|
ევგრაფი
და მისი ძმა პეტრე – კაზაკთა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლნი – იყვნენ კაზაკთა რიგებში აღმოჩენილი ქართველი
კაცის – რომან ნამჩევაძის შვილიშვილები.
რუსეთის
საზოგადოებრივ პოლიტიკურ აზროვნებაში XVIII საუკუნის ბოლოს ჩნდება ევგრაფ
ოსიპის–ძე გრუზინოვის სახელი. მან განვლო რიგითი კაზაკიდან გვარდიის პოლკოვნიკის
ჩინამდე და მფლობელობაში მიიღო ათასამდე სული ყმა გლეხი და 10 000 დესეტინამდე
მამული, გახდა მალტის ორდენის კომანდორი და რიგი რუსული ორდენების კავალერი.
ამბობდნენ, რომ კარიერა გაიკეთა პავლე პირველთან სიახლოვით.
1796
წელს, ეკატერინე მეორის სიკვდილის შემდეგ,
გატჩინელ კაზაკთა ესკადრონები შევიდნენ ახლად ჩამოყალიბებულ ლეიბ–ჰუსარულ
კაზაკური პოლკის შემადგენლობაში. პოლკში იყო ორი კაზაკური ესკადრონი, რომელთა
მეთაურად დაინიშნა პოლკოვნიკის
ჩინმიღებული ევგრაფ გრუზინოვი. ამასთანავე, ერთი იწოდებოდა „მის უდიდებულესობა
იმპერატორ პავლე პირველის“ ესკადრონად და მეორე – „პოლკოვნიკ გრუზინოვ–პირველის (გრუზინოვ
მეორის –პეტერესაგან განსასხვავებლად)“ სახელობისად. აქედან, ცხადია იმპერატორის
უსაზღვრო მწყალობლობა ევგრაფ გრუზინოვისადმი. ყველა გარშემომყოფმა უწყოდა, რომ ეს
ოცდაათი წლის გაუნათლებელი კაზაკი იყო იმპერატორის უსაყვარლესი პიროვნება. როგორც
სამეფო კარზე ამბობდნენ: „ხელმწიფეს სუნთქვაც კი არ შეეძლო ევგრაფ გრუზინოვის გარეშე“.
ევგრაფი ზოგჯერ ათენებდა კიდევაც მეფის კაბინეტში. ნიშანდობლივია, რომ პავლეს
წინააღმდეგ შეთქმულნი თავს ესხმოდნენ გრუზინოვს ათასგვარი ცილისწამებებით, რადგან
მასში ხედავდნენ საკუთარი განაზრახის სისრულეში მოყვანის დიდ წინააღმდეგობას.
მშვენიერი გარეგნობის, მოხდენილი აღნაგობის,
დიდი ფიზიკური ძალის მქონე გრუზინოვის მიმართ ყველანი ისედაც შურით იყვნენ
აღვსილნი, და ამგვარი მიზეზის არსებობის გამო, ეძებდნენ საბაბს მის მოსაშორებლად.
ასეთი
საბაბიც მალე მიეცათ: თავიდან პავლე პირველი დიდად სწყალობდა კაზაკებსა და დონის მხედრობას,
მაგრამ თავად პოტიომკინის ახალ წესრიგს ვერ შეეგუენ კაზაკები, რაც, საბოლოო
ჯამში გულისხმობდა დონის კაზაკთა მიწების
რუსეთის გუბერნიად გადაქცევას. ამის შემდეგ ყოველი ადრინდელი კეთილგანწყობილება
ერთბაშად შიცვალა კაზაკთა ინტერესების დამცველთა მიმართ რისხვით და ამ შერისხულთა
შორის პირველნი აღმოჩნდნენ ძმები გრუზინოვები.
ადრე
პავლე პირველის უალტერნატივო ფავორიტები: პორუჩიკი პეტრე და პოლკოვნიკი ევგრაფი
დათხოვნილ იქნენ გვარდიიდან. ისინი გადასცეს დონის სამხედრო კანცელარიას, სადაც
ძალაუფლება ჰქონდათ რუსეთის პროკურორსა და იმპერატორის დანიშნულ კოლეგიის წევრებს.
განაჩენი გრუზინოვებს სწორედ მათ გამოუტანეს.
ისინი
დაადანაშაულეს სრულიად წარმოუდგენელ ბრალდებებში. მაგალითად, ვითომცდა ევგრაფს
დაეკვეხოს, რომ აიღებს კონსტანტინეპოლს და დაასახლებს მას სხვადასხვა სარწმუნოების
ადამიანებით, დააარსებს იქ თავის სენატსა და მმართველობას და მოსკოვსაც შეაზანზარებს; ვითომც გაკილვით მოუხსენებია ხელმწიფე–იმპერატორი...
ამას
გარდა, ევგრაფ გრუზინოვი ბრალდებული იყო იმაშიც, რომ თურმე ღიად გამოთქვამდა
აღშფოთებას რუსების მიერ აზოვისპირა მხარის მითვისებაში, რადგან ეს მხარე დონის
კაზაკთა მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. ამავე დროს, პროტესტს აცხადებდა იქ კაზაკების ნაცვლად ბერძნებისა და სომხების
ჩამოსახლების გამო. მას მიაწერდნენ გამონათქვამს: „მე პუგაჩზე უარეს საქმეს
ჩავიდენ. მახვილი თუ ავიღე, მთელ რუსეთს შევაზანზარებ!“ ის უარს აცხადებდა, თავი
ეცნო რუსეთის იმპერატორის ქვეშევრდომად და ამტკიცებდა, რომ „ყველა დონელი კაზაკი
დამოუკიდებელია მეფის ტახტისაგან და მისთვის მარადიული ფიცი კი არ მიუციათ, არამედ
დროებითი – მსახურებასთან დაკავშირებული“.
პირველმა, უმცროსმა ძმამ იწვნია სასჯელის მთელი სიმკაცრე. 1800 წლის 26
აპრილს პორუჩიკ პეტრე გრუზინოვს ჩამოართვეს ჩინები და ორდენები, დასაჯეს მათრახის
ცემით და გაასახლეს ციმბირში. ოთხი თვის შემდეგ, 26 აგვისტოს პავლე პირველმა
გამოიტანა მეორე განჩინება, იმპერატორისადმი უკადრისი სიტყვის მიგების გამო, ევგრაფ გრუზინოვისთვის: „სამსახურიდან დათხოვილ
პოლკოვნიკ გრუზინოვ პირველს, ჩვენი და სახელმწიფოს ღალატისათვის, ჩამოერთვას ჩინი
და აზნაურობა და დაუნდობლად გამათრახდეს, ხოლო მისი მამული გადაეცეს ხაზინას.“
1800
წლის 27 ოქტომბერს, ჩერკასკის მაიდანზე ევგრაფ გრუზინოვი დაისაჯა მათრახის ცემით
ისეთი დაუნდობლობით, რომ ორ საათში დალია სული. რუსეთის ადამიანის წამებით
სიკვდილთა ისტორიაში მრავალი საშუალებით ხდებოდა სიკვდილმისჯილთა მოკვდინება.
ფორმალურად მათრახის ცემით არავინ მოუკლავთ. უშუალოდ მათრახის ქვეშ სიკვდილის მხოლოდ
ეს ერთი შემთხვევაა ცნობილი რუსეთში. ევგრაფს მორიგეობით როზგავდა ოთხი ჯალათი და
სასჯელი გრძელდებოდა მზის ამოსვლიდან შუადღის ორ საათამდე, ვიდრე ქანცგამოცლილმა
ჯალათმა დაღლილობისგან არ მიაგდო მათრახი. ამიტომ გადაწყვიტეს სხვა ხერხი ეცადათ
გრუზინოვის მოსაკლავად – უბრძანეს ცივი
წყლის დალევა, რის შემდეგაც იგი მყისიერად
აღესრულა“.
გრუზინოვებს თანაუგრძნობდა დონელთა უდიდესი ნაწილი, რადგან ძმები ღიად
გამოხატავდნენ იმ სულისკვეთებას, რის გამხელასაც ისინი ხმამაღლა ვერ ბედავდნენ. დონელებმა
ძმები გრუზინოვები შერაცხეს მოწამეებად, რომლებმაც თავი გადასდეს კაზაკთა იდეისათვის!
სურათზე: ქალაქი
ჩერკასკი, სადაც მოხდა გრუზინოვის გაროზგვა და
მათრახით ცემა სულის ამოხდომამდე. |