს, ხოლო ვ. ჯობაძე მას დაწინაურებულ სამხედრო პირად, სტრატეგოსად მიიჩნევს. ითვალისწინებს, რა ჯობაძის აზრს, ატენის სიონის წარწერას (იხ. სტეფანოზ III) ა. ბოგვერაძის აზრით სტეფანოზ II მურვან ყრუს თანამედროვეა, ე.ი. VIII ს. მოღვაწეა და არა ადარნასეს ძე. ხოლო თუ რომელი ერისმთავარი იჯდა ქართლში ჰაბიბ-იბნ მასლამას შემოსვლის დროს, მეცნიერი არ აზუსტებს.

მ. სანაძის აზრით, ჰერაკლე კეისრის ლაშქრობა ქართლში სტეფანოზ II-ის დროს მოხდა, შესაბამისად სტეფანოზ II-ის ერისმთავრობა VII ს. 20/30-იან წლებში გადააქვს. აღნიშნული ლაშქრობის დაკავშირება სტეფანოზ I-თან მას ანაქრონიზმად მიაჩნია.

 

ლიტ.: ა. ბოგვერაძე ,,ქართლის პოლიტიკური და სოციალური ეკონომიკური განვითარება IV-VIII საუკუნეებში'' თბ. 1978.

ვ. ჯობაძე ,,ოშკის ტაძარი'', თბ. 1991.

ვ. გუჩუა სტ. სტეფანოზ II, ქსე. ტ. 9.

მ. სანაძე, ქართლის სამეფო VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე, კრებ. მესხეთი, ახალციხე-2000.

 

* ,,ქართლის ცხოვრების'' (ჯუანშერი) მიხედვით ერისმთავრობა გადაეცა სტეფანოზ II-ის შვილებს მირსა და არჩილს, ხოლო ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'' სტეფანოზ II-ის შვილად გუარამს ასახელებს. აქედან გამომდინარე მეცნიერთა ერთი ნაწილი ერისმთავართა ქრონოლოგიურ რიგში სტეფანოზ II-ის შემდეგ მირსა და არჩილს ათავსებს. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც მირი და არჩილი არიან სტეფანოზ III-ის შვილები (იხ. სტ. სტეფანოზ III) სტეფანოზ III კი არის ნერსე ერისმთავრის ვაჟი. ნერსე საერისმთავრო ტახტზე ავიდა გუარამ სტეფანოზ II-ის ძის კლარჯეთში გაძევების შემდეგ (მ. სანაძე). ამდენად, მირისა და არჩილის ადგილი ერისმთავართა ქრონოლოგიურ რიგში დაუზუსტებელი რჩება.

 

მირი და არჩილი*

არაბთა შემოსევების გამო ძმები დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ და თავი შეაფარეს აფხაზთა ერისთავს ლეონს, კავშირი დაამყარეს ბიზ. იმპერატორთან, რომელმაც მათ სამეფო გვირგვინები გამოუგზავნა, (ბიზ. იმპერატორი მირსა და არჩილს არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეებად თვლიდა) ჯუანშერის ცნობით ისინი მეფეებად იწოდებიან. იმპერატორმა ლეონს მათი მორჩილება უბრძანა. მორიგი ლაშქრობის დროს არაბთა სარდალი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ბრძოლით აიღო და დაანგრია დედაქალი ციხე-გოჯი, გადალახა კლისურის კედელი, დაანგრია ქალაქი ცხუმი (სოხუმი) და მიადგა ანაკოფიის ციხეს, სადაც გამაგრებული იყვნენ მირი და არჩილი. ამ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მირი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. მისი უფლებები არჩილზე გადავიდა. მირის გარდაცვალების შემდეგ არჩილი ეგრისს განაგებდა, ხოლო შემდეგ დამკვიდრდა კახეთში (ამის გამო ზოგი მკვლევარი არჩილს მხოლოდ კახეთის გამგებლად მიიჩნევს) აქ მან თავის ტაძრეულებს მისცა მამულები და აზნაურობა უწყალობა. დაიწყო ეკლესიების და ციხე-ქალაქის მშენებლობა. არაბთა ერთ-ერთი დამსჯელი ლაშქრობის დროს არჩილი სიკვდილით დასაჯეს. ,,არჩილის წამება'' აღწერილი ლეონტი მროველის მიერ შევიდა ,,ქართლის ცხოვრებაში''. არჩილი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხსენების დღედ დააწესა 21 ივნისი (4.VII).

ჯუანშერის მიხედვით, არჩილმა მირის ანდერძის თანახმად ძმისწულები (მირის ქალიშვილები) მიათხოვა ერისთავებს და ამით დააკანონა მათი მემკვიდრეობითი უფლება საერისთავო ქვეყნებზე. მირის უფროსი ასული კი ლეონ აფხაზთა ერისთავზე დააქორწინა.

არჩილის მოღვაწეობის პერიოდზე მკვლევართა შორის თვალსაზრისი VII ს-ის ბოლოდან VIII საუკუნის ბოლომდე მერყეობს. ეს გამოწვეულია ,,ქართლის ცხოვრების'' მიხედვით არჩილის ცხოვრების სამნაირი დათარიღებით. 1. ჯუანშერი მისი თხზულების გვიანდელ რედაქტირებამდე მირსა და არჩილს VII ს. შუა წლების მოღვაწის სტეფანოზ II-ის შვილებად მიიჩნევს. 2. ჯუანშერის გვიანდელ რედაქტორს მირისა და არჩილის ცხოვრება გადააქვს მურვან ყრუს (735-738) შემოსევების პერიოდში. 3. ლეონტი მროველის ,,არჩილის წამებაში'' კი არჩილი მურვან ყრუს შემოსევებიდან 50 წლის შემდგომი ხანის (VIII ს. მიწურული) მოღვაწე სჩანს.

მეცნიერთა გარკვეულ ნაწილს (გ. აბრამიშვილი, დ. მუსხელიშვილი, მ. ჩხარტიშვილი) მიაჩნია, რომ ჯუანშერთან არაბთა შემოსევა ეხება არა მურვან იბნ მუჰამედს (მურვან ყრუ), არამედ მის მამას, მუჰამედ იბნ მურვანს, რომელიც კავკასიის მხარეს განაგებდა 716-717 წ. ამდენად, ანაკოფიის აღება მოხდა 716-718 წ. (და არა 735-738 წ.) აქედან გამომდინარე გ. აბრამიშვილის აზრით დასავლეთ საქართველოში 718-719 წლებამდე მეფობდა მირი, ხოლო არჩილი 719-745 წ. დ. მუსხელიშვილი არჩილის მოღვაწეობას 705-745 წ. ათარიღებს და იგი კახეთ-ჰერეთის მმართველად მიაჩნია და არა ქართლის ერისმთავრად.

 

ლიტ.: გ. აბრამიშვილი, ,,სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში'', თბ. 1977

დ. მუსხელიშვილი, ,,უჯარმა'', თბ. 1966.

ა. ბოგვერაძე, ,,ქართლის პოლიტიკური და სოციალური ეკონომიკიური განვითარება IV-VIII საუკუნეებში'', თბ. 1979.

ლაპიდარული წარწერები, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბ. 1980. (იხ. წინასიტყვაობა).

 

ნერსე

ქართლის ერისმთავარი – მოხსენიებულია სომეხ ისტორიკოსთან იოანე დრასხანაკერტელთან (X ს.) და გერმანელი მეცნიერის ი. მარკვარტის აზრით, VII ს. 70-იან წ. დასასრულს სოკრატეს ,,საეკლესიო ისტორიის'' სომხური თარგმანის წინასიტყვაობაში.

აღნიშნული ცნობების მიხედვით სამეცნიერო ლიტერატურაში მიაჩნიათ, რომ 686 წ. ნერსე ხელმძღვანელობდა ამიერკავკავკასიის ხალხების აჯანყებას არაბთა წინააღმდეგ. მან დაამარცხა და განდევნა სარდალ ბარაბას მეთაურობით სომხეთში მდგარი არაბთა ლაშქარი.

ქართლის ერისმთავრის ნერსეს იდენტიფიცირება ხდება ატენის სიონის წარწერაში სტეფანოზ მამფალის მამასთან ნერსესთან და სუმბატ დავითის ძესთან (ქართლის ცხოვრება) მოხსენიებულ სტეფანოზ II-ის შვილთაშვილთან ნერსესთან.

ერისმთავრები* არშუშა და ვარაზ-ბაკური დასახელებული არიან ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ''-ში. ამ ცნობას ადატურებს აბასთუმნის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერა. მ. სანაძის აზრით მათი ერისმთავრობა მოდის 687-700-711 წლებზე. ისინი ერისმთავრებად დასვა იუსტინიანე კეისარმა (685-695) და სხვა საგვარეულო (ფეროზიანთა) შტოს წარმოადგენენ.

 

ლიტ.: იხ. სტ. სტეფანოზ III.

 

სტეფანოზ III

ქართლის ერისმთავარი – იხსენიება ატენის სიონის წარწერაში, როგორც ,,კურთხეული მამფალი სტეფანოზ, ღმერთისა მიერ ქართველთა და მეგრელთა ერისთავთერისთავი უფალი'', რომელიც გარდაიცვალა 739 წელს. სტეფანოზ III-სთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტ. აზრთა სხვადასხვაობაა. გ. აბრამიშვილს მიაჩნია, რომ ნერსე და სტეფანოზ III, სტეფანოზ II-ის სახლის შვილები არ არიან. სტეფანოზ III ერისმთავარი იყო 711-730 წ. დამოუკიდებლად. ხოლო 730 წლიდან, როდესაც ქართლში არჩილი (სტეფანოზ II-ის ძე) გადავიდა იგი გარდაცვალებამდე (739 წ.), როგორც ერისმთავარი ემორჩილებოდა მას. მ. სანაძე თვლის, რომ სტეფანოზ III ერისმთავარია, ხოლო მისი შვილებია მირი და არჩილი. ნ. შოშიაშვილის აზრით, ატენის სიონის წარწერაში მოხსენებული სტეფანოზი ერისმთავარი არ არის, ხოლო წარწერა X საუკუნისაა. არჩილის მოღვაწეობის თარიღად იგი 668-718 წ. მიიჩნევს.

ა. ბოგვერაძე – ,,ქართლის ცხოვრების'' სტეფანოზ II-ეს აიგივებს ატენის სიონის წარწერაში მოხსენიებულ სტეფანოზთან, რადგან იგი სტეფანოზ II-ეს მოღვაწეობას მურვან-ყრუს ლაშქრობებს უკავშირებს. აქედან გამომდინარე არჩილის მოღვაწეობა მოდის VIII ს. 80-იან წლებამდე (ამ თარიღს იზიარებს კ. თუმანოვი, კ. კეკელიძე, მ. ლორთქიფანიძე, გ. მამულია).

 

ლიტ.: გ. აბრამიშვილი ,,სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში'', თბ. 1977.

დ. მუსხელიშვილი, ,,უჯარმა'', თბ. 1966.

ა. ბოგვერაძე, ,,ქართლის პოლიტიკური და სოციალური ეკონომიკური განვითარება IV-VIII საუკუნეებში'', თბ. 1979.

ლაპიდარული წარწერები, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბ. 1980 (იხ. წინასიტყვაობა).

,,ქართლის ცხოვრება'' ყმაწვილთათვის, წგნ. II. ტექსტის ადაპტაცია, ბოლოთქმა და განმარტებები ეკუთვნის მ. სანაძეს, ნ. შოშიაშვილს, 1998.

Тер-Гевоидяи А.И. ,, Армения и Арабский халифат'' Ереван. 1977.

მ. სანაძე, ქართლის სამეფო VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე, ჟ. ,,მესხეთი'' 2000 წ.

 

ჯუანშერი

ქართლის ერისმთავარი VIII ს. 50/60-იან წლებში – ,,ქართლის ცხოვრების'' (მატიანე ქართლისა) ცნობით, არჩილს ჰყავდა ორი ვაჟი და ოთხი ქალი. არჩილის წამების შემდეგ იოანე წავიდა ეგრისს და თან წაიყვანა დედა და ორი და. ჯუანშერი კი ორ დასთან ერთად აღმოსავლეთ საქართველოში დამკვიდრდა.

იოანე საბანისძის (VIII ს. ავტორი) მიხედვით ამ პერიოდში არაბებმა ქართლ-კახეთის მოსახლეობას ხარკი კიდევ უფრო დაუმძიმეს, რამაც ახალ აჯანყებებს მისცა ბიძგი. არაბები ქართველი ხალხის წინააღმდეგობას დაუნდობელი სისასტიკით პასუხობდნენ. მიუხედავად უკიდურესი გასაჭირისა არაბთა მფლობელობამ გამოუსწორებელი ზიანის მიყენება საქართველოსთვის მაინც ვერ შესძლო. ფეოდალური ქართლის საზოგადოებრივი ორგანიზმი მტკიცე აღმოჩნდა და განსაცდელს გაუძლო.

ჯუანშერის გამგებლობის დროს 764 წ. ხაზარებმა ამიერკავკასიაზე ილაშქრეს. ააოხრეს ალბანეთი, ქართლი და მცირე ხნით თბილისიც აიღეს. ,,ქართლის ცხოვრების'' (ჯუანშერი) მიხედვით ხაზართა ხაკანმა ჯარი გამოგზავნა კახეთზე გასალაშქრებლად. ერთ-ერთი ციხის აღების დროს ხაზართა სარდალმა ჯუანშერი თავის დასთან, შუშანთან ერთად ტყვედ ჩაიგდო და ხაზარეთის გზას გაუყენა. ხაკანმა ჯუანშერი სამი წლის შემდეგ ტყვეობიდან გაათავისუფლა და დიდძალი საჩუქრებით ქართლში გამოისტუმრა.

სამეცნიერო ლიტერატურაში მკვლევართა გარკვეულ ნაწილს ჯუანშერი ერისმთავრად არ მიაჩნია. დ. მუსხელიშვილის აზრით, რადგან ჯუანშერის რეზიდენცია თბილისი არ იყო, იგი ერისმთავრად არ შეიძლება ჩაითვალოს, მით უფრო, მისი მოღვაწეობის ხანაში და მომდევნო პერიოდში იოვანე საბანისძის მიხედვით ერისმთავრები არიან ადარნასე, ნერსე და სტეფანოზი.*

 

ლიტ.: დ. მუსხელიშვილი, ,,უჯარმა'', თბ. 1966.

ა. ბოგვერაძე ,,ქართლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება IV-VIII ს''. თბ. 1979 წ.

 

ადარნასე

ქართლის ერისმთავარი VIII ს. 70-იან წლებში – იოვანე საბანისძის ,,ჰაბოს წამებაში''-ში მოხსენიებულია ქართლის ერისმთავრად, რომელმაც სავარაუდოა, მოახერხა არაბებისაგან განდგომა, კავშირის დამყარება ბიზანტიასთან, რის გამოც მიიღო კურაპალატის ტიტული.

 

ლიტ.: ა. ბოგვერაძე, ,,ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფო VI-VIII ს.'', სინ, ტ. II, თბ. 1973.

 

ნერსე

ქართლის ერისმთავარი VIII ს. 70/80-იან წლებში – იოვანე საბანისძის ,,ჰაბოს წამების'' მიხედვით ადარნასეს ძე. იგი ანტიარაბული საქმიანობის გამო ხალიფა მანსურმა (754-775) 772-773 წ. ბაღდადში დაიბარა და საპყრობილეში ჩააგდო, სადაც სამი წელი დაჰყო. ნერსე ხალიფა მაჰდიმ (775-785 წ.) გაათავისუფლა და პატივით ქართლში გამოაგზავნა, მაგრამ ვერც ახალი ხალიფას ნდობა მოიპოვა. ,,კუალად იყო განრისხებაჲ ხელმწიფეთა მათთა სარკინოზთაჲ ნერსე ერისთავისა ზედა'' – წერს იოვანე საბანისძე. ნერსე იძულებული გახდა ოჯახით და სამასკაციანი ამალით ქართლიდან დარიალის გზით ხაზარეთში გადასულიყო. მას ალბათ არაბების მოსისხლე მტრებისგან სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ უშედეგოდ, იმედგაცრუებული ნერსე დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთი) ჩავიდა. აქ მან შეიტყო, რომ ქართლის ერისმთავრად არაბებმა მისი დისწული სტეფანოზი დაადგინეს. ნერსემ ამირას მოციქულები მიუგზავნა და ქართლში დაბრუნების ნებართვა და ხელშეუხებლობა ითხოვა. უფლებადაკარგული ნერსე არაბებისთვის საშიში აღარ იყო და როგორც კერძო პირი, ამალით ქართლში დაბრუნდა. ნერსეს თან ახლდა არაბი მსახური აბო, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. ამისათვის მას თბილისის ამირას ბრძანებით 786 წელს თავი მოჰკვეთეს.

 

ლიტ.: ა. ბოგვერაძე, ,,ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფო VI-VIII ს.'',სინ, ტ. II. თბ. 1973.

 

სტეფანოზ IV

ქართლის ერისმთავარი VIII ს. 80-იან წლებში – იოვანე საბანისძის ,,ჰაბოს წამებიდან'' ვიგებთ, რომ ნერსე ერისმთავრის გაქცევის შემდეგ არაბებმა ერისმთავრის ხელისუფლება მის დისწულს გადასცეს.

 

ლიტ.: ა. ბოგვერაძე, ,,ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფო VI-VIII ს.'',სინ, ტ. II. თბ. 1973.

 

აშოტი

ქართლის ერისმთავარი 786 წლიდან – ქართული წყაროების მიხედვით (,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'', ,,ქართლის ცხოვრება'') VIII ს. 90-იან წლებში ერისმთავრად იყო აშოტ ადარნასეს ძე.

ადარნასე ,,ქართლის ცხოვრების'' (ჯუანშერი, ,,მატიანე ქართლისა'') ცნობით, არ ეკუთვნოდა ქართლის ერისმთავართა სახლს, ის იყო ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რომელიც მურვან-ყრუს ლაშქრობის დროს დაემკვიდრა კლარჯეთს და ქართლის ერისმთავარს, არჩილს მისი სახელმწიფოს ,,მკვიდრობა'' სთხოვა. არჩილმა შეიწყნარა თხოვნა და მისცა საგამგებლოდ შულავერი და არტაანი. არჩილის ვაჟმა ჯუანშერმა ცოლად შეირთო ადარნასეს ქალი ლატავრი. ჯუანშერის დროს ადარნასეს გამგებლობაში მოექცა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს: კლარჯეთის, შავშეთის, აჭარის, ნიგალის, არტაანის და ტაოს მნიშვნელოვანი ნაწილი. ადარნასეს გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟი აშოტი, ქართლის გამგებელი გახდა.

ადარნასეს წარმომავლობაზე სხვა აზრისა არიან ,,მოქცევაჲ ქართლისაჲ'' და სუმბატ დავითის ძე. აღნიშნული წყაროები ადარნასეს ქართლის ერისმთავართა სახლის წარმომადგენლად მიიჩნევენ, ნერსე ერისმთავრის შვილად. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ამ ცნობას უჭერს მხარს, რადგან ადარნასე დოკუმენტურად დადასტურებულია ,,ჰაბოს წამებაში'', სადაც იგი კურაპალატის ტიტულს ატარებს, ისევე როგორც აშოტი. იოვანე საბანისძის ცნობით ადარნასეს შემდეგ ერისმთავარი გახდა ჯერ ადარნასეს უფროსი ვაჟი ნერსე, შემდეგ მისი დისწული სტეფანოზ გურგენის ძე. ,,მოქცევაჲ'' – კი ადარნასეს შვილებად ასახელებს აშოტის გარდა სტეფანოზს და გურგენს.

აშოტმა ისარგებლა სახალიფოს შესუსტებით და კავშირი დაამყარა ბიზანტიასთან. მიიღო კურაპალატის ტიტული. სათავეში ჩაუდგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და იძულებული გახდა გაქცეულიყო შავშეთ-კლარჯეთში, რომელიც პოლიტიკურად ბიზანტიას ექვემდებარებოდა. აქ მან საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოს.

აშოტ კურაპალატი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხსენების დღედ 29 იანვარი (11/II) დააწესა.

 

ლიტ.: ა. ბოგვერაძე, ,,ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფო VI-VIII ს.'',სინ, ტ. II. თბ. 1973.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-18
ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელისა (861); კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა, რომელთა შორის უნდა ვიგულისხმოთ: კათალიკოსნი - ნერსე, იშხნის პირველად აღმაშენებელი და ნეტარისა ილარიონი. მღვდელმთავარნი - ზაქარია, მაკარი და ეზრა ანჩელნი, საბა იშხნელი, სტეფანე მტბევარი; ღირსისა მამისა იოანე, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლული; ღირსნი მამანი - თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, ამბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველთმოქმედი; გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი); ხვედიოსი, ეპიფანე, მატოი, ზენონი, არსენი, იოვანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი; თეოდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანძთელნი), მიქელ პარეხელი და მოწაფენი მისნი - ბასილი და მარკელაოსი; დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი); ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელნი), ილარიონ პარეხელი, ილარიონი (უბის მამასახლისი); ღირსნი დედანი - თებრონია, თემესტია, ანასტასია; ღირსი ანატოლე (ანტინიოს) დაყუდებული (IX). მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახ. 344); წმ. პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ საკვირველთმოქმედთა. უბისობა.
gaq