მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გადაღებულია ხუთი წლის წინ, 2007 წელს, მან აქტუალობა კვლავ შეიძინა რამდენიმე ვითარების გამო, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ. ახლა კი ფილმის შექმნის ისტორია... ბაგრატიონ-მუხრანბატონების იძულებითი ემიგრაციის, ევროპის სამეფო ოჯახებთან დანათესავებისა და სამშობლოში დაბრუნების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც როლანდ მათიაშვილმა შემომთავაზა გადაგვეღო რაიმე დოკუმენტური ფილმი პატრიოტულ თემაზე. ამ დროისათვის მისმა ქალიშვილმა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, შეიძინა და მამას საჩუქრად გამოუგზავნა კამერა. გვჭირდებოდა სამონტაჟო მოწყობილობა, რომელიც დავით კობერიძეს ჰქონდა. შევიკრიბეთ და შევთავაზე მათ მუხრანბატონების შესახებ ფილმის გადაღება, სხვადასხვა მიზეზის გამო: პირველი, ბაგრატიონების იძულებითი ემიგრაციისა და სამშობლოში დაბრუნების შესახებ საზოგადოების ფართო ფენებმა არ იციან; ბაგრატიონების შესახებ მსჯელობა მონარქისტული თვალსაზრისით, მით უმეტეს, სამეფო კლუბის წევრებისათვის, მნიშვნელოვანია; გარდა ამისა, ვიცნობ მუხრანბატონების ოჯახის წარმომადგენლებს; ხელი მიმიწვდებოდა ინფორმაციაზე მათ შესახებ; დარწმუნებული ვიყავი კარგი ფილმი გამოვიდოდა და ა. შ. სათაურიც საგანგებო მოვიფიქრე, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ფილმის შინაარსს, არსს და მიზანს... დაველაპარაკე დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილს. დათანხმდა ფილმში მონაწილეობაზე. ოჯახის უფროსმაც, აწ განსვენებულმა გიორგი (ხორხე) ირაკლის ძემ, რომელიც ის-ის იყო საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში, თანხმობა განაცხადა ინტერვიუზე. მოველაპარაკეთ მანანა ხომერიკს, რომელსაც არა ერთი პუბლიკაკაცია აქვს გამოქვეყნებული ესპანეთში გადახვეწილ მუხრანბატონებზე. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა თბილისში მცხოვრებ მარიამ გიორგის ასულ ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილთან, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის მამიდასთან. მარიამ ბაგრატიონმა გარდაცვალების წინ მას დაუტოვა თავისი ფოტო არქივი. დავამუშავე სხვადასხვა წყაროები და ლიტერატურა: მანანა ხომერიკის წიგნები, "სახეები" და "წერილები", ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა", ბერი ეგნატაშვილის "ახალი ქართლის ცხოვრება", ივანე ჯავახიშვილის IV ტომი და სხვა. გამოვიყენე ჩემი კვლევა, მუხრანბატონების ოჯახის ქართლის უფლისწულებად ქცევის შესახებ 1919 წელს, და ახლად მოპოვებული ინფორმაცია. გარდა მ. ხომერიკის კუთვნილი ფოტო მასალისა, ფილმში გამოვიყენეთ კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის არქივის ფოტოები, ვახუშტი ბატონიშვილისეული ბაგრატოვანთა გერბი, ასევე, ფოტოები რუსეთის საიმპერატორო ოჯახის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ესპანეთის სამეფო ოჯახისა და ირაკლი და გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონების ფოტოები ინტერნეტიდან. ფილმში გამოყენებულია დოკუმენტური კადრები "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" ფილმიდან "გაუმარჯოს პრეზიდენტს" და ნუგზარ ყიფიანისა და ირაკლი ტრიპოლსკის ფილმიდან "ქართული მართლმადიდებლური ეკლესია". ფილმის ავტორებს (როლანდ მათიაშვილს და დავით კობ ერიძეს და თქვენს მონა-მორჩილს) არავითარი დაფინანსება არ გვქონია. ფილმზე მუშაობა ამიტომ გაიწელა. მანამდე დიდხანს ველოდით ამერიკიდან კამერის ჩამოსვლას. გადაღებები დავიწყეთ 2006 წლის ბოლოს. ფილმზე მუშაობის დროს შემხვდა კოპოზიტორი მერაბ მამულაშვილი, რომელმაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შემომთავაზე თავისი სიმღერა და მუსიკა ფილმისათვის. მართლაც, მისი მუსიკა და სიმღერა "სამშობლო მენატრება", რომელსაც ასრულებენ ირინა ალექსიძე (მეცოსოპრანო) და დათო ოთიაშვილი (ბარიტონი), შესანიშნავად მოერგო ფილმსა და საერთოდ თემას. სიმღერის ტექსტის ავტორია ეკა მამულაშვილი. ესპანურიდან გიორგი ბაგრატიონის ინტერვიუ გვითარგმნეს "ესპანური სახლის" წარმომაგენლებმა, გიორგი გობეჩიამ და მაკა დარასელიამ, რა თქმა უნდა, ანაზღაურების გარეშე. გიორგი ბაგრატიონის ინტერვიუს ქართული თარგმანი, ასევე ანაზღაურების გარეშე, გაახმოვანა დავით ბათირაშვილმა. ფილმზე მუშაობისას დახმარება გაგვიწიეს: ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა, ურბნისის, რუისის ტაძრებისა და ყინწვისის მონასტრის მამებმა, ჩემმა მოძღვარმა, თბილისის მამა დავით გარეჯელის სავანის წინამძღვარმა, არქიმანდიტმა იოანე კიკვაძემ, სოფელ მჭადიჯვარში ძლიერიშვილებმა და მოსახლეობამ, მუხრანის მოსახლეობამ და მამა ნეოფიტემ, ასევე სხვებმა. ფილმი მივუძღვენით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 30 წლისთავს. 2007 წლის შემოდგომის დასაწყისში ფილმი მზად იყო. მაგრამ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო მისი საჯარო ჩვენება ვერ მოხერხდა. ტელეკომპანიების, "იმედი"-ს, "რუსთავი 2"-ის, "1 არხი"-ს ზოგიერთმა მაშინდელმა პროდიუსერმა, არც კი ისურვა ბაგრატიონების შესახებ გადაღებული ფილმის, რომელიც პატრიარქის აღსაყდრებას ეძღვნება, ნახვა, გასინჯვა. სამწუხაროდ, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონი ვერ ეღირსა ფილმის პრემიერას. თუმცა ფილმი ნახა. 2008 წლის 16 იანვარს ის გარდაიცვალა. მაშინ დაიწყო სიმბოლურ მოვლენათა ჯაჭვი. გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის დაკრძალვის დღეს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ტელესტუდია "ივერიამ" დილით და საღამოს აჩვენა "დაბრუნების დასაწყისი". 4 თებევალი გიორგი მუხრანბატონის დაბადების დღე გახლავთ. ჩემი გაფრთხილების გარეშე ამავე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა, რომელთაც არ იცოდნენ ამ თარიღის შესახებ, ეთერში გამეორებით გაუშვეს ფილმი. იმ დღეებში "დაბრუნების დასაწყისი" მივიტანეთ ტელეკომპანია "მზის" ხელმძღვანელობასთან. ფილმი მოეწონათ და აჩვენეს... გიორგი ბაგრატიონის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს. არც ეს დაგვიგეგმავს, ყველაფერი თავისით მოხდა. მერე "დაბრუნების დასაწყისი" თავის მაყურებელს აჩვენა ტელეკომპანია "საქართველომ". 2008 წლის სექტემბერში "დაბრუნების დასაწყისი" ნაჩვენები იქნა ბათუმში მართლმადიდებლური ფილმების III საერთაშორისო ფესტივალზე "წმიდა ანდრიას ჯვარი". ფილმის ავტორები (რ. მათიაშვილი, დ. კობერიძე და თქვენი მონა-მორჩილი) ბათუმში ფესტივალს არ დავსწრე ბივართ. გავიდა დრო, უკვე არავითარ ინფორმაციას არც ველოდით ამ ფესტივალზე "დაბრუნების დასაწყისის" ჩვენების შესახებ. ახალი სტილით 7 დეკემბერს, წმიდა ეკატერინეს ხსენების დღეს დამირეკა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და სულისჩამდგმელმა, ქალბატონმა მარიანა კალანდარიშვილმა და მითხრა, რომ "დაბრუნების დასაწყისი" დაჯილდოვდა ფესტივალის სიგელ-გუჯარით. ბათუმში გამარჯვებული ფილმების თბილისში, კინოს სახლში ჩვენება და დაჯილდოვება დაინიშნა 12-13-14 დეკემბერს. აქაც სიბოლური იყო "დაბრუნების დასაწყისის" დაჯილდოება ახალი სტილით 13 დეკემბერს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს არის წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეც. სუმბატ დავითის ძის ნაწარმოების "ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა"-ს მიხედვით, ბაგრატიონები არიან ვახტანგ გორგასლის ქალიშვილის შთამომავლები. ღმერთმა ქნას, "დაბრუნების დასაწყისი" მართლაც დაბრუნების დასაწისის დასაწყისი ყოფილიყოს ბაგრატოვანთა დინასტიისათვის! . . . და ბოლოს. დიდი მადლობა მართლმადიდიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის `წმიდა ანდრიას ჯვრის~ ჟიურის წევრებს "დაბრუნების დასაწყისის" დაფასებისათვის. განსაკუთრებული მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენი ფილმი წარმოაჩინეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოსათვის გან საკუთრებულ საქმეს აკეთებენ, არა მხოლოდ რელიგიური თუ კულტურული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობითაც. საქართველო არის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქვეყანა მართლმადიდებლურ სამყაროში. კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის საპატრიარქოებს თავისი სახელმწიფო არა აქვთ. უძლიერეს ქვეყანას მართლმადიდებლურ სამყაროში, რუსეთს, კი ვერ გაუცნობიერებია მართლმადიდებლობის მნიშვნელობა გეოპოლიტიკაში და საერთოდ სამყაროსადმი მიმართებაში. მართლმადიდებლურ გეოკულტურაში და საერთოდ მართლმადიდებლურ გეოპოლიტიკაში საქართველოს წამყვანი როლი აქამდეც ჩანდა და მომავალში უფრო გამოჩნდება. ყველაზე მეტი გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის საქართველოს სამოციქულო ეკლესიას აქვს ქართველი ხალხის ბუნების, ტრადიციის, ეკლესიის ავტორიტეტისა და პატრიარქის დამსახურების გამო. ქართული საზოგადოება და სახელმწიფო, რაც დრო გავა, იმედია, მით მეტად და მეტად გაიზიარებს მართლმადიდებლური ეკლესიის რჩევა-დარიგებებს. მთელი მსოფლიოსათვის მართლმადიდებლური გეოპოლიტიკისა თუ მორალის მაგალითი საქართველო გახდება დროთა განმავლობაში. ეს შეუქცევადი პროცესია. ამ პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტურ თუ მხატვრულ კინოხელოვნებას. ამ დარგს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობა საზოგადოებაზე დადებითად ზემოქმედებისა. ამიტომ, ვფიქრობ, ყველას მიერ მაქსიმალურად უნდა იქნას გააზრებული ქართული საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობა და ყველა უნდა დაეხმაროს ამ ფესტივალის ორგანიზატორებს. ეს იქნება არა მარტო ფესტივალის დახმარება, არამედ საქართველოს როლის გაზრდა მსოფლიო გეოკულტურაში და, თუ გნებავთ, გეოპოლიტიკაში. რაც მეტად გაიზრდება საქართველის კულტურული თუ მორალური როლი დღევანდელ მართლმადიდებლურ სამყაროში, მით მეტად გაიზრდება მისი როლი მთლიანად მსოფლიოში. . . . წერილის დასაწყისში ვახსენე, რომ ისტორიულ-დოკუმენტრმა ფილმმა „დაბრუნების დასაწყისი“ კვალავ შეიძინა აქტუალობა. დიახ, 2011 წლის 27 სექტემბერს, ბაგრატოინ-მუხრანბატონთა ოჯახში დაიბადა დინასტიის მემკვიდრე, რომელიც ასევე არის ბაგრატიონ-გრუზინსკების დინასტიის შთამომავალიც და ქართული ლეგიტიმური კანონებით, მემკვიდრეც. ამგვარად, ბაგრატიონების ორი დინასტიის მემკვიდრის დაბადებამ, კვლავ მისცა აქტუალობა თავისი მამის, პაპისა და ოჯახის ისტორიას. პატარა უფლისწულის დაბადებით, პერსპექტივა გამოუჩნდა, ზოგადად, ბაგრატოვანთა გვარსაც. ამგვარად, ამ ფილმის ნახვით, კიდევ უფრო კარგად გაიცნობს ქართველი საზოგადოება და უცხოელი მაყურებელი (ვაპირებთ ვთაგმნოთ) ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის უმთავრეს უფლისწულს, პატარა გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონს, და მის ოჯახს. ღვთის იმედით გაიოზ მამალაძე |