 | | ევაგრე პონტოელი, იოანე სინელი ("კიბისაღმწერელი") და უცნობი წმიდანი XVII საუკუნის მანუსკრიპტიდან |
ევაგრე პონტოელი არის ქრისტიანული
ასკეტურ–მისტიკური მწერლობის ერთ–ერთი უძველესი წარმომადგენელი – მე–4 საუკუნის
მეორე ნახევრის საეკლესიო მწერალი და გამოჩენილი მოღვაწე. დაიბადა 345 წელს,
პონტოს პატარა ქალაქ ივორაში.
ევაგრე
პონტოელის ქართული წარმომავლობის შესახებ წერს რუსი წმიდა მამა ეგნატე
ბრიანჩანინოვი:
„აბა ევაგრე ბერულ ცხოვრებასთან მოიყვანა ღვთის განსაკუთრებულმა
განგებულებამ. იგი პრესვიტერის ვაჟი იყო, წარმოშობით პონტოელი და გვარ–ტომობით –
ივერიელი.“
ევაგრე
მედავითნედ იყო დადგინებული თვით კაბადოკიელი ეპისკოპოსის, ბასილი დიდის მიერ,
ხოლო დიაკვნად იყო ხელდასხმული მისი ძმის – გრიგოლ ნოსელისაგან, რომელმაც მას
არქიდიაკონობა უბოძა. იგი გრიგოლს თან ახლდა კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო
კრებაზე. იქ ის, როგორც ღრმად განათლებული ღვთისმეტყველი, გრიგოლმა მიუყვანა
კონსტანტინოპოლის პატრიარქ, ნეტარ ნექტარის. ამ ქალაქში განითქვა სახელი მისი,
როგორც ყოველგვარი მწვალებლობის დამმარცხებლისა.
მაგრამ აქ მის ცხოვრებაში მოხდა ისეთი შემთხვევა, რამაც შეცვალა მთელი მისი
შემდგომი ცხოვრება: ამ ადამიანს, რომელიც მთელ ქალაქში ზნეობრივი სრულყოფილების
ეტალონად იყო უკვე ცნობილი, თავდავიწყებით შეუყვარდა ერთი მაღალი წრის ქალი. ქალი
მის სიყვარულს თანაგრძნობით პასუხობდა.
ღვთის შიშითა და საკუთარი სინდისის წინაშე სირცხვილით ავსილი ევაგრე დღითა
და ღამით სთხოვდა უფალს, აერიდებინა მისთვის და ქალისთვის ვნებისმიერი საცდური,
მაგრამ ვერ სძლევდა თავს. ამ მდგომარეობისაგან ევაგრე იხსნა ანგელოზის
გამოცხადებამ, რომელმაც უბრძანა, დაეფიცა სახარებაზე, რომ დატოვებდა კონსტანტინოპოლს!
ევაგრემ დატოვა ქალაქი და სამუდამოდ განთავისუფლდა ქალისადმი ვნებისაგან.
ევაგრე ბერის კაბაში ჩავიდა იერუსალიმს, შემდეგ გადავიდა ეგვიპტეში –
ნიტრიის მთაზე – მრავალი ბერით დასახლებულ უდაბნოში. ორი წელი იყო იქ და გადავიდა
კელიით სახელდებულ სხვა უდაბნოში, სადაც მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ეწეოდა
დაყუდებულ ცხოვრებას. მისი სულიერი მოძღვარი იყო წმიდა მაკარი ეგვიპტელი, თავად კი
„ლავსაიკონის“ ავტორის, პალადი ჰელენოპოლელისა და მომავალში იოანე ოქროპირისგან
ეფესოს ეპისკოპოსად ხელდასხმული კვიპროსელი ირაკლიდის მოძღვარი შეიქნა.
ღვთისაგან იხვეჭდა იგი სულის სიწნინდეს, გონების ნათელსა და სიბრძნეს და
მრავალგზის იყო შეჭიდებული ბრძოლებში დემონებთან – ერთხელ მას ეწვია სამღვდელო
სამოსში გამოწყობილი სამი დემონი, რათა სარწმუნოების საკითხებში გამოეცადათ: ერთი
არიანელად აცხადებდა თავს, მეორე – ევნომიანელად, მესამე – აპოლინარიუსს
მიმდევრად. საღვთო სულით აღვსილმა ევაგრემ იოლად დაამარცხა ისინი.
სიცოცხლის ბოლოსათვის ევაგრე ისეთ ასკეტურ ღვაწლში იყო, რომ მასთან სულიერი
საზრდოს მისაღებად მოდიოდნენ მრავლის უმრავლესი მორწმუნენი, თვით უშორესი ქვეყნებიდან
საგანგებოდ ჩამოსულნი.
ევაგრე მონაზონი ეკუთვნოდა იმ ასკეტთა რიცხვს, რომელნიც ცდილობდნენ,
ფილოსოფიურად გაემართლებინათ ასკეტიზმი. ნიშანდობლივია, რომ იგი იყო ცნობილი
ფილოსოფოსის, ორიგენეს მიმდევარი, რომელიც ამტკიცებდა ადამიანის სულის
წინაარსებობას და ჯოჯოხეთის ტანჯვა–წამების დასასრულს, რის გამოც, 553 წლის მეხუთე
საეკლესიო კრებაზე ორივენი შერაცხულნი იყვნენ ერეტიკოსებად. ანათემის შედეგი იყო
ის, რომ ევაგრეს სახელს მალავდნენ და მის იდეებს იყენებდნენ სხვა მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები, ხოლო
მისი თხზულებების დიდი ნაწილი მიეწერებოდა ეკლესიის სხვა მამებს!
ევაგრეს
შრომები ძირითადად ეხებოდა ბერულ ცხოვრებას – 8 გულისთქმის შესახებ, რომლებიც
საფუძვლად დაედო 7 სასიკვდილო ცოდვას.
გარდაიცვალა
399 წელს, 54 წლის ასაკში.
|