საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოსათვის > ბაგრატიონები

ლოვარდ ტუხაშვილი - სამშობლო არის უპირველესი - მეფე დიმიტრი თავდადებული
ლოვარდ ტუხაშვილი



გვყავს ქართველებს ერთი გენიოსი ისტორიკოსი... ჟამთააღმწერელი. არც სახელი შემოგვრჩა მისი, არც გვარი, ვიცით მხოლოდ, ეს ინტელექტუალური პიროვნება იყო პირველი რომანტიკოსი, რომელმაც დაიტირა ,,ყოველი საქართველოს“ გარდასული დიდება. ,,გავიდა დრო და აღარ მიეცათ ქართველებს ძლევა თათართა ზედა“, გულდათუთქული წერდა იგი XIV საუკუნის დასაწყისში. ორი სახის ისტორიკოსი იცის შუასაუკუნეებმა - ქრონიკოსი მემატიანე და ანალიტიკოსი პროვიდენციალისტი. პირველი ამბებს აღწერდა დროში თანამიმდევრობით, მეორე - ისტორიულ პროცესებს თვლიდა ბედისწერის გამოვლენად. პროვიდენციალისტური თეორიის მიხედვით ქართველობა ანტიკური გმირების მსგავსად საკუთარ ბედისწერას ებრძოდა, - მარცხიც წინასწარ იყო განსაზღვრული, გამარჯვებაც. ჟამთააღმწერელი ორივე მიმართულებაზე ამაღლდა. საქართველოს ბედი მმართველი წრეების მორალურ-ზნეობრივი ქმედებით ახსნა. XII-XIII საუკუნეების ქართველთა იმპერიული ზეობა - ასწლოვანი პოლიტიკური აღმავლობა დავით IV აღმაშენებლისა და სულმნათი თამარის რელიგიური სისპეტაკის ანუ სათნოების შედეგია. სათნოება ძველ ქართულში ერქვა ზომიერებას, საშუალოს ნაკლებობასა და მეტობას შორის. ჟამთააღმწერლის აზრით, თამარის მემკვიდრეებმა - ლაშა-გიორგიმ და რუსუდანმა დაარღვიეს სულიერი წონასწორობა. ლაშა-გიორგი გახდა გემოთმოყვარე, დიაცთმოყვარე, სახიობისმოყვარე, რუსუდანმა გაწირა ძმისშვილი დავით-ულუ და... ორივეს უზნეობას მოჰყვა ღვთისწყრომა. წმინდა ადამიანური თვალთახედვით ლაშა-გიორგი ნამდვილი რაინდია, თავისუფლებისმოყვარე, საზოგადოებრივ ფილისტერიზმზე ამბოხებული. არც ,,დიაცთმოყვარე“ ჩანს, ვინც უყვარდა, ერთადერთი იყო მის ცხოვრებაში, - ცოლიც არ შეირთო, უერთგულა სატრფოს, ვით ტარიელმა ნესტანს. მაგრამ ვინ მისცა მეფეს ასეთი ,,ფუფუნების“ უფლება? ერის წინამძღოლმა ვნებები, სურვილები, სიყვარულიც, ბედნიერებაც მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს უნდა დაუმორჩილოს. ამიტომაც გასაოცრად ლამაზი, ზრდილობიანი, ნიჭიერი, მამაცი, დარდიმანდი, კეთილი ჭაბუკი, მემატიანის აზრით, გახდა ქართველთა უბედურების წყარო. ფეოდალური საზოგადოება უფრო მეტად მონისტურია - მეფეს ექვემდებარება, მონარქი არისტოკრატიის მეშვეობით მართავს სახელმწიფოს; მაღალ წრეებში ყალიბდება პიროვნებაც. როგორი  მორალიც აქვს სამეფო კარს და მმართველ ფეოდალებს, დაახლოებით ასეთივე შინაარსს იძენს ე.წ. ,,საშუალო ქართველი“. ეროვნული ხასიათი ისე ყალიბდება, რომ ხან მოშვებულობა ერევა ერს, ხან გმირობის ზარები რეკენ, ხანაც რექვიემი ისმის პესიმისტური, ან სულაც, იფეთქებს ხოლმე შიშისა თუ უმწეობის ფსიქოზი. დიდი ქართული იმპერიის მზის ჩასვენების შემდეგ, როდესაც გაირღვა ,,საყდარი დავითიანი“, შეირყა ,,ტახტი ვახტანგეთი“ და გაფერმკრთალდა ,,დროშა თამარისეული“, ქართველობას სულიერი აპათია დაეუფლა. ერმა საკუთარი ტვირთი თვითონ უნდა ზიდოს. აპათიური ერი კარგავს მესიანისტურ განწყობას და პასიური ხდება. დაქვემდებარებული ერი იბნევა, მთვლემარე მდგომარეობაში ვარდება, ვეღარ მართავს საკუთარ სვლას, ხელიდან უვარდება ბედის გასაღები. ქართველთა ბედს, ვითარცა კამათელს, ხანგრძლივად ათამაშებდნენ ყარაყორუმში, ბათუ-სარაიში, თეირანში, თავრიზში, ისპაჰანში, სტამბულში, მოსკოვში, პეტერბურგში. ღმერთო ჩემო, რა მძიმე იყო ქართველთა მწყემსის როლი სხვაზე დაქვემდებარების ეპოქაში. 


 საცოდავი ბაგრატიონები! არცერთ დინასტიას არ ხვდომია ესოდენი ტანჯვა-წამება! ბაგრატიონებმა დაანთხიეს ყველაზე მეტი სისხლი; ,,მწარე პურის“ მთხოვნელის დამამცირებელი სიდუხჭირეც იგემეს. ათასზე მეტი წელი ფლობდა ეს ენერგიული სამეფო გვარი ქართველთა მეფის სკიპტრას.

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
აქედან რვაასი წელი მაინც ან მარიონეტის როლს ასრულებდა, ან იბრძოდა გაშმაგებით. სამეფო გვარის ღვთაებრივი ჩამომავლობის მითის მიუხედავად (დავით წინასწარმეტყველის ჩამომავლებად სთვლიდნენ თავს და ასე იწოდებოდნენ: დავითიან-სოლომონიან-იესოან ბაგრატიონი), ბაგრატიონები ძალზე ახლოს დგანან ხალხთან, ერთობ ,,დემოკრატიულნი“, ,,მიწიერნი“ არიან. თვითონ მიუძღოდნენ მეომრებს არა მხოლოდ დიდ კამპანიებში, არამედ უბრალო ბატალიებშიც კი. რიურიკთა დინასტიიდან დიმიტრი დონელის შემდეგ (ე.ი. 1380 წლიდან) არცერთ რუს მეფეს უშუალოდ ომში მონაწილეობა არ მიუღია. არცერთ რომანოვს მოუქნევია პირადად ხმალი, 75 წლის მეფე ერეკლე II კი ცხენზე ამხედრებული ებრძოდა სპარსელებს კრწანისის ომში 1795 წლის სექტემბერში. 


გვიან შუასაუკუნეებში არცერთ ქართველ მეფეს არ ჰქონია სოციალური კონფლიქტი ხალხთან. ფრანგებმა თავი მოჰკვეთეს საკუთარ მეფეს, ასევე მოექცნენ უფრო ადრე ინგლისელები, მოგვიანებით კი რუსებიც. ბაგრატიონებმა საერთო-სახალხო სიყვარული შეინარჩუნეს. ეს შემთხვევითი არ არის. ქართველი მეფე ლიდერი იყო, წინამძღოლი. სამწუხაროდ, საქართველოში საზოგადოება ვერ ამაღლდა იქამდე, რომ ქვეყანა თვითონ ემართა. აქედან მოდის სწრაფვა ლიდერისაკენ. ამას ემყარება ,,ბელადომანობაც“. ინტელექტუალურ ერს საზოგადოება უნდა მართავდეს. ჩვენი ბედი არ იძლეოდა საშუალებას, ამაღლებულიყო კოლექტიური პოლიტიკური ინტელექტუალიზმი. მპყრობელი იმპერია კლავდა საზოგადოებას, თიშავდა ერს. მას ერჩია, საქმე ერთ მონარქთან ჰქონოდა, ვიდრე მთელ ხალხთან. ამიტომაცაა ჩვენს მეფეებში ესოდენ ბევრი გმირიც და რენეგატიც. ორივე ორმაგი წნეხის ქვეშ იყო მოქცეული. მეფეებს აკონტროლებდნენ ქართველებიცა და მპყრობელი იმპერიაც. ქართველთა მმართველს მუდამ სცილასა და ქარიბდას შორის უნდა გაევლო. თუ სცილას გაექცეოდა, ქარიბდა შეჭამდა, თუ არა - პირიქით. და მაინც ახერხებდნენ გასხლტომას. ისე უნდა ემართა მეფეს საქართველო, ქართული საქმეებიც ეკეთებინა და არც ყაენი და სულთანი გაენაწყენებინა.

ისტორია გვარწმუნებს, ძლიერი იყო ის, ვისაც ადგილობრივი ეროვნული ძალები უჭერდნენ მხარს. ჩვენი მეფეებიც ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ. ქალიშვილებს უცხო მბრძანებელთა ჰარემში ხარჭებად გზავნიდნენ, ვაჟიშვილებს - მძევლებად. რამდენი მძევალი მოუშთიათ მშვილდის საბლით, რამდენი პირმშვენიერი პრინცესა შეურაცხყვიათ. 1235 წლიდან (რუსუდანის მეფობიდან) 1810 წლამდე (იმერეთის მეფე სოლომონ II-ის ჩამოგდებამდე) ყველა მესამე ქართველი მეფე ისჯებოდა მონღოლთა, ხვარაზმელთა, თურქთა, ირანელთა და... სხვათა მიერ. მათ ჯოხავდნენ, ამათრახებდნენ, თვალებს თხრიდნენ, ამაჰმადიანებდნენ, კვერთხით სცემდნენ, კოცონზე სწვავდნენ, თავს აჭრიდნენ, აპატიმრებდნენ, აბუჩად იგდებდნენ, სამშობლოდან ასახლებდნენ... და მაინც, ბაგრატიონები იბრძოდნენ, ეგუებოდნენ, თავს სწირავდნენ, წერდნენ ფილოსოფიურ ტრაქტატებს, სამედიცინო ენციკლოპედიებს, ლექსებს, პოემებს, კანონთა კრებულებს.

გვიან შუასაუკუნეებში ეროვნული გმირი ის იყო, ვინც შეძლებდა ქართველობის შენარჩუნებას. აღარავინ უყურებდა მეთოდს, მთავარი იყო შედეგი. თუ მოახერხებდი ქვეყნის გადარჩენას, უკვე გმირი იყავი! გმირი პროგრესის ნიშანსვეტის მანიშნებელია. ჩვენთვის კი პროგრესი იყო მხოლოდ გადარჩენა, მხოლოდ გაძლება! ეს იმიტომ, რომ შეჩერებული იყო ,,მამულისა ჩვეულებისამებრ სვლა“. განა დავკარგეთ სიმამაცე? ქართული მახვილი ყველაზე ბასრი იყო აღმოსავლეთში. ,,მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს, კლდეც რომ იყო, გაგტეხს მტერი“ (ილია ჭავჭავაძე, ,,მეფე დიმიტრი თავდადებული“). აქედან გამომდინარე, ხშირად მახვილის სიბასრეს უნდა შენაცლებოდა გონიერი უკანდახევა,

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
თუნდაც გარეგნული მორჩილების ფორმით გამოხატული. თუ ერის ხსნა დაჩოქებით შეიძლებოდა, მეფე დაიჩოქებდა, ოღონდ მეფის დაჩოქებას ერის დაუჩოქლობა უნდა უზრუნველეყო. რამეთუ დაჩოქება ერისა სიკვდილია...

დავუბრუნდეთ ჟამთააღმწერელს. ისტორიკოსის ,,ასწლიან მატიანეში“ მმართველი წრეების მძაფრი მხილების კვალდაკვალ წინ წამოწეულია ზნეობრივი სულის მამულიშვილთა გრძელი მწკრივი: ცოტე დადიანი, დავით ეჯიბი, ახალციხელთა გვარი, რატი სურამელი და სხვა. მაგრამ ყველაზე თვალსაჩინოდ ისტორიკოსმა წარმოადგინა მეფე დიმიტრი II თავდადებული. ავტორის პოზიცია ნათელია: ჩვენი უბედურება მოდიოდა მორალური დაცემიდან, ხსნა სულიერი სისპეტაკიდან უნდა წამოსულიყო. ერთმანეთს ებრძოდა სულმოკლეთა და სულგრძელთა ურთიერთდაპირისპირებული ხაზი. პატრიოტები სჭარბობენ, ამით არის განპირობებული საერთო გადარჩენა. მაგრამ რენეგატებიც იყვნენ. ამიტომ გახანგრძლივდა პოლიტიკური კრიზისი. დიმიტრი თავდადებულის ეპოპეა, აბსოლუტურად რეალური ამბავი, ავტორმა თანამედროვეთათვის მოიხმო, მით უმეტეს, იგი მოღვაწეობდა ეპოქაში, როდესაც უკვე იწყებდა აღმოცისკრებას ,,მთიები“ - გიორგი ბრწყინვალე და შთამომავლობას სჭირდებოდა ჭკუის სასწავლებელი მაგალითები.

დიმიტრი II-ის ცხოვრება საკმაოდ კარგადაა ცნობილი. აქ გვინდა განვმარტოთ საკითხთა წრე, რომელიც, ალბათ, შედარებით დაფარული დარჩა. დიმიტრი II თავისი დროის ჭეშმარიტი შვილი იყო. მას არ ახასიათებდა სწორხაზოვნება. ვინაიდან კარგად ჰქონდა შეგნებული რთული პერიოდის რეალური შინაარსი, მოქმედებდა დევიზით: ყველაფერი სამშობლოსათვის! გარეგნულად მისი ცხოვრება ზოგჯერ ხაზგასმით ,,წარმართულია“. მეგობრობდა მონღოლ ნოინებთან, ეპირფერებოდა, ქრთამავდა ყაენის უზენაესი კარის მოხელეებს; ერთ მათგანს ქალიშვილი რუსუდანი მიათხოვა, მეორეს - ღვიძლი და თამარი. მოხერხებული დიპლომატიით მოიპოვა მშვიდობა, მოიხვეჭა სიმდიდრე. დიმიტრი II-ის წინაშე რამდენიმე მწვავე პრობლემა იდგა. საქართველო გათიშული იყო სამ ნაწილად: ფაქტობრივად გამოყოფილი დასავლეთი საქართველო დავით ნარინს ექვემდებარებოდა. სამცხე-საათაბაგო ,,ხასინჯუდ“ ე.ი. უშუალოდ მონღოლებზე იყო ,,მიწერილი“. აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იხდიდა ,,სათათრო გამოსაღებს“ (მაშინ ,,თათარი“ და ,,მონღოლი“ სინონიმები იყო), მონაწილეობდა ,,თათართა“ ლაშქრობებში. ქართველები იბრძოდნენ ერაყში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ირანში, ეგვიპტეში, - მონღოლთათვის ღვრიდნენ სისხლს.

პრობლემათა სირთულე განაპირობებდა ქართველი მეფის ,,უცნაურ“ პოლიტიკურ ნაბიჯებს. გენიოსი კი იყო ჟამთააღმწერელი, მაგრამ ისიც ვერ ჩასწვდა დიმიტრი II-ის ,,სვლებს“. მისი აზრით, თავდაპირველად მეფე იყო ,,კეთილად მმართებელი“, მოწყალე, მოსარჩლე ეკლესიათა და მონაზონთა. შემდეგ კი ,,სისრულისაგან მიდრკა, აღერია წარმართთა (ე.ი. მონღოლ-თათართა) და ,,ისწავლა საქმენი მათნი“. ,,სისრულისაგან განბრეკა“ გამოიხატა მონღოლებთან დამოყვრებისაკენ მისწრაფებაში, რასაც ებრძოდა ეკლესია. კათალიკოსი ნიკოლოზი უზნეობას ,,აბრალებდა მეფეს“. განსაკუთრებით გადაირია პატრიარქი, როდესაც ქართველმა მეფემ სამი ცოლი მოიყვანა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველმა ქრისტიანმა მეფემ დაუშვა მრავალცოლიანობა. სამწუხაროდ, მეფის კვალს ბევრი მიჰყვა. განრისხებული ნიკოლოზ კათალიკოსი გადადგა, მეფის ჯვარისმტვირთველი აბრაჰამი მემკვიდრედ აკურთხა და მამულში წარვიდა თვალცრემლიანი. საბერძნეთიდან, მთაწმინდის ქართული მონასტრიდან, ამოვიდა ბასილი მონაზონი, თავი ღვთისმშობლის გამოგზავნილად გამოაცხადა, ,,ვითარცა ყოვლადწმინდა მარიამი მოციქული ძლიერად ამხილებდა და წინაღუდგებოდა მეფეს“. ასეთივე პოზიცია დაიკავა წმინდა პიმენ სალოსმა. საე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
რთოდ, მონღოლთა მძლავრობის დროს ქართული ეკლესია ერთობ აქტიურია.

დიმიტრი II-ის ერთდროულად სამი ქორწინება გამოწვეული არ იყო მისი დიაცთმოყვარეობით. პირველი ცოლი ტრაპიზონის კეისრის ასული ირინეა. ამ ქორწინებით მეფემ განამტკიცა კავშირი დასავლურ-ბიზანტიურ სამყაროსთან; მეორე, მონღოლთა ნოინის ასული სორღალი, ურდოში მხარდაჭერის საგარანტიოდ დაისვა ცოლად, მესამე, უმრწემესი ნათელა, სამცხის ათაბაგის ბექას ასული, ძალით შეირთო, რათა შემოერიგებინა გამდგარი სამხრეთ საქართველო. სწორედ ნათელამ უშვა გიორგი ბრწყინვალე. ნუ გავამტყუნებთ დამაშვრალ მეფეს, ავი დრო აიძულებდა ასე მოქცეულიყო. ერის ხსნის გზაზე ალბათ სატანაზე დაქორწინდებოდა, თუ ეს რაღაცნაირად დაეხმარებოდა სამეფოს სტაბილიზაციაში.

ვერ გაუგეს წმინდა მამებმა დიმიტრი II-ს. ბასილი მონაზონმა საჯაროდ უწინასწარმეტყველა საშინელი სამსჯავრო. მაგრამ დადგა კრიტიკული მომენტი და აღმოჩნდა, რომ დიმიტრი II უდიდესი ნებისყოფის, საოცრად ზნეობრივი ადამიანი ყოფილა.

აირია მონღოლთა იმპერიის საქმეები, ქართველი მეფე უნებლიე ინტრიგაში გაეხვია. მან ვერ განჭვრიტა შიდამონღოლური არეულობის შედეგი. დამარცხდა მონღოლთა ის ჯგუფი, რომელსაც იგი მიემხრო. ახალმა ყაენმა დიმიტრი II ურდოში გამოიძახა. ეს სიკვდილის განაჩენს ნიშნავდა. დადგა ალტერნატივა, რომელიც თვით მეფემ ასე ჩამოაყალიბა: ,,თუ არ წავიდე ურდოს და დავიცვა თავი ჩემი... აჰა, ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძევს, იხილეთ რამდენი სული ქრისტიანი სიკვდილსა მიეცემის და ტყვედ იქნების, ეკლესიანი შეიგინებიან და მოოხრდებიან, ხატნი და ჯვარნი დაიმუსვრიან... და უკეთუ წარვიდე, ყაენი, დასტურობით უწყი, მომკლავს“.

საკითხი მეფის ურდოში წასვლა-არწასვლის შესახებ განიხილა სამეფო დარბაზმა, რომელმაც ურჩია მეფეს, არ წასულიყო ურდოში (ურდო, ანუ მონღოლთა იმპერიის მოძრავი ბირთვი, მაშინ, ამიერკავკასიაში, ქ. ბარდავში იყო).

გადამწყვეტი სიტყვა ისევ დიმიტრი II-მ თქვა: ,,მრავალმღელვარე არს საწუთრო ესე დაუდგომელი და წარმავალი, დღენი ჩვენი სიზმრებრ და აჩრდილებრ წარვლენ, რა სარგებელი არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვით განვიდე სოფელსა ამისაგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა, უკეთუ მე მომკლან, ვგონებ რომე ქვეყანა უვნებლად დარჩეს“. და იქვე დაუმატა: ,,მეწყალვის უბრალო ერი“, ,,მე დავსდებ სულსა ჩემსა, ერისთვის ჩემისა“.

აბრაჰამ კათალიკოსმა მეფეს შეახსენა სახარების წმიდა სიტყვები: ,,უფროის იმისა სიყვარული არა არს, რათა დადვას კაცმა სული თვისი მოყვასისათვის“.

მოგვიანებით, უკვე ურდოში, როდესაც ქართველ შინაგამცემთა წყალობით მეფე სასტიკად ჰგვემეს არგნით და სასიკვილოდ გაამზადეს, ქართველმა პატრიოტებმა გადაწყვიტეს, მოეწყოთ მისთვის გაქცევა. თავდადებულმა მეფემ მტკიცედ უარყო განზრახვა პირად გადარჩენაზე. მან აღნიშნა, რომ იცოდა, არ აცდებოდა სიკვდილი, მაგრამ ,,დავსდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისათვის, აწ თუ წარვალ უბრალო ერი ჩემი მოისრას“...

1289 წლის 12 (25) მარტს, შაბათს, მარხვის მესამეს ქართველთა მეფეს საჯაროდ მოჰკვეთეს თავი. დიდხანს იცავდნენ დიმიტრი II-ის გვამს თათარ-მონღოლები, რათა ქართველებს არ წაესვენებინათ.

მაინც იმარჯვა კათალიკოსმა მოძღვარმა მოსე მღვდელმა. ფარულად მოიპარეს თავდადებულის ცხედარი და თევზის მოვაჭრეთა ქარავანს გაატანეს ტფილისში. იგი დაიკრძალა მეტეხის მონასტერში.

700 წლის სიღრმიდან გვიმზერს მეფე დიმიტრი II თავდადებული და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: სამშობლო არის უპირველესი!

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq