ბაგრატიონთა დინასტია და ქართული პოლიტიკური თეოლოგია (მასალები ქართული პოლიტიკური აზროვნების ისტორიისათვის) „საულს მეფობა ართო, მეფობა
დავითს მიჰმადლა შეფიცებულად“ ჩახრუხაძე, ქება მეფისა თამარისი, I, 63.
„ყოველნი ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელმწიფებაი, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან“ (რომაელთა მიმართ, 13,1)-ღაღადებს პავლე მოციქული. მისი ეპისტოლეს ეს მუხლი არის ის „ქვა საკიდურ“, რომელსაც ემყარება მონარქია.
მაღლა, ცაში - ღმერთი, დაბლა, მიწაზე - მისგან რჩეული, მისგან ცხებული მეფე - ასეთია ბიბლიური იდეალი მეფისა.
ბიბლიიდან იმზირებოდნენ ღვთის რჩეულთა და ცხებულთა დიადი სახეები: მოსესი, საულის, დავითის, სოლომონის... ამ სახეთა ბრწყინვალებაში, როგორც სარკეში, საკუთარი თავის დანახვა და საკუთარ პიროვნებაში მათი შარავანდედისა და სხივოსნობის არეკლვა ნებისმიერ დინასტიას სურდა, მაგრამ ბაგრატოვანთა იესიან-დავითიან-სოლომონიანი ქართული სამეფო საგვარეულო ყველა მათ შორის სრულიად განსხვავებულ პრეროგატივას ფლობდა.
მთელ ევროპულ ქრისტიანულ სივრცეში - რა თქმა უნდა, საქართველოს ჩათვლით - მეფის ლეგიტიმურობის ანუ კანონიერების დამადასტურებელი ორად-ორი ფორმულა არსებობს: „მეფე მადლითა ღვთისათა“ და „მეფე ნებითა ღვთისათა“. პირველი ტიტულატურული ფორმულა საერთოა ყველა ევროპული ქვეყნის ქრისტიანული მონარქიისთვის, მეორე მხოლოდ საქართველოში არსებობს და ბაგრატოვანთა დინასტიის პრივილეგიაა. [44, 347-348]
ამ ორ ფორმულას შორის მეფის ხელისუფლების ლეგიტიმურობის თვალსაზრისით პრინციპული განსხვავებაა და ეს წერილი ამ განსხვავების გამოძიებას ეძღვნება.
* * * დღეს მთელი მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში დაბეჯითებით აღნიშნავენ, რომ ისტორიულ გამოკვლევათა მიმართ ინტერესის დაღძრა და, შესაბამისად, პრობლემატიკის გაფართოება-განახლება ჩვენი საუკუნის ბოლო ათწლეულში უჩვეულოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ყველა, ვინც ადრე სოციალური საკითხების შესწავლას ანიჭებდა უპირატესობას, დღეს თავის „დიდ შეცოდებად“ თვლის სახელმწიფო სტრუქტურებისა და ხელისუფლების, როგორც საგანგებო კვლევის სფეროს, იგნორირებას. წარსულის გააზრება, განსაკუთრებით პოლიტიკის ჩაღრმავებული შესწავლის გზით, სულ უფრო აქტუალური ხდება; ინტენსიურად ქვეყნდება კონკრეტული და ზოგადი ხასიათის გამოკვლევები, რომლებიც წარსულის პოლიტიკურ ფენომენთა შესწავლას ეძღვნება [26, 5-7].
ამ თვალსაზრისით დღის წესრიგში დგება ისეთი საკითხები, როგორიცაა წარსულში ხელისუფლების ლეგიტიმაციის გზები, მის შესახებ არსებული წარმოდგენები და შეხედულებები, თეორიები ხელისუფლების საკრალურობის ან რაიმე სხვა ტრანსცენდენტური თვისებების შესახებ, ხელისუფლების სიმბოლური გაფორმების დამახასიათებელი ნიშნები და სხვა [26,15].
მონარქია, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ინსტიტუტი, ამ მხრივ საყოველთაო ინტერესს იწვევს. ქართულ მონარქიას აქ განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვს, როგორც ერთერთ უძველეს ფენომენს მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი ხელისუფლების უმთავრეს იარაღს იდეოლოგია წარმოადგენს, რომელიც ადამიანური ყოფიერების ყველა სფეროში იჭრება. როლან ბარტის მახვილგონივრული შენიშვნით, ხელისუფლებას შეუძლია თქვას: „ჩემი სახელი-ლეგიონია“, რადგან პოლიტიკა ყველგანაა ჩაბუდებული. ამიტომაც წარსულის ანალიზისათვის - როგორც თანამედროვე მეცნიერება მოწმობს - სრულიად არასაკმარისი აღმოჩნდა საკუთრივ ისტორიული ხასიათის თხზულებები. როგორც ჩანს, სიმძიმის ცენტრი ამ საკითხთა კვლევაში აშკარად გადაინაცვლებს სიტყვაკაზმულ მწერლობაზეც, რადგან მხატვრული თხზულებანი ხშირად ისეთ ფაქტებს ჰფენენ შუქს, რომელთაც მეისტორიენი არაიშვიათად შეგნებულად თუ შეუგნებლად უვლიან გვერდს. დიდი ხნის წინ კ. კეკელიძე ერთი ფაქტის შესახებ შენიშნავდა: „მართალია, მემატიანეები ამის შესახებ ცხადად არას ამბობენ, მაგრამ განა მარტო ამას არ ამბობენ ისინი?“ [4, 317]. როგორც თავად კ. კეკელიძის გამოკვლევები მოწმობენ, იგი დიდ ინტერესს იჩენდა ქართული პოლიტიკური აზროვნების მიმართ და მხატვრულ თხზულებებს ამ თვალსაზრისითაც სწავლობდა: „ქართველი ერის კულტურულ-ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ე.წ. კლასიკურ ხანაში ჩვენ ვხედავთ მისი პოლიტიკურ-ეროვნული თვითშეგნების არაჩვეულებრივ ზრდას. იმდროინდელი ლიტერატურული ძეგლები როგორც საისტორიო, ისე მხატვრული, რელიეფურად წარმოგვიდგენენ იმ სიმაღლეს, რომელზედაც ასულა ამ დროს ქართველთა პოლიტიკური აზროვნება. ყველაზე მეტად ამ მხრივ დამახასიათებელია ამ ეპოქის ოდები, განსაკუთრებით კი „თამარიანი“ ჩახრუხაძისა“ [4, 312].
ეს სტატია ქართული პოლიტიკური აზროვნების ერთი ასპექტის შესწავლას ეძღვნება, რომელიც შუასაუკუნეთა პოლიტიკურ თეოლოგიას განეკუთვნება და თავისი ასახვა სიტყვაკაზმულ მწერლობაშიც ჰპოვა.
* * * სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტთა კვლევის თანამედროვე ეტაპზე აღიარებული მეცნიერული დებულებაა, რომ აბსოლუტისტური სახელმწიფოს მთავარ დამახასიათებელ ნიშანს მის სტრუქტურაში სამართლებრივი სახელმწიფოს ჩანასახობრივი არსებობა წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ცნობილი გერმანელი მეცნიერის მაქს ვებერის დებულება, რომ ხელისუფლებას თავისი კანონიერების, ლეგიტიმურობის, ე.ი. სახელმწიფოს მართვის სამართლებრივი საფუძვლის მოპოვება, არსებითად, სამი გზით შეუძლია:
1. ტრადიციის მეშვეობით, ანუ იმის მეშვეობით, რომ იგი „მარად“ კანონიერი იყო: მონარქიულ წყობილებაში ხელისუფლების სამართლებრივი საფუძველი ძირითადად ამ ტიპს განეკუთვნება;
2. როგორც რაციონალურ-სამართლებრივ ხელისუფლებას, რომელიც არსებობს იქ, სადაც მმართველობის საჭესთან მდგომ პიროვნებებს ემორჩილებიან იმ კანონთა სისტემის მართლზომიერების საყოველთაო აღიარების გამო, რომლის პირობებშიც მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და ასრულებენ თავის მოვალეობას;
3. როგორც ხარიზმულ ხელისუფლებას, რომელიც ეფუძნება რწმენას ხელმძღვანელის მიმართ, რომელსაც განსაკუთრებულ პიროვნულ ღირსებებს მიაწერენ და სადაც რიგ შემთხვევებში გაღმერთების ელემენტიც კი შეიძლება იყოს [24;206]. აქ საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ მსოფლიოში არსებული თორმეტი თუ ცამეტი დემოკრატიული სახელმწიფოდან ათი - პარლამენტური მონარქიაა [24;207].
თანამედროვე მეცნიერულ დასკვნათა ამ კონტექსტში ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მრავალსაუკუნოვანი ქართული მონარქია - ბაგრატიონთა დინასტია სხვა ევროპულ სამეფო დინასტიათაგან ერთი განსაკუთრებული ნიშანთვისებით გამოირჩევა: იგი, როგორც სამეფო ხელისუფლება, ერთდროულად ფლობს ლეგიტიმურობის როგორც პირველ, ისე მესამე საფუძველს: ტრადიციასა და ხარიზმას მაშინ, როდესაც ევროპულ მონარქიათა ლეგიტიმურობის საფუძველი მხოლოდ ტრადიციაა.
რა თქმა უნდა, ევროპელ მონარქებსაც და მთელ დინასტიებსაც ჰქონდათ პრეტენზია ხარიზმაზე (მაგალითად, კაპენტინგებისა და პლანტაგენეტების საგვარეულო ხარიზმა გარკვეული სენის კურნებისა), მაგრამ მეფის გაღმერთება ანდა სამების მეოთხე ჰიპოსტასად დასახვა მხოლოდ ბაგრატიონთა დინასტიასთან არის დაკავშირებული [3, 21-24]. ეს ისეთი საკვანძო საკითხია, რომელზე შეჩერებაც ღირს. რას ეფუძნება ასეთი ორმაგი ლეგიტიმურობა? რა განსხვავებაა ქართულ და ევროპულ მონარქიათა შორის? რა თავისებურება ახასიათებს ქართულ პოლიტიკურ თეოლოგიას? - ასეთია ეს საკვანძო საკითხები, რომელთა გასარკვევად ყველ ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობას არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საკუთრივ ისტორიული ხასიათის თხზულებებს.
* * * მსოფლიო ქრისტიანულ სამყაროში ბაგრატიონთა დინასტიას ყველაზე ძველი და ვრცელი ისტორია აქვს, როგორც მრავალი საუკუნის მანძილზე ერთადერთ, უცვლელ დინასტიას საქართველოს სამეფო ტახტზე. პლატონ იოსელიანი წერს: „საქართველოში ოთხი დინასტია მეფობდა: ფარნავაზიანების, არშაკუნიანების, ხოსროიანების და ბაგრატიონების. ეს უკანასკნელი მეფობდა თერთმეტ საუკუნეს. გადმოცემის თანახმად იგი მეფე-წინასწარმეტყველის დავითის მოდგმაა: ქართველი მეფეები მუდამ იწოდებოდნენ იესეს, დავითის, სოლომონის ჩამომავლებად და სხვ. მათ გერბზე გამოსახული იყო შურდული, რომლითაც მოკლულ იქნა გოლიათი; დავითის ქნარი; სასწორი - სოლომონის ბრძნული მმართველობის სიმბოლო; ლომი, რომელსაც უჭირავს სოლომონის ტახტი; უფლის კვართი, საქართველოში ჩამოტანილი. გერბის გარშემო ფსალმუნიდან აღებული წარწერაა: „ფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა“ - ფსალმ. 131, 11. ამის შესახებ წერს მოსე ხორ. Lib. 1, 8 და 92 და კონსტანტინე პორფიროგენეტი De administr, cap 45“ [28;8]. ის მკითხველი საზოგადოება, რომელიც იმ დროს პოლიტიკურ მეცნიერებათა საფუძვლებს მხოლოდ მოსეს, დავითის და სოლომონის ბიბლიური წიგნების მიხედვით ეუფლებოდა [31, 217-218], ადვილად დაამყარებდა ლოგიკურ კავშირს ბაგრატიონთა უნიკალურ ხანგრძლივ მეფობასა და მათსავე დავითიანობას შორის.
ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმურობის საკითხი პოლიტიკური თეოლოგიის სფეროს განეკუთვნება. საქართველოს ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი ფენომენი - საქართველოს მეფე და მისი ხელისუფლების ისტორია ჩვენი საუკუნის დასაწყისშივე იქცა ივანე ჯავახიშვილის საგანგებო ყურადღების საგნად: 1905 წელს ცალკე წიგნად გამოიცა მისი „საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია“ [22], ხოლო მისი შევსებული და ახალი პრობლემებით გაფართოებული რედაქცია - 1929 წელს გამოქვეყნებულ ფუნდამენტურ გამოკვლევაში „ქართული სამართლის ისტორია“ [23; 108-245]. მკვლევარმა ამ ნაშრომებში ბაგრატიონთა დინასტიის ღვთისნებითობის საკითხს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო.
ბაგრატიონთა ტიტულატურის მყარი ფორმულაა „მეფე ნებითა ღმრთისათა“, რაც ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ საბუთებში ამ ათი საუკუნის წინათ არის დადასტურებული: „მე, ბაგრატს, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა მეფეს და კურაპალატს, ხელითა ჩემითა დამიმტკიცებია“ - წერია საბუთში, რომელიც 1031-1033 წლებითაა დათარიღებული [17; 3]. ეს ფორმულა შემდეგ საბოლოოდ დამკვიდრდა [17, 46, 50, 67, 71, 77], როგორც საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმურობის საფუძველი. „მეფე ნებითა ღმრთისათა“ - დავითიანი ქართული სამეფო საგვარეულოს კანონიერების ის ზღვარია, რომელიც ჰყოფს ბაგრატიონთა დინასტიის მეფობას წინა პერიოდის მეფობისაგან, როდესაც „მეფის უფლება საგვარეულო წესწყობილებაზე იყო დამყარებული და I - III საუკ. დროინდელი საქართველოს მეფის უფლებასთან პირდაპირი დამოკიდებულება არა ჰქონდა» [22; 1]. სპარსთა და შემდგომ არაბთა უღელქვეშ მგმინავი საქართველო „ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სახელმწიფო სხეულს“, „განცალკევებულ სამეფოებს“ [22; 6] წარმოადგენდა, მაგრამ მამულიშვილთ ქვეყნისა და ერის გაერთიანებაზე არასოდეს აუღიათ ხელი. ორი საუკუნის შემდეგ, VIII საუკუნეში ეს დროც დადგა: „უფრო სწორი იქნებოდა რომ ვთქვათ, - წერს ივ. ჯავახიშვილი - რომ რომელიმე უფრო ძლიერი და მოხერხებული მეფე თავის საბრძანებელს სხვათა სამფლობელოებსაც შემოუერთებდა ხოლმე. ამ ხანას და თვით ამ მოღვაწეობას გაერთიანების პოლიტიკა უნდა დაერქვას... ყველა ჩვენი მეფეები ამ გაერთიანების განხორციელებას ცდილობდნენ. ცდით კი რამდენჯერმე უცდიათ სხვებსაც, მაგრამ ბედი, პირადი გამჭრიახობა და გარემოება ისე არავისა სწყალობდა, როგორც ტაო-კლარჯეთის მფლობელთ, აშოტ კურაპალატის ჩამომავლობას“ [22, 7].
ამ ისტორიული მიმოხილვის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი - პირველი ქართველი ისტორიკოსთა შორის - აყენებს იმ პრობლემას, რასაც თვით მან ბაგრატიონთა დინასტიის ღმრთისნებითობა უწოდა და რომლის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე საქართველოში პოლიტიკური აზროვნების განვითარების მრავალი საკვანძო საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ ტერმინს „ღმრთისნებითობა“ ამ გამოკვლევაში მხოლოდ ერთხელ ახსენებს - III თავის დასაწყის ფრაზაში: „ეს თვითმპყრობელობა და ღვთისნებითობა მეფეებისა და მთავრობის მომხრე დასის იდეალი და მისწრაფება იყო, ვიდრე სახელმწიფო ცხოვრების უტყუარი მოვლენა“ [22; 23], მაგრამ მანამდე, მეორე თავის სათაურში პარალელურად ხმარობს ტერმინს „ღვთისმიერობა“: „საქართველოს მეფეების სახელმწიფოს იდეალი: თვითმპყრობელობა, მეფობის ღვთისმიერობა და ხელმწიფის გაღმერთება“ [22; შინაარსი], სადაც ღვთისმიერობა-ღვთისნებითობის თეორიის წარმოშობის მიზეზებს ასე განმარტავს: „ცხადია, რაც უფრო მეტად გაიზრდებოდა და გაფართოვდებოდა ქართველი მეფეების საბრძანებელი, მით უფრო მეტად საჭირო იქნებოდა მათთვის მეფობის უფლებისთვის მტკიცე და შეურძეველი ნიადაგი მოეპოვებინათ“ [22;18]. მეფობის უფლებისთვის ე.ი. კანონიერებისთვის მტკიცე და შეურყეველი ნიადაგის მოპოვებას ივ. ჯავახიშვილი უშუალოდ ზნეობრივ-სარწმუნოებრივ საკითხს უკავშირებს: „ქართველი მეფეები... თავიანთი ძლიერებისა და უფლების დასამყარებლად აზნაურებს ებრძოდნენ ხოლმე... ამ გამწვავებულ ბრძოლის მოსაგებად მარტო მხარ-მკლავის ძალა არა კმაროდა. ქართველ მეფეებს კარგად ესმოდათ, რომ ამისთვის აუცილებლად საჭირო იყო ზნეობრივი ძალაც. რაში მდგომარეობდა მერე ეს ზნეობრივი ძალა? ბრძოლის გასაადვილებლად საჭირო იყო, რომ მეფობის უფლების არსებობის აუცილებლობა და სარწმუნოებრივი მნიშვნელობა დაესაბუთებინათ. ეს კი არც თუ ძალიან ძნელი საქმე იყო; ახალ აღთქმაში ამის შესახებ საუცხოვო წინადადება მოიპოვება, პავლე მოციქულის ეპისტოლეში სახელდობრ“ [22;19]. შემდეგ ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს მრავლისმეტყველი ეპიზოდი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან, რომელიც სამეფო ხელისუფლების ზნეობრივი ძალის მნიშვნელობის განმარტებას უკავშირდება: „აი, რა სიტყვებით დალოცა კლარჯეთის მონასტრის დიდმა არქიმანდრიტმა გრიგოლ ხანძთელმა აშოტ კურაპალატის შვილები: „გაკურთხენ ყოველმან პირმან ქრისტესმან და ყოველთა წმიდათამან: რამეთუ ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყვა ესე: „სადა არს პატივი მთავრობისა, მუნ არს მსგავსება ღმერთეებისაი“, რამეთუ თქუენ ხელმწიფენი უფალ გყვნა ღმერთმან ქვეყანისა განგებასა“ [22;19]. მკვლევარის მიერ ბაგრატიონთა სამეფო ხელისუფლების განსამტკიცებლად სასულიერო პირის, გრიგოლ ხანძთელის დალოცვის მნიშვნელობის აქცენტირება მისი კონკრეტული მნიშვნელობით პოლიტიკური თეოლოგიის სფეროს განეკუთვნება. კიდევ უფრო გახაზავს ამ დალოცვის მნიშვნელობას ივ. ჯავახიშვილის შემდეგი დასკვნა: „მაშასადამე, გრიგოლის აზრით, საცა მთავრობას პატივსა სცემდნენ, იქ სუფევდა ღვთის მსგავსება; თვით ზეციერმა მამამ გახადა ხელმწიფენი ქვეყნის გამგეებად; ამის გამო მეფეები უნდა ყოფილიყვნენ ხელმწიფენი „ნებითა ღვთისათა“; სწორედ ასეთ წინადადებას ხმარობდნენ ხოლმე [სხვა ქრისტიანე მეფეებივით] ქართველი მეფეებიც“ [22;20; შდრ. 23; 119].
საგულისხმოა, რომ 1905 წელს გამოქვეყნებულ და ამ ფურცლებზე არაერთხელ ციტირებულ ნაშრომში ივ. ჯავახიშვილს არ უხსენებია გრიგოლ ხანძთელის ცნობილი სიტყვები, თქმული აშოტ ბაგრატიონის მიმართ მისი საგვარეულოს ბიბლიური წარმომავლობის შესახებ, რაც თავისთავად საფუძვლად დაედო ბაგრატიონთა დინასტიის ღვთისნებითობის კონცეფციას, ჩანს, ეს ისტორიული მნიშვნელობის მიმართვა შემდეგ გახდა დიდი ისტორიკოსის საგანგებო დაფიქრების საგანი და მისი ანალიზი ჩართო კიდეც თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ გამოქვეყნებული ფუძემდებლური გამოკვლევის „ქართული სამართლის ისტორიის“ შესაბამის თავში, რომლის სათაური 1905 წლის გამოცემასთან შედარებით უფრო დააზუსტა: „საქართველოს მეფე და მისი ხელისუფლების ისტორია“. მეფის ხელისუფლების ისტორიასთან დაკავშირებით ამ გადამუშავებულ რედაქციაში წინა პლანზე ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური დავითისგან წარმომავლობა წამოსწია - რაც ადრე არ აღუნიშნავთ - და მისი არსებითი მნიშვნელობაც განმარტა: „მაგრამ საქართველოს მეფეებს თავიანთი ხელისუფლება ზემომოყვანილ მოსაზრებათა გარდა განსაკუთრებული პატივისცემის ღირსად იმიტომაც მიაჩნდათ, რომ თავიანთ თავს ებრაელთა მეფის დავითის შთამომავლებად სთვლიდნენ. უკვე აშოტ კურაპალატის დროს (826) ეს აზრი გავრცელებული ყოფილა. გ. მერჩულის სიტყვით გრიგოლ ხანძთელი აშოტს თურმე ეუბნება: დავით წინასწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობაი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან-ო... ამისდა მიხედვით საქართველოს სამეფო საგვარეულოს, ვითარცა ღვთისაგან პირველცხებულ და დაყენებულ ხელმწიფის ჩამომავალს, სხვა გვარებთან შედარებით მაშინდელი შეხედულებით განსაკუთრებული უპირატესობა ეკუთვნოდა. ამ გარემოებას კონსტანტინე პორფიროგენეტიც მოგვითხრობს და აღნიშნული აქვს კიდეც, რომ ქართველ მეფეებს ამ შთამომავლობით თურმე ძალიან მოჰქონდათ თავი“ [23; 120-121]. გრიგოლ ხანძთელის დალოცვას, სახელდობრ კი აშოტის ბიბლიური დავითის ჩამომავლად მოხსენიებას ივ. ჯავახიშვილმა ისეთი მნიშვნელობა შესძინა, რამაც დიდად განსაზღვრა ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი. ამასვე უკავშირდება ხელისუფლების თეორიის ისეთი საკვანძო საკითხი, როგორიცაა თავად ღმერთის მიერ სახელმწიფოს „რწმუნება“ სამეფო ტახტის მპყრობელისთვის: „მაგრამ საქართველოს მეფეებმა არც ეს იკმარეს და თავიანთ ხელისუფლებას ღვთაებრივი ძალის მფარველობა და ხელმძღვანელობა მოუპოვეს. ამ მხრივ საყურადღებოა დავით აღმაშენებლის ანდერძის შემდეგი სიტყვები: „თვით იგი, ოდეს მარწმუნა მის მიერ განგებულსა მეფობასა“... ამ საყურადღებო აღსარებითგან ცხადად ჩანს, თუ რამდენად დარწმუნებული ყოფილა დავით აღმაშენებელი, რომ მეფის ხელისუფლება თვით ღმერთმა პირადად „არწმუნა“ მას“[23; 119].
აქ ბაგრატიონთა დინასტიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი თავისებურება უნდა აღინიშნოს, რაც ივ .ჯავახიშვილმა პრობლემის სახით ხაზგასმით წამოჭრა იმ პარაგრაფში, რომლის სათაურია „მეფის კურთხევის წესი, ვითარცა მეფის ხელისუფლების სივრცის გამომხატველი“. იგი ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელთა მეფედ კურთხევის წესში საგანგებოდ გამოჰყოფს კორონაციის ისეთ უმთავრეს და აუცილებელ ელემენტს, როგორიცაა კურთხევისას მეფის ცხება და წერს: „ეს მეფის კურთხევის მე-III ს. წესი, როგორც მისი ზემომოყვანილი ვრცელი შინაარსითგან ჩანს, შერეულს საეკლესიო-საერო წესების სინთეზს წარმოადგენს და ყოველმხრივ საყურადღებოა. აღსანიშნავია, რომ ამ კურთხევის წესში მეფის ცხებაზე არაფერია ნათქვამი იმ დროს, როდესაც „ცხება“ საეკლესიო კურთხევის იმდენად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, რომ ყოველი მეფე, რომელიც ნაკურთხი იყო, „ცხებულად“ იწოდებოდა“ [23;201]. ჭეშმარიტად, უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომელიც ახსნას მოითხოვს, და, წინასწარ ვიტყვი - ეს ახსნა ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაში დიდიხანია მოგვეპოვება. დიდი მეცნიერის მიერ დასმულ პრობლემაზე სრულიად ამომწურავ პასუხს არა ისტორიულ თხზულებებში, არამედ პოეტურ ტექსტში, პოეტის მიერ შეთხზულ უცნაურ სიტყვაში ვპოულობთ. ეს პოეტი - ჩახრუხაძეა, ხოლო მის მიერ შეთხზული უცნაური სიტყვა, რომელიც გვიმხელს იმ საიდუმლოს, თუ რატომ არ ხდება ბაგრატიონთა კორონაციისას ცხება-ექსპრესემა „გამრიცხვებული“.
ივანე ჯავახიშვილის ზემოხსენებულ ნაშრომებში ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში დასმული პრობლემები: პავლე მოციქულის ეპისტოლეს მნიშვნელობა; გრიგოლ ხანძთელის მიერ აშოტ ბაგრატიონის ბიბლიური დავითის ჩამომავლად მოხსენიება; ბაგრატიონთა დინასტიის ღვთისნებთობა - ეს შესანიშნავი ტერმინი, რომელიც დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიაში; ბაგრატიონთა საგვარეულოს მეფეთათვის სამეფოს „რწმუნება“ თვით ღმერთის მიერ; ბაგრატიონთა ცხების საკითხი და კიდევ ბევრი სხვა - სამეფო ხელისუფლების კვლევის იმ სფეროს განეკუთვნება, რომელიც დღეს მსოფლიო მასშტაბით მკვლევართა საგანგებო ყურადღების ცენტრში დგას და შუასაუკუნეთა პოლიტიკური თეოლოგიის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ თვალსაზრისით ივანე ჯავახიშვილის სპეციალური ნაშრომი საქართველოს მეფისა და მისი ხელისუფლების ისტორიის შესახებ შუასაუკუნეთა ქართული პოლიტიკური თეოლოგიის შემდგომი კვლევის საფუძველთა საფუძველია.
ივ. ჯავახიშვილის ამ ნაშრომებში აღძრულმა საკითხებმა ქართულ ისტორიოგრაფიაში ცხოველი გამოძახილი ჰპოვეს. ნ. ბერძენიშვილი განსაკუთრებული ინტერესით დასტრიალებდა ამ პრობლემებს, განსაკუთრებით ბაგრატიონთა ღვთისნებითობას და ქართული პოლიტიკური თეოლოგიის თვალსაზრისით ფრიად მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება („მონაცვალეობა ღვთისა“, „ვითარ იგი მობერვიდა სული“, ღვთისნებითობის თეორიის წარმომავლობა): „თამარ დაჯდა ნებითა ღვთისათა“ და მისი მოვალეობაა „მონაცვალეობა ღვთისა სამეფოსა და ერისათუის“, მას ღვთის მიერ აქვს ეს საქმე „რწმუნებული“ და ამ საქმეში ღმერთი მისი „მეუნებლეა“ და ის, მეფე, განაგებდა „ვითარ იგი მობერვიდა სული“. ერთი სიტყვით, მეფე ქვეყანაში ღვთის მონაცვალეა, მას მეფობა ღმრთისაგან აქვს რწმუნებული... მეფე სული-წმიდის „მობერვით“ მოქმედებს. აქედან ცხადია, მისი მოქმედება უცდომელია... მეფის უფლება-მოვლეობის ცხადი თეორიაა ამ წრეებში შემუშავებული ან ნასესხები, მაგრამ იმ წრეების მიერ მხარდაჭერილი, რომელთათვის მეფის უფლების ასეთ გაგება ხელსაყრელი იყო კლასობრივ ბრძოლაში. ეს თეორია ძველიდანვე მომავალი (ბიზანტიიდან ნასესხები) აშკარად გამოთქმული იყო დავით აღმაშენებლის დროს და მის მიერ...“ [1; 212]; მკვლევარი სხვაგანაც ავითარებს აზრს, თითქოს ღვთისნებითობის თეორია ბიზანტიის საეკლესიო წრეებშია შექმნილი და საქართველოში შემოტანილი [1; 143].
ბაგრატიონთა დინასტიის წარმომავლობის საკითხმაც საგანგებო ყურადღება მიიპყრო: ამ საკითხს ეძღვნება მ. ლორთქიფანიძის გამოკვლევა „ლეგენდა ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ“ [10; 145-148; ასევე 13; 417-419], რომელშიც გაანალიზებულია ის წყაროები (მოსე ხორენელი, სებეოსი, პორფიროგენეტი), რომლებიც ბაგრატიონთა საგვარეულოს ბიბლიურ დავითთან აკავშირებენ. სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის დასაბუთების შესახებ შემდეგი აზრია გამოთქმული: „შუა საუკუნეებში სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის თეორიული დასაბუთება სამეფო დინასტიათა ღვთიური წარმოშობის გზით ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური სიძლიერის ხანას უკავშირდება. განვითარების გარკვეულ საფეხურზე საქართველოშიც იქმნება ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ღვთიური წარმოშობის თეორია... ქართულ ისტორიოგრაფიაში ბაგრატიონთა ჩამომავლობის დავით წინასწარმეტყველთან და ამ გზით ქრისტე ღმერთთან დაკავშირება ქართულ ტრადიციადაა ცნობილი“ [9;145; შდრ 12;259,417]. აქ ერთი შენიშვნა უნდა გაკეთდეს: როგორც ისტორია მოწმობს, არც ერთ ევროპულ სახელმწიფოში არ დასტურდება სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის დასაბუთება რომელიმე დინასტიის ღვთიური წარმოშობის გზით, და ეს ბუნებრივიც არის; წარმართული პოლითეიზმის პირობებში ღმერთთა სიმრავლის გამო ასეთი „ღვთიური წარმოშობის“ მოპოვება - ვენდლანდი მას „პოლიტიკურ რელიგიას“ უწოდებს - სულაც არ იყო ძნელი: ცნობილია, რომ სელევკიდები თავის წინაპრად აპოლონს თვლიდნენ, პტოლემაიდები - ჰერაკლესა და დიონისეს [39;63-70], მაგრამ ქრისტიანული მონოთეიზმის პირობებში სხვადასხვა საგვარეულოთა მიერ ღვთაებრივი წარმომავლობის მოპოვება არამც თუ ძნელი, არამედ შეუძლებელი და წარმოუდგენელიც კი იყო. ქრისტიანულ რელიგიაში მხოლოდ ერთი საგვარეულო არსებობს, რომელთან ნათესაობაც დინასტიის ღვთიური წარმოშობის გარანტიას იძლევა, მაგრამ რომელიმე ევროპული დინასტიის ღვთიური წარმომავლობა იესიან-დავითიან-სოლომონიან დინასტიასთან ნათესაობის გზით ისტორიისთვის უცნობია. (უნდა შევნიშნოთ, რომ ბიბლიური იესე, დავით წინასწარმეტყველის მამა, არასოდეს არ ყოფილა მეფე [შდრ.13; 417]).
ამრიგად, საქართველოს ტახტის მპყრობელ ბაგრატიონთა ეს უწარჩინებულესი წარმომავლობა ბიბლიური დავითისგან მთელი ევროპული სივრცის მასშტაბით მართლაც უნიკალური ფენომენია და მართლაც მხოლოდ ქართული ტრადიციაა, რადგან მისი ანალოგი ევროპაში არ არსებობს.
საერთოდ, სპეციალური ლიტერატურის შესწავლა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ შემუშავდა ერთგვარი სტერეოტიპი, თითქოს ქართული და ევროპული მონარქიები თავისი ხასიათით იგივეობრივია, არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როდესაც ბაგრატიონთა დინასტია ევროპულ დინასტიათა პარალელურად იხსენიება. ამ დროს იბადება კითხვა: როგორ მოხდა, რომ ათი საუკუნის მანძილზე საქართველოში უცვლელად მხოლოდ ერთადერთი ბაგრატიონთა დინასტია მეფობდა, მაშინ, როდესაც ამავე დროის მანძილზე ევროპის სახელმწიფოებში რამდენიმე დინასტია შეიცვალა? და რატომ არ ხდება გვირგვინის კურთხევისას ქართველ მეფეთა მირონცხება, რასაც საგანგებო ყურადღება მიაქცია ივანე ჯავახიშვილმა? აქ მთავარი ისაა, რომ სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის საფუძვლები საქართველოსა და ევროპაში მსგავსია, მაგრამ არა იგივეობრივი. მსგავსია იმიტომ, რომ ლეგიტიმურობის საფუძველს ორივე შემთხვევაში ბიბლია წარმოადგენს, მაგრამ განსხვავდება იმიტომ, რომ ლეგიტიმაციის საფუძვლად ბიბლიისავე ორი სხვადასხვა მოდელი, ორი სხვადასხვა პარადიგმაა აღებული. მთავარი და განმსაზღვრელი ამ შემთხვევაში ბაგრატიონთა იესიან-დავითიან-სოლომონიანი ჩამომავლობაა, რომელსაც ბაგრატიონთა საგვარეულო ფლობს, როგორც ხარიზმას.
* * * რადგან უკვე ითქვა, რომ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას სრულიად განსაკუთრებული და განსხვავებული ადგილი უჭირავს ყველა ევროპულ დინასტიათა შორის, და როგორც ტიტულატურა მოწმობს, ბაგრატიონი არის „მეფე ნებითა ღვთისათა“ - და არა “მეფე მადლითა ღვთისათა“, როგორც ყველა ევროპელი მონარქი - რაც მის ლეგიტიმურობას უმაღლეს სტატუსს სძენს, მაშინ ისიც უნდა გავარკვიოთ, რის საფუძველზე ებოძა ბაგრატიონთა საგვარეულოს ეს სტატუსი. ამგვარი ლეგიტიმაცია შუასაუკუნეთა ქართული პოლიტიკური თეოლოგიის საკვანძო საკითხია, რადგან მას დაეფუძნა სპეციფიკური ქართული მონარქია.
შუასაუკუნეთა ქართული და ევროპული პოლიტიკური თეოლოგიის არსებით ნიშანთა გასარკვევად ბიბლიას უნდა მივმართოთ.
ჯერ კიდევ ბევრად ადრე, ისრაელში მეფობის შემოღებამდე განუცხადა უფალმა მოსეს თავისი ნება მეფის არჩევის წესის შესახებ: „არა იდგინო შენ სხუაი, არამედ რომელნიცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანვე შენთა, იგი დაიდგინო მთავრად შენ ზედა, რომელ არა ძმათა შენთაგანი იყოს“ (მეორე სჯული,17,15). მეფის არჩევაში წინასწარმეტყველს საგანგებო მოვალეობა ეკისრება: უფლის სიტყვები - როგორც ყველა სხვა შემთხვევაშიც-მან უნდა გადასცეს ხალხს: „წინასწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ყმათაგანვე თვისთა, ვითარცა-იგი შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა“ (მეორე სჯული, 18,18).
სწორედ წინასწარმეტყველი სამუელი იყო, ვინც უფლის სიტყვის თანახმად სცხო მირონი ისრაელის ორ პირველ მეფეს - საულსა და დავითს.
ბიბლიით თანახმად პირველი ცხებული მეფე საულია (ჩვ.წ-მდე I საუკუნის ბოლო). საულის მეფედ გამორჩევა და ცხება დაკავშირებულია ებრაელი ხალხის ისტორიული ცხოვრების იმ გარდამტეხ ეტაპთან, როდესაც თეოკრატიული მმართველობის ზნეობრივი დაცემის გამო ხალხმა „მღვდელს უფლისას“, წინასწარმეტყველ სამუელს, თავის გარშემო მცხოვრებ სხვა ხალხთა მსგავსად მეფობის შემოღება მოსთხოვა. „ყოველი ნათესავი ისრაელისა“ მოვიდა სამუელთან „და რქუეს მას: შენ ესერა დაბერებულ ხარ და ძენი შენი არა ვლენან გზასა შენთა. აწ მოგუეც ჩუენ მეფე, რომელი წინაგვიძღოდეს ჩუენ“ (I მეფეთა, 8,5). ამით მთავრდება მსაჯულთა თეოკრატიული მმართველობა და საულის სახით ისრაელში იწყება მეფობა. უფალმა უბრძანა სამუელს ესმინა ხმა ერისა და გამოუცხადა, ვინ უნდა აერჩია მეფედ: „ხვალე ამას ჟამსა მოვავლინო შენდა კაცი ქუეყანისა მისგან ბენიამენისა და სცხე მას მეფედ ერსა მას ჩემსა ზედა ისრაელისა“ (I მეფეთა, 9,16). ეს მომავალი მეფე იყო ძე კისისა, „კაცისა ძლიერისა“, ბენიამინის ტომიდან, რომელიც მშვენიერი გარეგნობითაც გამოირჩეოდა სხვათაგან: „და ესვა მას ძე, სახელი მისი საულ, და იყო იგი ჰასაკითა დიდ და ქმნულკეთილი, და არავინ იყო უმაღლეს მისა ასაკითა ისრაელს შორის, რამეთუ მხრითგან უმაღლეს იყო ყოველსა კაცსა“ (I მეფეთა, 9,2).
დაკარგული კარაულების საძებრად გამოსული საული მათი პოვნისთვის რჩევის საკითხავად მივიდა სამუელთან, „კაცთან მას ღმრთისასა“, და სამუელმა უფლის ბრძანებით სხვათაგან იდუმალად სცხო მას ზეთი ნიშნად მეფედ არჩევისა: ძმოიღო სამოველ რქა იგი საცხებელი და დაასხა თავსა ზედა და ამბორს უყო და რქუა: გცხო შენ მეფედ უფალმან ერსა მას თვისსა ზედა ისრაელისა. და შენ უძღოდი ერსა მას უფლისასა, და იხსნნე იგინი ხელთაგან მტერთა მათთა. და ესე სასწაულ იყოს შენდა, რამეთუ გცხო შენ უფალმან შენმან და დაგადგინა შენ სამკვიდრებელსა თვისსა ზედა“ (I მეფეთა, 10,1). ასე გახდა კარაულების საძებრად გამოსული საული ისრაელის პირველი მეფე. ცხების უმალ ხდება სასწაული, რაც გამოიხატება საულის „ახალ კაცად“ გარდაქმნაში: მას მოეფინება ღვთის სული, იწყებს წინასწარმეტყველებას (ამის შემდეგ იქცა გამოთქმად: „აწ საულცა წინასწარმეტყუელთა თანავე?“), ღვთის სული გარდაცვლის და განაახლებს მის გულს: „და მოვიდეს შენ ზედა სული ღმრთისა, და შენცა წინაწარმეტყუელებდე მათ თანა და გარდაიცვალო შენ ახალ კაცად“ (I მეფეთა, 10,6) - ეუბნება მას წინასწარმეტყველი; „და ვითარცა გარემოიქცა და ზურგი შეაქცია, ვითარცა წარ-ოდენ-ვიდა სამოველისგან, გარდაცვალა გული მისი ღმერთმან და განახლდა და მოიწია ყოველი ესე სასწაული მას ზედა მას დღეთა შინა“ (I მეფეთა, 10,9). საულს, სამუელის გაფრთხილების თანახმად არავისთვის არაფერი უთქვამს მისი მეფედ ცხების შესახებ.
ასე გამოირჩია უფალმა საული მეფედ, მაგრამ ამის შემდეგ აუცილებელი იყო რომ იგი მეფედ ხალხის მიერაც ყოფილიყო არჩეული. სამუელმა „შეკრიბა ყოველი იგი ნათესავი ისრაელისა“ და სამჯერ წილი ჰყარა: პირველად წილი აღმოუხდა ბენიამინის მუხლს, მეორედ - ბენიამინის მუხლიდან მატტარიას ტომს, მესამედ მატტარიას ტომიდან - საულს, კისის ძეს (I მეფეთა, 10, 20-22). ასე აირჩია მთელმა ხალხმა საული მეფედ უფლის სიტყვის თანახმად: „მაშინ ჰრქუა სამოველ ყოველსა ამას ერსა: იხილეთღა, რამეთუ გამოირჩია უფალმან! არა ვინ არს თქუენ შორის მსგავსი ამისა რაითურთით! და იხილა ყოველმან ერმან და თქუეს: უკუნისამდინ ცხონდინ მეფე!“ (I მეფეთა, 10,24). იყვნენ ისეთნიც, რომელთაც საული არ სცნეს მეფედ, „ხოლო საული დუმნა და არა იტყოდა“ (I მეფეთა, 10,27), ანუ არაფერს ერჩოდა მათ.
ეს მოკრძალებული ჭაბუკი შემდგომ შესანიშნავ სარდლად იქცა, დიდხანს და წარმატებით ებრძოდა ისრაელის მრავალრიცხოვან მტრებს, რითაც საფუძველი ჩაუყარა იუდეის და ისრაელის გაერთიანებული ძლიერი სახელმწიფოს შექმნას (I მეფეთა, 11-12), მაგრამ შემდეგ უფლის მიმართ საულმა თვითნებობა და ურჩობა გამოიჩინა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან არ დაიცვა ის მცნებანი, სამუელის მიერ უწყებული, რომელნიც უფალმა წინასწარმეტყველს ამცნო და რომელთა მეოხებითაც უფალს უნდა განემტკიცებინა ისრელში მისი მეფობა „უკუნისამდე ჟამთა“ (I მეფეთა, 13,13)
ამ ურჩობის გამო უფალმა საულს მეფობა წაართვა; სამუელმა საულს გამოუცხადა: „მაშინ ჰრქუა სამოველ საულს: ცუდად იყო მსხუერპლი ეგე შენი, რამეთუ არა დაიცვენ მცნებანი ჩემნი, რომელნი მამცნო უფალმან, რათამცა განამტკიცა მეფობაი შენი ისრაელსა ზედა უკუნისამდე ჟამთა. ხოლო აწ მეფობა ეგე არა დაადგრეს შენ თანა, არამედ მოიძიოს უფალმან კაცი სათნო გულისა თვისისა და დაადგინოს იგი მთავრად ერსა თვისსა ზედა, რამეთუ არა დაიმარხე მცნება იგი, რომელ გამცნო შენ უფალმან“ (I მეფეთა, 13, 13-14).
ასე წაერთვა საულს მეფობა, ან, როგორც ჩახრუხაძე ამბობს, უფალმა „საულს მეფობა ართო“.
საულის მეფობის ამ მოდელს - რომელშიც მთავარი მომენტი მეფის არჩევაში ხალხის მონაწილეობაა - მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით „საულის პარადიგმა“ შეიძლება ვუწოდოთ.
ბიბლიაში მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის მეორე მოდელიც არსებობს: იგი დავითს - ისრაელის უდიდეს მეფეს და წინასწარმეტყველს (X ს. ჩვ. წ-მდე) - კავშირდება
როდესაც უფალმა შეინანა, რომ საული დაადგინა მეფედ, სამუელს ამცნო, რომ სხვა გამოირჩია მის ნაცვლად: „და ჰრქუა უფალმან სამველს: ვიდრემდე ეგლოვდე შენ საულს? რამეთუ განმიგდებიეს მე იგი, რათა არღარა მეფობდეს იგი ისრაელს ზედა, არამედ აღავსე რქა ეგე შენი ზეთითა და წარგავლინო შენ ბეთლემად იესესა, რამეთუ გამოვარჩიე ჩემდად ძეთაგანი იესესთა მეფედ“ (I მეფეთა, 16,1). სამუელმა ბეთლემში დავითს, იესეს - იუდას თესლის ჩამომავალის - უმცროს ძეს სცხო ზეთი უფლის ჩვენებით: „და მოიღო სამოველ რქა იგი საცხებლისა მის და სცხო მას წინაშე ძმათა მისთა, და მოვიდა სული უფლისა დავითს ზედა მიერ დღითგან მყოვარ ჟამ და წავიდა სამველ არმათემადვე“ (I მეფეთა,16,13). დავითი „იყო მწითურ, პირითა მხიარულ, გრემან, ქმნულკეთილ ხილვითა“ (I მეფეთა, 16,12). როგორც კი სული ღვთისა განეშორა საულს, „შეუხდა მას სული უკეთური ბრძანებითა უფლისათა და აჭირვებდა მას“ (I მეფეთა, 16,14). რადგან დავითი ქნარზე კარგად უკრავდა და გალობდა, მოუყვანეს საულს, რათა შეჭირვებათაგან „განუსვენოს სულსა“, რისთვისაც „შეიყვარა იგი საულ ფრიად“ (I მეფეთა, 16,20). ფილისტიმელებთან ომისას ჭაბუკმა დავითმა, უსაჭურვლომ, შურდულით მოკლა გოლიათი, რომელიც ყველას შიშის ზარს სცემდა: „4: და შთაყო ხელი თვისი დავით ვაშკარანსა მას და აღმოიტაცა ქვა ერთი, და შთადვა იგი შურდულთა მას მისთა და განსტყორცა და მიამთხვია შუბლსა უცხოთესლსა მას, და შევიდა ჩაფხუტით, შუბლი ჩასტეხა და ტვინად ჩაუგდო და პირდაქვე ზედა ქუეყანასა დასცა. და განძლიერდა დავით უფროს უცხოთესლთა მათ ზედა მას დღესა შინა, რამეთუ შურდულითა და ქვითა მოკლა უცხოთესლი იგი, და მახვილი საჭურველი და ჰოროლი არა აქუნდა მას“ (I მეფეთა, 17,49-50). ფილისტიმელნი დამარცხდნენ, ხალხი კი აქებდა დავითს და ამბობდა: „საულ მოსწყვიდნა ათასები, ხოლო დავით დასცა ბევრები“ (I მეფეთა, 18,7). ამის შემდეგ საულმა შეიძულა დავითი, მთელი სიცოცხლე სდევნიდა მას და არაერთხელ სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ამაოდ. მას შემდეგ დავითმა ბევრი სასახელო გამარჯვება მოიპოვა და საულის სიკვდილის შემდეგ - რომელიც ფილისტიმელებთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ საკუთარ მახვილზე წამოეგო და თავი მოიკლა - დავითი გახდა ისრაელის მეფე; მეფეთა II წიგნი მოგვითხრობს: „5,1: და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნივე ნათესავნი ისრელისანი დავითისა ქებრონად და ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, ჩვენ ყვალნი ძვალთა შენთაგანნი და ხორცნი ხორცთა შენთაგანნი! 5,2: რამეთუ პირველცა, ვიდრე საულ მეფე იყო ჩუენ ზედა, შენვე იყავ წინამძღუარ და მბრძანებელ ისრაელისა, რამეთუ შენ გრქვა უფალმან, ვითარმედ: შენ დამწყსო ერი ჩემი ისრაელი! 5,3: და მოვიდეს და მოკრბეს ყოველნი მოხუცებულნი ისრაელისანი ქებრონად მეფისა თანა. დადვა აღთქმა მათ თანა დავით ქებრონს წინაშე უფლისა, და სცხეს დავითს მეფედ ყოველსა ზედა ისრაელსა. 5,4: რამეთუ ოცდაათ წლისა იყო დავით, რაჟამს სცხეს მას მეფედ, და ორმეოც წელ მეფობდა იგი“. ბიბლიაში აღრაცხულია დავითის მრავალრიცხოვანი გამარჯვებები, მისი სახელი ისრაელის სახელმწიფოს სიძლიერესთანაა დაკავშირებული: მან აქცია იერუსალიმი ისრაელის რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრად.
დავითი ღვთივკურთხეული მეფის იდეალის განსახიერებაა, რადგან იგი ყოველთვის უფლის მორჩილი იყო; ამიტომ უფალმა მას და მთელ მის მოდგმას საუკუნო მეფობა აღუთქვა, რაც ბიბლიაში უფლის ფიცით არის განმტკიცებული.
უფლის აღთქმამ დავითის მიმართ (II მეფეთა, 7, 4-17, ბ ნეშტთა, 17, 4-15) განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქართულ პოლიტიკურ თეოლოგიაში, ამიტომ მისი ციტირება საჭირო ჩანს:
II მეფეთა, 7, 4: „და იყო მას ღამესა ბრძანებაი უფლისა ნათან წინასწარმეტყუელისა მიმართ და ჰრქუა:
7, 5: მივედ და არქუ მონასა ჩემსა დავითსა, ვითარმედ: არა მიშენო შენ სახლი, რათა დავიმკვიდრო მას შინა.
7, 8: და აწ შენ ესრე ჰრქვა მონასა ჩემსა დავითს: ესრე იტყვის უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ფარეხთაგან სამწყსოთასა და გყავ შენ წინამძღუარ ერისა ჩემისა ისრაელისა.
7, 9: და ვიყავ შენ თანა ყოველთა გზათა შენთა, ვიდრეცა ხვიდოდე და მოვსრენ ყოველნი მტერნი შენნი წინაშე შენსა და მიგეც შენ სახელი დიდი მგზავსად სახელთა მათ დიდთა, რომელნი უწინარეს შენსა იყუნეს ქუეყანასა ზედა.
7, 10: და აწ მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაელსა, დავნერგნე იგინი და დავამკვიდრნე იგინი თავისთავ და არღარა ზრუნვიდენ, არცა შესძინოს ძემან უსჯულოებისამან ვნებად მათა, ვითარცა-იგი წინათვე.
7, 11: და დღეთა, რომელთა დავამტკიცენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაელსა, აწ მე განგისუენო შენ ყოველთაგან მტერთა შენთა და გაუწყოს შენ უფალმან, ვითარ-იგი ჯერ-იყოს მისად შენებად ტაზარი.
7, 12: და იყო, რაჟამს აღგესრულნენ დღენი შენნი, დაიყინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო ნათესავისა შენისაგანი, რომელი იყოს მუცლისაგან შენისა და განუმზადო მას დამტკიცებად მეფობა შენი.
7, 13: და მან აღმიშენოს ტაზარი სახელისა ჩემისათვის და აღვმართო საყდარი მისი მიუკუნისამდე.
7, 14: და ვიყო მე მისა მამა და იგი იყოს ჩემდა ძე. უკეთუ შემცოდოს მე, ვგუემო იგი კუერთხითა კაცთათა და განვსწავლო იგი ძეთა მიერ კაცთასა;
7, 15: ხოლო წყალობაი ჩემი არავე დავაყენო მისგან, ვითარცა დავაყენე მათგან, რომელნი მიდრკეს პირისაგან ჩემისა.
7, 16: და დავამტკიცო მეფობაი იგი მისი და სახელი მისი უკუნისამდე წინაშე ჩემსა და საყდარი მისი აღმართებული იყოს წინაშე ჩემსა უკუნისამდე.
7, 17: და მგზავსად სიტყუათა ამათ და ჩუენებათა ეტყყოდა ნათან დავითს“ [11].
უფლის აღთქმის თანახმად ესაა ერთადერთი საგვარეულო, რომელსაც საუკუნო მეფობა აქვს აღთქმული. დავითის ცხებულობა მთელ მის საგვარეულოზე ვრცელდება. ესაა ღვთაებრივი წინასწარმოსწავება მაცხოვრისა იესო ქრისტესი ანუ ცხებულისა, მესიისა, რომელიც ხორციელად დავითის თესლისგან იშვა (მათე, 1, 1-21).
ბიბლიური მეფობის ამ მოდელს - სადაც საუკუნო მეფობა უფლის ნებით მხოლოდ მეფე-წინასწარმეტყველის საგვარეულოს აქვს მიმადლებული - მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით „დავითის პარადიგმა“ შეიძლება ვუწოდოთ.
* * * „მეფის ხელისუფლება არის ღირსება და არა მემკვიდრეობითი საკუთრება“. ფრაზა, თქმული საფრანგეთის გენერალურ შტატებზე 1484 წელს
შუასაუკუნეთა ევროპაში ყოველი დინასტია, რომელიც ხელისუფლებისკენ მიისწრაფოდა, საკუთარი პრესტიჟისთვის რაიმე სახის საკრალური ლეგიტიმაციის მოპოვებას ლამობდა. ამ მიზნით სამი სხვადასხვა ტრადიცია იქნა გამოყენებული: 1. ელინისტური მმართველებისა და რომის იმპერატორების საკრალური და ღვთაებრივი ატრიბუტები, რომელნიც ბიზანტიამ გადაიღო და თავისებურად გადაამუშავა; 2. ხარიზმა, რაც გერმანელი და სხვა წარმართი მეფეების ტრადიციულ ატრიბუტს წარმოადგენდა (Konigsheil); 3. ქრისტიანულ წმინდანთა კულტი [45, 80-86].
ყოველი სახელმწიფო თავისებურებებით ერთმანეთისგან განსხვავდებოდა: ტახტის დაუფლების მიზნით ინგლისში მიმართავდნენ ე.წ. „სამეფო წმინდანობას“ (Royal Sainthood) რაც იმაში მდგომარეობდს, რომ საგვარეულო საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას წინამავალ დინასტიათა წმინდანი მეფეების კულტის მეშვეობით ცდილობდა. ეს სამეფო ხელისუფლების საკრალური ლეგიტიმაციის ერთ-ერთი გზა იყო. იმავე მიზნების განსახორციელებლად თიუდორებმა სულ სხვა გზას მიმართეს: შეიქმნა კონცეფცია, რომ ჰენრიხ VII თიუდორის სახით ინგლისს ღმერთისგან მოევლინა მხსნელი, რომელმაც ქვეყანა იხსნა რიჩარდ მესამის სისხლიანი ტირანიისაგან და ამავე დროს განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლებაში ძველი ბრიტანული, ე.ი. ეროვნული დინასტიის მოსვლა, რომელმაც შეცვალა ანგლო-საქსების ხელისუფლება, რამდენადაც ეს დინასტია თავის თავის პირდაპირ წინაპრად „მრგვალი მაგიდის“ უპირველეს რაინდს, ლეგენდარულ მეფე არტურს თვლიდა [25,99-100]. ამგვარ „წინაპრებს“ საგვარეულოები დიდი მონდომებით ეძებდნენ: რუსეთში რიურიკების დაკვეთით პახომ ლოგოთეტმა - დაქირავებული „კარის მწერლის“ ტიპიურმა წარმომადგენელმა - მათი პოზიციების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებისთვის სრულიად ფანტასტიკური გენეალოგია შეთხზა, რომლითაც რიურიკები რომის სახელგანთქმული იმპერატორის ავგუსტ კეისრის ჩამომავლებად გამოაცხადა [3; 355]; ამის შესახებ ვ. ო.კლიუჩევსკი შენიშნავს: „მოსკოვის პოლიტიკოსებს ეცოტავათ ბიზანტიასთან ქორწინებითი კავშირი (იგულისხმება ივანე მესამის დაქორწინება სოფიო-ზოია პალეოლგზე - მ. კ.): მოისურვეს სისხლითაც დანათესავებოდნენ თვით ძირსა და ფესვს ანუ უმაღლესი ხელისუფლების მსოფლიო ეტალონს - თავად რომს“ (31;116 - 117).
იმავე მიზნის განსახორციელებლად კონტინენტზე კაროლინგებმა და ოტონიანებმა სხვა გზა აირჩიეს: მათ იმპერიული საკრალური ტრადიციები ააღორძინეს და ახალი ქრისტიანული ელემენტები - მირონცხება და კორონაცია, ანუ გვირგვინის კურთხევა დაუმატეს. სამეფო ხელისუფლების საკრალურობა ახალი აღთქმის იმ მოძღვრებას ემყარებოდა, რომლის თანახმად „რომელნი - იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან“ (რომაელთა, 13,1), და ამიტომ მეფის ხელისუფლება, თავისი ხასიათით ღვთისმიერი, რაღაც განსაკუთრებული ნიშნით იყო აღბეჭდილი, რადგან მათაც, მსგავსად ძველი აღთქმისეული მეფეებისა, უკვე ადრეული შუასაუკუნეებიდან მირონსა სცხებდნენ. ცხება, როგორც კორონაციის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი ელემენტი, საფრანგეთში პირველად პიპინ მოკლეს ტახტზე ასვლის დროიდან (751 წ.) გვხვდება. მეფის მირონცხება საიდუმლოებად აღიქმებოდა, თუმც ეკლესიის მიერ - თუკი სიტყვას „საიდუმლო“ თავისი მკაცრი მნიშვნელობით გავიგებთ - იგი საეკლესიო საიდუმლოდ არ ითვლება [34;21]. შემდეგ, როდესაც კაროლინგ კარლ მელოტს (843 - 877) მისი სურვილისამებრ სასის ეპისკოპოსმა ტახტზე ასვლისას მირონი სცხო და მეფემ მისი ხელით გვირგვინი და სკიპტრა მიიღო, კორონაციის ცერემონიალი საბოლოოდ შეივსო და ერთხელ და სამუდამოდ ზუსტად დადგინდა. ცერემონიალის ყველა ელემენტთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მეფის მირონცხება, როგორც ბიბლიური ტრადიცია [38;21]. საკრალურ ემბლემათა ამ გაფართოებას შედეგად მოჰყვა ახალი იდეოლოგია, რომლის თანახმად მეფე არის Vicarius Dei (resp. „მონაცვალე ღმრთისა“), რომელიც მირონცხების ძალით მიღებული ღვთის მადლით Gemina persona ანუ ორგვამოვანი, ორბუნებოვანი ხდება: იგი ბუნებით კაცია, მადლით - ღვთაებრივი (resp. „მადლით ღმერთქმნული“) [43; 87 - 89]. ახლა კი ღვთაებრივი ბუნების მქონე პერსონას აღარაფერი უკლდა სასწაულის მოხდენამდე და ეს ნაბიჯი კაპეტინგებმა გადადგეს: რობერტ პირველის (922 - 923) საფრანგეთის ტახტზე ასვლამ ახალი საკრალური სიახლე შემოიტანა: მეფის სასწაულებრივი ხელის შეხებით საყმაწვილო სენისგან განკურნების ღვთაებრივი უნარი, და ეს სიახლე მალე ინგლისელმა პლანტაგენეტებმაც გადაიღეს [38;22].
მონარქიის საკრალურ კონცეფციასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული საფრანგეთის მეფეების - რეიმსში, ხოლო ინგლისის მეფეების - კენტერბერიში კურთხევის ტრადიცია. რეიმსის არქიეპისკოპოსი იმ წმინდა რემიგიუსის მემკვიდრედ ითვლებოდა, რომელმაც ღვთაებრივი განგებით მტრედის მიერ მიტანილი მირონით ნათელსცა (496) ხლოდვიგს, საფრანგეთის პირველ ქრისტიან მეფეს; ჭურჭელი ამ წმინდა მირონით მუდამ რეიმსის ტაძარში ინახებოდა. მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ქვეშევრდომთა შეგნებაში რეიმსში მეფედ კურთხევა მეფეს ანიჭებდა „ღვთის მადლით“ კანონიერი მეფის სტატუსს. ამის ნათელსაყოფად დავიმოწმებ ერთ ძველ ტექსტს: „უდავოა, რომ საფრანგეთის მეფე სულიწმინდის განსაკუთრებული მადლით სარგებლობს საგანგებო მირონცხების წყალობით, რადგან მისი მირონცხება ისე სასწაულებრივად ხდება, როგორც არცერთი მეფისა - წმინდა ჭურჭლის მირონით, რომელიც ციურმა ანგელოზმა მოუვლინა. ეს კი მოწმობს, რომ საფრანგეთის მეფეები მირონცხებას იღებენ არა მხოლოდ ადამიანური დადგენილებით, არამედ მამის, ძის და სულიწმინდის ბრძანებით“ [34;22] - ასე წერს საფრანგეთში XIII საუკუნეში შეთხზული “მებაღის სიზმრის” ავტორი.
უკვე იმის გამო, რომ სამეფო ხელისუფლება ლეგიტიმაციის თვალსაზრისით - უმთავრესად მირონცხების მეშვეობით - ერთგვარად სასულიეროს ჰგავდა, სავსებით ლოგიკური ჩანდა, რომ იგი მემკვიდრეობითი კი არ ყოფილიყო, არამედ არჩევითი (ანუ, ქართული ტერმინოლოგიით, „გამორჩევით“). 887 წელს კაროლინგ კარლ სქელის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ საფრანგეთში უმთავრესად მეფის არჩევის გზით ავიდნენ ტახტზე სხვადასხვა დროს კაპენტინგები ედი (887 - 898), რობერტი (922 - 923), რაული (923 - 936) და ჰუგო (987 - 996) [38; 24]. გამოკვლევათა თანახმად საფრანგეთში სამეფო ხელისუფლების შვილისთვის გადაცემა მხოლოდ 1223 წლიდან დასტურდება. არქიეპისკოპოს ადელბერონს მიეწერება სიტყვები: „სამეფოს შეძენა არ შეიძლება მემკვიდრეობის უფლებით და ამიტომაც ტახტზე მხოლოდ მისი აყვანა შეიძლება, ვინც არა მხოლოდ ხორციელი კეთილშობილებით, არამედ სულიერი სიბრძნითაც გამოირჩევა; მისი, ვისაც განამტკიცებს სარწმუნოება და ასულდგმულებს დიდსულოვნება“ [38;25]. მაშასადამე, ამ მოძღვრების თანახმად უნდა იმეფოს საუკეთესომ.
ტახტზე ავლისთვის აუცილებელი იყო ეკლესიის და ხალხის ერთსულოვანი თანხმობა; სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მეფის არჩევა სასულიერო და საერო მაგნატების ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა და ხალხი მხოლოდ სტატისტის როლს ასრულებდა, მაგრამ ხალხის მონაწილეობასა და თანხმობას მეფის არჩევაში ის შინაარსი ჰქონდა, რომ მეფე ხელისუფლებას იღებს არა მხოლოდ ღმერთისგან, არამედ ხალხისგანაც. ეს მეფის არჩევის ბიბლიური პრინციპის პოლიტიკურ თეოლოგიაში გადმოტანასა და განხორციელებას ნიშნავდა: საული ღმერთმა გამოარჩია მეფედ და სამუელმა, როგორც წინასწარმეტყველმა, უფლის სურვილი „ჰრქუა... ყოველსა მას ერსა“ [1 მეფეთა, 9, 15; 10,21; 10,24], რის შედეგადაც საული არჩეულ იქნა მეფედ.
მეფის არჩევითობის პრინციპის თვალსაზრისით მრავლისმეტყველია ვილჰელმ დამპყრობელის ერთ-ერთი შვილიშვილის, სტეფანე ბლუაელის „ქარტიის“ დასაწყისი, სადაც ერთი სიტყვაც კი არ არის ტახტის მემკვიდრეობით დაკავების შესახებ და მთელი აქცენტი მეფედ არჩევაზეა გადატანილი: „მე, სტეფანე ბლუაელი, ღვთის მადლის წყალობითა და სამღვდელოებისა და ხალხის თანხმობით ინგლისის მეფედ არჩეული, მეფედ მირონცხებული კენტერბერის აბატის... მიერ“ და ა.შ. [38; 89].
ხალხისა და სამღვდელოების მიერ მეფედ არჩევა და მირონცხება - აი ის ორი პრინციპი, რასაც დასავლური პოლიტიკური თეოლოგია თვლის მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის საფუძვლად. ლეგიტიმაციის ფორმულა „მეფე მადლითა ღვთისათა“, რომელიც ტიტულატურის უმთავრესი ელემენტია, XII საუკუნის 70-იან წლებამდე დოკუმენტებში იშვიათად ჩანს, მაგრამ იგი წესად იქცა 1173 წლიდან, სტეფან ბლუაელის დისშვილის ჰენრიხ II პლანტაგენეტის დროიდან, რომელმაც ტახტი სტეფანთან შეთანხმებით მემკვიდრეობით დაიკავა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, თითქოს ეკლესიამ და დიდებულებმა მეფის არჩევის ბიბლიური პრინციპი დაივიწყეს. ამავე საუკუნის მიწურულს, როდესაც ჰენრიხ მეორის ვაჟი, ინგლისის მეფე რიჩარდ ლომგული ჯვაროსნული ომის დროს მიღებული ჭრილობისგან მოულოდნელად გარდაიცვალა, და წამოიჭრა კითხვა, ვინ უნდა აეყვანათ ტახტზე, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა გუბერტ ვალტერმა გამოიყენა ეს ხელსაძრელი შემთხვევა, რათა საჯაროდ დაესაბუთებინა მეფის არჩევის ბიბლიური მოძღვრების აუცილებლობა. 1199 წელს, იოანე უმიწაწყლოს მეფედ კურთხევასთან დაკავშირებით საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში არქიეპისკოპოსმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც კარგად ჩანს დასავლური პოლიტიკური თეოლოგიის ძირითადი პრინციპი - მეფის არჩევითობა: „ისმინეთ ყველამ, დაე უწყოდეთ, რომ არავის აქვს უფლება იყოს სხვისი მემკვიდრე, ვითარცა მეფე, თუ უწინარეს ამისა მთელი სამეფოს მიერ ერთსულოვნად არ იქნა არჩეული მეფედ სულიწმიდის გარდმოფენით მისი ზნეობრივი აღმატებულების გამო, რაც მას წინასწარ გამოარჩევს, მსგავსად საულისა, პირველცხებულისა მეფობად მეფეთა შორის, რომელიც უფალმა დაუდგინა თავის ერს, თუმც საული არც მეფისწული იყო და არც სამეფო გვარისა; ასევე, მის შემდგომ მეფედ იყო დავითი, ძე იესესი; პირველი - თავისი ძალღონისა და მეფის ხარისხისთვის შესაფერისობის, ხოლო მეორე თავის სიწმინდისა და სიმდაბლის გამო... ამასთანავე, თუკი გარდაცვლილი მეფის გვარიდან ვინმე აღემატება სხვათ, უნდა დავთანხმდეთ უპირატესად მის არჩევას და შეძლებისამებრ სწრაფად“ [38;102-103].
აქ მოტანილი მასალიდან სრულიად ცხადად ჩანს, რომ შუასაუკუნეთა ევროპის პოლიტიკური თეოლოგია საულის მეფედ არჩევის ბიბლიურ პრინციპს ემყარება. არჩეული მეფე კორონაციისას მირონცხების წყალობით იღებს ღვთის მადლს, ამიტომ მისი ლეგიტიმაციის ფორმულაა „მეფე მადლითა ღვთისათა“. ეს ფორმულა ყველა ევროპული სამეფოსთვის საერთოა: ევროპული სამეფო ხელისუფლება არჩევითი მონარქიაა, რამაც განაპირობა დინასტიათა ცვლა.
დასავლური პოლიტიკური თეოლოგიის ამ პრინციპს - სხვა პრინციპი იქ არც ყოფილა არასოდეს - სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის მიხედვით „საულის პარადიგმა“ შეიძლება ვუწოდოთ.
* * *
„დავით წინასწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო... არა მოაკლდეს მთავრობაი შვილთა შენთა და ნათესავთა შენთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა“.
გიორგი მერჩულე, „ცხოვრებაი გრიგოლ ხანძთელისაი“.
ბაგრატიონთა დინასტიის აქტიურ პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლა ძველ ქართულ დინასტიათა განადგურების, ხანგრძლივი უმეფობისა და გარეშე მტრის უღელქვეშ სახელმწიფოს დაშლის ორსაუკუნოვანი ტრაგიკული პაუზის შემდგომ ქართული სახელმწიფოებრიობის აღორძინების დასაწყისია.
ამ საკითხს უკავშირდება ამ ახლად დადგენილი დინასტიის ლეგიტიმაციის დასაბუთება, რაც ბიზანტიურ წყაროში, კონსტანტინე პორფიროგენეტის პოლიტიკური ხასიათის ნაშრომში საგანგებოდ აისახა: „საცოდნელია, რომ თავისი თავის განმადიდებელი იბერები, ე.ი. კუროპალატის იბერები ამბობენ, რომ ისინი ურიას ცოლის შთამომავალნი არიან, რომელიც დავითმა, წინასწარმეტყველმა და მეფემ, შეაცდინა. ისინი ამბობენ, რომ თვითონ შთამომავლობენ მისი შვილებისგან, დავითთან რომ შეეძინა და რომ ისინი დავითის, წინასწარმეტყველის და მეფის, ნათესავნი არიან, და აქედან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაც, რადგან ესენიც დავითის თესლისგან არიან წარმოშობილნი... ისინი ამბობენ, რომ მათი გვარი იერუსალიმიდან არის“ [1a, 255-257]. აქ საგანგებო ყურადღებას იპყრობს „იბერების“ პორფიროგენეტისეული დახასიათება „თავისი თავის განმადიდებელი იბერები“, რაც ბაგრატიონებს გულისხმობს. სწორედ ეს ფრაზა ამჟღავნებს პოლიტიკაში (resp პოლიტიკურ თეოლოგიაში) გამობრძმედილი ბიზანტიელი იმპერატორის დამოკიდებლებს ბაგრატიონთა დავითიანობის მიმართ, თუმც ეს მხოლოდ შეფარვითაა თქმული. აქ ქვეტექსტურად ერთმანეთს უპირისპირდება შუასაუკუნეთა პოლიტიკური თეოლოგიის ორი თეორიული დებულება სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობისა, რომელიც გამოხატულია ფორმულებით „მეფე მადლითა ღვთისათა“ და „მეფე ნებითა ღვთისათა“. მთავარი აქ ისაა, რომ „მეფე ნებითა ღვთისათა“ ლეგიტიმურობის უფრო მაღალი საფეხურია, ვიდრე „მეფე მადლითა ღვთისათა“ - დასავლეთის მონარქთა ლეგიტიმურობის საერთო ფორმულა. საერთოდ ეს სპეციფიკური ქართული ტიტული „მეფე ნებითა ღვთისათა“ სამეფო ტახტის ფლობის უმაღლესი დონის ლეგიტიმაციაა, მასზე მაღალი არ არსებობს. იგი, როგორც შემდგომში ქართველ მეფეთა ტიტულატურის უმთავრესი შემადგენელი ფორმულა, უკვე გიორგი მერჩულეს თხზულებაშია დაფიქსირებული [20.117]. ამ ფონზე „თავისი თავის განმადიდებელი იბერები“ შეუძლებელია ნიშნავდეს სხვა რამეს, თუ არ „მკვეხარა“, ანდა „თავმომწონე“ (resp. სინონიმური ლექსემები) ქართველებს და ეს სიტყვები სულაც არაა შემთხვევითი: მასში იგრძნობა ლამის „ნახევარი მსოფლიოს მპყრობელი“ ბიზანტიელი იმპერატორის დამოკიდებულება ქართველ მეფეთა სტატუსის მიმართ ამავე სტატუსის პოლიტიკური შედეგის გათვალისწინებით. შეუძლებელია, რომ პოლიტიკაში გამობრძმედილი და გამჭრიახი ბიზანტიელის მიერ სათანადოდ არ ყოფილიყო გააზრებული იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ საქართველოს ტახტზე იჯდა მეფე-წინასწარმეტყველის ჩამომავალი, რომელსაც თვით უფალმა ფიცით აღუთქვა მისი შთამომავლობის მარადიული, უკუნითი უკუნისამდე მეფობა, სცხო ზეთი და ამრიგად საქართველოში ბაგრატიონთა გამეფება თვით უფლის ნების გამოხატულება იყო.
აქ მთავარია უნიკალური ფორმულა „მეფე ნებითა ღმრთისაითა“, სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის ეს ახალი, დასავლური პოლიტიკური თეოლოგიისთვის სრულიად უცნობი თეორია, რომელსაც საფუძვლად ღრმად გააზრებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეა ედო; სწორედ ამიტომ წერდა კორნელი კეკელიძე, რომ ქართველ ბაგრატიონთა ბიბლიური დავითისგან წარმომავლობის „...კონცეფცია შექმნილია იმიტომ, რომ ის საჭირო იყო“ [4ბ316]. ის, თუ რატომ იყო საჭირო ასეთი კონცეფცია, კ. კეკელიძემ სხვა ნაშრომებში დააკონკრეტა და ეროვნული მთლიანობის საკითხთან ერთად ახლადაღმოცენებული ეროვნული ხელისუფლების პრობლემასა და მისი იდეური სულისჩამდგმელის გრიგოლ ხანძთელის სახელს დაუკავშირა. მკვლევარმა ზუსტად განსაზღვრა ის პოლიიკური ატმოსფერო, რომელიც ამ ისტორიულ ფაქტს უძღოდა წინ: ეს ის დრო იყო, როდესაც „დასავლეთ საქართველო ბერძნების ხელშია. აქ, აფხაზეთში, ზის მეფე, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის უზენაეს პროტექტორატს განიცდიდა“ [9,153]; ამ ფონზე მერჩულეს თხზულებაში „...წარმოდგენილია ის მომენტი პოლიტიკური ყოფისა, როდესაც საქართველოში იდეა ეროვნული მთლიანობისა გაღვივებულია და შესდგომიან კიდევაც საქართველოს გაერთიანებისთვის ზრუნვასა და საქმეს, რომელიც დაწყებულა ტაო-კლარჯეთიდან...საქართველოში უკვე ფეხი მოუდგამს კულტურულ-ეროვნული ერთობის იდეას, უმთავრესად ეროვნული ეკლესიის წიაღში“ [9,153]. კ. კეკელიძემ ბაგრატიონთა დინასტიის ბიბლიური წარმომავლობის კონცეფცია უშუალოდ ამ ფაქტს დაუკავშირა; ეკლესია „მტკიცე დარაჯად უდგას ამ ახლად ფეხადგმულ სახელმწიფოს განმტკიცება-გამაგრებას... აღნიშნული მიზნით ამ სახელმწიფოს უზენაეს წარმომადგენელს, მეფეს, ბიბლიური წარმოშობილობის შარავანდედითაც კი მოსავს“ [9,154].
ბაგრატიონთა დინასტიის ამ განსაკუთრებული პრეროგატივის საკითხს პავლე ინგოროყვაც ანალოგიურად წყვეტს, რამდენადაც თვლის, რომ გიორგი მერჩულეს თხზულებაში ფიქსირებულ ხარიზმულ ლეგიტიმაციას კავშირი აქვს იმ იდეოლოგიასთან, რომელიც გამომუშავდა ქართველთა სამეფოს აღდგენის დროს: „რასაკვირველია, არაა დიდი გონებამახვილობა იმის გამოსაცნობად, რომ ეს თქმულება არსებული სახით ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც აღდგენილ იქნა ქართველთა სამეფო და ბაგრატიონთა გვარეულობამ მეფის ხარისხი მიიღო. თქმულება ...ცხადია, იმ მიზნით არის გადამუშავებული, რომ გაამართლოს ქართველთა სამეფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რამდენადაც ქართველთა სამეფოს მეთაურნი აღიარებულნი არიან როგორც პირდაპირი შტო დავით წინასწარმეტყველისა, რომელიც, ბიბლიური თქმულებით, მეფედ დადგენილი და ცხებული იყო თვით ღვთაების მიერ და რომელიც იყო ხორციელი წინაპარი თვით იესო ქრისტესი“ [2,83].
ბაგრატიონთა დინასტიის იესიან-დავითიან-სოლომონიან საგვარეულოსთან დაკავშირებისა და უფლის მიერ ცხებული ბიბლიური მეფის დავითის ჩამომავლის, აშოტ ბაგრატიონის მეფედ დალოცვის განსაკუთრებულ, უნიკალურ ფენომენს გიორგი მერჩულეს თხზულებაში ვხვდებით. ფაქტიურად, ეს ბაგრატიონთა დინასტიის მეფედ კურთხევაა. გრიგოლ ხანძთელის მიერ ჩამოყალიბებული ფორმულა ბაგრატიონთა დინასტიის ღმრთისნებითობისა და მარადიულობისა დაედო საფუძვლად ბაგრატიონთა მრავალსაუკუნოვან მეფობას საქართველოში. ამ აზრით შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ბაგრატიონთა საქართველოს მეფეებად ლეგიტიმაცია გრიგოლ ხანძთელის ავტორიტეტს ემყარება - სხვა საბუთი არ არსებობს. არსებითი აქ ისაა, რომ ტრადიცია, როგორც ლეგიტიმურობის სამთაგან ერთი წყარო, ხარიზმაზეა დამყარებული.
ზემოთ გრიგოლ ხანძთელისეული დალოცვის ბიბლიური საძირკველი ვახსენეთ, რომლის საფუძველზეც გამომუშავდა „...საკრალური ფორმულა ქართველ მეფეთა შთამომავლობის შესახებ დავით წინასწარმეტყველისაგან“ [2,84]. ამ ღრმად ისტორიული დალოცვის შესახებ ყველაზე დეტალურად პავლე ინგოროყვა მსჯელობს. მისი დაკვირვება, რომ გრიგოლ ხანძთელისა და აშოტ კუროპალატის შეხვედრა „ბიბლიურ ხაზებშია გაშლილი“ [2,84], მრავალმხრივ საყურადღებოა, რადგან მსგავსი ბიბლიური - ჭეშმარიტად ბიბლიური - ანტურაჟი სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაციისა ქრისტიანული ევროპისთვის, სრულიად უცნობია.
პავლე ინგოროყვა, მსჯელობს რა ამ ისტორიული მოვლენის შესახებ, რაც გრიგოლ ხანძთელისა და აშოტ კუროპალატის შეხვედრას ეხება, საგანგებოდ უსვამს ხაზს აშოტის გრიგოლისეული დალოცვის ქვეტექსტს: „გიორგი მერჩულეს ამ შეხვედრის აღწერის დროს აშოტ I წარმოდგენილი ჰყავს, როგორც „მეფე ნებითა ღმრთისაითა“, დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი ხელმწიფე, რომლის უფლება მომდინარეობს მხოლოდ ღმრთაებისაგან; ავტორის წრმოდგენით ქართველთა მეფე, როგორც შთამომავალი დავით მეფე - წინასწარმეტყველისა, არის სწორი აღთქმული ქვეყნის მეფეებისა - „მეფეთა ისრაელისათა“, რომელნიც ბიბლიის თანახმად თვით უფლის მიერ იყვნენ მეფედ ცხებულნი“ [2,84].
ჩვენს წინაშეა ის ბიბლიური მოდელი, რომელიც „ნებითა ღმრთისაითა“ ქართველთა მეფის კანონიერების ანუ ლეგიტიმურობის პრობლემას ეხება: პავლე ინგოროყვასეული ყოველი დებულება ასახავს ბაგრატიონთა ლეგიტიმურობის არსს.
რაც შეეხება გრიგოლ ხანძთელს, მის შესახებაც ასევე ბიბლიის თვალთახედვით მსჯელობს მკვლევარი: „ხოლო გრიგოლ ხანძთელი ავტორს წარმოდგენილი ჰყავს, როგორც სულიერი მოძღვარი ერისა, მოსილი ისეთივე ავტორიტეტით, როგორც ბიბლიური წინასწარმეტყველნი“, და შემდეგ: „ამ შეხვედრის დროს აშოტ I ... მიმართავს გრიგოლ ხანძთელს, როგორც ახალ წინასწარმეტყველს“ [2,85].
სწორედ ესაა მთავარი! გრიგოლ ხანძთელი რომ არ იყოს მოსილი ბიბლიური, ოღონდ ახალი წინასწარმეტყველის ავტორიტეტით, ბაგრატიონთა სამეფო ლეგიტიმაცია არ შედგებოდა: ისევე, როგორც წინასწარმეტყველმა სამუელმა მეფედ დალოცა და სცხო ზეთი ბიბლიურ დავითს, ისევე როგორც ხანძთელმა დალოცა აშოტ ბაგრატიონი.
საქართველოს ტახტზე ბაგრატიონთა ხარიზმული დინასტიის დამკვიდრების ეს ბიბლიური პარადიგმა ჭეშმარიტად უნიკალურია, რადგან საქართველოში მეფობა ერთადერთ დინასტიას - ბაგრატიონებს დაუმკვიდრა ერთხელ და სამუდამოდ.
თუკი დასავლეთში ნებისმიერი ქვეყნის დინასტია ეკლესიას უნდა უმადლოდეს თავის ლეგიტიმაციას, საქართველოში ეს როლი ბაგრატიონთა მთელი საგვარეულოს მიმართ გრიგოლ ხანძთელმა შეასრულა.
ქვემოთ მომყავს ამ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ლოცვა-კურთხევის მერჩულესეული ტექსტი ბიბლიური პარალელებით და რამდენიმე კომენტარით:„და მათ ჟამთა მფლობელი იყო ამათ ქუეყანათა ღმრთის-მსახური ხელმწიფე დიდი ბაგრატიონი აშოტ კურაპალატი, კეთილად მორწმუნე, [20, 107].
რომლისა გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობაი მისი და შვილთა მისთაი ვიდრე უკუნისამდე ჟამთა [20, 107]
...და ჰრქუა (გაბრიელ დაფანჩულმა - მ.კ.) ნეტარსა გრიგოლს: „წმიდაო ღმრთისაო, აკურთხენ ესენი წმიდათა ხელთა შენთა დასხმითა, ვითა ისრაელი იოსების ძენი აკურთხნა, ეგრეთვე შენ ყოველნი შვილნი ჩუენნი აკურთხენ ჩუენ, მშობელთა მათთა თანა!“ [20, 107].
ამის შემდგომად ღმრთის-მსახურსა მეფესა აშოტ კურაპალატსა აუწყა გაბრიელ ერისმთავარმან სანატრელისა მამისა გრიგოლის ღირსებაი და უცხოებაი და მოწაფეთა მისთა სათნოებაი და მოწაფეთაგანვე ცნობაი დიდებულისაი წმიდისა მის მშობელთაი. [20, 109]
ესე ყოველი ვითარცა გულისხმა-ყო კეთილად-მსა-ხურმან კურაპალატმან აშოტ, მსწრაფლ ხოლო დაწერა ებისტოლე ხელითა თვისითა და კაცი ერთი კეთილი წინაშე მდგომელთაგანი და ერთი გაბრიელის მსახურთაგანი მსწრაფლ წარმოავლინნა მამისა გრიგოლის წინაშე [20, 109]
და ვითარცა წარიკითხა წიგნი კურაპალატისაი პატივით მოწერილი წოდებისაი ნეტარმან მამამან და კაცთა მათგანცა ცნა ყოველი, მუნქუესვე წარვიდა ხელმწიფისა მის წინაშე, და მი-რაი-იწია პალატად, მოეგებნეს ძენი კურაპალატისანი [20, 109].
და ვითარ მივიდა კარსა ტაძრისა მათისასა, მაშინ კურაპალატი ზე აღდგა და წინა მოეგება ნეტარსა მამასა გრიგოლს, და დიდითა სიმდაბლითა მოიკითხეს ერთმანერთი და დასხდეს [20, 109].
ხოლო კურაპალატმან ჰრქუა: „ღმრთისა-მიერი კურთხევაი პირითა შენითა იყავნ ჩუენ ყოველთა ზედა, წმიდაო“ [20, 109].
და მან თქუა: „გაკურთხენინ ყოველმან პირმან ქრისტესმან და ყოველთა წმიდათამან, რამეთუ ჭეშმარიტად სამართალ არს სიტყუაი ესე: „სადა არს პატივი მთავრობისაი, მუნ არს მსგავსებაი ღმრთეებისაი“, რამეთუ თქუენ, ხელმწიფენი, უფალ გყვნა ღმერთმან ქუეყანისა განგებასა, ვითარცა გულისხმა ვჰყოფთ კეთილის-ყოფასა ღმრთისასა ჩუენდა მომართ მეფობითა შენითა [20, 109-110].
და ვითარცა იგი აბრაჰამისთვის უფალი იტყვის, ვითარმედ „აბრაჰამსა სწადოდა ხილვაი ნათლისა ჩემისაი, იხილა და განიხარა“, მსგავსად აბრაჰამისა მეცა, გლახაკსა, მწადოდა ხილვაი და თაყვანის-ცემაი თქუენი და აწ სიხარულითა სავსე ვარ [20, 110].
და ძღუნად შევსწირავ ლოცვასა: ქრისტემან უმეტესად დიდებით დაიცევინ მეფობაი შენი დიდებასა შინა და სიხარულსა და საუკუნოი დიდებაი ზეცისა მთავრობათა თანა დაგიმკვიდრენ კეთილთა თანა შვილთა
მაშინ კურაპალატმან ჰრქუა მამასა გრიგოლს: „მეფეთა ისრაელისათა ჟამად-ჟამად წინაისწარმეტყუელი აღუდგინის ღმერთმან სიქადულად მათა და ზღუდედ შჯულისა, და შესაწევნელად მორწმუნეთა და სამხილებლად ურწმუნოთა [20,110].
ეგრეთვე ჟამთა ჩუენთა შენ გამოგაჩინა ღმერთმან ქრისტეანეთა სიქადულად, და რაითა მარადის იღუწიდე ჩუენთვის წმიდითა ლოცვითა შენითა წინაშე ქრისტესა და წმიდათა მისთა“ [20,110].
ხოლო მან ჰრქუა: „დავით წინასწარმეტყუელისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო [20, 110].
მეფობაი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრენ ქრისტემან ღმერთმან, [20, 110]
რომლისთვისცა ამას მოგახსენებ: არა მოაკლდეს მთავრობაი შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანასა ამათ უკუნისამდე ჟამთა; [10, 110]
არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“ [20, 110]. აშოტ კულაპალატის პირველი დახასიათება: იგი ღვთის მსახურია: ეს ნიშნავს, რომ მასზე განისვენებს მეფის ძლიერების ერთერთი სული: „განისვენოს მას ზედა სულმან ღმრთისამან, სულმან, სიბრძნისა და გულისხმის-ყოფისა, სულმან განზრახვისა (და) ძლიერებისა, სულმან მეცნიერებისა და ღმრთისმსახურებისა“ - ესაია, 11, 2.
ხაზგასმულია, რომ ბაგრატიონთა მეფობა აქართველოში დადგინდა აშოტის მეოხებით („გამო“); ჯერ კიდევ არ არის ნათქვამი, რომ აშოტი ბიბლიური დავითის შთამომავალია - ეს მხოლოდ იგულისხმება სიტყვებით „დაემტკიცა ... მთავრობაი... ვიდრე უკუნისამდე ჟამთა“ (შდრ. II მეფეთა, 7; 12, 16; ფსალმ. 131, 1).
გრიგოლ ხანძთელის მყარი ეპითეტია „წმიდა“, ჯერ კიდევ არ არის მოხსენიებული წინასწარმეტყველად, მაგრამ უკვე შედარებულია ბიბლიურ ისრაელთან, რითაც მზადდება მისი ახალ წინასწარმეტყველად დასახვა.
გრიგოლ ხანძთელი და აშოტ კუროპალატი ერთმანეთს არ იცნობენ: საყურადღებო დეტალი მწერლური ოსტატობის თვალსაზრისით, რაც უფრო მეტად აძლიერებს წმინდანისა და მეფის პირველივე შეხვედრისას ისტორიული დალოცვის მნიშვნელობას.
შეხვედრის ექსპოზიცია, ღრმად გააზრებული ავტორის მიერ - თანდათანობით მზადდება შეხვედრა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ერის მომავლისთვის. დრო დანაწევრებულია: ყოველი დეტალი გამოკვეთილია - კვლავ მეორდება აშოტ კუროპალატის ბერძნული ტიტულით მოხსენიება და მისი ეპითეტი „კეთილად-მსახური“, რაც მეფის ღირსების ერთერთი ატრიბუტია. გრიგოლის მიმართ მოწიწება გამოიხატება იმით, რომ აშოტი ეპისტოლეს თავისი ხელით წერს, და აგრეთვე იმით, რომ გრიგოლ ხანძთელის ამბის შეტყობისთანავე აახლებს მოწვევის თხოვნას.
გრიგოლის პატივისცემა აშოტ კურაპალატის მიმართ, რომელიც აქ უკვე ხელმწიფედ იხსენიება: ოპოზიცია „კურაპალატი - ხელმწიფე“ მნიშვნელოვანია შემდეგი ეპიზოდისათვის. ხაზგასმულია, რომ გრიგოლი მიუახლოვდა პალატს, ე.ი სასახლეს, ასევე ეტიკეტიც: სასახლის წინ მას აშოტის ძენი ეგებებიან.
საგულისხმოა, რომ ჯერ ნახსენებია პალატი - სასახლე, შემდეგ კი - ტაძარი. ტაძარს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: იგი ნიშნავს როგორც სასახლეს, ასევე სამლოცველო სახლს, „სამღდელოს“. სად ხვდებიან ერთმანეთს წმინდა გრიგოლი და აშოტი - სასახლეში თუ სასახლის სამლოცველოში, „სამღდელოში“? თვით ეს სიტყვა შემთხვევით არ არის ნახსენები - მას განსაკუთრებული სულიერი ასპექტი ახლავს. აქვე ხაზგასმულია განსაკუთრებული პატივისცემა ხელმწიფისგან - სასულიერო პირისა, სასულიერო პირისგან - ხელმწიფისა, რაც ურთიერთის „სიმდაბლით მოკითხვაში“ იგულისხმება.
აშოტი კვლავ „კურაპალატად“ იხსენიება; იგი გრიგოლს „წმიდას“ უწოდებს და კურთხევას სთხოვს „ჩუენ ყოველთა ზედა“: კუროპალატის ოჯახი რომ იქვე იმყოფება, ცხადია, მაგრამ სხვებიც იმყოფებიან თუ არა, გაურკვეველია. დეტალები არ ჩანს.
კურთხევასთან ერთად გრიგოლი სახარებით ასაბუთებს მონარქიის - „მთავრობის“ აუცილებლობას, რადგან მთავრობის პატივი განაპირობებს სახელმწიფოში „მსგავსებას ღმრთეებისას“: ესაა პარაფრაზი პავლეს ეპისტოლესი, რომელიც აღნიშნული აქვს ციტატის გარეშე ივანე ჯავახიშვილს: „ყოველი ხელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ხელმწიფებაი, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან“ (რომაელთა მიმართ, 13,1). ესაა ბიბლიური პარადიგმა, რომელიც ამზადებს აშოტის მეფობის ბიბლიური წარმომავლობის აქცენტირებას და ამის მეოხებით აშოტისა და მთელი მისი საგვარეულოს ლეგიტიმაციას საქართველოს სამეფო ტახტზე.
მეტად მნიშვნელოვანი ბიბლიური კონტექსტის შემცველი შედარება: აბრაამს სწადდა უფლის ხილვა - „გლახაკსა“ გრიგოლს სწადდა აშოტის ხილვა და თაყვანისცემა. პიეტეტის უმაღლესი ხარისხი: უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც წინ უძღვის კურთხევის ეპიზოდს.
კურთხევის ექსპოზიცია: აშოტის მეფობა - აქ გრიგოლი მეორედ უწოდებს აშოტს მეფეს - გრიგოლის ლოცვით „ქრისტემან უმეტესად დიდებით“ უნდა დაიცვას, უნდა „დაემკვიდროს „საუკუნოი დიდებაი ზეცისაი“ არა მხოლოდ აშოტს, არამედ მის შვილებსაც: გრიგოლი ახსენებს მაცხოვარს და შემდეგ სტრიქონებში გაირკვევა, რომ დავითიანი ბაგრატიონი იესო ქრისტეს ნათესავია. „საუკუნოი დიდებაი ზეცისაი მთავრობათა თანა“ უკვე გულისხმობს უფლის მიერ დავითისათვის მიცემულ ფიცს, რადგან „საუკუნოი დიდებაი“ მხოლოდ და მხოლოდ დავითის ჩამომავალი სამეფო დინასტიის პრეროგატივაა; დიდი სემანტიკური დატვირთვა აქვს სიტყვას „უმეტესად“ - ე.ი სხვა მეფეებზე მეტად.
ქვეტექსტში უკვე იგულისხმება ბაგრატიონთა შედარება ისრაელის მეფეებთან, ხოლო გრიგოლისა - წინასწარმეტყველთან: ტექსტს საფუძვლად ბიბლიური პარადიგმა უძევს - წინასწარმეტყველი ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის გამცხადებელია (მეორე სჯული, 18,15): „რამეთუ წინასწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაი, ვითარცა-ესე ძე მისი. 18,17; და მომიგო უფალმან და მრქუა მე: მართლიად მოგიგეს სიტყუაი ეგე, რომელსა იტყოდეს აწ. 18,18: წინასწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თვისთა, ვითარცა - ეგე შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა“.
ქვეტექსტში კვლავ იგულისხმება ბაგრატიონთა შედარება ისრაელის მეფეებთან, სახელდობრ - დავითთან, ხოლო გრიგოლისა - წინასწარმეტყველთან, სახელდობრ, სამუელთან, რომელმაც უფლის ნების თანახმად სცხო დავითს მეფობად. ბიბლიური პარადიგმა - I მეფეთა, 3,1: და ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად უფლისა წინაშე ელი მღდლისა და სიტყუაი იგი უფლისა საძიებელ იყო მათ დღეთა შინა, რამეთუ არა იყო ჩუენებაი, არცა განცხადებაი წინასწარმეტყუელებათა... 3,19: და განძლიერდა სამოველ და უფალი იყო მის თანა და არა დავარდებოდა ქუეყანასა ზედა ყოველთაგან სიტყუათა მისთა არცა ერთი სიტყუაი; 3,20: და სცნა ესე ყოველმან ისრაელმან დანითგან ვიდრე ბერსაბედმდე, ვითარმედ სარწმუნო არს სამოველ წინასწარმეტყუელად უფლისა“. პარალელი, რომელიც აშოტ კუროპალატის სიტყვებში მეტად გამჭირვალედ გამოსჭვივის, ნათელია: გრიგოლი არის ის წინასწარმეტყველი, რომელიც ღვთის ნებას ასრულებს. როგორც სამუელმა ღვთის ნებით აკურთხა დავითი მეფედ და სცხო მირონი, ისევე გრიგოლმა, როგორც ახალმა წინასწარმეტყველმა, იგივე უნდა განასრულოს დავითიანი აშოტ ბაგრატიონის მიმართ.
ესაა უმნიშვნელოვანესი ფორმულა: ბაგრატიონთა მეფობის დადგინება მათი განსაკუთრებული ხარიზმის - იესიან - დავითიან - სოლომონიანი წარმომავლობის საფუძველზე. გრიგოლ ხანძთელის დალოცვა იმეორებს ესაიას წინასწარმეტყველებას - ესაია, 11,1: „და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოხდეს“ აშოტი «უფლისა მიერ ცხებულისა“ დავითის „შვილია“ (resp „ყუავილი“); აქ სიტყვებს „უფლისა მიერ ცხებულისა“ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომლის შინაარსსაც ჩახრუხაძისეული „გამრიცხვებული“ განგვიმარტავს (შდრ. ივანე ჯავახიშვილის მიერ ქართველ მეფეთა ცხების შესახებ გამოთქმული დაკვირვება (203, 201). ესაა ბაგრატიონთა დავითიანობის პირველი სიტყვიერი ხსენება. თუ საიდან იცის გრიგოლმა, რომ აშოტ ბაგრატიონი ბიბლიური დავითის ჩამომავალია, მერჩულეს თხზულებაში არ ჩანს - ეს უმნიშვნელოვანესი დებულება ბაგრატიონთა მიერ საქართველოს ტახტის დასამკვიდრებლად მოცემულია, როგორც უკვე ცნობილი ამბავი, მტკიცებულება, ჭეშმარიტება, უეჭველი ფაქტი, რწმენა, განმტკიცებული ახალი წინასწარმეტყველის გრიგოლ ხანძთელის ავტორიტეტით.
ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ცნობა მატერიალური კულტურის ძეგლის - ოპიზის სავანის (C.818 წელი) ბარელიეფის შესახებ: „ოპიზის ცნობილი ბარელიეფი, სადაც წარმოდგენილნი არიან; ცენტრში - ქრისტე, მარცხნივ - აშოტი, მარჯვნივ - დავით წინასწარმეტყველი. აშოტი ამ ბარელიეფზე სიმბოლიზირებულია, როგორც „მეფე ნებითა ღმრთისაითა“. აშოტი წარმოდგენილია აქ, როგორც შთამომავალი დავით წინასწარმეტყველისა, რომლის შთამომავლადაც ითვლება ქრისტე და ამის გამო აშოტის უფლებაც თვით ღვთაებისაგან წარმომდინარედ იგულისხმება“ (2, 58). ამ ბარელიეფის თარიღის მიხედვით გრიგოლის მიერ აშოტის დალოცვა მეფედ 818 წლამდეა მომხდარი (დაახლოებით 810-818 წწ).
გრიგოლის წინასწარმეტყველებით მეფობა აშოტს დაუმკვიდრა თვით იესო ქრისტემ, იესო ცხებულმა, მესიამ, და აქვე მთავარია ზნეობრივი აქცენტი: მეფობასთან ერთად მაცხოვარმა აშოტს თავისი სათნოებანიც დაუმკვიდრა. ამ სათნოებათაგან, როგორც ბაგრატიონთა გვარის განსაკუთრებულ ღირსებას, ვახუშტი გამოჰყოფს „ქუეყანისათვის თავდადებულობას“ [15,27]. შდრ. იოანე, 15, 13: „უფროისი ამისა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადოს მეგობართა თვისთათვის“.
დალოცვის ბიბლიური პარადიგმა: II მეფეთა, 7, 12: „და იყო, რაჟამს აღგესრულნენ დღენი შენნი, დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო ნათესავისა შენისაგან, რომელი იყოს მუცლისაგან შენისა და განუმზადო მას დამტკიცებად მეფობა შენი. 7,14; და ვიყო მე მისა მამა, და იგი იყოს ჩემდა ძე, უკუეთუ შემცოდოს მე, ვგუემო იგი კუერთხითა კაცთათა და განვსწავლო იგი ძეთა მიერ კაცთასა; 7, 15: ხოლო წყალობაი ჩემი არავე დავაყენე მათგან, რომელნი მიდრკეს პირისაგან ჩემისა“.
ბაგრატიონთა მეფობის მარადიულობა: II მეფეთა, 7,16: „და დავამტკიცო მეფობაი იგი მისი და სახელი მისი უკუნისამდე წინაშე ჩემსა და საყდარი მისი აღმართებულ იყოს წინაშე ჩემსა უკუნისამდე“ (resp I. მეფეთა, 11,38; ფსალმ. 88, 37).
ასეთია ქართული პოლიტიკური თეოლოგიის საფუძვლები, შემუშავებული გრიგოლ ხანძთელის მიერ, დაფიქსირებული გიორგი მერჩულეს თხზულებაში.
ქართულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ გრიგოლ ხანძთელის სახით გადაწყვიტა, რომ გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, ბიბლიური დოქტრინა: „მეფის არჩევანი არის საქმე ღვთის განგებისა“ [4,318], და რომ „საქართველოში სამეფოდ მოწოდებულნი არიან მხოლოდ ქართველთა ბაგრატიონები“ [20, 317], ანუ, ბიბლიური პარადოგმით, მეფე-მეფსალმუნის გალობისებრ: „და-თუ-იმარხონ შვილთა შენთა შჯული ჩემი და წამებანი ჩემნი ესე, რომელ ვასწავლნე მათ, და ნაშობნი მათნი დასხდენ უკუნისამდე საყდართა შენთა“ (ფსალმუნნი, 131, 12).
ზემოთ მოყვანილი ანალიზი გიორგი მერჩულეს თხზულების სათანადო ეპიზოდისა ბიბლიის ფონზე ნათლად გვიჩვენებს იმ თეოლოგიურ-იდეოლოგიური დასაბუთების მკაცრ ლოგიკურობას, რომელიც VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე საფუძვლად დაედო ქართულ პოლიტიკურ თეოლოგიას და საკუთარი განსაკუთრებული გეზით წარმართა იგი.
გრიგოლ ხანძთელი ქართული პოლიტიკური თეოლოგიის შემქმნელი - თეორეტიკოსი და პრაქტიკოსია, რომელმაც საწყისი მძლავრი ბიძგი მისცა ბაგრატიონთა დინასტიის იესიან - დავითიან - სოლომონიანობის იდეას, ხოლო სამეფო ძალაუფლების განმტკიცების კვალდაკვალ - მეფის ღვთისსწორობას, სამების მეოთხე ჰიპოსტასად აღიარებას და საბოლოო ჯამში - ბაგრატიონთა მესიანიზმს [3]. ყოველივე ეს მთელი სისრულით შემდეგ საუკუნეებში გამოვლინდა, მაგრამ საწყისი ინერცია უკვე იყო ჩადებული გრიგოლ ხანძთელის მიერ აშოტ კუროპალატის, ანუ აშოტ დიდის დალოცვაში. ფაქტიურად, თავისი შინაარსით, ეს მხოლოდ დალოცვა კი არა, ახალ წინასწარმეტყველად აღიარებული სასულიერო პირის მიერ საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატიონთა დინასტიის კურთხევაა. ესაა ბაგრატიონთა მრავალსაუკუნოვანი მეფობის ლეგიტიმურობის საფუძველთა საფუძველი: ქართული სახელმწიფოებრიობის არქიტექტორი გრიგოლ ხანძთელია.
იმ ბიბლიური პარადიგმის მიხედვით, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატიონთა დინასტიის ლეგიტიმაციას, „დავითის პარადიგმა“ შეიძლება ვუწოდოთ.
* * *
ახლა შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმ საკითხს, რომელმაც ივ. ჯავახიშვილის საგანგებო ყურადღება მიიპყრო, ანუ იმას, რომ VIII საუკუნის წერილობით ძეგლში, რომელშიც ქართველი მეფის დაგვირგვინების, მეფედ კურთხევის ცერემონიალის სრული აღწერაა წარმოდგენილი [23;197], არაფერია ნათქვამი მეფის ცხებაზე, თუმცა იგი კურთხევის იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ყოველი ნაკურთხი მეფე ცხებულად იწოდებოდა [23;201]. ქართველ მეფეებს „ღვთით ცხებული“, „მირონცხებული“, „ზენათ ცხებული“ ეპითეტით მოიხსენიებენ ისტორიულ ქრონიკებში და ხოტბებში, ხოლო ჩახრუხაძესთან ამ ეპითეტთან ერთად გვხვდება უჩვეულო სიტყვა-გამრიცხვებული, და უნდა ითქვას, რომ სწორედ იგი შეიცავს იმის განმარტებას, თუ რატომ არ ხდებოდა ცხებული ქართველი მეფეების რეალური მირონცხების აქტი:
„ზენათ ცხებული, გამრიცხვებული მჯობი ყოვლისა მხნეთა მამისად“
ჩახრუხაძე, VIII, 8.
შეუძლებელია გაოცება არ გამოიწვიოს ამ უცნაურმა სიტყვამ, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება და მხოლოდ ჩახრუხაძის პოეტური ენის კუთვნილებაა. ეს სამი სიტყვა ისეა გაწყობილი, რომ ჩახრუხაულის წესისამებრ, ხუთმარცვლედის ორი ბოლო მარცვალი (-ბული) ერთმანეთს ერითმება, და ამ ფონზე პოეტის გამოგონილი „გამრიცხვებული“ უფრო პოეტურ კაპრიზს ჰგავს, რათა მისთვის ასერიგად სასურველ ალიტერაციას მიაღწიოს „ცხ“ კომპლექსის გამეორებით. მაგრამ არა; „გამრიცხვებული“ პოეტური სამკაული არ არის: რა საოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ ეს სიტყვა შეიცავს იმის ზუსტ განმარტებას, თუ რატომ არ სრულდება ბაგრატიონთა მირონცხების რეალური აქტი მათ მეფედ კურთხევისას. ხოტბისთვის დართულ ლექსიკონში „გამრიცხვებული“ განმარტებულია, როგორც გამრავლებული [18;245], და ერთგვარად მათემატიკური ტერმინის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ ტაეპში ამ განმარტებას ჩავსვამთ, გამოვა „ზენათ ცხებული, გამრავლებული“, და სწორედ ესაა ის პასუხი, რასაც ვეძებდით: „ზენათ ცხებული“ - ბიბლიური დავითია, ხოლო რადგან თვით ის უფლის ნებით არის ცხებული, ეს ცხება მის შთამომავლობაზეც ვრცელდება, ეს ცხებაც „გამრიცხვებულია“ და ამიტომ ყველა მისი შთამომავალი ღვთისგან მირონცხებულად ითვლება [36,168], ცხების შესახებ საინტერესო ფრაზა გვხვდება დავით აღმაშენებლის ძესთან, დემეტრესთან დაკავშირებით: „ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა, ხესა ღმრთივ-დანერგულსა და ცხებულიანსა“ [14,366], რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ბაგრატიონნი ცხებულიანთა საგვარეულოს ეკუთვნიან, ცხებულიანნი არიან.
* * *
იცოდნენ თუ არა ჩვენმა წინაპრებმა ბაგრატიონთა დინასტიის ამ სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური სტატუსის - დავითიანობის - მნიშვნელობა, რომელიც მათ ყველა სხვა ქრისტიანული ქვეყნების სამეფო დინასტიათაგან განასხვავებდა და გამოარჩევდა? დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ იცოდნენ: ამის დამტკიცება ძნელი არ არის, რადგან წერილობითი დოკუმენტი არსებობს. ესაა ქართული მწერლობის ერთერთი უშესანიშნავესი ძეგლი - დავით აღმაშენებლის შესხმა, შექმნილი XII საუკუნის დამდეგს, რომელშიც ფანტასტიური ერუდიციაა ჩაწნეხილი. მისი ავტორია არსენ ბერი, დავითის სულიერი მოძღვარი, რომელსაც დიადი მეფე თავის „სასოს და განმანათლებელს“ უწოდებს. კ. კეკელიძის თქმით, არსენი თვალსაჩინო მწერალია, რომლის შესხმაში „დავითი ერთგვარი ენამზეობითა და ეპითეტებითაა შემკობილი და დახასიათებული“ [9;309-311]. ჩვენთვის სწორედ ეს ეპითეტებია საინტერესო, რადგან სწორედ მათ იტვირთეს მათში ნაგულისხმევი შინაარსის მთელი სიმძიმე. ნატიფ ლიტერატურულ სტილს დაუფლებულ ნიჭიერ ადამიანთა დარად არსენის წინადადება ტევადია: ფრაზა მცირეა - შინაარსი დიდი. სწორედ ასეთია ჩვენთვის საინტერესო ლაკონიური ფრაზაც: „ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის“ [20;380].
ამ მომხიბლავ ეპითეტებს შინაარსის მხრივ რაიმე საგანგებო ყურადღება არასოდეს არ მიუპყრია: ეს ფრაზა ჩვეულებრივ მოხდენილ ტროპად აღქმებოდა, სინამდვილეში კი მასში ღრმა შინაარსია განსახიერებული, რაც იმდროინდელი პოლიტიკური აზროვნების მაღალ დონესა და მასშტაბურობაზე მეტყველებს.
როგორც ტროპული მეტყველების ნიმუში, არსენ ბერის ეს გამოთქმა რაიმე საგანგებო ანალიზს თითქოს არც კი საჭიროებს: იგულისხმება, რომ ამქვეყნად არსებობენ „მადლით ღმერთქმნული“ პიროვნებანი, რომელთა შორის დავით აღმაშენებელი გამოირჩევა, როგორც „ბუნებით ღმერთი“ - ასეთია ამ ფრაზის ტრადიციული გაგება.
მაგრამ საკმარისია დავსვათ კითხვა: „XII საუკუნის დამდეგის უაღრესად რელიგიურ ატმოსფეროში მონაზონ არსენს სახელდობრ ვინ შეიძლება ჩაეთვალა „მადლით ღმერთქმნულად?“, რომ ცხადი გახდეს - ამ ხატოვან გამოთქმაში აბსტრაქტული აზრი კი არა, რაღაც სხვა შინაარსი იფარება.
ამ ტროპებიდან აშკარად ჩანს, რომ აღმაშენებელი მეფის სულიერმა მოძღვარმა კარგად უწყოდა, რა განსხვავებაა ლეგიტიმაციის ორ განსხვავებულ ფორმულას შორის: „მეფე ნებითა ღვთისათა“ და „მეფე მადლითა ღვთისათა“. აქ მთავარი ისაა, რომ შუასაუკუნეთა პოლიტიკური თეოლოგიის მოძღვრების თანახმად „მადლითა ღმერთქმნულად“ სრულიად კონკრეტული პიროვნება - ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე ითვლება, სწორედ ისაა „მეფე მადლითა ღვთისათა“. ამ ფორმულაში აისახა მეფედ კურთხევის ცერემონიალის უმთავრესი ელემენტი: მეფედ გამორჩეული პიროვნება მირონცხების წყალობით ღვთის მადლს ეზიარება, და ამის მეშვეობით „მადლით ღმერთქმნული“ ხდება. იმიტომ მიენიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროპაში მეფის კორონაციისას ზეთის ცხებას, რომ ამ საკრალური ქმედების შედეგად მეფედ არჩეული პიროვნება იცვლება, იგი Gemina persona - ორგვამოვანი, ორბუნებოვანი ხდება დ მის ადამიანურ ბუნებას ღვთაებრივი ბუნებაც ეძლევა ღვთის მადლით: იგი ბუნებით ადამიანია და მადლით - ღვთაებრივი [43;87], ანუ, არსენ ბერის მიერ მიგნებული ტერმინოლოგიით „მადლით ღმერთქმნული“.
სწორედ ესაა ნაგულისხმევი დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვრის ამ უშესანიშნავეს ფრაზაში: იგი სრულყოფილია ფორმითაც და შინაარსითაც: „ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის“. პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ არსენის ეს ხუთსიტყვიანი წინადადება ელიპსისია, პირველ წინადადებას აკლია ქვემდებარე (მეფე), მეორეს-დამატება (მეფეთა). მისი სრული სახე ასეთია: (ქართველთა დავითიანი დავით მეფე არის) ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა (ქრისტიან მეფეთა) შორის“.
არსენ ბერის ეს მრავლისმეტყველი ფრაზა მოწმობს, რომ საქართველოში კარგად უწყოდნენ ბაგრატიონთა დინასტიის განსაკუთრებული სტატუსის მნიშვნელობა: იცოდნენ, რომ ყველა სხვა ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე აღსაყდრებისას მირონცხების წყალობით ღვთის „მადლითაა ღმერთქმნული“, და მათ შორის მხოლოდ ქართველთა მეფეა „ბუნებით ღმერთი“, როგორც შთამომავალი იესო ქრისტეს წინაპრის - ბიბლიური დავითისა, რომელიც „ხორციელად მამად ღვთისად იწოდების“.
* * * „...არცაღა თუ გამორჩევით“... ვახუშტი ბატონიშვილი
აქ უკვე კიდევ ერთი კითხვა დგება ჩვენს წინაშე: ქართულ ისტორიოგრაფიაში გვხდება თუ არა იმ არსებითი ფაქტის კონსტატაცია, რომ სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის ქართული პოლიტიკური თეორია განსაკუთრებული ხასიათისაა და განსხვავდება ევროპულისგან?
ამ კითხვას კონკრეტული და დასაბუთებული დადებითი პასუხი უნდა გავცეთ: ქართული პოლიტიკური თეოლოგიის ამ არსებითი ნიშნის პირველი მეცნიერულად ზუსტი დახასიათება, მისი საგანგებო ხაზგასმა - სულ სამი სიტყვით გამოთქმული - ახალი დროის პირველ ისტორიოგრაფს, თანამედროვე ისტორიული მეცნიერების ფუძემდებელს ვახუშტი ბაგრატიონს ეკუთვნის; მან ქართული მონარქია მისი არსებითი ნიშნის მიხედვით დაახასიათა: ქართული მონარქია არ არის არჩევითი მონარქია!
ეს კვალიფიკაცია ქართული მონარქიისა ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთადერთია: იგი არავის გაუმეორებია და არც არავის განუმარტავს.
თუ რა ფართო თვალსაწიერითაა შექმნილი ვახუშტის ისტორიული ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, თვით ავტორის სიტყვებიდან ჩანს: „გარნა შრომა ჩუენი არა მცირე იყო, რომელსა ზედა ვიშრომეთ კნინცა წელნი სამნი (1742-1745) მარადის წერითა, გამოძიებითა, მათიანეებთა და ცხორებათა ძიებითა, რამეთუ არა დავუტევეთ ხრონოგრაფნი ბერძნის..., ეგრეთვე განყრილობისა შემდგომად რომაელთა კეისართაგან...მეფეთა ევროპელთა“ [16; 11-12].
ვახუშტის „გამოძიება“ „მეფეთა ევროპელთა“ შესახებ ფრიად საგულისხმოა. ჩანს, მან საგანგებო ყურადღება მიაქცია ევროპის სახელმწიფოთა მონარქების ლეგიტიმაციის წესს.
თავის „აღწერაში“ ვახუშტიმ ერთი თავი დაუთმო საქართველოს სამეფო დინასტიათა ჩამოთვლას და მათი მეფობის მის მიერვე დადგენილი თარიღებიც აღნიშნა, ამასთან მათი დახასიათებაც მოგვცა: „ხოლო გუარნი მეფეთანი იყვნენ: პირველი ქართლოსიანნი და ნებროთიანნი, და არშაკუნიანნი, და მეფობდნენ ესენი ფ ივ (566) წელთა, და მეფენი ისხდნენ კ ე. შემდგომად ამათთა იყო გუარი ხოსროვანთა, და მეფობდნენ ესენი უ ნდ(454) წელთა, და მეფენი ისხდნენ ი ზ და მთავარნი გ. შემდგომად ამათთა ბაგრატიონნი, რომელნი გამეფდნენ ქრისტესსა ფ ოე (575) წელთა და არიან აწამდე. არამედ სიტყუა იყო ივერიასა შინა მეფეთა ამათთვის, რამეთუ იცნობის ქართლოსიან-ნებროთიან-არშაკუნიანნი გმირობითა, ხოლო ხოსროვანნი გოლიათობითა, ახოვნებითა, შემმართებლობითა, ხოლო ბაგრატიონი მხნეობითა, სიბრძნე-ქუელობითა და ქუეყნისათვის თავდადებულობითა“ [16; 27].
ამრიგად, ვახუშტი საქართველოში ბაგრატიონთა გამეფების თარიღად თვლის 575 წელს - აქ ბაგრატიონთა საგვარეულოდან პირველი მეფე გუარამი იგულისხმება-და საგანგებოდ შენიშნავს, რომ ბაგრატიონნი „არიან „აწამდე“. რეალური ფაქტის ეს თითქოსდა ნეიტრალური კონსტატაცია სინამდვილეში იმის ხაზგასმაა, რომ ბაგრატიონთა დინასტია, სხვა ევროპულ დინასტიათაგან განსხვავებით, საქართველოს სამეფო ტახტზე მრავალი საუკუნის მანძილზე ერთადერთი, უცვლელი სამეფო საგვარეულოა. ვახუშტი ნაშრომის შესავალშივე აღნიშნავს ბაგრატიონთა დავითიანობას; „ხოლო დავით წინასწარმეტყუელის ნათესავის გუარამის მოსლვა, ცხორება და გამეფება მათი აღვსწერეთ თვისსა ადგილას“ [16; 9], მაგრამ დინასტიის ამგვარ უნიკალურ მარადიულობას მის ბიბლიურ ჩამომავლობას არ უკავშირებს.
ვახუშტის „აღწერაში“ ერთ-ერთი პირველ თავთაგანი - „მეფეთათვის“ უკვე იმის განმარტებაა, თუ რატომ არის მეექვსე საუკუნიდან „აწამდე“ საქართველოს სამეფო ტახტზე მხოლოდ ერთი დინასტია (იგულისხმება: მაშინ, როდესაც ევროპის სახელმწიფოებში ამავე დროის მანძილზე ოთხი, ხუთი ან მეტი დინასტია შეიცვალა). ესაა მეცნიერული სიზუსტით და ლაკონიზმით უნიკალური ფორმულირება სამეფო ხელისუფლების რაობისა, რომლის ქვეტექსტი გაცილებით უფრო რთული და ღრმაა, ვიდრე ფაქტის კონსტატაცია, რის გამოც სათანადო ანალიზს მოითხოვს. აქ ყოველი დებულება ისეთი არსისაა, რომ მათი გამოკვეთით წარმოდგენა მეტ ნათელს მოჰფენს ვახუშტის ისტორიულ განმარტებას:
„ხოლო ჩუეულება ჰქონდათ ერთისა მეფისა მორჩილება და სარწმუნოდ მის მიმართ ყოფა, და ჩამომავალთა და გუართა მეფეთათა შემდგომად მისა გამეფებად, რამეთუ შემდგომად მამისა ძე და არა სხუა გვარი, არცაღა თუ გამორჩევით, არავისა მონებდნენ თვინიერ მათთა ანუ წულთაგან ანუ ასულთაგან, უკეთუ არა დაეტევის წული“ [16; 17].
თუმც, როგორც უკვე ითქვა, ამ თავის სათაურია „მეფეთათვის“, ვახუშტისეული განსაზღვრება უშუალოდ ბაგრატიონებს ეხება. თვალსაჩინოა ის რაციონალური თანამიმდევრობა და ცალკეულ დებულებათა სიცხადე, ის მკაფიო ლოგიკურობა, ის მკაცრად მეცნიერული აღწერა და ლაპიდარული სტილი, რომლითაც ამომწურავადაა დახასიათებული ქართული პოლიტიკური თეოლოგიის მოძღვრება სამეფო ხელისუფლების შესახებ. აქ ორი დებულება უპირისპირდება ერთმანეთს: ერთის მხრივ - „ჩამომავალთა და გუართა მეფეთათა შემდგომად მისა გამეფებად...შემდგომად მამისა ძე“ (ან ასული, თუკი ძე-მემკვიდრე არ იყო-მ.კ.). და მეორე მხრივ - „და არა სხუა გვარი, არცაღა თუ გამორჩევით“, რაც პირველი დებულების საპირისპიროდ არჩევით მონარქიას, ე.ი. დინასტიათა ცვლას გულისხმობს.
ვახუშტი თავის ნაშრომში რამდენჯერმე ახსენებს, რომ ბაგრატიონთა საგვარეულო „...ღვთით-ცხებით გვირგვინოსანი, იესიან-დავითიან-სოლომონიანია“ [16;37], მაგრამ დინასტიის უცვლელობას იმას კი არ უკავშირებს, რასაც ფორმულა „ნებითა ღვთისათა მეფე“ გულისხმობს, არამედ იმას, რომ ქართველებს „ჩუვეულება ჰქონდათ ერთისა მეფისა მორჩილება და სარწმუნოდ მის მიმართ ყოფა“.
როგორც არ უნდა იყოს, სიტყვები „არცა სხუა გვარი, არცაღა თუ გამორჩევით“ შეეძლო დაეწერა მხოლოდ მას, ვისაც „მეფეთა ევროპელთა“ (თუნდაც რუსთ ხელმწიფეთა!) ლეგიტიმაციის წესი („საულის პარადიგმა“) ღრმად ჰქონდა გააზრებული, „მეფეთა ქართველთა“ ლეგიტიმაციის წესთან („დავითის პარადიგმა“) შედარებული და არსებითი განსხვავება - დანახული.
* * * ახლა ამ გამოკვლევისთვის ეპიგრაფად წამძღვარებულ ჩახრუხაძისეულ ორტაეპედს დავუბრუნდეთ.
ჩვეულებრივი შთაბეჭდილება ისეთია, თითქოს ეს ორტაეპედი მეხოტბის ერუდიციის დემონსტრირებას ემსახურება, რათა მან სათაყვანებელი მეფის მიმართ თავისი ერთგულება გამოხატოს. მაგრამ ეს მხოლოდ შთაბეჭდილებაა - არსებითი ამ ორტაეპედში სხვაა.
მართლაც, ნუთუ ჩახრუხაძეს ამ ტაეპებით მხოლოდ თავისი ბიბლიოლოგიური ღრმა ცოდნის ჩვენება სურდა? თუ კი ამ სახოტბო თხზულების შექმნის საერთო ისტორიულ კონტექსტს გავითვალისწინებთ და ყოველივე ზემოთქმულსაც არ უგულებელვყოფთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ ამ უმჭიდროეს სალექსო ფორმაში საულისა და დავითის ერთად მოხსენიებას სულ სხვა, გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის დატვირთვა აქვს: იგი საქართველოს სამეფო წრეების, ან, როგორც ივ. ჯავახიშვილი უწოდებს, „მთავრობის მომხრეთა დასის“ დოქტრინას გამოხატავს და II საუკუნის მეორე ნახევარში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეალიათაგანია.
დავაკვირდეთ ამ ტაეპის ტონსა და განწყობას: მათში განსაკუთრებული მახვილი მოდის ორ საპირისპირო მნიშვნელობის ზმნაზე „ართო“ (წაართვა) და „მიჰმადლა“ (მიანიჭა, აჩუქა), რომლებიც მიემართება ორ ბიბლიურ მეფეს - საულსა და დავითს, რომელთა დაპირისპირება ბიბლიის მკითხველი საზოგადოებისთვის თავისთავად ცნობილი იყო. ამ დაპირისპირებას აძლიერებს „ართოსა“ და „მიჰმადლას“ არა მხოლოდ სემანტიკური მნიშვნელობა, არამედ ემოციური განწყობაც, რადგან პირველს აშკარად უარყოფით-ემოციური, ხოლო მეორეს-აშკარად დადებით-ემოციური, შეიძლება ისიც კი ითქვას, ნიშნის მოგების მნიშვნელობა ახლავს: ერთს წაართვა და მეორეს მისცა, თანაც როგორ, უბრალოდ კი არა, „მიჰმადლა“, და თანაც „შეფიცებულად“!
აქ, ფაქტიურად, საულისა და დავითის სახელთა მიღმა „საულის პარადიგმა“ და „დავითის პარადიგმაა“ შეპირისპირებული, როგორც პირობითი და საუკუნისთვის კარგად ცნობილი კოდი. საულის სახელს მიღმა იფარება მეფის ლეგიტიმურობის ის მოდელი, რასაც „მეფე მადლითა ღვთისათა“ გულისხმობს, ხოლო დავითის სახელს მიღმა - ის მოდელი, რომელსაც „მეფე ნებითა ღვთისათა“ უნიკალური პარადიგმა გულისმობს. იქნებ სწორედ ამიტომაა ამ ხოტბაში ასე ძლიერ აქცენტირებული ის „ცხება“, რომელიც „გამრიცხვებულია“?
ბიბლიური ანალოგია ოსტატურად არის გამოყენებული, რათა მეფის მეხოტბემ საკუთარი პოლიტიკური კრედო - როგორც დღეს ამბობენ-დააფიქსიროს ჩვენთვის უცნობად დარჩენილი და მისთვის ცნობილი ოპონენტისა და ოპოზიციის წინაშე და წინააღმდეგ: „საულს მეფობა ართო, მეფობა დავითს მიჰმადლა შეფიცებულად!“
ანუ: „უფალმა საულს, რომელიც არჩეული მეფე იყო, ურჩობისთვის მეფობა წაართვა, ხოლო დავითს, რომელიც მუდამ მისი მორჩილი იყო, უფალმა შთამომავლობის უკუნისამდე მეფობა აღუთქვა“, რაც XII საუკუნის მონარქიის კონტექსტში იმას ნიშნავს, რომ არჩევით მონარქიას “რწმუნებული” მონარქია სჯობს, მეფობა მხოლოდ და მხოლოდ ერთი საგვარეულოს - დავითიანი ბაგრატიონების კუთვნილება და პრეროგატივაა.
ეს არა მხოლოდ მეხოტბის ინდივიდუალური პოზიციაა, არამედ იმდროინდელი საჭირბოროტო კითხვაც, რომელიც დრომ მწვავედ დასვა. ჩახრუხაძის ხოტბის ამ ორ სტრიქონში სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის შუასაუკუნეთა პოლიტიკური თეოლოგიის ორი უმთავრესი პრინციპია კონდენსირებული. მთელი ხოტბა და კერძოდ ეს ორტაეპედი სამეფო კარისთვის აშკარა მხარდაჭერას ნიშნავს, მაგრამ საულისა და დავითის დაპირისპირება ამგვარ კონტექსტში მხოლოდ იმას შეეძლო გამოეწვია, რომ მეხოტბის პოლიტიკური ოპონენტი „საულის პარადიგმის“ ანუ არჩევითი მონარქიის იდეას აყენებდა.
ამ დეტალის მიხედვით ისიც შეიძლება დავასკვნათ, რომ იმდროინდელი განათლებული საზოგადოება შესანიშნავად ერკვეოდა სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხებში და ევროპული ტიპის მონარქიის მსგავსად საქართველოშიც მეფის არჩევითობის ანუ სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმაციის ევროპული წესის („საულის მოდელი“) შემოღებას მოითხოვდა (ამიტომ ხომ არ არის ასე მწვავედ დასმული თამარის დაქორწინების საკითხი ისტორიებშიც და ხოტბაშიც?).
საერთოდ, თავისი ზოგადი შინაარსით საკითხის ამგვარი დაყენება XII საუკუნის ქართული პოლიტიკური აზროვნების დიდ გაქანებასა და ფართო თვალსაწიერს მოწმობს.
* * *1
„არაბ აშია! არ აბაშია მეფე მორწმუნე, ხმელთა ნათელი“... აბდულმესიანი, 81, 1.
მაგრამ პრობლემა ამით არ მთავრდება. აქ კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხოთ, რომელსაც გარეგნულად თითქოს არაფერი აქვს საერთო ქართულ პოლიტიკურ თეოლოგიასთან, სინამდვილეში კი თავისი არსით XII საუკუნის ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტის ფიქსაციას შეიცავს. საკითხი ამ ნაკვეთისთვის წამძღვარებული ეპიგრაფის განმარტებას ეხება, რამდენადაც ეს ფაქტი, რომელზეც ისტორია დუმს, სიტყვაკაზმულმა მწერლობამ შემოგვინახა.
პარონომაზიული სტილის ფორმალიზაცია შავთელის ხოტბაში ერთგვარი მიზანდასახული, პრინციპული და უცნაური ავტომატიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს სიტყვათა უსასრულო თამაშის გამო, რომელიც ლამის თვითმიზნური ვერსიფიკაციული ვარჯიშის ზღვარზე დგას და რომელსაც არაიშვიათად ამა თუ იმ სიტყვათა ორთოგრაფიაც ეწირება: „ხმობს ღმერც ხალისად ა მერცხალისად“ (7, 1), „ესა მართალი ე სამართალი“ (21, 1), „დრო შამოიგდო, დროშა მოიგდო“ (75,1), „არაბ აშია! არ აბაშია“ (81, 1) და მრავალი სხვა.
მაგრამ შინაარსის საზიანოდ ვერსიფიკაციის ტექნიკური მხარის ამგვარი გაფეტიშება მხოლოდდამხოლოდ პირველი შთაბეჭდილებაა: ქართული ჰუმანიტარული მეცნიერება - და არა მხოლოდ ფილოლოგია - კლასიკური ხანის პოეზიას ყოველთვის უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე მხოლოდ ქართული პოეტური კულტურის ბრწყინვალე გამოვლინებას: პოეზია და ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული, თუმც გარეგნულად ეს იქნებ არც ჩანდეს და ამიტომაც ხოტბებში თამარის ეპოქის ისეთი ცოცხალი რეალიებია გაბნეული, რომლებიც ეპოქას უფრო რეალურად ასახავენ, ვიდრე ისტორიული თხზულებანი. ჭეშმარიტი იდუმალჭვრეტის ნიჭით აქვს ნათქვამი შალვა ნუცუბიძეს: „არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთ შემთხვევაში XII ს. ქართული პოეზია უკუჰფენდეს ჩვენთვის უცნობად დარჩენილ ნააზრევს“ [12;159], და მართლაც, ეს შეგნებულად გამძაფრებული და ერთგვარად ღვლარჭნილი პოეტური ენა, სავსე იდუმალი ალეგორიული მინიშნებებითა და მდიდარი ალუზიებით - რომელიც მხოლოდ ელიტარულ მკითხველს გულისხმობს - ყოველ ნაბიჯზე გვთავაზობს ძნელად ამოსახსნელ რებუსებს, რომელთა ახსნა-განმარტებასა და ჭეშმარიტი შინაარსის გახსნაზე კვლავაც ბევრზე-ბევრი გონება დაშვრება და ბევრზე-ბევრი მელანიც დაშრება.
აქ ერთი პარალელის გავლება იქნება საინტერესო: დასავლეთ ევროპაში სახოტბო პოეზიის ანუ ოდის ჟანრის დამუშავება XVI საუკუნის ფრანგული პოეზიის გვირგვინის - პლეადის პოეტების რონსარის, დიუ ბელესა და მათ თანამოსაგრეთა განსაკუთრებული დამსახურებაა: ოდის ჟანრის შექმნა ამ ბრწყინვალე სკოლის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად ითვლება. დამახასიათებელია, რომ ახალ დროში ოდის აღორძინებას პლეადას პოეტებმა ანტიკურობის ბაძვის პრინციპი დაუდვეს საფუძვლად: „იგალობე ოდები, რომლებიც ჯერჯერობით უცნობია ფრანგული მუზისთვის; ქნარი შეუწყე ბერძნულ და რომაულ ლარას; დაე, ნუ იქნება ნურცერთი სტრიქონი, რომელშიც არ გამოჩნდება კვალი იშვიათი ანტიკური ერუდიციისა“ - მოითხოვდა დიუ ბელე „ბრიგადის“ მანიფესტში [27;194-195]. იგივე სიტყვები, ოღონდ მთელი ოთხი საუკუნით ადრე, შეეძლოთ ეთქვათ ქართველ მეხოტბეებს შავთელსა და ჩახრუხაძეს, ოღონდ ანტიკური ერუდიციისთვის უნდა დაემატებინათ უიშვიათესი და ღრმა ბიბლიოლოგიური ერუდიციაც, წინააღმდეგ ერთი მეტად ცნობილი მეცნიერის მოსაზრებისა, თითქოს ხოტბებში უხვად გაბნეული ანტიკური სახელები მხოლოდ უმარტივესი „მოწაფურ-სკოლური ცოდნის“ შედეგი იყოს [35; 225-227].
ეს ბრწყინვალე ერუდიტები, თავისი დროის უგანათლებულესი და პოლიტიკურ საკითხებში ღრმად განსწავლული პიროვნებანი - შავთელი და ჩახრუხაძე ამავე დროს ბაგრატიონთა დინასტიის თვითმპყრობელობის შესანიშნავი თეორეტიკოსებიც იყვნენ; არცერთ ისტორიულ ძეგლში არ გვხვდება ისეთი მწყობრი თეორიული დასაბუთება ბაგრატიონთა დინასტიის მეფური უფლებამოსილებისა, როგორც ხოტბებშია; მეხოტბეები ბაგრატიონთა ტახტის ხელშეუხებლობის თავგამოდებული დამცველნი არიან.
შალვა ნუცუბიძის ზემომოყვანილი დაკვირვება მეტად დამაფიქრებელია და მის ჭეშმარიტებაში დაეჭვება შეუძლებელია. მართლაც, თამარის ეპოქის „ჩვენთვის უცნობად დარჩენილი ნააზრევის“ ერთ-ერთი საოცარი მაგალითი სწორედ ზემოთ მოყვანილი ეპიგრაფია: „არაბ აშია, არ აბაშია“, სადაც სულ ხუთი ბგერის „გათამაშებით“ (ამასთან სამად-სამ „რ - ბ - შ“ თანხმოვანთან „ა“ ხმოვანი ოთხჯერ მეორდება!) მიღწეულია ისეთი პოეტური ეფექტი, რომ მინიმალურ მოცულობაში მაქსიმალური შინარსია ჩაწნეხილი: აქ მთავარი აზრობრივი მახვილი არა ორი ეთნონიმის „არაბისა“ და „აბაშის“ დაპირისპირებაზე, არამედ სწორედ სიტყვა „აბაშ“-ზე მოდის. თუ რატომ, სწორედ ეს გვაქვს გასარკვევი: მეფე-ქალის მეხოტბე ვიღაცას ეკამათება და ჩვენთვის უცნობად დარჩენილ მოპაექრეთ გაცხარებით უმტკიცებს, რომ ქართველთა მორწმუნე მეფე, რომელმაც „არაბ აშია“, არავითარ შემთხვევაში არ არის „აბაში“!
უმთავრესი, რაც ყურადღებას იპყრობს, ქართველი მეფის „აბაშთან“ ფრიად მოულოდნელი და ერთგვარად გაუგებარი შედარებაა. პირველივე კითხვა, რაც ლოგიკურად დაიბადება, გაოცებასთან არის შერწყმული: რა შუაშია ქართველი მეფის ვიღაც „აბაშთან“ შედარება? ნუთუ პარონომაზიათა დიდოსტატს „აბაშის“ ხსენება მხოლოდ იმისთვის დასჭირდა, რომ რამენაირად პოეტურად გამოეთქვა აზრი: ქართველთა მეფემ არაბები დათრგუნაო?
არ ეტყობა, რომ „აბაში“ შავთელს მხოლოდ მისთვის ასერიგად ჩვეული პოეტური მეტყველების ეფექტისთვის - პარონომაზიისთვის, ანუ, ტრადიციული ქართული ტერმინოლოგიით - ზმის სრულყოფისთვის ეხმაროს. იგი დიდად დახელოვნებულია ზმებში და სულაც არ ჰგავს ხელმოცარულ პოეტს, რომელიც ზმისთვის გამოსადეგ სიტყვებს ეძებს.
ეთნონიმი „აბაში“ აბდულმესიანში ორჯერ გვხვდება [60, 2; 81, 1] და გამოცემისთვის დართულ „პირთა, გეოგრაფიული და ეთნიკური სახელების“ ინდექსში ახსნილია, როგორც „აბისინიელი, ეთიოპი“ [19; 257]. თავად ამ ტაეპს კომენტატორი შემდეგნაირად განმარტავს: „არაბ აშია! ის აბაში (-ურწმუნო) კი არა, მორწმუნე მეფეა, ხმელთა სინათლე“ [19; 239]. როგორც ვხედავთ, კომენტატორის მიერ „აბაში“ ტროპულად გაგებულია, როგორც „ურწმუნო“, ანუ არაქრისტიანი. ამგვარ ინტერპრეტაციას აკონკრეტებს ამავე სტროფის ბოლო ტაეპის განმარტებაც: „მისი (ე.ი ქართველთა მეფის - მ. კ.) საკიცხელია ის, ვინც ქრისტიანობის მგმობელი და თავისი თავის ცუდად განმსწავლელია“ [19, 239].
შავთელის ხოტბის ამ „თარგმანსა და კომენტარში“ მისი დინჯი და დაკვირვებული გამომცემლისთვის უჩვეულო და გაუგებარი შეცდომაა დაშვებული: აბაშები, ანუ იგივე აბისინიელები - ეთიოპიელები „ურწმუნონი“ კი არა, ნათლისღების დროის მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქრისტიანები არიან, რომელთაც ოფიციალურად ბევრ ევროპელ ხალხზე - თუნდაც ფრანგებზე-ადრე მიიღეს ქრისტიანობა, ერთი ეთიოპიელის მონათვლა ფილიპეს მიერ ბიბლიაშიცაა მოხსენიებული (საქმენი წმიდა მოციქულთაი, 8, 26-39).
აბდულმესიანის კომენტარის ამგვარი პრინციპული უზუსტობა მით უფრო საკვირველია, რომ აბაშთა-ეთიოპელთა შესახებ ბევრი საყურადღებო რამაა თქმული ქართველ ფილოლოგთა და საერთოდ, ქართველოლოგთა - „ბიბლიაში“, კორნელი კეკელიძის ნაშრომებში. გამოკვლევაში, რომელიც ძველ ქართულ მწერლობაში ხალხთა კლასიფიკაციის საკითხს ეხება, ეთიოპთა წარმომავლობის საკითხიცაა განხილული და ნათქვამია, რომ ისინი ბიბლიური ქამის შთამომავალნი არიან: „იყვნეს სხუანი ძენი ქუშისანი რაგა და ევილა და საბათა და რაბამა და ბესიმ, რომლისაგან იქმნნეს საბეანელნი, რომელ არიან ეთიოპელნი“ [4; 171], და იქვე დაზუსტებულია ეთიოპიის გეოგრაფიული მდებარეობაც: „ხოლო ქამისანი [წილხუდომილნი სოფელნი არიან - მ. კ.] ეგვიპტე, ეთიოპიაი, მხედველი ჰინდუეთით კერძო, სხუაი ეთიოპიაი სადაით გამოვალს მდინარე ეთიოპელთაი“ [4; 180]; მკვლევარი შენიშნავს, რომ „...იპოლიტეს ქრონიკაში ეთიოპი, როგორც შვილი, არ ჩანს, აქ პირმშოა ქუშ, რომლისგან არს ეთიოპი“ [4; 175]; საინტერესოა, რომ აბაშნი ანუ ეთიოპნი ყველ ქართულ მწერლობაში ზანგებთან ერთად იხსენიებიან: „რაოდენნი ნათესავნი არიან ქუეძანასა ზედა...აბაშნი, ზანგნი“ [4; 179]. საგულისხმოა, რომ კ.კეკელიძე ეთნონიმ „აბაშთა“ წარმომავლობასაც შეეხო და განმარტა იგი [8; 186].
რაც შეეხება აბაშთა, ანუ ეთიოპელთა სარწმუნოებას, ამის შესახებაც ამომწურავი ცნობები გვხვდება კ. კეკელიძის ნაშრომში „მარტვილობა ათანასე კულიზმელისა“: „ათანასეს მზრუნველობა ქრისტიანობის გავრცელებისა და გაძლიერებისათვის - წერს მკვლევარი - არ ამოიწურებოდა მხოლოდ ეგვიპტის საზღვრებით, ის ვრცელდებოდა მთელი რომის იმპერიისა და ეგვიპტის მოსაზღვრე ეთიოპიაზედაც. თავის წარკვეთის წინ ათანასე წარმოთქვამს ლოცვას, რომელშიც სთხოვს ღმერთს: „აღმოაცენე მორჩი და კუერთხი ძლიერებისაი მეფეთა ქრისტიანეთაი ქუეყანასა ჰრომთასა და ეთიოპიაისასა“ (I). ეს სიტყვები გვაფიქრებინებს, რომ ათანასე უკვე გრძნობს ქრისტიანობის გაბატონების მოახლოებას, ის გრძნობს როგორც მილანის ედიქტის (312 წ.) გარიჟრაჟს, ისე ეთიოპიის ოფიციალურ გაქრისტიანებას (356 წ.)» [I; 60-61]. სხვათა შორის, მკვლევარი სწორედ კოპტურ-ეთიოპური ტრადიციის მიხედვით განსაზღვრავს ათანასეს მარტვილობის ზუსტ დროს: „...ათანასეს გარდაცვალების დღედ მიღებულ უნდა იქნას 18 ივლისი, მით უმეტეს, რომ ეს რიცხვია მიღებული ეგვიპტური სათვალავითაც (კოპტურ-ეთიოპურით“) [6; 61].
ძველი ქართული წელიწადის პრობლემათა კვლევის დროსაც ახსენებს კ. კეკელიძე ეთიოპელებს: „ალექსანდრიული უძრავი წელიწადი, რომელიც კოპტებსა და ეთიოპებს შორის იყო მიღებული, შეიქმნა 30 წელს ჩვენ წელთაღრიცხვამდე იულიუს კეისრის მიერ ქ. ალექსანდრიის აღების შემდეგ და მის აღსანიშნავად“ [4;110] და ხაზს უსვამს იმ თავისებურებას, რომ „...უძღები შვილის კვირიაკის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს სირო-ქალდეველთ (ნესტორიანებს), კოპტებს, ეთიოპებს და სომხებს აქვთ ე.წ. „ნინეველთა მარხვა“, რომელსაც სომხურად „არა ჯავორ“ ეწოდება“ [4;126].
რაც შეეხება ძველ ქრისტიან ხალხთა სამონასტრო კერებს პალესტინაში, მკვლევარი ამის შესახებაც ამომწურავ ცნობებს გვაწვდის: „მეექვსე საუკუნეში პალესტინის მონასტრებში ჩვენ ვხედავთ შემდეგს ქრისტიან ეროვნებათა წარმომადგენლებს: ლათინებს, ბერძნებს, სირიელებს, სომხებს, კოპტებს და ეთიოპებს“ (4;88).
საყურადღებო ისაა, რომ კ. კეკელიძის ნაშრომებში გვხვდება საინტერესო ცნობები თავად ეთიოპთა შესახებაც. ნაშრომში, რომელსაც XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე თარგმნილ ერთ უცობ კანონიკურ კრებულს ეხება, გვხვდება ეთიოპის ხსენება საგულისხმო კონტექსტში; „ვინ არ მეტყებდეს მე უბადრუკსა, ვინ არ მტიროდეს მე უძღებსა, ვინ არა მგმობდეს მე აღუვსებელსა ურწმუნოთა თანა ამიერვე დაწესებულსა და გონიერთა ეთიოპთა თანა აღრაცხილსა?“ [7;105]. ამ ტრაგიკულ თვითგვემაში „გონიერთა ეთიოპთა“ მოხსენიება რაღაც ისეთ აზრს შეიცავს, რაც ეპითეტის გათვალისწინებით საერთო შინაარსთან ერთგვარ კონტრასტს ქმნის - იგი თითქოს რაღაც უარყოფითის შემცველია. სხვათა შორის, XI საუკუნეში შექმნილ და ქართულად თარგმნილ ერთ აგიოგრაფიულ თხზულებაში ეთიოპელის სრულიად უარყოფით დახასათებასაც ვხვდებით: „კუალად სხუად ოდესმე მწოლიარეობდა რაი ღირსი ესე, გამოუჩნდა ეთიოპი ვინმე ყოვლად-მყრალი, ყოვლით კერძოი სხეულისაით წუთხის მადინებელი და მძიმისა სულმყრალობისა განმტევებელი, რომლისა მაჭენებელი სანატრელი იგი შორად განჰხდიდა. ხოლო მან მიუგო მას: „მე გულთა შინა ყოველთასა ვჩან ტკბილად და შუენიერად და მხოლოდ სულსა შენსა ვერ უძლე შესავლისა პოვნაი, არამედ ყოვლადვე ესრეთ მდევნი მე მოძულებულსა“, და ესე რაი თქუა, უჩინო იქმნა“ [5;263-264]; ამავე ტექსტში ეთიოპი მოიხსენიება, როგორც „შავი“ [5;259].
ეს დახასიათებანი ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ აბაშთა ანუ ეთიოპთა მიმართ რაღაც უარყოფითი დამოკიდებულება იყო გავრცელებული იმდროინდელ საზოგადოებაში. ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ისეთ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სახელმწიფოშიც, როგორიც რუსეთია, სიტყვა „ეთიოპელი“ უარყოფითი სემანტიკის მატარებელია; მომყავს შესაბამისი ციტატი თარგმანის გარეშე: Ефиоп - также в качестве ругателсьства - “дурак” др. русск. ефиопьский “варварский” (Иван IV) [39; 29]
კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი: XV ს. მიწურულის ერთი ევროპული წყაროს ცნობის თანახმად იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიაში მხოლოდ რვა ქრისტიან ხალხს ჰქონია თავის სამლოცველო და ამ ხალხთა შორის ერთ-ერთი ეთიოპნი ანუ აბაშნი არიან. არის ცნობა იმის შესახებაც, „თუ როგორ იყო განაწილებული რამ ხალხებს შორის სამლოცველოები დ ვის რამდენი კანდელი ჰქონდა საფლავის ეკლესიაში“: ყველაზე მეტი კანდელი - 13 ჰქონდათ ქართველებს, 11 კანდელი - რომაელ კათოლიკეებს, 9 - ბერძნებს, ხუთ-ხუთი - იაკობიტელებს, სირიელებს და მარონიტებს, ხოლო ეთიოპელებსა და სომხებს - ოთხ-ოთხი“ [21; 6-7].
ამრიგად, აბაშნი ანუ ეთიოპნი, რომელთაც ქრისტიანობა მეოთხე საუკუნის ნახევარში/356 წელს მიიღეს, ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანი ხალხია მსოფლიოში და საუკუნის შუა წლებში მათი „ურწმუნო“ ანუ არაქრისტიან ხალხად გამოცხადება მხოლოდ შემთხვევით გაუგებრობას უნდა მიეწეროს.
მაგრამ ეთიოპთა მიმართ ამგვარი გაუგებრობა, რაც შავთელის ხოტბის კომენტარშია, მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა: საოცარი ის არის, რომ ინფორმაციულობის მაღალი დონით გამორჩეულ ჩვენს საუკუნეში ანალოგიური შეცდომაა დაშვებული ევროპაშიც დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ აღიარებული და ავტორიტეტული თანამედროვე კომენტატორის, სლოვაკი მეცნიერის ვილიამ ტურჩანის მიერაც. „ღვთაებრივი კომედიის“ მესამე ნაწილში, „სამოთხის“ I თავის 109-114 ტერცინებს, სადაც ეთიოპელნიც იხსენიებიან, ვილიამ ტურჩანი ასეთ კომენტარს ურთავს: „ეთიოპელებით და სპარსელებით პოეტი აღნიშნავს ყველა იმ ერს, რომელთაც მის დროს [ე.ი. XIII საუკუნეში! - მ. კ.] არ შეეძლოთ სცოდნოდათ ქრისტიანულია მოძღვრება“ [42;347].
„აბაშებს“ საოცრად არ სწყალობთ ბედი: ამ უძველეს ქრისტიანებს რატომღაც არაქრისტიანებად თვლიან!
რაც შეეხება აბდულმესიანის კომენტარს, ფორმალური ლოგიკის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, მისი წარმოშობა ძნელი ასახსნელი არ არის: სინტაგმა „არ აბაშია მეფე მორწმუნე“ შეიცავს ისეთ დაპირისპირებას, რომ „აბაშის“ ურწმუნოდ ჩათვლა ძალიან ადვილია. მსჯელობის ლოგიკა უმარტივესია: თუ ქართველი მორწმუნე ანუ ქრისტიანი მეფე დაპირისპირებულია „აბაშთან“ და კატეგორიულად „არ აბაშია“, მაშინ „აბაში“ ურწმუნო ანუ არაქრისტიანი უნდა იყოს! ხოტბის ამ ტაეპთა კონტექსტს თუ დავეყრდნობით, შეიძლება კიდევ უფრო მეტად დავაზუსტოთ: „ქართველთა მორწმუნე მეფე არ არის არაქრისტიანი აბაში“. ასეთი ჩანს შავთელის ფრაზის კონკრეტული და პირდაპირი მნიშვნელობა, რაც დაფიქსირდა კიდეც კომენტარში. დიაღაც უმარტივესი ლოგიკაა, მაგრამ სიმარტივე და ჭეშმარიტება ტოლფარდი ცნებები არაა: როგორც დავრწმუნდით, აბაშნი ქრისტიანები არიან.
და ამის შემდეგ ისმის ახალი კითხვა: მაშინ რა უძევს საფუძვლად ამ შედარებას? რატომ ადარებს შავთელი ქართველთა მეფეს ვიღაც აბაშს“? ვის და რატომ ეკამათება ხოტბის ავტორი და რატომ უმტკიცებს ასე „მტკიცედ და მკვეთრად“, რომ ქართველთა „მეფე მორწმუნე, ხმელთა ნათელი“ არ არის „აბაში“?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არა ხოტბის ცალკეული სიტყვების კონკრეტული, ვიწრო მნიშვნელობით გაგებას, არამედ ამავე სიტყვების შინაარსის გახსნას შეუძლია: სიტყვის კონკრეტული მნიშვნელობა მხოლოდ ფორმაა, შინაარსი კი კოდური მნიშვნელობის შემცველია. უბრალოდ, აბდულმესიანის ამ ტაეპთა შინაარსი სულ სხვა სიბრტყეზე ძევს: ხოტბის კონტექსტიდან სრულიად აშკარად ჩანს, რომ შედარება რაღაც საერთო არსებით ნიშანს გულისხმობს.
და კვლავ ჩნდება ახალი კითხვა: სახელდობრ რა არსებითი ნიშნით შეიძლებოდა შეედარებინა მეხოტბეს ერთმანეთისთვის იესიან-დავითიან-სოლომონიანი ბაგრატიონთა დინასტიის ჩამომავალი და ვიღაც „აბაში“?
ეს საკითხი მრავალი თვალსაზრისით უფრო ღრმა და რთული აღმოჩნდა, ვიდრე ზედაპირზე აირეკლა, და, გარდა ამისა, თავისი არსით სრულიად მოულოდნელი, შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ გამაოგნებლად მოულოდნელია.
აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ქრისტიანულ სამყაროში ქართველ ბაგრატიონთა საგვარეულო არ ყოფილა ერთადერთი იესიან-დავითიან-სოლომონიანი სამეფო დინასტია, რომ თურმე მსოფლიოში მეორე ასეთივე დინასტიაც არსებობს, რომელიც თავის წარმომავლობას ბიბლიური მეფე-წინასწარმეტყველის სამეფო საგვარეულოს უკავშირებს და თავის წინაპრად სრულიად კონკრეტულად ბიბლიურ სოლომონს ასახელებს!
ეს შავთელის მიერ მოხსენიებული აბაში სამეფო დინასტიაა, რომელიც დღემდე მართავს ამ აფრიკულ ქრისტიანულ სახელმწიფოს - ეთიოპიას.
აბაშთა ანუ ეთიოპთა სამეფო დინასტიის წარმომავლობა ბიბლიის ერთ ფართოდ ცნობილ და მომხიბლავ ეპიზოდს უკავშირდება, რომელიც მეფეთა მესამე (10,1-13) და ნეშტთა მეორე (9,1-12) წიგნებშია მოთხრობილი. აქ ბიბლიური სიდინჯითაა აღწერილი, თუ როგორ ესტუმრა ძვირფასი საჩუქრებით დატვირთული საბას (resp. აბაშთა, ეთიოპთა) ქვეყნის დედოფალი სოლომონ მეფეს მისი სიბრძნის გამოსაცდელად და სიმდიდრე-დიდების სანახავად, როგორ „იხილა დედოფალმან მან საბასმან ყოველი იგი სიბრძნე სოლომონისი“ (3 მეფეთა, 10,4, და შემდეგ როგორ „წარვიდა ქუეყანადვე თვისა“ (3 მეფეთა, 10,13).
ბიბლიური ამბავი აქ მთავრდება, მაგრამ ამ მეფურ ვიზიტს ფრიად რომანტიკული და ამავე დროს პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე დასასრულიც აქვს. აბისინიელ-აბაშ ანუ ეთიოპელ ბერთა მიერ შედგენილ მატიანეთა თანახმად, აბაშ მეფეთა დინასტიას სათავე დაუდო მენელიქმა, რომელიც თურმე სოლომონ მეფისა და საბას დედოფლის ძეა: „აკსუმის სახელმწიფოს შექმნის ისტორია უცნობია, - ვკითხულობთ ერთ თანამედროვე გამოკვლევაში - მატიანეებში, რომლებსაც აბისინიის მონასტერთა ბერები ადგენდნენ, აკსუმის ჭეშმარიტი კავშირი საბას კულტურასთან მეტად თავისებურად გარდატყდა. მატიანეთა თანახმად, ეთიოპიის მეფეთა წარმომავლობა მომდინარეობს მენელიქისგან, სოლომონ მეფისა და საბას დედოფლის ძისგან. საბას დედოფლის სოლომონთან ვიზიტისა და მენელიქის დაბადების ლეგენდა ეთიოპიაში ძალზე პოპულარულია და ეთიოპელი მხატვრები სიყვარულით ასახავდნენ ამ სიუჟეტებს“ [37;362]. იმავეს ვკითხულობთ საკმაოდ პოპულარულ წიგნში „ბიბლიური თქმულებანი“: „დედოფალი საბასი სოლომონთან წმინდა პრაქტიკული მიზნებით ჩავიდა... მაგრამ ხალხის ფანტაზიამ მიჩქმალა ვიზიტის ხასიათი და ყოველივე რომანტიკული ელფერით შემოსა. თურმე სოლომონი, დედოფლის ბრწყინვალე სილამაზით მოხიბლული, ვნებამ შეიპყრო და მასთან ვაჟი ეყოლა. აბისინიელები დღემდე ამტკიცებენ, რომ ნეგუსთა [ resp. „ნაგასტ-ნაგასტ“ ან „ნეგუს-ნეგუს“ ამ დინასტიის წოდებაა, რაც „მეფეთა-მეფეს“ ნიშნავს - მ.კ.] დინასტია სწორედ მისგან მომდინარეობს“ [33;338].
მაშასადამე, შავთელისეული შედარების არსებითი ნიშანი ამ ორი სხვადასხვა ქვეყნის - საქართველოსა და ეთიოპიის (resp. „აბაში“) - სამეფო დინასტიათა საერთო ბიბლიური წარმომავლობაა; ის, რაც უცნობი აღმოჩნდა II საუკუნის საქართველოში, კარგად იყო ცნობილი II საუკუნის ქართველთათვის.
როგორც ჩანს, აბდულმესიანის გაანალიზებული ტაეპების ქვეტექსტი - მეტაფორულად „აბაშით” გამოხატული - XII საუკუნისდროინდელი მძაფრი პოლიტიკური პოლემიკის ანარეკლია. სავარაუდოა, რომ თამარის ეპოქაში მწვავე პოლიტიკური დებატებისას - ეს დებატები რომ უთუოდ მწვავე იყო, ცხადად მოწმობს თამარის ორივე ისტორია - ბაგრატიონებისთვის „აბაშობის“ დაბრალება სრულიად კონკრეტულ პოლიტიკურ შინაარსს შეიცავდა. „აბაშობის“ დაბრალება მმართველი დინასტიისთვის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ამ ტროპის დადებით სემანტიკას. მაინც რა პოლიტიკურ შინაარსს შეიცავდა იგი? ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება გამოითქვას მოსაზრება, რომ XII საუკუნეში საქართველოს განათლებული წრეებისთვის კარგად იყო ცნობილი ევროპული პოლიტიკური თეოლოგია, რომელმაც არჩევით მონარქიას („საულის პარადიგმა“) მიანიჭა უპირატესობა, რაც დაფორმულდა კიდეც V ს. საფრანგეთში ცნობილ ფრაზაში: „სამეფო ხელისუფლება არის ღირსება და არა მემკვიდრეობითი საკუთრება“ [29;151]. ევროპული პოლიტიკური აზროვნება საუკუნეთა მანძილზე სწორედ ამ მიმართულებით ვითარდებოდა. ქართულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ ისტორიის გარკვეულ ეტაპზე, III საუკუნის მიწურულს ერთადერთი დინასტიის მარადიულ მეფობას - „დავითის პარადიგმას“ მიანიჭა უპირატესობა ბაგრატიონთა დინასტიის დავითიანობის საფუძველზე, ღვთისნებითობის თეორიას, რომელიც სრულიად უცხოა ევროპული პოლიტიკური თეოლოგიისთვის. ჩანს, „აბაში“ „დავითის პარადიგმის“ ანუ ერთადერთი დინასტიის მარადიული მეფობის მეტაფორაა; ამ ტროპის ანონიმი შემქმნელნი საქართველოში ევროპული ტიპის არჩევითი მონარქიის შემოღების იდეოლოგები იქნებოდნენ. როგორც არ უნდა იყოს, შავთელისეულმა ზმამ შემოგვინახა ისტორიული რეალია, ის „ჩვენთვის უცნობად დარჩენილი ნააზრევი»“ (შ.ნუცუბიძე), რომელიც უდავოდ XII საუკუნის ქართული პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი მრავლისმეტყველი დეტალია.
აქ იბადება მეორე კითხვაც: ადრევე იცოდნენ თუ არა საქართველოში აბაშთა იესიან-დავითიან-სოლომონიანი დინასტიის არსებობის შესახებ? ჩემის აზრით, კონკრეტული ისტორიული მასალის მიხედვით პასუხი ერთადერთია: დიაღ, იცოდნენ. თუკი „ქართველთა სამონასტრო კოლონიზაცია პალესტინაში მეხუთე საუკუნეში იწყება“ [9;89], ხოლო უკვე VI საუკუნეში პალესტინის მონასტრებში უკვე ვხედავთ ისეთი ქრისტიანი ეროვნების წარმომადგენლებს, როგორნიც არიან ეთიოპები [9;88], მაშინ ცხადია, რომ თითქმის სამი საუკუნის მანძილზე პალესტინაში გვერდი-გვერდ მოღვაწეობდნენ ქართველი და აბაში-ეთიოპი სასულიერო პირები. ასეთ ვითარებაში წარმოუდგენელიც კია, რომ განათლებულ ქართველებს არაფერი სცოდნოდათ აბაშთა ბიბლიური ჩამომავლობის სამეფო დინასტიის არსებობის შესახებ. კონტრარგუმენტი უსაფუძვლოდ მიმაჩნია. ვთვლი, რომ ამ პრეცედენტმა თავისი როლი შეასრულა ქართული პოლიტიკური თეოლოგიის ჩამოყალიბებაში.
* * * აქ კიდევ ერთი კითხვა ისმის: გვაქვს თუ არა საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლისას ისეთი მაგალითი, როდესაც „საულის პარადიგმა“ - ხალხის მონაწილეობით მეფის არჩევა - მოქმედებს? ჩემის აზრით, გვაქვს, და ეს ერთადერთი მაგალითი კვლავ ბაგრატიონთა წინაპართან, გუარამთან არის დაკავშირებული. ეს პირველი ბაგრატიონია, რომელიც სამეფო ტახტზე ავიდა. ამ ისტორიულ ფაქტს სუმბატ დავითისძე ასე აღწერს: „და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გუარამ, დავითის ნათესავისგან“ [14; 374]. აქ მთავარია სიტყვა „გამოარჩიეს“, და ის, რომ ამ გამორჩევის მიზნით „ერთად შეკრბა ყოველი ქართლი“. „გამოარჩიეს“ ნიშნავს არჩევას, და თუ პოლიტიკური თეოლოგიის კონტექსტში განვიხილავთ, იგი ფაქტის აღმნიშვნელი სიტყვა კი არ არის, არამედ ტერმინია და ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონს განეკუთვნება; ამას ისიც მოწმობს, რომ ქართული მონარქიის თავისებურების დასახასიათებლად ვახუშტი ბატონიშვილმა სწორედ ამ ტერმინს მიმართა: „არცაღა თუ გამორჩევით...“ [16, 17].
* * * შუასაუკუნეთა ქართული პოლიტიკური თეოლოგიის კვლევა ჩემმა რუსთველოლოგიურმა ინტერესებმა განაპირობა, რადგან სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული შეხედულება რუსთაველის პოლიტიკური კრედოს შესახებ საკამათოდ მეჩვენება.
საკითხი მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს მეფის ლეგიტიმურობის განსაკუთრებული სტატუსის გამო, და, როგორც ჩანს, VIII საუკუნის მიწურულს შექმნილმა პოლიტიკურმა თეოლოგიამ თავისი გავლენა იქონია როგორც ქართული სახელმწიფოს განვითარებასა და ერის ისტორიულ პერსპექტივაზე, ასევე ქართველი ერის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე.
Feci quod potui. აქ უკვე ფილოლოგმა კალამი უნდა დადოს და თავისი დასკვნები და მოსაზრებები ისტორიკოსს და სოციოლოგს გადასცეს, თუკი ისინი, რა თქმა უნდა, ამ საკითხებით დაინტერესდებიან.
დამოწმებული ლიტერატურა:
1. ბერძენიშვილი ნიკო. საქართველოს ისტორიის საკითხები, VII, „მეცნიერება“,თბ.,1979.
2. ინგოროყვა პავლე. გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა. ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან. თბ., 1954.
3. კარბელაშვილი მარიამ. მეფის ღვთისსწორობის იდეის შესახებ ვეფხისტყაოსანში. - მაცნე, ენისა და ლიტერატურის სერია, 1971, ?2.
4. კეკელიძე კორნელი. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ.I, თბ., 1956.
5. კეკელიძე კორნელი. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ.III, თბ.,1955.
6. კეკელიძე კორნელი. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ.VIII, თბ., 1962.
7. კეკელიძე კორნელი. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტიორიიდან, ტ.I. თბ., 1963.
8. კეკელიძე კორნელი. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ.II, თბ., 1973.
9. კეკელიძე კორნელი. ქართული ლიტერატურის ისტორია. ძველი ქართული მწერლობა. ტომის სარედაქციო კოლეგია: ალ. ბარამიძე, სოლ. ყუბანეიშვილი, მიხ. ჩიქოვანი, თბ., 1960.
10. ლორთქიფანიძე მარიამ. ლეგენდა ბაგრატიონთა წარმოშობის შესახებ. - კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები. თბ., 1966.
11. მცხეთური ხელნაწერი. გამოსაცემად მოამზადა ელ. დოჩანაშვილმა. თბ., 1982.
12. ნუცუბიძე შალვა. ქართული ფილოსოფიის ისტორია. ტომი მეორე. თბ., 1958.
13. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.III. საქართველო I - V საუკუნეებში. ტომის რედაქტორები ზურაბ ანჩაბაძე, ვიქტორ გუჩუა. თბ., 1979.
14. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტომი I, თბ., 1955.
15. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ყირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი II. 1959.
16. ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1973.
17. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა. თბ., 1984.
18. ძველი ქართველი მეხოტბენი. ბ. ჩახრუხაძე. ქება მეფისა თამარისი. ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა. თბ., 1957.
19. ძველი ქართველი მეხოტბენი. II. იოანე შავთელი. აბდულმესიანი. თამარ მეფისა და დავით სოსლანის შესხმა. გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და ლექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა. თბ., 1964.
20. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია. I. შედგენილი სოლ. ყუბანეიშვილის მიერ. თბ., 1946.
21. წერეთელი გიორგი. უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან. თბ., 1960.
22. ჯავახიშვილი ივანე. საქართველოს მეფე და მისი უფლების ისტორია. გადმობეჭდილი „ცნობის ფურცლიდან“. ელექტრონის სტამბა წიგნის გამომც. ქართული ამხანაგობისა. ტფილისი, 1905.
23. ჯავახიშვილი ივანე. ქართული სამართლის ისტორია, წიგნი მეორე, ნაკვეთი მეორე. ტფილისი. 1929.
24. Американская социология. Перспективы. Проблемы. Методи. М., 1972.
25. Барг. М.А. Шекспир и история, М., 1976.
26. Бесмертный Ю.Л. Некоторые соображения об изучении феномена власти и о концепции постмодернизма и микроистории - Одисей. Человек в историию Представления о власти1955. М., 1995.
27. Виппер Ю.П. Поэзия плеяды. Становление литературной школы. М.,1976.
28. Иоселиани Платон. И сторический взгляд на состояние Грузии под властью царей - магометан. Тифлис, 1849.
29. История Франции. В трех томах, том 1. Редакционная колегия: А.З. Манфред (редактор), В.М. Далин, В.В. Загладин, С.Н. Павлова, С.Д. Сказкин. М.,1972.
30. Келтуяла В. А. Курс истории русской литературы. Часть I. книга вторая. С. - Петербург, 1911.
31. . Ключевскии В.О. Сочинения в девяти томах. II. Курс русской истории. М., 1988.
32. Ключевскии В.О. Сочинения в девяти томах. V. Курс русской истории, М.,1989.
33. Косидовский Зенон. Библейские сказания. Издательство политической литературы. М., 1966.
34. Малинин Ю.П. “Королевская троица” во Франции XIV-XV вв. - Одиссей. Человек в истории. Представления о власть. 1995. М., 1995.
35. Марр Н. Возникновение и расцвет древне - грузинской светской литературы. - Журнал министерства народного просвещения, XII, 1899.
36. Мифологический словарь. главный редактор Е.Мелетинский. М., 1990.
37. Народы Африки. Под редакцией Д.А. Ольдерогге, И.И. Потехина. М., 1954
38. Пти-Дютаий Шарль. Феодальная монархия во Франции и Англии X - XIII в. М., 1938.
39. Тарн В. Эллинистическая цивилизация. М.,1949.
40. Фасмер Макс. Этимологический словарь русского язика. том III
41. Шартье Шарль. История сегодня; сомнения, вызовы, предложения. - Одиссей. Человек в истории. Представления о власти М., 1995.
43. Kantorowicz Ernst H. - The King's Two Bodies. A Study in Mediaeval Theology. Princeton, New Jersey. Princeton University Press, 1957.
44. Karbelashvili Maria. The Conception of Woman in the Aspect of the Grail Symbolics (Georgian Parallels for the problem). - Bulletion of the Georgian Academy of Sciences, 156, N 1, 1997.
45. Klaniczay Gabor, The Uses of Supernatural Power. The Transformation of Popular Religion in Medieval and Early-Modern Europe. Translated by Susan Singerman. Edited by Karen Margolis. Polity Press.
Mariam Karbelashvili
Bagrationi Dynasty and Georgian Political Theology (Materials for the investigation of Georgian political thought)
The author for the first time in Georgian historic and philological science formulates the basic principles of the medieval political theology concerning the legitimization of kingship in Georgia and Europe. Studied thoroughly the special works the author comes to the conclusion that Georgian type of monarchy radically differs from the European type and as a matter of fact is unique. The main thing is the theory of the divine origin of the Bagrationi family: there is a very ancient historical tradition that Georgian Bagrationi were the direct descendants of the Biblical King David. So the Bagrationi dynasty ruled their kingdom Georgia “by the will of God” (“David's paradigm”) while all European dynasties rule their kingdom “by the grace of God” (“Saul's paradigm”). It may be said that Georgian type of monarchy is a special theory of Georgian political theology in contradiction with the common European theory of monarchy of the medieval political theology.
______________
1. ბიბლიაში მეფის ხელისუფლების ლეგიტიმაციის მეორე მოდელიც არსებობს: იგი დავითს - ისრაელის უდიდეს მეფეს და წინასწარმეტყველს - უკავშირდება.
2. მოხსენდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ყველი ქართული ლიტერატურის განყოფილებას 1995 წლის 4 მაისს |