საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

სიკვდილი უკანასკნელი ხორნაბუჯელისა
ლოვარდ ტუხაშვილი

შორეულ წარსულში ჰერეთის შუაგულში, ცივ-გომბორის ქედის დასასრულს, იქ სადაც ივრის ზეგანი ფრიალო კბოდეთი გადადის ალაზნისპირეთში, აუგიათ მიუვალი ციხე-სიმაგრე ხორნაბუჯი. ეს სახელი მრავალნაირად აიხსნება. ,,მზის საყრდენს“ ნიშნავს ძველ ირანულად ხორნაბუჯი. ზოგი ფიქრობს, რომ ამ სახელში შემონახულია უძველესი ქართული ტომის ხორე-ბის მთავარი საცხოვრისი, სხვაგვარი განმარტებაც არის: ,,ხორნაბუჯი - ხორების ყურეაო“ ანდა ქორა-ხოშას“ უკავშირებენ, ტომის მამასახლისის ადგილსამყოფელს გულისხმობენ. ოდესღაც არსებობდა სახელგანთქმული არისტოკრატიული საგვარეულო ხორხორუნები, მეტსახელად მალხაზ-ხორხორუნები. ასეთი ვარაუდიც გამოითქვა, ხორხორუნები და მათი ,,მალხაზები“ (,,მალხაზი“ მამასახლისთანაა გაიგივებული) უხსოვარი დროიდან სწორედ ხორნაბუჯში ბინადრობდნენ. ზოგი თვლის, რომ სახელწოდებაში აისახა ,,ხორანბუდი“, ე.ი. ქვეყნის დაბა ან ,,მზის ბურჯი“, ცხადი მხოლოდ ერთია: ხორნაბუჯი ყოველთვის იყო ქართველთა საიმედო ციხე-სიმაგრე და მშვენიერი, ლაღი, ამპარტავანი ქალაქი. მისი დაარსება მიეწერება მეფე ბაკურს, IV ს-ში მოღვაწე მეფეს (მეფე ვარაზ-ბაქარსაც ასახელებენ). V ს-ში მეფე ვახტანგ გორგასლანმა ხორნაბუჯში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა. VI ს-ში ციხე-ქალაქს ირანელები დაეპატრონენ, დიდხანს იდგა ირანული გარნიზონი ამ ქალაქში. გარნიზონის უფროსი მთელ მხარეს აკონტროლებდა, ცნობილია ხორნაბუჯის ირანელი მმართველი ვინმე ვეჟან ბუზბირი, ირანის მეფის ნაცვლის ბარამ ჩუბინის მოხელე. მოვიდნენ სამხრეთიდან პირველი ბაგრატიონები, მათ შორის ასამ და ვარაზვარდიმ აუჯანყეს ქართველობა ირანელებს, დაეუფლნენ ხორნაბუჯს, ზესთა (ე.ი. ყველაზე მაღალ) კოშკზე ეროვნული დროშა ააფრიალეს, მაშინ ბაგრატიონები ჯერ სამეფო დინასტიად არ იყო გადაქცეული. იმძლავრეს ხორნაბუჯელმა ბაგრატიონებმა, შორს, დასავლეთით გასწიეს საზღვრები. მათი განაყარნი არიან ჰერეთის ბაგრატიონები.

ქ. ხორნაბუჯი დიდხანს გადადიოდა ხელიდან ხელში, მის შეუვალ კედლებს ერკინებოდნენ: არაბები, თურქ-სელჯუკები, სპარსელები. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობით XII ს-მდე (ე.ი. თვით ისტორიკოსის ცხოვრების და მოღვაწეობის პერიოდამდე) ხორნაბუჯის მმართველები კვლავ ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლებად ითვლებოდნენ. XII ს-დან ჰერეთის ბაგრატიონები რამდენიმე გვარად გაიყვნენ, მათგან წარმოიშვა გრიგოლისძეთა და მახატლისძეთა საგვარეულოები. მახატლისძეები დაეუფლნენ ხორნაბუჯის საერისთაოს, რომელიც მოიცავდა თანამედროვე სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მიდამოებს. მეფე თამარის ეპოქაში გამოირჩევა სახელგანთქმული ერისთავთერისთავი საღირ მახატლისძე, სწორედ მან მიაყენა უდიდესი დარტყმა თამარის პირველ მეუღლეს გიორგი რუსს, რომელიც 1191 წ. განძის ლაშქრით შემოიჭრა კამბეჩოვანში, ანუ გვიანდელ ქიზიყში (ხორნაბუჯის საერისთაო მთლიანად მოიცავდა კამბეჩოვანის ქვეყანას ანუ გვიანდელ ქიზიყს). მახატლისძეებს საქართველოს ისტორია იცნობს ხორნაბუჯელთა სახელით, იმდენად ძლიერი იყო ხორნაბუჯელთა ავტორიტეტი, რომ ძველი გადმოცემებით ,,შიშითა ხორნაბუჯელებისა, ყრმა მცირე ვერ აუტირდებოდა დედასა ბარდალს, განძას და შირვანს“. მონღოლთა ბატონობის შემდეგ საერისთაო უაღრესად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთმანეთს დაუპირისპირდა მონღოლთა ორი იმპერია: ოქროს ურდო (მოიცავდა ჩრდილოეთ კავკასიას, რუსეთს, ვოლგისპირეთს, ციმბირს, ყაზახეთს, ბულგარეთს, სერბეთს, უნგრეთს) და ე.წ. საილხანო ანუ სამხრეთ-მონღოლური სახელმწიფო (მოიცავდა ავ

ღანეთს, ირანს, ერაყს, მცირე აზიას, სირიას). ჩრდილოელი და სამხრეთელი მონღოლები ერთმანეთს ებრძოდნენ შირვანსა და აზერბაიჯანში, უშუალოდ ხორნაბუჯის საერისთაოს სიახლოვეს, ეს კი აიძულებდა ქართველობას თავის სურვილის წინააღმდეგ აქტიურად ჩაბმულიყო მონღოლთა პოლიტიკურ ვნებებში. XIII ს-ის შუალედისთვის ხორნაბუჯელთა არისტოკრატიული გვარი კვლავ საკმაოდ ძლიერი იყო. საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოირჩეოდა ხორნაბუჯის პატრონი, შესანიშნავი დიპლომატი და ბრწყინვალე მხედარი ბერი ხორნაბუჯელი (ბერი საკუთარი სახელია). ბერი ულუ-დავითის ეპოქაში გადიოდა სამეფო კარის უმაღლეს წრეებში. იგი დაახლოებული იყო, როგორც მეფე ულუ-დავითთან, ასევე დედოფალ ჯიგდა-ხათუნთან. ულუ-დავითი ცდილობდა მონღოლთა გულის მოგებას, ამიტომაც მისი ორი ცოლი ჯიგდა-ხათუნი და ესუქნი მონღოლთა ნოინების ასულები იყვნენ. სანამ მონღოლთა ორი საყაენო ერთმანეთს დაეჯახებოდა, საქართველოზე კონტროლს ახორციელებდა ოქროს ურდო. ოქროს ურდოს ყაენმა თავისთან გამოიძახა დავით-ულუ. მეფემ საგანგებო რწმუნებანი მისცა დედოფალ ჯიგდა-ხათუნს და ვინმე მესტუმრე ჯიქურს. მესტუმრეობა ძალზე მცირე მოხელეობა იყო. დიდებულებმა იწყინეს ჯიქურის მართვა-გამგეობა, მაგრამ ჯიქურს ზურგს უმაგრებდა დედოფალი ჯიგდა-ხათუნი, რომლის უკან იდგნენ გავლენიანი მონღოლი ნოინები. ულუ-დავითმა გაითვალისწინა ქართველი დიდებულების პატივმოყვარეობა და ყაენთან წასვლის წინ თითოეული თემი ანუ მხარე დამატებით ჩააბარა გამორჩეულ ფეოდალებს. კახეთის მმართველად დაინიშნა თორღვა პანკელი. მეფე ულუ-დავითმა დიდხანს დაჰყო მონღოლებში, სახელმწიფოს განაგებდნენ დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და მისი გამორჩეული პირი მესტუმრე ჯიქური. ჯიგდა-ხათუნი აქტიური ქალი გამოდგა, ენერგიულად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. ერთადერთი პიროვნება, რომელიც არ ემორჩილებოდა, იყო კახეთის მმართველი თორღვა პანკელი. რა იყო კონფლიქტის მიზეზი, ზუსტად არ არის ცნობილი. არსებობს ლეგენდა, რომ ჯიგდა-ხათუნს შეუყვარდა თორღვა პანკელი. მთიელმა ჭაბუკმა ფეოდალმა არ იკადრა მეფის სარეცლის შებღალვა, რამაც ძალზე გაანაწყენა ვნებააშლილი დედოფალი. თორღვა პანკელი ჩაიკეტა პანკისის ხეობაში, საგვარეულო ციხე-სიმაგრეში, რომელსაც დღეს თორღვას ციხე ეწოდება. მესტუმრე ჯიქურმა ვერაგული გეგმა მოიფიქრა თორღვას პანკისის ხეობიდან გამოსატყუებლად. მან მოიხმო ბერი ხორნაბუჯელი და თორღვა პანკელთან შუამავლობა დაავალა. ბერი დაახლოებული იყო პანკისის ერისთავთან. აქ მხოლოდ საქმე პირად მეგობრობაში არ არის. საქმე ის არის, რომ პანკისის საერისთაოს ცხვარ-ძროხა იყენებდა ხორნაბუჯის საერისთაოს საძოვრებს. ბერი ხორნაბუჯელს ეეჭვებოდა თორღვა პანკელის ღალატი, ამიტომაც ამ ეტაპზე იგი საქმეში არ ჩაერია. ძალზე ავი იყო დედოფალი ჯიგდა-ხათუნი, ცბიერი იყო მესტუმრე ჯიქურიც. გადაწყვიტეეს თორღვა პანკელის დაღუპვა. ამ გეგმის შესრულება გადაიდო. გავიდა ხანი და ულუ-დავითი დაჯილდოებული დაბრუნდა ჩრდილოეთიდან. ჰერეთის უკიდურეს აღმოსავლეთით, ე.წ. კაბადას ბოლოს, თეთრ წყალზე მიეგებნენ მეფეს ქართველი დიდებულები, მათ შორის არ იყო თორღვა პანკელი, ვერ მოვიდა შიშის გამო. ჩამოვიდა მეფე თბილისში. სამი მზგებსი (შვიდეული, ე.ი. კვირა) ზეიმობდა თბილისი მეფის წარმატებას, დაკნინებული იყო მაშინ ქართველთა ცნობიერება, გატეხილი იყო ამაყი სული. თამარის ეპოქას ყავლი გასვლოდა, როდესაც ქართველი მეფეები მხოლოდ ღმერთს სცნობდნენ თავისზე მაღლა მდგომად, უფრო მეტიც მეფე-თამარი ღმერთსაც გაუტოლეს და სამები
ს (მამა-ღმერთი, სულიწმინდა, ძე-ღმერთი) მეოთხე ჰიპოსტაზად ანუ ნაწილად გამოაცხადეს. ახლა კი ულუ-დავითის ეპოქა იდგა. დასავლეთ საქართველო გათიშული იყო, იქ დავით-ნარინი დამოუკიდებლად მბრძანებლობდა. ასეთ შემთხვევაში მონღოლი ყაენის მოწყალე ღიმილიც კი დიდ გამარჯვებად აღიქმებოდა. არც ამ ზეიმზე გამოჩნდა თორღვა პანკელი, რამდენიმე გზის გამოიძახა მეფემ ქვეშევრდომი, მაგრამ ამაოდ. ვერაფრით ვერ დასძლია შიში თორღვა პანკელმა. ძალზე დიდი იყო დედოფალ ჯიგდა-ხათუნის გავლენა მეფეზე. ჯიგდა-ხათუნი არა მარტო ულამაზესი ქალი იყო, არამედ პოლიტიკურ თუ პირადულ ინტრიგებშიც ფრიად განსწავლული. იგი უშვილო იყო. ვერ გაბედა ვერაფრით მეფემ ამ მიზეზით მისი გაშვება. არადა სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრე სჭირდებოდა. აქაც გამოსავალი თვითონ ჯიგდა-ხათუნმა იპოვა, მან მეფეს უფლება მისცა დროებითი ცოლი მოეყვანა. ასეთი ქალიც გამოიძებნა. ოსეთის დიდებულებისაგან შეარჩიეს ჯანმრთელი და ლამაზი ასული. ოსური არისტოკრატიის ჩამომავალი. ამ ახალგაზრდა ქალს ალთუნი ერქვა. არ არის გამორიცხული ალთუნის შერჩევაც მოხდა იმიტომ, რომ ოს ფეოდალთა ერთი ნაწილი თავს თვლიდა ბაგრატიონთა ჩამომავლად. ალთუნის ჩამოყვანის ერთი წლის შემდეგ დაიბადა უფლისწული გიორგი, მეორე წელს პრინცესა თამარი. შეუყვარდა ალთუნი მეფე ულუ-დავითს, მაგრამ სასტიკი და შეუპოვარი იყო ჯიგდა-ხათუნი, მან იშვილა ალთუნის ორივე შვილი და ალთუნი უკან ოსეთში გაამგზავრა. წავიდა უკან დროებით ბედნიერების მწვერვალზე აღტყორცნილი და იმავე ბედისგან ძირს დანარცხებული ალთუნი, დატოვა შეყვარებული, თუმცა დროებითი მეუღლე ულუ-დავითი და შესანიშნავი ქალ-ვაჟი. სამწუხაროდ, არც მის ქალ-ვაჟს დაჰყვათ ბედი ბედნიერი. მესტუმრე ჯიქური შედარებით დაბალი წარმოშობის პიროვნება იყო, თუმცა საკმაოდ გონიერი მმართველი, როგორც ჩანს იგი დაბალი ფენების - გლახაკების, ხეიბრების, ქვრივ-ობოლთა მფარველი ყოფილა, სამაგიეროდ საოცრად სძულდა ეს პიროვნება ქართულ არისტოკრატიას. სანამ ჯიგდა-ხათუნი მბრძანებლობდა, ჯიქური დაცული იყო, მაგრამ მალე დედოფალი გარდაიცვალა, დაივიწყა მეფე ულუ-დავითმა ისიც და ალთუნიც. დაქორწინდა გვანცა კახაბერიძეზე, ავაგ მხარგრძელის ცოლ-ყოფილზე, რომლისაგანაც შეეძინა მეფე დიმიტრი თავდადებული. გვანცა დედოფალს არ უყვარდა ჯიქური, მისი მითითებით შეუჩნდა მეფეს სუმბატ ორბელიანი, სომხითის ქართველი ფეოდალი, მან დაარწმუნა მეფე, რომ ჯიქური ყაენის ,,აგენტი“ იყო, თითქოს ჯიქური აცნობებდა ყაენს ულუ-დავითის სიმდიდრეს. მაშინაც მალავდნენ ქვეშევრდომები თავიანთ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მალავდნენ იმიტომ, რომ გადასახადი შეემცირებინათ. უმანკო იყო მეფე დავით-ულუ, უმანკო და წრფელი, ასეთივე ეგონა სხვაც. დაუჯერა სუმბატ ორბელიანს, სასწრაფოდ გააგზავნა მსახურნი ჯიქურის მოსაყვანად. ისნის სასახლის ერთი ნაწილი მტკვარს გადაჰყურებდა, იქ მოუყვანეს მეფეს შესმენილი ჯიქური, აღარ მოუთმინა მეფემ შესმენილს, მისი ბრძანებით მის თვალწინ გადააგდეს მტკვარში ერთგული მოხელე. მეორე დღეს მოითხოვეს ქალაქის გლახაკებმა ჯიქურის გვამი, ბევრი სიკეთე ახსოვდათ მისგან. წაიყვანეს და რაც მათ შეძლებას შეეფერებოდა, დიდი პატივითაც დაკრძალეს. მალემრწმენი იყო მეფე დავით-ულუ, მოგვიანებით გვანცა დედოფალიც მოუკლეს თათრებმა, ახლა ისევ მონღოლი ქალი ესუქნი გადედოფლდა ისნის სასახლეში. მესტუმრე ჯიქურის ნაცვლად სახელმწიფოს მართავდა ნიჭიერი ,,კანცლერი“ ბასილი უჯარმელი - მწიგნობართუხუცესი. ახლა ფეოდალები ბასილ უჯარმელს გადაეკიდნენ, ისი
ც მარჯვედ მოაშორეს ხელისუფლებას. ესუქნის საყვარლობა დასწამეს მეფესთან. ესეც დაიჯერა მეფემ. მოაკვლევინა ბასილი. როგორც ჩანს, რაღაც კავშირი მართლაც ჰქონდა ბასილს ესუქნისთან. დაავადდა მეფე და წამებით გარდაიცვალა, გავრცელდა ჭორი, რომ მეფე ესუქნი დედოფალმა მოწამლა შურისათვის მისი მეგობარი ბასილი უჯარმელისა. ესუქნი იყო დიდი ნოინის ჭორმაოს ასული და ღვიძლი და დიდი სირმა ნოინისა. ჟამთააღმწერელი წერს: ,,ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ წამლისა მიერ აღსრულდა, ცოლისა მისისა ესუქნის მიერ მიცემითა წამლისათა. ვითარ სიტყვის მოქმედი იყო მაკედონელისა მის დიდისა მიდოსით თავმტკივნეულობად მყოფისა და იჭვისა წამლისასა მიდოსხის და ანტიპატროს მიერ მიცემისა, ეგრეთვე დავითისა თქმულ არს ესუქნის მიერ, შურისათვის ბასილი უჯარმელისა, რომელი მოაკუდინა მეფემან, უწესოებისათვის; რამეთუ თანა ეყო ბასილი ესუქნის, და არა რიდა საწოლსა პატიოსანსა მეფისასა, და ჩო ხანიცა აღიხადა, და მთავრობა მიიტაცა, ამის უწესოებისათვის მოიკლა ბასილი“. მაგრამ ყველაფერი ეს მოხდა გვიან, დავუბრუნდეთ პირველ თქმულს. არადა არ დაემორჩილა თორღვა პანკელი მეფის ბრძანებას. მესტუმრე ჯიქურმა კვლავ თავისი ვერაგული გეგმა გაიხსენა. ისევ ბერი ხორნაბუჯელს სთხოვა შუამავლობა, ოღონდ ახლა თვით მეფის ბრძანებით. წავიდა ბერი ხორნაბუჯელი თავის ძველ მეგობართან. იქეიფეს ძმადნაფიცებმა ალაზნისპირა ჭალებში. თორღვა პანკელმა გარანტია მოითხოვა, ჩავიდა მეფესთან ბერი ხორნაბუჯელი. ულუ-დავითმა თორღვას უვნებლობის პირობა მისცა, თან დაავალა მეფის სახელით პირობა ფიცით განემტკიცებინა, ხოლო ,,თორღუა რქუა: ,,წარვალ ალავერდს გიორგის წინაშე და მუნ შემომფიცე, და მუნ მომინდევ“. და წარვიდეს ორნივე. ხოლო თორღუა გამოება ფესუსა სამოსლისა ალავერდის მთავარმოწამისასა. და მივიდა ხორნაბუჯელიცა, შეჰფიცა და გამოხსნა ფესვისაგან. ხოლო თორღუამან რქუა: ,,რა იგი ჰყო ჩემ ზედა, ამან წმინდამან გიორგი გიყოს შენ, რამეთუ მარტო ვარ, და სიკუდილითა ჩემითა უმკვიდრო იქმნების მამული ჩემი, ეგრეთვე უმკვიდრო ჰყოს წმინდამან მთავარმოწამემან სახლი შენი“. და წარმოიყვანა ხორნაბუჯელმან, ფიცთა მტკიცეთა მიერ შეკრულმან, ტაბახმელას, და შეურაცხ-ჰყო აღთქმა და ფიცი იგი, და შეიპყრა ჯიქურმან, განზრახვითა დედოფლისათა, თვინიერ მეფისა ცნობისა, და წარიყვანეს კლდე-კართა, და გარდამოაგდეს“.

მოხდა უდიდესი დანაშაული, დაირღვა ზნეობრივი პრინციპი, გატყდა ფიცი, მრისხანე იყო ალავერდის ტაძრის წმინდა გიორგის ხატის საპასუხო შურისძიება. ხოლო ვითარ მიეგო ბოროტი ხორნაბუჯელსა ალავერდის მთავარმოწამისა აღთქმისა და ფიცისა გატეხისათვის, იხილეთ: ,,...ბერი ხორნაბუჯელს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, სიკეთე-აღმატებული შალვა, საღირისძეთა უკანასკნელი იმედი. თითქოს გრძნობდა ოჯახი მომავალ უბედურებას. შალვას რამდენიმე ძე და ასული ჰყავდა. თორღვა პანკელის სიკვდილის შემდეგ, შალვას ორი ბავშვი მყისვე მოკვდა: ერთი ფრიალო კლდიდან გადმოვარდა, მეორე შხამიანმა ჯოჯომ დაგესლა. თითქოს ბოლომდე უნდა შეესვა შხამით სავსე ფიალა უკვე სიბერეში შესულ ბერს. ორი შვილიშვილის დაღუპვის შემდეგ მალე მთელი საერისთაო საშინელი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ოქროს ურდოს მბრძანებელი ბერქა-ყაენი სამას ათასიანი ლაშქრით დაიძრა სამხრეთის მონღოლთა ურდოს - საილხანოს წინააღმდეგ. ჩრდილოეთელებმა გამოიარეს დარუბანდი და აპირებდნენ ირანში შეჭრას. 1263 წელი იყო, თვე აპრილი. რაღაც საოცრად ადიდებული მოდიოდა მდ. მტკვარი. ვერაფრით ვერ გადალახეს ბერქ

ას მეომრებმა მდინარე. ჩვენდა საუბედუროდ ვიღაცამ ურჩია ყაენს, გაჰყოლოდა მტკვრის მარცხენა ნაპირს, თბილისში ასულიყო და მეტეხის ხიდით გადასულიყო სამხრეთში. დაიძრა ბერქა და ერთი მზგებსის შემდეგ ხორნაბუჯის საერისთაოში ჩამოაღწია მონგოლ-თათართა უზარმაზარმა ბრბოებმა. მტერმა ,,მოჭამა“ ივრისპირეთი და ალაზნისპირეთი, გაანადგურა აყვავებული სოფლები, გაძარცვა ეკლესია-მონასტრები, შემუსრა ციხე-სიმაგრეები. ქუდზე კაცი გამოიძახა შალვა ბერის-ძე საღირისძემ. ხორნაბუჯის საერისთაოს ლაშქარი თანამედროვე მაღაროს სამხრეთით განლაგდა, ყათრების ქედის წინამდებარე ველზე. ხუთი-შვიდი ათასი კაცის გამოყვანა შეეძლო მხოლოდ შალვა ერისთავს. აქეთ ხუთი-შვიდი ათასი ქართველი, იქით სამასი ათასი თათარი. არ გაჰყოლია ლაშქარს ბერი ხორნაბუჯელი, ეშინოდა ალავერდის შურისძიებას, მის გამო სხვებიც არ დაეღუპა, ამაო გამოდგა მისი ცდა. ხატის სასჯელი ტანჯვას ნიშნავს, სიკვდილი კი ტანჯვისგან გათავისუფლებას. სანამ ბოლომდე არ შესვამდა შხამის სამსალას ერისთავთ-ერისთავი, მის სულს მიქელ-გაბრიელი არ მიიღებდა. უთანასწორო ფიცხელი ბრძოლა გაიმართა ქიზიყის ბოლოს, მიწა იწვოდა მხედართა ფეხთა ქვეშ, დაემსხვრათ ქართველებს მახვილები, შემოეფლითათ ჯაჭვის პერანგები, სისხლისფრად შეიღება პატარა მდინარე ოლე. თათართა გვამებისაგან მთელი ბორცვები აღიმართა ივრისპირეთში. სამი ვაჟით იბრძოდა შალვა საღირისძე, სამივე დაეცა გმირული სიკვდილით, გაშმაგდა მამა, გაარღვია მონღოლ-თათართა რაზმები, მიიჭრა ყაენთან, ხმლით გადაუსერა მხარი, აჩეხეს შალვა მონღოლებმა. სამი დღის შემდეგ ბერქა-ყაენი გარეჯის მთებზე გარდაიცვალა. ისტორიული ტრადიციით ღმერთმა დასაჯა. ლეგენდა კი ამბობს, შალვა ხორნაბუჯელის მახვილისაგან მიყენებულმა ჭრილობამ მოუსწრაფაო სიცოცხლე. გარეჯის მთებიდან უკან გაბრუნდა მონღოლთა ლაშქარი, თითქოს მართლაც ალავერდის ხატის შურისძიებამ მოიყვანა მომხვდური აქ. მონღოლებმა ხორნაბუჯის საერისთაო შემუსრეს და უკან წავიდნენ. სამი დღე ელოდა ბერი ხორნაბუჯელი საყვარელ ვაჟს და შვილიშვილებს ბრძოლის ველიდან. სამი დღის შემდეგ მიხვდა, არავინ მოვიდოდა ბრძოლის ველიდან, თუნდაც მაცნე. ძალზე ბევრი იყო მომხვდური, ჩანს ერთი კაციც ვერ გამოიმეტა შალვამ მალემსრბოლის როლისათვის. აღიჭურვა ბერი ხორნაბუჯელი, რამდენიმე მოხუცი მეომარი და მღვდელი გამოიყოლა, შვიდი დღე ეძებდა ნაომარ ველზე საკუთარ ნაშიერებს, ვერაფრით ვერ გამოარჩია, ვერც შალვა და ვერც მისი სამი ვაჟი დაღუპული მეომრებიდან. უხმოდ დაბრუნდა დაცარიელებულ ქალაქში, სულ მაღლა, ზესთა კოშკზე ავიდა, ოთხი ანთებული სანთელი ხელში დაიჭირა და ზეცას შეღაღადა: ,,ალავერდის წმინდა გიორგის ხატო, ხომ ბოლომდე მაჩვენე უბედურება ჩემი, ხომ იცი უბრალო ვარ, მეფის ნდობამ წაბილწა სული ჩემი, ახლა მაკმარე სასჯელი დიდი, მიმიღე!“ მაღალი ფრიალო კბოდედან გადაეშვა ბერი ხორნაბუჯელი, ქვასავით დაენარცხა მიწას. ქიზიყში ეხლაც გიჩვენებენ ზესთა კოშკის წინ, ოდნავ შეწითლებულ ქვის ბასრ ნატეხს, ამ ქვაზე წამოეგოო ერისთავთ-ერისთავი, სწორედ მისი სისხლით არის შეწითლებული ეს ბასრკბილა, კაჟი ქვა, შეღამებისას კი ზესთა კოშკიდან ისმის ტირილი მოხუცი კაცისა. ქარიან დღეს ეს ხმა კლდის ნაპრალებში დარბის, მაშინ ნათლად გამოიკვეთება სიტყვები: ,,სადა ხარ შალვა, საღირ, დავით, გიორგი“. ეს მოხუცი ბერი ეძახის შვილს და შვილიშვილებს.

ასე დასრულდა ბაგრატიონთა ჩამომავლების, შეუპოვარი მახატლისძეების, ხორნაბუჯელთა სახელოვანი გვარის შვიდასწლიანი ისტორია.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq