|
თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი)
თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 23 აპრილი, 4 მაისი, 1782, თბილისი — გ. 25 ოქტომბერი, 5 ნოემბერი, 1846, პეტერბურგი), ქართველი მწერალი და მეცნიერი, გიორგი XII-ის ძე.
სწავლობდა თელავის სემინარიაში. 1803 სპარსეთში გაიქცა და იქ თავის ბიძა ალექსანდრე ბატონიშვილთან ცხოვრობდა. 1810 სამშობლოში დაბრუნდა, მალე პეტერბურგში გაგზავნეს. აქ მას დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია. აქვე 1813 შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.
თეიმურაზ ბატონიშვილი ეწეოდა ფართო მეცნიერულ-ლიტერატურულ საქმიანობას; დაკავშირებული იყო რუს მოღვაწეებთან, პოეტებთან, მეცნიერებთან. მან შემოიკრიბა პეტერბურგში მოღვაწე ქართველი მწიგნობრები. 1830-იდან საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას აკადემიკოს მარი ბროსესთან, რომელიც მის მოწაფედ თვლიდა თავს. თეიმურაზ ბატონიშვილმა ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა.
ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „ისტორის დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“. ნაშრომი მოიცავს პერიოდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრებამდე. საქართველოს ისტორია განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის გათვალისწინებით, გამოყენებულია ანტიკური (ბერძნულ-რომაული) და სომხური ისტორიოგრაფია. როგორც ისტორიკოსი, თეიმურაზ ბატონიშვილი რომანტიკოსია, იგი აიდეალებს საქ
 | სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ართველოს წარსულს.
თეიმურაზ ბატონიშვილმა განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ვეფხისტყაოსნის შესწავლას („განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“), ტექსტის დადგენას და პოემის 1841 გამოცემას. მიუხედავად იმისა,რომ მცირე ასაკის გამო არ მონაწილეობდა კრწანისის ომში, აღწერა ეს ბრძოლა. აღწერა ერეკლე მეორეს ცხოვრების ბოლო პერიოდი.
თეიმურაზ ბატონიშვილმა შეისწავლა ქართული ლექსთწყობის საკითხებიც („გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენის სტიხთა“). მას ეკუთვნის აგრეთვე ლექსთა კრებული „სამოცეული“, პოემა „ვაშლი ანუ დარღვევა ტროადისა“, პიესა „სამსახეობა რაინდისა“, მემუარული ჟანრის ნაწარმოები „მოგზაურობა ჩემი ევროპისა სხვათა და სხვათა ადგილთა“; თარგმნა ტაციტუსის, ვოლტერის, პუშკინის და სხვათა ნაწარმოებები.
მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან ზოგი უნიკალური ხელნაწერი საქართველოს დაუბრუნდა.
თეიმურაზ ბატონიშვილი იყო პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1837), პარიზის სააზიო საზოგადოების და კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოების წევრი. |
|