გამეფება საქართველოში ბაგრატიდებისა ანუ ბაგრატიონებისა მოჰხდა 586 წელს ქრისტესით. მათი გენიალოგია წარმომდინარეობს წინასწარ-მეტყველის დავითისაგან, მეფისა ურიასტანისა. პირველი ბაგრატიდი - გურამი გონიერად შეუდგა ხალხის წარმართვას და ეკკლესიის სამსახურს. სხვათა შორის მან განაგრძო შენება თბილისის სიონის სობოროსი. საქართველოს მეფედ იუსტინე II-მ საბერძნეთის იმპერატორმა 586 წ. დანიშნა გურამ I. ეს იყო ძე ბაგრატისა, ძისა გურამისა და ვ. გორგ-ასლანის ასულისა, ძისა სოლომონისა, რომელიც იყო მე 58 შთამომავალი მეფის დავითისა. ამ ნათესაობისა გამო ბაგრატიონთ საგვარეულო ღერბზე გამოხატულია შურდული (მოსაგონებლად იმისა, რომ დავითმა ამით მოჰკლა გოლიათი), აგრეთვე ქნარი, სასწორი, და კვართი, რომელიც შემოტანილ იქმნა საქართველოში. ღერბის გარეშემო წარწერაა დავითის ფსალმუნისა: ,,ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა, და არა შეურაცხ-ჰყოს იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა’’ (ფს. 131, მ. 11.) 1658-1669 წლამდის საქართველოში უმოგზაურნია იერუსალიმის პატრირქს პაისის, რომელსაც თან ჰხლებია მთელი სინკლიტი და გამოჩენილი დოსითეოზი, რომელიც შემდეგ პაისის მოადგილის ნეკტარიოზისა აღვიდა ტახტსა ზედა იერუსალიმის პატრიარქისა. პაისი ლაზიკით, გურიით შამოსულა იბერიაში, ყოფილა მცხეთას, თბილისში, გელათში, ქუთაისში, მოქვში და ყველგან უმოგზაურნია. მისი მგზავრობა დაწვრილებით აუწერია დოსითეოზს თვის შესანიშნავს თხზულებაში ,,ისტორია იესუსალიმის პატრიარქთა’’ (Bulletin Scientifique თარგ. მ. ს. სელეზნევისა). ამას გარდა შესანიშნავია ეპისტოლენი თვით პატრიარქის დოსითეოზისა საქართველოსადმი. პირველი ეპისტოლე იწყობა ასრე: უუბრწყინვალესო, უუდიდებულესო, უუმაღლესო და მრავალ-მშვენიერო, მეფეო ქართლისაო, და ყოვლისა ზემოისა იბერიისაო, ბატონო კირ-ნიკოლაოს (ე.ი. ერეკლე I)... (პატრიარქი მოიკითხავს, კურთხევას უგზავნის, ჰსურს მისთვის სიცოცხლე და დღე-გრძელობა). შემდეგ ამბობს: ბაგრატიონთ შთამომავლობა, ესე იგი კეთილ-მსახურნი მეფენი ივერიისანი ძველადგანვე იყვნენ მფარველნი და კტიტორნი წმიდისა და ცხოველს მყოფელისა ქრისტეს საფლავისა. მფარველები იმიტომ, რომ ბერძენთ მეფეთ, მისირის მეფეებთან ომების დროს, იერუსალიმის მონასტრები დაშთნენ აღუგველნი მხოლოდ ივერიელთ მეფეთ წყალობით; კტიტორები იმიტომ, რომ ბერძენ-ფრანგთა სარაცინებთან ომების დროს ეს მონასტერნი სრულიად დაძველებულნი იყვნენ და ინგრეოდნენ, მაგრამ, როგორცა სჩანს ერთი ქართული სიგელიდამ, შენახულიდამ წმ. გოლგოთაში, ქართველთ მეფეთ განუახლებიათ და დაუცავთ იგინი. შემდეგ დოსითეოზი ჩამოსთვლის ყველა შეწირულებათა ქართველთასა, რომელიც მისივე ჩვენებით აღემატება ვიდრე 150,000 პიასტრსა (გროშსა); კიდევ სთხოვს მეფესაც და ერსაც, რათა მიაწოდონ იერუსალიმის მონასტრებს საჩუქარი, რადგან მათ დასდებიათ 100, 000 პიასტრი ვალი. იერუსალიმის ტაძრებში წირვის დროს იხსენიებიანო: მეფე დავითი, დედოფალი ელენე, მეფე ერეკლე I, დედოფალი ანა, ქათოლიკოზი ევდემოს, თეკლე, ლუარსაბი და სხვ. ერეკლეს თავის დედა ელენესთან გაუგზავნია იერუსალიმის მონასტრებისათვის ერთხელ 1667 პიასტრი, მეორეთ 1,000 პიასტრი (იხ. ბროშ. Посланiя Iер. Патр. Досие въ Грузiю გვ. 1-26). |