გიორგი IV ლაშა (დ. 1192 ― გ. 18 იანვარი, 1223) იყო საქართველოს მეფე1213 წლიდან - თამარ მეფის და დავით სოსლანის ძე.
1207 წელს თამარმა ვაჟი თანამოსაყდრედ დაისვა და ამ დროიდან იგი მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვასა და ლაშქრობებში. თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ერთპიროვნული მმართველი გახდა, მისი სურვილი იყო განემტკიცებინა მეფის ხელისუფლება, შეენარჩუნებინა სახელმწიფოს მთლიანობა და შემოემტკიცებინა ყმადნაფიცი ქვეყნები, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს სამეფოს ვასალობისაგან გათავისუფლებას.
XIII საუკუნის 10-იან წლებში გიორგი IV-მ გაილაშქრა ვასალის ― განძის ათაბაგის წინააღმდეგ. საქართველოს ლაშქარმა განძას ალყა შემოარტყა. ათაბაგი იძულებული გახდა დამორჩილებოდა გიორგი IV-ს. განძა კვლავ საქართველოს მოხარკედ დარჩა. იარაღის ძალითვე დაიმორჩილა გიორგი IV-მ გამდგარი ვასალები ― ხლათის, არზრუმისა და ნახჭევანის თურქი მფლობელები.
1220 წლიდან გიორგი IV დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად პალესტინაში ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ემზადებოდა იერუსალიმის სელჩუკთაგან გასათავისუფლებლად.
ლაშა-გიორგის დასტურმა და მზადებამ ჯვაროსანთა დახმარებისათვის ევროპელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ისინი დიდი იმედითა და აღფრთოვანებით ელოდნენ ლაშა-გიორგისა და იმ დროისათვის ქართველთა უძლეველ მხედრობას.
ჩვენამდე მოაღწია ჯვაროსანი რაინდის დებუას მიერ საფრანგეთში ბეზანსონის არქიეპისკოპოსისადმი გაგზავნილმა წერილმა, სადაც იგი წერს: ,,აწ ისმინეთ სხვა რამ საკვირველი და საყურადღებო... ივერიითაგან ვინმე ქრისტიანენი, გიორგენებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობით და ქვეითი ჯარით ღვთის აღმაფრთოვანებელ ძალთა ფრიად აღჭურვილნი, ურწმუნო წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგნენ და აიღეს რა უკვე 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, მაგარნი დაიპყრეს, ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციეს... ზემოთ აღნიშნულნი წმინდა იერუსალიმის მიწის სასხნელად მოვლენ და მთელ საწარმართოს დაიმორჩილებენ. მეფე მათი წარჩინებული, თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალითა და სიკეთით, თუმცა არა სარწმუნოებით''.
მაგრამ ეს დიდი მზადება ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისა მოულოდნელად ჩაიშალა. 1220 წელი იდგა, როდესაც საქართველოს სამეფო საზღვრებს მანამდე ქართველთათვის სრულიად უცნობი მტერი მოადგა, ესენი მონღოლები იყვნენ. მონღოლთა გამოჩენამ სრულიად შეცვალა საქართველოს და მახლობელი ქვეყნების პოლიტიკური ვითარება.
გიორგი IV მონღოლებთან ბრძოლაში (1221 ან 1223) დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა.
ლაშას მემატიანე მას ასე ახასიათებს: ,,ლომი ძალითა და უმანკო გონებითა. მოყუარული ყოველთა კაცთა... მშჳდი და განურისხებელი ბუნებით''. მაგრამ ამავე დროს ჟამთააღმწერელის დახასიათებით, ,,ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თჳთბუნება''.
ჟამთააღმწერელი გიორგი IV-ს ბრალად სდებს, რომ მან განიშორა მისი დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და დაიახლოვა ახალგაზრდები - თანამოასაკენი; რომ მას კავშირი ჰქონდა თავისუფლად მოაზროვნე რინდებთან, რომლებიც სუფიზმს იზიარებდნენ, უარყოფდნენ ეკლესიას და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი და აღმაფრენა მიაჩნდათ. ჟამთააღმწერლის სიტყვებით:,,განიშორნა ვაზირნი სანატრელისა დედოფლისა და დედისა, წესთა მასწავლებელნი, შეიყვარა თანამოჰასაკენი“. მან თანამეცხედრის არჩევასაც პირადი გრძნობა დაუდო საფუძვლად და მეუღლედ დაისვა ველისციხელი აზნაურის ქალი, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს ქალი დააშორეს, გიორგი IV-ს ცოლი აღარ შეურთავს. |