საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

3. მხარგრძელთა კოლეგიალური მმართველობის ანალიზი სომხურ ისტორიოგრაფიაში / საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი (,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი
ახტალის მართლმადიდებლური ტაძრის ფრესკა

საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი

3. მხარგრძელთა კოლეგიალური მმართველობის ანალიზი სომხურ ისტორიოგრაფიაში

ლოვარდ  ტუხაშვილი

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

ზემოთ დასაბუთებული გვქონდა, რომ ერთიანი ქართული მონარქია ,,ყოველი საქართველო“, აგებული იყო ფეოდალური ფედერაციის პრინციპზე, უფრო სწორად, ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ცალკეული ,,სამეფოების“ შემოსვლისას საერთო სახელმწიფოში, თითოეული ინარჩუნებდა გარკვეულ სუვერენიტეტს, რომელიც ყველაზე ნაკლებად, მხოლოდ სიმბოლურად შემორჩა სწორედ ე.წ. ,,სომხურ პროვინციებს“. მიუხედავად ამისა ეს გარეგნული, სიმბოლური რეგალიები ქმნიდა მხარგრძელთა გვარის კოლეგიალური მმართველობის განსაკუთრებული პრივილეგიების შთაბეჭდილებას. ამ მოვლენამ თავისებური საკვები მისცა სხვადასხვა შეხედულებებს. ზოგიერთი ისტორიკოსი, დაემყარა რა მხოლოდ მხარგრძელთა სენიორალური სახლის უფლებრივ სტატუსს (და ვერ შენიშნა რა სხვა ქართული არისტოკრატიული სახლების ანალოგიური უფლებები), ,,სომხეთის დამოუკიდებლობის“ აღიარებამდეც კი მივიდა. შევეხოთ მოკლედ მხარგრძელთა კოლეგიალური მმართველობის ,,ანალიზს“ სომხურ ისტორიოგრაფიაში (ამავე დროს შესაძლებელია თვალი გავადევნოთ თვით ამ ,,ანალიზის“ მკვეთრ მეტამორფოზას, ზაქარიანთა ,,მხარგრძელთა ნეიტრალური“ პანეგირიკიდან მათი სახლის სახლების სრული დამოუკიდებლობის აღიარებამდე).

XVIII საუკუნის გამოჩენილი სომეხი ისტორიკოსი (,,ვენეტიკელი” მხითარისტი“) მიქელ ჩამჩიანი თავის ,,სომხეთის ისტორიის“ ერთ სპეციალურ თავში ,,ქართველი მეფის გიორგის, ზაქარიასა და ივანეს გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში“ (იხ. მ. ჩამჩიანი. ,,პათმათიუნ ჰაიოცა“, 1788, გვ. 147), შედარებით ნეიტრალური პოზიციებიდან აშუქებდა ამ საკითხს. იგი სარგის მხარგრძელს გამოჩენილ იშხანს უწოდებდა, მის ვაჟებს ზაქარიასა და ივანეს - სომეხთა იშხანებს. საერთოდ იგი არ ეხებოდა სომხეთის სტატუსს, მაგრამ რადგანაც ხმარობდა ტერმინებს ,,იშხანი“, ,,იშხანაც - იშხანი“, თავისთავად ხაზს უსვამდა მათი სამფლობელოების შინაგან ავტონომიას.

არაქელ ბაბახანიანის (ლეოს) აზრით, მხარგრძელებმა სომხეთში დააარსეს ძლიერი ფედერაცია (იხ. ლეო ,,სომხეთის ისტორია“, ტ. I, გვ. 47. აგ. ლ. მელიქსეთბეგი, გვ. 40). იგი არსებობდა ,,გუგუარქის“ (განსაკუთრებით მისი იმ ნაწილისა, რომელსაც ქართველები სომხეთს უწოდებენ) და არცახის სამთავრო გვარეულობათა შორის“ - ,,კავშირს, რომლის ქსელნი უმთავრესად მოყვრობითი ხასიათისა იყო”. ხოლო ამ ნათესაობით კავშირთა თვალსაზრისით ერთგვარი ცენტრის როლს თამაშობდა გუგარქის ძველი ძორაფორის ოლქი, მდინარე აღსტაფის ხეობაში (აწინდელი დილიჯანის ხევი). ლეო მიუთითებს, რომ სომხეთის საგვარეულოთა შორის არსებობდა მჭიდრო ნათესაობითი კავშირები“. ამგვარი ნათესაობითი კავშირნი ამაგრებდნენ ლორეს, ხაჩენის და სხვა მხარეთა სამთავრო ფედერაციის ქსელს, რომელზედაც დაყრდნობილმა ზაქარე სპასალარმა თავისი ძმითურთ გააკვირვა ქვეყანა თავისი დიდებული მხნეობით (ლეო, 45), ეს მარტოოდენ ,,ჩრდილო სომხეთის“ სამთავრო გვარეულობათა ფედერაცია კი არ იყო, არამედ იმავე დროს კავშირი ქართველთა ძლიერ სამეფოსთან“ (გვ. 45-46). ლ. მელიქსეთბეგის აზრით, ამ გარემოებას ავტორი (ე.ი.) ლეო ხსნის იმით, რომ თითქოს ორივე ერი, გრძნობდა რა თავის ბედიღბალს გარეშე მტრის წინაშე, შეერთებულის ძალით თავის უფლებებს იცავდა“) - მოვლენა, რომელიც აღარ განმეორდა, სამწუხაროდ, საუკუნეთა განმავლობაში“ (გვ. 46, ლ. მელიქსეთბეგი, გვ. 40, შენიშვნა 4). კიდევ ვიმეორებთ, ე.წ. სომხეთის ,,ჩრდილო მხარეები“ ფაქტობრივად არის ქვ. ქართლის სამხრეთი ნაწილი. ლ. ტ.). ამ კავშირმა მისცა ზაქარეს საშუალება დაეპყრო მთელი არარატის ოლქი ქალაქ ანისითურთ და სომეხთა მრავალი სხვა მხარე, სადაც კარგა ხანია, რაც მკვდარი იყო სომეხთა პოლიტიკური ცხოვრება“, ,,ამგვარად თითქოს აღორძინდებოდა სომეხთა დამოუკიდებლობა, ამ შემთხვევაში უფრო ფართო საზომით, ვიდრე ბაგრატუნიანთა დროს“.

ლ. მელიქსეთბეგი უკომენტაროდ სტოვებს არაქელ ბაბახანიანის ზემოთმოყვანილ მოსაზრებებს. არ გვიჩვენებს საკუთარ პოზიციას, ერთი რამ კი ცხადია! მას ეს დაშვება შესაძლებლად მიაჩნდა. ვფიქრობთ, არ. ბაბახანიანს დაშვებული აქვს რამდენიმე პრინციპული შეცდომა, ჯერ ერთი, იგი არასწორად ხმარობს სრულიად გარკვეულ (თუმცა უაღრესად ფართო) ცნებას ,,ფედერაცია“. ცალკეულ საგვარეულოთა ურთიერთნათესაობის ფედერაციად მიჩნევა რომ შეიძლებოდეს, ალბათ ფეოდალიზმის მთელ სიგრძეზე საერთოდ მხოლოდ ფედერაციას დავინახავდით. სხვათაშორის, აკად. ნ. ბერძენიშვილი ასეთ დაჯგუფებებს (ნათესაობრივ-მეგობრულ-თანამშრომლობრივ დაჯგუფებებს) უწოდებდა ,,მოკიდეშილებს“ და პოლიტიკურ ფრაქციასთან, შიდა დასობრივ ფეოდალურ ,,პარტიებთან“ აიგივებდა. რაც მთავარია, ლ. ბაბახანიანის ძირითადი შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ავტორმა აბსოლუტურად არ იცოდა ქართული სახელმწიფოს შინაგანი პოლიტიკური სტრუქტურა, ვასალიტეტის თავისებურებანი. მისი ნაშრომის არგუმენტაციას რომ გავყვეთ, ერთიან ქართულ მონარქიას საერთოდ ვერ შევნიშნავდით და თითოეული სენიორალური სახლის ურთიერთობა გაერთიანებული სამეფოს კართან მხოლოდ თანასწორ კავშირად უნდა წარმოგვედგინა.

ერ. ლალაიანი სარგის მხარგრძელს მიიჩნევს სომხეთის მთავრად, ხოლო ზაქარია და ივანე მხარგრძელებს სომეხთა ყველაზე დიდ იშხანებად (    ). ამ ,,მეწ იშხანების“ მორჩილებაში იმყოფებოდა ქართული სახელმწიფოს ხელისუფლების ქვეშ გადმოსული სომხეთის ერთი ნაწილი (მხოლოდ ერთი ნაწილი! ლ. ტ.) დედაქალაქ ანისითურთ“ (ერ. ლალაიანი. გვ. 119-131, შდრ. შ. დარჩაშვილი, საკანდიდატო დისერტაცია, გვ. 235).

უფრო გადაჭარბებულია ა. სამველიანის შეხედულება: ,,XII საუკუნის დასაწყისიდან სომხეთი ხელახლა აღდგა პოლიტიკურად, ზაქარიამ და ივანემ, იყვნენ რა საქართველოს ფეოდალები, თავიანთ თავს უწოდეს სომხეთის უფალნი (ტერერ) და მიითვისეს შეუზღუდველი ძალაუფლება სელჩუკებისაგან განთავისუფლებულ სომხეთში, ეს უკანასკნელი, თუმცა ითვლებოდა საქართველოს დაქვემდებარებულ, ვასალურ სახელმწიფოდ, მაგრამ ფაქტიურად წარმოადგენდა დამოუკიდებელ და თვითმყოფად ქვეყანას“ (1939 წ., გვ. 11). თავი რომ დავანებოთ აშკარა წინააღმდეგობას (დაქვემდებარებული და დამოუკიდებელი) ან ანაქრონიზმს (მხარგრძელები პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ არა XII საუკუნის დასაწყისში, არამედ მხოლოდ 70-იან წლებში), ამ ნაშრომში ფეოდალური სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურის სრული გაუგებრობაა! ავტორის თვალსაზრისს რომ გავყოლოდით, თითოეულ ფეოდალურ სახელმწიფოში აღმოვაჩენდით იმდენ სახელმწიფოს, რამდენი სენიორიც იქნებოდა! ჰ. ჰარუთინიანიც იზიარებს ა. სამველიანის მოსაზრებას და აღნიშნავს: ,,XIII საუკუნის დასაწყისში მეზობელი საქართველოს მფარველობის წყალობით, ზაქარიანების მეთაურობით აღსდგა სომხეთის პოლიტიკური ცხოვრება, იქმნება სომხეთის ავტონომიური საიშხანო, რომელიც ვასალურ დამოკიდებულებაშია საქართველოსთან“ (1953 წ., გვ. 192-193).

,,თუმცა ზაქარიანებს იმ დროს სომხეთის დიდი ნაწილი ექვემდებარებოდა, საქართველოს და მისი იშხანებიდან, საქართველოს სამეფო კარზე პირველხარისხოვანი თანამდებობანი ეჭირათ, მაგრამ სომხეთი მაინც სრულყოფილ ავტონომიას ინარჩუნებდა და ხარკს არ უხდიდა საქართველოს, სომეხი იშხანები დაქვემდებარებულნი იყვნენ რა საქართველოზე, მოვალეები იყვნენ ლაშქრით დახმარებოდნენ მას და ებრძოლათ გარეშე მტრების წინააღმდეგ. ამის სანაცვლოდ კი ზაქარიანებს ეძლეოდათ სომხეთის ყველა ის გვარი, ე.ი. ოლქი, რომლებსაც ისინი ომის დროს ათავისუფლებდნენ. ამ მიწების ნაწილს ან თვითონ ისაკუთრებდნენ, ანდა მათ ქვეშევრდომ სამხედრო პირებს აძლევდნენ. ჰ. ჰარუთინიანმა, როგორც აქ ვხედავთ, პირველად მიუთითა ავტონომიის, მისი აზრით, ერთ ძირითად ნიშანზე - სომხეთი (ე.ი. მხარგრძელთა სამფლობელოები), არ უხდიდა ხარკს საქართველოს, შემდეგში ზოგიერთ მკვლევარს ეს ,,არგუმენტი“ ისე მოეწონა, რომ ზოგჯერ ყოველგვარი კომენტარის გარეშე იმეორებენ. სამწუხაროდ ამ მკვლევარებს და, რასაკვირველია, პირველ რიგში, ჰ. ჰარუთინიანს ყურადღება არ მიუქცევია ერთი გარემოებისათვის: - ხარკის გადაუხდელობა ნიშნავს არა რომელიმე რეგიონის ავტონომიას, არამედ მის უშუალო შერწყმას მეტროპოლიასთან. ხარკი გარკვეული შინაგანი თავისუფლების შესაბამისი საზღაურია. ხარკს იხდის ის, ვინც სარგებლობს ამ ხარკის სანაცვლოდ მინიჭებული თავისუფლებით. რატომ უნდა გადაეხადათ ხარკი სომხურ პროვინციებს? ისინი ,,ყოველი საქართველოს“ განუყოფელი ნაწილები იყვნენ და, რასაკვირველია, არავითარ ხარკს არ იხდიდნენ. სამაგიეროდ,ეს ოლქები იხდიდნენ ყველა იმ სახელმწიფო და სამეფო გადასახადს და ბეგარა-ვალდებულებას, რომელიც დაწესებული იყო საქართველოში. ხარკს იხდიდა მაგ. არზრუმი, განძა, შირვანი, დარუბანდი და ა.შ. ე.ი. ,,ყმადნაფიცი ქვეყნები“, სწორედ იმიტომ, რომ მათი ურთიერთობა საქართველოსთან არ გაცილებოდა სწორედ ,,ყნადნაფიცობის რიგს“ და საქართველოს მათი ხელისუფლების უზურპაცია არ მოეხდინა. ხარკი რომ დამოუკიდებლობის დიდი ნაწილის შესანარჩუნებელი აუცილებელი კომპონენტია, ეს შესანიშნავად ჩანს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაშიც 1783 წლის ტრაქტატით. ქართლ-კახეთის სამეფო იხდიდა ხარკს სწორედ დამოუკიდებლობისათვის (თუმცა შეზღუდული დამოუკიდებლობისთვის), მაგრამ 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის პროვინციად გადაქცევის შემდეგ არავითარ ხარკზე ლაპარაკიც კი აღარ იყო, სამაგიეროდ თბილისის გუბერნიის მოქალაქენი იხდიდნენ გადასახადებს რუსეთის იმპერიისა ყველა ოლქის შესაბამისად.

სომხური ისტორიოგრაფიის ზემოთმოყვანილი თვალსაზრისი, სამწუხაროდ, მოხვდა ოფიციალურ სახელმძღვანელოებშიც (იხ. მაგ. ,,История Армении“, 1951 წ. აგრეთვე ,,სომეხი ხალხის ისტორია“, 1962). ,,...მოკლე ხანში ჩრდ. სომხეთში შეიქმნა სომხური ფეოდალური სახლების ერთი მთლიანი სისტემა, რომელსაც მეთაურობდა ზაქარიანთა გვარი. ესენი ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ ქართველ ბაგრატიონებთან და ქართული სამეფოს კარზე ეჭირათ ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობანი. ზაქარიანთა სომხეთი შინაგან ცხოვრებაში სრული ავტონომიით სარგებლობდა“ (,,ჰაი ჟოღოვურდ პათმუთეან“, გვ. 76. უკანასკნელ ათწლეულებში გამოქვეყნებულ ნაშრომებზე ლაპარაკიც არ ღირს. იქ ყოველგვარი ზომიერება დაკარგულია.).

შედარებით ფრთხილი თვალსაზრისი აქვს ცნობილ მკვლევარს ჰ. მანანდიანს.

,,...ზაქარია და ივანე მხარგრძელების გამარჯვებათა წყალობით სომხეთი პოლიტიკურად ხელახლა აღდგა და მისი საზღვრები იმდენად გაფართოვდა, რომ თავის საზღვრებში არა მხოლოდ ბაგრატუნიანთა უწინდელი შირაკ ანისს-კარს, ძოროგეტის სამეფოს და სივნიეთის დიდ საიშხანოს, არამედ ქ. დვინს ირგვლივი გვარებით” (გვ. 131).

,,...განთავისუფლებულმა რაიონებმა ცალკე საიშხანოები შეადგინეს, რომლებიც უშუალოდ ზაქარიას და ივანეს მფლობელობაში შემოდიოდნენ (მანანდიანი ამ ეპოქას უწოდებდა ასე ,,სომხეთის აღდგენა საქართველოს სუვერენიტეტის ქვეშ“ (გვ. 144,145).

1944 წელს ცნობილმა სომეხმა მკვლევარმა ს. ერემიანმა გამოსცა ნაშრომი ,,ამირსპასალარი ზაქარია ერკაინაბაზუკი“ (,,ერკაინაბაზუკი“, ე.ი. ,,მხარგრძელი“). ამ ნაშრომში გატარებულია შეხედულება, რომ ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი (რომლის ქართული გვარი ს. ერემიანმა სომხურად თარგმნა?), თვითონ აქვეყნებდა ბრძანებებს, განკარგულებებს, ე.ი. თვითონ წარმოადგენდა სახელმწიფოს (საინტერესოა, რომელ სახელმწიფოს?) გავლენიან პირს და მის ფაქტიურ ხელმძღვანელს. უფრო მეტიც, ს. ერემიანი სომხეთს უწოდებს ,,ზაქარიას სომხეთს“...

ა. ჰოვჰანესიანის აზრით, ,,საქართველო სომხეთს ფლობდა არა ,,პროტექტორატის“ სახით, როგორც ეს ჩვეულებრივ წარმოუდგენიათ, არამედ ფეოდალური სუვერენიტეტის საფუძველზე“. ა. ჰოვჰანესიანი ახლოს მივიდა ჭეშმარიტებასთან, მან ძალზე სამართლიანად მოხსნა პროტექტორატის ფორმა და აღიარა ფეოდალური ვასალიტეტის არსებობა, სამწუხაროდ, ეს ,,ფეოდალური ვასალიტეტი“ ამ ავტორთან მთლად სწორად არაა გაგებული. ფეოდალური ვასალიტეტის ის ფორმა, რომელიც შეინიშნება სომხეთში (სომხურ პროვინციებში) მე-12 საუკუნის ბოლოდან (ე.ი. რაც ჩანს მხარგრძელთა და საქართველოს მეფის ურთიერთობაში) სომხეთი საქართველოს პოლიტიკური დამოკიდებულების რომელიმე ვარიანტი კი არაა, არამედ  ფეოდალური საქართველოს სოციალური განვითარების შედეგი. მხარგრძელები ისევე ემორჩილებიან მეფეს, როგორც მაგ. სურამელები ან ჯაყელები... თანაც უფრო მეტადაც.

სომხური ისტორიოგრაფიის ზემოთმოყვანილმა კონცეფციამ თავისთავად მიგვიყვანა ,,სომხური პროვინციების“ თითქმის სრული დამოუკიდებლობის (ფაქტიური და ნაწილობრივ იურიდიული დამოუკიდებლობის) აღიარებამდე. ეს თვალსაზრისი ყველაზე ნათლად გამოჩნდა ლ. ო. ბაბაიანის მონოგრაფიაში (,,Социально-Экономическая и политическая история Армении в XIII-XIV веках“. Москва, 1962.).

შევეხოთ ამ ავტორის შეხედულებებს უფრო დაწვრილებით.

დასაწყისში მკვლევარი ლ. ო. ბაბაიანი არ უარყოფს საქართველოს წამყვან როლს სომხეთის განთავისუფლების საქმეში (იქვე, გვ. 13-14). მაგრამ, მისი აზრით, ქართული ლაშქრის ადგილი ნელ-ნელა დაიკავეს სომხურმა შენაერთებმა, ხოლო თამარის ეპოქიდან (მე-12 საუკუნის 80-იანი წლები) მთელი ინიციატივა ხელში აუღიათ მაჰკანაბერდელ არწრუნიდებს და განსაკუთრებით ძორაკერტის ფეოდალურ სახლს ზახარიდებს (გვ. 14, უთითებს ,,Грузинские источники“, т. II, стр. 11, 24, 44, აგრეთვე, С. Эремян, Юрий Баголюбский по армянским и грузинским источникам, 398, 399. Г. Овсесян, Хахбакяны или промяны, გვ. 4,8). მითითება ს. ერემიანის ნაშრომზე, როგორც საკუთარი კონცეფციების საფუძველზე, უკვე თავიდანვე მიგვანიშნებს ავტორის ტენდენციაზე. ს. ერემიანის ნაშრომის შესახებ იხ. ი. ცინცაძე ,,ძიებანი“.). მხარგრძელთა გვარმა ლ. ბაბაიანის შეხედულებით შექმნა სომხური სამხედრო შენაერთები ქართული არმიის სისტემაში: ,,Будучи наместниками, Захариды объединяли армянские феодальные силы и формировали армянские войнские подразделения в системе грузинской под армии. В 1185 г. Саргис Захарян был назначен верховным главнокомандующим грузино-армянскими вооруженными силами – амирспасаларом». აქ ავტორი განზრახ უშვებს ორ უზუსტობას: 1. მხარგრძელებს ისტორიული წყაროები არსად იცნობენ, ,,ზაქარიანთა“ სახელით, ეს გვარი მე-19 საუკუნეშია გამოგონილი, მაშასადამე, უნდა დაგვეწერა ,,მხარგრძელი“ და არა ,,ზაქარიანი“; 2. სარგის მხარგრძელი დაინიშნა არა ქართულ-სომხური ჯარების ამირსპასალარად, არამედ საქართველოს ამირსპასალარად. ზევით ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ამირსპასალარი თავდაპირველად უდრიდა სწორედ სომხეთის ამირსპასალარს, მაშ რატომ ვაკრიტიკებთ ლ. ბაბაიანს? საქმე იმაშია, რომ, ჩვენი გაგებით, ამირსპასალარი დასაწყისში ეწოდებოდა არა სომხეთის ჯარების სარდალს, ე.ი. სომხური ჯარების მეთაურს, არამედ სომხეთში განლაგებული ჯარების (უმთავრესად ყივჩაღური მობილური კორპუსების) სამხედრო და ნაწილობრივ ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს. როგორც ვხედავთ, ლ. ბაბაიანის ,,სომხეთის ამირსპასალარსა“ და ჩვენი ვარაუდის ,,სომხეთის ამირსპასალარს“ შორის პრინციპული განსხვავებაა.

საინტერესოა ერთი გარემოება. ის ფაქტი, რომ ტერმინ ,,ამირსპასალარის“ რთული კომპოზიტის ორი კომპონენტი ,,ამირ“ და ,,სპასალარი“ უნდა გაჩენილიყო სამოქალაქო ადმინისტრაციული (,,ამირ“) და სამხედრო (,,სპასალარი“) ფუნქციის გაერთიანებით, შენიშნა ჰ. სამველიანმაც (Х. Самвелян ,,История древнеармянского права“, გვ. 240-241). მაგრამ ეს სწორი მიხვედრა ყოვლად მიუღებელი დასკვნისთვის გამოიყენა. მისი აზრით, ,,ამირ“ იმიტომ ეწოდა ზაქარიას, რომ ის თითქოს ჯერ საქართველოს უმაღლესი მმართველი, ხოლო შემდეგ კი სომხეთის მეფისნაცვალი გახდაო. მან ისიც დაუშვა, თითქოს სომხური ,,ამირსპასალარი“ ქართული ,,მანდატურთ-უხუცესს“ შეესატყვისებოდეს, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია.

ლ. ო. ბაბაიანი, თითქმის ყველა წინამორბედი კოლეგის მსგავსად სომხეთის განთავისუფლებას, სომხეთის შემოსვლას ქართულ სახელმწიფოში აკავშირებს მხოლოდ მხარგრძელთა სახელთან (ეს გასაგებია, ზევით ჩვენ უკვე ვუჩვენეთ, რომ ე.წ. ავტონომიის ნიშნები ჩანს მხოლოდ მხარგრძელთა სამფლობელოების მიმართ - ამიტომაც ავტონომიის მომხრეებმა უნდა ნებით თუ უნებლიეთ გამოტოვონ პერიოდი ლორე-ტაშირის განთავისუფლების მომენტიდან, ვიდრე ზაქარია მხარგრძელის აღზევებამდე). სწორედ ამიტომ წერს ავტორი საოცრად ,,ანაქრონისტული“ შინაარსის ფრაზებს: ,,...Все освобождение територии исторической Армении (Бывшие Ширак-Анийское, Карское, Дзорагетское царства армянских Багратидов, Сюнийское Княжество, город Двин с прилегающими к нему районами, кроме г. Карске, грузинские цари отдали Захаридам. Вероятно, грузинские цари после взятия лори у Кюрикийской ветви Багратидов передали и его в собственносты амирспасаларам так как по традиции Лори рассматривался как резиденция ,,армянского (сомехского) царя“. (გვ. 17).

ლორე ამირსპასალარის საჯდომი იყო, მაგრამ ლ. ბაბაიანი რატომღაც არ მიუთითებს, რომ აქ მხარგრძელებამდე ადრე მთელი 60 წელი ჯერ ორბელები ისხდნენ ამირსპასალარის სახელოთი, მათ შემდეგ კი ყუბასარი.

მხარგრძელთა ეპოქა ლ. ბაბაიანს წინამორბედი სომეხი კოლეგების გავლენით სომხეთის სრული სუვერენიტეტის აღდგენის ეპოქად მიაჩნია. ამის საილუსტრაციოდ მოჰყავს ცნობილი ადგილი ,,ისტორიანი და აზმანიდან“, სადაც ლაპარაკია იმის შესახებ, თუ როგორ მოითხოვა ათაბაგობა ივანე მხარგრძელმა. თავის დროზე ამ ფაქტის შესახებ გარეგინ ოვსეპიანი თავის ნაშრომში ,,ჰაჰბაკიანები ანუ პროშიანები“ წერდა: ,,ამირსპასალარობა და ათაბაგობა იყო მოვლენა, დაკავშირებული ეპოქის სულთან. ორივე ტიტული და თანამდებობა აღებული იყო სპარსელებისაგან და ნაწილობრივ სირიისაგან, სადაც სუსტი მეფეების გვერდით სელჯუკთა სახელმწიფოს დაცემის დაწყებისას ჩნდებიან მსხვილი მხედართმთავრები და ათაბაგები, სახელმწიფოს ნამდვილი მმართველები, რომლებმაც თანდათანობით სხვადასხვა ნაწილში დააარსეს დამოუკიდებელი სახელმწიფოები. თუ არ იქნებოდა ხვარაზმელთა და მონგოლთა დიდი ლაშქრობანი და მათი მფლობელობა, ალბათ ზახარიდების ახლად წარმოქმნილი სახელმწიფო, უნდა წასულიყო განვითარების იმავე გზით, როგორც ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ იმ ტიტულებით, რომლებსაც ისინი ატარებდნენ და მათი სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი გამოხატულებით“ (გვ. 19).

გარეგინ ოვსეპიანის ეს თვალსაზრისი (ლ. ბაბაიანის სხვა ანალოგიური დასკვნების საფუძველი) ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს... ჯერ ერთი, ამირსპასალარის სახელო დაარსდა არა სუსტი მეფის, არამედ თვითმპყრობელი მმართველის დავით აღმაშენებლის დროს, ათაბაგობა კი უფრო სხვაგვარ პირობებში იქნა დაწესებული, ვიდრე ეს დღეს წარმოუდგენიათ. რაც მთავარია, ხვარაზმელთა და მონგოლთა შემოსევებმა საქართველოს მოუსწრო დიდი პოლიტიკურ-სოციალური კრიზისის ბოლო ეტაპზე (ე.ი. იმ პერიოდში, როდესაც ხდება ფეოდალური სახლების წარმოშობა. სომხური პროვინციების მიმართ ეს გამოიხატა სომხური არისტოკრატიის ქართველიზაციის გასრულებისა და მხარგრძელთა კოლეგიალური მმართველობის დაცემის შემდეგ). ასე რომ, გარეშე ფაქტორის უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს უნიტარიზაციის პროცესი, არა თუ პოლიტიკურ, თვით ეთნიურ საზღვრებსაც გააქრობდა სომხეთში. საერთოდ, რეგიონალური განკერძოება, უმრავლეს შემთხვევაში, ჩქარდება საგარეო ფაქტორების მეშვეობით. ოვსეპიანი და ლ. ბაბაიანი გვთავაზობენ საწინააღმდეგოს: - ,,ერთიანი საქართველო აუცილებლად დაიშლებოდა ხვარაზმელთა და მონგოლთა შემოსევები რომ არ ყოფილიყო!...“ აქ, როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია!“

,,...В царствование Тамары (1184-1213), особенно в последние его годы, внутри грузинского государства усилились центробежные феодальные силы и уже чувствовалось близость упадка могучего государства. Иване был дальнозорким политиком и после Тамары не видел достойной кандидатуры на царских престол. Он хорошо сознавал, что в этих условиях атабекство в политической жизни страны должно стать самой высшей должностью и сыграть решаюшую роль в управлении страной“ (გვ. 19).

ლ. ბაბაიანის აზრით: ,,...По свидетельству армянских и грузинских источников, амирспасалары и атабека в частности Захарии и Иване (ისევ ეს ორი, თითქოს საქართველოს ისტორიაში ამ ორი პირის გარდა სხვა ათაბაგი და ამირსპასალარი არ გვყავდეს მათ უწინარესაც და მათ მომდევნო ეპოქაშიც! в своих владениях обладали поолной автономией.

რითი ამტკიცებს ეს ავტორი სომხეთის (მხარგრძელთა სახლის) ავტონომიას?

1. მხარგრძელთა ტიტულებით (,,მეფე“, ,,შაჰანშაჰი“, ,,მთავარი“, ,,ცეზარიც“ კი! ეყრდნობა ეპიგრაფიკას (იხ. ,,Материалы по археологии Кавказа, გვ. 9, 13, 87, აგრეთვე კ. კაფანდარიანი, ,,ოვანავანკი და მისი წარწერები“, გვ. 94, 95, 96. გ. ალიშანი. ,,შირაქი“, გვ. 27. С. Джалалянц, ,,Путешествие в великую армению“,  ч. II, გვ. 131-132, აგრ. ,,მატიანე ქვებზე“, გვ. 141).

2. სომხეთის ფეოდალური წრეების ეროვნული თვითგამორკვევისაკენ დაუცხრომელი ზრუნვით.

ამ ორ ფაქტორზე დაყრდნობით სომხური ისტორიოგრაფია აკეთებს დიდმნიშვნელოვან დასკვნებს: თითქოს ,,Захариды... формально входя в грузинскую систему управления, были настолько самостоятельны что считали себя наследниками Багратидов“ (გვ. 20).

ლ. ბაბაიანს კიდევ ერთი არგუმენტი მოჰყავს. იგი ამტკიცებს, რომ ქართული წყაროების ,,შვიდი სამეფო“, რომელიც მოიცავს ,,სომხითს“, რეალურად ცოცხლობს. ზევით ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ,,შვიდი სამეფო“ რეალურია მე-12 საუკუნის 80-იან წლებამდე, ე.ი. მხარგრძელთა ამაღლებამდე...

რაც შეეხება სომხური არისტოკრატიის ეროვნულ თვითგამორკვევას, ამის სამაგალითოდ თვით ივანეს მოქმედება მიგვაჩნია. ივანე მხარგრძელისა და ზაქარიას სიკვდილის შემდეგ მისი ოჯახის მართლმადიდებლობა ეროვნული შეგნების გაძლიერებაზე კი არ მიუთითებს, არამედ პირუკუ პროცესზე.

რაც შეეხება ტიტულებს, თვით სომხური ისტორიოგრაფიაც ვერ მალავს, რომ მათ რეალური შინაარსი აღარ ჰქონდათ. ,,...Однако... некоторые царские титулы – царь, шахиншах, король и другие в новых социально-политических условиях польностью не сохранили смысла, присущего им в раниефеодальный период“.

სამწუხაროდ, ეს აღიარება სრული არაა:

,,...Эты титулы в интересующий нас период имели более узкий смысл, а именно служили обозначением самостоятельного правителя, владителя, пользовавшегося автономией бывшего нахарара наместника и др“ (გვ. 22). თავის მტკიცების შესამაგრებლად ლ. ბაბაიანი იშველიებს ხაჩენელი მთავრების (იშხანის) ჰასან ჯალალის ტიტულს: ,,Я, покорны слуга божий Джалал Дола Гасан, сын Вахтанга, внук великого Гасана, исконный владыка и царь высокой и великой страны Арцахской и прилегаюший области“ (გვ. 22).  ამავე დროს კიდევ დამატებითი ,,არგუმენტიც“ მოჰყავს XII საუკუნის I ნახევრის სპარსულ გეოგრაფიული ნაშრომის ანონიმი ავტორის ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ,,...Данная область (ლაპარაკია არცახზე) труднодоступна, находится в горах и лесах; она относится к районам Ар-тарана, там живут армяне люди Абхазии. их падишаха называют царем“ (Н. Д. Миклухо-маклай. Географическое сочинение XIII в. на персидском языке, – ,,Ученые записи Института востоковедения, АН СССР, 1954, т. VII, გვ. 204-205). ამ ჰასან ვახტანგის ძე ჯალალის შესახებ აკად. ი. ორბელი შენიშნავდა: ,,Понятно, что слова ,,Инкнакал“ (самодержец), ,,инкнакалакан“ (самодержавный), как и ранее приведенные, следует понять не в современном их смысле, не в смысле неограниченной внутренней власти, а вообще в мысле независимость от внешных чужеземных правителей“ (И. А. Орбели. ,,Асан Джалал“, გვ. 430).

სამწუხაროდ, ლ. ბაბაიანისა და ი. ორბელიანის (ორბელის) მსჯელობა შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ წინააღმდეგობებს; I. თვით ფაქტი, რომ ხაჩენელი მთავრები მოიხსენიებიან ასეთი მაღალი ტიტულით, ეს თავისით გამორიცხავს ,,ზაქარიანთა სომხეთის” არსებობას. თუ სომხეთი ,,ზაქარიანების“ მეთაურობით თითქმის დამოუკიდებელია, თუ ,,ზაქარიანები უმაღლესი მმართველები არიან, მაშ რას ნიშნავს ხაჩენელთა ასეთი, თითქმის უფრო მაღალი წოდებანი? ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - ფეოდალურ საქართველოში ,,ფეოდალური სახლების“ წარმოქმნის პერიოდში თითოეული სახლი სწრაფად ითვისებდა მაღალ ტიტულებს. ამ დროს ,,მეფე“, ,,თვითმპყრობელი“, ,,მთავარი“ ნიშნავს ფეოდალური იმუნიტეტის გამოკვეთას, სამოხელეო ტერიტორიის გადაქცევას მემკვიდრეობით მფლობელობად, მეზობლებისაგან სრულ დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს მეზობლებისგან დამოუკიდებლობა, საკუთარი მამულის იმუნიტეტი, არ ნიშნავს, თითქოს ეს ,,სახლები“ გამოდიოდნენ ქართველი მეფის სიუზერენობიდან, პირიქით, ,,სახლებად“ დაშლა სახელმწიფო უნიტარიზაციის აშკარა მაჩვენებელი იყო. ამას შესანიშნავად ადასტურებს თვით ის მასალა, რომელიც ლ. ბაბაიანს და ი. ორბელს მოჰყავთ: XIII ს. I მეოთხედის ანონიმი სპარსი გეოგრაფი პირდაპირ მიუთითებს, რომ ხაჩენის ოლქში: ,,...Живут Армяне – Люди Абхазии» - აქ ,,სომხები“ მხარის რელიგიურ, ხოლო ,,აფხაზეთი“ პოლიტიკურ მფლობელობაზე მიუთითებს. ფორმულა: Армяне – Люди Абхазии აბსოლუტურად გამორიცხავს ხაჩენის დამოუკიდებლობას, იგი ნიშნავს: სომხები - ქვეშევრდომნი საქართველოსი“.

სომხური ისტორიოგრაფიის თვალსაზრისის შინაგანი წინააღმდეგობა კარგად გამოიხატება თვით მხარგრძელთა სამმართველო ოლქების მართვის სტრუქტურის ანალიზშიც. ზევით ხაჩენელთა მაგალითზე უკვე ნაჩვენები გვქონდა, რომ ,,სომხითი“ არ უდრის ,,მხარგრძელთა სამფლობელოებს“. მაგრამ საინტერესოა, რომ არც ,,მხარგრძელთა სამფლობელოებია“ ერთიანი. აქაც ურთიერთგამომრიცხავი წინააღმდეგობაა. ისტორიკოსები ვერც ,,ზაქარიანთა ერთიან სომხეთს“ ელევიან, ვერც ცალკეული განშტოებების დამოუკიდებლობა უარუყვიათ. მაგ. ლ. ბაბაიანი მთელ თავის ნაშრომში ცდილობს დაამტკიცოს ,,სომხეთის დამოუკიდებლობა“, მაგრამ იქვე აღიარებს: ,,...Три старших представители Захаридов на освобожденных териториях исторической Армении создали три отдельных княжеств.

Власть амирспасалара Захария простиралась на наследственную вотчину захаридского двора часть Лори, районы бывщего Ширак-Анийского Багратидского царства и сопредельные с ним Арагацоты и др. провинции вплот до нижнего Басена или мыжынкерта.Центром княжества был город Ани».

ამ ,,სამთავროს“ საზღვრები მოცემულია XIII საუკუნის I ათეულის ბოლოსათვის. ასეთი საზღვრებით ზაქარია მხარგრძელის სახლი ,,შანშეს“ სახლი ჩამოყალიბდა თვით ზაქარიას სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. ,,...Княжество атабека Иване занимало часть Лори, некоторые восточные провинции Араратской области и провинции расположенные вокруг озера Севан-Гегаркуник, содк, Ваиод-дзор, часть Сюника. Центром княжеств был город Двин“... (Л. Бабаян). ეს სამთავროც გვიანაა შექმნილი... და მისი ცენტრი იყო არა დვინი, არამედ ბიჯნისი. ლ. ბაბაიანს III სამთავროდ დასახელებული აქვს გაგელთა სამფლობელოები: გაგი, ტავუში, პარისოსი, გარდმანი (იქვე).

ამ სამთავროებში გარდა ძირითადი ფეოდალური სახლისა, სხვა ფეოდ. სახლებიც იყო (ვაჩუტიანები, პროშიანები, ორბელიანები და ა.შ.), რომელთაც სომეხი ისტორიკოსები მიიჩნევენ მხარგრძელთა (ზაქარიანთა) ვასალებად.

წარმოდგენილ სქემას ბევრი ხარვეზი აქვს; ჯერ ერთი, რატომ ვასახელებთ მხოლოდ 3 შტოს? მხარგრძელთა გვარში აშკარად გამოიყოფა 4 განშტოება. ქართულ წყაროებში ყოველთვის ასეთი მიმართებით იხსენიება ეს გვარი ,,ოთხთა მხარგრძელთა“. რატომ არ აწყობს სომხურ ისტორიოგრაფიას ეს ,,ოთხი მხარგრძელი“? იმიტომ, რომ სარგისის ჩამომავალთა გარდა ყველა მხარგრძელი ქართველია, როგორც პოლიტიკურ-ეთნიური, ისე კონფესიონალური გაგებით. ზაქარიას და ივანეს სამფლობელოთა ცენტრებად მსხვილი ქალაქების ანისისა და დვინის დასახელებაც ტაქტიკური მანევრია. არაფრით არ დასტურდება, რომ ამ ქალაქებში ეს პირები და მათი ჩამომავალნი სხედან როგორც მფლობელები. ასეთ შემთხვევაში, რატომ უნდა აერჩია ავაგს (ივანეს მემკვიდრე) საჯდომად ბიჯნისი, ხოლო შანშეს (ზაქარიას მემკვიდრე) ამბერდი? ახსნა აქ ერთი შეიძლება იყოს. ანისი და დვინი სამოხელეო ტერიტორიების რეზიდენციებია (ამ ტერიტორიებს აქვთ მძლავრი ტენდენცია სამემკვიდრეოდ გადაქცევისა, მაგრამ მხოლოდ ტენდენცია - პროცესი არ მიდის საკმაო სისწრაფით). ბიჯნისი და ამბერდი კი საგვარეულო ბუდე (დაახლოებით ხოჟონის მსგავსი!).

განკერძოების, სეპარატიზმის სურვილის შემთხვევაში უკუპროცესი იყო მოსალოდნელი - ბიჯნისისა და ამბერდის ტიპის საჯდომი ციხეებიდან სამეფოდ გამზადებული მოხელე-მთავრები დიდ ქალაქებში უნდა გადასახლებულიყვნენ!

ასევე უნდა განიმარტოს ვასალთა დამოკიდებულების ხარისხიც. რასაკვირველია, მხარგრძელებს, ყველა დიდებულის მსგავსად, საკმაოდ ეყოლებოდათ ,,საკუთარი და ერთგული“ ქვეშევრდომები საშუალო არისტოკრატიის წრიდან, მაგრამ უფრო დასაშვებია, რომ ვასალთა დიდი ნაწილი მხარგრძელებს ემორჩილებოდა მათი საზოგადოებრივი მდგომარეობის (ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, ათაბაგი, მეფისნაცვალი და ა.შ.) საფუძველზე.

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელი (+დაახლ. 530)
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს.
მართალი იოანა მენელსაცხებლე
27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მართალი იოანა მენელსაცხებლეს (I) ხსენების დღეს.
gaq