|
1921 წელს წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში.
მონაწილეობდა ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობაში. აშშ–ში
ემიგრირებულია 1937 წლიდან, იყო ამერიკის ქართული საზოგადოების თავმჯდომარე.
დაქორწინდა კოსმეტიკური პროდუქტების დედოფალ ჰელენა რუბინშტეინზე (1882–1965),
რომელთანაც შექმნა წარმატებული საქმიანი წყვილი. მათ საქორწინო შეთანხმებაში იყო
ერთი აუცილებელი პუნქტი, რომელიც სახალისოდ ჰქონდა მთელ პარიზულ ბომონდს – ქმრის
გარდაცვალების შემთხვევაში, მთელი მისი ქონება გადადიოდა ქვრივის განკარგულებაში.
არჩილის
ინიციატივით, ცოლ–ქმარმა ნიუ–იორკში გახსნა „გურიელის სახლი“, სადაც შეძლებულ
მამაკაცებს შეეძლოთ აერჩიათ თავისთვის ყველაფერი, დაწყებული წინდებიდან და ჰალსტუხითა
და პარფიუმეფრიით დამთავრებული. მათ ააწყეს ორი ახალი, ერთმანეთისაგან
განსხვავებული ხაზი, ძვირიანი კოსმეტიკური
პროდუქტებისათვის – ქალებისა და მამაკაცებისათვის. თავადმა ასევე ააწყო ხაზი
„პრინცი მაჩაბელი“, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს თვით მისი სიკვდილის
შემდეგაც.
გურიელი–ჭყონია 23 წლით უმცროსი იყო თავის მეუღლეზე. თანაც არსებობდა ეჭვი,
რომ თავის აზნაურულ გვარს გურიის მთავრის – გურიელის გვარის ბებიის გვარი საგანგებოდ, ღირსების
მომატებისათვის დაუწყვილა. ჰელენა რუბინშტეინი გულგრილი არ იყო ახალგაზრდა
მამაკაცების მიმართ – მიაჩნდა, რომ მათი დახმარებით უკეთ შექმნიდა თავის ნაწარმს
კაცებისათვის, ძლიერთა სქესის ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით. აქედან
გამომდინარე, ზოგიერთი ირწმუნებოდა, რომ ეს ქორწინება მარკეტინგული გარიგების
მაგალითი იყო – რომელიც საშუალებას აძლევდა რუბინშტეინს თავი წარედგინა პრინცესა გურიელად!
ასე
იყო თუ ისე, ცოლ–ქმარი ოცი წელი ცხოვრობდა სიამტკბილობაში და მათი სახლი სასურველი
თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა
მრავალრიცხოვანი პატივსაცემი სტუმრებისათვის. ასეთ სტუმართა შორის იყო
ცნობილი ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი, რომელმაც დახატა ცოლისა და ქმრის
პორტრეტები. სალვადორ დალისა და არჩილს დიდი მეგობრობა ჰქონდათ, რის თაობაზეც ცნობილი
გახდა მის სახლში შეპარული ორი ქართველისათვის. ღობეზე გადამძვრალი მძარცველები არ
მოელოდნენ მასპინძლის შინ ყოფნას, მაგრამ როდესაც დალიმ გაიგო, რომ დაუპატიჟებელი
სტუმრები ქართველები იყვნენ, პოლიციის გამოძახების ნაცვლად, სახეგაბრწყინებულმა
სუფრასთან მიიწვია ისინი და სიამოვნებით მოუთხრო, რა მხიარულად ატარებდა ხოლმე
დროს არჩილ გურიელთან ნიუ–იორკში! |