სამეფო კლუბის საიტის მკითხველებს ვთავაზობთ ნაწყვეტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მიმართულების დოქტორანტის, ნინო მაისურაძის კვლევიდან - „ქართული ეროვნულ-პატრიოტული მიმართულების ინტერნეტ გამოცემების იდეოლოგიური პროფილი“. ვინაიდან, აღნიშნული ნაწყვეტი ეხება სამეფო კლუბს და მის საიტს, Georoyal.ge-ს. პორველ რიგში, მადლობა ავტორს, რომ დაინტერესდა სამეფო კლუბითა და ჩვენი საიტით და საკმაოდ ობიექტურად განიხილა საკითხი. რაც მთავარია, დასკვნა გააკეთა სწორი, რომ სამეფო კლუბი გახლავთ ორიენტირებული დასავლეთზე (რა თქმა უნდა, კონსერვატიულ და ტრადიციონალისტურ დასავლურ პოლიტიკურ წრეებზე და არავითარი კავშირი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ოკუპანტ რუსეთთან). კვლევაში არის რამდენიმე უზუსტობა. მაგალითად, ჩვენს ორგანიზაციას ჰქვია სამეფო კლუბი და არა "საქართველოს სამეფო" georoal.ge კი არის სამეფო კლუბის საიტი. საქართველოს სამეფო მხოლოდ ზოგადი წარწერაა საიტზე. განყოფილებები სამეფო კლუბის საიტს გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე განხილულია. გარდა,. ქართული ენის შესახებ დასახელებული წერილისა, სხვა სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული თუ ჰიპოთეტური ნაშრომებიც და წერილებიც ბევრია, რომლებიც უკეთ წარმოაჩენენ სამეფო კლუბის წევრთა და ზოგადად, სხვადასხვა საკითხით დაინტერესებული მკვლევერებისა თუ მკითხელთა აზრს და სამეფო კლუბის წევრთა მეცნიერებისადმი დამოკიდებულებას, იდეოლოგიას, მსოფლმხედველობას. მეფეთა პოეზიის გარდა, გამოქვეყნებული გვაქვს არაერთი ლიტერატურული ნაწარმოები თუ სამეცნიერო ნაშრომი და სხვა. თუმცა, ავტორის კვლევა არ მოიცავდა მთლიანად სამეფო კლუბის მთელ საიტს, ჩვენს იდეოლოგიას და ჩვენს განსხვავებას სხვა "ეროვნულ-პატრიოტული" ორგანიზაციებისგან. მით უმეტეს, რომ სამეფო კლუბი, კლასიკური სახით, ორგანიზაცია არ არის, არამედ არის თანამოაზრეთა კლუბი, სამეფო კლუბის იდეოლოგიისა და საიტის სრულიად შესწავლისთვის გაცილებით უფრო ვრცელი ნაშრომი იქნება საჭირო (თუ ვინმე მოინდომებს). იმედია ჩვენი შენიშვნები ავტორს არ ეწყინება... გარდა ამისა, სასიამოვნოა, რომ, როგორც იქნა საქართველოშიც დაიწყეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიმართულებების ორგანიზაციების იდეოლოგიებისა და საგარეო ორიენტაციების შესწავლა. იმედია ასეთი კვლევები გაგრძელდება და გაღრმავდება. წარმატებას ვუსურვებთ ქალბატონ ნინო მაისურაძეს და ყველა ქართველს მკვლევარს. სამეფო კლუბის სპიკერი და georoyal,ge-ს რედაქტორი გაიოზ მამალაძე ნინო მაისურაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მიმართულების დოქტორანტი ქართული ეროვნულ-პატრიოტული მიმართულების ინტერნეტ გამოცემების იდეოლოგიური პროფილი (ნაწყყვეტი)
„საქართველოს სამეფო“- Georoyal.ge „საქართველოს სამეფო“ არის საქართველოს სასულიერო და საერო მოღვაწეთა სამეფო (მონარქისტული) კლუბი (შემოკლებით - სამეფო კლუბი ან მონარქისტული კლუბი). „საქართველოს სამეფო“ არის საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენისა და მისი სახალხო კონსტიტუციური მონარქიის სახით დადგენის მსურველთა ზეპარტიული, სათათბირო-სადისკუსიო კლუბი. კლუბის მთავარი მიზანია სახალხო კონსტიტუციურ-მონარქისტული იდეების პოპულარიზაცია, რათა შემდეგ რეფერენდუმის საშუალებით ქვეყანაში დამყარდეს კონსტიტუციურ-მონარქისტული წყობა. მონარქისტული კლუბის წევრობა შეუძლია ყველას, მათ შორის სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც, ვისაც სურს საქართველოს ერთიანი სამეფოს აღდგენა. სამეფო კლუბს აქვს ლოცვა-კურთხევა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებისაგან. ალბათ, საპატრიარქოს გამოკვეთილი მხარდაჭერა, როგორც საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის ერთ-ერთი ობიექტის, განსაკუთრებით განაპირობებს თავად ორგანიზაციისა და მათი ინტერნეტ გამოცემის - Georoyal.ge-ს პოპულარობას. („საქართველოს სამეფო (მონარქისტული) კლუბის მოკლე სამუშაო რეგლამენტი“, 2018) მათ ოფიციალურ გვერდს ეწოდება: Georoyal.ge. საიტი დღემდე მუშაობს ტესტურ რეჟიმში, მაგრამ ამ რეჟიმის მიუხდავად საკმაოდ აქტიურია და გვთავაზობს ყოველდღიურ სიახლეებს. სამეფო კლუბი უკვე 14 წელზე მეტია ფუნქციონირებს საქართველოში. მისი მიზანია საქართველოში მონარქიის აღდგენა. სწორედ საზოგადოების ფართო მასებთან საკონტაქტოდ შეიქმნა საიტი - Georoyal.ge. საიტს აქვს რამდენიმე განყოფილება, რომლებიც სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციას შეიცავენ: პირველი სექციის სახელია - „საქართველოს სამეფოსათვის“, სადაც საქართველოს სამეფო დინასტიების: ფარნავაზიანების და ბაგრატიონების ისტორიაა გადმოცემული, მათი წარმომავლობის და დღეს ბაგრატიონების მდგომარეობის ჩათვლით; საიტზე მეორე განყოფილება არის საქართველოს სამეფოს ისტორია, სადაც ისტორიული ნაშრომები და მოთხრობებია თავმოყრილი; მესამე სექციაში წარმოდგენილია: მსოფლიო მონარქიები, რადგან საიტის შემქმნელთა მოსაზრებით, მართებულია საქართველოში მონარქიის აღდგენა და ამიტომ მონარქიის განხილვა მსოფლიოში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს; შემდეგ განყოფილებაში ვხვდებით მართლმადიდებლობის და მონარქიის კავშირის მაჩვენებელ პუბლიკაციებს, სადაც განხილულია ქართველი წმინდანი მეფეები; შემდეგ ნაწილში „საქართველოს სამეფო“ განიხილავს პრესაში განთავსებულ საინტერესო ინტერვიუებს (როგორც კლუბის წევრების, ასევე სხვადასხვა სასულიერო, თუ საზოგადო მოღვაწეების), რომლებიც ინტერნეტ გამოცემის რედაქციის აზრით, საქართველოს სამეფოს იდეის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს. ეს ინტერვიუები იზიარებენ ამ ორგანიზაციის ეროვნულ-პატრიოტულ განწყობას; და ბოლოს საიტზე არის ლიტერატურის და ხელოვნების განყოფილებაც, სადაც განიხილავენ ქართველი მეფეების პოეზიას და სახვით ხელოვნებას. საიტის მნახველთა რიცხვი დიდია. შეიძლება ითქვას, რომ ამ კვლევაში განხილულ ეროვნულ-პატრიოტულ ინტერნეტ-გამოცემებს შორის ყველაზე მეტი მნახველი სწორედ ამ საიტს ჰყავს. სამეფო კლუბის საიტის- Georoyal.ge -ის მნახველთა რაოდენობამ 1 950 000 გადააჭარბა (2018 წლის 5 ოქტომბრისათვის, დაახლოებ-ით 22:02 საათზე) (2019 წლის 29 დეკემბრისათვის საიტის მნახახველთა რიცხვი 2 238 000-ზე მეტია. Georoyal.ge-ს რედაქცია) ეს საიტი, ანუ Georoyal.ge, გაიხსნა 2012 წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას (რელიგიასთან მყარი კავშირი ისეთი დეტალებითაც გამოიხატება, როგორიცაა რელიგიურ დღესასწაულზე ოფიციალური საიტის გახსნა). საიტი ეროვნული იდეოლოგიისა და სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის იდეის გამტარებელია. ორგანიზაციის წევრების მოსაზრებით, საპრეზიდენტო ინსტიტუტი ამართლებს ისეთ ქვეყნებში, სადაც ხალხის ეროვნულ-ეთნიკური თავისუფლება სრულია, სადაც სახელმწიფო რესურსი არ გამოიყენება არჩევნების გაყალბებისთვის, სადაც უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს გავლენა არ აქვთ... ასეთი ქვეყნის მაგალითად მათ აშშ ესახებათ. გარედან ზემოქმედება პრეზიდენტზე უფრო ადვილია, ვიდრე პარლამენტზე და განსაკუთრებით მეფეზე. მეფე ისედაც მეფედაა დაბადებული. მას არ სჭირდება ფული და პიარი, უცხოელების დახმარება ხელისუფლებაში მოსასვლელად. რადგან მეფე ტრადიციულ წრეებში (სამეფო, ოჯახი, ეკლესია, უნივერსიტეტი) იზრდება, მას სისხლში აქვს ეთნიკურ-კულტურული ინტერესების დაცვა. (მამალაძე, 2016) ერთ-ერთ პუბლიკაციაში გაიოზ მამალაძე, რომელიც ამ ორგანიზაციის სპიკერია, რუსი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის - მაქსიმ კირჩანოვის სტატიაზე საუბრობს, რომელიც თანამედროვე ქართველი მონარქისტების იდეოლოგიას შეეხება. სამეფო კლუბის სპიკერი - გაიოზ მამალაძე რუს ისტორიკოსს ურჩევს: დაინტერესდეს იმით, თუ რატომ გადაწყვიტა ფაქტიურად ყველა მართლმადიდებელმა ერმა „ნატოს“ ბლოკში შესვლა; რატომ ეშინიათ რუსეთის თანამედროვე ცივილიზებული და განათლებული სამყაროს პირობებშიც კი მის მეზობლებს... იარაღით და მიწების მიტაცებით თანამეგობრობები არ იქმნება. ყველა იმპერია განწირულია, რაც გ. მამალაძის მოსაზრებით, ისტორიული ლოგიკაა და ამიტომაც განწირულია სოხუმისა და ცხინვალის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მკითხველს სთავაზობენ თარგმანის გარეშე თავად მ. კირჩანოვის ნაშრომსაც: „თანამედროვე ქართული მონარქიის იდეოლოგიის ეთნიკური დომინანტები“. (მამალაძე, 2015) აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სამეფოს“ ინტერნეტ გამოცემის შემქმნელები იდეოლოგიური მრწამსის და მონარქიის იდეით გატაცების მიუხედავად, რეალობის შეგრძნებას არ კარგავენ. ისინი ხაზს უსვამენ, რომ საქართველოსთვის ახლა მონარქიის აღდგენა არ არის სასწრაფოდ გადასაჭრელი და უმთავრესი ამოცანა, რადგან ხალხის უდიდესი ნაწილისათვის უმთავრესი პრობლემა სოციალური გაჭირვების დაძლევაა. საიტის პუბლიკაციებში ხაზგასმულია რუსეთის ოკუპანტობა და ორგანიზაციის წევრები ღიად აცხადებენ, რომ საქართველოს საგარეო კურსი პროდასავლური უნდა იყოს (სხვა ეროვნულ-პატრიოტული საიტებისაგან განსხვავებით, რომელთა დიდი ნაწილიც საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში ან ნეიტრალიტეტის გზას ირჩევენ - „არც რუსეთი და არც დასავლეთი“, ან პრორუსული განწყობა აქვთ). სამეფო კლუბის წევრები ხშირად იმეორებენ საკუთარ საიტზე, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის უმთავრესი ამოცანაა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება. მხოლოდ ამ პრობლემების გადალახვის შემდეგ, შეიძლება იფიქროს ერმა საპარლამენტო მონარქიის დამკვიდრებაზე. მოძრაობის წარმომადგენელთა აზრით, მეფის შენახვა არ ჯდება უფრო ძვირი, ვიდრე პრეზიდენტის შენახვა. მეფის დადგენის შემდეგ აღარ დაიხარჯება მილიონობით ლარი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ საპრეზიდენტო არჩევნებზე. (მამალაძე, 2015) საიტზე გამოქვეყნებულია ჟურნალ „Proceedings of the National Academy of Sciences ”-ზე დაყრდნობით შექმნილი სტატია, რომელშიც ხდება იმის მტკიცება, რომ ენა, რომელზეც 15 ათასი წლის წინ ევროპა და აზია ლაპარაკობდა, საქართველოში წარმოიშვა. ეს იყო ერთ საერთო ენაზე მოსაუბრე ადამიანთა ჯგუფი. ვარაუდობენ, რომ სიტყვები: „დედა“ და „ადამიანი“ ახლაც ასე ჟღერს, როგორც 15 ათასი წლის წინ. ეს რეალურად მკვლევარ - მარკ პეგელის აზრია, რომელსაც საქართველოს სამეფო კლუბის წევრებიც იზიარებენ. („უძველესი ენა საქართველოში წარმოიშვა“, 2015) Georoyal.ge -ის მხოლოდ ერთ სექციაში, „საქართველოს სამეფოსათვის“, გამოქვეყნებული აქვს 248 პოსტი, რომელთაგან ამ განყოფილებაშივე განთავსებულ „იდეოლოგიის“ ნაწილში შედის 88 სიახლე. სხვა ქართულ ეროვნულ-პატრიოტული მიმართულების ინტერნეტ გამოცემებთან შედარებით www. georoyal.ge მეტად აქტიურია და გარკვეულწილად აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა. საიტის შემქმნელები შეძლებისდაგვარად იცავენ აკადემიურ სტილსაც.
|