| სერ როჯერ სკრუტონი Sir Roger Scruton | ევროპული ინტეგრაციის პროექტი, დამარცხებული ერების პოლიტიკოსებმა და ელიტარულმა წრეებმა რომ წამოაყენეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ქელეხის სუფრაზე, იმას დაეყრდნო, რომ დაიჯერეს ეროვნულობა და ეროვნული თვითგამორკვევა უპირველესი მიზეზებია, რამაც ევროპის დამაქცევარი ომები გამოიწვიაო. დაიწყო კამათი თუ ვინ დაიწყო ომები: ნაპოლეონმა? ბისმარკმა? ფრანგმა რევოლუციონერებმა? 1848 წლის რევოლუციონერებმა? რეაქციონერებმა და მონარქისტებმა? მეტერნიხმა? ტალეირანმა? გარიბალდიმ? ფიხტემ? ვაგნერმა? ლუი მეთოთხმეტემ? მაგრამ რაც არ უნდა შორს წასულიყავი, ომსგადარჩენილი პოლიტიკოსების თვალში, მაინც ნაციონალიზმის დემონამდე მიხვიდოდი, წმინდა განმანათლებლური სულთან კონფლიქტს თავს ვერ დააღწევდი. შედეგად, ეს დამფუძნებელი მითი ევროპული ინტეგრაციისა ერთგანზომილებიან ტერმინებად ჩაისახა, როგორც პროცესი მზარდი გაერთიანებისა, მართვის ცენტრალიზებული სტრუქტურითურთ. ცენტრალური ძალაუფლების ზრდის ყოველი ნაბიჯი უნდა დაწყვილებოდა ეროვნული ძალაუფლების დამცრობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპის პოლიტიკურ პროცესისათვის უნდა უზრუნველეყოთ მიმართულება. ეს მიმართულება ევროპელ ხალხებს არ აურჩევიათ, და, როგორც შანსი მიეცემათ ხმა მისცენ, უკუაგდებენ ხოლმე - ამიტომ ყველა ზომებს მიმართავენ იმისათვის, რომ არ მიეცეთ ხმის მიცემის შანსი. პროცესი გამუდმებით ცენტრალიზაციისაკენ მიემართება, მიემართება ზემოდან ქვემოთ კონტროლისაკენ, აურჩეველი ბიუროკრატებისა და მოსამართლეების დიქტატურისაკენ, არჩეული პარლამენტების მიერ მიღებული კანონების გაუქმებისაკენ, ისეთი კონსტიტუციური ხელშეკრულებებისაკენ ხალხისათვის რომ არავის არაფერი უკითხავს. ახლანდელი სავალო კრიზისის დროს ევროპულმა ელიტამ - ძირითადად საფრანგეთისა და გერმანიის მმართველი წრეებისაგან რომ შედგება - მიითვისა უფლება ჩამოეგდო საბერძნეთისა და იტალიის მთავრობები და დაეწინაურებინათ საკუთარი მიმდევრები, არჩეულნი მორჩილი „აპარატჩიკების“ რიგებიდან. ამავე დროს, უნგრეთს გამუდმებით თავს ესხმიან პროვოკაციული შეკითხვებითა და გამოძიების მუქარით, იმის გამო, რომ გაბედა და თავისი კანონებით იმოქმედა იმ საკითხებში, რომლებშიც ევროპულმა პოლიტიკურმა კლასმა, ჩუმად მიისაკუთრა სუვერენობა. ამ მიმართულებას ყოველთვის იმპერიული მთავრობისაკენ მივყავართ, რაც ცხადჰყოფს რომ ეროვნულობის მოწინააღმდეგე განმანათლებლობა კი არ არის, არამედ იმპერიაა. და ერთადერთი რამ აღუდგება წინ ამ შედეგს და ეს გახლავთ ევროპელი ხალხების ეროვნული გრძნობები. როგორც ინგლისელი და რომის ცივილიზაციის მოყვარული მე არა ვარ იმპერიის წინააღმდეგი. მაგრამ მნიშვნელოვანია შევნიშნოთ თუ რას მოიცავს ის და გამოვარჩიოთ მისი კარგი და ცუდი ფორმები. ჩემი თვალთახედვით, იმპერიის კარგი ფორმები ემსახურებიან ადგილობრივი მიდრეკილებებისა და წეს-ჩვეულებების დაცვას ცივილიზაციისა და კანონიერების საფარქვეშ; ცუდი ფორმები ცდილობენ ამოძირკვონ ადგილობრივი წეს-ჩვეულებები და მტრული მიდრეკილებები და ჩაანაცვლონ ისინი უკანონო და ცენტრალიზებული ძალაუფლებით. ევროპული გაერთიანება ორივენაირი მოწესრიგების ელემენტებს შეიცავს, მაგრამ ერთი ყოვლისმომცველი ნაკლი აქვს, რის მიღებაშიც ევროპელ ხალხებს ვერასოდეს დაარწმუნებთ. ევროპა არის და ჩემი თვალთახედვით მუდამ იყო, ეროვნულ სახელმწიფოთა ცივილიზაცია, დაფუძნებული განსაკუთრებული სახის წინაპოლიტიკურ ერთგულებაზე; ეს გახლავთ ერთგულება, რომელიც ხელისუფლების მოწესრიგებისას ტერიტორიასა და წეს-ჩვეულებებს რელიგიასა და დინასტიაზე წინ აყენებს. ამიტომ, სიტყვას თუ მისცემთ, ევროპელი ხალხები თავის ერთგულებას ამგვარად გამოხატავენ. და რაკი უპირობო ერთგულებას აღიარებენ - ერთგულებაში თვითმყოფადობა იგულისხმება და არა ხელშეკრულება - ისინი ეროვნულ ფორმას ირჩევენ. ევროპის პოლიტიკურ კლასს ეს არ მოსწონს და ამიტომ აშავებენ ნაციონალიზმის ყოვოლგვარ გამოვლინებას. აბა ერთი ახსენეთ ჟანა დარკი ან ‘ნამდვილი ქვეყანა’1 ან ‘კვერთხის მპყრობელი კუნძული’2 და წმ. გიორგი ან ლემენკაინენის3 პირქუში ტყე და ‘ჭეშმარიტი ფინები’ მასში რომ დაეხეტებიან და მაშინვე ფაშისტს დაგიძახებენ, რასისტს და ექტრემისტს. არსებობს გაკიცხვის წესი, რასაც პოლიტიკური კლასი მთელ ევროპაში ავრცელებს, რაც ყველას ავალდებულებს აითვალწუნოს უბრალო ერთგულებანი, თუმცა ჩუმ-ჩუმად სწორედ მასზეა დამოკიდებული. ამ ბოლო წლებში უნგრეთი ამოიღეს მიზანში. ამის მიზეზები, რა თქმა უნდა, უნგრეთის ისტორიაში დაიძებნება, მაგრამ მათი შეხსენება საჭიროდ არ მიმაჩნია. მაგრამ ამ მიზეზების გამო ფხიზლობს ევროპული ელიტა. დღევანდელმა უნგრულმა მთავრობამ, მისი პლატფორმისათვის ფუნდამენტური საკითხის, ეროვნული თვითმყოფადობისა და ეროვნული გრძნობების წაქეზებით, გამოიწვია მძლავრი გამკიცხავი პასუხი ევროპული კავშირისაგან, ისე, რომ სხვა არავითარი მიზეზი არ ჰქონია უკმაყოფილებისათვის. მეორე მხრივ ეროვნული გრძნობა, უბრალო ევროპელების უმრავლესობისათვის, ერთადერთი საზოგადოდ მისაწვდომი და გაზიარებული მოტივია, რაც ამართლებს საერთო საქმისათვის მსხვერპლთშეწირვას _ ეს ერთადერთი წყაროა მოვალეობისა საჯარო სფეროში, რაშიც არ იგულისხმება ყიდვა და გაყიდვა. რამდენადაც ხალხი ხმას აძლევს არა იმიტომ, რომ ჯიბეები გაისქელოს, არამედ, იმისათვის რომ დაიცვას საერთო თვითმყოფადობა მტაცებლებისაგან, ვინც მათი მსგავსი არ არის და ვინც ცდილობს მიიტაცოს მემკვიდრეობა, რაც მათ არ ეკუთვნით. ფილიპ ბობიტი4 ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი ომებისა ევროპის სახელმწიფოებს შორის იყო გარდაქმნა ეროვნული სახელმწიფოებისა "საბაზრო სახელწიფოებად" - სახელმწიფო გააზრებულია ფირმად, რაც გვთავაზობს მოგებას მორჩილების სანაცვლოდ, რასაც გვინდა შევუერთდებით და გვინდა არა, არჩევანის მიხედვით. (იხ. მისი წიგნი ‘აქილევსის ქუსლი’). თუ ეს მართალია, მაშინ ერი, როგორც თვითმყოფადობა-ჩამოყალიბებული საზოგადოება, კარგავს წამყვან როლს პოლიტიკური არჩევანისა და ერთგულების განსაზღვრისას. მართლაც, პოლიტიკური ერთგულების სამყაროდან გადავდივართ თავკერძა ინტერესებით მოცულ ქვეყანაში, სადაც საჭირო აღარ არის და არც აღარავინ მოითხოვს მსხვერპლშეწირვას. მაგრამ ახლანდელმა კრიზისმა სხვაში კი ვერაფერში დაგვარწმუნა, არამედ გაგვაგებინა, რომ უნარი მსხვერპლშეწირვისა წინაპირობაა გამძლე საზოგადოებისა, და როცა ფსონი ჩასულია, პოლიტიკოსები მოითხოვენ მსხვერპლშეწირვას და მოელიან კიდეც. ისლამისტებისაგან ვიცით, რომ ყველა არ აღიარებს ერს, როგორც წყაროს უპირობო ერთგულებისა. ეგვიპტის მუსლიმთა საძმოს წინამძღოლის, საიდ კუტბის5 მიმდევრები გვეუბნებოდნენ 1950-60 წლებში, ეროვნული მორჩილება კერპთაყვანისმცემლობაა და მხოლოდ ალაჰის მორჩილება გვმართებსო. სწორედ ამგვარი იდეების გამოა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები სტაბილურობას ვერ ეღირსნენ, მას შემდეგ, რაც ოტომანთა იმპერია დაეცა და სახელმწიფოებად დაიყვნენ. ევროპული ერები გულით არასოდეს აღიარებდნენ ამგვარ თეოკრატულ აბსოლუტიზმს და მტკიცედ უკუაგდეს ის ვესტფალიის ზავის დროს. ევროპის პრობლემა ის გახლავთ, რომ მომდევნო საუკუნეებში ტერიტორიულმა იურისდიქციებმა ისეთი გრძნობები ჩანერგა, რომ აღარანაირ იმპერიულ ამბიციებს აღარ ერგებოდა. თანამედროვე დემოკრატიული მთავრობების შემთხვევებში, მხოლოდ ეროვნულობის წყალობით ახერხებს ხალხი, იაზროვნოს კერძო ინტერესებს მიღმა. ამდენად, ახალი იმპერიული პროექტი დაუპირისპირდა იმ ერთადერთ წყაროს განცდისა, საიდანაც სავარაუდოდ სურდა მიეღო ლეგიტიმაცია. ეროვნული სახელმწიფოები არ არიან თანაბრად სტაბილური, თანაბრად დემოკრატიული, თანაბრად თავისუფალი და თანაბრად კანონმორჩილი. მაგრამ მხოლოდ ისინია შთამაგონებელი ევროპელი ხალხების მორჩილებისა და მათ გარეშე ვერ იმუშავებს კავშირის მანქანა. ეროვნული პასუხისმგებლობის შორეულ ბიუროკრატიაზე გადბარებით, იმ მანქანამ განიარაღებული და დაბნეული ხალხი მიმდინარე კრიზისის წინაშე დატოვა. ამას ცხადად ვხედავთ საერთო ფულის საკითხში. ევრო, შემოტანილი დასაბუთებისა და ‘ევროზონის’ ხალხების სურვილის გარეშე, მრავალმა ხმელთაშუაზღვისპირელმა პოლიტიკოსმა მაშინვე აღიქვა ეროვნული ვალის გაზრდის საშუალებად. ეს ყველაზე ნათლად საბერძნეთში გამოჩნდა. ევროში გამოსული ობლიგაციები ჩრდილოური ეკონომიკების ძალითა და სანდოობით იკვებებობდნენ და მიჩნეულნი იყვნენ უსაფრთხო გარიგებად ინვესტორთა მიერ, რომლებიც არც კი გაიფიქრებდნენ დრაქმებში გამოსული ობლიგაციები ეყიდათ. ბერძენმა ხალხმა გადაწყვიტა - რაკი არავის გაუფრთხილებია თუ რა დაუჯდებოდათ ეროვნული ვალი - ვალებს, ევროზონა რომ დაიშლება, რაც მართლაც უნდა მოხდეს, მერე გადავიხდითო. და ეხლა, როცა ანგარიშის დრო დგება, ხალხები მთელ კონტინენტზე ხვდებიან, რომ მძიმე დროებისათვის უნდა მოემზადონ. კრიზისის დროს ხალხი ‘ატარებს ინვენტარიზაციას’, რაც იმას ნიშნავს, რომ უბრუნდებიან ადრინდელ, პირველად წყაროებს თავისი სოციალური ყოფისა და მათ დასაცავად ემზადებიან. ეს შეგნებულად კი არ ჩაუდენიათ, მაგრამ მაინც ჩაიდინეს, და ამაო მცდელობა პოლიტიკოსებისა’ექსტრემიზმში’ დაედანაშაულებინათ ხალხი, რომელთა მემკვიდრეობაც გაფლანგეს, კიდევ უფრო ამძაფრებს რეაქციას. მაგრამ ვითარება არაა სახარბიელო, რადგან არ არსებობს ტრანსნაციონალური იდეა, რასაც პოლიტიკოსები მიმართავდნენ თუ დაინახავდნენ ერთგულების ობიექტს ეროვნული სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ. ნახევარი საუკუნის მშვიდობამ და აყვავებამ ისე გამოკვება ევროპული კულტურული მემკვიდრეობა, რომ არ განუახლებია. რადგან ევროპელი პოლიტიკოსი ვერ გამოაღვიძებს ევროპული ცივილიზაციას, მაშინ როცა მისი წყარო - ქრისტიანული რელიგია - გადახაზულია ოფიციალურ დოკუმენტებში და ღიადაა უკუგდებული ევროპულ სასამართლოებში. ევროპული კომისიის ბოლოდროინდელი თავდასხმების ერთ-ერთი საფუძველი უნგრეთის ‘ნაციონალისტურ’ მთავრობაზე ის გახლავთ, რომ უნგრეთმა მიიღო კონსტიტუცია, სადაც, პრეამბულაში, უნგრეთი მოხსენიებულია ‘ქრისტიან ერად’: ეს ორი სიტყვა ხომ ამოშლილია ევროპის ოფიციალური ლექსიკონიდან. მართლაც, თუ ჩაჰხედავთ ევროპული სასამართლოების და განსაკუთრებით ადამიანის უფლებების სასამართლოს ვერდიქტებს, დაინახავთ სისტემატურ აგრესიას ქრისტიანობისა და ქრისტიანების მიმართ, რასაც სხვა არავითარი ახსნა არ გააჩნია, გარდა იდეოლოგიური ვალდებულებისა, რაზეც ევროპული პროექტია დაფუძნებული. არც კონსტიტუციურმა ხელშეკრულებებმა არ მიანიჭეს არავითარი უპირატესობა ქრისტიანულ რწმენას ან ზნეობას, რომელიც აქედან ამოზარდა. ‘უმცირესობის კულტი’ ზემოდან წამოვიდა, როგორც გაკიცხვა ევროპის ხალხებისა სულით ევროპელებად ყოფნის გამო. ამ ოფიციალურმა მულტიკულტურალიზმმა ვერ შეძლო დაეზავებინა ემიგრანტული თემები ახალ გარემოსთან; ამის ნაცვლად დაანგრია ის, რაც სანდო და სასიხარულო იყო ევროპის ეროვნულ კულტურებში, უკუაგდო ქრისტიანული სათნოება და სანაცვლოდ პირქუში მატერიალიზმი დანერგა. ოფიციალური მულტიკულტურიზმის შედეგი ოფიციალური სიბრმავეა _ უუნარობა ჩაწვდე რეალურ კულტურულ განსხვავებებს, რაც ევროპულ კონტინენტზე არსებობს და ფესვგადგმულია ეროვნული სახელმწიფოების ისტორიასა და წეს-ჩვეულებებში. ევროს არქიტექტორებს ეროვნული კულტურები რომ სწორად შეეფასებინათ, მოხვდებოდნენ, რომ საერთო ვალუტის შემოღება საბერძნეთისა და გერმანიისათვის, წააქეზებდა საბერძნეთს თავისი ვალები გერმანიისათვის გადაებარებინა, იმ მოსაზრებით, რომ რაც უფრო შორს არის კრედიტორი , მით უფრო ნაკლებია გადახდის ვალდებულება. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონები, ვალდებულებები და სუვერენობა მთლად იგივეს არ აღნიშნავს ხმელთაშუაზღვისპირეთში, რასაც ბალტიისპირეთში ნიშნავს და, რომ კლეპტოკრატულ ხელისუფლებას მიჩვეული საზოგადოებისათვის საუკეთესო გზა, ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევისა, დევალვაციაა _ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაქურდვა ყველასი თანაბრად. და თუ ეს იცოდნენ და მაინც შემოიღეს საერთო ვალუტა გერმანიისა და საბერძნეთისათვის, შეგნებულად დაუთესავთ საყოველთაო უკმაყოფილების თესლი. რატომ არ იცოდნენ ყოველივე ეს ევროს არქიტექტორებმა? პასუხი ევროპული პროექტის სიღრმეში დაიძებნება. კულტურული ფაქტები უბრალოდ მიუწვდომელი იყო ეუროკრატებისათვის. თავისი თავისათვის კულტურაში წვდომის უფლება რომ მიეცათ, ისიც უნდა ეღიარებინათ, რომ მათი პროექტი განუხორციელებელი იყო. ეს არ მოხდებოდა სამარქაფო პროექტი რომ ჰქონოდათ შესანაცვლებლად. მაგრამ - ისევე როგორც ყველა რადიკალური პროექტი, რომელთა არქეტიპიც კომუნიზმი გახლავთ -ევროპული გაერთიანების პროექტი მოფიქრებული იქნა სამარქაფო (ბ) გეგმის გარეშე. ამიტომაცაა ის განწირული ჩასაძირად და ჩვენი კონტინენტის თან ჩასაყოლებლად. პროექტის ცენტრში უზარმაზარი მორევი გაჩნდა ტყუილისა და პრეტენზიებისა და პოლიტიკური კლასი კი საზღვრებზე განაგრძობს სროლას, რათა როგორმე განდევნოს რეალობის გამუდმებული შემოტევები. ამრიგად, თავი უნდა მოვიტყუოთ, რომ დიდი ხნის მანძილზე ცნობილ განსხვავებას ჩვენი კონტინენტის პროტესტანტულ ჩრდილოეთსა და კათოლიკურ და ორთოდოქსულ სამხრეთს შორის არავითარი ეკონომიკური მნიშვნელობა არა აქვს. როგორც კულტურული ფაქტი ეს მიუღებელია. მიხედავად ვებერის - საყოველთაო აზრით, გაზვიადებული - მცდელობისა, ეს განსხვავება, ეკონომიკური ისტორიის ცენტრალურ ნაწილად ექცია. განსხვავება საერთო სამართლის კულტურასა და ნაპოლეონის კოდს შორის ასევე არაფრადჩაგდებულია, იმის ხარჯზე, რომ გაუცხოებულია ბრიტანელი და დანიელი, ვისთვისაც კანონი სოციალური პროდუქტია და არა პოლიტიკური. განსხვავება რომაულსა და ოტომანურ საკანონმდებლო მემკვიდრეობებს შორის მიყურისძირებულია, ისევე როგორც განსხვავება იმ ქვეყნებსა, რომელთათვისაც კანონი გარკვეულია და მოსამართლეები არაკორუმპირებულები არიან, და იმ ქვეყნებს შორის, სადაც კანონი მხოლოდ უკანასკნელი თავშესაფარია ქრთამების სისტემაში. დრო და სისწრაფე შრომისა, წონასწორობა შრომასა და უქმობას შორის, რაც გულისგულია ყოველი თემისა, მას შემდეგ, რაც განსაზღვრავენ თავის დამოკიდებულებას დროისადმი, არადჩაგდებულია ცენტრიდან მოსული უქმი მითითების საშუალებით. ყველაფერი, რაც განასხვავებს უნგრულ გამოცდილებას _ ტრიანონის ხელშეკრულებით6 გამოწვეული თავზარდაცემა, რამაც უნგრელი ხალხი ერთმანეთს დააცილა, ხმელეთზე ჩაკეტილი ქვეყნის განსხვავებული კულტურა, სადაც ბოშების მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჯერაც არ არის შესაფერისად დაფუძნებული და სადაც ჯერაც ცოცხალია ისლამის ბატონობასთან ბრძოლის ხსოვნა _ ყველაფერი იგნორირებულია. და ყველაფერი დალაგებულია იმ შეშინებული სასამართლოების მიერ - ევროპის სასამართლო და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო - რომელთა აურჩეველი მოსამართლეები არასოდეს აგებენ პასუხს თავის გადაწყვეტილებებზე და ვისი სამოქმედო გეგმაც, ‘არადისკრიმინაციისა’ და ‘ჯერარნახული კავშირისა’, გათვლილია ადგილობრივი მიდრეკილება-ერთგულების, ოჯახზე დაფუძნებული ზნეობის, ცხოვრების ფესვგადგმული წესების გასაცამტვერებლად. და რა გასაკვირია, რომ ასეთ მასობრივ ტყუილზე დაშენებულ იმპერიაში, ძალიან მალე უწესრიგობა დაიწყოს. ჩვენ შევძლებთ ევროპის გადარჩენას, თუ დავუბრუნდებით პროექტს, რომლის ფუნდამენტური განხორციელებაც შარლ დე გოლს სურდა და რომელიც ეფეტურად შეაჩერა ჟან მონემ7, დავუბრუნდებით პროექტს ერების ევროპისა. იოლი არ იქნება გამოვხსნათ ხლართი ედიქტებისა და რეგულაციებისა, რაც შეადგენს acquis communautaire-ის (თემის (ევროკავშირის) საკანონმდებლო მასალები) 180 000 გვერდს; არც ის იქნება იოლი ხელახლა განვუსაზღვროთ როლი და სტრუქტურები ევროპული სასამართლოებს ან კომპეტენციები ევროპულ ინსტიტუტებს. მაგრამ ყველაზე ძნელი იქნება მივაღწიოთ შეთანხმებას თუ რას ნიშნავს ეროვნული სუვერენობა. კონკრეტულად, რას ნიშნავს სუვერენობა ევროპული გაერთიანების შემდგომ? ბრიტანელი კონსერვატორი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ ბრიუსელისაგან ძალაუფლების უკან დაბრუნებაზე, თითქოსდა ეს ძალაუფლებანი არ შეცვილიყოს ტყვეობაში და იოლად მოსაშინაურებელი იყოს, შინ რომ დააბრუნებენ. ეს იგივეა, რომ მენელაოსი ფიქრობდეს, რომ საშინაო ცხოვრება მიკენში ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ადრე, როცა გამარჯვებული ბრუნდება ტროადან, გამოხსნილი ელენე მორჩილად მიჰყვება უკან, როგორც ადრე იმ კეთილ დროს, სანამ გაიქცეოდა. ევროპული ვითარება მოგვაგონებს წინაპოლიტიკური ერთგულების ჩასახვას არა რელიგიურ, არამედ ეროვნულ პირობებში, რითაც ევროპულმა ცივილიზაციამ ადგილი შეუმზადა განმანათლებლობას. ეროვნული იდეა არ გახლავთ განმანათლებლობის მტერი, არამედ მისი აუცილებელი წინაპირობაა. ეროვნული ერთგულება გამოაცალკევებს ერთგულებებს ოჯახისა, ტომისა და რწმენის მიმართ და წარმოუჩენს მოქალაქეს ფოკუსად პატრიოტული გრძნობებისა არა პიროვნებასა და დაჯგუფებას, არამედ ქვეყანას. ამ ქვეყანას აქვს ტერიტორია, ისტორია, კულტურა და კანონი, რამაც ეს ტერიტორია ჩვენად აქცია. მეცხრამეტე საუკუნის ნაციონალისტური ხელოვნებისა და ლიტერატურისათვის დამახასიათებელია ტერიტორიის წინ წამოწევა რელიგიის, ტომისა და დინასტიის მიღმიდან და ეროვნული ჰიმნები თვითგამორკვეული ერებისა ჩაისახა სამშობლოს დალოცვად, ვთქვათ როგორც ფინური ჰიმნი სიბელიუსისა და არაოფიციალური ჰიმნი ინგლისისა, ‘იმედისა და დიდების მიწა’. მოკლედ განმანათლებლობა ნიშნავს საზღვრებს. თუ საზღვრებს მოაცილებთ, ხალხი თავის გამოხატვას დაიწყებს არა ტერიტორიითა და კანონით, არამედ ტომურობით, რასითა და რელიგიით. ეროვნულობის შემადგენელი ნაწილია მიწა და გადმოცემა მისი ფლობის შესახებ. ეს არის ფორმა ტერიტორიული ერთგულებისა, რამაც შეაძლებინა დასავლეთის დემოკრატიებში მცხოვრებ ხალხებს ეარსებათ ერთმანეთის გვერდით და პატივი ეცათ ერთმანეთის მოქალაქეობრივი უფლებებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავდებიან რწმენით, არც ოჯახური კავშირები აქვთ, არც ნათესაობა და ხანგრძლივი საერთო ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, რაც სოლიდარულობას შეაძლებინებდა. ტერიტორიული მიდრეკილებების საშუალებით შესაძლებელი გახდა დაფუძნება ერთგვარი სამოქალაქო პატრიოტიზმისა, რაც აღიარებს ინსტიტუტებისა და კანონების საერთო მფლობელობას და რაც ხელგაშლით ხვდება მათ, ვინც ამ სოციალურ კონტრაქტს გარედან შემოუერთდნენ. არ შეიძლება ემიგრაცია ოჯახში ტომში ან ან რწმენაში, მაგრამ შეიძლება ემიგრაცია ქვეყანაში, ოღონდ უნდა დაემორჩილო წესებს რაც ამ ქვეყანას სახად გადაგიქცევს. ეროვნულ ერთგულებას ყველგან არ იცნობენ მსოფლიოში. ავიღოთ მაგალითად სომალი. სომალი ხშირად მოიხსენიება „შეუმდგარ სახელმწიფოდ“, რადგან მას არა ჰყავს ცენტრალური ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს მთელი ხალხის სახელით, ან დაამყაროს რაიმე სახის კანონიერი წესრიგი. სომალის მთავარი გასაჭირი ის გახლავთ, რომ ის შეუმდგარი ერია. მან ვერ მოახერხა განევითარებინა რაიმე სახის სამოქალაქო, ტერიტორიული, კანონმორჩილი დამოუკიდებლობა, რაც ქვეყანას შეაძლებინებდა ჩამოყალიბებულიყო, ეროვნულ სახელმწიფოდ და არ დარჩენილიყო მოქიშპე ტომებისა და ოჯახების კრებულად. ასევე ხდება მრავალ ქვეყანაში, სადაც ისლამი წარმმართველი რელიგიაა. თუდაც ეს ქვეყნები ქმედებდნენ როგორც სახელმწიფოები, პაკისტანის მსგავსად, მაინც ხშირად შეუმგარი ერები არიან. მათ ვერ შეჰქმნეს ერთგვარი ტერიტორიული ერთგულება, რაც სხვადასხვა სარწმუნობის, მონათესავეობისა და ტომობრიობის ხალხებს შეაძლებინებდათ მშვიდობიანად ეცხოვრათ ერთმანეთის გვერდით, მხარდამხარ ებრძოლათ თავისი საერთო სამშობლოს დასაცავად. ისინი უფრო ერთმანეთს ებრძვიან ქვეყნის დასაუფლებლად, იმის მაგივრად, რომ ქვეყნის დასაცავად მებრძოლ ჯარებს შეუერთდნენ. მიმდინარე ისტორია გვაფიქრებინებს, ბოლოს და ბოლოს, ხომ არ არსებობს ღრმა წინააღმდეგობა თემობრიობის ისლამურ კონცეფციასა და ჩვენს მიერ ჩანერგილ, ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას შორის. ეგებ ეროვნული სახელმწიფო ანტიისლამური იდეაა. სწორედ ამას გვეუბნებოდა სეიდ კუტბი. (ფი ზილალ ალ ყურან „ყურანის ჩრდილში“) ცხოვრებით; როგორც იგი საქვეყნოდ აცხადებდა, ადამიანი ემორჩილება ღმერთს და არა მოკვდავებს. და ყველა დაბლა მდგომი იურისდიქცია, დაფუძნებული ტერიტორიაზე, ადათზე და ადამიანის მიერ შექმნილ კანონებზე, გაუქმებულია ყოვლისშემძლის უმაღლესი იურისდიქციით. აიათოლა ხომეინიმაც იგივე გვითხრა, როდესაც უარჰყო პატრიოტიზმი როგორც წარმართობა. ეს დაკვირვება, რათქმა უნდა, ზედგამოჭრილია ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობაზე, სადაც სახეზეა დიადი ისლამური იმპერიის ნარჩენები დაყოფილი ეროვნულ სახელმწიფოებად. მცირე გამონაკლისების გარდა ეს დაყოფა შედეგია იმ საზღვრებისა, რაც დასავლურმა ძალებმა, სახელდობრ დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რუკაზე დახაზეს, საიკს-პიკოს შეთანხმების შედეგად 1917 წელს8. განსაცვიფრებელია, რომ, მაგალითად, ერაყს ასეთი ჭრელი ისტორია შეექმნებოდა როგორც ეროვნულ სახელმწიფოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მხოლოდ ნაძალადავი სახელმწიფოა და ერი არასოდეს ყოფილა. ისე მოხდა, რომ ქურთებმა, სუნიტმა და შიიტმა არაბებმა, ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ თურმე ერაყელები ყოფილან. მაგრამ ეს თვითმყოფადობა მყიფე და დასაღავებლად განწირული უნდა ყოფილიყო, რადგან ნებისმიერ კონფლიქტში ეს სამი ნაწილი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა. ამათგან, მართლაც რომ მხოლოდ ქურთებს აქვთ განვითარებული ეროვნული თვითმყოფადობა და სწორედ ეს მოვლენა უპირისპირდება სახელმწიფოს, რომელშიც ისინი არიან გაერთიანებულნი. რაც შეეხება შიიტებს, ისინი რელიგიის ერთგულები არიან და შიიტობის სამშობლო, ირანისაკენ იყურებიან, როგორც სავარაუდო სამშობლოსაკენ ამ არეულ დროში. დღეს სიარიაში მოიშალა სამოქალაქო წესრიგი; ეს ქვეყანაც არასოდეს ყოფიალ ეროვნული სახელმწიფო; აქ უმცირესობაში მყოფი სექტა, ალავიტებისა, ფლობდა ძალუფლებას და ლეგიტიმურობას ესწრაფოდა, ლიბანისა და ისრაელის აგრესიული ტერიტორიული პრეტენზიების პირობებში. ახლანდელი სამოქალაქო ომი გადაიზარდა ომში სექტებს შორის და მსხვერპლად, ძირითადად, ქრისტიანები ეწირებიან. მტკივნეული საკითხი ისლამისა და მოდერნულობისა ძალზე შორს წაგვიყვანს ჩვენი თემიდან; საკმარისია ვთქვათ, რომ თემი და აღმსარებლობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ისლამის მიმდევართათვის ვიდრე ეროვნული თვითმყოფადობა და ის, რომ ახლო აღმოსავლეთში ერები ვერ გაჩნდა, ნაწილობრივ ამით აიხსნება. ამითვე აიხსნება ეროვნული სახელმწიფოს ემბრიონული წარმონაქმნები ლიბანისა და ეგვიპტის მსგავს ქვეყნებში, სადაც მრავალრიცხოვანი ქრისტიანული უმცირესობა ცხოვრობს, ხანგრძლივ სავაჭრო ურთიერთობას რომ ინარჩუნებენ ევროპასთან. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ, ეჭვგარეშეა, ევროპაში მრავალი საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობის ბატონობა გახდა საფუძვლის ჩამყრელი ეროვნული ერთგულებისა, რაც სარწმუნოებისა და ოჯახის ერთგულებაზე მაღლა დადგა და რასაც დაეყრდნო სამოქალაქო იურისდიქცია და მოქალაქეობრივი წესრიგი. პარადოქულად გაისმის, რელიგია დაასახელო ძირითად ძალად სამოქალაქო ხელისუფლების განვითარებისა, მაგრამ უნდა გავიხსენოთ ის კერძო გარემოებანი რითაც ქრისტიანობა შემოვიდა მსოფლიოში. ებრაული საზოგადოება ჩაკეტილი იყო, მიჯაჭვული რელიგიური კანონების მტკიცე კვანძებს, მაგრამ რომიდან იმართებოდა კანონით, რაც არც ერთ ღმერთს არ აძლევდა უპირატესობას და ავრცელებდა იდეალურ მოქალაქეობას, რითაც იმპერიის ყველა თავისუფალ მოქალაქეს შეეძლო ესარგებლა. თვით ქრისტეს მოუხდა უთანხმოება თავის თანამედროვე ებრაელებთან კანონმორჩილების საკითხებზე და სამოქალაქო ხელისუფლებისათვის დიდი ნდობის გამოხატვის გამო _ გავიხსენოთ მისი სიტყვები იგავიდან ფულის გამო: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმრთისა. ქრისტიანულ სარწმუნობას შესაბამისი ფორმა მისცა წმიდა პავლემ იმპერიის შიგნით არსებული თემებისათვის გამოსაყენებლად, ვინც მხოლოდ გარკვეულ სივრცეს ესწრაფოდნენ, რათა თავისი რწმენით ეცხოვრათ და სრულებითაც არ იზრახავდნენ სამოქალაქო ძალაუფლებას დაპირისპირებოდნენ. ამას ადასტურებს სიტყვები ‘ყოველი ხელმწიფება ღმრთისაგან დადგენილია’(რომაელთა 13). და ეს იდეა ორმაგი ერთგულებისა გაგრძელდა კონსტანტინეს შემდგომ და განამტკიცა პაპმა გელაზიუს პირველმა, მეექვსე საუკუნეში, თავისი დოქტრინით ორი მახვილის შესახებ, რაც კაცობრიობას ეძლევა ხელისუფლებისათვის, რათა ერთით დაიცვას პოლიტიკური სხეული და მეორით _ პიროვნული სული. ესაა უღრმესი აღიარება სამოქალაქო კანონისა ადრეული ეკლესიის მიერ, რამაც განაპირობა ევროპის შემდგომი განვითარება _ რეფორმაციისა და განმანათლებლობის გავლით _ უდავოდ ტერიტორიულ კანონებამდე, რაც დასავლეთშია განმტკიცებული დღეისათვის. ჩვენი კონტინენტის ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ სოლიდარობის ახალი ფორმების შემოსვლასა და დამკვიდრებას ჩვენში ქრისტიანულო მემკვიდრეობას უნდა ვუმადლოდეთ, მაგრამ ისინი დაფუძნებულია წანამძღვარზე, რომ ლეგიტიმურობა კაცის მიერაა შექმნილი და არა ღვთის მიერ მონიჭებული მადლია. ერები გაჩნდნენ წინარეპოლიტიკური წესრიგის ფორმით, რაც შეიცავს პრინციპებს, რაზეც უნდა დაეფუძნოს კანონიერი დამოუკიდებელი მთავრობა. განმანათლებლობის პოლიტიკური თეორეტიკოსები, როგორებიც იყვნენ ლოკი და რუსო, შეეცადნენ ლეგიტიმაციის პროცესი მოეთავსებინათ სოციალურ ხელშეკრულებაში, რის ძალითაც საზოგადოების წევრები აყალიბებენ შეთანხმებას, რითაც განისაზღვრება გარკვეული მმართველობა და შეიცვლება ბუნებრივი მდგომარეობა. მაგრამ აშკარაა, რომ მათი გამაერთიანებელი ხელშეკრულების მისაღებად ხალხი იმიტომ იკრიბება, რომ უკვე ერთმანეთს ეკუთვნიან და აცნობიერებენ, რომ თვითეულის კეთილდღეობა დამოკიდებულია საერთო მოქმედებაზე. ხელშეკრულება, რაც არ უნდა მტკიცედ და საფუძვლიანად იყოს შედგენილი, ვერასოდეს გახდება უფრო მეტი, ვიდრე პირობითი ვალდებულებაა, მაშინ როდესაც პოლიტიკური წესრიგი დამოკიდებულია უპირობო შემადგენელ ნაწილზე, როგორიცაა ქორწინება და ოჯახი. ამ უპირობო შემადგენელი ნაწილის გარეშე, ვერც ერთი თემი ვერ გაუძლებს ნამდვილ კრიზისს. ამრიგად სოციალური ხელშეკრულება აფუძნებს მთავრობის ფორმას, რომელიც იცავს და ინახავს ერთგულებას, რომელიც წინ უსწრებს ხელშეკრულებას და შესაძლებელს ხდის მას. ეს ერთგულება ჩამოყალიბებეულია ისტორიისა და ტერიტორიისა და გაერთიანების ყველა იმ ფორმის საშუალებით, რაც აქედან გამომდინარეობს, განსაკუთრებით ენა, ჩვეულებითი სამართალი და რელიგიური რიტუალები. ასე თუ შევხედავთ, გამოდის, რომ რელიგიური წეს-რიგი დამცრობილია ერთ-ერთად სხვა ფაქტორებს შორის და გარდაქმნილია კანონის ქვეშევრდომად და არა მის წყაროდ. ესაა, ჩემის აზრით, ევროპული ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა: განათავსო კაცის მიერ შექმნილი კანონი საზოგადოების გულში და დაუმორჩილო ყველანაირი გაერთიანებანი, ისინიც კი რელიგიიდან რომ მოდის, სამოქალაქო იურისდიქციას და დააფუძნო ინსტიტუტები, რომლებიც კანონს შეუხამებენ სოციალურ ცხოვრებას და არა რომელიმე ‘მარადიულ’ მოწოდებას, გარდასულ ვითარებაში რომ ამოუთქვამთ და არავითარი კვალი არ დაუტოვებია. რაც არ უნდა იყოს, ამგვარად გააზრებული კანონი ტერიტორიულია და, ამიტომ, ეროვნული გახლავთ. ეს არის კანონი, რომელიც განსაზღვრავს მიჯნებს, რომლის მიღმაც მისი განწესებულობა არ მოქმედებს. სამართლის მოთხოვნებს, ამ ადგილიდან გარეთ, რომ წაუყენებ ვინმეს, სასტიკად შეეწინააღმდეგებიან და ეს ვიცით ინგლისის ისტორიიდან და იმ კონფლიქტიდან მეფესა და პაპს შორის რომ იყო, რამაც გადაწყვიტა კიდეც ეროვნული სახელმწიფოების წარმოშობა ევროპაში. როცა კანონმდებლობა ნებას აძლევს ევროპულ სასამართლოებს ბრალი წაუყენონ ბრიტანეთის მოქალაქეებს და გადაიყვანონ ისეთ ადგილებში, სადაც თავის ნებაზე გაასამართლებენ, ძნელად თუ გაიკვირვებს ვინმე, რომ ბრიტანელები ამგვარმა მოქცევამ გააბრაზოს. ბრიტანული კანონი პრეცედენტული სამართლის კონცეფციაზეა დაფუძნებული, რაც ნებას არ იძლევა ადმიანების გაურკვეველი დროით პატიმრობაში ყოლისა და რაც ეყრდნობა „დიად ქარტიაში“ აღნიშნული „ამ მიწის კანონის“ ძალაუფლებას, რაც განხორციელებულია ინგლისური გვირგვინის მფარველობაში არსებულ დამოუკიდებელ ტერიტორიაზე წარმოებულ საქმეებში. კანონის ტერიტორიაზე მიბმა, რაღაც ხელოვნური შეზღუდვა კი არ არის, თითქოს არსებობდეს უნივერსალური იურისდიქცია, საიდანაც, შეზღუდული სახით, ადგილობრივი კანონმდებლობა გამოდიოდეს; ეს გახლავთ ევროპული გამოცდილების მიერ განსაზღვრული არსი კანონისა. ჩვენ მემკვიდრენი ვართ კანონის კონცეფციისა, რომელიც გაჩნდა კონფლიქტების ჩაქრობის მცდელობისას, ინსტიტუტების დაფუძნებისას, უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას იმ ხალხებისა, ვინც ერთმანეთს მეზობლებად აღიარებდნენ. როგორც ვიცით, კანონი იქმნება იმ ადგილისათვის, რომელსაც კანონი ესაჭიროება და აღბეჭდილია ამ ადგილის ისტორიაში. ( შარიათთან განსხვავება აშკარაა, ისევე როგორც აშკარა განსხვავება სტოელების ბუნებით სამართალსა და საყოველთაო ეკლესიას შორის.) აქედან გამომდინარე, მცდელობა ევროპული იმპერიის კანონმდებლობის შექმნისა, რომლის ძალაუფლება არ დაეფუძნება ეროვნულ ერთგულებას, მხოლოდ დასამარცხებლად არ არის განწირული; ის ძირს გამოუთხრის სამოქალაქო კანონმდებლობის ძალაუფლებას ევროპის ხალხებში. მეთვრამეტე საუკუნის სოციალური კონტრაქტის თეორიებში უკვე ვხვდებით ერთგვარ საოცნებო განსჯას ადამიანის ბუნების შესახებ, რწმენას,რომ ადამიანებს შეუძლიათ ისე გარდაქმნან ყველა მოვალეობა, რომ არად ჩააგდონ თავისი მიდრეკილება და სიყვარული, რათა შეიქმნას აბსტრაქტული ჩამონათვალი უფლებებისა და მოვალეობებისა, რაც ერთგულებისა, მიდრეკილებებისა და ისტორიული კავშირების ადგილს დაიკავებს. ფრანგმა რევოლუციონერებმა ძალაუფლება ხელში აიღეს იმით, რომ ხალხს შესთავაზეს ადამიანის უფლებები და მოქალაქე, ვინც გადახვეტდა მთელ ისტორიულ წესრიგს და გონებას დასვამდა ტახტზე, რომელზეც მანამდე ადამიანი იჯდა, ვინც აქ მემკვიდრეობის საშუალებით მოხვდა. მაგრამ დეკლარაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქვეყანა იმართებოდა ერის, (Patrie) სახელით და ძველი გაერთიანებანი ჩამოყალიბდა სხვა (ჩემი აზრით) გაცილებით უარესი ფორმით, რათა შეევსო გაჩენილი ბზარი ხალხის მიდრეკილებებისა და ერთგულებისა, მას შემდეგ რაც მოიშალა ჩვეულებითი, საეკლესიო და სამეზებლო ურთიერთობანი. ამას ნათლად ჭვრეტდა ბერკი, ვინც თავის მკითხველს შეახსენებდა, რომ ადამიანები შეიკრიბნენ შემთხვევისა და არა მათი არჩევანის ძალით; სიყვარული და მიდრეკილება არა მათი გადაწყვეტილებით, არამედ გარემოებათა წყალობით ჩნდება. არა გონება, არამედ ახლობლობაა საფუძველი ქველმოქმედების გრძნობისა. ამას თუ სერიოზულად განსჯი, მალე დაინახავ, რომ გაერთიანების ტერიტორიულ ფორმები საუკეთესო წამალია იდეოლოგიური განხეთქილებების წინააღმდეგ. სწორედ ეროვნული მიკუთვნებულობა აკავებს ‘ექსტრემიზმს’ რომ საზოგადოების ცნობიერებას არ დაეუფლოს. სწორედ ამიტომ უნდა განვასხვაოთ ეროვნული ერთგულება, როგორც sine qua non9 შეთანხმებული მთავრობებისათვის, თანამედროვე სამყაროში, ნაციონალიზმისაგან რაც მებრძოლი იდეოლოგიაა, რომელიც მთავრობის წყაროს დაეძებს უფრო მაღლა, ვიდრე დასახლება და სამეზობლოა. ნაციონალიზმი გახლავთ იდეოლოგიური მცდელობა გააძევოს წეს-ჩვეულებითი და სამეზობლო ერთგულებანი, რაღაც რელიგიური ერთგულების მსგავსით, ერთგულებით, რაც დაფუძნებულია დოქტრინასა და მისწრაფებაზე. ჩვეულებრივი ეროვნული ერთგულება კი განსახლების ქვეპროდუქტია. ის ჩნდება იმიტომ, რომ ხალხს თვითონ აქვს მოგონილი საშუალებები შეკრებისა, შუღლის ჩაქრობისა, თანამშრომლობისა, ზეიმისა, თაყვანისცემისა, რაც მათ ისე აკავშირებს, რომ ეს კავშირი დოქტრინად არ გადაიქცევა. რათქმა უნდა, ასე ცხოვრობს უბრალო ხალხი და ეს გახლავთ საძირკველი ყოველივე საუკეთესოსი, რაც კი ადამიანთა საზოგადოებაშია, რაც ჩვენს გარშემოა და რასაც ვუერთდებით, ვუკავშირდებით და ვსწავლობთ თუ როგორ ვიცხოვროთ მშვიდობიანად, ჩვენებურად, და ეს სწორია, რადგან ჩვენია და გვაერთიანებს მათთნ, ვინც ჩვენამდე იყვნენ და მათთან ვისაც ჩვენ უნდა გავუკაფოთ გზა. ასე თუ შევხედავთ, ეროვნული გრძნობები არა მარტო ბუნებრივია, არამედ არსებითად სამართლის დამდგენიც. ისინი მოგვიწოდებენ გამოვაღვიძოთ ჩვენში სოციალური გრძნობები და მივუძღვნათ ეს გრძნობები იმ ადათებს, რომელთაც თავისი ღირებულება დაამტკიცეს დროთა განმავლობაში, იმით რომ შეაძლებინეს თემს მოეწესრიგებინა სადავო საკითხები და მიეღწია წონასწორობისათვის ცვალებად წუთისოფელში. ეროვნული გრძნობები შეაძლებინებს ხალხს წარმატებით დაიცვან თავი ომის დროს. მაგრამ იგივე გრძნობები არსებითია მშვიდობის დროსაც. ამას ვხედავთ დღეს ევროპაში, როცა ქვეყნების სავალო კრიზისი ემუქრება უბრალო ადამიანების ყოფა-ცხოვრებას. მთავრობები მოუწოდებენ მოქალაქეებს მსხვერპლი გაიღონ საერთო სიკეთისათვის. ისინი არ სთხოვენ მოქალაქეებს მსხვერპლი გაიღეთ „ევროპისათვისო“, და მით უმეტეს ევროკავშირისათვის. თუ ასე ილაპარაკაბდნენ მაშინ იძულებულნი გახდებოდნენ ეღიარებინათ, რომ ევროპა ბიუროკრატიული მანქანა კი არაა, რამაც მათ მცირეოდენი ლეგიტიმურობა უწყალობა, არამედ სულიერი მემკვიდრეობა, რომლის ამოძირკვაც ამ მანქანას სურდა. ამტომაცაა, რომ ისინი თხოვნით ეროვნულ გრძნობებს მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ საჭიროა ერთად გაიწიოს ჭაპანი, სათემო საჭიროებისათვის, და მათი ნათქვამი ყოველ ჯერზე აღძრავს ადამიანურ თანაგრძნობას, რის გამოც ხალხი რაღაცას გაიღებს ხოლმე სხვების სასარგებლოდ - ეს ის ის ჩვევაა გონებისა, რასაც ჩვეულებრივ სოციალ -დემოკრატები არ აქეზებენ ხოლმე. მთავრობები ლაპარაკობენ არა ნაციონალიზმზე, არამედ სიყვარულსა და ერთგულებაზე, რაც სრულიად სხვა რამაა. მათი პასუხი ევროპული კრიზისისათვის გვიჩვენებს, რომ ეროვნული სახელმწიფო პრობლემა კი არაა, არამედ ხსნაა - მხოლოდ მას გააჩნია ის მოტივები, რასაც შეიძლება მიმართონ პოლიტიკოსებმა დღეს, როცა ევროპული პროექტის შედეგები ბოლოს და ბოლოს მთელმა კონტინენტმა იგრძნო. დასკვნისათვის ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა და ჩემეული თვალსაზრისი გაგაცნოთ დღევანდელი უნგრეთის მდგომარეობასა და უნგრელების დამოკიდებულებაზე ეროვნული იდეისადმი. ცხადია, რომ უნგრეთი განსაკუთრებული შემთხვევაა. უნგრული ენა განყენებული ნარჩენია იმ ლინგვისტური ჯგუფიდან, რაც მეტნაწილად გაჰქრა ინდოევროპული მიგრაციის დროს და მცირედ ან სულ არაფრით უკავშირდება გარემომცველ ენებს. ამიტომაა, რომ რიგითი, გაუნათლებელი უნგრელები, თავისი ენის გამო, გარიყულნი არიან უშუალო მეზობლებისაგან. ერთმანეთისაგანაც გარიყულნი იყვნენ ტერიტორიის ნაძალადევი გაყოფის გამო პერველი მსოფლიო ომის შემდეგ. იმ ტერიტორიას კი, რაც შემორჩათ, ბოშების საკმაოდ მრავალრიცხოვან უმცირესობასთან იყოფენ, რომელთა მოუწესრიგებელი გადაადგილებანი ხშირად აწუხებს მეზობლებს, მაგრამ მათი ყოფა კი ჰპოვებს მხარდაჭრას მსოფლიო მასშტაბით. ებრაული უმცირესობა გადაურჩა ნაცისტების ოკუპაციას, მერე კომუნისტების მხრიდან შევიწროვებას, მაგრამ მაინც აქტიურია და ადგილს იკავებს. ბუდაპეშტის ინტელიგენციაში მრავლად არიან ებრაელნი და ვრცელ ბადეს ჰქსოვენ სოროსის იმპერიისა. ამ ქსელის წევრების უმრავლესობა დაეჭვებით უყურებს ნაციონალიზმს, მიიჩნევს მას მთავარ მიზეზად მეოცე საუკუნეში ევროპაში დატრიალებული ტრაგედიებისა და ვერ ასხვავებს ნაციონალიზმს იმ ეროვნული ერთგულებისაგან, რასაც მე ამ სიტყვაში ვიცავ. უფრო მეტიც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ უნგრულ საზოგადოებასა და პოლიტიკაში ჯერაც შემორჩა ადგილობრივი ანტისემიტიზმი და ხელს უშლის ეთნიკური უნგრელებისა და ებრაელების საერთო ეროვნული ერთგულების განმტკიცებას. ეს გახლავთ მხოლოდ რამდენიმე ფაქტორი რაც წინარე-პოლიტიკური, აუცილებელი ერთგულების გზაზე ძევს მსოფლიოს ამ ნაწილში. ევროპული კავშირი გვთავაზობს იდეას მოქალაქეობისა, რაც ფაქტიურად არაფრის მოქალაქეობაა. ის აქეზებს ხალხებს დატოვონ თავისი სამშობლო და სადმე სხვაგან დაესახლონ კავშირში, და ვინც მიდიან, უთუოდ, განათლებული კლასებია, რაც ქვეყანას აკლებს მასწავლებელებს, ექიმებს, იურისტებს, ქირურგებს და მათი ადგილი შეუვსებელი რჩება. ევროკავშირი წააქეზებს მიწის მიყიდვას უცხოელებისათვის და ასე ჰქმნის არარეზიდენტ მიწათმფლობელთა კლასს, ვისაც სულაც არ ადარდებს სასოფლო ცხოვრების სილამაზე და ზნეობრივი წესრიგი და მიწას უყურებს, როგორც ინვესტიციას, რომელიც უნდა გამოიყენოს. ამას კი მივყავართ ან მიგვიყვანს იმგვარ დაძაბულობამდე, რასაც მხოლოდ მტკიცე პოლიტიკური ნება გაფანტავს. არ არსებობს ეროვნულობის ალტერნატივა. თუ ბუდაპეშტში მყოფ მთავრობას სურს ჰქონდეს სუვერენიტეტი, სუვერენიტეტი ქვემოდან უნდა წმოვიდეს, იმ ხალხისაგან რომლის ერთობა და თვითმყოფადობა გამოხატულია მთავრობის მუშაობაში. ლეგიტიმურობა უნდა შეინარჩუნოს ყველა მთავრობამ, მემარჯვენე იქნება თუ მემარცხენე, უმცირესობა იქნება თუ უმრავლესობა. ერთგულება არ უნდა გამოუცხადო რაღაც დაჯგუფებებს, არც გლეხებისადმი გამოცხადებული საყვედურებია საჭირო ბუდაპეშტელი ინტელექტუალების მიერ, არც სოფელში მცხოვრები ჭეშმარიტი უნგრელების განაჩენია საჭირო ქალაქელი მოღალატეების მიმართ. ელექტორატმა თავისი ნება უნდა გამოავლინოს ტერიტორიის მიხედვით, რადგან იურისდიქცია ტერიტორიულია და არა ეთნიკური ან რელიგიური. ამის ალტერნატივა დანაწევრებაა, მოქიშპე ეთნიკურ ჯგუფებად ან ფრაქციულ ინტერესებით შექმნილ პარტიებად, ვისი მიზანია არა საყოველთაო წესრიგი, არამედ ძარცვა ჯგუფური ინტერესების შესაბამისად. მე არ მსურს ვისაუბრო უნგრეთის პოლიტიკური პარტიების შესახებ ან საკითხი წამოვჭრა იმის შესახებ თუ რომელი მათგანი ხედავს მთავრობას, როგორც შესაძლებლობას იმსახუროს საყოველთაო კეთილდღეობისათის, და არა როგორც შანსს მოპარვისა. ის კი ვიცი, რომ სანამ უნგრელებს მთავრობის ინსტიტუტი ქვეყნის შიგნით არსებული ფრაქცია ჰგონიათ და არა ქვეყნის წარმომადგენელი, მთავრობას ლეგიტიმურობა აკლდება. და დაჰკარგავენ პრინციპულ უპირატესობას ევროკავშირთან უნგრელი ხალხის სიყვარულის მოსაპოვებლად გამართულ ბრძოლაში. ........................................................................................ 1. „ნამდვილი ქვეყანა“ (ფრ. Le Pays Réel ) იყო კათოლიკურ-ფაშისტურ-მონარქისტული გაზეთი ბელგიაში 1936-45 წლებში. 2. „კვერთხის მპყრობელი კუნძული“,(This Sceptred Isle) რადიოპროგრამა ინგლისში, მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში. სათაური აღებულია უილიამ შექსპირის „რიჩარდ მეორიდან“, ii, 1. 3. ლემინკაინენი - ფინური მითოლოგიის გმირი, კალევალას მთავარი პერსონაჟი. 4. ფილიპ ჩეიზ ბობიტი (დ. 1948 წ. ) ამერიკელი იურისტი, მწერალი, პროფესორი. ავტროი ცნობილი შრომებისა სამხედრო სტრატეგიაში, კონსტიტუციურ სამართალსა და თეორიაში: „კონსტიტუციის ბედისწერა: თეორია კონსტიტუციისა“(1982), „აქილევსის ფარი: ომი, მშვიდობა და ისტორიის კურსი“(2002), „ტერორი და თანხმობა: მეოცე საუკუნის ომები“(2008). 5. საიდ კუტბი (1906 – 1966) - ეგვიპტელო მწერალი, პოეტი, განმანათლებელი, ისლამის თეორეტიკოსი, მუსლიმთა საძმოს წინამძღოლი, მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან-სამოციან წლებში. ბრალი დასდეს ეგვიპტის პრეზიდენტის გამალ აბდელ ნასერის მკვლელობის მცდელობაში და ჩაოახრჩეს. 6. ტრიანონის ხელშეკრულება - 1920 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გაფორმებული ხელშეკრულება მოკავშირეებსა და და უნგრეთის სამეფოს შორის, რომლის ძალიტაც განისაზღვრა უნგრეთის საზღვრები. უნგრეთის ტერიტორია შემცირდა 125 642 კვ. კმ.-დან 93 073 კვ. კმ.-მდე, უნგრეთი გადაიქვა სახმელეთო ქვეყანად. 7. ჟან ომერ მარი გაბრიელ მონე, ( 1888 – 1979) იყო ფრანგი პოლიტიკური ეკონომისტი და დიპლომატი. იგი მიჩნეულია ევროპული კავშირის არქიტექტორად. იგი გახლდათ პირველი ლიდერი ევროპული აღმასრულებელი ხელისუფლებისა. ამიტომ უწოდებენ ევროპის მამას. არასოდეს ყოფილა არჩეული საჯარო სამსახურში, მოქმედებდა სცენის მიღმა, ამერიკულ და ევროპულ მთავრობებთან, როგორც კარგი კავშირების მქონე პრაგმატული ინტერნაციონალისტი. 8. საიკს-პიკოს შეთანხმებამ (1916) ოტომანთა იმპერიის არაბული პროვინციები დაჰყო ბრიტანეთისა და საფრანგეთის გავლენისა და კონტროლის სფეროებად. 9. Sine qua non ანუ condicio sine qua non - მიუთითებს აუცილებელსა და არსებით ქმედებაზე, კონდიციასა და ინგრედიენტზე. ლათინური ტერმინია და იმის სათქმელად, რომ „ამის გარეშე არაფერი იქნება“. ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა |