ბატონო ბიძინა, თქვენ მოგმართავთ, რადგან, გუნდი, რომელიც 30 ოქტომბერს, თითქმის დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, თქვენი ჩამოყალიბებულია და თქვენ ამ გუნდის წევრებზე დიდი გავლენა გაქვთ. ისინი პატივს გცემენ და გენდობიან. თქვენდამი ეს მომართვა, რა საკვირველია, გამიზნულია თქვენი მეგობრებისადმიც, მეტიც, მთელი ქართველი ხალხისადმი... საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს. მხოლოდ ისაა დარჩენილი საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან, რომ ჯერ-ჯერობით, კონსტიტუციით, პრეზიდენტის არჩევა ხდება საერთო-სახალხო არჩევნების გზით. თქვენს მიერ ჩამოყალიბებული გუნდის წევრებს, უკვე ყველამ ვიცით, გადაწყვეტილი აქვთ, შეცვალონ შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციაში, და შემდეგში, საქართველოს პრეზიდენტი აღარ ირჩეოდეს საერთო-სახალხო არჩევნების გზით, არამედ პრეზიდენტს ირჩევდეს ან პარლამენტი, ან პარლამენტს დამატებული რაიმე წარმომადგენლობითი ორგანო თუ სხვა. ეს, რა თქმა უნდა, გააიაფებს საპრეზიდენტო არჩევნებს. ეს საკითხი, ყველა ვხვდებით რომ გადაწყვეტილია. ბატონო ბიძინა, როგორც საქართველოს სამეფო კლუბის სპიკერი და ამ საკითხზე მრავალი წლის მანძილზე მომუშავე ადამიანი, გთხოვთ, დაფიქრდეთ, იმსჯელოთ და გაანალიზოთ ჩვენი წინადადება - გთავაზობთ საპარლამენტო მონარქიას! სახალხო, კონსტიტუციურ, შეზღუდულ, თანამედროვე მონარქიას! ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, საპარლამენტო მონარქია, ფაქტობრივად იგივეა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაა! ქვეყნის მეთაურის მოვალეობას, პრეზიდენტის მაგიერ, ასრულებს კონსტიტუციური მონარქი. საპარლამენტო მონარქია გაცილებით იაფია, ვიდრე საპრეზიდენტო მმართველობა. საპარლამენტო მონარქიის დროს, მეფე დასჯერდება ზუსტად იმ ხარჯებს, რაც აუცილებელი იქნება საპარლამენტო რესპუბლიკის შემთხვევაში ქვეყნის პრეზიდენტისათვის, მისი კანცელარიისათვის და სხვა. ზუსტად ამ ხარჯებში ჩაეტევა საპარლამენტო მონარქიის შემთხვევაში მონარქი, მისი კანცელარია და სხვა. საპარლამენტო რესპუბლიკის დროს პრეზიდენტი არის დაქირავებული სახელმწიფოს მიერ, ასევე, საპარლამენტო მონარქიის შემთხვევაში, მეფე იქნება ვალდებული შეასრულოს მსგავსი მოვალეობა, რასაც ასრულებს პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში. ამგვარ მონარქიას ჩვენ ვუწოდებთ სახალხო მონარქიას, რადგან ასე ჰქვია ევროპის მონარქისტულ ქვეყნებში არსებულ სისტემას, და იგულისხმება, რომ სახელმწიფოში მეფესა და ხალხს შორის არ იქნება რაიმე ფენა, არისტოკრატია თუ სხვა, როგორც იყო ძველად. თანამედროვე სამყაროში ასეთი რამ აღარ არის საჭირო. არ იარსებებს არც სამეფო კარი, არც ვაზირობა და ა. შ. მხოლოდ მონარქის სამუშაო კანცელარია. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, საქართველოს კონსტიტუციისა და პოლიტ-კორექტულობის წესების მიხედვით ყველა ადამიანი თანასწორია. მეფე, მხოლოდ სახელმწიფო მოვალეობებს ასრულებს და რომელიმე ფენის ინტერესებს არ გამოხატავს. ამას ასევე შეიძლება ვუწოდოთ ჰორიზონტალური მონარქია, სადაც იერარქიული კიბე არ იქნება. ამგვარად, თანასწორობის პრინციპითა და ტრადიციულობის დაცვით მიაღწიეს ევროპის კონსტიტუციური მონარქიის ქვეყნებმა დემოკრატიის უმაღლეს დონესა და სტაბილურობას, ეკონიმიკურ განვითარებას. ქვეყნის მართვა გაგრძელდება ჩველებრივად, პარლამენტი იქნება საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა განახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მხოლოდ პარლამენის მიერ არჩეული პრეზიდენტის მაგიერ, ქვეყნისთვის საჭირო ცერემონიალურ და სიმბოლურ მოვალეობებს იტვირთებს მეფე. ეგაა და ეგ. ამგვარ მონარქიას, მოგეხსენებათ, კონსტიტუციურ მონარქიასაც უწოდებენ, ხანდახან მოიხსენიებენ შეზღუდული მონარქიის სახელითაც, რადგან მონარქი, - ისევე, როგორც სახელმწიფოში მოღვაწე სხვა პირები, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ა. შ. - შეზღუდულია კონსტიტუციით და აქვს მხოლოდ კანონით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, რომლის დარღვევაც შეუძლებელია, ან დასჯადია კანონით. როგორც უნდა განისაზღვროს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობანი, ასევე განისაზღვრება მონარქის უფლება-მოვალეობანიც. ასეთია მონარქიის თანამედროვე სახე, რომლის შესანიშნავი მაგალითებიც გვაქვს ევროპის ზოგ, ყველაზე სტაბილურ ქვეყანაში, იაპონიაში და სხვა... საქართველოში თუ აღდგება სამეფო ტახტი, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისა გზაზე ეს იქნება, კიდევ ერთი გადამწყვეტი და ისტორიული ნაბიჯი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხშიც, შესაძლოა, ამან პოზიტიური როლი ითამაშოს, ვინაიდან ჩვენი მეფეები ატარებენ აფხაზეთის მეფეთა სისხლს, ისევე როგორ ჩქეფს მათში ოსი მეფეების სისხლიც. აფხაზებს და ოსებს, ასევე სხვებს, ჩვენს საპარლამენტო მონარქისტულ სახელმწიფოში ექნებათ მათი ინტერესების გამოხატველი ყველა უფლება. ჩვენი ქვეყნის არა ერთ მეგობარ სახელმწიფოში არის საპარლამენტო მონარქია, არავის აქვს მათდამი პრეტენზია, არც მოკავშირეებს ევროკავშირიდან, არც ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკიდან, არც მეზობლების მხრიდან, ვინაიდან, თუ არ ირღვევა ადამიანის უფლებები, თუ არ აგრესორობს ქვეყანა მეზობლებზე, თუ დემოკრატიული გზით ვითარდება, შიდა პოლიტიკური მოწყობა მხოლოდდა მხოლოდ თავად მოსახლეობის გადასაწყვეტია. ბელგიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა თუ იაპონიის მაგალითებიც საკმარისია ამისთვის, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნაბად ითვლებიან. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი დინასტია, რომლის პრესტიჟის საკმაოდ მაღალია. საპარლამენტო მონარქია ერის კიდევ უფრო კონსოლიდაციისთვისაც კარგი იქნება. საქართველოს ეკლესია, ჩვენი მოქალაქე მაჰმადიანები, იუდეველები, გრიგორიანები, კათოლიკეები და სხვებიც, მხარს დაუჭერენ ამ იდეას, რადგან მათი წინაპრები საქართველოს ერთგული მოქალაქეები იყვნენ, ქართველებთან ერთად. მათ წინაპარ სასულიერო პირებს, ხშირად პირადი მეგობრობა ჰქონდათ ქართველ მეფეებთან. ბევრი რომ აღარ გავაგძელოთ, ბატონო ბიძინა, კარგი იქნება თუ დაინტერესდებით, დეტალურად ეს საკითხები დამუშავებული გვაქვს, და, ალბათ, ყველა კითხვაზე შეიძლება პასუხის გაცემა. ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ თქვენც და საზოგადოებასაც. შესაძლოა, ეს საკითხი უცბად არ გადაწყდეს და რამდენიმე წელი გარდამავალი პერიოდი გამოცხადდეს. ყველაფრის შესახებ შეიძლება საუბარი, მსჯელობა. მსჯელობა კი გვჭირდება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რადგან ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო უნდა განვითარდეს! თქვენდამი, თქვენი მეგობრებისადმი და სხვა, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალისადმი პატივისცემით - სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ (გია) მამალაძე
ყველას ვთხოვ, სამეფო კლუბის წევრებს, ჩვენს მომხრეებს, მეგობრებს, ჟურნალისტებს, გაავრცელეთ ეს მიმართვა, რათა მიაღწიოს ბიძინა ივანიშვილისადმი, მისი მეგობრებისადმი, ყველა პოლიტიკური ძალისადმი და თითოეული ქართველისადმი.
|