 | წმიდა მირიან მეფე და ნანა დედოფალი | ჩვენი წელთაღრიცხვით 260 წელს სპარსელებმა რომაელები დაამარცხეს. ისინი ჩვენს რეგიონში გაბატონდნენ. არმენული დინასტიის მეფე ტირიდატი რომში გაიქცა. "ქართლის ცხოვრებაში" ტირიდატი ცნობილია, როგორც "ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით თრდატ... და იყო იგი გოლიათი". საქართველო სამეფო ტახტს ინარჩუნებდა, თუმცა იგი აღიარებდა სპარსეთის ჰეგემონიას რეგიონში და იძულებული იყო, მისი მოკავშირე ყოფილიყო. 284 წელს რომის იმპერატორი გახდა წმიდა გიორგის მაწამებელი დიოკლიტიანე. დიოკლიტიანემ თანაიმპერატორად მაქსიმიანე დაისვა. ორივე ავგუსტუსის ტიტულს ატარებდა. დიოკლიტიანემ მოადგილე კეისრად გალერიუსი გამოაცხადა, მაქსიმიანემ კი - კონსტანციუს ქლორუსი. ეს იყო "ტეტრარქია", ოთხთა მმართველობა. "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, მირიან მეფე ფლობდა ქართლს, სომხეთს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და ადარბადაგანს. როცა იგი დარუბანდში იყო წასული ხაზარების მოსაგერიებლად, რომის იმპერიას ველური გერმანული ტომები შეესივნენ. ბრძოლის ველზე გუთების მეფემ რომაელთა ერთ-ერთ კეისარს ერთი ერთზე შერკინება მოსთხოვა. კეისარმა ხრიკი იხმარა, თავისი ჯაჭვ-საჭურველი სომეხთა მეფის გოლიათ ძეს თრდატს (ტირიდატს) ჩააცვა და თავის მაგივრად გაუშვა გერმანელთა ბელადთან საბრძოლველად. თრდატმა დაამარცხა გუთი და შეიპყრო. გერმანელები გაიქცნენ. რომაელებმა დაუფასეს თრდატს. კეისარმა ჯარი მისცა და არმენიაში გამოაგზავნა. თრდატმა ისარგებლა სპარსეთში ტახტისთვის ატეხილი ძმათაშორისი ომით და სომხეთის ტახტი დაიბრუნა, თუმცა დროებით. მას კვლავ მოუწია რომში გაქცევამ. იმ პერიოდში კაბადოკიაში ცხოვრობდა წარჩინებული ზაბულონი, წმიდა გიორგის მეგობარი და ნათესავი. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი იყო წარმოშობით მოსხი-მესხი, ელინიზებული. ზაბულონი შევიდა მაქსიმიანეს სამსახურში, რომელიც რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილებს განაგებდა. ზაბულონმა ფრანკების წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინა, როგორც მხედარმა და სარდალმა. მან დაამარცხა გალები და ფრანკები. შემდეგ გამოსთხოვა მათი ბელადების სიცოცხლე მაქსიმიანეს და რომის პაპის კურთხევით ფრანკთა ტომები ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამის მერე ზაბულონი დაბრუნდა კაბადოკიაში, იქორწინა იერუსალიმის მომავალი პატრიარქის, იობენალის დაზე, სოსანაზე, რომელიც ასევე,
 | წმიდა კონსტანტინე იმპერატორი და დედამისი, წმიდა ელენე | ალბათ, მოსხი იყო. მათ შეეძინათ ასული ნინო. მაქსიმიანე კეისარს მრავალი თავგადასავალი გადახდა. იგი დიოკლიტიანეზე არანაკლებ ვერაგი და გაიძვერა იყო, ქრისტიანთა მდევნელი და მატყუარა, თუმცა ნაკლებად ნიჭიერი. მაქსიმიანემ ბოლოს თავი მოიკლა, რადგან კონსტანტინე ქლორუსის ძეს და მემკვიდრეს - კონსტანტინე იმპერატორს განძი მოჰპარა და აუჯანყდა. კონსტანტინე მისი სიძე იყო, მან მოხუცი მაქსიმიანე, საკუთარი ძის _ მაქსენციუსის მიერ დევნილი, შეიწყნარა. თუმცა მაქსიმიანემ ღალატით უპასუხა. კონსტანტინე იმპერატორმა 313 წელს გამოსცა მილანის ედიქტი, რითაც დასრულდა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. კონსტანტინე თავადაც მოინათლა, ჩაატარა მსოფლიო საეკლესიო კრება, დედასთან, ელენე დედოფალთან ერთად გააქრისტიანა რომის იმპერიის დიდი ნაწილი და საბერძნეთი. ქრისტიანულმა სამყარომ კონსტანტინე და ელენე წმინდანებად აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე გაქრისტიანებამდე დიდად ცოდვილი იყო. თავისი შვილიც კი მოკლა. მეთერთმეტე საუკუნეში საფრანგეთში, მარსელში იპოვეს მაქსიმიანეს სარკოფაგი. მისი დაბალზამებული, კარგად შენახული ცხედარი მარსელის არქიეპისკოპოსის ბრძანებით, როგორც ქრისტესა და წმინდა კონსტანტინე იმპერატორის მტრისა, ზღვაში გადააგდეს. ლეგენდის მიხედვით, სადაც ქრისტიანთა ვერაგი მტრის გვამი ჩავარდა, ზღვა განუწყვეტლივ მძვინვარებს ქარიშხლისგან. 298 წელს გალერიუსმა დაამარცხა სპარსეთი. ნისიბინის ზავით იბერია, სომხეთი და მესოპოტამია რომაელთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. თრდატმა ტახტი დაიბრუნა. ამის შემდგომ, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, კონსტანტინე იმპერატორმაც დაამარცხა სპარსელები და მათი მოკავშირე მირიან III, იბერიის (ქართლის) მეფე. მირიანმა მას თავისი ძე ბაქარი მისცა მძევლად.
მირიანი და თრდატი დიდხანს მტრობდნენ ერთმანეთს. ხან მირიანი აოხრებდა არმენიას, ხან თრდატი ესხმოდა თავს ქართლს. ვერც ერთს ვერ გაემარჯვა. ვერც ვერავინ მოკლა თრდატი, რამეთუ იყო დიდად ძლიერი, გოლიათი. ბოლოს კონსტანტინე კეისრის ჩარევით დაზავდნენ და დამოყვდრდნენ მირიანი და თრდატი.
მირიანის ძე რევი დააქორწინეს თრდატის ასულ სალომეზე. საზღვარიც კონსტანტინემ განუჩინა მათ. ის ტერიტორიები, რომელზედაც მდინარე
 | წმიდა ნინო | ები მიემართებიან სამხრეთით და შეერთვიან არაქსს, არმენიის საკუთრებად გამოცხადდა, ხოლო ის მიწა-წყალი, რომლის მდინარეებიც ჩრდილოეთით მიედინებიან და მტკვარს შეერთვიან, ქართლად იქნა აღიარებული. სხვათა შორის, ეს იმ დროისთვის ეთნიკურად სამართლიანი და გეოსტრატეგიულად გამართლებული იყო. ამის მერე ქართლს და არმენიას ბამბაკის მთები ყოფდა. სამწუხაროდ, დღეს ასე აღარაა. ნინოს მშობლები ზაბულონი და სოსანა მონასტერში შედგნენ. ნინოზე მისი ბიძა, იერუსალიმის პატრიარქი ზრუნავდა. ნინო ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშობით, გლახაკთა მოწყალებით და სათნოებით.
მას განსაკუთრებით აინტერესებდა ქრისტეს ცხოვრების დეტალები. ერთხელ სარა ნიაფორმა, დვინელმა სომეხმა, რომელსაც უვლიდა წმიდა ნინო, უამბო ქრისტეს ჯვარცმის და აღდგომის შესახებ. წმიდა ნინო ძალიან დაინტერესდა ქრისტეს ჯვრით, კვართითა და არდაგით(სუდარით), რომელშიც გაახვიეს იესუ ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ.
სომეხმა სარა ნიაფორმა უთხრა მას, რომ ქრისტეს კვართი იყო მცხეთაში, ქრისტეს სუდარა ქრისტეანედქმნილმა პილატეს ცოლმა წაიღო პონტოში ლუკა მახარებელთან. ახლა ის დაკარგულიაო (ქრისტეს სუდარა ახლა ნაპოვნია, ის ტურინის სუდარის სახელითაა ცნობილი, მასზე სასწაულებრივად ქრისტეს გამოსახულებაა აღბეჭდილი). ჯვარი იერუსალიმშია დამარხული, ოღონდ სად - მხოლოდ ღმერთმა იცისო.
გავიდა ხანი. იერუსალიმში ქალაქ ეფესოდან წარჩინებული დედაკაცი ჩავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად.
ერთხელ სიონის მთის ვენახებთან წმიდა ნინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში - მცხეთაში სახარების საქადაგებლად. დედაღვთისამ გადასცა წმიდა ნინოს ვაზის რტოსგან გაკეთებული ჯვარი და უთხრა: "ესე იყოს მცველი შენი და ამით სძლიო ყოველთა წინააღმდგომთა შენთა. და წარემართოს ქადაგებაჲ შენი და მე ვიყო შენ თანა და არა დაგიტეო შენ". წმიდა ნინომ ყოველივე უამბო იერუსალიმის პატრიარქს. მან დალოცა დისშვილი და ეფესოელ ქალს გააყოლა. ეფესოში წმიდა ნინომ გაიცნო მთავრების შთამომავალი ქალი, რიფსიმე, რომელიც ქრისტეს სჯულს აზიარა. თურმე, რიფსიმეს სილამაზის ამბავი დიოკლიტიანეს შეუტყვია და მისი ცოლად მოყვანა გადაუწყვეტია. ქრისტიან რიფსიმეს თავი ქრისტესთვის ჰქონდა მი ძღვნილი და არ შეეძლო, ქრისტიანთა მმუსვრელ დიოკლიტიანეს გაჰყოლოდა. ამიტომ იგი, მისი გამზრდელი გაიანე, წმიდა ნინო და ოცდაათი ახლად მოქცეული ქალი გაიპარნენ ეფესოდან. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი თრდატ მეფის სამეფოს, არმენიას მიადგნენ. დიოკლიტიანემ შეიტყო მათი ამბავი და მისწერა თავის ქვეშევრდომს, გოლიათ თრდატს, რომ მოეძებნა რიფსიმე და მიეძღვნა მისთვის.
თრდატმა შეიპყრო წმიდა დედების დიდი ნაწილი. იგი მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და განიზრახა, თავისთვის დაეტოვებინა. რასაკვირველია, წმიდა რიფსიმე არ დათანხმდა. თრდატმა აწამა მისი გამზრდელი გაიანე, მხლებლები და თავად რიფსიმეც. ყველა სიხარულით შეხვდა ქრისტესთვის წამებასა და სიკვდილს. როგორც ამბობენ, ღმერთმა არ აპატია თრდატს მის წინააღმდეგ გალაშქრება და გადმოცემის მიხედვით ღორად გადააქცია, სანამ არ მოინანიაო. აქ ალბათ სიმბოლიკაა და რამე ფსიქიკური დაავადება იგულისხმება. მას შემდეგ რაც შეინანა სომეხტა მეფემ, მას ეპატია და დაუბრუნდა ადამიანის სახე.
წმიდა ნინო სასწაულებრივად გადაურჩა თრდატის მიერ დატყვევებას. მას ხმა შემოესმა ზეციდან, რომელმაც ჩრდილოეთით, მცხეთისკენ წასვლა უბრძანა.
მრავალი გაჭირვების მერე წმიდა ნინო მოადგა იბერიის დედაქალაქს, მცხეთას. აქ უკვე გავრცელებულიყო ამბავი თრდატის ღორად და ისევ კაცად გადაქცევის შესახებ. იბერები თავადაც შეესწრნენ სასწაულს. უფალმა წმიდა ნინოს ლოცვით ჭექა-ქუხილი მოუვლინა მცხეთას და დაამხო წარმართული კერპები. გავიდა სამი წელი. წმიდა ნინომ მრავალი მცხეთელი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამასობაში, როგორც ზემოთ ვახსენეთ, კონსტანტინე მეფემ კიდევ ერთხელ დაამარცხა სპარსელები. გადმოცემით, წმიდა კონსტანტინემ ბრძოლის წინ ცაში ჯვარი იხილა და ეუწყა, ამით გაიმარჯვებო. იგი მყარად დაადგა ქრისტიანულ გზას. მალე წმიდა კონსტანტინესა და მისი დედის, წმიდა ელენე დედოფლის მეცადინეობით იერუსალიმში იპოვეს ქრისტეს ჯვარი. მასზე მიკარებით სნეულები სასწაულებრივად იკურნებოდნენ.
წმიდა ნინოს მიერ მოხდენილმა სასწაულებმაც დიდი შედეგი გამოიღო და ქრისტიანულად მოინათლნენ ქართლის (იბერიის) მეფე და დედოფალი, წმიდა მირიანი და წმიდა ნანა. ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეს იყო დაახლოებით 317-318 წლებში. |