|
„ქართლის ცხოვრება“ წმინდა ვახტანგ III-ის შესახებ გაიოზ მამალაძე
10 (ახალი სტილით 23) დეკემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა მეფის ვახტანგ III-ის ხსენების დღეს.
ვახტანგ მეფის მამა იყო დიმიტრი თავდადებული, დედა კი ტრაპიზინის კეისრის ასული. ის გახლდათ მეორე ვაჟი სახელოვანი მამისა.
დემეტრი თავდადებულის მოწამეობრივი გარდაცვალების მერე, საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა დავით ნარინის VI-ის უფროსი ძე, ვახტანგ II. 1293 წელს, მოულოდნელად, ვაჟკაცი მეფე ვახტანგ II გარდაიცვალა. ერთიანი საქართველოს ტახტზე ავიდა დიმიტრი მეორის უფროსი ვაჟი, დავით VIII.
დავითი თან ახლდა მამას, დიმიტრი მეფეს, ურდოში. ის შეესწრო მამის მკვლელობას. მას მერე, სანამ ვახტანგ II არ გარდაიცვალა, იგი ურდოში ჰყავდათ მონღოლებს. მონღოლებისადმი სიძულვილითა და უნდობლობით აღვსილი გამოემგზავრა საქართველოში.
გავიდა დრო. როცა ყაზან ყაენმა ურდოში მიიწვია დავით მეფე, მისგან უარი მიიღო. დავით VIII ცდილობდა მონღოლთა ურდოებს შორის დაპირისპირება თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ამ მიზნით, თავისი ძმა ვახტანგ უფლისწული ოქროს ურდოში გაგზავნა და იქაურ ყაენს, თოხთას მოკავშირეობა შესთავაზა ყაზან ყაენის წინააღმდეგ. თუმცა, ოქროს ურდოსა და საქართველოს კოალიცია ვერ შედგა.
ილხანთა ურდოს ჯარი შემოიჭრა სააართველოში. დავით მეფე მთიულეთში გამაგრდა. იქვე დაამარცხა კიდეც მონღოლთა ჯარი, რომელმაც გზად აიკლო საქართველო.
ამ ხანებში დავით მეფემ უნდობლობა გამოუცხადა თავის ძმას, ვახტანგს და დაატყვევა. ვახტანგი გაიპარა და და ივანე ბარსელს სთხოვა ძმასთან შერიგებაში ეშუამდგომლა. მეფემ ფიცით შეირიგა უმცროსი ძმა. თუმცა, შემგომში მათ შორის უთანხმოება ისევ გაგრძელდა. მეფემ დაიწყო ვახტანგ უფლისწულის „უპატიოდ ყოფა“, როგორც გვიამბობს „ქართლის ცხოვრება“. ვახტანგი ურდოში გაემგზავრა. ყაენმა, რომელიც გაგულისებული იყო ურჩ დავით მერვეზე, ის მეფედ გამოაცხადა.
ჟინვალში უფროსი ძმა იჯდა, დავით VIII, ტფილისში კი ვახტანგ III. ვახტანგ მეფე მონღოლებს ეხმარებოდა მათ ბრძოლებში, რა თქმა უნდა, იძულებით. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლოს დროს მეფე დაიჭრა კიდეც. ამ დროს საქართველო უარღესად მძიმე მდგომარეობაში იყო. დამპყრობელთა თარეშ გადატანილ ქვეყანას შიმშილობაც დაატყდა თავს...
მეფე ვახტანგი ზრუნავდა იერუსალიმის ქართულ სავანეებზე.
1308 წელს ყაენმა ოლჯაიტუმ გადაწყვიტა საქართველოში დაენგრია ეკლესიები და მოსახლეობა იძულებით მაჰმადიანობაზე მოექცია.
ეს ამბავი მონღოლთა ლაშქრობიდან საშობლოსაკენ მომავალმა მეფემ გზაში შეიტყო. არ შეუშინდა მოსალოდნენ სიკვდილს, თავის მეომრებს მიმართა, აუხსნა ვითარება და შესთავაზა, თავი პირველად მათ გაეწირათ ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. ქართველები გაემგზავრნენ ურდოში... მეფემ უშიშრად ეახლა მონღოლთა ბატონს. მან უთხრა ყაენს, შენი წინაპრები, ჩვენ, ქრისტიანებს კი არა, მაჰმადიან სპარსელებს ვერ იტანდნენ, ვითარცა ვერაგებს და მამათმავალთ, რომლებიც ახლა ჩვენს წინააღმდეგ გამხედრებენ, ჩვენ კი მუდამ გვენდობოდნენო... ყაენს შესთავაზა, ჯერ ის და მისი მებრძოლები მოეკლა და „წარუპყრაცა ქედი“.
„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით ყაენმა დაუჯერა ვახტანგს და ხელი აიღო ქართველი ხალხის ძალით გამაჰმადიენების მცდელობაზე. ამ წყაროს მიხედვით, გულადი მეფე გზაში გარდაიცვალა, როცა სამშობლოში ბრუნდებოდა. მისი ცხედარი ჩამოასვენეს და დაკრძალეს დმანისის სიონში. ეს მოხდა 1308 წელს.
სხვა ვერსიით, ვახუშტი ბარტონიშვილის მიხედვით, ვახტანგ მეფე მონღოლებმა აწამეს და მოკლეს, დახოცეს მისი მეომრებიც.
ვახტანგ III ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დღეს გთავაზობთ ნაწყვეტებს „ქართლის ცხოვრებიდან“, სადაც მოთხრობილია ქრისტიანობისათვის თავდადებული მეფისა და მისი მეომრების შესახებ, რომელთა სახელები ჩვენ არ ვიცით...
„ქართლის ცხოვრება“
(ნაწყვეტები)
ამათ ჟამთა წარმოვიდა ძმა მეფისა ვახტანგ, რამეთუ იკლო რამე სიყვარული და სიკეთე ძმისა მისისა დავითისაგან, რამეთუ შეპყრობილცა იყო და პატიმრული ციხესა ჟინვანისასა. გამოიპარა და მოვიდა ივანე ბურსელისასა და რქუა: „არა-რა ბოროტი მიქმნიეს და შეურაცხება წინაშე ძმისა ჩემისა, აწე არა წარვალ ურდოსა, მტერთა მისთა თანა, არამედ წარავლინე კაცი წინაშე მეფისა ძმისა ჩემისა და აუწყე ჩემი შენსა მოსლვა. თუ ნებავს, და ფიცით შემაჯერებს, რომე არა ავი მიყოს და არა შემიპყრას, მის წინაშე მივალ, და მცირე სარჩომიცა მომცეს“. ხოლო მან წარავლინა კაცი მეფისა დავითის წინაშე და მოაჴსენა ესე ყოველი. ხოლო მეფემან განიხარა და ფიცითა მოიმტკიცა, და წარიყვანა ძმა თჳსი, და კეთილად ხედვიდა. და კუალად ჰგონებდა განდგომასა, ამის ძლით, რამეთუ შაბურის ძმის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად. და ვერღარა თავს-იდვა ვახტანგ უპატიოდ ყოფნა, და წარვიდა ურდოს ყაზანის თანა. ხოლო მან კეთილად შეიწყნარა და მოსცა მეფობა. და წარმოატანა ხუტლუბუღა ნოინი სპითა უძლიერესითა, და მოვიდა ტფილისს. და მუნ შემოიპირნეს ყოველნი თათარნი და ქართველნი, და სამცხის ბატონის ბექას შვილი, სარგის სპასალარი, ტაოელნი, თორელნი, თმოგუელნი და სომხითარნი, რამეთუ შანშე პირველვე იყო მუნ. მესამეოცდაშვიდე მეფე ქართლისა ვახტანგ, ძე დიმიტრი მეფისა და ძმა დავით მეფისა და გიორგი მეფისა, ბაგრატოანი
ვითარ ცნა მეფემან დავით, რომე ვახტანგს მეფედ ჰყოფენ, წარმოავლინა იგივე ბურსელი ზავისათჳს და აღუთქუა ურდოს წარსლვა, რათა ფიცითა შეაჯერონ და მოსცენ მძევალი. ხოლო ხუტლუბუღა შეჰფიცა და ყოველი სათხოველი აღუსრულა. და წარვიდა ბურსელი მეფეს წინაშე. ხოლო მან განიხარა და წარმოავლინა დედოფალი ოლჯათ, და კათალიკოსი აბრაჰამ, და ბურსელი. და მოვიდეს მუხნარს ხუტლუბუღა და სხუანი ნოინნი და ბაზალეთს წინა-მოეგებნენ, ოლჯათს და ვითარ ყაენს ეგრეთ პატივსცეს, და მოსცეს პირი სიმტკიცისა, და ბეჭედი ყაენისა, და ჴელის მანდილი, რამეთუ ესე აქუნდა სიმტკიცე ფიცის მინდობისა, და აძლიეს ხუტლუბუღას შვილი სიბუჩი მძევლად. გარნა ოლჯათ დაიმჭირა და არღარა წარავლინა, არამედ კათალიკოსი და ყადი და ბურსელი წარგზავნა, რათა მოიყვანონ მეფე. ვითარ მივიდეს მეფეს წინაშე, ცნა ოლჯათის არღარა მისლვა, მიზეზ ყო და არა ინება ნახვა თათართა, რამეთუ დიდი რამე რიდი და შიში აქუნდა. წარავლინა იგივე კათალიკოსი, ყადი და ბურსელი, ითხოვა ოლჯათ და აღუთქვა ხილვა. და ვითარ მივიდეს ხუტლუბუღას თანა, ცნა არა მოსლვა მეფისა, რქუა ბურსელსა: „კაცო, სატყუარი რა არს. მე მტიცითა ფიცითა შემიფიცავს, და ვერ მოვიდა; აწ მიიღე ტყუილისა ნაცვალი პატიჟი“. და განრისხებულმან მოაკუდინა ბურსელი, რომლისა გუამი აღიღო შანშე და წარგზავნა სამარხოსა მისსა. ხოლო ვახტანგს დაუმტკიცეს მეფობა, და ოლჯათ წარავლინეს ურდოსა.
და თათარნი კუალად წარვიდეს მთიულეთს, და გარდავიდეს გუელეთს, რამეთუ მეფე შედგომილ იყო, და დიდად ავნებდა სიმაგრეთა შესრულთა თათართა, გარნა სიდიდითა არა აკლდებოდა. ხოლო ვითარ იხილეს სიმტკიცე და უბრძოლველობა გუელეთისა, აიყარნეს და წარმოვიდეს რამეთუ ქართაცა მოჰბერეს და იწყო თჳთოეულმან მოსლვა, და მოესწრნეს მთიულნი, და მრავალი მოკლეს. ეგრეთვე ზანდუკისჴევს შესრულნი მრავალნი თათარნი მოისრნეს. და შთამოვიდეს ქართლს, და წარვიდეს. ყაზანს წინაშე, და მიჰგუარეს ოლჯათ, და არღარა მოსცეს მეფესა დავითს დედოფალი ოლჯათ. ხოლო ვითარ ცნა მეფემან არღარა მოცემა ცოლისა თჳსისა ოლჯათისი, იქორწინა ქართლისა ერისთავისა ჰამადას ასული, ფრიად ქმნულ-კეთილი. ამათ შფოთთა რა შინა იყო ქუეყანა ქართლისა არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და არცა შენება ყოვლადვე, ვითარ დღეთა აქაბ მეფისათა ელიას მიერ სამ წელ და ექუს თუე, გარნა აქა ხუთ წელთა იყო ოჴრება. რამეთუ ესოდენთა სიბილწეთა, სოდომურთა ცოდვათა შემოსრულთათჳს, განრისხდა ღმერთი, და ვიქმნენით მიცემულ პირველად მწარესა ტყუეობასა, და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ჴოცასა, და მესამედ იქმნა პურის მოკლება, რამეთუ ყოვლად არა იპოვებოდა სასყიდლად, არცა დიდითა ფასითა. ესოდენ განძჳნდა შიმშილი, რომელ მძორსა არაწმიდასა ურიდად ჭამდეს. სავსე იყვნეს უბანნი და ფოლოცნი, გზანი, მინდორნი და ქალაქნი, და სოფელნი მკუდრებითა. ყრმანი მკუდართა დედათა ძუძუთა ლეშკთა სწოვდიან, და უმრავლესი ერი ქართლისა წარვიდა სამცხეს, ქუეყანად ბექასსა, სადა-იგი იპოვებოდა პური სასყიდლად. ფრიადსა და უზომოსა მოწყალებასა შინა იყო მეუღლე ბექასი ვახახი, რომელი იყო ყოვლითურთ შემკობილი.
და ვითარცა დამტკიცდა მეფობა ვახტანგისი, რამეთუ ყაზანმან ჴელთ-უდვა სამეფო, დაიპყრა ტფილისი და ყოველი სომხითი, დმანისი და სამშჳლდე, ხოლო არა წინააღუდებოდა ძმასა თჳსსა დავითს, რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითურთ სრულ, სარწმუნოებითა მტკიცე, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშჳდ და მდაბალ, არა მოშურნე, მყუდრო და უშფოთველ...
. . . ჟამთააღმწერელი მესამეოცდაექუსე მეფე ქართლისა გიორგი, ძე დიმიტრი მეფისა და ძმა დავით მეფისა, ბაგრატოანი
ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა აღვიდეთ. მას ჟამსა იწყო ყაზან ყაენმან ამჴედრება მეგჳპტელთა ზედა, და მოუწოდა მეფესა ვახტანგს, და მისცა ბექამანცა ლაშქარი მისი რჩეული, რომელი დივნითა ხუდებოდა. წარემართა ყაზან, და შევიდეს ქუეყანასა ასურასტანისასა და შამისასა, და მოაოჴრებდეს, რამეთუ იყო სიმრავლე ლაშქრისა მისისა ათცამეტი ბევრი. და ვითარ ესმა სულტანსა მისრისასა, რომელსა სახელად უწოდდეს, ნასარ მელიქსა, შეკრიბა სპა მისი ყოველი და მივიდა და დევნად განეწყო. და იქმნა ომი სასტიკი ესოდენ, რომელ ხუტლუბუღა ნოინი ათასისა მჴედრითა წინა დაუდგა ყაზანს, ამად რომელ დიდთა მიმართეს ყაზანს ზედა, და ათასისა კაცისაგან ექუსასი დაჴოცეს, და ოთხასიღა დარჩა, რომლითა სძლო და იოტნა, რომელსა თანაშემწე ექმნა ჩოფან სულდურ ხუთასითა კაცითა, სადა ვახტანგ და სპანი მისნი მჴნედ ბრძოდეს. და ვითარ სწყდებოდა ორგნითვე ურიცხჳ, ივლტოდეს მეგჳპტელნი და სულტანი ნასარ მელიქი. და უკმობრუნდა ყაზან ყაენისაგან და სამ დღე განისუენა, და მეოთხესა დღესა დევნა უყვეს და მიეწივნეს მცირედნი და ამოსწყჳდნეს. და განიბნივნეს თათარნი, ტყუევნა ყვეს, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე წმიდად ქალაქად იერუსალიმად, სადა-იგი მრავალი სული მოისრა ქრისტეანე, და უმეტეს სპარსნი. ხოლო ყაზან მიმართა დაიმუმყსა ზედა, რომელ არს დამასკო. ხოლო მათ ზენარისა მთხოველთა მოსცეს ქალაქი და საქონელი ურიცხჳ და დაამყარა ყაზან დამასკო და მიმდგომნი მისნი ქალაქნი, და დაყო ვითარ ოთხ თუე. და დაუტევნა მცველნი ქალაქისანი, და წარმოვიდეს სახლად თჳსად თავრეზად. და ვითარ მოიწია ზაფხული, განდგეს. დამასკელნი, და გამოასხეს მცველნი ყაზანისანი. ცნა რა ესე ყაზან, მოუწოდა სპასპეტსა მისსა ხუტლუბეღასა და მეფესა ვახტანგს, და ყოველთა მთავართა საქართველოსათა, და წარავლინნა სულტანსა ზედა ლაშქრად. მივიდეს და შევიდეს შამად და დამასკოდ, და აოჴრებდეს დამასკოს, და ვეღარ აიღეს. განვლეს დიდი ანტიოქია, და მივიდეს ვიდრე ღაზამდე. და ვერ შემართა სულტანმან ომი მათი, და მოაოჴრეს ექუს თუე, და მით უკმოიქცეს და მივიდეს ყაზანს წინაშე გამარჯუებულნი.
და ვინათგან მეფე დავით არა მიენდო თათართა, ზაფხულ მთიულეთს იყვის და ზამთარ ქართლსა. ამისთჳს იშლებოდა ქუეყანა ქართლისა, და მთავარი ბაყათარ განდიდებულ იყო და აოჴრებდა ქართლსა, თრიალეთსა, და განასხმიდა მამულისაგან აზნაურთა, და იყო ჭირი დიდი მკჳდრთა ქართლისათა. და მეფემან დავით შეკრიბა ყოველი მთიული, წარვიდა და მივიდა ტფილისს, და ჰყვა კაცი ცხენოსანი და ქუეითი, ვითარ ათხუთმეტი ათასი, და მოუჴდა ყივჩაყთა საზაფხულოდ მომავალთა. ხოლო ყივჩაყნი რომელნიმე ქალაქსა ეწივნეს, და ზოგნი მტკურის პირით ივლტოდეს. ესმა ესე ვახტანგს ტაბაჴმელას მდგომსა, მივიდა მცირითა კაცითა, განვლო ჴიდი და სახიუდაბელი, და განვიდა მახათას, რამეთუ დავით და ლაშქარი მისი მახათას დგეს, თავსა ქედისასა და ვახტანგ ქუემოთ მიუდგა, და დადგა და ვერ შემართა შებმა, სიდიდითა დავითის ლაშქრისათა. მაშინ მცირედნი ვინმე ჩამოვიდეს და აქათ მცირენი ვახტანგისნი მიეგებნეს, შეიბნეს, და დავითის კერძნი გაიქცივნეს, და ორნი ძმანი და შვილნი დაჴოცნეს. და ვითარ შენივთდებოდა ომი, ათასი ყივჩაყი გაქცეული შეკრბა ვახტანგს თანა ჯარად. მაშინ მოიწია რისხვა ღმრთისა, და ივლტოდა დავით, და სპა მისი ძლიერი უომრად იყო. დავით მოვიდა, და ომისა არა შემმართი მიუდგეს უკანა ყივჩაყნი და ქართველნი, და სდევდეს ვიდრე ჯაჭუადმდე, დაჴოცეს კაცი ურიცხჳ. არათუ ვახტანგ მტერი იყო ძმისა, არამედ თათართა შიშითა იძულებით შეება. ოტებული რა ცნა დავით, უმძჳნვარესად აოჴრებდა ბაყათარ ქართლსა, და მეფე დავით ვერ წინააღუდგებოდა. მით სენიცა შეედვა ბოროტი, მიკრისი, ჴელთა და ფერჴთა, და უჴმარ იქმნა, და იყოცა კაცი ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ამისთჳს ბოროტსა სენსა ჩავარდნილი უღონოებდა, და ბაყათარ აოჴრებდა ქუეყანათა, და ჴოცდა კაცთა, დაღაცათუ სურამელი აჰმადა და რატი ძლიერად ებრძოდეს. მაშინ ბაყათარ წარუღო გამრეკელსა, კახას ძესა, ციხე ძამისა. ცნა ესე ბექამან, მოუჴდა დიდითა ლაშქრითა, ხოლო ბაყათარ, ციხით გამოსრული, წინ დახუდა წინმავალთა ბექასთა. იქმნა ომი ფიცხელი, და პირველსავე შებმასა გაიქცა ბაყათარ, და შევიდა ციხესა. მივიდა ბექა და მოადგა ძლიერად ციხესა. და ვითარ განძლიერდა, ითხოვეს ოვსთა ზენაარი და აღუთქუეს არა წყენა, და ესრეთ მოვიდა ბექას წინაშე გაუშავებელი, და უკანას მოკუდა ბაყათარ.
აწ ვიწყოთ თათართა მოთხრობად. და ვითარ გამოასხნეს მეგჳპტელთა მცველნი დამასკოსანი, ამისთჳს გამწყრალმან ყაზან გაგზავნა იგივე ხუტლუბუღა სპითა ძლიერითა და ვახტანგ სპითა საქართველოსათა. და ვითარ ცნა სულტანმან მისლვა მათი, მიეგება სულტანი ომად, და იქმნა ძლიერი ომი, დაიჴოცნეს ორგნითვე ურიცხუნი. და მას დღესა სწორი ძლევა არა იქმნა, და ღამემან განყარნა. და ვითარ უკუდგეს, პოვეს ქედი დიდი თათართა და მას ზედა შემოდგეს ხუტლუბუღა ერითურთ, უსეინ, სევინჯი. გარნა სიბუჩი, ხუტლუბუღას შვილი, მივიდა მახლობელად სულტნისა და დადგა ვაკედ, რომელსა ახლდეს ბექას ლაშქარნი, და ყველასა ცხენი ჴელთა ჰყვა. მოიჴელოვნა სულტანმან, რამეთუ ჩამოუშვა წყალი უკანა კერძი თათართა, და მას ღამესა ესეთი ლამი შეიქმნა, ცხენი და კაცი ორნივე უჩინო იქმნიან ლამსა შიგან. და განთენა რა, იხილეს თათართა უკანა კერძო ლამი, დაწინათ ლაშქრისა სიმრავლე, უღონო იქმნნეს, პოვეს მცირე უგანო ადგილი ლამისა, და მაშიგანცა დაიჴოცნეს სიმრავლე კაცისა და ცხენისა; და რაჟამს აღივსო კაცითა და ცხენითა, მეოტმან ლაშქარმან ზედა-განსლვა დაიწყო. დაღათუ მოსწყდეს ურიცხჳ თათარი და ქართველნი, და ვახტანგ და ნოინნი მშჳდობით დარჩეს და მოვიდეს ყაზანს წინაშე, რომელი განწყრა და საპყრობილესა მისცნა ყოველნი ნოინნი. და ეკაზმოდა კუალად სულტანსა ზედა. გარნა დასნეულდა სენითა მუცლისათა და მოკუდა, რომელი იგლოვა ყოველმან კაცმან სიმართლისათჳს, რომელ ავის მოქმედი და მეკობრე და უსამართლო კაცი აღარ იპოვებოდა საყაენოსა მისსა, და ამისთჳს დაუტევა მწუხარება ყოველთა.
ხოლო შემდგომად მისსა დასუეს ტახტსა ყაენთასა ძმა მისი სახელით ხარბანდა, რომლისა უკანასკნელ ოლჯათა სულტანსა მისცა, რომელ ერთითა თუალითა არა მხედველ იყო, და ვითარ ეძლო, იპყრობდა წესთა ძმისა მისისა ყაზანისთა, დაღათუ იყო ესეცა კაცი კეთილი. ამან მოიწყო ყოველი საბრძანებელი მისი, და ფრიად კეთილსა უყოფდა ვახტანგს. ამან ხარაბანდამან ინება გილანს წარსლვა, და მოუწოდა ყოველთა სპათა თათართა და თჳთ მეფესა ვახტანგს, და ოთხად განყო სპა თჳსი: უკეთესი და უწარჩინებულესი სპა მან დაიჭირა და მეფე ვახტანგ; და ერთი ნაწილი მისცა ხუტლუბუღასა და ბექასა, ლაშქარი თჳთ პირველვე მისი იყო; ერთი ნაწილი ლაშქარი ჯალაიარს მისცა, და ოვსნი გორს მსხდომნი; ერთი ნაწილი სალდუხსა ჩოფანსა მისცა; და თჳთო თავადი თჳთოსა გზასა ჩაგზავნა, და ერთს გზას თჳთ ყაენი ხარბანდა, სადა-იგი წინამბრძოლად მეფე ვახტანგ აჩინეს გილანს ყოველგნით. ხოლო გილანელნი დაღათუ მცირენი იყვნეს, არა შეშინდეს, რამეთუ იყვნეს გილანსაცა ოთხნი მთავარნი, რომელთა სახელები იყო: ერქაბაზნ და უბაში, როსტან და ასან. ესე თჳთ დადგა სიმაგრეთა შინა, შეკრა ხარხალი და ერიქაბაზნ ყაენს ხარბანდს დაუდგა წინა და შემოება, და იქმნა ომი ძლიერი, რამეთუ ვახტანგ წინამბრძოლობდა. ქუეითნი გზისა სივიწრისაგან და ტყისა სიჴშირისაგან ვერა იარებოდეს; და სადაცა მცირე ვაკე იყვის, იგიცა ლამი იყვის.
ხოლო ვითარ გაგრძელდა ომი, პირველ ისრითა და მერმე ჴრმლითა იბრძოდეს თათარნი და ქართველნი, და ხარბანდ თჳთ უჭურეტდა. მცირედნი შეეწეოდეს, და ჴმითა განამჴნობდეს. ვითარ შენივთდა ომი, არა შეაქცევდა მეფე ვახტანგ ზურგსა, არცა სპა მისი, არამედ სივიწრითა მოისრვოდეს ესოდენ, რომელ ათისაგან ძლივ ორნი ცოცხალ იყვნიან; სომხითარნი ახლდეს, რაოდენიცა იპოვებოდეს ცხენსა ზედა მდგომი, და ესრეთ მოსწყჳდეს; მრავალნი აზნაურნი უმკჳდრო გახდეს, რამეთუ მამა, შვილი და ძმა, ყოველნივე მუნ ახლდეს. გარნა რომელნიმე დარჩეს თჳთ ვახტანგ არა გარე-მიაქცევდა პირსა, არამედ მჴნედ და ძლიერად იბრძოდეს. განკჳრდეს თათარნი სიმჴნესა ზედა ქართველთასა, რამეთუ ვახტანგ მჴნე იყო ომსა შინა, და მჴნედ იბრძოდა, და მცირედ დაიკოდა ბარკალსა, და მიდრკა მზე და მოეახლა ღამე, და განიყარნეს.
ხოლო ვითარ იხილა ყაენმან სიმაგრე ქუეყანისა, ტყითა და კლდითა, ღამე ყოვლ წარმოვიდა. ცნეს გილანელთა, და დევნა უყვეს, და რომელთა ეწივნეს, დიდად ავნეს, ხოლო ერთ-კერძო ხუტლუბუღას შვილი დაუდგა წინა; ხოლო თავადმან გილანელთა უბიშმან შეკრა მანცა ხარხალი, და შეაბა კარი იწროსა შესავალსა, და დაუდგა ხუტლუბუღას. ხოლო იგი გარდაჴდა ცხენისაგან და დაჯდა სკამითა, და უბრძანა ბექას ლაშქართა ქუეითად შესლვა, და ყვეს. შევიდეს ტაძარსა და გარდვიდეს, და შეიქმნა ომი ძლიერი აქაცა, ქართველთა და მესხთა ზედა. არცა ამათ შეაქციეს ზურგი, არამედ მჴნედ ბრძოდეს, და უფროსნი გილანელნი მოისრვოდეს. მაშინ სტყორცა ვინმე ისარი, და დაეცა შიშუელსა თავსა ხუტლუბუღა ნოინსა, და მყის - მკუდარი შთაიჭრა სკამისაგან. ვითარცა იხილა შვილმან მისმან სიბუჩი სიკუდილი მამისა, მსწრაფლ ივლტოდა, იგი და სპა მისი, ხოლო მესხნი დარჩეს ტაძარსა შინა. მცირედნი ივლტოდეს, და უმეტესნი მოისრნეს, და მოიწია უზომო რისხვა ღმრთისა თათართა და მესხთა ზედა, რამეთუ უკანით, სადა ბრინჯი დგომილ იყო ვაკესა შინა, ღამით წყალი ჩაეგდოთ, და ესრეთ ლამი შექმნილ იყო, რომელ ვერცა ცხენი და ვერცა ქუეითი ვერ. გაიარდა და იქმნა მოსრვა მლიერი.
ხოლო ჩოფანსცა შემოება როსტან მელიქი ვაკესა ადგილსა, გარნა ჩოფან სძლო და იოტა, და სიმაგრესა შინა არღარა შეჰყვა არამედ წყნარად დაბრუნდა და აჩინა მჴედარნი მისნი უკანამავლად. ჯავახის-შვილი გამრეკელი მჴნედ იბრძოდა ომსა მას, და გარდამოვიდეს მშჳდობით. ეგრეთვე უსენს და ოვსთა შეება ასან, და სწორი ძლევა იქმნა, და იგინიცა გამოქცეულნი ივლტოდეს, და მივიდეს და შეკრბეს უჟანს ხარბადან ყაენს წინაშე. სულდუხი ჩოფან მჴედართ-მთავრად განაჩინეს, მონაცვალედ ხუტლუბუღა ნოინისა. ხოლო მეფე ვახტანგ პატივცემულ ყვეს და დიდებულნი მისნი ყოველნი მჴნედ ბრძოლისათჳს, და ნიჭითი დიდითა წარმოავლინეს შინა.
და წარვიდა ვახტანგ, მოუჴდეს კაცნი ხოდრისელნი, სჯულითა სარკინოზნი და მტერნი ქრისტეს აღმსარებელთანი და ყოველთა ქრისტიანეთა, და რქუეს ყაენსა ხარბადანს: „უკეთუ არა ყოველთა ქრისტეანეთა დაატევებინო სჯული, და ეკლესიანი არა დააქცივნე, არა განგემარჯოს მტერთა ზედა, და არა წარგემართოს მეფობა შენი და ჴელმწიფება.“ ესე სიბილწე წარმოსთხიეს ცუდრჯულთა, და ამათ ძლით ისმინა ყაენმან და იწყო რღუევად ეკლესიათა. და წარმოავლინა ლაშქარი, და ერთი ნოინთა მთავარი, რათა მოვიდეს საქართველოსა და მეფესა და ყოველთა ქართველთა დაატევებინოს სჯული და სარკინოზად შექმნას, და ყოველსა საქართველოსა შინა დაარღჳვნეს ეკლესიანი. და ეწია ნახჭევანს წარმოსლვასა ვახტანგს ესე წარმოვლინებული ნოინი, ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განმჴნდა, და უმეტეს მოაჴსენებდა სიმჴნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათჳს, და რქუა სპათა თჳსთა: „კაცნო, ძმანო და ერთ-რჯულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტდ აღმსარებელნო, უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა და უწყით ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ურიცხუნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“, და კუალად: „მოვედიო ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და აწ ნუ შესძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე, და დავდვათ სული ჩუენი მისთჳს, რომელმან დადვა სული თჳსი ჩუენთჳს. პირველად ჩუენ მივსცნეთ თავნი ჩუენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება ღმრთისა, და მან დაიცვას სამწყსო თჳსი“.
ვითარ ესმა სპათა ვახტანგისთა, სიხარულით შეიწყნარეს ბრძანებული მისი, და მყის წარემართნეს ურდოსა, და მივიდეს ყაენს წინაშე. ხოლო ყაენი განკჳრდა მისლვასა მეფისასა, და მივიდეს კარსა ყაენისასა, და მუჴლნი დაიდგნეს, და რქუა მეფემან ჴმითა მაღლითა: „ისმინე, მაღალი, და ძლიერო ყაენო, მოვიდა ბრძანება რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტეოთ სჯული ჩუენი, აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და აროდეს გუასმიეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფროს საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთჳსცა იგინი მოსწყჳდნეს, რამეთუ იყვნეს მწამლველ და მამათ-მავალ და კაცის-მკველ. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი შენს წინაშე არიან, და მე მზა ვარ სიკუდილად სჯულისათჳს ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველნი, შენს წინაშე მყოფნი ქრისტეანენი, აჰა თავნი ჩუენნი წარგუკუეთენ“. და წარუპყრაცა ქედი. და ვითარ ესმა ყაენსა სიტყუა ესე, განკჳრდა და პატივ-სცა მეფესა, და სიტყჳთა ტკბილითა აღადგინა, და შეინანა, და აბრალა რომელთა აქმნევინეს.
ხოლო იქმნა ესეცა, რომელ არღუევდეს თავრეჟს ეკლესიათა, არამედ ოთხსა დღესა შინა ოთხნი შვილნი ხარბანდასნი დაიჴოცნეს, სახელით ბარტამ და მას-ზედანი, და ესრეთ წარდგომილმან მეფემან დაჴსნა შური და შფოთი მომავალი საქართველოსა ზედა. ხოლო წარმოვიდა ვახტანგ პატივცემული, და მოვიდა მუნვე ნახჭევანს, შეედვა სალმობა მუცლისა და მოკუდა, შემკული გჳრგჳნითა მეფობისათა, და წარმოიყვანეს და დამარხეს დმანისს“.
ასე მოგვითხრობს ვახტანგ მესამისა და მისი მეომრების ქრისტიანობისათვის თავგანწირვის შესახებ „ქართლის ცხოვრება“.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით კი, მეფე ვახტანგი ასე გარდაიცვალა: „მოვიდნენ რა წინაშე ყაენისა, განკვირდა ყაენი მოსვლისათვის მეფისა. მაშინ მეფე ვახტანგ წინააღუდგა დატევნებისათვის ქრისტესა და მოოხრებისათვის ეკლესიებთა. არამედ საქართველოსაცა უარჰყვეს მოგზავნილი იგი ნოინი. ამისთვის მოკლა ყაენმა ქრისტესათვის ტანჯვითა მეფე ვახტანგ ტანჯვითა ანუ ექსორია-ყო სპითურთ და მუნ მოკლა“.
ვახუშტისეული „ქართლის ცხოვრების“ არშიაზე არსებული მინაწერის მიხედვით კი: „გარნა იცნობების მუნვე ქვემოთ და ზემოთ და ყეენებისაგან ესრეთ, ვითარცა აღგვიწერია და აღსრულებასაცა მისსა ვგონებთ მოწამეობით, ვითარცა აჩენს ცხოვრება ცხადად. ხოლო სიტყვაცა არს, რამეთუ ვახტანგ მეფე მოწამე, არამედ თუცა ვახტანგ გორგასალისა იგონიებს გარნა გორგასალ ღირსქმნილია მოწამეობისა, ხოლო ესე ვახტანგ სრული მოწამეა ტანჯვითა ქრისტესათვის“. |
|