საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველოს სამეფოს ისტორია > საისტორიო მოთხრობები

ლოვარდ ტუხაშვილი - 6. ათაბაგობა, სომხური პროვინციების მმართველობის ახალი ფორმა. ,,ქართველიზაციის“ პროცესის დასრულება / საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი (,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“)
ლოვარდ ტუხაშვილი
ახტალა

საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკურ-დიპლომატიური მიდგომა სომხეთის შემოერთების პრობლემისადმი

6. ათაბაგობა, სომხური პროვინციების მმართველობის ახალი ფორმა. ,,ქართველიზაციის“ პროცესის დასრულება

ლოვარდ  ტუხაშვილი

,,ნარკვევები ქართული დიპლომატიის ისტორიიდან“

წიგნი I

ბაგრატ III-დან გიორგი  V ბრწყინვალემდე

წიგნში მონოგრაფიული წესით განხილულია ქართული დიპლომატიის განმსაზღვრელი მიმართულებანი X-XV საუკუნეებში, ე.წ. ,,იმპერიულ ხანაში“ ანუ ერთიანობის ეპოქაში. წარმოდგენილი ნარკვევები არის ქართული დიპლომატიის ისტორიის პირველი ნაწილი. წიგნში შესული ცალკეული ნარკვევები, დამოუკიდებელი შინაარსის მიუხედავად ქმნიან ქრონოლოგიურად თანამიმდევრულ გაბმულ ციკლს. მეორე ნაწილში ნაჩვენები იქნება თუ როგორ შეიცვალა სრული სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის ორიგინალური საგარეო პოლიტიკა ,,აღდგენა-გამოხსნისათვის“ ბრძოლის მანევრად.

მონოგრაფია გამიზნულია სტუდენტი-ახალგაზრდობისათვის. ვფიქრობთ იგი ფართო საზოგადოების ყურადღებასაც დაიმსახურებს.

 

ათაბაგობის დაარსების პრობლემა უაღრესად მჭიდროდაა დაკავშირებული სომხური პროვინციების მმართველობის ახალ ფორმასთან. ჩვენი აზრით, ათაბაგობა, მისი სახელო, ამ ხელის გენეზისი და სოციალ-პოლიტიკური შინაარსი დასაწყისში იყო ქართული სახელმწიფოებრიობის რეგიონალური მოვლენა (და არა ზოგადად - ,,საიმპერიო“). ეს სახელოს წარმოშობის ახლებური ინტერპრეტაცია მოცემული გვაქვს წინა ნარკვევში. გავიმეორებთ რამდენიმე ძირითად დასკვნას: 1. ათაბაგობა დააწესა მეფე თამარმა არა ზაქარია ამირსპასალარის სიკვდილის შემდეგ, არამედ მის სიცოცხლეშივე;

2. ,,ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ცნობა გვიანდელი რეაქციის შედეგია, აშკარად ნაყალბევია კონკრეტული მიზნით. ივანე მხარგრძელის ათაბაგად დანიშვნით და მისი სახელოვანი ძმის გადაყენებით გასრულდა ე.წ. ,,სომხური პროვინციების“ სრული პოლიტიკური ,,ქართველიზაცია“, ქართული მართლმადიდებლობის გამარჯვება სომხურ-გრიგორიანულ არისტოკრატიაში და განვითარებული ფეოდალიზმის სრულყოფა: ,,სომხურ“ თემებში სამოხელეო-პირობითი მიწათმფლობელობის გადაქცევა სამემკვიდრეო მფობელობად. ამ მოვლენას ,,სომეხი“, ,,ჰერი“ და ,,არცახ-ხაჩენელი“ დიდებულების მთლიანი გაქართველება მოჰყვა. რთული პროცესების ეს ფართო კომპლექსი მიმდინარეობდა მსხვილი ფეოდალური სენიორიების მძაფრი ურთიერთდაპირისპირების ფონზე.

შევეხოთ ამ საკითხს უფრო დეტალურად. ვცადოთ გარკვევაც, თუ რატომ დაიმალა ზაქარია ამირსპასალარის გადაყენება ქართულ წყაროებში. ჩვენ ვიცით უკვე, რომ დაახლოებით 1205-1206 წლებში სამეფო კარიდან საერთოდ განიდევნენ მონოფიზიტები. თვით ზაქარიას ვაჟი შანშეც ადრევე ,,გაქართველებულმა“ ბიძამ ივანე ათაბაგმა მამის გარდაცვალების შემდეგ სასწრაფოდ მონათლა ქართველად.

მე-13 საუკუნის დასაწყისისათვის აშკარად შეინიშნება მხარგრძელთა და ახალციხელ თორელთა ურთიერთმეტოქეობა-დაპირისპირება. კერძოდ, ერთმანეთს უპირისპირდებიან ძმები ზაქარია და ივანე მხარგრძელები და ძმები შალვა და ივანე ახალციხელ-თორელები. წყაროებში სრულიად გარკვევით აისახა ეს ბრძოლა. მეტოქეობის დასაწყისი მოდის ჯერ კიდევ დიდი სარგის მხარგრძელისა და დიდი გამრეკელ-თორელის მოღვაწეობიდან (ეს ორი დიდი სამხედრო ხელისუფალი რამდენჯერმე შეენაცვლა ერთმანეთს. მათი მეტოქეობა შვილებზეც გადმოვიდა). თავდაპირველად უპირატესობა მოიპოვეს მხარგრძელებმა. თვით იმ მომენტშიც კი, როდესაც გამრეკელ-თორელი ამირსპასალარია, სამეფო კარმა მას ბოლომდე არ გამოუცხადა ნდობა. მისთვის არ გადაუციათ ლორე - ამირსპასალარის საჯდომი, გადასცეს მხოლოდ თმოგვი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ჩამოაჭრეს მის შვილებს და მხარგრძელთა ერთ-ერთ შტოს გადასცეს. რა უნდა ყოფილიყო ამ უნდობლობის მიზეზი? ალბათ ყუთლუ არსლანის გამოსვლა. ამ მოძრაობაში ჩათრეული უნდა ყოფილიყო სამძივარ-თორელთა, ჯაყელთა და სურამელთა ოჯახები (ნათესავები!). როგორც ცნობილია, ყუთლუ არსლანის გამოსვლა დამთავრდა ,,ყუთლუისტების“ (,,კარავისელების“) კომპრომისით მეფესთან, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სამეფო კარი ნელ-ნელა ანგარიშს უსწორებს ყოფილ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ამიტომაც ამ ოპოზიციურ ბლოკს (სამძივარ-თორელები, ჯაყელები, სურამელები) უპირისპირდებიან სხვა ფეოდალებს (მხარგრძელებს, აბულასანს და ა.შ.), მაგრამ მე-12 - მე-13 საუკუნეების მიჯნაზე მდგომარეობა არსებითად იცვლება. ამ ბლოკს აშკარად ეტყობა აღმავლობა. ამ პერიოდში მანდატურთუხუცესად ზის შალვა თორელი - ახალციხელი, მისი ძმა ივანე კი ქ. კარის (ყარსის) ამირთ-ამირა და ათაბაგია. მხარგრძელები შევიწროებულად ჩანან დროის რაღაც მონაკვეთში (დავუკვირდეთ, შალვა იურიდიულად მაღლა დგას ზაქარიაზე, მანდატურთუხუცესობა იურიდიულად განიხილებოდა შედარებით მაღლა მდგომ საფეხურად, ივანე თორელი - ახალციხელი კი ფლობს მეტად პერსპექტიულ უბანს ათაბაგობას - თავის მხარგრძელ სეხნიასთან შედარებით). ამ დროებითი აღმავლობის მიზეზი, ჩვენი აზრით, დავით სოსლანის პოზიცია უნდა ყოფილიყო. ასეთ სიტუაციაში დღის წესრიგში დადგა ზაქარია ამირსპასალარის გადაყენების საკითხი (რატომ მხოლოდ ზაქარიას? - ალბათ მის წინააღმდეგ დაირაზმა ქართული ეკლესია!). ამას გვაფიქრებინებს საეკლესიო წრეების აშკარად გამოხატული ანტიპათია მონოფიზიტ ზაქარიასადმი და მისი ასახვა ისეთ ნაწარმოებშიც კი, რომელშიც მხარგრძელთა პანეგირიკაა მოცემული. აი, სწორედ ამ დროს უნდა შეეთავაზებინა თამარს ივანესათვის (სრულიად გაქართველებული ივანესადმი) ძმის სახელო. ამის გამოძახილად მიგვაჩნია ის, რომ მართალია ზაქარიამ არ აღიარა დიოფიზიტობა, მაგრამ საკმაოდ ბევრი იმოღვაწა სომხური მონოფიზიტური ეკლესიის ქართულთან დასაახლოებლად (იმდენად ბევრი იღვაწა, რომ სომხებს სერიოზულად შეეშინდათ, ზაქარია მათ მოქცევას ხომ არ აპირებდა მთლიანად დიოფიზიტობაზე). მაგრამ მალე მდგომარეობა სრულიად რადიკალურად შეიცვალა - შალვა ახალციხელმა დაკარგა მანდატურთუხუცესობა (შესაძლებელია შესაბამისი მამულებიც შემოერთებულ სომხურ ოლქებში), ივანე, ახალციხელის ტიტულები - ამირთ-ამირა და ათაბაგი არაა მოულოდნელი. ამირთ-ამირა ეწოდება იმიტომ, რომ ალბათ ასე ერქვა ქ. კარის ძველ მფლობელს, ათაბაგი კი იმიტომ, რომ ქ. კარი ახალი პოლიტიკური სტატუსით საუფლისწულოს შემადგენლობაში იყო შესული).

დ. მუსხელიშვილი ვარაუდობდა, რომ შალვამ თვით დატოვა მანდატურთუხუცესობა - მისი მხედრული ბუნება უფრო აქტიურ საქმიანობას მოითხოვდა. შალვას გული მიუწევდა მონაპირეობისაკენ, მაგრამ ჩვენ ყურადღება მივაქციეთ ერთ გარემოებას - გუნია-ყალას წარწერის შემდეგ მანდატურთუხუცესობა ზაქარია მხარგრძელის ხელშია. მაშასადამე, დავით სოსლანის სიკვდილის შემდეგ მხარგრძელთა გვარმა დათრგუნა ძალით ახალციხელები, მიისაკუთრა და უკვე მომხდარი ფაქტის დადასტურება სთხოვა თამარს... (შალვასგან მანდატურთუხუცესობა მიიღო ზაქარიამ, ივანე მხარგრძელმა კი ახალციხელ სეხნიას წაჰგლიჯა ათაბაგობა).

ეს უნდა მომხდარიყო დაახლოებით 1206-1207 წლების მიჯნაზე (შეიძლებ

ახტალა - კირაკოს განძაკეცის ცნობით, ივანე ათაბაგი დაუკრძალავთ მის მიერ აგებული ეკლესიის შესასვლელთან, ხოლო მისი ძე - ავაგი მამამისის საძვალეში.
ა ცოტა ადრეც). ივანეს ყოფილი სახელო მსახურთუხუცესობაა. ასევე შეინარჩუნეს მხარგრძელებმა. იგი გადაეცა მათ ბიძაშვილს ვარამ გაგელს.

ამრიგად, მე-13 საუკუნის საქართველოში (საუკუნის დასაწყისში) მოხდა თავისებური (ზედაკლასობრივი?) სახელმწიფო გადატრიალება, რამაც გარკვეული დროით მთელი ძალაუფლების მხარგრძელთა ხელში კონცენტრაცია გამოიწვია. ასეთი მოვლენა მაშინდელ საქართველოში უცხო არ იყო. ამის კლასიკური მაგალითია ასათ გრიგოლის ძის მოქმედება. მან ,,მოსტაცა მძლავრებითა და მორევით საღირს კოლონკელი ძეს (ჰერეთის ერისთაობას) და მცირედ ჟამს ქონებასა შინა იაჯა არიშიანისა ადგილსა დაჯდომა სასთაულითა და ხელთუდვა შვილსა მისსა (,,ჰერეთის ერისთაობა“) (,,ქართლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 34). ასეთსავე მოვლენასთან უნდა გვქონდეს საქმე 1206 წელს, მხარგრძელებმა მოახდინეს ჯერ რამდემიმე სახელოს უზურპაცია, შემდეგ კი ,,იაჯეს“ მომხდარი ფაქტის ოფიციალური აღიარება. ამიერიდან იწყება მხარგრძელთა სრული ზეობა, რომელიც უნდა გაგრძელებულიყო იქამდე, სანამ მეფე ლაშა ივანე ათაბაგს ხელისუფლებას ჩამოაშორებდა.

სანამ განვიხილავდეთ ივანე მხაგრძელის ახალი სახელო ათაბაგობის სოციალ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შინაარსს, მოკლედ შევეხებით მხარგრძელთა და ახალციხელთა მეტოქეობის დასასრულს. მხარგრძელთა გამარჯვება ახალციხელებთან შეაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: ა) მხარგრძელთა საგვარეულოს სიდიდემ, მთელი გვარის კოლეგიალური მმართველობის შენარჩუნებამ, თორელ-ჯაყელთა კავშირის შესუსტებამ. უზარმაზარი საუფლისწულო მამულის ჯავახეთ-კარის შექმნამ შეაფერხა თორელთა მამულების გაფართოების პროცესი, მაგრამ თორელ-ახალციხელებს არასოდეს არ აუღიათ ხელი საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე. როგორც ჩანს, ისინი კვლავ წელში გაიმართნენ ლაშას მმართველობის დროს. სწორედ ამიტომ მათ დასამხობად ივანე ათაბაგმა გარნისის ბრძოლა გამოიყენა (ჟამთააღმწერელი: ,,...დაიპყრა ფეხი ივანე ათაბაგმან, ვითარმედ შურით იყო ახალციხელი შალვა და ივანესი“).

მაგრამ დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს, რა სახელო მიიღო ივანე მხარგრძელმა, რა გავლენა მოახდინა ახალმა სახელომ სომხური ოლქების მართვის პრინციპზე? ვფიქრობთ, დასაწყისში უცვლელად გადმოიტანა ივანე ახალციხელის სახელო, ე.ი. საუფლისწულო მამულების ზედამხედველობის ხელი, უფლისწულის აღმზრდელობის ფუნქცია. მაგრამ სავაზიროში შესვლის გზით, ამავე დროს, სრულიად ცხადია, რომ ათაბაგი ფაქტიურად არასოდეს ყოფილა უფლისწულის აღმზრდელი (ყოველ შემთხვევაში, ივანე ათაბაგს არ აღუზრდია ლაშა!). ამაოდ ეძებს ივ. სურგულაძე ქართულ მამამძუძეობის ინსტიტუტში ათაბაგობის საწყისებს). უფრო საგულისხმოა, რომ გიორგი ლაშა სულ სხვა წრეში, კერძოდ, დასავლურ-ქართულ წრეებში, აღიზარდა (თანამეფობა ნიშნავდა ,,აფხაზთა მეფობას“). ამას მოწმობს თუნდაც მისი აფხაზური სახელი - ალაშა, ლაშა). თანაც უდავოა, რომ მან ათაბაგობა თამარის სიცოცხლეშივე მიიღო, როდესაც უფლისწულს არ სჭიროდა რეგენტი. ვფიქრობთ, ივანე მხარგრძელმა გარეგნულად თითქოს საერთო საქვეყნო სახელის ამოფარებით, სცადა მოეპოვებინა ფეოდალური სამამულო ავტონომია (სენიორალური ავტონომია!) - სამოხელეო მიწაზე დაჯდა, როგორც მემამულე. ათაბაგობის მიღებით დასრულდა მხარგრძელთა სახლის ერთი უფროსი შტოს პოლიტიკურ-სოციალური აკლიმატიზაცია ფეოდალური საქართველოს არისტოკრატიულ იერარქიაში - ივანე მხარგრძელი იქცა მხარგრძელთა სენიორიების წყალობით. თანდათან იშლებოდა ე.წ. ,,სომხური პროვინციების“ არისტოკრატია ცალკეულ სახლებად. იშლებოდა მხარგრძელთა კოლეგიალური საგვარეულოც. ეს საგვარეულო, როგორც ეს დავასაბუთეთ პირველ თავებში, დასაწყისში, მთლიანად დამოკიდებული იყო საქართველოს მეფეზე (მოხელეთა სიძლიერე მეფის სიძლიერით იზომება!!), მაგრამ გარკვეული აზრით, ქართველი მეფეც მათზე იყო დამოკიდებული. დასავლურ-ქართული არისტოკრატიის შეცვლა პირობითად ,,სომხურ-ქართული“ არისტოკრატიით მაჩვენებელია იმ თვალსაზრისის მართებულობისა, რომ სოციალ-ეკონომიკური ჩამორჩენილობა (გაუდიფერენცირებელი საზოგადოება) მართლაც განაპირობებდა პოლიტიკურ სტაბილიზაციას. მემამულედ ქცეული ქართველი არისტოკრატები უფრო ხშირად ავლენენ დამოუკიდებლობას. ათაბაგობა ამ პროცესის ბოლო აკორდია!

მაგრამ რატომ დაგვიანდა მხარგრძელთა საგამგეო ქვეყნებში (,,სომხურ პროვინციებში“) ეს პროცესი? შეიძლება ვინმეს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ ქართულ სახელმწიფოში შემოსული სომხური მიწა-წყლის სოციალური განვითარება თითქმის ხელოვნურად იქნა შეფერხებული... რასაკვირველია, ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ სომხურ პროვინციებში მხარგრძელთა გარდა სხვა ფეოდალები არ იყვნენ, რომ აქ ფეოდალიზაციის პროცესი თავისი გზით მიდიოდა, მაგრამ აშკარაა, რომ მხარგრძელები დანარჩენ ქართველ დიდებულებზე უფრო დიდხანს დარჩნენ მოხელეებად. სწორედ მოხელეობაში იყო მათი ძლიერების წყარო. მხარგრძელთა ასეთი პოლიტიკა, ვფიქრობთ, ნაწილობრივ მათი სოციალური წარმომავლობით უნდა აიხსნას. აქ მთავარი ის კი არაა, რომელ ეთნიურ ჯგუფს ეკუთვნოდნენ ისინი, მთავარია, რომელი სოციალური ფენიდან განვითარდნენ ისინი...

ცხადი ერთია... ,,სომეხი“ მხარგრძელები ისევე ოცნებობენ წოდებრივ აღზევებაზე, როგორც სხვა ,,ქართველი ფეოდალები“. მხარგრძელებმა გვიან დაიწყეს ცდა მიეღოთ ის, რაც სხვა ქართველ დიდებულებს უკვე ჰქონდათ!

მხარგრძელთა სოციალური სისუსტე კომპენსირდებოდა ცენტრალური ხელისუფლებიდან, ამ ხელისუფლებასთან მტკიცე კავშირით (სავაზირო მათია, დარბაზი - მათი მომხრე, სავაზიროში ყველა პოსტი, გარდა მეჭურჭლეთუხუცესობისა, უკავიათ მხარგრძელებს). მივიღეთ პარადოქსი: ჩამორჩენა სოციალურ განვითარებაში იწვევს აღმავლობას ცენტრში.

მე-13 საუკუნეში ეს პროცესი გასრულდა. მივიღეთ ორმხრივი შედეგი: სოციალური პროგრესი, ეროვნულ-კულტურული წინსვლა, მთლიანი ,,ქართველიზაცია“ არისტოკრატიაში, ერთის მხრივ და მეორე მხრივ - პოლიტიკური რეგრესი - განვითარების ეტაპი დაემთხვა ისტორიულ ძნელბედობას, რამაც ქართული სამეფოს დაცემა გამოიწვია (მხარგრძელთა გვარის შესახებ ვრცელი მონოგრაფია დაწერა პროფ. შ. მესხიამ (იხ. ,,მხარგრძელების როლი XII ს. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“. იგი ცალკე თავად შევიდა მონოგრაფიაში ,,საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში“ თავი III, გვ. 109-319). ავტორმა ჩვეული კეთილსინდისიერებით ამომწურავად შეისწავლა წყაროები და ისტორიოგრაფია. უჩვენა ისტორიოგრაფიული ასახვის კლასიკური ნიმუში. არ გამორჩენია არცერთი მკვლევარი (მიქაელ ჩამჩიანიდან დ. მუსხელიშვილამდე). მიიღო გარკვეული შედეგებიც. ჩვენ შეგნებულად ვეცადეთ კვლევა წაგვეყვანა სხვა კუთხიდან. ტრადიციული ფორმა ასახვისა ქართულ ისტორიოგრაფიაში მაინც ვერ სცილდება ივ. ჯავახიშვილისეულ ინტერპრეტაციას. ჩვენთვის საყრდენი იყო ,,ქართლის ცხოვრების“ მატიანეთა ზოგიერთი ნაწილის ახლებური წაკითხვა. შედეგიც განსხვავებული მივიღეთ. ეს უმთავრესად დასკვნების სახით, რაც შეეხება ფაქტობრივ მასალას, პროფ. შ. მესხიას შესანიშნავი გამოკვლევა მართლაც რომ სამაგიდო ნაშრომია).

 

დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

,,იბერია“

თბილისი 1994

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq