მეათე საუკუნის მეორე ნახევარი და მთელი მეთერთმეტე საუკუნე საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლას შეალიეს ქართველმა მეფეებმა. ღირსეულად უძღვებოდნენ ამ უდიდეს მისიას ქვეყნის საჭეთმპყრობელნი: წინა აზიაში უდიდესი ავტორიტეტის მქონე დავით მესამე კურაპალატი და მისი შვილობილი, გამორჩეულად ძლიერი ხელმწიფე ბაგრატ მესამე, უშიში და ბიზანტიის წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი გიორგი პირველი, რომელმაც სულ 25 წელი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით - 29 წელი) იცოცხლა, მაგრამ შეუპოვარი მებრძოლის სახელი დატოვა. მისმა მემკვიდრემ ბაგრატ მეოთხემ კი ბალავერი დაუდო მეთორმეტე საუკუნის უძლიერეს საქართველოს. ისევ პაექრობა ბიზანტიასთან მცირეწლოვანი ავიდა სამეფო ტახტზე ბაგრატ მეოთხე. მხოლოდ 9 წლისა (ზოგიერთი წყაროთი 7 წლისა) იყო, როდესაც 1027 წელს, მამამისი, გიორგი პირველი გარდაიცვალა. ურთულესი იყო ქვეყნის მდგომარეობა. მრავალწლიან ომში ვიყავით ჩართულები ბიზანტიის იმპერიასთან, რომელიც ტაო-კლარჯეთს და საერთოდ სამხრეთის მიწა-წყალს გვედავებოდა. ბიზანტიას არც საქართველოს გაერთიანების ტენდენციები ეხატებოდა გულზე. პირდაპირ ვთქვათ, რომ საბოლოოდ, მამა-შვილის, გიორგი პირველისა და ბაგრატ მეოთხის გონივრულმა პოლიტიკამ და შეუპოვარმა ბრძოლამ მეთერთმეტე საუკუნეში შეუნარჩუნა დამოუკიდებლობა ქვეყანას და საბედნიეროდ, ჩვენ არ გავიზიარეთ მეზობელი სომხეთის ბედი, რომელმაც ვერ გაუძლო ბერძენთა იმპერიის აგრესიას და შეწყდა მისი სახელმწიფოებრიობა. ...დასაწყისი კი მეტად ძნელი იყო. 1028 წელს იმპერატორი კონსტანტინე აოხრებს ტაოს, იმ მიწა-წყალს, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბასილი მეორე ბულგართმჟლეტისგან იყო იავარქმნილი. ამით აგრძნობინებს ქართველებს, რომ იმპერატორები იცვლებიან, მაგრამ პოლიტიკა და პრეტენზიები საქართველოს მიმართ არ იცვლება. ტაოს შემდგომ თრიალეთს მოადგნენ ბიზანტიელნი, მაგრამ ლიპარიტ ბაღვაშმა აჩვენა მტკიცე მახვილის ძალა და უკუაქცია. პირისპირ ბრძოლის გარდა არც დივერსიას და გაერთიანების გზაზე დამდგარი ქვეყნის შიგნიდან გახლეჩის მცდელობას თაკილობდა ბიზანტია. განზე გამხედვარ დიდებულებს რა გამოლევდა... არ სურდა ბევრს მეფის მტკიცე ხელისუფლება. უკიდეგანო უფლებები ეზღუდებოდათ, ბიზანტიური ძღვენ-ტიტულებიც ხიბლავდათ. ასე უგანეს მეფეს ვაჩე კარიჭის ძემ და ბანას ეპისკოპოსმა იოანემ, ჩანჩახა ფალელმა და არჯევან ჰოლოლას ძემ, შავშეთის ერისთავმა და „უუმრავლესნმა აზნაურნმა ტაოსა“, ციხიანებმა და უციხოებმა... მთლად უიმედოდაც არ იყო საქმე. საბედნიეროდ, არ დაშრეტილა და არც დაიშრიტება სამშობლოსადმი ერთგულების უხილავი ენერგია. სასულიერო პირები დადგნენ საქართველოს სამხრეთი მიწა-წყლის დარაჯად _ სპეტაკნი სულით და შეუდრეკელნი ღონით _ ეპისკოპოსნი საბა მტბევარი და ეზრა ანჩელი. კიდევ ერთხელ უკუაგდეს მტერი და დუშმანი სამხრეთიდან. ჯვრისწერა მცირეწლოვანთა საჭირო იყო სახელისუფლებო-დიპლომატიური ღონისძიებანი, რაც ითავა ბაგრატ მეოთხის დედამ, სახელოვანი სენექერიმის (სომეხთა მეფის) ასულმა და საქართველოს დედოფალმა მარიამმა. ამ დროს კონსტანტინეპოლში ახალი იმპერატორია _ რომანოზ მესამე. მას, კონსტანტინეპოლის პრეფექტ-ეპარქოსს, როგორც ხშირად ხდებოდა ბიზანტიაში, შემთხვევით „მიართვეს“ ტახტი. კონსტანტინე მერვემ სიკვდილის წინ დაიბარა იგი და ერთ-ერთი ქალიშვილის (მეფეს სამი შეუხედავი ასული ჰყავდა, სამივე გაუთხოვარი), ზოიას ხელი შესთავაზა. სხვა რა გზა ჰქონდა რომანოზს, კანონიერ ცოლ-შვილს, შერისხვასა და ყველაფრის დაკარგვას უსახური ზოიას ქმრობა, იმპერატორობა და დიდება არჩია. სწორედ ამ რომანოზთან აწარმოა მოლაპარაკება კათალიკოს მელქისედეკის თანხლებით მარიამმა. ამჯერად მშვიდობა ბიზანტიისათვის ხელსაყრელი აღმოჩნდა და ერთობისა და სიყვარულის ფიციც დაიდო ორ ქვეყანას შორის. და რომ ეს ფიცი უფრო განმტკიცებულიყო, იმპერატორმა „მოსცა პატივი კურაპალატობისა და მოსცა ცოლად ბაგრატისათვის დედოფალი ელენე“ - თავისივე ძმისშვილი. საზღვარზევე შემოეგებნენ მაყრიონს ბაგრატი და ამალა მისი. ერთმანეთი გაიცნეს და გაიხარეს ბავშვებმა - 12-13 წლისანი იქნებოდნენ. ჯვრისწერაც გაიმართა ბანას დიდებულ მონასტერში. უჩვეულო და უმშვენიერესი სანახაობა მოეწყო. ახალწამოჩიტული ნეფე-პატარძალიც ბედნიერები იყვნენ და ერთმანეთს შეხაროდნენ... სამწუხაროდ, დიდხანს არ გაგრძელდა პატარების სიყვარული. დღენაკლული აღმოჩნდა ბერძენი დედოფალი და მოკლე ხანში აღსერულა კიდეც. მცირეხნიანი „მეგობრობაც“ ორ ქვეყანას შორის ქიშპით შეიცვალა. მოგვიანებით სამოყვროდ ქართველთა სამეფო კარი კავკასიონის იქით მეზობელ ოსებს დაუკავშირდა და ბაგრატ მეოთხემ ცოლად შეირთო ელენეზე არანაკლებ მშვენიერი ბორენა, ასული მეფე ურდურესი. სხვათა შორის, ოვსთა ასულებს დაადგეს თვალი ქართველმა მეფეებმა, მეტადრე ამ ეპოქაში. განთქმულნი იყვნენ სილამაზით ამ ტომის ქალები. სტეპური სიმკაცრე შერწყმული იყო კავკასიურ მომხიბვლელობასთან. თუმცა პოლიტიკაც არ უნდა დავივიწყოთ. ადრეფეოდალური სახელმწიფო ყალიბდებოდა ალან-ოსებში, ქართველთათვის ხელსაყრელი იყო ძლიერ მოკავშირეს გაეკონტროლებინა დარიალის, იმავე დარიალანის ჩრდილო კარიბჭე. ოსი ქალებისთვის კი მიმზიდველი, უფრო მეტიც, დიდი პატივი იყო კავკასიისა და წინააზის ერთ-ერთი უძველესი და დიდი კულტურის მქონე ხალხის დედოფლობა. ბაგრატის მამას, გიორგი პირველს მეორე ვაჟიც ჰყავდა „სხვა ცოლისაგან“ _ ოვსთა მეფის ასულ ალდესაგან _ დემეტრე. ახლა მისი გამოყენება სცადეს შინაურმა და გარეშე მტრებმა. მან კი ძლიერი მფარველი, ბიზანტია ამოირჩია და როგორც ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი კედრენე მოგვითხრობს, ერთგულების დასამტკიცებლად ბიზანტიას ანაკოფია (ახალი ათონი), ეს უმტკიცესი ციხე „მიართვა“. მიიღო კიდევაც სანაცვლოდ მაგისტროსის ტიტული. კარგა ხანს გამოიყენეს ბიზანტიელებმა პლაცდარმად ანაკოფია. დიდი ბრძოლა დასჭირდათ ქართველებს, რომ ბერძნებისათვის აქედან ფეხი ამოეკვეთათ. მეფისა და ლიპარიტის ოცწლიანი ჩხუბი მცირეხნიანი მშვიდობა ჩამოვარდა ბიზანტიასთან. ისარგებლა ამ „შესვენებით“ ბაგრატმა და განძა (განჯა) დალაშქრა. სასტიკად დაამარცხა გადიდგულებული ფადლონ - ამირა განძისა. ამის შემდეგ კი იწყება ბრძოლა თბილისისათვის. თითქმის ოთხი საუკუნე (!) იყო გასული მას შემდეგ, რაც არაბები დამკვიდრნენ ქართლის უმთავრეს ქალაქში. სახალიფოს შესუსტების შემდეგ, მეცხრე საუკუნიდან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად, საამიროდ ჩამოყალიბდა თბილისი. მოსახლეობა უმეტესად ქართული იყო, მმართველნი - არაბნი და სხვა ჯურის მუსლიმნი. ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქი და სავაჭრო ცენტრი იყო მახლობელ აღმოსავლეთში თბილისი. ნაყოფიერ სანახებსა და ძლიერ ციხეებსაც ფლობდა ქვემო ქართლში. სწორედ ამ მამულებს დაადგა თვალი ლიპარიტ ბაღვაშმა, უძლიერესმა დიდებულმა მაშინდელი საქართველოსი. 1032 წელს დიდებულ იოანე აბაზას ძესთან ერთად გამოიტყუეს თბილისის ამირა ჯაფარ ალის ძე, დაატყვევეს და ბირთვისის ციხეც აიღეს. ეჭვით შეხვდნენ სხვა დიდებულები ამირას შეპყრობას. ლიპარიტის გავლენა და მამულები კიდევ უფრო იზრდებოდა და მეფისთვისაც საშიში ხდებოდა იგი. ამიტომაც დაყაბულდა ბაგრატი დიდებულების რჩევას და გაათავისუფლა ამირა ჯაფარი. წყენა არ შეიმჩნია, მაგრამ გულში კი ჩაიდო ლიპარიტმა. ხუთი წლის შემდეგ ლიპარიტმა კვლავ შემოარტყა ალყა თბილისს. ორი წელი გაგრძელდა გარემოცვა. ქალაქში საშინელმა შიმშილმა დაისადგურა, მემატიანეთა ცნობით, სხვა რომ არა იშოვებოდა, „ერთი ლიტრა (სამასი გრამი) ვირის ხორცი ხუთასი დრაჰმა ღირდა“. ამირას ტივები და ნავები გამზადებული ჰქონდა, რომ უჩუმრად დაშვებულიყო მტკვარზე, მაგრამ კვლავ ბედმა გაუღიმა. ლიპარიტის გარეშე მოურიგდა მას ბაგრატი, ალყა მოხსნა ქალაქს და სანაცვლოდ, მხოლოდ ბირთვისისა და ფარცხისის ციხეები დაიკავა. ამით საბოლოოდ გადაიმტერა ბაღვაში და მათი უმაგალითო ქიშპი და მტრობა თითქმის ოცი წელი გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე ვერაფერი მოუხერხა მეფემ თავის ფეოდალს - წამქეზებელი და მხარდამჭერი ბიზანტია ჰყავდა ლიპარიტს. მაგრამ თავად ლიპარიტ ბაღვაშიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო საქართველოს ისტორიაში და დიდი სახელიც ჰქონდა იმდროინდელ მეფე-სულთნებსა და მხედართმთავარ-დიდგვაროვნებს შორის. ერთად, ერთ ეპოქაში მოუწია ორ დიდებულ პიროვნებასა და გამოჩენილ სარდალს მოღვაწეობა - საქართველოს გაერთიანებისთვის დაუცხრომელ მებრძოლ ბაგრატ მეოთხეს და მის ურჩსა და დაუოკებელ ვასალს ლიპარიტ ბაღვაშს. დიდად დასანანი კი სწორედ ის არის, რომ თავისი ნიჭი და უნარი ლიპარიტმა საქართველოს ძლიერებას კი არ შეალია, არამედ ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ უშეღავათო ბრძოლას. მკვლევარები მანანა სანაძე და თამაზ ბერაძე გვაწვდიან უცხოელი მემატიანის საინტერესო ცნობებს, რაც ნათლად ახასიათებს ლიპარიტ ბაღვაშის სახელსა და პიროვნებას. ლიპარიტი, ბიზანტიელებთან ერთად იბრძოდა წინა აზიაში თურქ-სელჩუკებისა და მათი სულთნის, თოღრულ ბეგის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში 1048 წელს ტყვედ ჩავარდა ლიპარიტი. ბიზანტიის კეისარმა კონსტანტინე მეცხრე მონომახმა სულთანს ნახევარ ტონაზე მეტი ოქრო (რაც 400 ათასი დინარით გამოიხატებოდა) შესთავაზა თანამებრძოლის გამოსახსნელად. და აი, შუა საუკუნეების რაინდული ურთიერთობის ღირსეული ნიმუში: თოღრულ ბეგმა იუკადრისა ასეთი გამოჩენილი მხედართმთავრის სანაცვლოდ თანხის აღება და გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლა. კმაყოფილმა კეისარმა კი მართლაც მეფური გულუხვობით გადაუხადა სამაგიერო თოღრულ ბეგს. არნახული ძღვენი გაუგზავნა (რომელზე უარის თქმაც წარმოუდგენელი იყო მაშინ) _ 100 ფარჩისა და 500 სხვა სამოსი, 500 ცხენი, 200 ათასი დინარი (ანუ მეოთხედი ტონა ოქრო), 100 ვერცხლის ზოდი, 300 საპალნე ცხენი, 300 ეგვიპტური სახედარი, 1000 თეთრბეწვა, შავთვალა და შავრქიანი თხა, ხოლო შუამავალსა და საქმის მომრიგებელ იბნ მირვანს, დიარბექირ-ხლათ-მანაზკერტის გამგებელს უძღვნა ათი მანი, ანუ 8.125 გრამი მუშკი - უძვირფასესი სურნელოვანი ნივთიერება, რომელიც ჩინეთიდან და ტიბეტიდან შემოჰქონდათ. ამ ფაქტის აღსანიშნავად კონსტანტინე მონომახმა კონსტანტინეპოლში, არაბი ხალიფა აბდ ალ-მალიქის ძმის, სარდალ მასლამას მიერ მერვე საუკუნეში აგებული მეჩეთი აღადგინა! ტყვეობიდან ასე სახელოვნად გათავისუფლებულმა ლიპარიტმა ისევ შეუტია ბაგრატ მეოთხეს. მოუღლელად ებრძოდა ოცი წელი ლიპარიტ ბაღვაში ბაგრატ მეოთხეს, რამდენჯერმე დაამარცხა კიდეც, მაგრამ ერთი რამ ფაქტია _ მეფობა გულშიც არ გაუვლია. ყოველთვის ჰყავდა მომზადებული თავისი ფავორიტი, რომლის დასმასაც ცდილობდა მეფედ. ჯერ იყო და ბაგრატის ნახევარძმა დემეტრე ჰყავდა გამზადებული სამეფოდ, მერე კიდევ უფლისწული, ბაგრატისვე ვაჟი, მცირეწლოვანი გიორგი... კვლავ ერთიანობისთვის ბრძოლა მეფე ბაგრატი ამასობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს დასახული მიზნისკენ, საქართველოს გაერთიანებისთვის. მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებში დადგა სომხეთის სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. ბოლო მეფე გაგიკ მეორე 1045 წელს კონსტანტინეპოლში გაიწვიეს და იქ დაატყვევეს. როდესაც გაუჭირდებოდათ, სომხებს მაშინ ახსენდებოდათ ძირძველი მეზობელი. ასე იყო ახლაც. მიიჩნიეს, რომ ქომაგად საქართველო დაუდგებოდათ. მით უმეტეს, დედოფალი მარიამი სომეხთა სამეფო ტახტის ჩამომავალი იყო. ბაგრატმა ეს მიწვევა მიიღო, ბიზანტიას რამდენიმე მხრიდან შეუტია და ერთი დრო ანისის სამეფო ტახტიც „მოსინჯა“ და იქ თავისი მეციხოვნეც ჩააყენა. ამავე დროს ანაკოფიაში გადავიდა და თავისი ნახევარძმა დემეტრე კუთხეში მიიმწყვდია. ამ დროს ეახლნენ მეფეს თბილისის ბერები, გამგებლები, ამირა ჯაფარის გარდაცვალება აუწყეს და ქალაქის დასაკავებლად მიიწვიეს. ანაკოფიაში ერთგული სარდალი დატოვა და მსწრაფლ თბილისს მოაშურა. ეტყობა, ესწრაფოდა, თბილისი ლიპარიტს არ დაეკავებინა. ზარ-ზეიმით შეხვდა თბილისი მეფეს: „მოეგებნეს ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი ცხენოსანნი დიღმისა ველსა... მოართუნეს კლიტენი ქალაქისანი და შეიყვანეს საამიროსა დარბაზს“. მაგრამ ისანი არ დაემორჩილა ბაგრატს და დიდი ბრძოლაც გაუმართა. კვლავ „ამოძრავდა“ ბიზანტია, ლიპარიტთან და ქვეყნის სხვა შინა-მტრებთან ერთად ბაგრატ მეოთხეს ეს მნიშვნელოვანი წამოწყებანი ჩაუშალა. ანისიც დაკარგა და ვერც თბილისი და ანაკოფია დაინარჩუნა მეფემ. „საპატიო ტყვეები“ საბოლოოდ ისევ ბიზანტიას მიაკითხა საქმის მოსაგვარებლად დედასთან, მარიამთან ერთად, ბაგრატ მეოთხემ. კონსტანტინეპოლში წასვლის წინ ტახტზე მცირეწლოვანი მემკვიდრე გიორგი დატოვა. სწორედაც მოიქცა, რადგან მართალია, ბიზანტიაში ერთმანეთთან კი დააზავეს მეფე ბაგრატი და ვასალი მისი ლიპარიტი, მაგრამ მთელი სამი წლის განმავლობაში კეისარმა მიხეილ მეექვსემ განზრახ არ გაუშვა მეფე საქართველოში. ფაქტობრივად, „საპატიო ტყვედ“ ჰყავდა იგი 1057 წლამდე, როცა სამშობლოში დააბრუნა „დიდითა დიდებითა ნიჭითა და განძითა მიუწვდომელითა“. ახალი დაპირისპირება იყო მოსალოდნელი ქვეყნის შიგნით. ამას კი ვეღარ გაუძლებდა ფეხზე ახალდამდგარი საქართველო. ამიტომაც იყო, რომ პატრიოტმა დიდგვაროვნებმა მესხი აზნაურის სულა კალმახელის მეთაურობით შეიპყრეს ლიპარიტი და ვაჟი მისი ივანე და ბორკილგაყრილი მიჰგვარეს მეფეს ძვირფასი ტყვეები. ბაგრატმა ივანე ბაღვაშს კლდეკარის საერისთავო ჩამოართვა და მხოლოდ საგვარეულო მამული, არგვეთი დაუტოვა. ლიპარიტი კი ბერად აღიკვეცა ანტონის სახელით და მის მიერვე ანტიოქიის მახლობლად დაარსებული მონასტრიდან დასდო ღვაწლი ქართულ მეცნიერებასა და კულტურას. 1060 წელს მიიცვალა, ანდერძის თანახმად ჩამოასვენეს და დაკრძალეს „კაცხს, სამარხავსა მამათა მათთასა“. თურქ-სელჩუკთა გამოჩენა თითქოს დამშვიდდა საქართველო, ქვეყნის საბოლოო გაერთიანებაც არ არის შორეული საქმე. შინაური მტრებიც ალაგმულნი არიან, ბიზანტიასთანაც ასე თუ ისე, მოგვარებულია ურთიერთობა... მაგრამ როდის ყოფილა, რომ საქართველოსთვის დიდხანს გაგრძელებულიყო მშვიდობიანი ცხოვრება... თურქებია მორიგი სასჯელი ჩვენთვის! თანაც ძალიან დიდი ხნით! მეთერმეტე საუკუნის სამოციან წლებში პირველად გამოჩნდნენ საქართველოში თურქნი, სელჩუკთა მოდგმისა, რომელნიც თავიანთი სამკვიდროდან, იმიერკასპიისპირეთიდან უკვე წინა აზიაში შემოხიზნულან. შემოხიზნულან არა მშვიდობით, არამედ ხმლითა და სისხლით. წინ წამოუძღვა თოღრულ ბეგი - სელჩუკის შვილიშვილი. ორი მძიმე ლაშქრობა მოაწყო თურქთა სულთანმა ალფ-არსლანმა. 1064 წელს თავისი ურდოებით თრიალეთ-ჯავახეთი მოარბია, ხოლო 1068 წელს - აღმოსავლეთ საქართველო. ხარაჯას სთხოვდა ალფ-არსლანი ქართველთა მეფეს, სამაგიეროდ, შერიგებასა და ზავს სთავაზობდა, მაგრამ იმ წელს უჩვეულო ყინვებისაგან მეტად შეწუხებული პასუხს აღარ დაელოდა, აიყარა და თავისი სამკვიდროსკენ იქცია პირი. უძლეველ თურქ-სელჩუკთა მრისხანე სულთნის ალფ-არსლანის წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად ბაგრატ მეოთხის გამარჯვებით დასრულდა. იგი ისე გარდაიცვალა, რომ არც დამარცხება უღიარებია და არც ხარკის გადახდა უკისრია თურქთათვის. მიიცვალა საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი მეფე ბაგრატ მეოთხე 1072 წელს, 24 ნოემბერს. მეფე, რომელიც 9 წლისა ავიდა სამეფო ტახტზე, 45 წელი იმეფა და 54 წლისა აღესრულა. და მემატიანის სიტყვით იყო „სახით უმშვენიერესი ყოველთა კაცთასა. სრული სიბრძნითა, ფილოსოფოსი ენითა, სვიანი ბედითა... მოწყალე ცოდვილთათვის“. განილია მეფობა ბაგრატ მეოთხესი, რომელმაც იმიტომაც ვერ დატოვა შთამომავლობაში განსაკუთრებული შარავანდედით მოსილი სახელი, რომ ჯერ აუწყობელ ქვეყანაში სოციალური და ეკონომუკური მდგომარება ხალხისა მძიმე იყო. ასე იყო მაშინ და ახლაც ასეა _ რთულია ყველა იმ ქვეყნის მდგომარეობა, ვინც იწყებს და ახორციელებს სახელმწიფოს გაერთიანებას თუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს კი ისეთი საქმეა, რომლის სასიკეთო შედეგები, სოციალურად და ეკონომიკურადაც, მაშინვე არ ჩანს...
(ისტორიული წყაროების მიხედვით მოამზადა ნოდარ შოშიტაშვილმა) |