ალექსანდრე
პორფირის–ძე ბოროდინი დაიბადა სანკტ–პეტერბურგში 1833 წელს. იგი იყო ქართველი
თავადის, 62 წლის ლუკა სტეფანეს–ძე
გედევანიშვილისა და 25 წლის ევდოკია კონსტანტინეს ასულ ანტონოვას უკანონო ვაჟი.
დაბადებისას იგი ჩაწერეს ყმა გლეხის – პორფირი ივანეს–ძე ბოროდინის შვილად. 7
წლამდე ბავშვი ითვლებოდა თავისივე მამის ყმა
გლეხად, რომელმაც სიკვდილის წინ, 1840 წელს გაააზატა იგი და მასა და
დედამისს უყიდა ოთხსართულიანი სახლი. რადგან
უკანონო შვილები არ თავსდებოდნენ მე–19 საუკუნის ზნეობრივი ნორმებში, ბავშვის
მშობლების სახელები დაფარული იყო და საზოგადოებაში მას ევდოლია კონსტანტინეს
ასულის შვილად ასაღებდნენ. თუმცა ამ დაფარული წარმომავლობის გამო მას ვერ
მიაბარებდნენ გიმნაზიაში და ამიტომ მთელ გიმნაზიის კურსს სახლში გადიოდა.
ყმაწვილმა შეისწავლა ენები და მიიღო
ბრწყინვალე განათლება.
მუსიკალური ნიჭს ავლენდა ბავშვობიდანვე – 9
წლის ასაკში დაწერა პოლკა «Helen». უკრავდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე – თავდაპირველად
ფლეიტაზე და ფორტეპიანოზე, 13 წლიდან კი – ვიოლონჩელზე. ამ დროსვე განეკუთვნება
პირველი სერიოზული ნაწარმოები – კონცერტი ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის. 10 წლის
ასაკიდან ინტერესდება ქიმიით – ეს
მეცნიერება მას მთელი ცხოვრების საზრისად ექცა.
1850 წლიდან იწყებს მედიცინისა და ქიმიის შესწავლას. 1858
წელს ენიჭება მედიცინის დოქტორის ხარისხი,
სამედიცინო ქიმიის საკითხებზე დაცული დისერტაციისათვის. ბოროდინმა 1859–62 წლებში
სრულყო თავისი განათლება დასავლეთ ევროპაში და დაბრუნებისთაბნავე მიიღო სამედიცინო–ქირურგიული
აკადემიის ადიუნქტ–პრო ფესორის თანამდებობა. 1863 წლიდან სატყეო აკადემიის ქიმიის
კათედრის პროფესორია. 1877 წელს ის უკვე სამედიცინო–ქირურგიული აკადემიის
აკადემიკოსია.
ბოროდინის მიერ არის აღმოჩენილი მჟავათა
ვერცხლის მარილებზე ბრომის მოქმედებით ბრომჩანაცვლებული ცხიმოვანი მჟავების მიღება,
რომელიც ცნობილია ბოროდინ–ჰუნსდიკერის რეაქციის სახელით; ბოროდინმა 1862 წელს
მსოფლიოში პირველმა აღმოაჩინა ფტორორგანული შენაერთი – ფტორული ბენზოილი,
გამოიკვლია აცეტალდეჰიდი, აღწერა ალდოლი.
ჯერ კიდევ სამედიცინო–ქირურგიულ აკადემიაში
სწავლისას დაიწყო ბოროდინმა რომანსების, საფორტეპიანო პიესების,
კამერულ–ინსტრუმენტალური ანსამბლების წერა, რითაც იწვევდა თავისი სამეცნიერო
ხელმძღვანელის – ზინინის რისხვას, რომელიც თვლიდა, რომ მუსიკით გატაცება ხელს
უშლის მეცნიერს თავის სერიოზულ მუშაობაში.
მაგრამ ბოროდინმა მაინც გააგრძელა
მუსიკალური შემოქმედება და მიაღწია ისეთ სიმაღლეს, რომ დღეისათვის ძნელია
დაბეჯითებით მტკიცება – უფრო დიდი ქიმიკოსია იგი, თუ უფრო დიდი მუსიკოსი.
მუსიკალურმა ნაწარმოებებმა მოუპოვა ბოროდინს
დამსახურებული ადგილი რუსულ სამუსიკო ხელოვნებაში. კომპოზიტორის ყველაზე თვალსაჩინო
ნაწარმოებია ოპერა „თავადი იგორი“, რომელიც მიიჩნევა მუსიკაში ეროვნული ჰეროიკული
ეპოსის მაგალითად. ავტორი ოპერაზე მუშაობდა 18 წლის განმავლობაში. ეს
ნაწარმოები დღემდე ფასდება, როგორც საოპერო მუსიკის შედევრი.
ბოროდინი ითვლება კლასიკური ჟანრების –
სიმფონიისა და კვარტეტის ერთ–ერთ დამფუძნებლად რუსეთში.
&nb sp; 1867 წელს დაწერილმა მისმა პირველმა
სიმფონიამ, რიმსკი–კორსაკოვის და ჩაიკოვსკის სიმფონიებთან ერთად, სათავე დაუდო
რუსული სიმფონიზმის ჰეროიკო–ეპიკურ მიმდინარეობას. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის
მწვერვალად ითვლება 1876 წელს დაწერილი მისი მეორე სიმფონია. საუკეთესო საკამერო
ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება 1879 და 1881 წლებში შექმნილი პირველი და
მეორე კვარტეტები.
ბოროდინს ჰქონდა დაწერილი ფაქიზი კამერული
ვოკალური ნაწარმოებები, რისი მაგალითიცაა პუშკინის პოეზიაზე აჟღერებული ელეგია.
ბოროდინი გამოირჩეოდა დიდი საზოგადოებრივი
აქტიურობითაც – იგი თავგამოდებული იბრძოდა ქალებისათვის უმაღლესი განათლების
მიღების უფლების დაკანონებისათვის: იყო
ქალთა საექიმო კურსების მთავარი ორგანიზატორი, სადაც თავად პედაგოგობდა 1872–1887
წლებში. მხარში ედგა სტუდენტებს – თავისი დიდი ავტორიტეტით იცავდა მათ პოლიტიკური
დევნისაგან იმპერატორ ალექსანდრე II მკვლელობის
შემდეგ.
ბოროდინს მთელი ცხოვრების მანძილზე თან
სდევდა მატერიალური სიდუხჭირე – მსოფლიო დონის მეცნიერი და მუსიკოსი, თავის
სარჩენად იძულებული იყო ეკითხა ლექციები სატყეო აკადემიაში და ეთარგმნა უცხოური
ლიტერატურა.
გარდაიცვალა ალექსანდრე ბოროდინი 1887 წელს,
54 წლის ასაკში, გულის შეტევისაგან.
მის სახელს ატარებენ: სახელმწიფო კვარტეტი,
ქუჩები სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში, ბავშვთა მუსიკალური სკოლები.
|