საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ერთიანი საქართველოს მეფეები
საქართველოს სამეფო და თანამეგობრობის ქვეყნები XIII საუკუნის დასაწყისში. ავტორი: გაიოზ მამალაძე

ბაგრატ III

ერთიანი საქართველოს პირველი მეფე 975-1014 წლებში, მეფეთა-მეფის გურგენის და გურანდუხტ დედოფლის შვილი.

ფეოდალური საქართველოს გაერთიანება ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგია. იგი დაიწყო VIII ს. ბოლოს. ამ მოვლენის შესახებ მოგვითხრობს ეროვნული წყარო ,,მატიანე ქართლისა''. ქართველი მეფე-მთავრები იბრძვიან საკუთარი სამთავროების საზღვრების გაფართოებისათვის, პირველობისათვის. პირველობისათვის ბრძოლაში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება შიდა ქართლის დაუფლებას. შიდა ქართლი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია როგორც სტრატეგიულად, ასევე პოლიტიკურად. ქართული ქრისტიანობის ცენტრიც შიდა ქართლში – მცხეთაშია. ამავე დროს იგი წარმოადგენს ძველი ქართლის სამეფოს, სეფე-სახლის უმთავრეს დომენს. ქართლის მეფის თავდაპირველი ხელისუფლებაც ამ ქვეყნის მფლობელობის საფუძველზე უნდა იყოს აღმოცენებული. ქართლი ყველაზე დაწინაურებული მხარეა ეკონომიკურად და კულტურულად. ბრძოლა ტერიტორიისათვის ,,არგვეთიდან ტასის კარამდე'' დაუნდობელია, ეს არის ,,ბრძოლა ქართლსა ზედა''.

 

VIII ს. დასასრულს შიდა ქართლი კახეთს ეკუთვნის.  IX ს. დასაწყისში მას ქართველთა სამეფო (ტაო-კლარჯეთი) იერთებს,  IX ს-ის მე-2 ნახევრიდან  X ს-ის 70-იან წლებამდე იგი პერმანენტულად ეგრის-აფხაზეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მაგრამ X ს. 70-იანი წლებიდან აქ იწყება შინაფეოდალური ომები, რაც სამეფოს დასუსტებას იწვევს. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს (975-978) მეფობაში. ამით სარგებლობს კახეთის საქორეპისკოპოსო, და იწყებს ქართლისათვის ბრძოლას.

საჭირო ხდება გადამჭრელი ზომების მიღება. იწყება ბრძოლა ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნისათვის. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავეა ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე, თანამოაზრეებით. საქართველოს გაერთიანებით დაინტერესებულ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღებას იქცევს მცირეწლოვანი ბაგრატ III-ის პიროვნება. რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლება. ბაგრატი არის ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთა-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის მეფის უშვილო თეოდოსის დისწული, ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. როგორც მემატიანე წერს, იოანე მარუშისძემ ,,წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; აწჳა, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აღიღოს ქართლი: ანუ დაიმჭიროს თჳთ, ანუ უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი''. დავითმა მხარი დაუჭირა თავისი შვილობილის, ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით ქართლისაკენ გაემართა. კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელსაც უფლისციხისთვის (ქართლის პოლიტიკური ცენტრი) ალყა ჰქონდა შემორტყმული, დავითთან ბრძოლას მოერიდა და კახეთს გაბრუნდა. იოანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა, დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ქართლის დიდაზნაურთა გარკვეული ნაწილისათვის არსებული პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახეთიდან ლაშქარი დაიხმარეს, ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს. დავით III-ის ენერგიული ჩარევის შედეგად ტყვეები გაათავისუფლეს, ხოლო უფლისციხე და ქართლი საგამგებლოდ ბაგრატის დედას, გურანდუხტ დედოფალს გადაეცა. მოგვიანებით, ბაგრატი დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით, იოანე მარუშისძის ხელის შეწყობით და დავით ტაოელის დასტურით ქუთაისის ტახტს იკავებს, უსინათლო თეოდოსს კი დავით კურაპალატთან აგზავნის. 980 წლიდან სრულწლოვანი ბაგრატი დამოუკიდებლად იწყებს სამეფოს მართვას.

ქართული მიწების საბოლოო გაერთიანება, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრალიზაცია, მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, უკვე ქართული ფეოდალური მონარქიის ფარგლებში მიმდინარეობს, რაშიც უდიდესი წვლილი ბაგრატ III-ს მიუძღვის.

ბაგრატ III-ის უპირველესი მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა. ამ მიზნის განხორციელებისათვის ბრძოლაში ის ეყრდნობა გაერთიანებით დაინტერესებულ ძირითად მწარმოებელ ძალას, წვრილ და საშუალო აზნაურებს, ვაჭართა ფენას და დიდებულ აზნაურთა მოწინავე ნაწილს. ბაგრატს ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები, რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევთ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფეოდალთა მამულების შეუვალობის დარღვევა და მიტაცებული სახელმწიფო მიწების სამეფო განკარგულებაში დაბრუნება.

980 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოდის, რადგან აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება ნომინალურია, რეალურად კი მას ქართლის დიდი აზნაურები ტბელები, ძამელები, ფხვნელები, ფავნელები, კორინთლები განაგებენ. ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ქავთარ ტბელი უდგას, რომლის საგვარეულოც ამ დროს შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებს პრეტენზიას. მოღრისთან ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა, დედისაგან უფლისციხე ჩაიბარა, მდგომარეობა განიმტკიცა და ისევ აფხაზეთს გადავიდა. ასე დაამკვიდრა მან თავისი ძალაუფლება დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლზე.

დამოუკიდებლად არსებობს კახეთის საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამეფო, თბილისი და ქვემო ქართლის ნაწილი არაბ ამირას ემორჩილება, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელთა ხელშია. მის ერთ ნაწილს ჯერ ბაგრატ III-ის პაპა, ბაგრატ II ფლობს, შემდეგ კი ბაგრატის მამა გურგენი. მეორე ნაწილს კი ტაოს მეფე დავით III კურაპალატი. კლდეკარის საერისთავო დაუმორჩილებლობას აცხადებს.

989 წლის ზამთარს, ბაგრატი მოულოდნელად კლდეკარის ციხეს მიადგა. რატი რატის ძე ბაღვაში მეფეს დანებდა, გადასცა კლდეკარის საერისთავო (თრიალეთი, მანგლისის ხევი, სკვირეთი) შეავედრა შვილი და თვითონ ,,დაჯდა მამულსა თჳსსა არგვეთს''. დამარცხებული კლდეკარის პატრონის სამფლობელო მეფემ თავის ერთგულ ზვიად მარუშიანს გადასცა, როგორც მოხელე-ერისთავს.

1001 წელს, როდესაც დავით კურაპალატი გარდაიცვალა ტაო ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი კეისარმა (976-1025) დაიკავა. იქ მისულ ბაგრატ III-ეს და გურგენ მეფეს, მემკვიდრეობის მიღების სანაცვლოდ კეისარმა პირველს კურაპალატობა უბოძა, მეორეს კი მაგისტროსობა. ბაგრატ მეფეს იმედი გაუცრუვდა, რადგან იმიერ-ტაოს, ბასიანისა და სხვა მიწების შემოერთება ვერ მოხერხდა. ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლებამ მიტაცებული მიწა-წყლის ხარჯზე ე.წ. ,,იბერიის თემი'', საკატეპანო დააარსა და მმართველად თავისი მოხელე დანიშნა. შემდეგში ეს ტერიტორიები საქართველოსა და ბიზანტიას შორის სისხლისმღვრელი ბრძოლების მიზეზი გახდა.

1008 წელს, გურგენ მეფეთა-მეფის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატ III-ემ როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი (ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი. ბაგრატ III-ემ პირველმა მიიღო ,,აფხაზთა და ქართველთა'' მეფის ტიტული.

ამის შემდეგ ჯერი კახეთსა და ჰერეთზე მიდგა. თავდაპირველად ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს დავითს შეუთვალა დაეთმო მისთვის ქართლის ის ციხეები, რომელიც მიტაცებული ჰქონდა. დავითმა დაცინვით შემოუთვალა ,,უკუეთუ იძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ჰომი''. ბაგრატი მოკლე გზით ჯავახეთიდან კახეთს ჩავიდა, შემუსრა იგი, დაიპყრო ჰერეთი და იქ მთავარი აბულალი განაჩინა. ბაგრატის წასვლისთანავე ჰერეთი გადაუდგა ახალ პატრონს და დავით ქორეპისკოპოსს მიემხრო. ბაგრატი იძულებული გახდა კვლავ გაელაშქრა კახეთის დასაპყრობად. ამ დროისათვის აქ კვირიკე დავითის ძე მეფობდა. ბაგრატ III-ემ ისევ დაიკავა ჰერეთი, დაიჭირა დინარ დედოფალი და კახეთის ციხეების აღებას შეუდგა, ორი წლის განმავლობაში ყველა ციხე ხელთ იგდო, ხოლო ბოჭორმის ციხეში ,,წლითი წლამდისი'' მომწყვდეული კვირიკე იძულებული გახდა ბაგრატს დამორჩილებოდა. 1010 წელს ბაგრატმა კახეთ-ჰერეთის შემოერთება დაასრულა.

მეფობის ბოლო წლებში ბაგრატ III-ემ სომეხთა მეფე გაგიკ I-თან ერთად ილაშქრა საქართველოს მოსაზღვრე რანის (არანი) მფლობელ ფადლონის წინააღმდეგ, რომელიც დროგამოშვებით არბევდა კახეთ-ჰერეთს. ბაგრატმა აიძულა ფადლონი ყოველწლიური ხარკი ეხადა და საქართველოს მეფის მტრების წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობა ეკისრა.

საქართველოს გაერთიანების განსამტკიცებლად ბაგრატ III ზოგჯერ იძულებული ხდებოდა უკიდურესი ზომებისათვის მიემართა. მან თავისი ნათესავები, კლარჯეთის ბაგრატიონთა შთამომავლები, სუმბატი და გურგენი (ბაგრატ არტანუჯელის ძენი), რომლებიც ვერ დაიმორჩილა, ვითომ შერიგების მიზნით, სადარბაზოდ მოიწვია ფანასკერტში, შეიპყრო და თმოგვის ციხეში გამოკეტა, სადაც ისინი გარდაიცვალნენ. კლარჯეთის ბაგრატიონთა სხვა მემკვიდრეებიდან ნაწილი ბიზანტიაში გაიხიზნა, ნაწილი კი პატიმრობაში დაიხოცა. მათი სამფლობელოები ბაგრატმა შემოიერთა.

ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონმა, მისია, რომელიც დაეკისრა, პირნათლად შეასრულა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიას და სახელმწიფო ,,საქართველო''-ს. ბაგრატ III იწოდებოდა ,,მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა კურაპალატი''. ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო.

აი რას წერს მის შესახებ მემატიანე: ,,ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ჴელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თჳსნი და მისანდობელნი და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშჳდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა... რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა ქონებითა; ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათჳს''.

ბაგრატ III-ის მეფობაში აიგო ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლები: ბედიისა და ბაგრატის (ქუთაისი) ტაძრები, ნიკორწმინდა.

ბაგრატ III გარდაიცვალა 1014 წელს ტაოში, ფანასკერტის ციხეში, დაკრძალულია ბედიას.

 

ლიტ.: ვ. კოპალიანი ,,საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში'', თბ. 1969.

მ. ლორთქიფანიძე ,,ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება'' (IX-X სს.), თბ. 1963.

ივ. ჯავახიშვილი ,,ქართველი ერის ისტორია'' წგნ. II. თბ. 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

 

გიორგი I

ერთიანი საქართველოს მეფ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ე 1014-1027 წლებში – ბაგრატ III-ის ძე.

გიორგი I-ის გამეფების დროისათვის, გაერთიანებული და გაძლიერების გზაზე დამდგარი საქართველოს სამეფო კარის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია, კავკასიაში პოზიციების განმტკიცება და სრული სუვერენიტეტის მოპოვება საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მიზნის განხორციელებაში საქართველოს დიდად უშლის ხელს ბიზანტია, რომელსაც აღარ აკმაყოფილებს მის მიერ იმპერიის უპირატესობის ფორმალური აღიარება და რეალურად სურს ამ მდგომარეობის გამყარება. ბიზანტია თავისი მიზნისათვის საუკეთესოდ იყენებს დავით III კურაპალატის სამფლობელოებს, რომელიც 1001 წელს საქართველოს ჩამოაჭრა და აქ თავისი ადმინისტრაციული ერთეული ,,იბერიის თემი'' შექმნა. ამ ტერიტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ბიზანტიისათვის, რომელიც აქედან ავრცელებს თავის ექსპანსიას საქართველოსა და სომხეთზე (ამავე დროს ეს მხარე დიდი ეკონომიკური შემოსავლების წყაროა), ისე საქართველოსათვის, რათა თავისი პოლიტიკური მიზნები განახორციელოს. ამიტომ გიორგი I იწყებს შეუპოვარ ბრძოლას ბიზანტიის წინააღმდეგ, იმიერტაოს დასაბრუნებლად.

გიორგი I-ის ტახტზე ასვლისთანავე, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდაზნაურებმა ერთიან საქართველოს კახეთ-ჰერეთი ჩამოაშორეს და აქ ადგილობრივი მმართველობა აღადგინეს. სამეფო კარმა, როგორც ჩანს, ერთი მხრივ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებელ ერთეულად ფორმირებისათვის, მეორე მხრივ მეტად აღარ დაამძიმა შინაპოლიტიკური ვითარება. მომავლისათვის გადადო კახეთ-ჰერეთისათვის ბრძოლა, რათა ხელი არ შეშლოდა ბიზანტიის წინააღმდეგ ომის სამზადისში. ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმ დროს შექმნილი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებით. კერძოდ, იმპერიას აუჯანყდა ბულგარეთის სახელმწიფო და ბასილი II (976-1025) ოთხი წლის მანძილზე მასთან ომს აწარმოებდა.

გიორგი I 1014-1018 წლებში სამხრეთ ტაოში შეიჭრა და დაიკავა. 1019 წელს ბასილი II-ემ ბულგარელებთან ომი წარმატებით დაამთავრა და საქართველოს მეფეს სადავო ტერიტორიის დაცლა მოთხოვა. მეფემ იმპერატორის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა ბიზანტია-საქართველოს ომი 1021-1023 წ.

გიორგი I-მა ბუნებრივია კარგად იცოდა, რომ ქართველების მიერ სამხრეთ ტაოს დაკავებას ბიზანტიის იმპერატორი უპასუხოდ არ დატოვებდა. იგი თავიდანვე შეუდგა სამხედრო და დიპლომატიურ სამზადისს. მან გადაწყვიტა ფართო მასშტაბის ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნა. ამ მიზნით გიორგი I დაუკავშირდა სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს: ანისის მეფე იოვანე-სუმბატს, რომელმაც ტახტი გიორგის დახმარებით დაიკავა. კოალიციაში მონაწილეობას იღებდნენ ანისის სამეფოს ვასალი ვანანდი და ვასპურაკანის მეფე სენექერიმ არწრუნი, რომელსაც პირადი პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნდა ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოს მეფეს ეხმარებოდა კახეთ-ჰერეთი, რაც გიორგი I-ის დიპლომატიურ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. გიორგი I-მა კავშირი დაამყარა ეგვიპტესთან. ეგვიპტის ფატიმიდი ხალიფები დიდი ხანია, მეტოქეობას უწევდნენ ბიზანტიის იმპერიას და მნიშვნელოვნად ასუსტებდნენ კონსტანტინოპოლის პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს სამეფო კარი, როგორც ჩანს კარგად იყო ინფორმირებული წინა აზიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საგანგებო ელჩობა გაგზავნა კაიროში ხალიფა ალ-ჰაქიმთან, რომელსაც ერთობლივი საომარი ოპერაციების დაწყება შესთავაზა. სამწუხაროდ კოალიციის ჩამოყალიბება ბოლო მომენტში ჩაიშალა, გარდაიცვალა ალ-ჰაქიმი, რამაც ალბათ განაპირობა გიორგის წარუმატებლობა.

1021 წელს ბასილი II ურიცხვი ლაშქრით მოულოდნელად საქართველოში შემოიჭრა. მოწინააღმდეგენი ბასიანს დაბანაკდნენ. გიორგიმ ბრძოლას თავი აარიდა, ქ. ოლთისი გადაწვა და კოლას დადგა. ბასილი კვალდაკვალ გამოჰყვა მას და სოფელ შირიმნთან (ჩილდირის ტბის მახლობლად) შეება საქართველოს ,,უკანმავალ'' ლაშქარს. ქართველებმა შეუპოვარი ბრძოლით უკუაქციეს ბიზანტიელები, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და უკან დაიხიეს. ამ ბრძოლაში დაიღუპნენ ქართველი ,,ერისთავნი და დიდებულნი: რატი ძე ლიპარიტისი და ხურსი''. უკანდახეულ ქართველებს ბასილი დაედევნა. თან ირგვლივ ყველაფერს ანადგურებდა. ბიზანტიელებმა ,,ტყუე ყვეს და მოაოხრეს არტანი''... იმპერატორმა ,,ასწყჳიდა ქუეყანა ჯავახეთისა და გარდავიდა თრიალეთს,... თრიალეთით, უკუმოაირა ჯავახეთი და არტანი. და კუალად უბოროტესადრე შურის-გებით მოაოჴრნა ქუეყანანი იგი'' გიორგი I-ს ამ დროს კახეთ-ჰერეთის ლაშქარი მოეშველა და ბრძოლის განახლება გადაწყვიტა. ზამთრის მოახლოებისა და, როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქრის გაძლიერების გამო იმპერატორმა ბრძოლა აღარ გააგრძელა, სამხრეთით წავიდა და ტრაპიზონთან დაბანაკდა. დაიწყო საზავო მოლაპარაკება. გიორგი I მოლაპარაკებას აჭიანურებდა, რათა ხელსაყრელ მომენტში შეტევა დაეწყო. ამ დროს ბასილიმ მიიღო ცნობა, რომ მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს ქსიფემ და ნიკიფორე ფოკამ. მათთან, როგორც ჩანს, გიორგი I-ს კავშირი ჰქონდა. გიორგი I-მა აჯანყებით ისარგებლა და ისევ საომარ სამზადისს შეუდგა. იმპერატორმა აჯანყება მალევე ჩაახშო, დაასწრო საქართველოს მეფეს და დაამარცხა.

1023 წელს გიორგი I იძულებული გახდა ზავის მძიმე პირობებს დათანხმებოდა. იმიერტაო ისევ ბიზანტიას დარჩა. ტახტის მემკვიდრე ბაგრატი სამი წლით მძევლად გაიგზავნა კონსტანტინოპოლში.

გიორგი I ამ მდგომარეობას ვერ შეეგუა და რევანშისათვის ემზადებოდა. მან 1025 წელს ვასპურაკანის მმართველის ნიკიფორე კომნენოსის შეთქმულებაში, იმპერატორის წინააღმდეგ, მიიღო მონაწილეობა. შეთქმულება გამომჟღავნდა.

გიორგი მეფე იყო პირველი, ვინც შეეცადა საქართველოს ფართო საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

ქართული წყარო ,,მატიანე ქართლისა'' გიორგი I-ს შემდეგნაირად ახასიათებს: ,,სავსე ყოვლითა სიკეთითა, რომელ არავინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქუელითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა საჴელმწიფოთა'' იყო იგი ,,უშიში ყოვლითურთ ვითარცა უჴორცო''.

მეფე გიორგი I გარდაიცვალა თრიალეთს, დაკრძალულია ქუთაისს. მისი მეფობის დროს აშენდა მცხეთაში, სვეტიცხოვლის შესანიშნავი ტაძარი (პირველად ამ ადგილას აშენებული იქნა ხის ტაძარი მეფე მირიანის დროს, IV ს. 30-იან წ., შემდეგ კი ქვის ბაზილიკური ეკლესია მე-V ს. მე-2 ნახევარში ვახტანგ გორგასალის მეფობაში, რომელმაც XI საუკუნემდე იარსება).

 

ლიტ.: ვ. კოპალიანი ,,საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში'', თბ. 1969.

მ. ლორთქიფანიძე, ზ. პაპასკირი, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია XI საუკუნეში, ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ. 1998.

მ. ლორთქიფანიძე, მონარქიის საგარეო პოლიტიკა (X ს. დას. – XI ს. 60-იან წლებში), სინ, ტ. III. თბ. 1979.

ივ. ჯავახიშვილი ,,ქართველი ერის ისტორია'' წგნ. II. თბ. 1983 (თხზ. თორმეტ ტომად. ტ. 2).

 

ბაგრატ IV

ერთიანი საქართველოს მეფე 1027-1072 წლებში. გიორგი პირველისა და სომეხთა მეფის, სენექერიმ არწრუნის ასულის, მარიამის ძე. 1022-1025 წლებში იგი მძევლად იყო წაყვანილი კონსტანტინოპოლში. მცირეწლოვანი ბაგრატის გამეფებისთანავე ბიზანტიის იმპერატორმა საქართველოში ჯარი გამოგზავნა. ბიზანტიელთა შემოტევა შეჩერებულ იქნა ეპისკოპოს საბა მტბევარის მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობის შედეგად.

ამის შემდეგ ბიზანტიელებმა საქართველოში, თავისი ჯარით, გამოგზავნეს დემეტრე უფლისწული (გურგენ არტანუჯელის ძე), რომელიც ჯერ კიდევ ბაგრატ III-ის დროს იყო გაქცეული ბიზანტიაში.

1028 წელს კონსტანტინე კეისრის გარდაცვალებამ ქვეყანა ცოტა ხნით ამოასუნთქა.

საქართველო-ბიზანტიას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია მოხდა 1030-1031 წლებში კონსტანტინოპოლში დედოფალ მარიამის ელჩობის დროს. ახალმა იმპერატორმა (რომანოზ III) ბაგრატ მეფეს ,,მისცა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყვარულისა...'', თავისი ძმის ასული ელენე მიათხოვა და კურაპალატის პატივიც მიანიჭა. ელენე დედოფალი მალე გარდაიცვალა და მეფემ ცოლად ოსთა მეფის დორღოლელის და შეირთო. ოსთა მეფის სახით ბაგრატ IV-მ ძლიერი მოკავშირე შეიძინა.

1032 წელს ბიზანტიელებმა დაიწყეს ინტრიგები ბაგრატის ნახევარძმის დემეტრეს (გიორგი I-სა და ალდე ოსთა დედოფლის ძე) ასაჯანყებლად, მაგრამ დემეტრე უფლისწულის გამეფების ცდა მარცხით დამთავრდა. მან თავისი რეზიდენცია – ანაკოფიის ციხე ბერძნებს გადასცა და თვითონ კონსტანტინოპოლში გადასახლდა დედასთან ერთად.

1032 წელს ლიპარიტ ბაღვაშმა და ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა ჯაფარი და მეფეს მიგვარეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ლიპარიტის მოწინააღმდეგე დიდაზნაურთა მოთხოვნით, ახალგაზრდა მეფემ ტყვე გაათავისუფლა. 1038 წელს ბაგრატ IV-მ, ლიპარიტის რჩევით, კახთა მეფის ჯართან ერთად, თბილისს ალყა შემოარტყა. ორი წლის ალყის შემდეგ მეფემ, ლიპარიტის უკითხავად, მოულოდნელად ამირასთან ზავი დადო. სწორედ, ეს ფაქტი გახდა განხეთქილების საბაბი კლდეკარის ერისთავსა და ბაგრატ IV-ს შორის.

1045 წელს ანისის თავკაცებმა ქალაქი ბაგრატ მეფესა და მის დედას, სომეხთა მეფის ასულს გადასცეს, რაც მკვლევართა აზრით, იყო შედეგი ანტიბიზანტიური პოლიტიკისა. ანისის ამბებში ბაგრატ IV-ის ჩარევამ კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა საქართველო-ბიზანტიას შორის.

1046 წელს ბაგრატ მეფემ ალყა შემოარტყა ანაკოფიის ციხეს, მაგრამ სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ტბილისის ამირა და ქალაქის წარმომადგენლებმა მეფეს თბილისის ჩაბარება შესთავაზეს. ბაგრატ IV-მ ანაკოფიის ციხესთან ლაშქრის ნაწილი დატოვა, თვითონ კი, თბილისისაკენ გამოეშურა და დედაქალაქი ჩაიბარა. მეფეს წინააღმდეგობა მხოლოდ ისნის ციხეში გამაგრებულებმა გაუწიეს. ამ დროს ლიპარიტის დახმარებით ანისს ბიზანტიელები დაეუფლნენ. ბაგრატ მეფემ ვერც თბილისის შენარჩუნება შეძლო.

1046-1047 წწ. ბაგრატ IV-სა და კლდეკარის ერისთავს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელშიაც ბიზანტიელთა წყალობით, ლიპარიტმა წარმატებას მიაღწია და ბაგრატ მეფე იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო.

1048 წელს, როდესაც ლიპარიტი თურქ-სელჩუკებს ჩაუვარდა ტყვედ, ბაგრატმა სცადა ბიზანტიასთან ურთიერთობის მოგვარება და დაეხმარა მათ თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბაგრატ VI-ის გაძლიერების გამო თბილელმა ბერებმა ქალაქი კვლავ მეფეს გადასცეს.

1051 წელს ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ლიპარიტმა, ბიზანტიელთა ლაშქრის დახმარებით, კვლავ განაახლა ბრძოლა მეფის წინააღმდეგ და მას თ

ბილისი დაატოვებინა.

1054 წელს ლიპარიტთან ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით, ბაგრატ მეფე ბიზანტიაში გაემგზავრა, წასვლამდე კი თავისი ძე მეფედ აკურთხა და ქუთაისში დატოვა. ლიპარიტმა ისარგებლა მეფის საქართველოში არ ყოფნით და ბაგრატის მცირეწლოვანი შვილი გიორგი ხელმეორედ აკურთხა მეფედ, თავისი თავი კი მის მზრუნველად გამოაცხადა.

ბიზანტიის საიმპერატორო კარის თაოსნობით, მეფესა და ლიპარიტს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, ეს უკანასკნელი ცნობდა ბაგრატ IV-ეს მეფობას მთელ საქართველოში, ლიპარიტი კი, სამხრეთ საქართველოს (მესხეთის) მთავრად იქნა აღიარებული. ბიზანტიის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს, კერძოდ კი ბაგრატ IV-ის მიმართ, მკვლევართა აზრით, გამოწვეული უნდა ყოფილიყო სელჩუკთა გააქტიურების გამო. ამ შემთხვევაში ბიზანტიას მოკავშირედ ძლიერი და ერთიანი საქართველო სჭირდებოდა.

გათამამებული ლიპარიტის ქცევით უკმაყოფილო დიდგვარიანმა აზნაურებმა (სულა კალმახელის მეთაურობით) იგი შეიპყრეს და მეფეს გადასცეს. ლიპარიტ ბაღვაში იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო (იგი გააძევეს) და ათონის ქართველთა მონასტერში (ანტონის სახელით) ბერად აღკვეცილიყო.

ლიპარიტ ბაღვაშის ჩამოშორების შემდეგ ბაგრატ IV თავისი ხელისუფლების განმტკიცებას შეუდგა. 1060 წელს მეფემ კახეთზე ილაშქრა.

1062 წელს ბაგრატ IV-მ კვლავ შეძლო თბილისის დაკავება. მან ქალაქი აღსართან გაგიკის ძისაგან ,,დიდი თანხის ფასად'' იყიდა.

1064 წელს საქართველოს შემოესიენ თურქ-სელჩუკები ალფ-არსლან სულთანის მეთაურობით. მან სამხრეთ საქართველოს ზოგიერთი ოლქი დაარბია და ახალქალაქის აღება მოახერხა. ბაგრატ IV მტერს დაეზავა და თავისი დისწული სულთანს მიათხოვა. ამავე დროს ბაგრატის ასული მართა (მარიამი) იმპერატორზე გათხოვდა და ამ მხრივაც ბიზანტიასთან ურთიერთობა გაუმჯობესდა.

1068 წელს ბაგრატმა კვლავ სცადა კახეთის შემოერთება, მაგრამ სელჩუკთა შემოსევის გამო (კახთა ბატონი მტერს მიემხრო), მეფე იძულებული გახდა უკან დაეხია.

1068 წელს თურქ-სელჩუკები მეორეჯერ შემოესიენ საქართველოს. მათ ჯერ ქართლი ააოხრეს, შემდეგ კი არგვეთიც. მხოლოდ ზამთრის სიცივის გამო მტერი იძულებული გახდა საქართველოს გასცლოდა, მაგრამ წასვლის წინ სულთანმა თბილისი და რუსთავი განძის პატრონს ფადლონს უწყალობა. ბაგრატ IV-მ გაილაშქრა ფადლონის წინააღმდეგ, დაამარცხა იგი და ქალაქი გადასცა ამირათა შთამომავალს ყოველწლიური ხარკის გადახდის პირობით. ამრიგად, თბილისის საამირო საქართველოს მეფის ვასალი გახდა. სულთნის შუამდგომლობით ტყვეობიდან გათავისუფლებული ფადლონი კვლავ შემოესია საქართველოს. ამის საპასუხოდ ბაგრატ IV-მ განძა ააოხრა, რითაც მხოლოდ ფადლონის პრობლემა კი არ გადაჭრა, არამედ დაამტკიცა კიდევაც საქართველოს სახელმწიფოს პრეტენზია ჰეგემონობაზე საერთო კავკასიური მასშტაბით.

ბაგრატ IV-მ თავისი მეფობის პერიოდში შეძლო დიდგვარიან ფეოდალთა წინააღმდეგობის დაძლევა. ლიპარიტ ბაღვაშის ხანგრძლივი ბრძოლა მეფის წინააღმდეგ სამეფო ხელისუფლების გამარჯვებით დამთავრდა.

ბაგრატ IV-მ შეძლო საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა. მან ,,არა დაიდვა... ხარაჯა, არემედ ავლენდა... მოციქულთა და უკრებდა იგიცა ძღუენსა''. მან დიპლომატიური სვლებით დააღწია თავი სელჩუკთა დიქტატს.

ბაგრატ მეფე 1072 წელს გარდაიცვალა. იგი ჭყონდიდშია დაკრძალული.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II. თბ. 1966.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ. 1973.

მ. ლორთქიფანიძე, საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე, სინ. ტ. III, თბ. 1979.

ნ. შენგელია, სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968.

 

გიორგი II

ერთიანი საქართველოს მეფე 1072-1089 წლებში. ბაგრატ IV-ის ძე. 1073 წელს გიორგი მეფეს განუდგნენ დიდგვარიანი ფეოდალები. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა და სახელმწიფო საჭურჭლე ჩაიგდო ხელში. ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდან სვანთა ერისთავმა სვანები ააჯანყა და საეგრო დაარბია. გიორგი II-მ ურჩი ფეოდალები დაამარცხა, მაგრამ დასჯის მაგივრად ისინი ,,წყალობით დაფარა''. ამის შემდეგ ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გიორგი მეფემ იგი მეორეჯერაც დაამარცხა და მასთან შეთანხმება არჩია. ურჩმა ფეოდალმა მეფის მეციხოვნეებს გაგის ციხე გამოსტყუა და საქართველოს მტერს, განძის ამირა ფადლონს ჩააბარა. მაგრამ მეფემ ვერც ამჯერად გაბედა ივანე ლიპარიტის ძის დასჯა.

1074 წელს საქართველოს შემოესია სულთანი მალიქ შაჰი. მან სამშვილდე აიღო, ეს მხარე ააოხრა და უკან დაბრუნდა.

ამავე ხანებში გიორგი II-მ აღსართან კახთა მეფის დახმარებით, ფარცხისთან ბრძოლაში დაამარცხა მალიქ შაჰის მიერ განძის გამგებლად დანიშნული სარანგი.

ამის შემდეგ გიორგი მეფემ ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით და დაიბრუნა ანაკოფია, ,,მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა და არტაანისა''. აგრეთვე კარის ციხე-ქალაქი, რის გამოც მალიქ შაჰმა დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა საქართველოში ამირა აჰმადის მეთაურობით. სელჩუკებმა აიღეს ციხე-ქალაქი კარი, თავს დაესხნენ ყველისციხეში მყოფ გიორგი II-ეს და დაამარცხეს იგი. დამარცხებული მეფე იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო, რის შემდეგაც თურქ-სელჩუკებმა გაააქტიურეს თარეში საქართველოში. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა მათი აქ დასახლების გამო (მტერი სახლდებოდა დაპყრობილ მიწა-წყალზე).

XI საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო ე.წ. ,,დიდი თურქობა''. შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, დარბაზთან მოთათბირების შემდეგ, მეფე გიორგიმ გადაწყვიტა ,,წასვლა მაღალსა სულტანსა მალიქშას წინაშე'', რათა ეთხოვა, მისთვის ხარკის გადახდის პირობით, საქართველოდან მომთაბარე ურდოების გაყვანა. მალიქ შაჰი თითქოს დათანხმდა მეფის ამ წინადადებას, მაგრამ მომთაბარეთა გაყვანის მაგიერ მან გიორგი მეფეს კახეთ-ჰერეთი ,,უწყალობა'' და მის შემოსაერთებლად ლაშქარი გამოაყოლა. ვეჯინის ციხის უშედეგო ალყის შემდეგ გიორგი II დასავლეთ საქართველოში გადავიდა. როგორც ჩანს, მას არ სურდა მონაწილეობა მიეღო კახეთ-ჰერეთის აღებაში და თავისი ლაშქრით ხელი შეეწყო სელჩუკებისათვის. ამიტომაც საფიქრებელია, რომ გიორგი მეფემ გაცლა ამჯობინა.

ქვეყნის ისედაც რთულ მდგომარეობას ზედ დაერთო მიწისძვრა, რომელიც თითქმის მთელ წელიწადს გრძელდებოდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა.

ასეთ პირობებში 1089 წელს გიორგი II-მ ,,დაადგა გჳრგჳნი მეფობისა'' თავის თექვსმეტი წლის ვაჟს დავითს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს იყო შედეგი სამეფო კარზე მომხდარი პოლიტიკური გადატრიალებისა.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ,,ქართველი ერის ისტორია'', ტ. II. თბ. 1966.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ. 1973.

მ. ლორთქიფანიძე, საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს. 80-იანი წლებიდან XI ს. 80-იან წლებამდე, სინ. ტ. III, თბ. 1979.

ნ. შენგელია, სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968.

 

დავით IV აღმაშენებელი

ერთიანი საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში. გიორგი II-ის ძე. დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში, დავით აღმაშენებლის სახელმწიფო მოღვაწეობის პერიოდი ქართველი ხალხის გამორჩეული ღირსახსოვარი ეპოქაა.

XI ს-ის მეორე ნახევარში საქართველოში შემოიჭრნენ თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები. ისინი, ჯერ კიდევ ბაგრატ IV-ის მეფობაში თავს დაესხნენ ჩვენს ქვეყანას და დიდი ზიანი მიაყენეს მას. ბაგრატ IV-ემ დროებით მოახერხა ამ უზარმაზარი სამხედრო ძალის მოგერიება და შეჩერება, მაგრამ მისი შვილის გიორგი II-ის დროს მდგომარეობა ძალიან გართულდა.  XI ს-ის 80-იანი წლებიდან იწყება თურქ-სელჩუკთა მომთაბარეების ინტენსიური თავდასხმები საქართველოზე – ,,დიდი თურქობა'', გიორგი II-მ თურქებისადმი ხარკის გადახდა იკისრა. მან ვერ მოახერხა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებული მწვავე პრობლემების მოგვარება. იგი იძულებული გახდა გადამდგარიყო და თავისი შვილის თექვსმეტი წლის დავითისათვის გადაეცა სამეფო ტახტი. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასე აგვიწერს ვითარებას: ,,ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ მოდგმმან დავით, ღმრთისა მამისამან და თჳთ სამეოცდამეთვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან დავით...

... მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სამას და ცხრა, ამას მარტივად შობილსა გიორგის-მან თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისა''.

დავით IV აღმაშენებელს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო. ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ-სელჩუკთა მომთაბარე ტომები ესახლებოდნენ დაპყრობილ მიწებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ. ქვეყანაში არც ქართველთა შორის იყო სიმშვიდე და თანხმობა. დიდგვარიანი ფეოდალები ღალატობდნენ მეფეს და მტერთან მოლაპარაკება – დაზავებას ამჯობინებდნენ. საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.

პირველ რიგში მეფის ამოცანას მომთაბარე – სელჩუკებისაგან ქვეყნის გაწმენდა და გახიზნული მოსახლეობის საკუთარ მამულზე დაბრუნება წარმოადგენდა. დავითმა გამეფებისთანავე იწყო კარგად ორგანიზებული სამხედრო რაზმების ჩამოყალიბება. მათი საშუალებით მეფე თავს ესხმოდა ბარში ჩამოსახლებულ მტრებს და ქვეყნის საზღვრებიდან ერეკებოდა.

პარალელურად სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა დავითმა მოღალატე ფეოდალებს, მან შეიპყრო კლდეკარის ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში და ციხეში დაამწყვდია. ლიპარიტმა მოინანია თავისი საქციელი და მეფემ იგი გაათავისუფლა, მაგრამ როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს: ,,რამეთუ კუდი ძაღლისა არ განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს''-ო, ისე ლიპარიტის გამოსწორება არ იქნებოდა. ამიტომ ხელმეორედ ურჩობა მეფემ მას არ აპატია და ბიზანტიაში გააძევა, ხოლო ლიპარიტის შვილის რატის გარდაცვალების შემდეგ კლდეკარის საერისთავო გააუქმა და სამეფოდ აღრიცხა. ,,ესრეთ დასრულდა სახლი ბაღვივაშთა, სახლი განმამწარებელთა... და მამული მათი აღიღო მეფემან'', – დასძენს ისტორიკოსი. ასევე სასტიკად გაუსწორდა მეფე სხვა მოღალატე ფეოდალებს, მუხრანისა და ზედაზნის მფლობელ ერისთავებს, – ძაგანსა და მის ძმა მოდისტოსს.

XI ს-ის ბოლოს ევროპაში დ

აიწყო დიდი მოძრაობა მაჰმადიანთაგან ,,უფლის საფლავის'' განთავისუფლებისათვის. ევროპელმა ჯვაროსნებმა დიდი დარტყმები მიაყენეს თურქ-სელჩუკებს. ამ დროს თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო დასუსტდა, რითაც კარგად ისარგებლა დავით აღმაშენებელმა და 1099 წელს ხარკი შეუწყვიტა სელჩუკთა სულთანს: ,,და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს''. ამით ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ამის შემდეგ მეფე ინტენსიურად შეუდგა ქართული მიწა-წყლის გაერთიანებისათვის ბრძოლას. სხვა კუთხეებთან ერთად საქართველოს გარეთ იყო კახეთ-ჰერეთი და თბილისის საამირო..

1103 წელს დავითმა ზედაზნის ციხე აიღო. 1104 წელს მეფის ერთგულმა კახეთ-ჰერეთის ფეოდალებმა ქავთარმა და მისმა დისწულებმა – ბარამმა და არიშიანმა კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანი შეიპყრეს და დავითს მიჰგვარეს. მეფემ კახეთ-ჰერეთი სრულად შემოიერთა. ამის საპასუხოდ, განძის ათაბაგმა, რომელიც კახეთ-ჰერეთისგან ხარკს ღებულობდა, დიდძალი ჯარი გამოაგზავნა ქართველთა წინააღმდეგ. 1104 წელს ერწუხთან (დღ. საინგილოს მხარე) მოხდა სასტიკი ბრძოლა, სადაც დავითმა იშვიათი სიმამაცე გამოავლინა. ისტორიკოსი ამ ამბავს ასე აგვიღწერს: ,,ერწუხს ქმნნა წყობანი დიდნი და ჴმა-გასმენილი იგი დიდი ძლევა, რომელ მცირედითა ლაშქრითა და განწირულითა ერითა დაჴოცნა სულტანისა იგი ურიცხუნი სპანი... ხოლო თჳთ მეფე არა თუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ოდენ სპათა თჳსთა... არამედ უპირატეს ყოველთასა თჳთ წინა უვიდოდა და ვითა ლომი შეუზახებდა ჴმითა მაღლითა... და მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესაღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი''... ქართველებმა ამ ომში დიდი გამარჯვება მოიპოვეს.

თურქ-სელჩუკებთან ომების პარალელურად დავით აღმაშენებელი სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისათვის დიდმნიშვნელოვან რეფორმებს ატარებდა.

ერთ-ერთი ასეთი დიდი ღონისძიება მან ეკლესიაში მოკალათებული უღირსი პირების მიმართ გაატარა, მეფემ 1104 წელს მოიწვია საეკლესიო კრება რუის-ურბნისში, სადაც დიდი პაექრობა გაიმართა მეფის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მეფის მომხრეებმა გაიმარჯვეს: ,,უღირსად გამოჩინებულნი განკუეთნეს და შეაჩუენნეს'' და მათ ნაცვლად ღირსეულნი, ,,ჭეშმარიტნი მწყემსნი დაადგინეს''.

სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში, განსაკუთრებით დიდმნიშვნელოვანი იყო დავითის მიერ მწიგნობართუხუცესის და ჭყონდიდელის თანამდებობების გაერთიანება. ამ თანამდებობაზე მეფემ დანიშნა მისი ერთგული პირი და აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. მას ჩააბარა მეფემ ასევე უმაღლესი სააპელაციო სასამართლო ,,სააჯო კარი'', სადაც განიხილებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მომჩივანთა საჩივარი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ცენტრალური მმართველობის ყველა უწყებაზე მიუწვდებოდა ხელი. იგი იყო მეფის შემდეგ მეორე პირი ქვეყანაში – სახელმწიფო კანცლერი.

მეფემ ასევე შექმნა ძლიერი სახელმწიფო სადაზვერვო დაწესებულება. მისი საშუალებით დავითი კარგად იყო ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ასევე – ქვეყნის შიგნით მეფის მოწინააღმდეგე ბანაკში, აღნიშნული ღონისძიებებებით თუ რეფორმებით ძლიერ განმტკიცდა საქართველოს მეფის პოლიტიკური ხელისუფლება.

ერთდროულად დავით აღმაშენებელი კვლავ აწარმოებდა განუწყვეტელ ბრძოლებს თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ. იგი თავისი მცირერიცხოვანი და კარგად ორგანიზებული რაზმებით ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მტერს. სელჩუკები იმდენად იყვნენ შეშინებულნი, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მათ ხელში მყოფი ციხეებიდან გარეთ გამოსვლისაც კი ეშინოდათ.

XII ს. 10-იანი წლებიდან საქართველოს საბოლოო პოლიტიკური გაერთიანებისათვის დაიწყო დავით აღმაშენებლის სამხედრო გამარჯვებათა სვლის პერიოდი.

1110 წელს ქართველებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – აიღეს სამშვილდის ციხე, რომელსაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ მარცხისთანავე სელჩუკებმა მახლობელ სხვა ციხეებსაც თავი ანებეს და გაიქცნენ.

1115 წელს აიღეს რუსთავი, 1116 წელს დავითმა თურქ-სელჩუკები განდევნა ტაოდან, 1117 წელს აიღო საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთის ციხე-ქალაქი გიში, 1118 წელს – ლორე. თბილისზე რკალი თანდათან ვიწროვდებოდა, სელჩუკები შიშისაგან ძრწოდნენ, ყველა ელოდა ქართველთა საბოლოო იერიშს. ამავე პერიოდში დავითმა საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გადაიტანა. მან თავისი ძე დემეტრე გააგზავნა ჯარით შირვანში. ქართველებმა ციხე-ქალაქი ქალაძორი აიღეს, ისტორიკოსი აღტაცებით წერს დემეტრეს შესახებ: ,,ქმნნა ომნი საკჳრველნი''.

მაგრამ მიუხედავად ამ დიდი წარმატებისა, დავითი კარგად ხედავდა რომ თურქ-სელჩუკებთან გენერალური ბრძოლა წინ იყო. ქართველთა სამხედრო ძალები ამისათვის საკმარისი არ იყო. ამიტომ მეფემ გადაწყვიტა ჩრდილოეთ კავკასიიდან ყივჩაყები გადმოესახლებინა საქართველოში. ყივჩაყები განთქმული მეომრები იყვნენ, დავითმა ,,უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე და წყობათა შინა სიმჴნე, სისუბუქე და მიმოსვლა, სიფიცხე მიმართებისა''. მეფემ გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი გააგზავნა ოსეთში, რათა მათ გზები გაეხსნათ ყივჩაყთათვის. ოსებმა, როგორც კი შეიტყვეს საქართველოს პირველი ვაზირის მისვლა, მაშინვე ,,მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა''. დავითმა საქართველოში ორმოცი ათასი ყივჩაყის ოჯახი ჩამოასახლა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დაასახლა. ეს უზარმაზარი მასა ბინადარ ცხოვრებაზე გადაიყვანა და თითოეულ ოჯახს თითო მეომრის გამოყვანა დაავალა. ასე შეიძინა საქართველომ 40 000 რეგულარული სამხედრო ძალა, მაგრამ საქართველოს ჯარის უმრავლესობას კვლავ ქართველები შეადგენდნენ.

საფიქრებელია, რომ ამ პოლიტიკურ ნაბიჯს უკავშირდება დავითის დამოყვრება ყივჩაყებთან. მეფემ ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი შეირთო ცოლად, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა კავშირი ქართველებსა და ყივჩაყებს შორის.

ამის შემდეგ დავითმა კვლავ განაახლა შეტევები სელჩუკების წინააღმდეგ და ახალი დამარცხებები მიაყენა მათ ქვეყნის გარეთაც. მტრები ხშირად სარგებლობდნენ იმით, რომ, ზოგჯერ მეფე შორს იყო მათგან და ქვეყნის საზღვრებში შემოდიოდნენ. ერთხელ როდესაც იგი დასავლეთ საქართველოში იყო, მტრები კვლავ გათამამდნენ და მტკვრის პირას ჩამოდგნენ. ამის გაგებისთანავე მეფე გამოეშურა ქართლში, იგი არ შეუშინდა იმას, რომ ლიხის მთაზე დიდი თოვლი იდო, ,,გარდაათხრევინა ლიხნი'', ქართლში შემოვიდა და იქ გულადად დაბანაკებულ თურქ-სელჩუკებს ეს თავხედობა არ აპატია და სულ ერთიანად გაწყვიტა.

გაუთავებელმა მარცხმა მაჰმადიანები ძალიან გაამწარა, ისინი კარგად ხედავდნენ, რომ თბილისშიც მათ ბატონობას მალე ბოლო მოეღებოდა და გადაწყვიტეს ერთიანი ძალით კვლავ შეეტიათ საქართველოზე. ამისათვის ,,ესე ვითარცა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანისა წინაშე... და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა'', სპარსეთში (ისპაჰანში) მჯდომმა სელჩუკთა სულტანმა ,,მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს სადაყას ძესა და მოსცა ძე თჳსი მალიქი და ძალი მისი და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუხისი... უბრძანა თურქმანობას სადაღაცა ვინ იყო დამასკოთ და ჰალაბითგან ამოღმართ ყოველსა... ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა''.

მაჰმადიანებმა უზარმაზარ კოალიციურ ლაშქარს მოუყარეს თავი, რომელთა რაოდენობა 300 ათასს აღემატებოდა. დავითის სამხედრო ძალის რაოდენობას, სომეხი ისტორიკოსის მათეოს ურჰაელის ცნობით, შეადგენდა: 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაყი, 500 ოსი და 100 ფრანგი (ევროპელი) ჯვაროსანი.

დავითმა აქ გამოავლინა დიდი მხედართმთავრული და სტრატეგიული ნიჭი. მან მარჯვედ შემოიტყუა მოწინააღმდეგის უზარმაზარი არმია დიდგორის ვიწრო ხეობაში, სადაც მტერს თავისი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება აღარ შეეძლო.

მოწინააღმდეგენი დიდგორის ველზე 12 აგვისტოს შეებრძოლნენ ერთმანეთს. ფრანგი მემატიანე გოტიე გადმოგვცემს დავით აღმაშენებლის მოწოდებას ჯარისადმი ბრძოლის დაწყების წინ: ,,ეჰა მეომარნო ქრისტესანო, თუ ღვთის სჯულისა დასაცავად წესიერად ვიბრძვით, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ... ჩვენ ყველამ, ხელთა ცისადმი აღპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უფრო მოვკვდებით ვიდრე გავიქცევით... და მტკიცე გულით მტრებს როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შეუტიოდ''. კარგად იცოდა რა მთელი ქვეყნისათვის ამ ომის გადამწყვეტი მნიშვნელობა, დავით აღმაშენებელმა სამხედრო თავგანწირვის სასტიკ ღონისძიებას მიმართა: მან უკანდასახევი გზები ჩაუხერგა საქართველოს ლაშქარს.

პირველივე შეტაკებისთანავე იძლია მტრის ურიცხვი მხედრობა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით მეფე დავითმა და მისმა ჯარმა – ,,მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი... რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა''.

მაჰმადიანთა ლაშქარი საშინლად დამარცხდა, გაქცეულ მტერს ქართველებმა დიდ მანძილზე სდიეს, მტრის მხოლოდ მცირე ნაწილმა გააღწია სამშვიდობოს. თვით ილ-ღაზი, სარდალი ჯარისა, ძლივს გადაურჩა ბრძოლის ველზე სიკვდილს და თავში მძიმედ დაჭრილი გაბრუნდა უკან.

ამ გამარჯვებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მახლობელ აღმოსავლეთში და ევროპაში. ამ ბრძოლის შესახებ წერდნენ ევროპელი, სომეხი თუ არაბი ისტორიკოსები. ჯვაროსნები დავითს როგორც მოკავშირეს ისე უყურებდნენ და მისგან დახმარებასაც კი ელოდნენ.

დიდგორის ველზე ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ დავითმა 1122 წელს დიდი ბრძოლის შემდეგ თბილისი აიღო და 400 წელი მაჰმადიანთა ხელში მყოფი ქალაქი კვლავ საქართველოს დაუბრუნა. სამეფო ტახტი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა. ისტორიკოსის თქმით, დიდგორის ომის ,,მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსავე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა და დაუმკჳდრა შვილთა თჳსთა საჭურჭლედ და სახლად თჳსად საუკუნოდ''.

1123 წელს ქართველებმა დმანისიც წაართვეს სელჩუკებს და საბოლოოდ გაწმინდეს ქვეყანა ურდოებისაგან. ამით დასრულდა საქართველოს საბოლოო პოლიტიკური გაერთიანება.

1124 წელს აგვისტოს თვეში მეფის წინაშე ,,მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოაჴსენეს მოცემა ქალაქისა''. სამ დღეში დავითმა გაამზადა სამოცი ათასი მხედარი და სომხეთის ქალაქი ანისი 60 წელი თურქ-სელჩუკთა ხელში მყოფი გაანთავისუფლა და შემოუერთა საქართველოს.

იმავე წელს მეფემ თურქ-სელჩუკთა განსადევნად გაილაშქრა შირვ

ანზე, დაიპყრო იგი და შემოიერთა.

ამ გამარჯვების შედეგად საქართველოს სამეფო საზღვრები გადაიჭიმა ,,ნიკოფსიიდან დარუბანდისა ზღვამდე და ოვსეთიდგან * (*იგულისხმება ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ოსეთი) – სოერად და არეგაწამდე''. საქართველოს სამეფო უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა წინა აზიაში.

ასეთ გაუთავებელ ომიანობაში მყოფი მეფე არ ივიწყებდა არც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას. მის მიერ 1106 წელს დაარსდა გელათის აკადემია – ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა. მან აქ მოიყვანა საქვეყნოდ განთქმული სწავლულნი და მფარველობას არ აკლებდა მათ. დავითმა შექმნა გელათი ,,ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად''. მეფეს გელათში მოუწვევია სახელგანთქმული ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. შემდგომში აქ მოღვაწეობდა ცნობილი მწერალი, ჰიმნოგრაფი და სასულიერო მოღვაწე არსენ იყალთოელი.

ჩვენამდე მოღწეულია დავით აღმაშენებლის ორი ანდერძი. ერთი შიომღვიმის ლავრისადმი, ხოლო მეორე გელათისადმი. ამ ანდერძებიდან ჩანს თუ რა დიდი წყალობა გაუღია მეფეს ამ სასულიერო და საერო სასწავლო ცენტრებისადმი.

ამავე დროს მეფე ყურადღებას არ აკლებდა არც საზღვარგარეთ არსებულ კულტურულ ცენტრებს, ქართულ მონასტრებს – საბერძნეთში, ბულგარეთში, პალესტინაში თუ სირიაში. მის სახელს უკავშირდება სინას მთაზე მონასტრის აშენება, საამისოდ ,,წარსცა ოქრო მრავალ ათასეული... წიგნები საეკლესიო სრულებით და სამსახურებული სიწმიდეთა ოქროსა რჩეულსა''.

მეფე ახალგაზრდების სწავლა-განათლებისათვისაც დიდად ზრუნავდა. სომეხი ისტორიკოსის ვარდანის სიტყვით, დავითმა ორმოცი ახალგაზრდა ბიზანტიაში გააგზავნა სასწავლებლად.

ამავე დროს მეფე არა მარტო თანამემამულეებს მფარველობდა, არამედ უცხო ტომის მეცნიერებსა და სწავლულებსაც ზრუნვას არ აკლებდა. არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-ჯაუზი აღნიშნავს რომ მუსლიმ პოეტებს, სუფიებსა და სწავლულებს ხშირად იწვევდა სამეფო კარზე და წვეულებებსაც უმართავდა მათ.

მიუხედავად იმისა, რომ დავით მეფე დამპყრობლებს დაუნდობლად ებრძოდა, სხვა სჯულის მიმართ, პატივისცემას და დაფასებას იჩენდა. მან თბილისის შემოერთების შემდეგ მაჰმადიანებსა და ებრაელებს შეღავათები მიანიჭა ქალაქში, პარასკევობით მეჩეთშიც შედიოდა თავის შვილებთან ერთად და ყურანის კითხვას და ქადაგებას უსმენდა. ხოლო შემდეგ მათ ბევრ ოქროსაც უწყალობებდა. თვით დავითს ყურანიც კარგად სცოდნია და არაბი ისტორიკოსი მუჰამედ ალ ჰამავის სიტყვით განჯის ყადს ხშირად ესაუბრებოდა ისლამის დოგმებთან დაკავშირებით.

სომეხი ისტორიკოსებიც ქება-დიდებით ამკობდნენ მეფეს და სომეხი ხალხის მფარველად და პატრონად მიიჩნევდნენ მას.

დავით აღმაშენებელს რომ წიგნების კითხვა ძლიერ უყვარდა ამას მისი ისტორიკოსის თხზულებაც ამტკიცებს: ერთ-ერთი ბრძოლის წინ მეფე წიგნის კითხვით ისე გართულა, რომ ბრძოლაში დროზე ჩაბმაც კი დავიწყნია. ლაშქრობაში და ნადირობაში მეფეს თურმე წიგნები თან დაჰქონდა.

დავითი ქველმოქმედებასაც ეწეოდა და ხშირად ღარიბ-ღატაკებს ფულსაც ურიგებდა. ისტორიკოსის თქმით, მეფე ხშირად ტყვეებსაც ანთავისუფლებდა: ,,ვინ აღრიცხუნეს ტყუენი, რომელნი მან განათავისუფლნა და რომელი უკუ მოიჴსნნა თჳსთა ყივჩაღთაგან ფასითა''.

ჩვენამდე მოღწეულია დავითის მიერ დაწერილი ორიგინალური პოეტური ნაწარმოები ,,გალობანი სინანულისანი'', სადაც კარგად ჩანს მეფის ფილოსოფიური ხედვა, კაცთმოყვარეობა, ზნეობრივი მრწამსი. მასში დასმულია ზოგადსაკაცობრიო საკითხი – ადამიანის არსისა, გადმოცემულია მეფის სევდა და სინანული. იგი ღმერთს სთხოვს რომ მიუტევოს დავითს ,,ბრალნი მისნი სიყრმისა და ცდომილებისანი''. ეს ლექსი ქართული ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთი დიდებული ფილოსოფიურ-ეთიკური ნაწარმოებია.

იწოდებოდა დავით IV ,,მეფე აფხაზთა ქართველთა რანთა კახთა და სომეხთა''. შირვანისა და ანისის შემოერთების შემდეგ დავითის ამ ტიტულს ჩანს დაემატა ,,შარვანშა'' და ,,შაჰანშაც''. რაც შემდგომში ქართველი მეფეების ტიტულატურაში აისახა.

მადლიერმა მემკვიდრეებმა კი მას განსაკუთრებული ზედწოდება მიანიჭეს – ,,აღმაშენებელი''.

ჩვენამდე მოღწეული პირველი ისტორიული წყარო, სადაც დავითი ,,აღმაშენებლად'' იწოდება XV საუკუნეს განეკუთვნება. ეს არის 1452 წლის სასისხლო დოკუმენტი – სიგელი ავშანდაძეებისა, სადაც ნათქვამია, რომ: ,,როდეს აღმაშენებელი გელათს აშენებდა'' გადმოვარდნილა, დამტვრეულა და ავშანდაძეებს მოურჩენიათ.

ნარატიულ ისტორიულ ლიტერატურაში დავითი ,,აღმაშენებლის'' ზედწოდებით მოცემულია XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორგიჯანიძის ,,საქართველოს ისტორია''-ში.

ოფიციალურ ქართულ ისტორიოგრაფიაში – დავით IV ,,აღმაშენებლად'' უფრო გვიან, ,,ახალი ქართლის ცხოვრებაში'' და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში (,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა'') იწოდება. დავით მეფის შემამკობელი ოფიციალური ეპითეტები მანამდე მრავალი იყო, მაგრამ ქართველ ხალხში მის მიმართ ძველი დროითგან შობილი ორიგინალური ზედწოდება ,,აღმაშენებელი'' დამკვიდრდა.

1125 წლის 24 იანვარს შაბათ დღეს 52 წლის ასაკში, დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა, იგი დაკრძალულ იქნა მის მიერ აგებულ გელათის ტაძარში.

ქართულმა ეკლესიამ დიდებული, განათლებული და ძლევამოსილი მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 26 იანვარი (ახ. სტ. 8 თებერვალი) დააწესა. ქართველმა ხალხმა დავით აღმაშენებლის სახელი უკვდავი შარავანდედით შემოსა.

 

ლიტ.: რ. მეტრეველი, დავით IV აღმაშენებელი, თბ., 1990.

რ. მეტრეველი, შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალური ხანის საქართველოში, თბ., 1973.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ. 1970.

მ. ლორთქიფანიძე, ,,საქართველოს საგარეო და შინაპოლიტიკური ვითარება XII ს. მე-2 მეოთხედიდან 80 წ. დასაწყისამდე'', სინ, ტ. III, თბ. 1979.

ს. ჯანაშია, ,,საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მე-13 საუკუნემდე'' შრომები, ტ. II, თბ. 1952.

შ. მესხია, ძლევაჲ საკვირველი, თბ. 1972.

ვ. კოპალიანი, ურთიერთობა ბიზანტიასთან, ჯვაროსნებთან. თბ. 1969.

დავით აღმაშენებელი. კრებული, რედაქტორი როინ მეტრეველი, თბ., 1990.

ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორია. თბ. 1943-50.

ზ. ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან, თბ. 1989.

დ. გოგოლაძე, მეფე დავით IV და მისი ზედწოდება – აღმაშენებელი ,,მაცნე'' ისტორიის სერია, 1989 N 3.

 

დემეტრე I

ერთიანი საქართველოს მეფე 1125-1155/56 წლებში. დავით IV აღმაშენებლის ძე. დემეტრე მამის სიცოცხლეშივე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო საქმეებში, იბრძოდა დიდგორის ომში და მონაწილეობდა შარვანისათვის ბრძოლაში.

მიუხედავად თურქ-სელჩუკთა ენერგიული წინააღმდეგობისა, დემეტრე I-მა შეძლო მათ მიერ მიტაცებული დმანისისა და ხუნანის დაბრუნება.

1130 წელს მეფის წინააღმდეგ მოეწყო აჯანყება. წყაროები არ იძლევიან იმის საშუალებას რომ დავადგინოთ, თუ ვინ ეცილებოდა დემეტრეს სამეფო ტახტს. მისი ნახევარძმა თუ უფროსი ვაჟი დავითი, რომელიც შემდგომშიც ეძიებდა მეფობას.

ქვეყნის შიგნით გართულებული ვითარებისა და მძიმე საერთაშორისო მდგომარეობის გამო, დემეტრე I იძულებული გახდა, ანისი ყმადნაფიცობის და ქალაქში ქრისტიანთა პრივილეგიების დაცვის პირობით, მაჰმადიანი მმართველებისათვის (შედადიანთა მემკვიდრეებისათვის) დაეთმო.

1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველთა ლაშქარმა აიღო განძა და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანეს (დღემდე დაცულია გელათის მონასტერში).

1155 წელს დავით უფლისწულმა მოახერხა ტახტის ხელში ჩაგდება და დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო. ურჩი შვილის სიკვდილის შემდეგ 1156 წელს, დემეტრე კვლავ გამეფდა და უმცროსი ძე გიორგი დაისვა თანამოსაყდრედ.

საყურადღებოა დემეტრე I-ის სამწერლო შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. დემეტრე I-ის ,,შენ ხარ ვენახი'' დღესაც ცოცხალი საგალობელია.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ. 1970.

რ. მეტრეველი, შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალური ხანის საქართველოში, თბ., 1973.

ჯ. სტეფნაძე, დემეტრე პირველი, თბ. 1990.

მ. ლორთქიფანიძე, ,,საქართველოს საგარეო და შინაპოლიტიკური ვითარება XII ს. მე-2 მეოთხედიდან 80 წ. დასაწყისამდე'', სინ, ტ. III, თბ. 1979.

რ. მეტრეველი, თამარ მეფე, თბ. 1991.

 

დავით V

იმეფა ექვსი თვე (1155-1156). დემეტრე I-ის უფროსი ძე – დემეტრე  I-ს ორი ვაჟი ჰყავდა დავითი და გიორგი. მემკვიდრეობითი წესით მეფობა მამის შემდეგ უფროს ვაჟს დავითს უნდა მიეღო, მაგრამ დემეტრე იყო ,,მარჩეველი ძისა უმცროსისა'' გიორგისა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თავის მემკვიდრედ დემეტრე გიორგის აცხადებდა და სამეფო ტახტსაც უმზადებდა.

რა იყო მიზეზი დემეტრესა და დავითს შორის ცუდი დამოკიდებულებისა წყაროები ამის შესახებ არას ამბობენ.

დავითმა როგორც ჩანს კარგად დაინახა, რომ თუ იგი აქტიურ მოქმედებაზე არ გადავიდოდა ტახტს არავინ მიართმევდა. მან დაიწყო მზადება შეთქმულებისათვის, რაც მიზნად დემეტრეს ჩამოგდებას ისახავდა, მაგრამ ეს გამოსვლა მეფეს ადვილად ჩაუხშვია. თუმცა დემეტრეს აჯანყების მოთავენი არ დაუსჯია, რატომ წყაროებში არაფერია ცნობილი. ეს ამბავი დაახლოებით 1150 წელს უნდა მომხდარიყო.

მაგრამ პირველ მარცხს დავითი არ შეუშინებია, მან ახალი აჯანყება მოუწყო მამას, ტახტიდან ჩამოაგდო იგი, ბერად აღკვეცა და დავით-გარეჯის მონასტერში გაგზავნა.

დემეტრეს ჩამოგდებას ტახტიდან, მისი მომხრეებისა და მოხელეების გადაყენება მოჰყვა. დავითმა ორბელებს ამირსპასალარობა წაართვა და მამამისის მიერ დატყვევებულ და მის მიერ განთავისუფლებულ თირქაშ აბულეთის ძეს გადასცა. ეს ის თირქაშია, რომლის მამა ივანე დემეტრეს წინააღმდეგ შეთქმულებაში მხილებული და შემდგომ მეფის ბრძანებით მოკლული იქნა. ივანეს შვილი თირქაშ მტრობდა მეფეს, რის გამოც იგი შეპყრობილ იქნა.

დავითის ამ ღონისძიებებმა მოწინააღმდეგეთა მრავალრიცხოვანი წრე შექმნა, რომლებიც თავს იყრიდნენ მისი ძმის გიორგის გარშემო. დავით-გარეჯშიც ბერად აღკვეცილ დემეტრესაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა გაბმული მათთან.

დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ ამბავს: ,,დასუეს მეფედ ძე მისი დ

ავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა''.

სომეხი ისტორიკოსი მხითარ გოში დავითის სიკვდილს ორბელებს აბრალებს. მეორე სომეხი ისტორიკოსი ვარდანი კი პირდაპირ მიუთითებს მის მკვლელებს – სუმბატ და ივანე ორბელებს.

ეს ამბები წყაროების მიხედვით 1154-1155 წლებში მომხდარა. ამის შემდეგ დემეტრე I დაბრუნდა თბილისში და თავისი უმცროსი ძე გიორგი გაამეფა. ხოლო ორბელებმა ალბათ ამ სამსახურის ფასად კვლავ დაიბრუნეს ამირსპასალარობა.

დავით V-ეს მცირეწლოვანი ძე დემნა დარჩა. მისი სიკვდილის შემდგომ იგი აღსაზრდელად ორბელებს ჩააბარეს. მოგვიანებით 1177 წელს დემნა ბატონიშვილმა სამეფო ტახტი მოითხოვა, რასაც გიორგის წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოჰყვა 1177-1178 წლებში. დემნას მხარში ედგა მისი სიმამრი ივანე ორბელი. კაცი რომელმაც წყაროების მიხედვით, დიდი როლი ითამაშა თავის დროზე გიორგის გამეფებაში. ეს აჯანყება მარცხით დამთავრდა და მეფე გიორგი III დაუნდობლად გაუსწორდა მის მოთავეებს.

 

ლიტ.: ჯ. სტეფნაძე, მეფეთ-მეფე გიორგი მესამე, თბ., 1999.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ. 1970.

მ. ლორთქიფანიძე, ,,საქართველოს საგარეო და შინაპოლიტიკური ვითარება XII ს. მე-2 მეოთხედიდან 80 წ. დასაწყისამდე'', სინ, ტ. III, თბ. 1979.

რ. მეტრეველი, თამარ მეფე, თბ. 1991.

 

გიორგი III

ერთიანი საქართველოს მეფე 1156-1184 წლებში, დემეტრე I-ის უმცროსი ძე.

უფროსი ძის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ მამამ (დემეტრე I-მა) იგი ჯერ თანამოსაყდრედ გამოაცხადა, შემდეგ კი თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. ასე რომ ტახტის მემკვიდრე უფლისწული, დავით V-ის ძე დემეტრე (დემნა) ტახტის გარეშე დარჩა.

გამეფებისთანავე მეფე გიორგიმ ,,აღიჭურნა მკლავნიცა მუსრვად და მოწყუედად წინააღმდგომთა ქრისტეს სჯულისათა აგარიანთა, ისმაიტელთა და მამადიანთა''. დიდი ბრძოლები აწარმოა მან დვინისა და ანისისათვის. 1162 წ. მან აიღო სომხეთის ძველი დედაქალაქი დვინი, ანისისათვის ბრძოლა კი ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. საბოლოოდ საქართველოს მეფე იძულებული გახდა დაეთმო ანისი მაჰმადიანი მფლობელებისათვის ყმადნაფიცობის პირობით.

დიდებულების თხოვნით მეფე გიორგიმ საქართველოს ლაშქარი რამდენიმე მიმართულებით გაგზავნა – ერთი მხრვივ, საალაფოდ და მეორე მხრივ, მტრის ზურგის დაზვერვის მიზნით. ასე დალაშქრეს ტაოლებმა, შავშებმა და კლარჯებმა – ოლთისისა და ბანას ოლქები, მესხებმა და თორელებმა – კარისა და აშორნიის მხარეები, ამირსპასალარმა – მტკვრის მარჯვენა სანაპირო განძამდე, ხასაგანიანებმა, ლიხთიმერლებმა და ქართლის ლაშქარმა – განძიდან მოყოლებული მტკვრის ორივე ნაპირი ხლათამდე, შაჰ-არმენის სამფლობელომდე, ჰერებმა და კახელებმა – ალაზნის შესართავიდან შარვანამდე.

1167 წელს მეფე გიორგიმ ილაშქრა თავისი დისწულისა და ყმადნაფიცის შარვანშაჰ აღსართანის დასახმარებლად, რომელსაც დარუბანდის მხრიდან თავს ესხმოდნენ იმიერკავკასიელი მფლობელები. გიორგი III-მ ქალაქები შაბურანი და დარუბანდი მტერს წაართვა და შარვანშაჰს დაუბრუნა.

საშინაო ვითარების მოწესრიგების მიზნით მან მოიწვია საკანონმდებლო კრება, რომელზედაც მიღებულ იქნა კანონი ,,მეკობრეთა და მპარავთა'' შესახებ. აღნიშნული კანონით ქურდობა-ავაზაკობისათვის დაწესდა სასჯელის უმაღლესი ზომა – ჩამოხრჩობა.

1177-1178 წლებში ადგილი ჰქონდა დიდგვარიან ფეოდალთა აჯანყებას გიორგი III-ის წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ედგა ორბელთა ფეოდალური საგვარეულო. აჯანყებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს ამირსპასალარი, ივანე ორბელი. მეფე გიორგის მათ დაუპირისპირეს დავით V-ის ძე დემეტრე (დემნა) ბატონიშვილი – სიძე ივანე ორბელისა. აჯანყებულებს სურდათ გიორგი III-ის გადაყენება და მათთვის სასურველი კანდიდატის –დემეტრეს გამეფება.

გიორგი III-ის მეფობას რეალური საფრთხე დაემუქრა, რადგან აჯანყებაში მონაწილეობდა მისი პოლიტიკური კურსით უკმაყოფილო დიდგვარიან ფეოდალთა დიდი უმრავლესობა, რომელთაც სურდათ მეფის მოხელეობა პოლიტიკურ ხელისუფლებად ექციათ.

შეთქმულებმა განიზრახეს სახატეს მდგარი მეფის შეპყრობა, მაგრამ მეფემ მათ ეს შეუტყო და კოჯორში მდგარ შეთქმულებს თბილისში ჩასვლა დაასწრო. მან აჯანყებულებს შეუტია და კოჯრიდან გააქცია. აჯანყებულთა ნაწილმა თანდათან იწყო მეფის მხარეს გადასვლა. მეფემ ყველას, ვინც მის მხარეს გადავიდა დიდი პატივი სცა, დაასაჩუქრა და წყალობა უყო. დემნა ბატონიშვილი და მისი მომხრენი ლორეს ციხეში გამაგრდნენ. მეფე გიორგიმ აღნიშნულ ციხეს ალყა შემოარტყა. აჯანყებულთა რიგები თანდათან შეთხელდა, მათ დაკარგეს გარეშე სახელმწიფოებისაგან დახმარების იმედიც. სასოწარკვეთილი ,,დემეტრე, გარდამომბმელი საბლისა, გარდამოჴდა ციხისაგან'', მეფე – ბიძას ეახლა და პატიება სთხოვა, მაგრამ ამაოდ. მეფემ მეამბოხეები გაასამართლა და ,,შემსგავსებული საქმეთა მათთა მიაგო მისაგებელი'' – დემნა ბატონიშვილს თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა, ივანე ორბელს თვალები დასთხარეს; მისი სახლიდან ცოცხალნი მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც იმ დროს საქართველოში არ იმყოფებოდნენ. (სწორედ ამ აჯანყების შემდეგ გაჩნდნენ ამ ორბელთა შთამომავალი ორბელიანები სომხეთში).

მეფემ ორბელთა თანამდებობანი და მათი მამულები თავის ერთგულ პირებს გადასცა; ასე გახდა ამირსპასალარი მეფის ერთგული ყუბასარი, მსახურთუხუცესი და ერისთავთ-ერისთავი კი – აზნაურის ნაყმევი აფრიდონი.

მეფე გიორგიმ თავისი მეფობის დასაწყისში ეკლესიას გაუუქმა დავით IV აღმაშენებლის (1089-1125 წწ.) დროს მიღებული საგადასახადო შეუვალობა. ამ აჯანყების ჩახშობის შემდეგ კი მან აღუდგინა ეკლესიის შეუვალობა.

მეფე გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ტახტის მემკვიდრე მისი ასული თამარი იყო. თამარის გამეფება მეფემ თავის სიცოცხლეშივე განიზრახა, რადგან იცოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ თამარის გამეფებას პოლიტიკური გართულება მოჰყვებოდა, რომ დიდგვაროვნები მხოლოდ დროებით სდუმდნენ.

1178-1179 წწ. მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა ,,თანადგომითა ყოველთა პატრიარქთა და ეპისკოპოსთა დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა''. გვირგვინი თამარს თვით მეფე გიორგიმ დაადგა. მამა-შვილის ერთობლივი მეფობა გაგრძელდა 1184 წლამდე. მათი ფრესკა (XII ს.) შემორჩენილია ციხე-ქალაქ ვარძიის ეკლესიის კედელზე, რომლის მშენებლობაც მეფე გიორგი III-ის დროს დაიწყო. ერთად არიან გამოსახული მამა-შვილი ასევე ყინწვისისა და ბეთანიის ტაძრის ფრესკაზე. გიორგი III-ის მეფობის პერიოდში აიგო გეგუთის სასახლის დიდი დარბაზი, რომელიც 14 მეტრიანი დიამეტრის გუმბათით იყო დაგვირგვინებული.

1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთის სოფელ სტაგირში მყოფი მეფე გიორგი გარდაიცვალა. დაკრძალეს გელათს.

ქართველი ისტორიკოსის დახასიათებით მეფე გიორგი იყო ,,უმაღლესი ყოველთა მეფეთასა, მძლე და შემმუსვრელი ყოველთა მტერთა მისთა. მორჭმული და სუედოვლათითა განმდიდრებული, კეთილად მსახური ღთისა, ეკლესიათა და საყდართა მაშენებელი, ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა და მღვდელთათვის კეთილისმყოფელი, დიდთა და ცოტათაგან შეცოდებისა უკადრი, გლახაკთა და ქურივთა მოწყალე... ერთგულთათვის უხჳ და მბოძებელ. სპარსეთისა სულტანნი, შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი, მეძღუნედ და მოხარკედ მისთა იყვნეს და ყოველნი სანაპირონი უშიშად ჰქონდეს''.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ. 1970.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973 წ.

მ. ლორთქიფანიძე, ,,საქართველოს საგარეო და შინაპოლიტიკური ვითარება XII ს. მე-2 მეოთხედიდან 80 წ. დასაწყისამდე'', სინ, ტ. III, თბ. 1979.

რ. მეტრეველი, შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალური ხანის საქართველოში, თბ., 1973.

ჯ. სტეფნაძე, მეფეთ-მეფე გიორგი მესამე, თბ. 1999.


თამარი

ერთიანი საქართველოს მეფე 1184-1213 (1207,1210) წლებში, გიორგი III-ის ასული.

1178 წელს (მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ 1179 წელს) გიორგი III-მ თავისი ერთადერთი ასული თამარი თანამოსაყდრედ დასვა.* (* არსებობს მოსაზრება, რომ ტახტის მემკვიდრის თანამოსაყდრედ კურთხევა მიღებული წესი იყო საქართველოს სამეფო კარზე). მეფე შიშობდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ თამარს გარკვეული სიძნელეები არ შეხვედროდა გამეფების პროცესში. საქართველოს ისტორიაში ხომ პირველად უნდა ასულიყო ქალი ტახტზე. ექვსი წელი მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს. ეს პერიოდი თამარისთვის უდიდესი გამოცდილების მიღების ხანა იყო. 1184 წლიდან, გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ, თამარი ერთმმართველი გახდა.

დიდგვაროვნებმა ჩათვალეს, რომ დადგა ის დრო, როდესაც მათ შეეძლოთ დავით აღმაშენებლისა და გიორგი III-ის დროს დაკარგული პრივილეგიები დაებრუნებინათ. 1184 წელსვე თამარი ხელმეორედ აკურთხეს მეფედ. ცოტა ხანში დიდებულებმა მეფეს – გიორგი III-ის დროს დაწინაურებული მოხელეების გადაყენება მოსთხოვეს, რომლებიც დაბალი სოციალური წარმოშობისანი იყვნენ. თამარი იძულებული გახდა დაეთმო და ერთგული ვაზირები ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი ყუბასარი და აზნაურის ყმობიდან მსახურთუხუცესობამდე აღზევებული აფრიდონი გადაეყენებინა. სულ მალე მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, სამეფო ხელისუფლების შეზღუდვისა და სახელმწიფი მმართველობის რეფორმის გეგმა წამოაყენა. სამეფო კარის გვერდით უნდა შექმნილიყო ახალი დაწესებულება ე.წ. ,,კარავი''. ყუთლუს აზრით, ,,კარავში'' შეკრებილი დიდებულები ,,განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვჰკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა, მაშინღა სრულ იქმნებოდეს განგებული ჩვენი''. ამ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება რჩებოდა. თამარის ბრძანებით ყუთლუ-არსლანი დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რადგან ამ უკანასკნელის თანამზრახველები, რომლებიც როგორც ჩანს საკმაოდ მრავალრიცხოვნები იყვნენ, შეიარაღებული გამოსვლით დაიმუქრნენ. შეთქმულებთან მოსალაპარაკებლად მეფემ ორი მანდილოსანი გაგზავნა ხვაშაქ ცოქალი და კრავაჲ ჯაყელი. მოლაპარაკებისა და დათმობების შედეგად მოხერხდა სამეფოში მშვიდობის აღდგენა. ,,კარავის'' დაარსების იდეა უარყოფილ იქნა, სამაგიეროდ როგორც ჩანს გაფართოვდა დარბაზის უფლებები. (ყუთლუ-არსლანი საერთოდ გაქრა პოლიტიკური ცხოვრებიდან).

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თამარის გათხოვების საკითხს, რადგან მისი ქმარი სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლებისა დ

ა გავლენის მქონე პიროვნება ხდებოდა. დიდგვაროვნებმა არჩევანი როსტოვ-სუზდალის მთავრის ანდრია ბოგოლიუბსკის ვაჟზე – იურიზე შეაჩერეს. იური, რომელსაც ქართველებმა გიორგი უწოდეს, ამ დროისათვის სამთავროდან ბიძის მიერ გამოძევებული და ყივჩაღებთან თავშეფარებული იყო. 1185, ზოგის მოსაზრებით 1186 წელს გიორგი რუსი საქართველოში ჩამოიყვანეს და თამარზე დააქორწინეს, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ გიორგის მრავალი პიროვნული ნაკლი გააჩნდა. მისი გაჩერება სამეფო კარზე უკვე შეუძლებელი იყო და ორი წლის შემდეგ თამარი მას გაცილდა. გიორგი საქართველოდან გააძევეს.

1189 წელს თამარმა მეორედ იქორწინა. ამჯერად ბაგრატიონთა ოსთა სამეფო სახლის შთამომავალზე დავით სოსლანზე.

1191 წელს საქართველოში გიორგი რუსი დაბრუნდა. მას აქ მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი დასი ეგულებოდა, რომელთა მეშვეობით ტახტის დაუფლებას შეეცადა. აჯანყებულებმა გიორგი გეგუთში მეფედაც კი აკურთხეს, შემდეგ თავისი ჯარი ორად გაყვეს და თამარის წინააღმდეგ დაიძრნენ. სამეფოსთვის ამ მეტად მძიმე წუთებში, თამარმა სიმტკიცე გამოიჩინა, სასწრაფოდ შემოიკრიბა ერთგული პირები და მოახერხა აჯანყებულთა დამარცხება. ,,უბედური რუსი'' კვლავ გაძევებულ იქნა, მის მომხრეებს კი (ვარდან დადიანს, ბოცო ჯაყელს, გუზან ტაოსკარელს) თანამდებობები და მამულები ჩამოართვეს. დასჯით კი არავინ დაუსჯიათ მკაცრად, რადგან ,,დღეთა შინა თამარისათა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა, არცა-ვინ დასჯილი ,,არცა ვინ ბრძანებითა მისითა ასომოკვეთილ იქმნა და არცა სიბრმითა დაისაჯა''.

1193 წელს გიორგიმ კიდევ ერთხელ სცადა დაკარგულის დაბრუნება და ჰერეთის მხრიდან საქართველოში შემოჭრა განიზრახა. ამჯერად მას აღარავინ მიემხრო და საღირ მახატლის-ძემ თავისი სანაპირო მხედრობით ადვილად უკუაგდო გიორგი რუსი.

მანამდე კი, 1193 წელს – თამარის ძის და ტახტის მემკვიდრის გიორგის (მეორე სახელი ლაშა) დაბადების აღსანიშნავად, ქართველებმა ბარდავის მიმართულებით ილაშქრეს და გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

საშინაო პრობლემების მოგვარების შემდეგ თამარი აქტიური საგარეო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. ამ დროს აზერბაიჯანის ელდეგიზიანთა საათაბაგოში მწვავე საშინაო ბრძოლები მიმდინარეობს. აბუ-ბექრ ათაბაგმა თავისი ძმა ამირ-მირანი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა თავი შარვან-შაჰთან შეაფარა, შარვანის მმართველი კი საქართველოს ყმადნაფიცი იყო. აბუ-ბექრმა შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოს დამარცხების გარეშე ის თავის პატივმოყვარე ზრახვებს ვერ დაიკმაყოფილებდა. მან დახმარებისათვის ბაღდადის ხალიფას მიმართა. შეიყარა თურქთა ურიცხვი ლაშქარი, რომელიც აბუ-ბექრის სარდლობით საქართველოსაკენ დაიძრა. თამარის ბრძანებით, ქართველთა მხედრობაც შეიკრიბა და მტრის შესახვედრად გაემართა. ბრძოლა 1195 წელს მოხდა შამქორის მახლობლად და ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. ათაბაგი ძლივს გადაურჩა ტყვეობას. ქართველთაგან განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ძმებმა: შალვა და ივანე ახალციხელებმა. (შალვამ ხალიფას გამოგზავნილი დროშაც კი ჩაიგდო ხელში, რომელიც შემდეგ ხახულის ღვთისმშობელს შესწირეს) შამქორის ბრძოლაში გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას ქართველთა ძალა. რაც მთავარია, ამ გამარჯვების შემდგომ, სამხრეთ აღმოსავლეთით საქართველოს მოწინააღმდეგე აღარ ჰყავდა.

1199-1203 წლებში ქართველთა ლაშქარმა მაჰმადიანთა ბატონობისაგან გაანთავისუფლა და საქართველოს შემოუერთა სომხური მიწები: ანისი, დვინი, ამბერდი, ბიჯნისი. ქართველთა წარმატება მოსვენებას უკარგავდა მაჰმადიანებს.

სამხრეთ-დასავლეთით საქართველოს მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფო ესაზღვრებოდა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა რუქნ ად-დინის დროს. ხანგრძლივი მზადების შემდეგ რუქნ ად-დინმა ჩათვალა, რომ მზად არის საქართველოს წინააღმდეგ სალაშქროდ და 1202 წელს არზრუმიდან დაიძრა. მისი მრავალრიცხოვანი ჯარი ბასიანის ველზე დაბანაკდა. სულთანმა თამარს ელჩი გამოუგზავნა და დანებება შესთავაზა. ყველაზე აღმაშფოთებელი ის ზეპირი დანაბარები იყო, რომელიც ელჩმა მეფეს გადასცა – ,,უკეთუ მეფემან თქვენმან დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმა ცოლად, და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტნისა''. ამ სიტყვებით აღშფოთებულმა ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა სილა გააწნა ელჩს და ეს უკანასკნელი გონდაკარგული დაეცა. ელჩის პიროვნება ხელშეუხებელი იყო. თავხედი დესპანი ქართველებმა დაასაჩუქრეს და უკან გააბრუნეს. საპასუხო წერილში თამარი რუქნ ად-დინს წერდა: ,,აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა''.

თამარმა ჯარი სამცხემდე მიაცილა. თავად ოძრხეში დარჩა, სადაც – როგორც მეფის ისტორიკოსი წერს, ის თავის მხლებლებთან ერთად მთელს დროს ლოცვაში ატარებდა.

ქართველთა მხედრობა კი, დავით სოსლანის სარდლობით ბასიანისაკენ გაემართა. 1202 წლის 27 ივლისს მოხდა ცნობილი ბასიანის ბრძოლა. ქართველთა მეწინავე ჯარს ზაქარია მხარგრძელი, შალვა და ივანე ახალციხელები მეთაურობდნენ. ფიცხელი ბრძოლის დროს ქართველ მხედართმთავრებს ცხენები მოუკლეს და ისინი ქვეითად განაგრძობდნენ ბრძოლას. ამის შემყურე, მეომრებიც ჩამოქვეითდნენ და გვერდში ამოუდგნენ თავის სარდლებს. ბრძოლის ამ მძიმე მომენტში ქართველთა ძირითადი ლაშქარი შეტევაზე გადავიდა. მტერმა ვეღარ გაუძლო და უკუიქცა. ქართველებმა კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. მრავალრიცხოვან ტყვეთა შორის რუქნ ად-დინის ძმაც იყო, რომელიც შემდეგ ქართველებმა ჯორის ერთ ნალში გაცვალეს. ბასიანის ბრძოლაში გამარჯვებამ მოხსნა ყოველგვარი საფრთხე სამხრეთ-დასავლეთიდან და საშუალება მისცა საქართველოს მმართველ წრეებს, რათა უფრო აქტიური პოლიტიკა წარემართა ამ მიმართულებით.

1204 წელს ქართველებმა აიღეს სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი კარი, რომელიც თურქთა საიმედო საყრდენად ითვლებოდა ამიერკავკასიაში. თამარ მეფემ კარის მმართველად ივანე ახალციხელი დანიშნა და მონაპირეობა უბოძა.

ამავე წელს დიდი განსაცდელი მოევლინა ბიზანტიის იმპერიას. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა აიღეს და სასტიკად გაძარცვეს იმპერიის სატახტო ქალაქი – კონსტანტინოპოლი. ბიზანტიის იმპერია ლათინთა იმპერიით შეიცვალა. ამავე პერიოდში ქართველთა ლაშქარმა დაიკავა ბიზანტიის იმპერიაში შემავალი, ძირითადად ქართველთა ტომებით დასახლებული შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია (ჭანეთი ანუ ლაზისტანი), ქალაქები: ტრაპიზონი, ლიმნია, სამსუნი, სინოპი, კერასუნტი, კოტიორა და ჰერაკლია. ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სახელმწიფო – ტრაპიზონის საკეისრო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა – საქართველოს სამეფო კარზე აღზრდილი, ბიზანტიაში დამხობილი კომნენოსთა დინასტიის კანონიერი მემკვიდრე – ალექსი. ქართველთა სამხედრო ძალით შექმნილი სახელმწიფოს სათავეში, ასევე ქართველების მიერ დასმული ალექსი კომნენოსი ცხადია, საქართველოს სამეფო კარის ერთგული და მისი პოლიტიკის გამტარებელი იყო.

1206 წელს გარდაიცვალა თამარის მეუღლე დავით სოსლანი, ქართველთა ჯარის წინამძღოლი და გამარჯვების მომპოვებელი მრავალ ბრძოლაში. ,,კაცი აღსავსე ყოვლითა სიკეთითა, საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განშვენებული, ხოლო წყობათა და ომთა შინა მხნე ვინმე გულოვანთაგანი. უხვი და მდაბალი და სიკეთეაღმოცენებული''.

იმავე წელს, თამარმა თავისი ვაჟი ლაშა-გიორგი თანამოსაყდრედ დასვა.

1208-1209 წლებში ქართველებმა დაიმორჩილეს ხლათი, არჭეში და არდაველი. საქართველოს სამეფო მთელს მახლობელ აღმოსავლეთში უძლიერესი სახელმწიფო იყო. თამარის ისტორიკოსის სიტყვებით, ,,იყო დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშვიდობა. განეფინა მადლი ბაგეთა მისთა... არა ოდენ თვისსა სამეფოსა იყო კეთილიანობა, არამედ ყოველთა ქრისტიანეთათვის''

1210 წელს ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა თამარს შესთავაზა მოეწყოთ ლაშქრობა ჩრდილოეთ ირანში. მეფემ თანხმობა განაცხადა. 1210 წელს ქართველებმა ირანში ილაშქრეს. აღებულ იქნა ქალაქები: მარანდი, თავრიზი, მიანა, ზენჯანი, ყაზვინი. დიდი ნადავლითა და ალაფით დამძიმებულმა ჯარმა წინსვლა ვეღარ შესძლო და გამარჯვებული ქართველები უკან დაბრუნდნენ.

თამარის მეფობის ბოლო წლებში, მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყეს ფხოველებმა და დიდოელებმა. ივანე მხარგრძელმა თამარის ბრძანებით გაილაშქრა აჯანყებულთა წინააღმდეგ. დაამარცხა ისინი და სამეფოში სიმშვიდე და სიწყნარე აღადგინა.

1213 წელს ,,ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე და დედოფალი, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუითმფლობელი თამარი'' გარდაიცვალა. თამარის ისტორიკოსების ცნობით მეფე გელათში დაკრძალეს (ქართულ ისტორიოგრაფიაში თამარის გარდაცვალების სხვა თარიღებიც არსებობს. მკვლევართა ნაწილი 1207 წელი იზიარებს, ნაწილი 1210 წელსაც).

თამარი ,,იქმნა ყოველთა მეფეთა შორის უდიდესი, სვიანი და ბედნიერი, ღმრთისმოშიში, ტკბილი, სახიერი და თავი ყოველთა კეთილთა ღმრთისმოშიშეობა არს და სიმდაბლე, ეკლესიათა და მონაზონთა მოყვარე, გლახაკთა და მოჩივართა განმკითხველი''.

მეფე, როდესაც საამისო დრო ჰქონდა, საკუთარი ხელით ქსოვდა და კერავდა, ხოლო ამ ყოველივეს შემდეგ გასაყიდად აძლევდა, თანხას კი გლახაკებს ურიგებდა. ,,ლოცვანი და ღამისთევანი, რომელნი პალატსა შინა ამისსა აღესრულებოდეს, საეჭველ მიჩანს მეუდაბნოეთაგანცა'' – აღნიშნავდა ისტორიკოსი.

თამარის მეფობის დროს საქართველომ თავისი დიდების ზენიტს მიაღწია. უზარმაზარ სახელმწიფოს თამარი შიშითა და ტერორით როდი მართავდა. ,,არა ვერაგობისა ღონითა აცხოვნებდა ერსა თვისსა, არამედ სიბრძნისა წინაძღომითა და სიმართლითა და უმანკოებითა დავითიანითა, სიმშვიდითა იაკობის მსგავსითა, სიუხვითა აბრამისებრთა, მოწყალებითა იესოს ღმრთისა მსგავსითა და სამართლითა მისისა მიბაძვითა... სანთელი იყო გონიერთა და უგუნურთა, პირველთა განმანათლებელ და მეორეთა დამწველ. აღვირი იყო უწესოდ მკრთომელთა და დეზ უდებთათვის, კანონი სირცხვილისა მოხუცებულთა და კვერთხი რკინისა ჭაბუკთათვის, კეთილმრავალთა სიბრძნით მცველ, ხოლო მბორგალეთა თვალუხვავად მგვემელ''. თამარის საქართველომ მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ქრისტიანული მოსახლეობის მესიის მფარველობაზე განსაკუთრებული უფლება – ,,ქრისტეს მახვილის'' ფუნქცია გააფართოვა. მისივე ტახტის სიძლიერემ უზრუნველყო ქართველთათვის მნიშვნელოვანი პრივილეგიების მინიჭება – იერუსალიმში გაშლილი ეროვნული დროშებით შესვლა, გათავისუფლება ყოველგვარი გადასახადებისაგან, ცხენზე სწორად ჯდომის უფლება და სხვა.

ქართულმა ეკლესიამ თამარი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1 (14) მაისი დააწესა

.

 

ლიტ.: რ. მეტრეველი, მეფე თამარი, თბ., 1991 წ.

რ. მეტრეველი, საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო არენაზე XII ს-ის მიწურულსა და XIII ს-ის დამდეგს. თამარ მეფის დიპლომატია, ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1998.

შ. ბადრიძე, საშინაო პოლიტიკური ვითარება თამარის მეფობაში, სინ, ტ. III, თბ. 1979.

ნ. შენგელია, საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი თამარის მეფობაში, სინ, ტ. III, თბ., 1979.

ივ. ჯავახიშვილი – ქართველი ერის ისტორია, წიგნი II, იხ. თხზულებანი თორმეტ ტომად, II თბ., 1983.

ნ. ბერძენიშვილი – საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ. 1973.

დ. ნინიძე, ,,წმინდა ადგილნი'' და XIII-XV საუკუნეთა ქართული დიპლომატია (II ნაწილი), ,,ქართული დიპლომატია''. წელიწდეური, 6, თბ., 1999.

 

გიორგი IV – ლაშა

ერთიანი საქართველოს მეფე 1213 (1207, 1210) – 1223 წლებში. თამარ მეფის ძე. ლაშა-გიორგი დაიბადა 1193 წელს. მისი დაბადება სამეფო კარმა დიდი ზეიმით აღნიშნა. ქართველი ისტორიკოსის ცნობით ქართველთა ჯარმა ტახტის მემკვიდრის ქვეყანაზე მოვლინება დიდი ლაშქრობით აღნიშნა. მათ ბარდავი აიღეს, დაახლოებით 30 000 ტყვე წამოიყვანეს და შემდგომ ,,ათავისუფლეს სამ ბევრობა ტყუეთა დღეგრძელობისათჳს თამარისა და ძისა მისისა''.

1206 წელს თამარმა ლაშა-გიორგი თანამოსაყდრედ დასვა. სახელოვანი დედის გარდაცვალების შემდგომ ახალგაზრდა კაცს უზარმაზარი სახელმწიფოს მართვა-გამგეობა ერგო. ქართველი მემატიანე ჟამთააღმწერელი ასე გადმოგვცემს ამ ამბავს ,,ამას სანატრელსა სიცოცხლესა შინა თჳსსა გჳრგჳნი ძისა მისისა გიორგისადა, რომელსა ლაშობითცა უწოდა. იყო წლისა ათცამეტისა რაჟამს დაადგა გჳრგჳნი მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა, ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ იყო ლაშა ათვრამეტისა წლისა''.

ლაშას მემატიანე მას ასე ახასიათებს: ,,ლომი ძალითა და უმანკო გონებითა. მოყუარული ყოველთა კაცთა... მშჳდი და განურისხებელი ბუნებით''. მაგრამ ამავე დროს ჟამთააღმწერელის დახასიათებით, ,,ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თჳთბუნება''.

ლაშა-გიორგის გამეფებისთანავე ყმადნაფიცმა ქვეყნებმა სცადეს მეფის სიჭაბუკით ესარგებლათ და თავი დაეხსნათ ქართველთა ყმობისაგან. პირველად განძის ათაბაგმა დაიწყო ურჩობა და ხარკის მიცემაზე უარი განაცხადა.

ლაშა-გიორგიმ მაშინვე შეკრიბა დარბაზი, სასწრაფოდ შეჰყარა ჯარი და ქალაქი განძა გარემოიცვა. ქალაქის ალყა დიდხანს გაგრძელდა. აქ გამოჩნდა ლაშას ხასიათის თავისებურებანი – რაც გამოიხატებოდა მის დაუდგრომელობაში და ჭარბ ენთუზიაზმში. მან ქართველი მხედართმთავრების შეუთანხმებლად 4 000 არჩეული მეომრის თანხლებით დაიწყო ქალაქის გარშემოვლა. რაც არ გამოჰპარვიათ განძელებს. ისინი სწრაფად გამოვიდნენ ქალაქიდან და 10 000 ჯარისკაცით თავს დაესხნენ მეფეს. გაიმართა საშინელი სისხლისღვრა. ჭაბუკი მეფე არ შეუშინდა მტრის მრავალრიცხოვნებას და გმირულად შეუტია მათ. განძელები უკუიქცნენ და კვლავ ქალაქში ჩაიკეტნენ. მეფის ასეთმა საქციელმა აღაშფოთა ქართველი სარდლები და მათ ისიც კი გაბედეს ეთქვათ მისთვის, რომ თუ კიდევ ასეთი რამ განმეორდებოდა ისინი უარს იტყოდნენ მეფის სამსახურზე. ლაშა-გიორგი იძულებული გახდა მოენანიებინა თავისი საქციელი. საბოლოოდ ალყით შეწუხებულებმა ათაბაგმა  მოციქული გამოუგზავნა მეფეს, ზავი სთხოვა და ხარკიც კვლავ იკისრა. არსებობს ერთერთი წყარო იმის შესახებ, რომ ათაბაგის მოციქულმა ქართველებს მოუტანა ცნობა შორეული მტრის შესახებ, რომლის რაზმები ირანისაკენ და კავკასიისაკენ მოიწევდნენ და ათაბაგის პირით სთხოვდა ზავს ამ საერთო და ჯერაც უცნობი მტრის წინააღმდეგ ერთად ბრძოლისათვის. თუმცა ეს ფაქტი როგორც ჩანს ქართველებს მაინცდამაინც სერიოზულად არ აღუქვამთ. ეს უცნობი მტერი კი (მონღოლები) სულ მალე საქართველოსაც მოადგება და დიდ უბედურებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

განძის ათაბაგის დამორჩილების შემდეგ ლაშამ გააგრძელა სხვა გამდგარი ყმადნაფიცების დამორჩილება: კერძოდ: ,,მოწუა და მოარბივა ხლათისა ქუეყანა, შემოიხუეწა ხლათელი... სხუა შემოიხუეწა კარნუ-ქალაქელი მოყუარედ და ერთგულად სახლისა მისისა''. შემდგომში მეფემ ,,აიღო ოროტი და ყოველნი ციხენი და მიმდგომი მისნი ვიდრე ნახჭევანამდე და განძას კართამდის, აიღო შანქორი''. ასე დაიმორჩილა მეფემ ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის მფლობელები.

ამ პერიოდში, როდესაც მეფემ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სრული წესრიგი დაამყარა, საქართველოში მოვიდა რომის პაპის ჰონორიუსის ელჩი, რომელმაც ლაშა-გიორგის პაპის ეპისტოლე მოუტანა. იგი მეფეს სთხოვდა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობასა და ევროპელთათვის დახმარებას, რათა ეხსნათ იერუსალიმი მაჰმადიანთა ხელიდან. 1187 წელს მუსულმანებმა ეგვიპტის სულთნის სალადინის მეთაურობით წაართვეს იერუსალიმი ქრისტიანებს და ამის შემდგომ ფაქტიურად გამოყარეს ისინი მცირე აზიიდან.

ამჯერად რომის პაპის მოწოდებით კვლავ შეიკრიბნენ ევროპელები იერუსალიმის განსათავისუფლებლად და ლაშას ამ ლაშქრობაში თვით ჯვაროსანთა სარდალი პელაგიუსი იწვევდა.

ლაშა-გიორგის დასტურმა და მზადებამ ჯვაროსანთა დახმარებისათვის ევროპელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ისინი დიდი იმედითა და აღფრთოვანებით ელოდნენ ლაშა-გიორგისა და იმ დროისათვის ქართველთა უძლეველ მხედრობას.

ჩვენამდე მოაღწია ჯვაროსანი რაინდის დებუას მიერ საფრანგეთში ბეზანსონის არქიეპისკოპოსისადმი გაგზავნილმა წერილმა, სადაც იგი წერს: ,,აწ ისმინეთ სხვა რამ საკვირველი და საყურადღებო... ივერიითაგან ვინმე ქრისტიანენი, გიორგენებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობით და ქვეითი ჯარით ღვთის აღმაფრთოვანებელ ძალთა ფრიად აღჭურვილნი, ურწმუნო წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგნენ და აიღეს რა უკვე 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, მაგარნი დაიპყრეს, ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციეს... ზემოთ აღნიშნულნი წმინდა იერუსალიმის მიწის სასხნელად მოვლენ და მთელ საწარმართოს დაიმორჩილებენ. მეფე მათი წარჩინებული, თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალითა და სიკეთით, თუმცა არა სარწმუნოებით''.

მაგრამ ეს დიდი მზადება ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისა მოულოდნელად ჩაიშალა. 1220 წელი იდგა, როდესაც საქართველოს სამეფო საზღვრებს მანამდე ქართველთათვის სრულიად უცნობი მტერი მოადგა, ესენი მონღოლები იყვნენ. მონღოლთა გამოჩენამ სრულიად შეცვალა საქართველოს და მახლობელი ქვეყნების პოლიტიკური ვითარება.

მონღოლები ირანსა და კავკასიაში ხორეზმშაჰ მუჰამედისა და მისი შვილის ჯალალედინის დევნამ მოიყვანა. ჩინგიზ ყაენმა ორი თავისი მრისხანე სარდალი ჯებე და სუბუდაი გამოგზავნა კავკასიის ქვეყნების დასაზვერად. 1220 წელს ისინი საქართველოს საზღვრებში შემოიჭრნენ და პირველი შეტაკება სწორედ მაშინ მოუხდათ ქართველთა სამხედრო ძალებთან. ამ ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. ლაშა-გიორგი დაიჭრა, მაგრამ მონღოლებს ქვეყნის შიგნით შემოჭრა არ უცდიათ, რადგან კარგად დაინახეს, რომ ქართველები ფლობდნენ დიდ სამხედრო ძალებს. მათ გაიარეს დარუბანდი და კასპიის ზღვის შემოვლით დაბრუნდნენ თავიანთ მბრძანებელთან.

ქართველთა სამეფო კარს ეს მარცხი შემთხვევით მოვლენად მიუჩნევია და სამწუხაროდ შესაბამისი დასკვნები არც გაუკეთებია.

ამის შემდგომ ლაშა-გიორგი ბაგავანს გაემგზავრა თავისი დის რუსუდანის შარვან-შაჰზე დასანიშნად, მაგრამ როდესაც უკან დაბრუნებას აპირებდა მოულოდნელად იქვე გარდაცვლილა. საფიქრებელია რომ ლაშა-გიორგი მონღოლებთან ბრძოლაში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

თვით ლაშა-გიორგი მამაცი მებრძოლი, გულმოწყალე და ქვრივ-ობოლთა გამკითხავი ყოფილა. მაგრამ ამავე დროს სახიობა-გართობის მოყვარული, თავისუფალი აზროვნების მიმდევარი იყო. საეკლესიო ნორმებისადმი მისი თავისუფალი დამოკიდებულება ქორწინების საკითხში კარგად გამომჟღავნდა. მან ცოლად მოიყვანა მასზე დაბალი წოდების ქალი, რომელიც ამავე დროს გათხოვილი იყო. მისგან ლაშა-გიორგის შეეძინა ერთადერთი მემკვიდრე სახელად დავითი (შემდგომში საქართველოს მეფე დავით ულუ). მაგრამ სამეფო კარის დიდებულებმა და საეკლესიო პირებმა ეს ქორწინება მას არ უკურთხეს, მეფის დაუკითხავად ის ქალი მეუღლეს დაუბრუნეს და მისი გარდაცვალების შემდგომ შვილი დავითი ტახტის კანონიერ მემკვიდრედ არ ცნეს და სამეფო ტახტი ლაშას დას რუსუდანს არგუნეს.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, 1959.

შ. ბადრიძე, საშინაო და საგარეო პოლიტიკა XIII ს-ის 10/20-იან წლებში, სინ, ტ. III, 1979.

ზ. ავალიშვილი ,,ჯვაროსანთა დროიდან'', თბ., 1989.

შ. ბადრიძე, ,,საქართველო და ჯვაროსნები'', თბ. 1985.

ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორია, თბ., 1943-50.

ნ. ბერძენიშვილი, თათართა ბატონობის ხანა, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. II, თბ., 1965.

ი. ცინცაძე, მონღოლები და მონღოლთა დაპყრობანი, თბ., 1966.

რ. მეტრეველი, მეფე თამარი, თბ., 1991

 

რუსუდანი

ერთიანი საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში. თამარ მეფის ასული. 1223 წელს იგი დაქორწინდა არზრუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძეზე მოღის ედ-დინზე.

1225 წელს საქართველოს საზღვარი გადმოლახა მონღოლების მიერ გამოძევებულმა ხვარაზმშაჰ მუჰამედის შვილმა ჯალალ ად-დინმა. მან გარნისთან მომხდარ ბრძოლაში ქართველები სასტიკად დაამარცხა, აიღო დვინი, განძა და თბილისისაკენ დაიძრა. რუსუდან მეფე ქუთაისში გადავიდა და ქალაქის დაცვა ციხისთავს მიანდო. 1226 წლის 9 მარტს ჯალალ ად-დინმა, ქალაქის მაჰმადიან მცხოვრებთა ღალატის წყალობით, თბილისი აიღო.

ამის შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვას შეუდგა. თავისი ჯარი ჯალალ ად-დინმა ორ ნაწილად გაყო და ანისისა და კარის ასაღებად გაგზავნა, მაგრამ მან თავის მიზანს ვერ მიაღწია. შემდეგ მტერმა საქართველოს ყმადნაფიც ხლათზე მიიტანა იერიში, მაგრამ ვერც ხლათის ხელში ჩაგდება მოახერხა. ჯალალ ად-დინის მარცხით ისარგებლეს ქართველებმა და 1227 წელს თბილისი დაიბრუნეს. ამის გამო ხვარაზმშაჰი კვლავ დაიძრა ქალაქისაკენ და ქართველებმა მისი დაცლა-გადაწვა ამჯობინეს.

საქართველოს მეთაურობით ამიერკავკასიის მუსლიმ გამგებელთაგან შეიქმნა კოალიციური ლაშქარი ჯალალ ად-დინის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ლაშქარმა შეკრება ვერ მოასწრო და მტერმა 1227-1228 წ. ბოლნისთან სასტიკად დაამარცხა ქართველები. ჯალალ ად-დინის თარეში საქართველოში ხუთ წელიწადს გრძელდებოდა, რასაც ქვეყნის გაპარტახება და უამრავი მოსახლეობის გაჟლეტ

ა მოჰყვა.

1235 წლიდან დაიწყო მონღოლთა დაპყრობითი ბრძოლები. მათ დაიკავეს საქართველოს ყმადნაფიცი განძა, შამქორი და გარდაბანი. მეფე რუსუდანი კვლავ ქუთაისში გადავიდა და თბილისის დაცვა ციხისთავ მუხას ძეს დაავალა. საქართველოს მთავარსარდლობამ მტერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველ დიდებულთა ნაწილმა (ავაგ ამირსპასალარი, შანშე მანდატურთუხუცესი, ვარამ გაგელი) მტერთან ბრძოლას თავი აარიდა. ისინი ციხეებში ჩაიკეტნენ და იქიდან ადევნებდნენ თვალყურს მოვლენათა განვითარებას. მონღოლებმა მოკლე ხანში დაიკავეს ლორე, დმანისი, სამშვილდე. 1238-1239 წლებში მტერმა ანისი და კარიც აიღო.

სამწუხაროდ, არც რუსუდან მეფის მიერ რომის პაპთან, დახმარების თხოვნით, გაგზავნილ წერილს (1240 წ.) გამოუღია შედეგი და 1243 წელს ქართველები იძულებული გახდნენ მონღოლებთან ზავი დაედოთ, რომლის თანახმად საქართველოს ეკისრებოდა ყოველწლიური ხარკი და მონღოლთა მოთხოვნით ჯარის გამოყვანა. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც მონღოლთა მიერ დაპყრობილ ქვეყანაში, მათი ჯარი იდგებოდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჯარი არ იქნებოდა შეყვანილი. ყაენი კი, თავის მხრივ, დავით რუსუდანის ძეს სრულიად საქართველოს მეფედ აღიარებდა.

1245 წელს, მონღოლთა ყაენთან მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნილი შვილის მოლოდინში, დასნეულებული რუსუდან მეფე გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. IV, თბ., 1973

რ. კიკნაძე, ხორეზმელები საქართველოში, სინ, ტ. III, თბ., 1979.

 

დავით VII ულუ

ერთიანი საქართველოს მეფე 1246-1270 წლებში. ლაშა-გიორგის უკანონო შვილი. უმეფობის ხანაში, რუსუდანის მიერ რუმის სულთნის კარზე გაგზავნილი დავით გიორგის ძე დიდგვარიანმა ფეოდალებმა საქართველოში ჩამოიყვანეს და მეფედ დასამტკიცებლად გაგზავნეს ბათო ყაენთან. 1246 წელს ყარაყორუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა რუსუდანის ძე. ქართული სამართლის მიხედვით უკანონო შვილს არავითარი უფლება არ ჰქონდა მამის მემკვიდრეობაზე. ამიტომ მისი გამეფების მომხრე დიდგვარიანები საკითხის გადაწყვეტას მონღოლური წესის თანახმად მოითხოვდნენ. მონღოლებმა ორივე დავითი მეფედ დაამტკიცეს და დავით გიორგის ძეს, როგორც ასაკით უფროსს და მამაკაცის შთამომავალს ულუ (უფროსი) უწოდეს.

1260 წელს დავით ულუ განუდგა მონღოლებს და მორჩილებაზე უარი განაცხადა. დიდგვარიან აზნაურთაგან მეფეს მხოლოდ სამცხის მთავარმა, სარგის ჯაყელმა დაუჭირა მხარი. დავით ულუმ დედოფალი გვანცა და ვაჟიშვილი დიმიტრი ბიჯნისის ციხეში შეაფარა, თვითონ კი, თავისი ლაშქრით ჯავახეთისაკენ გაემართა. არღუნ ნოინმა დედოფალი დაატყვევა და ყაენთან გაგზავნა.

შინდარასთან და ახლდაბასთან მომხდარი შეტაკების შედეგად მონღოლებმა შეძლეს ქართველების დამარცხება, მაგრამ თვითონაც დიდი ზარალი ნახეს. დავით ულუმ და სარგის ჯაყელმა სამცხეს შეაფარეს თავი.

1261 წელს არღუნ ნოინი სამცხეს შეესია, მაგრამ მტერმა მთავარი ციხესიმაგრის ციხისჯვარის აღება ვერ შეძლო და მონღოლთა ჯარი ისევ უკან გაბრუნდა. მან ვერც ამჯერად მიაღწია თავის მიზანს და ჯავრი ტყვეებზე იყარა. გვანცა დედოფალი და ზაქარია ამირსპასალარი (სარგის ჯაყელის სიძე) სიკვდილით დასაჯეს.

დავით ულუ იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში დავით ნარინთან გადასულიყო. მისი იქ ყოფნის დროს მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მმართველად სომეხი დიდვაჭარი შადინი დანიშნეს. ამ ფაქტით შეშფოთებულმა მეფემ მონღოლებთან შერიგება სცადა.

1262 წელს დავით ულუ, ყაენთან წინასწარი მოლაპარაკების შედეგად, გადავიდა აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო შემდეგ კი სარგის ჯაყელთან ერთად ურდოში გაემგზავრა.

სარგის ჯაყელმა მთელი ბრალდება თავის თავზე აიღო. ქართველები დასჯას გადაარჩინა მიღებულმა ცნობამ ოქროს ურდოს ჯარის შემოსევის შესახებ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ჰულაგუ ყაენმა საქართველოსთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება ამჯობინა. მან დავით ულუს, ერთგულების დასამტკიცებლად, ქართველთა ლაშქრის გამოყვანა უბრძანა მტრის წინააღმდეგ.

მონღოლთა მეცადინეობით, დავით ულუსა და სარგის ჯაყელს შორის მომხდარი განხეთქილების შედეგად, ყაენმა 1266 წელს სამცხე საქართველოს მეფის ქვეშევრდომობას ჩამოაშორა და უშუალოდ თვითონ დაიქვემდებარა (,,ხას-ინჯუდ'' შეიწყალა).

დავით ულუ 1270 წელს გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. IV, თბ., 1973

ბ. ლომინაძე, მონღოლთა ბატონობა საქართველოში და ბრძოლა მის წინააღმდეგ (XIII ს-ის 40 –  XIV ს-ის 10-იან წ.წ.), სინ, ტ. III, თბ., 1979.

 

დავით VI ნარინი

ერთიანი საქართველოს მეფე 1246-1259 წლებში. რუსუდან მეფის ძე. 1230 წელს რუსუდანმა, დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს, თავისი ვაჟი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1243 წელს, მონღოლებთან დაზავების შემდეგ, დავითი ყაენთან გაგზავნეს მეფედ დასამტკიცებლად, სადაც მან რამდენიმე წელიწადს დაჰყო. მეფედ იგი მხოლოდ 1246 წელს დაამტკიცეს, რის შემდეგაც დავით გიორგი-ლაშას ძესთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. მონღოლებმა დავით რუსუდანის ძეს, როგორც ასაკით უმცროსს ნარინი (უმცროსი) უწოდეს.

1259 წელს დავით ნარინი განუდგა მონღოლებს. ჰულაგუ ყაენმა აჯანყების ჩასახშობად ჯარი გამოგზავნა არღუნ ნოინის მეთაურობით. მონღოლებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს, თავრიზს დაბრუნდნენ და ახალი ძალით კვლავ შემოუტიეს საქართველოს. ამჯერად, დავით ნარინმა გაცლა ამჯობინა და დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი, სადაც მტერმა გადასვლა ვერ შეძლო. ამრიგად, ლიხთ იმერეთი მოწყდა აღმოსავლეთ საქართველოს.

დავით ნარინი მთელი თავისი მეფობის პერიოდში ცდილობდა კავშირი დაემყარებინა ილხანთა მოწინააღმდეგე ქვეყნებთან (ოქროს ურდო, ეგვიპტის სასულთნო). მან 1269 წელს შეიკედლა აბაღა ყაენის წინააღმდეგ აჯანყებული ბატონიშვილი თეგუდარი. მაგრამ როდესაც თეგუდარის ლაშქარმა ძარცვას მიჰყო ხელი, დავით ნარინი დათანხმდა აბაღა ყაენის მიერ შეთავაზებულ წინადადებას თეგუდარისათვის დახმარების შეწყვეტაზე. 1269 წელს აღმოსავლეთ საქართველოში გადასულ თეგუდარ ბატონიშვილს დავით მეფემ უკან დასაბრუნებელი გზები ჩაუკეტა. რის შემდეგაც აბაღა ყაენმა თეგუდარი ხელში ჩაიგდო.

დაახლოებით ამავე პერიოდში დავით ნარინს განუდგა რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერის ძე, რომელმაც, მონღოლ ბატონიშვილთან ღალღურთან ერთად, განიზრახა მეფის შეპყრობა, მაგრამ მტერმა ვერც ამჯერად მიაღწია თავის მიზანს.

დავით ნარინი ცდილობდა საქართველოს გავლენის შენარჩუნებას ტრაპიზონის სამეფოზე. 1282 წელს იგი ტრაპიზონის სამეფოში შეიჭრა, ქალაქ ტრაპიზონამდე მთელი ტერიტორია დაიკავა, მაგრამ ქალაქი ვერ აიღო.

დავით ნარინი 1293 წელს გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973

ბ. ლომინაძე, მონღოლთა ბატონობა საქართველოში და ბრძოლა მის წინააღმდეგ (XIII ს-ის 40 –  XIV ს-ის 10-იან წ.წ.), სინ, ტ. III, თბ., 1979.

 

დემეტრე II თავდადებული

საქართველოს მეფე 1270-1289 წლებში, დავით VII ულუს ძე.

1270 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა მეფედ 11 წლის დემეტრე დაამტკიცეს და მცირეწლოვანების გამო მეურვედ მონღოლთა ყაენის ნდობით აღჭურვილი სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს. მონღოლთავე გადაწყვეტილებით დემეტრემ მას ათაბაგობა უბოძა. სადუნი მხარგრძელთა ყმა-აზნაური იყო, რომელიც მონღოლთა ყაენმა ,,ფრიად განადიდა''. დემეტრეს მცირეწლოვანების დროს იგი ფაქტიურად მთელს ქვეყანას განაგებდა, ამისრსპასალარიც გახდა, აღზევდა და გამდიდრდა. ხოლო დემეტრე მეფე ,,ხელთა შინა სადუნისათა იყო''. სადუნის გარდაცვალების შემდეგ, ამ სახლის დასუსტების მიზნით, დემეტრემ ათაბაგობა მის შვილს ყუთლუ-ბუღას აღარ მისცა, მას მხოლოდ ამირსპასალარობა აკმარა, რის გამოც მან მეფეს საბედისწერო ჟამს სამაგიერო გადაუხადა.

დემეტრე II სამფლობელო მხოლოდ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს მოიცავდა, დასავლეთ საქართველოში დავით ნარინი მეფობდა, სამცხე კი 1266 წლიდან ხასინჯუდ იყო გამოყოფილი და უშუალოდ მონღოლთა ყაენს ემორჩილებოდა.

დემეტრე II მეფობის ჟამს ქვეყანა მონღოლთა ბატონობის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1278 წელს მონღოლებმა საქართველოში კიდევ ერთხელ ჩაატარეს აღწერა, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ პირველი აღწერის (1254-1256 წწ.) შემდეგ ქვეყნის დიდი ნაწილი მოოხრებულიყო. ახალგაზრდა მეფე ცდილობდა, გამოესწორებინა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და შეემსუბუქებინა მონღოლთა მიერ ქართველების ჩაგვრა. მან ხელახლა დაასახლა გაუკაცრიელებული ადგილები, ,,აღაშენნა ქუეყანანი, მოოჴრებულნი'', ხოლო ღარიბებს, დავრდომილებსა და ობლებს პირადად შეეწეოდა – ჩვეულებად ჰქონდა ღამ-ღამობით თბილისის ქუჩების მოვლა და მათთვის დახმარების აღმოჩენა. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობის სიმძიმისა, მან შესძლო აეშენებინა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი თბილისში.

ქვეყნისათვის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მეფე დემეტრე ყაენის კართან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა და ერთგულად ასრულებდა მონღოლთა მიერ დაკისრებულ სამხედრო ბეგარას – ქართველთა ჯარით მონაწილეობდა მათ ლაშქრობებში. ასე ილაშქრა 1277, 1280, 1281 წლებში მონღოლთა ბრძოლებში ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ათასობით ქართველმა, დემეტრე მეფის მეთაურობით. განსაკუთრებით მძიმე იყო 1281 წელს ქ. ამასიასთან ბრძოლის შედეგები, სადაც მონღოლები დამარცხდნენ, უმრავლესობა ქართველების მხრიდან დაიღუპა, ხოლო თვით მეფე დემეტრე სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

1289 წელს მეფემ მონაწილეობა მიიღო მონღოლთა ბრძოლაში ჩრდილოეთის ურდოს წინააღმდეგ დარუბანდის ციხე ანიყასთან.

დემეტრე II-ემ სამცხის მთავარს ბექა ჯაყელს მანდატურთუხუცესობა უბოძა და ამ მხარესთან ურთიერთობა განამტკიცა.

1289 წელს ილხანთა მონღოლური სახელმწიფოს ყაენის პირველ ვაზირს ბუღას ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება დაბრალდა, რის გამოც სიკვდილით იქნა დასჯილი. მეფე დემეტრე, როგორც ბუღასთან დაახლოებული პირი, ყაენის კარზე დაიბარეს, სადაც მის წინააღმდეგ მოქმედებდა მასზე განაწყენებული სადუნ მანკაბერდელის ძე ყუთლუ-ბუღა. დემეტრეს ყაენის კარზე სიკვდილით დასჯა ე

ლოდა, რადგან მონღოლური წესის თანახმად ისჯებოდა არა მხოლოდ პირადად ბრალდებული, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრი, ნათესავი და ახლობელ-მეგობარი. დემეტრემ დარბაზი მოიწვია და რჩევა სთხოვა. დარბაზის წევრებმა მეფეს აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) ან მთიულეთში გახიზვნა ურჩიეს, მაგრამ დემეტრემ ეს რჩევა არ მიიღო და სიტყვით მიმართა მათ: ,,თუ არ წავიდე ურდოსა და წარვიდე მთიულეთს... იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსვრიან. და უკეთუ წარვიდე ყაენის წინაშე, დასტურობით უწყი მომკლავს... მე დავდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არ დავიშლი ურდოს წასვლასა''-ო. მეფის ამ სიტყვებიდან, რომელიც მისივე თანამედროვე ისტორიკოსის მიერაა დაწერილი, ჩანს, რომ მან გადაწყვიტა თავი გაეწირა სამშობლოსა და ერისათვის; მან იცოდა, რომ ყაენის კარზე გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, სამაგიეროდ ,,ვგონებ რომე ქვეყანა უვნებელი დარჩეს''-ო, ამიტომ გადაწყვეტილება ვერავინ შეაცვლევინა.

მეფე დემეტრე ურდოში გაემგზავრა ქართლის (აღმოსავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქ აბრაჰამ I-ის (დაახლ. 1282-1310 წწ.), სამღვდელოების და მთავრების თანხლებით. გასამართლების შედეგად მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რაც სადუნის ძის ყუთლუ-ბუღას მოქმედებამაც განაპირობა. (სამაგიეროდ მან ათაბაგობა და ამირსპასალარობა მიიღო).

1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდ. მტკვრის პირას მეფე დემეტრე II-ეს თავი მოჰკვეთეს, რის გამოც მას შთამომავლობამ თავდადებული უწოდა, ამ თავდადებისთვის კი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა და ხსენების დღედ 12 (25) მარტი დაადგინა.

თავდადებული მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა მალულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალეს მცხეთას, სვეტიცხოვლის ტაძარში.

მე-XIV ს-ის ქართველი ისტორიკოსის ჟამთააღმწერლის ცნობით, ,,იყო ესე დიმიტრი ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერი, თუალითა გრემან, ბეჭ-ბრტყელ და შეწყობილ სამჴედროთა წესითა, სრული ცხენოსანი და მშვილდოსანი რჩეული, უხჳ, მოწყალე და მდაბალი, გლახაკთა, ქურივთა და დავრდომილთა მოწყალე, რომელ არა სმენილ არს ნათესავი მეფეთა გინა სხუათა კაცთა''.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973

ბ. ლომინაძე, მონღოლთა ბატონობა საქართველოში და ბრძოლა მის წინააღმდეგ (XIII ს-ის 40 –  XIV ს-ის 10-იან წ.წ.), სინ, ტ. III, თბ., 1979.

დ. ნინიძე, ქართული დიპლომატია XIII ს-ში, ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1998.

 

ვახტანგ II

აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1292 წლებში. დავით ნარინის ძე. დემეტრე II-ეს სიკვდილით დასჯის შემდეგ, ხუტლუ ბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) მეცადინეობით, ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დავით ნარინის შემდეგ ვახტანგი დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა მემკვიდრეობით, რასაც მონღოლთა მფლობელობის ქვეშ საქართველოს გამთლიანება მოჰყვებოდა. მაგრამ 1292 წელს მეფე ვახტანგი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი გელათის მონასტერშია დაკრძალული.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

 

დავით VIII

საქართველოს მეფე 1293-1311 წლებში, – დემეტრე II-ეს ძე.

XIII-XIV საუკუნეთა მიჯნა საქართველოში შინაპოლიტიკური ბრძოლის განსაკუთრებული გამწვავებით აღინიშნა. დროის მცირე მონაკვეთში აღმოსავლეთ საქართველოში დავით VIII-ის გარდა რამდენიმე სრული ძალაუფლების მქონე მეფე მოღვაწეობს: ვახტანგ III (1298-1304), გიორგი V (1299-1318), გიორგი VI (1308-1318), დასავლეთ საქართველოში – კონსტანტინე და მიქაელი. ამრიგად, იურიდიულად, ჯერ კიდევ ერთიანი საქართველოს სამეფოში 1298-1318 წლებში ერთდროულად რამდენიმე მეფის ,,ხელმწიფობაა'' დადასტურებული. საქართველოს ასეთი რთული საშინაო ვითარება გამოწვეულია მისი საგარეო მდგომარეობით. პოლიტიკურად საქართველო ილხანთა მონღოლურ სახელმწიფოზე დამოკიდებულ სამეფოდ რჩება, ,,გურჯისთანის ვილაიეთის'' სახელწოდებით. მონღოლთა სახელმწიფოს გამუდმებული ბრძოლები მეზობელ ქვეყნებთან, შიდაფეოდალული აშლილობა, ტახტისათვის ბრძოლა, ეკონომიკური კრიზისი უშუალო გავლენას ახდენს საქართველოს სახელმწიფოზე და განაპირობებს მის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკას.

1293 წელს ქეიღათუ ხანმა (1291-1295) საქართველოს (რეალურად აღმოსავლეთ საქართველოს) მეფედ დავით VIII დაამტკიცა. რადგან იგი ქეიღათუს მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში მონაწილეობდა. დავითი სამეფო ტახტის დაკავების შემდეგ, ყველა ღონეს ხმარობს, რათა ილხანთა სახელმწიფოს შინააშლილობა და ოქროს ურდოსთან დაპირისპირება თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს. იგი მიმართავს, როგორც დიპლომატიური მოლაპარაკების გზას, ასევე აჯანყებას, აშკარა დაპირისპირებას, შეურიგებელ წინააღმდეგობას.

დავით VIII აქტიურ მონაწილეობას იღებს ილხანთა ნოინების მიერ ქეიღათუ ყაენის წინააღმდეგ აჯანყებაში და მხარს უჭერს ბატონიშვილ ბაიდუს გაყაენებას. ამ მხარდაჭერისათვის იგი იბრუნებს დმანისს, რომელიც თავის დროზე სადუნ მანკაბერდელმა დემეტრე II-ეს გამოსტყუა და თავის შთამომავლებს გადასცა. მართალია, 1295 წელს ბაიდუ გაყაენდა, მაგრამ იგი მალევე ყაზანმა მოაკვლევინა და თვითონ დაჯდა ტახტზე. ყაზანის გაყაენებით (1295-1304) საილხანოში არსებული ანარქია დასრულდა. მონღოლური წესის მიხედვით, ბაიდუს მოკვლასთან ერთად მისი მომხრე ნოინებიც დაისაჯნენ, ამდენად დავით VIII-საც სახიფათო მდგომარეობა შეექმნა. ყაზანმა 1297 წლის ნოემბერში დავითი ურდოში დაიბარა. ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთს შეეხიზნა. გაამაგრა ჟინვანი, ,,შეკრა სიბა და მცველნი დაუდგინა'', თვითონ მოდიმნახეს ციხეში დადგა. დავით VIII ცდილობს გამოიყენოს ოქროს ურდო ყაზანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიზნით იგი თავის ძმას, ვახტანგს, დიპლომატიური მისიით აგზავნის ყაენთან. მას პოლიტიკურ კავშირს და ირანში შესასვლელად უმოკლეს გზას, დარიალს სთავაზობს, რისთვისაც ოქროს ურდოს ყაენმა იგი ,,კეთილად შეიწყნარა და უქადა ქუეყანა და საჭურჭლე მრავალი''. ამგვარად, აჯანყებული მეფე ილხანთა ყაენისათვის მეტად საშიში მეტოქე ხდება.

ყაზან-ყაენმა დავითთან დაზავების მიზნით საქართველოში დიდი ნოინი ხუტლუშა წარმოგზავნა, რომელიც ,,დადგა ტფილისს''. დაიწყო მოლაპარაკება. მონღოლებმა ქართველებისგან ითხოვეს ,,კაცნი სარწმუნონი მისანდობელად''. დავით VIII-ე აგზავნის კათალიკოს აბრაჰამს, ივანე ბურსელს, ტფილელ ყადს. მათ საპასუხოდ ,,მისცეს ბეჭედი ყაენისა და სიმტკიცე უვნებლობისა''. როგორც ჩანს, დავითი არ ენდო ილხანს და ოქროს ურდოსთან 1298 წელს მოლაპარაკება განაახლა. ყაზან-ყაენი ისევ ცდილობს დავითთან დაზავებას, მაგრამ ამაოდ. ამ ხნის განმავლობაში მონღოლთა დამსჯელი რაზმები აოხრებენ საქართველოს კუთხეებს, განსაკუთრებით იმ ადგილებს, სადაც მეფე იმალება. ჟამთააღმწერელი დაწვრილებით აღწერს არსებულ ვითარებას. ურდოდან მოსულმა ურიცხვმა ლაშქარმა მოარბია სომხეთი, ქართლი, თრიალეთი, ერწო, დაბანაკდა მუხრანში და თიანეთი დაიკავა. ამ ვრცელი ტერიტორიიდან ისინი მარბიელი ლაშქრობით საქართველოს ძარცვა-გაპარტახებას შეუდგნენ, რაც ყოველ შემოდგომა-გაზაფხულს მეორდებოდა. ასეთმა თარეშმა უმძიმესი შედეგი გამოიღო. ,,არა იყო თესვა და არცა შენება ყოვლად''. ჩრდილო-კავკასიური ტომებით შევიწროებულმა ოსურ ტომთა ბელადებმა მარჯვედ ისარგებლეს ილხანთა ურდოს მხარდაჭერით და აჯანყების ცეცხლში გახვეული ქართლის პოლიტიკური დასუსტებით. მათ დაიჭირეს ლიახვის ხეობა და შიდა ქართლსაც შემოუტიეს. ქართველ აზნაურთა მიწისმფლობელობა საფრთხის წინაშე დადგა და ისიც თავდაუზოგავად იბრძვის.

მიუხედავად მონღოლთა მრავალგზის შემოტევებისა, დავით VIII-ემ მოახერხა მის ხელთ არსებული ძალების სწორი ორგანიზება. როგორც გამოცდილმა მხედართმთავარმა, კარგად იცოდა მონღოლური ბრძოლის წესები, რომელთაც იგი ილხანთა კარზე ყოფნისას დაეუფლა. (1289 წელს იგი დემეტრე II-ემ ილხანთა ურდოში წაიყვანა) დავით VIII-ემ ხადაში ამოსულ მონღოლებს პარტიზანული ბრძოლები გაუმართა, გამაგრდა ციკარეში, ქართველებმა მონღოლები ისეთ ადგილებში მოაქციეს, რომ ,,ქუეითად იბრძოდნენ თათარნი'', რამაც მათი დამარცხება გამოიწვია. დავითმა ცხავატში ხუთასი მონღოლი გაწყვიტა.

რადგან ყაზან-ყაენმა დავითი ვერც დაიჭირა და ვერც დაიმორჩილა, მის ხელისუფლებას ძმები დაუპირისპირა. მონღოლებმა ვახტანგი (III) და გიორგი (V) გაამეფეს და რეალური ძალაუფლება მიანიჭეს. ამის საფუძველზე 1302 წელს მოხდა გარკვეული შეთანხმება. დავითს ყაენმა სამმართველოდ ჯავახეთი და ალასტანი მისცა, სადაც დაფუძნდა კიდეც. აქედან იწყება დავით VIII-ეს მოღვაწეობაში ახალი დიპლომატიური ხაზი. დავითი იწყებს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გასათავისუფლებლად. 1301-1304 წლებში ეგვიპტის სულთანის კარმა სამჯერ დაამარცხა ყაზან-ყაენისა და ვახტანგ III-ის გაერთიანებული ლაშქარი. აშკარაა, რომ ილხანებს აღარ შესწევთ ძალა სირია-პალესტინის დაპყრობისა. დავით VIII-ის კარის დიპლომატია ითვალისწინებს ამ მომენტს და მოლაპარაკებას აწარმოებს ეგვიპტესთან, რომელთანაც ახალ ურთიერთობას ამყარებს.

დავით VIII-ემ ამ ურთიერთობაში კონსტანტინოპოლიც ჩართო: საქართველოს მეფის დესპანების თხოვნა ანდრონიკე II (1282-1328) დააკმაყოფილა და თავისი ელჩები გააყოლა ეგვიპტეს. აღნიშნული მისიის საშუალებით საქართველომ, ჯვრის მონასტრის გათავისუფლების თხოვნასთან ერთად, ეგვიპტის სულთანს მოკავშირეობა აღუთქვა.

1305* წლის ქართველთა ელჩობა წარმატებით დასრულდა, ეგვიპტემ დააკმაყოფილა დავით VIII-ის თხოვნა და ქართველებს წმინდა სალოცავი დაუბრუნა. ეგვიპტის ,,სწავლული ხალხის'' გადაწყვეტილების საფუძველზე იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გადაეცათ ქართველებს და აღდგენილ იქნა იერუსალიმში გაშლილი ეროვნული დროშებით შესვლა, გათავისუფლება ყოველგვარი გადასახადებისაგან, უფლება ცხენზე სწორად ამხედრებისა. ამ ფაქტს ივ. ჯავახიშვილი ,,დიპლომატიურ გამარჯვებას'' უწოდებს.

1331 წელს დავით VIII გარდაიცვალა. მისმა მფლობელობამ ჯავახეთსა და ალასტანში საფუძველი დაუდო ალასტანელი ,,პროვინციის მეფეების'' შ

ტოს ჩამოყალიბებას.

დავით VIII-ის მოღვაწეობა თანამედროვე ისტორიოგრაფიაში შეფასებულია, როგორც წინა ეტაპი და მოსამზადებელი ხანა გიორგი ბრწყინვალის დიპლომატიისათვის, რასაც საქართველოში მონღოლთა ბატონობის დასრულება  მოჰყვა.

 

* არის მოსაზრება რომ ამ მოვლენებს ადგილი ჰქონდა 1310 წელს.

 

ლიტ.: ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973

დ. ნინიძე, ,,მრავალმეფიანობის'' ხანის (1298-1318) ქართული დიპლომატია, ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ. 1998.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. III, თბ., 1982.

 

ვახტანგ III

ერთიანი საქართველოს მეფე 1298, 1302-1308*

დემეტრე II თავდადებულის ძე. ყაზან ყაენმა, დავით VIII-სთან  დაპირისპირების მიზნით, ვახტანგი 1298 წელს მეფედ დაამტკიცა. ფაქტობრივად ვახტანგ III-ის სამფლობელო თბილისსა და თბილისის სამხრეთით მდებარე ნაწილით, დმანის-სამშვილდით შემოიფარგლებოდა.

დავით VIII-ემ შეიპყრო ვახტანგი და შემდეგ ივანე ბურსელის შუამდგომლობით გაათავისუფლა. 1302 წელს იგი ყაზან ყაენმა ხელახლა დაამტკიცა საქართველოს მეფედ.

1299 წლიდან მოყოლებული ვახტანგ III საქართველოს ლაშქართან ერთად მონაწილეობას იღებდა მონღოლების მიერ წარმოებულ ბრძოლებში ჯერ ეგვიპტის, შემდეგ კი გილანელების წინააღმდეგ (1306 წ.).

ვახტანგ III 1308 წელს გარდაიცვალა.

 

* დ. ნინიძეს აზრით, 1304 წელს ვახტანგ III უკვე გარდაცვლილია.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

დ. ნინიძე, XIV ს-ის დამდეგის საქართველოს ისტორიის რამდენიმე ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხი, თსუ შრომები, N 283, თბ., 1989.

დ. ნინიძე, ,,მრავალმეფიანობის'' ხანის (1298-1318) ქართული დიპლომატია, ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ. 1998.

 

გიორგი VI მცირე

ერთიანი საქართველოს მეფე 1308, 1314-1318 წლებში. დავით VIII-ეს ძე. მონღოლებმა გიორგი ჯერ კიდევ მამამისის სიცოცხლეშივე გაამეფეს და მეურვედ დაუნიშნეს დემეტრე II-ეს ვაჟი გიორგი (შემდეგში გიორგი V ბრწყინვალე).

1314 წელს გიორგი VI მონღოლებმა ხელმეორედ გაამეფეს. 1316-1317 წლებში გიორგი მეფეს წარუმატებლად ულაშქრია დვალეთში, რის შემდეგაც მისი ხელისუფლება საბოლოოდ დასუსტდა. სხვა ცნობები გიორგი VI-ეს მოღვაწეობის შესახებ არ მოგვეპოვება.

 

ლიტ.: ბ. ლომინაძე, საქართველო XIV საუკუნის პირველ ნახევარში. მონღოლთა ბატონობის გადაშენება. გიორგი V ბრწყინვალე, სინ, ტ. III, თბ., 1979.

დ. ნინიძე, საქართველოს სახელმწიფო საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დამდეგს, ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1998.

დ. ნინიძე, XIV ს-ის დამდეგის საქართველოს ისტორიის რამდენიმე ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხი, თსუ შრომები, N 283, თბ., 1989.

 

გიორგი V ბრწყინვალე

ერთიანი საქართველოს მეფე 1299; 1318-1346 წლებში* (*გიორგი V ბრწყინვალის გამეფების თარიღის საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. მკვლევართა ნაწილის აზრით, იგი გამეფდა 1314 წელს), დემეტრე II თავდადებულისა და ნათია ჯაყელის ძე.

ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, როდესაც ყაზან ყაენმა 1299 წელს მეფედ დანიშნა და აჯანყებულ ნახევარძმას – დავით VIII-ეს დაუპირისპირა. ამ დროს გიორგის ძალაუფლება მხოლოდ თბილისზე ვრცელდებოდა და მისი მეფობა ცხადია ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

XIV საუკუნის 10-იან წლებში, როდესაც მონღოლებმა მეფედ გიორგი VI მცირე დასვეს, მას მეურვედ ბიძა – გიორგი V დაუნიშნეს. უკვე ამ დროიდან გიორგი V იწყებს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. სწორედ მის სახელს უკავშირდება 1316-1317 წლებში მოწყობილი ელჩობა ეგვიპტის სულთანთან, რომლის შედეგადაც ქართველებს დაუბრუნდათ ჯვრის მონასტერი (მანამდე მეჩეთად იყო ქცეული) და ასევე გადმოეცათ ,,კლიტენი იერუსალემისანი'' (იგულისხმება წმინდა საფლავის ტაძრის გასაღები. სავარაუდოა, რომ დავით VIII-ის დროს დახსნილი მონასტერი შემდგომ კვლავ ეგვიპტელებმა მიიტაცეს).

1318 წელს გიორგი V მეორედ და ამჯერად საბოლოოდ იკავებს ტახტს. ,,და იწყო მთიებმან აღმოჭვირვებად'' – ასე აფასებს ამ ფაქტს XIV ს-ის ქართველი ისტორიკოსი. გიორგის გამეფების ჟამს, ერთიანი საქართველო აღარ არსებობს. სამეფო სამ ნაწილად არის დაშლილი, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, მეფის ხელისუფლება დასუსტებულია. ასეთ ვითარებაში გიორგიმ, თავის წინამორბედებთან შედარებით, მონღოლებთან ურთიერთობის განსხვავებული გზა აირჩია. მან, საყაენოსთან შეიარაღებული დაპირისპირებისა და აჯანყების ნაცვლად, მათთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარება გადაწყვიტა, კერძოდ, გიორგიმ კარგი ურთიერთობა დაამყარა პირველ ემირ-ჩობანთან, რომელიც მცირეწლოვანი ყაენის აბუსაიდის დროს ფაქტიურად მთელს საყაენოს განაგებდა. თავის მხრივ ჩობანიც დაინტერესებული იყო გიორგისთან მეგობრობით.

1320 წელს ახალი ელჩობა გაიგზავნა ეგვიპტის სულთანთან. ეს დიპლომატიური მისია, ამჯერად, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ახლად შეკაზმვის საკითხთან და სხვა ქართული სალოცავების განახლება-მშენებლობასთან იყო დაკავშირებული.

გიორგი V-ემ უფლება მიიღო ჩობანისაგან, რომ თავად აეკრიფა ხარკი. ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან ქვეყანამ დაისვენა ბასკაკების (გადასახადების ამკრეფი საგანგებო მოხელეები) თვითნებობისაგან.

გიორგი მეფე აქტიურად შეუდგა ქვეყნის შიგნით წესრიგის აღდგენასა და სამეფო ხელისუფლების გაძლიერებას. სამი წლის ალყის შემდეგ განთავისუფლებული იქნა გორი ოსებისაგან და ეს უკანასკნელნი განიდევნენ საქართველოდან.

მეფის ხელისუფლების გაძლიერებას უარყოფითად ხვდებოდნენ ცალკეული ერისთავები და დიდებულები. ცხადი იყო, რომ სანამ არ დაითრგუნებოდა მათი თვითნებობა, მანამ სამეფოში არ აღგებოდა სიმშვიდე და სიწყნარე. გიორგი V-ემ მეტად რადიკალური, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი გადადგა – მისი ბრძანებით ცივის მთაზე სადარბაზოდ მოწვეული ურჩი ერისთავები შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

1329 წელს გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს მეფე მიქელი, დავით ნარინის ძე. ამით ისარგებლა გიორგიმ, გადავიდა დასავლეთ საქართველოში და აიღო ქუთაისი. დასავლეთ საქართველოს მთავრებმა და ერისთავებმა მორჩილება გამოუცხადეს მეფეს.

1334 წელს სამცხის მთავრის სარგის II ჯაყელის გარდაცვალების შემდეგ, მეფემ ეს მხარეც შემოიერთა და ათაბაგობა სარგისის ძეს – ყვარყვარეს უბოძა.

XIV ს-ის 30-იან წლებში მეფის ინიციატივით მოიწვიეს საეკლესიო კრება. ცხადია, რომ მონღოლთა ბატონობამ გავლენა ეკლესიაზეც იქონია და საჭირო იყო აქაც წესრიგის აღდგენა.

მეფის ბრძანებითა და მისი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა სამართლის წიგნი – ,,ძეგლის დადება''. ეს იყო 46 მუხლისაგან შემდგარი კოდექსი, რომელიც განკუთვნილი იყო ერთი კონკრეტული კუთხის – ქართლის მთიანეთისათვის, სადაც მონღოლთა ბატონობის პერიოდში განსაკუთრებით აირია მდგომარეობა (ძალზედ ნიშანდობლივია, რომ სანამ ამ სამართლის ძეგლს შეადგენდნენ, მეფემ თავად მოინახულა ეს მხარე).

ამავე პერიოდში შეიქმნა სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი – ,,ხელმწიფის კარის გარიგება''. მასში განსაზღვრული იყო სამეფო კარის ეტიკეტი, სხვადასხვა მოხელეთა უფლებები და მოვალეობები.

გიორგი V-მ ისარგებლა არეულობით, რომელიც დაიწყო საყაენოში ემირ ჩობანის მკვლელობის შემდეგ (1322 წელს ის ყაენმა აბუ-საიდმა მოაკვლევინა) და საქართველოში მდგარი მონღოლთა ჯარი გააძევა ქვეყნიდან. საქართველომ საბოლოოდ გადაიგდო მონღოლთა ასწლოვანი უღელი.

მეფემ საფინანსო რეფორმაც ჩაატარა და მოჭრა ვერცხლის ახალი ფული, რომელსაც ,,გიორგაული თეთრი'' ეწოდა.

წარმატებებმა ქვეყნის შიგნით საშუალება მისცა გიორგი V-ს აქტიური საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინა. საქართველო ჩაერია ტრაპიზონის საკეისროს საქმეებში და მხარი დაუჭირა პროქართულ დაჯგუფებას, რომელსაც დედოფალი ანახუტლუ მეთაურობდა.

გიორგი V-ს მიმოწერა ჰქონდა რომის პაპ იოანე XXII-თან. პაპის ბრძანებით კათოლიკური საეპისკოპოსო ცენტრი ქ. სმირნიდან გადმოტანილი იქნა თბილისში. საქართველოში დაინიშნენ კათოლიკე ეპისკოპოსები (იოანე ფლორენციელი – თბილისში, პეტრე გერალდი – სოხუმში).

დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მეფეს საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან, რომელსაც ,,წმინდა მიწის'' გამოსახსნელად დახმარებას ჰპირდებოდა 30 000 მოლაშქრით.

სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს იტალიის ქალაქებთან – ვენეციასა და გენუასთან.

საქართველოს სამეფოს დიდ საერთაშორისო ავტორიტეტზე ის ფაქტიც კი მიუთითებს, რომ ეგვიპტის სულთანმა უფლება მისცა ქართველებს აეშენებინათ ახალი ტაძარი იერუსალიმში, მაშინ როდესაც იმავე დროს მეჩეთის მშენებლობის უფლება არ მისცეს ოქროს ურდოს ყაენს.

გიორგი V-მ შესძლო თავისი მეფობის მანძილზე აღედგინა ქვეყნის ერთიანობა, განემტკიცებინა მისი საერთაშორისო ავტორიტეტი.

ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავდა: ,,ხოლო ამისთვის ეწოდა ამას გიორგი ბრწყინვალე, რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე, უხვი, ობოლთა და ქურივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაითგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე გონიერებითა თვისითა კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი, რჯული და სამოქალაქო წესნი განაბრწყინვა, ეკლესიანი დარღუეულნი და მოოხრებულნი აღაშენნა, განაახლნა და განანათლნა. ხოლო რანი, შარვანში და მოვაკანი მოხარკედ ჰყვნა თავისად. სძლო ყოველთა, სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა სიბრძნე-გონიერებითა და მეცნიერებითა თვისითა დაამშვიდნა''.

1346 წელს გიორგი ბრწყინვალე გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973

ბ. ლომინაძე, საქართველო XIV საუკუნის პირველ ნახევარში. გიორგი V ბრწყინვალე, სინ, ტ. III, თბ., 1979

დ. ნინიძე, XIV ს-ის დამდეგის საქართველოს ისტორიის რამდენიმე ისტორიულ-ქრონოლოგი

ური საკითხი, თსუ შრომები, N 283, თბ., 1989.

დ. ნინიძე, საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები XIV ს-ის 20-40-იან წლებში. გიორგი V ბრწყინვალის დიპლომატია, ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1998.

ვ. კიკნაძე – საქართველო XIV საუკუნეში, თბ., 1989.

 

დავით IX

ერთიანი საქართველოს მეფე 1346-1360 წლებში. გიორგი V ბრწყინვალეს ძე. მისი მეფობის დროს მძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემია (1348 წ.).

დავით IX 1360 წელს გარდაიცვალა გეგუთში. იგი დაკრძალულია გელათში.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

 

ბაგრატ V

ერთიანი საქართველოს მეფე 1360-1393 წლებში. დავით IX-ეს ძე. ბაგრატ V-ის მეფობის პერიოდში კვლავ თავი უჩენია შავი ჭირის ეპიდემიას.

1386 წელს საქართველოს თემურლენგი შემოესია. მიუხედავად ქართველთა მხრიდან გაწეული დიდი წინააღმდეგობისა, მან თბილისი მაინც აიღო (1386 წლის 21 ნოემბერი). უთვალავი და ურიცხვი ხალხი დაატყვევა. თემურლენგმა ყარაბაღში წაიყვანა დატყვევებული ბაგრატ მეფეც მეუღლე ანასთან და შვილ დავითთან ერთად და მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ გამოუშვა სამშობლოში. თემურლენგმა ბაგრატ მეფეს თან 12 000-იანი მონღოლთა ლაშქარი გამოაყოლა საქართველოს მოსახლეობის გასათათრებლად. ბაგრატ V ფარულად შეუთანხმდა თავის შვილს გიორგის და სთხოვა მას დახმარება. მართლაც, გიორგი ბატონიშვილი ჩაუსაფრდა ვიწრო ადგილებში შეყვანილ თემურლენგის მხედრობას, მთლიანად გაანადგურა და მამა იხსნა მტრისაგან. ამის საპასუხოდ განრისხებული თემურლენგი 1387 წელს კვლავ შემოესია საქართველოს. ბაგრატ V მომზადებული დახვდა მტერს და სასტიკი წინააღმდეგობაც გაუწია. მიუხედავად ამისა ,,სპითა სიმრავლისაგან თათართასა მძლე ექმნეს თათარნი''. მართალია, ამ ომში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ ეს ჯერ არ მოასწავებდა საქართველოს დაპყრობა-დამორჩილებას.

ბაგრატ V 1393 წელს გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973

კ. ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე, სინ, ტ. III, თბ., 1979.

 

გიორგი VII

ერთიანი საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში. ბაგრატ V-ეს ძე. გიორგი VII-ეს მეფობის დროს 1394-1403 წლებში თემურლენგი მრავალჯერ შემოესია საქართველოს. მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, თრიალეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი. თემურლენგის მთავარი მიზანი ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხი წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება.

1403 წელს თემურლენგმა ზავი დადო გიორგი VII-თან, რომლის პირობების თანახმად ქართველთა მხარეს ხარკის გადახდა, ჯარის გამოყვანა, სამიმოსვლო გზების დაცვა ევალებოდა, სამაგიეროდ, თემურლენგი საქართველოს ხელშეუხებლობას აღუთქვამდა და ცნობდა როგორც ქრისტიანულ ქვეყანას.

გიორგი VII 1407 წელს დაიღუპა თურქმან ტომებთან ბრძოლაში.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

კ. ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე, სინ, ტ. III, თბ., 1979.

დ. კაციტაძე, საქართველო XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1975.

 

კონსტანტინე I

ერთიანი საქართველოს მეფე 1407-1412 წლებში. ბაგრატ V-ეს ძე. 1401 წელს კონსტანტინე ბატონიშვილი, თავისი ძმის, საქართველოს მეფის გიორგი VII-ეს დავალებით, აწარმოებდა მოლაპარაკებას შამქორში მდგარ თემურლენგთან.

1411 წელს კონსტანტინე მეფე შარვანშაჰთან ერთად მონაწილეობდა თურქმანების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. მოკავშირეებმა ჩალაღანთან სასტიკი დამარცხება განიცადეს.

1412 წელს დატყვევებულ კონსტანტინე I-ს ყარაიუსუფის ვაჟმა ფირ-ბუდაყმა საკუთარი ხელით თავი მოკვეთა.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973

კ. ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე, სინ, ტ. III, თბ., 1979.

დ. ნინიძე, საქართველოს სახელმწიფო საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის დამდეგს, ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1998.

 

ალექსანდრე I დიდი

ერთიანი საქართველოს მეფე 1412-1442 წლებში. კონსტანტინე I-სა და ნათია ამირეჯიბის ძე. ალექსანდრე მეფის მთავარი საზრუნავი იყო ურჩი მთავრების დამორჩილება და თურქთა შემოსევების წინააღმდეგ ბრძოლა. მან დაამარცხა განმდარი ივანე ათაბაგი. ასევე დაიმორჩილა სამეგრელოს მთავრის მამიას ძე და აფხაზეთის მთავარი შერვაშიძე (1414-1415 წწ.).

1431 წელს ალექსანდრე მეფემ ციხე-ქალაქი ლორე და ლორეს ველი დაიკავა, რომელიც მანამდე თურქმან მომთაბარეებს ეპყრათ. 1434-1435 წლებში შემოიერთა სივნიეთის მხარე, რამაც საქართველოს მოსახლეობას 60 000-ზე მეტი კომლი შეჰმატა.

ალექსანდრე I-მა დაიწყო თემურლენგისა და თურქმანთა შემოსევებისაგან დანგრეული ქვეყნის აღდგენა. 1425 წელს მან შემოიღო სპეციალური საკომლო გადასახადი, რომლის შემოსავლითაც შეაკეთა სვეტიცხოველი, რუისის ეკლესია და მრავალი სხვა ციხე თუ ტაძარი. ალექსანდრე მეფემ საქართველოში შეკრებილი თანხა საზღვარგარეთის ქართულ მონასტრებსაც მოახმარა. 1440 წელს მეფემ ეს გადასახადი გააუქმა.

1440 წელს საქართველოს შემოესია შავბატკნიან თურქმანთა ლაშქარი ჯეჰან შაჰის მეთაურობით. მტერმა საშინელი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ სამშვილდე და თბილისი დაიპყრო.

ალექსანდრე I-ის მეფობის დროს სამეფო დოკუმენტები მტკიცდებოდა არა მხოლოდ მეფის, არამედ დედოფლისა და უფლისწულთა სახელითაც, რაც აშკარად მოწმობს ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებას.

1442 წელს სამეფოში შექმნილი რთული ვითარების გამო ალექსანდრე I ტახტიდან გადადგა და ათანასეს სახელით ბერად აღიკვეცა.

 

ლიტ.: ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, თბ., 1966.

ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VI, თბ., 1973

ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, სენიორიები, ტ. I, თბ., 1966.

ბ. ლომინაძე, საქართველო XV საუკუნის პირველ ნახევარში. ღონისძიებები ქვეყნის აღდგენისათვის. ალექსანდრე I დიდი, სინ, ტ. III, თბ., 1979.

 

ვახტანგ IV

ერთიანი საქართველოს მეფე 1442 (43) – 1446 წლებში – ალექსანდრე I-ის ძე.

ალექსანდრე I აღიკვეცა რა ბერად, მან სამეფო ტახტზე დაადგინა უფროსი ვაჟი ვახტანგი. მისი მეფობის დროს ყარაყოინლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჯეჰან-შაჰი 1444 წელს ხელმეორედ შემოესია საქართველოს: დაესხა თავს ახალციხეს. ვახტანგ IV-მ მტერს სასტიკი ბრძოლა გაუმართა, იმ დღეს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილითაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ჯეჰან-შაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი.

ვახტანგ IV-ის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი თავის მეუღლესთან ფანასკერტელის ასულ სითიხათუნთან ერთად დაკრძალულია ბანას საკათედრო ტაძარში.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 1967.

 

გიორგი VIII

ერთიანი საქართველოს მეფე 1446-1466 წლებში, კახეთის მეფე 1466-76 წლებში, ალექსანდრე I-სა და დედოფალ თამარის ვაჟი.

გამეფდა 1446 წელს თავის ნახევარძმის, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, იყო ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე.

1453-54 წლებში მას აუჯანყდა იმერეთის ერისთავი ბაგრატი. გიორგი VIII შეეცადა განმდარი ქვეშევრდომის დამორჩილებას, მაგრამ ვერაფერი გააწყო.

1459 წელს საქართველოში ჩამოვიდა რომის პაპის პიუს II-ის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. მან ქართველ მეფე-მთავრებს იმ ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობა შესთავაზა, რომლის შექმნასაც ცდილობდა რომის პაპი. 1460-1461 წლებში ევროპაში საპასუხო ვიზიტით იმყოფებოდნენ ქართველი ელჩები. გიორგი VIII-ეს ნიკოლოზ თბილელი წარმოადგენდა. კოალიციის შექმნის შემთხვევაში გიორგი მეფე 40 000 ჯარის გამოყვანას კისრულობდა. კოალიციის მზადების მომენტში მეფესა და მთავრებს შორის მშვიდობა სუფევდა. სამწუხაროდ ანტიოსმალური კოალიცია ვერ შედგა.

1463 წელს ჩიხორის ბრძოლაში ბაგრატ ერისთავმა დაამარცხა გიორგი VIII და თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. განცდილი მარცხის მიუხედავად გიორგი მეფე ცდილობდა ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებას. მან გადაწყვიტა სამცხის მთავარი ყვარყვარე დაემორჩილებინა.

1465 წელს ფარავნის ტბასთან გამართულ ბრძოლაში მეფე კვლავ დამარცხდა და ტყვედ ჩაუვარდა ათაბაგს. ამით ისარგებლა ბაგრატმა, გადმოვიდა ქართლში, აიღო თბილისი და თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ყვარვარე ჯაყელმა მზაკვრული გეგმა ჩაიფიქრა. მას სურდა ბაგრატსა და გიორგის ერთმანეთი დაესუსტებინათ, ამიტომ ათაბაგმა გიორგი VIII გაათავისუფლა, მაგრამ გიორგიმ ქართლი ვეღარ დაიბრუნა. მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ კახეთი დაიკავა და იქ გამეფდა. ასე ჩაეყარა საფუძველი 1466 წელს კახეთის სამეფოს, რომლის პირველი მეფე გიორგი I, იგივე ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII იყო.

გიორგიმ კახეთში დიდი რეფორმები ჩაატარა – გააუქმა საერისთავოები და მათ ნაცვლად სამოურავოები შექმნა. სამეფო დაყო ოთხ სადროშოდ, რომლებსაც სათავეში ეპისკოპოსები (ბოდბელი, რუსთველი, ალავერდელი, ნეკრესელი) ჩაუყენა. 1476 წელს გიორგი I გარდაიცვალა.

 

ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წგნ. IV, თბ., 1948.

ბ. ლომინაძე, საქართველო XV ს-ის მეორე ნახევარში, სინ, ტ. III, თბ., 1979.

ვახუშტი, მითითებული გამოცემა.

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq