| „რადამისტი და ზენობია“, ლ. საბატელი, 1803 | 51–53 წლებში სომხეთის მეფე რადამისტი იყო იბერთა მეფის, ფარსმანის ძე, რომლის შესახებ მასალები დაგვიტოვა ტაციტუსის „ანალების“ XII წიგნმა. რომაელი ისტორიკოსის სიტყვებით, რადამისტი გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით და კარგად იყო გათვითცნობიერებული ხელოვნებასა და მეცნიერებებში. მედიდური რადამისტი საჯაროდ აცხადებდა: მამაჩემი მოხუცდა და იბერიას შესაფერის მეთაურობას ვერ უწევსო და ტახტის გათავისუფლებას მოუთმენლად ელოდა. რადამისტის ამბიციებით შეშფოთებულმა მამამ, შვილის თავიდან მოსაშორებლად, ჩააგონა მას, წასულიყო და სომხეთი დაეპყრო. ამით ღვიძლი ძმა, მირდატი არ დაინდო, რომელიც მაშინ სომხეთს ედგა სათავეში. ფარსმანს იმედი ჰქონდა, რომ ამ გზით თავის სამფლობელოს გაიფართოვებდა – სომხეთს შემოუერთებდა იბერიას. რადამისტი წავიდა მირდატთან ვითომცდა იმიტომ, რომ მამასთან და დედინაცვალთან ვერ რიგდებოდა. მირდატმა სიხარულით მიიღო ძმისწული, რომელიც ამასობაში ფარულად მის წინააღმდეგ ამხედრებდა სომეხ დიდებულებს. როცა ნიადაგი მოამზადა აჯანყებისთვის, დაბრუნდა იბერიაში ახლა უკვე ვითომც მამასთან შესარიგებლად და ჯარის სათხოვრად. ფარსმანმაც მოუმიზეზა მირდატს, მე რომ ალბანელებს ვეომებოდი, რომაელების მოხმობა მინდოდა და შენ დამიშალეო – ამიტომ სომხეთს ომი გამოუცხადა. გაოცებულმა მირდატმა, ბუნებრივია, ომისთვის მზადება ვერ მოასწრო და თავი გარნის ციხეს შეაფარა. რადამისტმა და ქართულმა ჯარმა ციხე იერიშით ვერ აიღო და ალყა შემოარტყა. რადამისტმა რომაელების ერთი მოხელე მოისყიდა და მირდატს ურჩევდა, ზავზე დათანხმებულიყო: იბერნი ეხლა შენზე ძლიერნი არიან, მაგრამ მაინც მშვიდობიანობის ჩამოგდებაზე უარს არ ამბობენ; სომხები საზოგადოდ ვერაგი ხალხია, და, ამ ციხის გარდა, სხვა თავშესაფარი არც გაბადია, ომს ისევ შეთანხმება სჯობიაო. მეორე მოხელე, გარნის ციხის ჯარის ასისთავი კი იბერიაში წავიდა და ფარსმანს ძალას ატანდა, ქართველი ჯარი სომხეთიდან გამოეყვანა. მირდატი დათანხმდა რადამისტთან მოლაპარაკებას, რადგან ძმისწულმა შეჰფიცა, რომ ხელს არ ახლებდა, მაგრამ იმდენი სულმდაბლობა გამოიჩინა, რომ ვერაგულად დააჭერინა და ფეხებში ბორკილი გაუყარა. მეფის მკაცრი მმართველობით უკმაყოფილო ხალხი დატყვევებულ მირდატს შეურაცხყოფდა. მოვიდა ფარსმან მეფის საიდუმლო ბრძანებაც, რომ მირდატი მოეკლათ. რადამისტმა ეს ბოროტმოქმედება საჩქაროდ აასრულა. ამასობაში რომის კეისრის წარმომადგენლებმა ფარსმ
| ზენობიას პოულობენ არაქსის პირას, 1634, ნიკოლა პუსენი. | ანს მოციქულები მიუგზავნეს, შენი ჯარი და შვილი სომხეთიდან გამოიყვანეო. სპარსეთის მეფე ვალარშმაც დრო იხელთა, ახლა შეიძლება სომხეთში ჩემი ძმა გავამეფოო და თავისი ჯარით სომხეთს შეესია. ქართველებმა სომხეთი სპარსელებს უომრად დაანებეს და ქალაქები: არტაშატი და ტიგრანაკერტი პართელების ბატონობას დამორჩილდნენ. მაგრამ სპარსელები იქ დიდხანს არ დარჩენილან – შავმა ჭირმა იჩინა თავი, სურსათიც საკმარისი არ ჰქონდათ და ვალარში იძულებული იყო სომხეთიდან გამოსულიყო. გაიგო ეს თუ არა რადამისტმა, მაშინვე ისევ დაიპყრო სამეფო ტახტი. ის გულმოსული იყო ხალხზე და ისე ექცეოდა სომეხ ქვეშევრდომებს, თითქოს ყველანი მოღალატენი ყოფილიყვნენ. ასეთმა ქცევამ სომხები მოთმინებიდან გამოიყვანა და შეიარაღებული ხალხი გაშმაგებით სასახლეს გარს შემოერტყა. რადამისტი ფეხმძიმე მეუღლესთან, ზენობიასთან ერთად გამოიქცა. თუ ვერწმუნებით ტაციტს, ლტოლვილობით გათანგული ქალი თხოვდა ქმარს, აერიდებინა ის ტყვეობისათვის. რადამისტიც, თითქოს დაჰყვა ცოლის თხოვნას და, რათა სხვისთვის არ დაენებებინა მეუღლე, მახვილით განგმირა და არაქსში ისროლა. თუმცა მდინარეში იგი არ დაღუპულა – მწყემსებს გადაურჩენიათ. შემდგომში სომხეთისათვის ბრძოლა იბერებსა და პართელებს შორის ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა, რადამისტი კი საკუთარმა მამამ, ღალატის ბრალდებით, სიკვდილით დასაჯა. საგულისხმოა, რომ ტაციტის ამ სიუჟეტს ხელოვნების მრავალი ნაწარმოები მიეძღვნა: ჰენდელის ოპერა „რადამისტო“, მას გარდა: ბონონჩინის და ჰასეს ოპერები; ლუიჯი საბატელის სურათი „რადამისტი კლავს ზენობიას“, მას გარდა: პუსენის, ბუგროს, ბოდრის ფერწერული ტილოები; გრიბოედოვის დაუმთავრებელი პიესა „რადამისტი და ზენობია“. ზენობია შესახებ ზენობია — ქართველი პრინცესა, ქართლის მეფის ფარსმან I-ის ვაჟის რადამისტის მეუღლე (I საუკუნის 60-იანი წლები) და სომხეთის დედოფალი. რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის ცნობით, როდესაც სომხეთში გამეფებულ რადამისტს აუჯანყდნენ და იგი სამშობლოსაკენ გაიქცა, ფეხმძიმე ზენობიამ ვერ გაუძლო ცხენზე ჯდომას და სთხოვა რადამისტს მოეკლა იგი, რათა მტრებს ხელში არ ჩავარდნოდა. დიდი მუდარის შემდეგ რადამისტმა შეუსრულა თხოვნა, დაჭრა და მდინარე არაქსში გადააგდო, ცოცხალ-მკვდარი ზენობია მწყემსებმა იპოვეს, გადაარჩინეს და სომხეთში გამეფებულ ტირიდატეს მიჰგვარეს ქალაქ არტაქსატაში. |