იცოდე შენი სოფლის წარსული
მკითხველისთვის ცნობილია, რომ დიდი ხანია ვიკვლევ მშობლიური სოფლის – მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. ბანძის ისტორიულ წარსულს. ამ თემატიკაზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ცალკეული პუბლიკაციები თავმოყრილია სერიით – ,,ბანძა – ესკიზები სოფლის წარსულიდან“, გამოცემულ წიგნებში. ვაგრძელებ ამ მიმართულებით მუშაობას და ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ ორ საარქივო დოკუმენტზე. ევროპის ერთ-ერთ უძველეს სამეფო დინასტიას, ცნობილს ტახტის მფლობელობის ათასწლოვანი ისტორიით, ბაგრატიონთა დინასტია წარმოადგენს. ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლას შედეგად მოჰყვა ,,თუის თუისად“ ყოფნა, სეპარატიზმი და ფეოდალური ანარქია. წარმოიქმნა ბაგრატიონთა სამეფო სახლის გვერდითი შტოები, მათ შორის – იმერეთის ბაგრატიონთა სახლის განშტოება. იმერეთის სამეფო სახლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია სოლომონ I (1752-1784 წწ.), ძე ალექსანდრე V-ისა. სოლომონს ჰყოლია და-ძმა: დავითი, იესე, ბაგრატი, არჩილი, მარიამი. ცნობილია ბაგრატის (1741-1800 ) ორი ვაჟიშვილის ვინაობა. პირველია დავითი (1781-1820 წწ.), რომელიც შეეძინა მარიამ გიორგის ასულ ერისთავ-შარვაშიძისაგან (1741-1820 წწ.). მეორე შვილია უკანონოდ შობილი სიმონი (1771-?). ამ სიმონის შვილთაშვილები იყვნენ ოლგა (1843-?), როსტომი (1845-?) და მარიამი (1848-?). სწორედ ოლგა და როსტომია დაკავშირებული ბანძასთან. საქართველოს სახელმწიფო ისტორიულ არქივში, ბანძა-შაურკარის წმ. გიორგის საეკლესიო მეტრიკულ ჩანაწერებში მივაკვლიეთ ოლღა ბაგრატიონის გარდაცვალების შესახებ მეტად საგულისხმო ინფორმაციას. კერძოდ, ირკვევა, რომ 1872 წლის 22 ივნისს ჭლექით გარდაცვლილა და 25 ივნისს ბანძის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში დაუკრძალავთ ოლღა ბაგრატიონის ასული, რომელსაც წესი აუგო მღვდელმა მარკოზ გაბუნიამ, დიაკვან სიმეონ კეკელიას თანამონაწილეობით. ამ დროს იგი 40 წლისა ყოფილა. მაშასადამე, ბანძა-შაურკარის ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერის მიხედვით ოლღა დაბადებულა 1832 წელს. შდრ. 2003 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და ,,ბაგრატოვანთა სახლის“ მიერ გამოცემულ კოლექტიურ ნაშრომს, რომელშიც შესულია ცნობილ ქართველ მეცნიერთა შრომები ბაგრატიონთა საგვარეულოს შესახებ, ერთვის ტაბულა N7 (,,იმერეთის მეფეები ბაგრატიონთა დინასტიიდან“), სადაც სიმონ ბაგრატიონისა (1812-?) და თათია დავითის ასული წერეთლის (1813-?) ქალიშვილის – ოლგას დაბადების თარიღად მითითებულია 1843 წელი. რა აკავშირებდა ბაგრატიონთა დინასტიის იმერეთის შტოს წარმომადგენელს ოდიშის სოფელ ბანძასთან? რატომ უნდა დაკრძალულიყო იგი შაურკარის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საეკლესიო ჩანაწერებში პირდაპირი მითითება არ არის, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოლგა ბაგრატიონი ოდიშის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის წარმომადგენლის – ფაღავას მეუღლე უნდა ყოფილიყო. ცნობილია, რომ ფაღავების სათავადოს ცენტრს სოფელი ბანძა წარმოადგენდა. 1872 წლის აღწერის მონაცემებით ფაღავებს ეკუთვნოდათ შემდეგი სოფლები: ბანძა, ვედიდკარი, მუხურჩა, ონოღია, ნაჯახუ, ნაგებერუ, ნახუნუ (ი. კეკელია, ბანძა – ესკიზები სოფლის წარსულიდან, III, ქუთ., 2021, გვ. 103). XIX საუკუნის საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით ბანძელი ფაღავების ძირითადი ნაწილი სწორედ ბანძა-შაურკარის ეკლესიის ეზოში და ,,გალავანსა შინა“ იკრძალებოდნენ. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს კიდევ ერთი გარემოება: ოლგას ძმის – როსტომ ბაგრატიონის ( 1845 - ? ) მეუღლე იყო ნატალია კონსტანტინეს ასული ფაღავა. ზემოთ დასახელებულ წიგნზე (,,ბაგრატიონები“) დართულ გენეალოგიურ ტაბულაზე (N7) ნატალიას დაბადების თარიღად მითითებულია 1856 წელი, ხოლო გარდაცვალების თარიღი უცნობია. ნატალია რომ ბანძელი ფაღავების საგვარეულო დინასტიის წარმომადგენელია, უტყუარად დგინდება ჩვენ მიერ ბანძა-შაურკარის წმ. გიორგის ეკლესიის 1872 წლის მეტრიკული ჩანაწერით, რომლის თანახმად 26 წლის როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონს 29 ოქტომბერს ჯვარი დაუწერია 21 წლის ნატალია კოსტას ასულ ფაღავაზე. ჯვრისწერის საიდუმლო აღასრულა ბლაღოჩინმა მღვდელმა საბა გაბუნიამ, დიაკვან სვიმეონ კეკელიას მონაწილეობით. სასიძოს თავდებნი (მეჯვარენი) ყოფილან აზნაური დავით მესხი და ,,პორუჩიკი“ კონსტანტინე ანდრიას ძე მარჯანიშვილი, ხოლო სასძლოსი: თავადი ბესარიონ ტოტის ძე ფაღავა და აზნაური იოსებ მურზაყანის ძე გაბუნია. ჯვრისწერის მოწმეებად დასახელებულია მიხაილ და ალექსანდრე ფაღავები. აქვე დამატებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სასიძოს თავდებად დასახელებული ,,პორუჩიკი“ კონსტანტინე მარჯანიშვილი იყო როსტომის სიძე. მას ცოლად ჰყავდა როსტომ და ოლღა ბაგრატიონების და მარიამი (1848-?). ფაღავაზე იმერელი როსტომ ბაგრატიონის ჯვრისწერა სწორედ ბანძის მიწას მიბარებული მისი დის – ოლღას მეუღლესთან - ჯერჯერობით ვინაობადაუდგენელ -სავარაუდოდ თავად ფაღავასთან - ნატალია კოსტას ასულ ფაღავას შესაძლო ნათესაობით უნდა აიხსნას. კოსტა, ბესარიონ ტოტის ძე, მიხაილ, ალექსანდრე ფაღავები და ოლგას მეუღლე – უცნობი თავადი , არ არის გამორიცხული, რომ სულაც სახლიკაცები ყოფილიყვნენ. საეკლესიო მეტრიკული ჩანაწერების შემდგომი გულდასმითი კვლევა-ძიება სხვა არაერთ ბუნდოვან საკითხს მოჰფენს ნათელს. იგორ კეკელია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი , 2024 წ. |