ალბათ მკითხველს გააოცებს სათაური. ძნელად წარმოსადგენია, რომ თანამედროვე სამრეწველო ქალაქი, მხარის ,,საქმიანი’’ ცენტრი, 400 წლის წინათ ,,სალაღობოდ’’ იწოდებოდა. გამოგიტყდებით, მოულოდნელმა აღმოჩენამ მეც გამაოცა: საუკუნის გაცრეცილ ფოლიანტებში წავაწყდი კახეთის მეფის - ალექსანდრე II-ის წერილობით ბრძანებას, საგარეჯოს მოურავის - ჩერქეზ ხასფო ლადისადმი, - ჯერჯერობით ერთადერთ მოწმობას ფეოდალურ ეპოქაში წნორის ფუნქციონირების შესახებ. იმ დღემდე დარწმუნებული ვიყავი, რომ წნორი დაარსდა XX საუკუნეში, 1910-1915 წლებში, ამიერკავკასიის რკინიგზის კახეთის ხაზის დამთავრების შემდეგ. ალექსანდრე II (1574-1605 წ.წ.) საკმაოდ დიდი პოლიტიკური მოღვაწეა. იგი აგრძელებდა მამის - ლევან პირველის ,,კახურ პოლიტიკას’’. ,,კახური პოლიტიკა’’ ნიშნავდა იზოლაციონისტურ დიპლომატიას. კახეთი განზე დგებოდა საერთო-ქართული საქმეებიდან, რათა შეენარჩუნებინა საკუთარი დამოუკიდებლობა. ლევან პირველმა და ალექსანდრე მეორემ 100 წელი დაიხსნეს თავი ირან-თურქეთის აგრესიისაგან, თავად შეუტიეს დაღესტანს. ერთ პერიოდში აამაღლეს და ააყვავეს სამეფო, მაგრამ საბოლოოდ განდგომის პოლიტიკას კატასტროფა მოჰყვა. ნუ გავამტყუნებთ ჩვენს წინაპრებს. ,,კახური ნეიტრალიტეტი’’ ეპოქის სირთულიდან გამოდიოდა. ესეც ,,ქართველობის’’ შენარჩუნების ერთ-ერთი მეთოდი იყო, ე.წ. ,,აზიური ეშმაკობა’’. შედარებით მშვიდი კახეთი იფარებდა ლტოლვილებს ქართლიდან, სამცხე-საათაბაგოდან, დასავლეთ საქართველოდან. არ უშვებდა სხვა ქართულ პროვინციებში დაღესტნელ მოთარეშეებს. თანაც მისი შენახული სიძლიერე არბილებდა ირანის დარტყმებს ქართლზე. ალექსანდრე II ფანატიკოსი მონადირე იყო. ვრცელი სანადირო ნაკრძალებიც (,,ყორუღები’’) ჰქონდა, ყველგან მოქმედებდა ქანდა-ციხეები (ქანდა-ციხე მონადირეთა სადგომს ნიშნავს). ნადირობა განიხილებოდა სამხედრო ვარჯიშად და მომგებიანი მეურნეობის დარგად. სამომხმარებლოც იყო და სასპორტოც. ქიზიყში სამი დიდი ,,ყორული’’ არსებობდა: ივრისპირეთი, შირაქი (ორივე დაყოფილი 12-12 მინდვრად) და წინა მინდორი (იწყებოდა დღევანდელი ანაგის ბოლოდან, ,,ჭიანი ტყის’’ დასასრულიდან და მოდიოდა ურდო-ხორნაბუჯამდე). ,,წინა მინდორში’’ ირემი ბუდობდა. ირემს უყვარდა მლაშობზე ამოზრდილი ბალახი, მეჩხერი ტყე, ჭალა და ველი. ირემი აქ XIX საუკუნემდე შემორჩა. ეს ცხოველი ჯერ ულ-ფარადის თარაქამაელებმა შეამცირეს, საბოლოოდ კი მოისპო სახნავი სავარგულების გაფართოებისა და ეკოლოგიური პრინციპის დარღვევის შედეგად. სამეფო კარი სასტიკად იცავდა ფლორას ,,ბრაკონიერებისაგან’’. ირმის უნებართვოდ მკვლელი სიკვდილით ისჯებოდა. ალექსანდრე II-ს მიეწერება ფარშევანგების მოშენებაც. ეს უცხო ფრინველი შემთხვევით გაჩნდა ალაზნისპირა ჭალებში, ორი კვირა დასდევდა დასაჭერად ასობით მონადირე უცნაურად ლამაზ დიდ ხოხბებს (ჯერ დიდი ხოხობი ეგონათ). ბაზებმა (ე.ი. დაგეშილმა ქორ-მიმინოებმა და შევარდნებმა, ბაზების მწვრთნელ-მომვლელს ბაზიერი ეწოდებოდა, მათ უფროსს - ბაზიერთუხუცესი) ვერ გაბედეს ფარშევანგებთან მისვლა. ბოლოს იმარჯვა მეფის საყვარელმა ბაზმა, წითელმა ქორმა და ,,ციური სტუმრები’’ მეფეს მოჰგვარა. ფარშევანგები გრემის ბაღში გაუშვეს, საიდანაც მთელ კახეთში მომრავლდნენ. გატაცებული მონადირე იყო ალექსანდრე II. მას მიეწერება ხუმრობით ნათქვამი: ,,ახ ნეტარძი ოხერ მექნეს კახეთი, რათა მაქუნდეს სანადირონი მრავლად’’. ამ ფრაზას ვახუშტი ბაგრატიონი ერთგვარად ნიშნის მოგებით დასძენდა: ,,რომელიც ექმნა ძისა ძესა მისსა თეიმურაზს’’... მაგრამ ნადირობისათვის აღარ ეცალაო (მხედველობაში ჰქონდა თეიმურაზ I დროს კახეთის აოხრება, როდესაც ნადირი გამრავლდა, მაგრამ თვით თეიმურაზ I გახდა სპარსელთა სანადირო ობიექტი). აი, სწორედ ამ ერთდროულად ტრაგიკული და დარდიმანდული ბუნების მეფის ბრძანებაში მოიხსენება ჩვენი წნორი. მეფე მოურავს წერს, რომ ასრულებს მის შუამავლობას და ივრისპირეთის ზოგიერთ მოსახლეს - მარინდასშვილს, ჭიაბერისშვილს, დორეულს და მკერვალისშვილს - უბრუნებს უკან ჩამორთმეულ წისქვილებს. ამავე დროს მკაცრად მიუთითებს ,,ამგვარს დამნაშავეს კაცზედ კულავე თავს ნუღარ გვაწყენთ’’. ე.ი. მომავალში ასეთი დანაშაულისთვის მეორეჯერ შუამავლობას ნუღარ გასწევო. რა დააშავეს მაშინდელმა ივრისპირელებმა, არაა აღნიშნული. აქვე მეფე უმატებს: ,,ამ შვიდ მაისს წინა მინდორსა და შირაქს ვინადირებთ და თქვენი ყმით და სახელით ცხენკეთილის კაცით 40 დღის ნუზლით წნორზედ შემოგვეყარენით, ნუ დაიგვიანებთ, ჩვენ კვირას წნორზედ მოვბრძანდებით!’’ (,,სახელით ცხენკეთილი კაცი’’ ნიშნავს პიროვნებას, რომელსაც სამსახურად ევალა სამხედრო ცხენით გამოსვლა. ეს იყო მისი ,,სახელო’’ ანუ თანამდებობა). ალექსანდრე II-ის ბრძანების თარიღი გადაშლილია, მაგრამ 7 მაისის კვირა 1580 წელზე მოდის. საბუთი სრულიად სანდოა. ბრძანების ადრესატი, ჩერქეზი ხასფოლადი ეკუთვნოდა ლეონ I-ის დროს ყაბარდოდან გადმოსახლებულ და გაქართველებულ თავადებს. მათ გარეკახეთში (დღევანდელი საგარეჯოს მიდამოებში) შექმნეს დასახლება, ე.წ. ,,ჩერქეზი’’ ან ,,საჩერქეზო’’. ხასფოლადის ჩამომავლებმა მიიღეს ჩერქეზიშვილების გვარი, ჩერქეზები მოგვიანებით შაჰ-აბას I-მა ირანში გადაასახლა. ალექსანდრე II აპირებდა ათდღიან ნადირობას. ასეთ დროს ეწყობოდა დიდი ჯერგა. ჯერგაში ზოგჯერ 12000 მარეკი მონაწილეობდა, რადგან ურთიერთშეყრის ადგილად წნორია დასახელებული, აქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ,,სახლი სანადირო და სალაღობო’’. უცნაური მხოლოდ ერთია, რატომ აირჩია მეფემ 7-17 მაისი? ეს თვე ხომ არაა სასურველი ნადირობისათვის? გამოირკვა, რომ ეს იყო მუდმივი ტრადიცია, - მაისის დასაწყისში ეწყობოდა სამომხმარებლო ნადირობა ირემსა და გარეულ ღორზე. მაისის დასაწყისი ყველაზე ,,ღარიბია’’ და სამეფო კარი იმარაგებდა სურსათს, თანაც ტარდებოდა სამხედრო მანევრები - სამეფო ლაშქრის დათვალიერება ლაშქარ-ნადირობის სახით. მეფე-პოეტს არჩილ I-ს აღწერილი აქვს კახ მეფეთა გაზაფხულის ლაშქარ-ნადირობა წინა მინდორში. მაისის თვეში ბალახი მაღლდებოდა. ირემს უკვე შეეძლო შამბისათვის შეეფარებინა თავი. ნუკრი წამოზრდილი იყო და ფურ-ირმის მოკვლაც შეიძლებოდა. სამეფო კარი ქ. ზაგემ-ბაზრიდან ნავით გადმოდიოდა წინა მინდორში. ჯარი დასდევდა შამბნარებში დამალულ ირემს. სამეფო ბარგი აკიდებული იყო 80 ყათარ აქლემზე (ე.ი. კუზიან აქლემზე), აგრეთვე ასობით სატვირთო ცხენზე, ჯორზე, აზავერზე. აქ ჩამოდიოდნენ ,,ნაპირელნი’’, ე.ი. სამხრეთის მენაპირე ქვერნაკელები (ქვერნაკი ივრისპირეთის მთავარი სოფელი ჩანს. დღეს მხოლოდ ქედია შემორჩენილი აქ ამ სახელით). ივრისპირეთის სოფელი ქვერნახი ანუ ქვერნაკი პირველი დახვდა შაჰ-აბას I-ის დარტყმებს 1614 წელს. ყველაზე მეტადაც დაზარალდა. ამ დროს აიყარა ეს სოფელი და გომბორის ჩრდილოეთ კალთას შეეფარა. აქედან უნდა მოდიოდეს სოფელი კვენაკელი, რაც აღნიშნავს ქვერნაკიდან გადმოსახლებულს. ქვერნაკელებს ერქვათ ,,ნაპირელნი’’, ე.ი. მესაზღვრეები. მათ გარდა წნორში თავს იყრიდნენ მონადირეები საგარეჯოდან, ჭიათურელნი, ზაგემელნი (დღეს ქ. ზაგემის ნანგრევები საინგილოშია) და გრემელები. წნორში ,,...დადგმიან კარავნი, აქ იყვნიან შვებით, მშვიდობით, მესისხლენი ზავდებოდნენ, ვერავინ ვერავის აწყენდა’’. ,,მუნიყვის ბედაურთა, ცხენთა შეკაზმვა, გამოჩვენება, შესამოსელითა კეკლუცითა შემოსვლა, ტურფათა ჩვენება, ქარქაშის გაწყობილება, ისართა ორბის ფრთით შვენობა, ვაჟკაცებისა ხუმრობა’’. იყო სიმღერა, შუშპრობა, ქალ-ვაჟთა გაცნობა, ვნება, სიყვარული... ამ ამბების აღწერისას არჩილი სიამაყით სწერდა: ,,მუნ ჩვენ ხელთ იყო ჩვენობა’’ ე.ი. სრულიად დამოუკიდებელნი ვიყავითო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდა’’, ამიტომ იყო საზეიმო განწყობილება. საკითხის სისრულისათვის ვურთავთ ახლადმიკვლეულ დოკუმენტს. (ქვეყნდება პირველად). ,,ოქმი ალექსანდრე მეფისა საგარეჯოს მოურავის ხასფოლადისადმი’’ (სცხა, საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 1449, № 1041. დაწერილია 1589 წელს. I პირი გაკეთებულია 1697 წელს, მე-II პირი XIX საუკუნის დასაწყისში დაუკვეთია ვინმე გივი ნაცვლიშვილს). ,,...ჩვენი ბრძანება საგარეჯოს მოურავს ჩერქეზ ხასფოლადს ასრე მოახსენეთ: მერე მაყაშვილმა მაყამ და გოშფარ მოგვახსენეს, გიორგი წმინდელნი ყარაღაჯში ჩვენს სახნავ ალაგებს გვეცილებიანო. ეს ალაგები ხომ კარგად იცით, ორთავე მესამძღვრე ხართ. ყარაგაჯის ოლეს გარეთ ხომ მაყაანთ ხელი არა აქუსთ. თქუენს სამძღვარს ზემოთ და ოლეს შიგნით გიორგიწმინდელთ... გასინჯეთ და თუ შიგნით ეცილებოდნენ რასმე, მაყაანთ დაანებეთ. მაგათ ხელი აღარა აქვთ და ასრე შეარიგეთ. კოშკს დავლა იორის პირს მარინდასშვილს, ჭიაბერისშვილს, დორეულს და მკერვალისშვილს რომ წართმეული წისქვილები ჰქონდათ, თქვენის შუამავლობით ისევ წყალობა უყავით და უბოძეთ, მაგრამ ამ გვარის დამნაშავეს კაცზედ კულავ თავს ნუღარ გვაწყენთ. ერთი ესეც, რომ ამ შვიდ მაისს წინა მინდორსა და შირაქს ვინადირებთ და თქვენის ყმითა და სახელოთი ცხენკეთილის კაცით, ათის დღის ნუზლით წნორზედ შემოგვეყარენით. ნუ დაიგვიანებთ, ჩვენ კვირას წნორზედ მოვბრძანდებით... ალექსანდრე...’’ ამ ძველ ოქმს ახლავს ერეკლე I-ის მინაწერი: ,,მისი პირველსახე - წიგნი პაპის ჩვენის მეფის ალექსანდრეს თვით ჩვენ გავსინჯეთ რომე სწორედ და უმეტნაკლებოდ ასრე იყო დაწერილი. ის პირველი წიგნი დაძველებულიყო და ჩვენ ამას მოწმისათვის ვბეჭდავთ, რომ მეფის ალექსანდრეს წიგნი სწორედ ასრე იყო დაწერილი. ამ ოქმის ასლი ისევ შენახულია. ნოემბერს ია წელსა ჩღჟბ. დაბეჭდილია სამეფო ბეჭდით, რომლის შუაში იკითხება ,,ერეკლე’’. მაშასადამე, შესაძლოა დავასკვნათ: მე-16 საუკუნისათვის წნორი წარმოადგენდა წინა მინდორის დიდი სანადირო ჯერგის თავშეყრის ადგილს. ასეთ ადგილს ერქვა ,,სანადირო, სანადიმო, სალაღობო და სათამაშო დაბა’’. უფრო გვიანდელი ცნობებით დასტურდება, რომ აქ, სანადირო მეურნეობის გარდა, არსებობდა ,,სააბრეშუმე სასახლეებიც, სადაც სოფლების - ასანურის, ქვენაკელის მცხოვრებლები უვლიდნენ აბრეშუმის ჭიას. შუა საუკუნეებში აბრეშუმის მოვლა ხდებოდა არა კერძო სახლებში, არამედ საგანგებო ,,სააბრეშუმე სასახლეებში’’, რომელთაც სპარსულად ქუმები ეწოდებოდა. აქედან უნდა მოდიოდეს ტოპონიმი ქუმბათი. ამიტომაა, რომ ქუმბათი რამდენიმე ადგილას გვხვდება კახეთში. ...სწორედ აქ, წნორში, ყოველი წლის მაისში ეწყობოდა საგაზაფხულო ნადირობა და დღესასწაული (ამ დღესასწაულის დაწვრილებით აღწერა მკითხველს შეუძლა წაიკითხოს ,,არჩილიანში’’). ოღონდ ეგეცაა, მანამდელი წნორი ასეთი მტვრიანი როდი იყო, მით უმეტეს, მაისში. აქ მაშინაც გადიოდა თამარის არხი - წნორის-წყლად წოდებული. წნორის ხეებით დაბურული, ჩრდილოვანი ფანჩატურებით, ხეხილის ბაღებითა და ნადირ-ფრინველით სავსე. მაისში ჩვენში ახლაც საზეიმო თვეა. რატომ არ აღვადგინოთ წინაპართა ტრადიცია. რა ვუყოთ თუ აღარ არსებობს ,,სააბრეშუმე სასახლეები’’, აღარც შამბნარში დაქრიან ქორბუდა ირმები, ფარშევანგები კი მხოლოდ ზოოლოგიურ ბაღს შემორჩნენ. ხომ დარჩა ქიზიყელთა ამაყი სული... |